ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2010


იქნებ, წვიმიდან მოვიდეს ვინმე...

დაუკრა წვიმამ სევდის კლავიშზე,
მინაც წვეთებად დამსხვრევას ითხოვს.
ერთად მოვიწყენთ ალბათ სამივე,
სარკმელი, მე და ოთახში სითბო...
წვიმის ფეხის ხმას გავყევი გარეთ,
ღამის სიგრილე სავლებად ვივლე.
ოდნავ თვალღია დავტოვე კარი,
იქნებ, წვიმიდან მოვიდეს ვინმე...
წვიმას ფეხდაფეხ მივყვები უკან,
გუბეები კი გუგებს ხურავენ.
სევდის კლავიშზე კვლავ წვიმა უკრავს
და თავჩაქინდრულს ჰგავს სახურავი...
 
  ცა იწვა წუხელ ჩემს ვერანდას...

დღეებს პრაგმატული პროფილით
ვიხსენებ, როგორც ქმარყოფილებს...
ჩემს წლებს დაეცალათ მჭიდები,
მჭიდროა დროის ნაბიჯები...
ცვივა მოგონებებს ბათქაში,
დრომ თავი ჩარგო ჩემს კალთაში.
ფიქრი კი საღამურ პერანგით
ცის ნაცვლად მთავაზობს ვერანდას...
სიზმარში ვამჟღავნებ დღის ფირებს,
რომ მერე ჩამოვფქვა წისქვილზე,
ქატოდ გასაფანტი წუთები,
განწყობა, მე რომ არ ვუხდები.
ჩემი გარანდული ნატვრის ხე
ნატრობს სურვილების გაცლილ ქერქს.
ჯერ ყოფის წახნაგებს ვარბილებ,
მერე ფიქრს ვუმზადებ ნარგილეს...
სიზმარი ჩემს გამო ღელავდა,
ცა იწვა წუხელ ჩემს ვერანდას...

 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს