ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კესო
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2010


აღდგომის დილა

რიბირაბოა,
მზის სხივები მინანქარობენ,
ცა ვარსკვლავების მრავალწერტილით
ქრება, ილევა...
ღამის სიზმრები აჩრდილებად გამოპარულან
და მთაწმინდიდან მოჰფენიან ქალაქს ნისლებად...
ტყვიისფერ ღრუბლებს მოუსვრიათ ალანძული ცა,
როგორც პალიტრა უცაბედად მიტოვებული,
ჩვარზე შეიწმენდს საღებავით მოთხუპნულ ხელებს
და გოლგოთის გზას შეუდგება ქრისტე- უფალი...
გზადაგზა ქარი მოუთიბავ ბალახებს ქელავს,
თითქოს ზამთრისთვის თექის ნაბადს
მწყემსისთვის ქსოვდეს,
ღელავს ჯეჯილი_დედამიწის მწვანე ქოჩორი
და მოუთმენლად ელოდება სისხლისფერ კვერცხებს...
მძიმეა ჯვარი, გოლგოთისკენ გზა არ ილევა,
ჩემი ცოდვებიც ფუთასავით გამოგიკარი,
მეც პეტრესავით უარგყავი გათენებამდე
და საქორწილო პურ-მარილზეც ხელი გიკარი...
მძიმეა ჯვარი, კიდევ უფრო მძიმე_ სამსჭვალი,
კმა, ტკივილისგან გული ღონდება,
ცრემლს პეშვით ვყლაპავ, დამიბრუნე ჩემი ცოდვები,
მაგრამ სიცოცხლე ,სამწუხაროდ, არ მეორდება...
არიმათიელს აუვსია გრაალის თასი,
ვერ დაიოკა ხელის კანაკალი,
წვეთავს ზედაშე_უფლის სისხლი,
ღვთისმშობლის ხატი
სტირის კანკელზე მიმწუხრიდან გათენებამდე...
რიბირაბოა,
ერთად რეკავს ყველა სამრეკლო,
ეს ანგელოზებს უხმობს მაცხოვარ,
ჯვარზე გაკრული და გაყიდული,
როგორც ყოველთვის, ახლაც მარტოა...
სანთლების ციმციმს მოუპარავს ღამის წყვდიადი,
ყაყაჩოებად ეპკურება ჯეჯილს ზედაშე,
მოდის მაცხოვარ, მოუყვება ბილიკს მწყემსივით,
წიტელ კვერცხივით შერჩენია ცისფერ ზეცას მზე...
რიბირაბოა...
დაასრულა უფალმა ხატვა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს