ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2010


ავლაბრის მეტრო

გოგირდის სუნი - ავლაბრის მეტრო,
და აღარ ელი ვისაც ელოდი.
ზემოდან ქუჩის ზუზუნი გიხმობს,
მიჰყვები მოძრავ გზის საფეხურებს.
არა გაქვს ფული, არც სამსახური,
გაყიდე რაც კი გააჩნდა ოჯახს.
ცარიელ ბოთლზე ხარ თავსახური,
და ეს საცობი შენ უნდა მოხსნა.
შენს ყოველ ბოჭკოს არღვევს კაუჭი,
იღვიძებს ნიჭი ახალი ძალით,
გარშემო სუფევს ყმათა ლაქუცი,
ვით ავაზაკთა დახვედრა ღამით.
თანაც ყოველი ბრუნიდან ნაფლეთს
მიჰყვება შენი სულთქმის მიზანი,
სამყაროს არსთან ჩარაზულ კარებს
მკერდით ეხლები როგორც ისარი.
ისიც ისრებად გერჭობა მკერდში,
ყოველი სიტყვით, ხმაურით, შფოთით.
ნაცნობ ქუჩაში ხეტიალისას
გხვდება უცნობი სახება ბოთლით,
და გეტყვის:
"შენ ხარ, მე ვინც ვიყავი,
დამემსგავსები ათი წლის შემდეგ.
ცრემლით შეხედავ შენს თავს სარკეში,
ხოლო სიხარულს ვერასდროს შეძლებ."
რა გინდა ხალხში, თუკი მარტო ხარ?
ბაღში ყვავილთა გუნდი გეძახის.
ტყვია იხალე, კლდიდან გადახტი,
რომ უსასრულო ღმერთის წინაშე:

რაც არ უნდა გააკეთო იცი,
რაც არ უნდა ცუდი იყოს ცოდნა,
რაც არ უნდა დაიჩოქო ხატთან,
რაც არ უნდა დაივიწყო ცოდვა,
რაც არ უნდა გაემიჯნო გრძნობას,
რაც არ უნდა აღიარო ღმერთი,
რაც არ უნდა დაუმტკიცო ყველას,
რაც არ უნდა დაიწეროს შენთვის,
რაც არ უნდა საწამლავი შესვა,
რაც არ უნდა დაემგვანო ცხედარს,
რაც არ უნდა გაიხაროს მტერმა,
რაც არ უნდა გაირითმოს ლექსად,
რაც არ უნდა გაიწელოს ღამე,
რაც არ უნდა დაეცე და აღსდგე,
რაც არ უნდა გააკეთო იცი,
რაც არ უნდა, რაც არ უნდა გწამდეს,

მიჰყვები მოძრავ გზის საფეხურებს,
ზურგსუკან ქუჩის ზუზუნი მეფობს,
ასეთი არის შენი სამყარო:
გოგირდის სუნი - ავლაბრის მეტრო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს