ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 აპრილი, 2010


ნიცშე

    ერთი ადამიანის მიერ დაწერილი ტექსტის, დახატული სურათის, თუ უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების გაგება(ან ვერ გაგება) მეორე ადამიანის მხრიდან, - თავისთავად გარკვეული მოვლენაა. ამ მოვლენას აზრს სძენს ამ ადამიანებს შორის მოქმედი ძალების სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც ერთი ჯგუფის ადამიანები მოქმედებენ და წარმოადგენენ აქტიურ ძალას, ხოლო მეორე ჯგუფის ადამიანები წარმოადგენენ რეაქციულ ძალას და უკუქმედებენ პირველი ჯგუფის ადამიანების ქმედებების საპირისპიროდ. რაოდენ აბსტრაქტული არ უნდა მოგეჩვენოთ ესა თუ ის მსჯელობა(ხშირად აბსტრაგირება გარკვეულ ბურუსში ხვევს მოვლენას), თქვენ შეგიძლიათ გაარჩიოთ აქტიური ძალა(პირველადი ძალა დაპყრობისა და იმედგაცრუებისა) და ასევე თვალნათლივ შეგიძლიათ დაინახოთ რეაქციული ძალა(მეორადი ძალა შემგუებლობისა და წესრიგისა). განსხვავება ამ ძალებს შორის, არა მარტო ხარისხობრივი, არამედ რაოდენობრივი და თვისობრივია. ძალის არსი,მხოლოდ სხვა ძალებთან ურთიერთობაში შეიძლება განისაზღვროს. ერთ ძალასა და მეორე ძალას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების ხარისხობრივი მაჩვენებელი არის ნება. ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან ავიცილოთ ძალაუფლების ნების არასწორი გაგება, ეს უკანასკნელი არ გულისხმობს ძალაუფებისკენ სწრაფვის ჟინს, ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ "ძალაუფლების ნება" მხოლოდ არსებულ გარემოსთან შეგუებისა და წესების დაცვის გზით ივლიდა, და დაემორჩილებოდა ჩამოყალიბებულ ღირებულებით სისტემებს, რომლებსაც ხელეწიფებად გადაწყვიტონ თუ ვინ შეიძლება იყოს აღიარებული უძლიერესად და უპირატესად ამათუიმ დაპირისპირებისას. ძალაუფლების ნების ასეთ გაგებაში იკარგება ის სიმსუბუქე, რომლითაც შესაძლებელია არსებულ ღირებულებებთან შეხება, და რომლითაც შესაძლებელია ასევე ახალი, ჯერ არ აღიარებული ღირებულებების შექმნა. ძალაუფლების ნების არსი იმაში კი არ გამოიხატება რომ გვქონდეს ჟინი მიტაცებისა, მოხვეჭისა და დაუფლებისა, არამედ მისი არსი მდგომარეობს შემოქმედებაში, ახლის ქმნადობასა და უშურველად გაცემაში. ძალაუფლება, რომელიც ამოზრდილია ძალაუფლების ნებისგან, იმთავითვე გამორიცხავს თვითნებობას. იგი არის ძალა რომელიც ემსახურება თვითძლევასა და დამკვიდრებას ყოველივე იმისას, რაც სასიცოცხლოდ არის აუცილებელი. ძალაუფლების ნება ერთსადაიმავე დროს მართავს მიმდინარე პროცესს და ემორჩილება(ემსახურება) მას. ძალაუფლების ნება და აქტიური ძალები ძალაუფლების ნების სახით, მატარებელნი არიან სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მუხტისა, ეს ძალები ამკვიდრებენ საკუთარ განსხვავებულობას. ამ ძალებისთვის პირველ ადგილზე ყოველთვის სიცოცხლის მდინარების მიღება და მასზე მადლიერი თანხმობის თქმაა(მიუხედავად იმისა, თუ რა სირთულისაა ეს დინება); და თუკი რაიმეს უარყოფს და უკუაგდებს ასეთი ძალა, ამას აკეთებს სწორედ თავისი ძალის სიჭარბითა და ხალისით, მაშინ როცა რეაქციული ძალისთვის უარყოფითი დამოკიდებულება ყოველივე იმის მიმართ რაც მისგან განსხვავდება, პირველადი და განმსაზღვრელია. უარყოფენ რა ყოველივე იმას, რაც სხვებისგან გამოარჩევს რომელიმე მათგანს, - ამით ისინი აყალიბებენ გარკვეულ წესრიგს, ანუ ეს ძალები უარყოფიდან მიდიან თანხმობამდე და იმის დამკვიდრებამდე რაც უარყოფით მიიღეს.
      ერთი შეხედვით, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ისტორია გვიჩვენებს რომ რეაქციული ძალები ყოველთვის იმარჯვებენ აქტიურ ძალებზე, და "ძალაუფლების ნება" უარყოფითი მუხტის მატარებელი ხდება. ყველგან, ყველა მიმართულებით ვხედავთ ამ გამარჯვებას. თვით ცხოვრება ხდება შემგუებლობისა და ზომიერების განსახიერება, ცხოვრება იქცევა მეორეხარისხოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ასპარეზად, და იკარგება იმის გაგება, თუ რას ნიშნავს ქმედება. დედამიწის ძალები იწრიტება ადამიანური ყოფის უბადრუკ გარემოში, და ამ გამარჯვებას,- რეაქციული ძალებისა და უარყოფის ნებისა, - შეიძლება ვუწოდოთ ნიჰილიზმი, ანუ მონების ტრიუმფი.
      ნიჰილიზმის ანალიზს აწარმოებს ფსიქოლოგია, ოღონდ არა ცალკე ღებული ადამიანის ფსიქოლოგია, არამედ მთელი კოსმოსის ფსიქოლოგია. შესაძლოა მოგვეჩვენოს რომ ძალისა და ნების შემსწავლელ ფილოსოფიას უჭირს იმის ახსნა თუ რატომ არიან აღზევებულნი "მონები" და "სუსტები", - თუკი ისინი ერთობლიობაში წარმოადგენენ უფრო დიდ ძალას, ვიდრე ეს ძლიერთა ძალაა, მაშინ ძნელი გასაგები ხდება თუ რა განსხვავებაა მათ შორის, რას შეიძლება დაეფუძნოს ხარისხობრივი შეფასება ამ ძალებისა; მაგრამ საქმე იმაშია რომ "სუსტები" და "მონები" აღზევებულნი არიან არა საკუთარი ძალის მატებისა და ზრდის გამო, არამედ ისინი უპირატესობას ჰპოულობენ სხვისთვის ძალის წართმევის(სხვისი დასუსტების) მეშვეობით. ისინი აშორებენ ძლიერს იმ "საკეთებლიდან" რაც ძლიერს ძალუძს. ისინი აღზევებულად გამოიყურებიან არა საკუთარი ძალის გამრავლება-გამრავალფეროვნების ხარჯზე, არამედ ისინი აღზევებულნი ჩანან საკუთარი სისუსტის საყოველთაოდ გავრცელებითა და დანერგვით. ასეთი ტენდენცია აჩენს უცილობელი დაქვეითებისა და გადაშენების საფრთხეს. ბუნებრივი გადარჩევის მოდელი საბედისწეროდ კეთილგანწყობილია "სუსტებისა" და "ავადმყოფების" მიმართ(ავადმყოფობა გულისხმობს რეაქციულ პროცესში ჩართულობას). აქედან გამომდინარე ისტორია კეთილგანწყობილია "მონების" მიმართ. სწორედ "ავადმყოფური" მიდრეკილებებით ჩამოყალიბებული ცხოვრება, და ამ ცხოვრებაში ადამიანის მონურად ყოფნა მოასწავებს ნიჰილიზმის ტრიუმფს.
      აქვე უნდა აღინიშნოს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ტექსტისთვის ისეთი ტერმინების ხმარებას, როგორებიცაა "ძლიერი" და "სუსტი", "ბატონი" და "მონა". ნათელია რომ ძალაუფლების მომპოვებელი "მონა", მაინც მონად დარჩება. იგივე შეიძლება ითქვას სუსტზე. რეაქციული ძალები, მოჩვენებითი აქტიურობის მიუხედავად, მაინც რეაქციულ ძალებად რჩებიან, რადგან ყოველთვის საქმე გვაქვს თვისობრივ სხვაობასთან, ერთი მხრივ სიმდაბლესა, ხოლო მეორე მხრივ კეთილშობილებასთან. ჩვენი ბატონები მხოლოდამხოლოდ მონები არიან, რომლებიც აღზევდნენ მონური სულისკვეთების გავრცელების ყოვლისმომცველ პროცესში. მაშინ როცა აღზევებულია ნიჰილიზმი, "ძალაუფლების ნება" უკვე აღარ ნიშნავს ნებას შემოქმედებისკენ, არამედ ეს არის ძალაუფლებისკენ სწრაფვის ჟინი, რომელიც გამოიხატება არსებული ღირებულებებისა და სიქველეთა მითვისებაში, ჯილდოებსა და კარიერულ წინსვლაში. ზუსტად ასეთი "ძალაუფლების ნება" არის გამომხატველი "მონური" ნებისა, ასე გებულობს "მონა" ძალაუფლებას, ასეთი წარმოდგენა აქვს მას ძალაუფლებაზე, ასეთი ძალაუფლებაა დღევანდელი ტრიუმფატორი.
      ხდება ისე, რომ ავადმყოფი ამბობს: ოჰ, ნეტავ ჯანმრთელი ვიყო, მე გავაკეთებდი "ამას" და "ამას". შესაძლოა ამას გააკეთებს კიდეც, მაგრამ მისი გეგმები, მისი მოსაზრებები მაინც დარჩებიან ავადმყოფი ადამიანის გეგმებად და მოსაზრებებად. ასევე არის მონაც, თავისი წარმოდგენებით ბატონობაზე და ძალაუფლებაზე. ასევე არის რეაქციული ადამიანი და მისი წარმოდგენა აქტიურობაზე. ყოვლისმომცველია ღირებულებებისა და შეფასებების თავდაყირა დაყენება. საყოველთაოდ აღიარებულია ის პრინციპი, რომ ყველამ თავისი ვიწრო კუთხიდან უყუროს მოვლენებს. ყველაფერი თავდაყირა დგება. ძ ლ ი ე რ ე ბ ი    ყ ო ვ ე ლ თ ვ ი ს    უ ნ დ ა  ი ყ ვ ნ ე ნ    დ ა ც უ ლ ნ ი    ს უ ს ტ ე ბ ი ს ა გ ა ნ . 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს