ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოჟიდარ ბელოპავლიჩი
ჟანრი: პროზა
17 აპრილი, 2010


მაკ-კორმაკი აღარ ხუმრობს. ძნელი დრო. III ნაწილი

(გაგრძელება)
ცოტა ხანში ბიჭუნა, ძალიან მაღალ, ზორბა კაცთან ერთად გამოვიდა ეკლესიის სიღრმიდან. ეს მამა უიგერი დიდი უჟმური ვინმე ჩანდა: ნაცრისფერი, პატარა, ღილებივით თვალები, ბუნებას ღმად ჩაემალა მის უფერულ, გაფარჩხულ წარბებში. სახეზე უზარმაზარი კეხიანი ცხვირი ედო, ხოლო ქვედა ტუჩი, შესამჩნევად წინ უსწრებდა მის ზემოთა წყვილს. მიუხედავად ასეთი ნაკვთებისა, მასში იყო რაღაც, რაც მისდამი კეთილად განგაწყობდა.
- გამარჯობა სერ! როგორ ბრძანდებით? რითი შემიძლია გემსახუროთ? - მიესალმა უიგერი მაკს და თავისი ღილებივით თვალებით მიაჩერდა.
- გამარჯობა მამაო. პასტორი უიგერი ბრძანდებით? - ფრთხილად ჰკითხა მაკმა.
- დიახ სერ, ალბათ აქაური არ ხართ? ჩვენთან რა ქარმა ჩამოგიყვანათ? - კითხვებითვე უპასუხა უიგერმა.
- არა აქაური არ ვარ. სემუელ ვეერნი გახლავართ, ნიუ–იორკიდან. მე თქვენთან სალაპარაკო მაქვს კონფიდენციალურ საკითხზე.

შეთანხმება.
- კონფიდენციალურ საკითხზე? - მამა უიგერს სახეზე ცნობისმოყვარეობა დაეტყო და თვალებიც გაუფართოვდა - ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ სერ, და ჩემთან კონფიდენციალური რა საკითხი უნდა გქონდეთ, გარდა აღსარებისა? - მოჭრა პასტორმა და სახეზე რაღაც ღიმილსმგავსი აღებეჭდა. ღიმილმა სრულიად შეცვალა მისი კუშტი გარეგნობა - მამა უიგერი ახლა კეთილ გოლიათს დაემსგავსა. უიგერს ისე ეცვა, როგორც დასავლეთში სჩვევიათ ეკლესიის მსახურებს - შავი პიჯაკი, შავი შარვლით, ფეხზე შავი ფეხსაცმელები და პიჯაკის შიგნით, თეთრი, ქათქათა პერანგი, ჰალსტუხის გარეშე. მოკლედ, ნამდვილი პასტორი იყო, რომელიღაც პროტესტანტული ეკლესიიდან.
"არ უნდა ჩანდეს ცუდი კაცი" - გაიფიქრა თავისთვის მაკმა. "ასეთი ადამიანები, მკაცრი სახით და დიდი სხეულით, როგორც წესი, კეთილი და გულჩვილი ხასიათისანი არიან" - გაუელვა თავში მაკს და მამა უიგერს ღიმილითვე უპასუხა:
- მამაო, მე ლტოლვილი ვარ და დახმარებას გთხოვთ.
- დახმარების ხელს ყველას გავუწვდი - უპასუხა პასტორმა და შეუმჩნეველი ჟესტით მაკ-კორმაკი ეკლესიაში შეიპატიჟა. უიგერი წინ მიუძღოდა ჩვენს გმირს და თან პერიფერიული ხედვით მაკსაც ადევნებდა თვალს. "ვინ უნდა იყოს? გარეგნულად და აქცენტით  აქაურს არ ჰგავს, ალბათ ბოსტონელი ან ნიუ-იორკელი ირლანდიელია, თუმცა რა გვარი მითხრა? ვეერნი? ჟიულ ვეერნი? ბელგიელია თუ ფრანგი? მაშინ აქ რაღა უნდა, პროტესტანტულ ეკლესიაში?" - უსვამდა კითხვებს საკუთარ თავს უიგერი. "ვნახოთ ერთი რა ისტორია აქვს ჩემთვის გამზადებული".
- აქეთ მობრძანდით მისტერ ვეერნ. ეს ჩემი ოთახია და აქ ვერავინ შეგვიშლის ხელს - შეიპატიჟა პასტორმა მაკი თავის სუფთა და პატარა ოთახში. მამ უუიგერის ოთახი, ასკეტური ოთახების ჩემპიონატში სამულში ნამდვილად მოხვდებოდა. საკვირველი იყო, ამხელა კაცს (უიგერი სულ ცოტა 6 ფუტის სიმაღლისა და ორაორმოცდაათი ფუნტის წონისა გახლდათ), ასეთი პატარა ოთახი რატომ არგუნეს. მომცრო, დაბალჭერიანი ოთახის თეთრად შეღებილ კედელზე მხოლოდ ხისგან გამოჩორკნილი, პატარა ჯვარცმა ეკიდა. მოპირდაპირე კედელზე, რამდენიმე ხის თარო იყო დამაგრებული, რომლებზეც წიგნები ელადა. ოთახის ავეჯს მხოლოდ პატარა მაგიდა და სამი სკამი შედგენდნენ.
- დიდი მადლობა, მამაო უიგერ - ამ სიტყვებით მაკი ოთახში შევიდა და დაელოდა სანამ პასტორი მაგიდას მიუჯდებოდა. უიგერი მკვირცხლი მოძრაობით მიუჯდა თავის მაგიდას და იქიდან ამოხედა მაკ-კორმაკს.
- დაბრძანდით სერ. მოისვენეთ. რაიმეს ხომ არ დალევთ? შემიძლია წყალი ან პიტნის ჩაი შემოგთავაზოთ - შესთავაზა მაკს პასტორმა.
- არა, დიდი მადლობა, პასტორ უიგერ. ნუ შეწუხდებით, თავს კარგად ვგრძნობ - იუარა მაკმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. სკამი მძიმე, ნამდვილი ხისგან იყო გაკეთებული და სასიამოვნო სიგრილით ეხებოდა მაკის ზურგს.
- თუ თამბაქოს მოწევა გსურთ - მოწიეთ. მე არ მიშლის - უთხრა მაკს პასტორმა თავაზიანად.
- დიდი მადლობა, სიამოვნებით გავაბოლებ, თქვენის ნებართვით - თქვა მაკმა და სიგარეტს მოუკიდა. მართლა კარგი კაცი ჩანდა ეს უიგერი.
- გისმენთ მისტერნ ვეერნ, მომიყევით თქვენი ამბავი და მითხარით, რითი შემიძლია დაგეხმაროთ - თქვა პასტორმა და თბილად გაიღიმა.
- ო-კეი, პასტორ უიგერ. მოგიყვებით. პირველ რიგში გეტყვით, რომ მე ვეერნი არ მქვია. ჩემი სახელია მაკ-კორმაკი. ტირნან მაკ-კორმაკი. მე ნიუ-იორკიდან ვარ. შეგიძლიათ მაკი დამიძახოთ.
- კარგით მისტერ მაკ-კორმაკ...უმმ...მაკ, რა ამბავია თქვენს თავს? - ამ კითხვასთან ერთად, მამა უიგერმა თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და მაკს თვალებში შეხედა. აინტერესებდა, რანაირად მოყვებოდა ეს  ვაჟკაცური გარეგნობის, გამხდარი, უცხო კაცი, თავის ისტორიას. თანაც, უიგერი ყოველთვის კარგად ხვდებოდა თუ როდის ეუბნებოდნენ სიცრუეს. მას ბევრი ტყუილ-მართალი ჰქონდა ცხოვრების განმავლობაში მოსმენილი და ყოველთვის ყურადღებით აკვირდებოდა მთქმელს. მთხრობელის თვალებიდან უიგერი ადვილად კითხულობდა ადამიანის სულიდან წამოსულ იმპულსს - ტყუილის მთქმელი, როგორიც არ უნდა ყოფილიყო იგი, არასოდეს ჰგავდა მართლის მთქმელს, თუმცა უიგერმა თვითონ არ იცოდა რითი ანსხვავებდა ამ ორს.
- როგორც უკვე გითხარით, მე ლტოლვილი ვარ. ჩემს ყოფილ მეგობრებსა და კოლეგებს ვემალები. ისინი უკვე დიდი ხანია მოსაკლავად დამდევენ და ამ ცოტა ხნის წინ, მომაგნეს, მაგრამ მე მათ დავასწარი და ახლა უკვე მკვლელიც გავხდი - ნახევარი ხმით უთხრა პასტორს მაკმა და მას თვალი გაუსწორა.
პასტორმა მიიღო მაკის მზერა და ცოტა ხანი ასე ისხდნენ. "ეს კაცი სრულ სიმართლეს მუბნება. მართლა ვიღაცა ჰყავს მოკლული"- გაიფიქრა უიგერმა თავისთვის. კვლავ შეხედა მაკის მუქ ლურჯ თვალებს. შემდეგ პასტორმა სკამი უკან გასწია, წამოდგა და გულზე ხელები გადაიჯვარედინა.
- გასაგებია. გასაჭირში ხართ. იარაღი ახლაც თან გაქვთ? - იკითხა მღვდელმა.
- არა. გადავმალე... ეკლესიაში წამოსვლის წინ - მიუგო მაკმა.
- კარგია. წესები გქონიათ და თან მათ იცავთ. ეკლესიაში იარაღით რომ შემოსულიყავით, თქვენთან საუბარს აღარ გავაგრძელებდი - მტკიცე ტონით ჩაილაპარაკა პასტორმა. შემდეგ სკამს დაუბრუნდა და ღიმილით მიმართა მაკს:
- მზად ხართ ამბის მოსაყოლად თუ ჯერ ვისადილოთ? - "მაგარი ვინმეა" - გაიფიქრა მაკმა და ღიმილითვე მიუგო:
- ჯერ ვისადილოთ მამაო. თქვენთან ერთად პურის გატეხვა ჩემთვის პატივია. ოღონდ ერთს გთხოვთ და უარი არ მითხრათ - მე დაგპატიჟებთ!
- კარგი მაკ, შევთანხმდით. ეგ არ არის ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი. წავიდეთ, ერთი კარგი სასაუზმე ვიცი. ცხვრის ხორცის სპეციალისტები არიან. ჭამთ ცხვრის ხორცს? - იკითხა პასტორმა.
- კი, ვჭამ სერ. ირლანდიელი ვარ და ცხვარს როგორ არ შევჭამ? - მიუგო მაკმა.
- მივხვდი,  ნიუ-იორკელი ან ბოსტონელი "აირიში" რომ იყავი. თქვენ კელტებს, ხშირად ერთნაირი თვალები გაქვთ - მუქი ზღვისფერი, შავი რომ გგონია დასაწყისში.
- თქვენ მარტო პასტორი არ ყოფილხართ, ფიზიოგნომიკაც კარგად გცოდნიათ - გაუღიმა პასტორს მაკმა.
- არ ვიცი გამოცდილებას და წლებს თუ ეგ რაღაც "გნომიკა" ჰქვია, თუმცა როგორც გსურთ ისე უწოდეთ. მე თავიდანვე შეგატყეთ რომ უბედურებაში იყავით გახვეული, თუმცა ისიც შეგატყეთ, რომ კეთილი და ზრდილობიანი ადამიანი ხართ. ამიტომაც გადავწყვიტე მომესმინა თქვენთვის. თუმცა ჯერ ვერ გამოვიცანი რა უნდა გავაკეთო თქვენთვის - უპასუხა პასტორმა მაკს და თვალებში ჩააშტერდა - იმედია, ისეთ რამეს არ მთხოვთ, რისი მოსმენაც არ მსურს და რასაც ხელს ვერ მოვკიდებ - მტკიცედ წარმოთქვა პასტორმა და კვლავ გაიღიმა - ახლა მოვრჩეთ საქმეზე და სასადილოდ წავიდეთ. აქვეა, ახლოს.
ორიოდ წუთში, ორი მამამაკაცი, ძველი მეგობრებივით, ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა კლიფორდის ამწვანებულ ქუჩას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები