ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კესო
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2010


# # #

არ ამიშარდე,
გევედრები, არ ამიშარდე,
ჩვენი ცხოვრება უსასრულო ისეც შარია,
გაიღვიძებენ ალუბლები და ნაწვიმარზე
მომიყვებიან სიზმარ-ცხადის უცხო შარიათს.
გააბრიყვებენ გაბრუებულს თრობით ათასებს
ზეცას ატმისფერს დასტყუებენ სამახარობლოდ,
ჩემზე ფარფატა და ხატულა კაბას ატარებს
ჭრელი პეპელა ჩემზე ლაღად, ლამაზად ცხოვრობს….
არ მშურს, ხომ იცი, სიძულვილი ჩემში არ არის,
სხეული თუ არ,ბოლო-ბოლო, ფრთას სული მოგთხოვს,
როცა მზესავით ცოდვებს გულში აახარხარებს
და ყველა გრძნობას გაუმკვეთრებს ცხოვრება კონტურს.…
არ ამიხირდე, დამიყვავე, შენ ხომ გიყვარდი-
წყალსაც დავუსხამ, ვუწილადებ თავის წილ სითბოს
ალუბლის ტოტებს, ჩვენს ოთახში რომ დაბინადრდნენ,
მაგრამ სიცოცხლე სულ სხვაა და გარეთ მიხმობს.
თავად არ ვიცი, ჩემს კაპრიზებს როგორ გაუძლებ,
როცა გულის და ცის და მიწის ყველა სარკმელი,
ყველა კარიბჭე ღიაა და ღმერთთან საუბრობს,
ტოტი კი არა,ხეებია-ჩემი სათქმელი,
ლოცვა კი არა, დღეებია თავად საუფლო.
არ მსურს დავკარგო სინანულზე წუთი არცერთი
როცა წარსული შორსაა და თანაც მითია,
არ გამიბრაზდე, გევედრები, არას გაყვედრი,
გაზაფხულია და სხვაგვარად არ შემიძლია.……

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს