 | ავტორი: პიკოლო ჟანრი: პროზა 21 აპრილი, 2010 |
"JEBEL MUSA" - მოსეს მთა, ზღვის დონიდან 2642 მეტრზეა აღმართული. ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულზე მდებარეობს და როგორც თორა,ბიბლია და ყურანი გვამცნობს, ეს - ჰორივია, მთა სადაც უფალი წინასწარმეტყველ მოსეს მოევლინა და ათი მცნება გადასცა მას...ეს ერთად ერთი ადგილია, სადაც უფალს ფეხი დაუდგამს... ამბობენ, თუ ამ მთის მწვერვალზე ახვალ და მზის ამოსვლამდე ერთ ნატვრას ჩაუთქვამ, აუცილებლად აგისრულდება!
- მოიყვანეს? - პატიმრები? მგონი არა. - რა ვიცი, აქ ამბობენ, რომ მოიყვანესო და რვის ნახევრიდან ვირთხებიან სარდაფში ჰყავთ! წყალი ყოფილა იქ ჩამდგარი, კოჭებამდეაო... - მშივრები, მწყურვალები, მოუკვდეს დედა! ნეტა ბორკილებს თუ მაინც ხსნიან? - თუ არ მოუყვანიათ - აუცილებლად მოიყვანენო. უბრალოდ დღეს "ეტაპია ციხეზე"...მანქანები არა ჰყოფნით. - როგორ უნდა ეყოთ? მთელი ქვეყანა ციხეშია! ქვეყანა ციხედ აქციეს! - რა ვქნა? ძალა აღარ მაქვს, ვეღარ ვუძლებ...სამართალი არის სადმე? დავიღალე, დავიღალე ...წამებაა. -ვიცი,ძალიან ძნელია! რამდენი ხანია რაც ეს უმსგავსოება გრძელდება?! თქვან მაინც რამე. დაწყნარდი, შეიკავე თავი, ნერვებს ნუ აჰყვები! გეხვეწები დაწყნარდი... აი ეგრე! -უნდა მოითმინო, ძალა გჭირდება. ჩუუ... ჩვენ პროცესს აცხადებენ, იწყება...
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
მოსეს მთაზე ასვლა, გვიან ღამით იწყება... ორი გზა გაქვს ასარჩევი. ან განდეგილი ბერების მიერ კლდეში ნაკვეთი, ერთმანეთზე უსწორმასწოროდ დალაგებული, ადგილ ჩანგრეული, ადგილ კი, სულაც ჩაშლილი ქვის ლოდების კიბის 3750 საფეხური(ძალიან ცოტა ვინმე რისკავს ამ გზით ასვლას!) - ან ვიწრო ბილიკი... ეს თეორიულად, პრაქტიკულად კი მხოლოდ ერთი გზა გაქვს - უნდა ახვიდე! როგორ? აი ეს მხოლოდ უფალმა უწყის და შენმა რწმენამ, რაშიც მალე დავრწმუნდი.
სინას უდაბნო გამოვლილები, ავტობუსიდან გადმოვედით: "დაისვენეთ, შეგიძლიათ ჩაი ან ყავა მიირთვად, ხატები და სანთლები შეიძინოთ, სულ ნახევარი საათი გაქვთ და ძალიან გთხოვთ არ დაიგვიანოთ" - გაგვაფრთხილა გიდმა. ქართველების ამბავი ხომ იცით, უნახავებივით შეცვივდნენ მაღაზიებში, მოედნენ საჩაიეებსა და კაფეებს. დაიფანტნენ, მგონი დაავიწყდათ აქ რისთვის ვიყავით წამოსულები! მე კარგათ მომზადებული წამოვედი. ვიფიქრე, მთა ყველგან მთაა, საქართველოშია თუ ეგვიპტეში - ეციება! შვილიშვილის სკოლის ზურგჩანთიდან თბილი ქურთუკი და სქელძირიანი ფეხსაცმელები ამოვალაგე... ნაქსოვი ქუდიც კი მქონდა წამოღებული... აღარავის დაველოდე, ჩაცმა დავიწყე. ეგვიპტეში დიდი ჯგუფი წამოვედით, ას კაცზე მეტი - ერთ თვითმფრინავში რომ ეტევა, აი იმდენი... ყველას თავისი გზა ჰქონდა გასავლელი! აქ წამოსულებს, ყველას საკუთარი ტკივილი გვქონდა წამოღებული - მონასტერში, ფერიცვალების მაყვლის ბუჩქთან იმედის წერილი უნდა დაგვეტოვებინა - სანუკვარი ოცნების ასრულების თხოვნა! მწვერვალზე ასულებს კი, ჩაგვეფიქრებინა ის ერთადერთი ნატვრა, რომლის ასრულების იმედით დიდი გზა გვქონდა გამოვლილი. ნატვრა, რომელსაც უფალი აუცილებლად აგვისრულებს თუ მზის ამოსვლას მწვერვალზე, წმინდა ადგილზე შევხვდებით. იქ სადაც უფალმა , ცოდვებით დახუნლულებს, ათი მცნება გადმოგვცა და ეხლა ჩვენ, მრავალი ქვეყნის შვილები, ბიბლიის, თორისა თუ ყურანის მიმდევარნი, ერთად მივდივართ ამ მცნებების დარღვევის პატიების თხოვნით. ისევ მასთან მივდივართ ცოდვების მოსანანიებლად, უფალო შემიწყალე და მაპატიე...! ჩვენები ნელ-ნელა ავტობუსთან იკრიბებიან, გიდი ბრაზობს, ღელავს - დროს ვკარგავთ! ფანრებს და წყალს გვირიგებენ. თბილი ტანსაცმელი თითქმის არავის აქვს. გიდს უკვირს - "სად მოდიოდით არ იცოდითო?" - ეტყობა არ იცოდნენ! მე ღიმილით მითხრა, ეხლა კი მჯერა - რომ ნამდვილად ახვალთ. საქმე იმაში იყო, რომ მანამდე სასტუმროში მარწმუნებდა მძიმე და გრძელი გზა არის გასავლელი, იქნებ გადაიფიქროთ, ვერ ახვალთო! რა იცოდა როგორი ტკივილი უნდა ამეტანა ამ მწვერვალზე, რა ნატვრა! "რომ მოვკვდე მაინც ავალ - მეთქი!"- ვუთხარი, ასვლა მტკიცედ გადავწყვიტე და უნდა აუცილებლად, აუცილებლად...
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
- დედა, უნდა გამოგიტყდე, ძალიან შევტოპე - "დავჯექი", შველა მჭირდება... - არა, არ შევდრკე! არ უნდა შევიმჩნიო, ეს რა უბედურება დამტყდომია თავს!რა უბედურება, მეეც?! ძალას ვიკრებ. ელდას და ჩემთვის სასიკვდილო განაჩენს, ვცდილობ რამენაირად ერთად მოვუყარო თავი, შევკრა, შევკუმშო - ტყვიის გულას ოდენა გავხადო და გულში ღრმად ჩავიტენო, რომელიღაცა სარქველთან! გასკდეს გული... არჩევანი მაქვს. ვირჩევ ძნელს - სიცოცხლეს, შვილს უნდა ვუშველო! თავში მიტრიალებს: უფალო, მომეცი ძალა გავუძლო! არ ვიმჩნევ, უფრო სწორედ, ვცდილობ არ შევიმჩნიო. -არაფერია, არ შეშინდე! ამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება! მე გიშველი დედიკო, გიშველი, ყველაფერს გავაკეთებ, შეუძლებელსაც ! ერთად ყველაფერს დავძლევთ, ოღონდ შენ მოინდომე, შენ და... გიშველი, გიშველი! (ვუშველი?!). - მკურნალობა და ექიმები ცალკე იყოს. მე კი ... აი, მალე დიდი მარხვა იწყება და აუცილებლად მოსეს მთაზე ავალ, წავალ ეგვიპტეში... უფალი დაგვეხმარება, ძალას მოგცემს, არ შეგეშინდეს, გავუმკლავდებით...
- მეწყება დედა! მიშველე რამე, არა გადი, გადი არ მიყურო! ვერ დამეხმარები, ვერა ! მტკივა... ვკვდები, გადი, გადი... - დედა, მოვიდა ეთერი? სად არის აქამდე, სად? - მოვა ჩემო სიცოცხლე, ნახევარი საათი მოითმინე! მალე მოვა, მოვა და გიშველის. დაიძინე , მოგეშვება. იქნებ გეჭამა რამე, მშიერი ხომ არ უნდა მოკვდე, მერამდენე დღეა არ გიჭამია? - რა მომეშვება, ვერ ხედავ მართლა ვკვდები! მტკივა! არ გავიდა ნახევარი საათი? მატყუებ?! -არა, მხოლოდ ათი წუთი გავიდა, რა ვქნა შვილო, მითხარი რა გავაკეთო? რით გიშველო? ნუ შფოთავ, დამშვიდდი. აი ეთერიც მოვიდა... ჩაეძინა. რა ბედნიერებაა. ნეტა დიდხანს, დიდხანს ეძინოს. - ჩემო საბრალო, ჩემო საყვარელო, შენი ტკივილი-მე, შენი ტანჯვა-მე. როგორ მინდა ისევ პატარა იყო, ჩაგიხუტებდი დაგიფარავდი...ეს როგორ დაგემართა, შვილო, შენ ხომ ჭკვიანი ბიჭი ხარ?! -არ მიყვირო, ნუ მიბრაზდები, აქ ვიჯდები შენთან, შენ ფეხებთან, არ გატკენ, ან სულაც არ დავჯდები, ჩუმად ვიდგები აქ , მხოლოდ გიყურებ, შენ იქნებ დაიძინო. მე გიდარაჯებ. მშვიდად იყავი, ეთერიმ მე მომცა წამლები, დამიტოვა მშვიდათ რომ იყოსო! ვატყუებ, მიჯერებს – მგონი ცოტა უკეთ არის. ტკივილი,ჯოჯოხეთი, უძილობა, ტკივილი, ტკივილი, ტკივილი. მოგიკვდა დედა!
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
მოკლედ, ასვლა დავიწეთ! ვფიქრობ: ძალა უნდა გავთვალო, დავზოგო, "მამაო ჩვენო..." პირველი შთაბეჭდილებები სასიამოვნო ნამდვილად არ არის - მრავალი ადამიანი და აქლემების ქარავანი ერთდროულად მიიწევს მწვერვალისკენ. - "ქემელ მადამ, ქემელ!" - გთავაზობენ, გზას გიღობავენ,თითქმის ძალადობენ ყოველ ნაბიჯზე ვაღაც შავი ხალხი. აქლემზე უარს ვამბობ, ვფიქრობ რომ ეს, საკმაოდ მყრალი "სატრანსპორტო საშუალება" არც ბილიკებით მიმავალი პილიგრიმებისთვის და არც ზედ ამხედრებული ტურისტებისათვის, მთლად უხიფათო არ უნდა იყოს . სულ მალე კი დავრწმუნდი რომ ბილიკის შევიწროებასთან ერთად, აქლემები უკვე ნამდვილ უბედურებად გევლინებიან, მხოლოდ ერთი ფიქრიღა გიტრიალებს თავში, უფსკრუიში არ გადაგჩეხონ! უკვე სუნთქვა გიძნელდება, გული გიფართხალებს, სისხლი ტვინს აწვება.თან ფიქრობ ჯგუფს ხომ არ ჩამორჩი, ერთი სიტყვით, იმდენად ხარ ამ მიწიერი პრობლემებით გართული, გავიწყდება რისთვის ხარ წამოსული. პირი მიშრება, წყალს არ ვსვამ, ვიცი არ შეიძლება - მერე ვეღარ ვივლი. "ალი ბაბა"(ასე ჰქვია პირობითად ჩვენ ჯგუფს) გაჩერდით! - გვეძახის მეგზური, ბედუინი ალი. გავჩერდით. აღმოვაჩინე რომ წინა რიგებში ვარ - მიხარია. აქ პირველი შესვენების ადგილია - კლდეში ნაკვეთი, ვეებერთელა ოთახი,რასაც მეგზური "ხიჟინას" უწოდებს და გვიხსნის რომ გზაზე, სულ ხუთი ასეთი ხიჟინაა, ანუ კიდევ ოთხჯერ დავისვენებთ. - "ყველგან სითბოა, სასმელები - ცხელიც და ცივიც, არაბული კერძები. შეხვალთ დაისვენებთ, გათბებით!" - გათბობა ნამდვილად არ აწყენდა ჩემს თანამგზავრებს, მაისურებითა და ფლოსტებით რომ იყვნენ წამოსულები მთის დასალაშქრად...ზოგი მათგანი აქვე რჩება, ხვდება რომ გზას ვეღარ გააგრძელებს. მე კი,რაშიც დარწმუნებული ვარ - არ უნდა მოვეშვა, უნდა ვიარო! ბოლომდე! ვაგრძელებთ გზას... მძაფრად გრძნობ დაღლილობას და როდესაც თითქმის უკვე ნანობ, რომ ეს მგზავრობა წამოიწყე, ამაოდ კარგავ დროსა და ენერგიას, რომ მაინც ვარ ახვალ - უეცრად შენზე გადმოდის რაღაცა ნათელი ღვთიური გრძნობა - გონება გინათდება, ყველა ცუდი აზრი გტოვებს, სულში მხოლოდ აუხსნელი სიხარული, ასვლის სურვილი და იმის რწმენა გრჩება, რომ მწვერვალზე აუცილებლად ახვალ. ხვდები, რომ ეს სამყარო მშვენიერია და შენ მისი პატარა ნაწილი ხარ, მათთან ერთად, ვინც შენსავით ტკივილნარევი სიხარულით მწვერვალისკენ მიიწევს. შეიძლება ეს უკვე დახარჯული ძალებისა და სიმაღლის მოქმედების ბრალია, არ ვიცი. სიცივემ იმატა, ყინავს. კლდის ციცაბოს, ეგვიპტურ უკუნეთში უხილავ, ბილიკებზე მიმავალი პილიგრიმების ფანრების ყვითელი შუქის მდინარე მიედინება. რაც უფრო მაღლა ადიხარ, ფიზიკური ძალები გტოვებენ, სულიერი კი პირიქით - შენ რწმუნდები , ახვალ! მალე გავაგრძელებ... მოვითქვამ სულს და.... * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * ციცაბოზე შუქის მდინარე აღარ მიედინება. გაიშვიათებული სინათლის წერტილები ახლა უფრო ციცინათელების ნათებას ჰგავს … ხალხი დაიღალა, ჯგუფებს ჩამორჩა... ჩაცუცქულებს, კლდეზე მიყრდნობილებს და სულაც წყვდიადში უხილავ, უფსკრულის კიდეზე წამოწოლილებს ხვდები. ყველაფერზე მეტად ახლა შენ მათთან ერთად გინდა დარჩენა, მაგრამ ჯიუტად მიაბიჯებ, ნაბიჯებს ითვლი. გული უკვე ყელში ფართხალებს, გალიიდან გამოფრენის სურვილით შეპყრობილი ჩიტივით... კლდის კედელს მივეყრდნობი - სულს მოვითქვამ... ფანარს ვანათებ, მისაყრდნობს ვეძებ. შუქის წრეში ჩამოძონძილი ბედუინი ჩნდება, ორივე ხელს მიწვდის:"ჰელფ, მადამ?".. ეს ბედუინები სინას მთის მახლობლად ცხოვრობენ. ტურისტებსა და მომლოცველებს ეხმარებიან ასვლაში. ზოგი მათგანი არაბია - "სინას ბედუინობას" იბრალებს. ფულის საშოვნელად არის ამოსული უდაბნოდან. აქლემებიც მათია. სინას ჭეშმარიტი ბედუინები კი ალექსანდრიიდან, ბიზანტიიდან და ჩრდილო ანატოლიიდან ჩამორეკილი მონების შთამომავლები არიან და უკვე 1500 წელია, ამ მიდამოებში, "წმინდა ეკატერინეს" მონასტერთან რომ დაასახლა იმპერატორმა იუსტინიანემ, იმ დღიდან ეხმარებიან ადამიანებს მოსეს მთაზე ასვლას, უადვილებენ გზას - არაფერს ითხოვენ, მხოლოდ მოლოდინით შემოგცქერიან თვალებში და თუ რამეს მისცემ, მადლობას გეტყვიან და ჩუმად გაუჩინარდებიან... შემეშინდა, შევხტი და დახმარებაზე უარი რომ ვუთხარი, ეგრევე, იქვე, დახეულ საბანში გაეხვია და წამოწვა. სული მოვითქვი... **************************************************************************** -ნეტა ვინ უნდა იყოს ამ შუაღამისას? ნახე რა, მე ნუ ამაყენებ. ალბათ მეზობლები ფულს აგროვებენ. ნახეს რა დრო! მაშაყირებ? რა პოლიცია? მართლა ვინ არის? პოლიცია?! კარს ვაღებთ... დერეფანში ათამდე პოლიციელი ატუზულა. ერთ მათგანს ქაღალდი უჭირავს ხელში. ცდილობს რაღაცა ამიხსნას. არ მესმის... საერთოდ არაფერი მესმის... - ჩემთან ჩხრეკაზე? ჩემთან? არა, დაიცადეთ, ვერ შემოგიშვებთ, ჯერ მეზობლებს გავაღვიძებ! რაა?! რა მაქვს დასამალი?! შემოლაგდენ და მთელ ბინას ერთიანად მოედნენ. ჩემი შვილი სად არის? - გონება მხოლოდ ახლა მინათდება, ვხვდები, რომ თავს კიდევ ერთი უბედურება დამატყდა - დააკავეთ?.. ჩემი შვილი?.. რისთვის?.. -იარაღი გვაინტერესებს! გაქვთ?! -დიახ, და ისიც იცით რომ უფლება აქვს . მოგცეთ? რატომ? ჯერ ჩემი შვილი დამალაპარაკეთ! ნუ მემუქრებით! რატომ არ მალაპარაკებთ? ცოცხალია როო?... თქვენს ხელში არაფერი გამიკვირდება. საშინლად ვჯიუტდები. ზოგჯერ ჩემში მეამბოხე, დაუმორჩილებელი სული იღვიძებს . სიგიჟემდე ვჯიქდები და არ არსებობს ძალა, მე რომ მომერევა იმ დროს.(ერთხელ, მოძღვარს ვუთხარი ამის შესახებ, რაზედაც მან მითხრა: მრისხანება გიპყრობს, ძალზე საშიში თვისებაა, აუცილებლად უნდა ებრძოლო და დაძლიოო). გავიგე, დავინახე, მაგრამ ვერ გავიაზრე რა ხდება ჩემს თავს. რაღაც რომ დამემართა, ყველა უცებ მიხვდა. ის თვინიერი ქალი, მორჩილად რომ ყრიდა კარადებიდან ყველაფერს და მორჩილადვე ასრულებდა, არ ვიცი, ყველა თხოვნას თუ ბრძანებას, სადღაც გაქრა... ტელეფონს მაჩეჩებენ. შვილის ხმა მესმის: დედა, ნუ ღელავ! არაფერი დაიჯერო, არაფერი! ყველაფერი მოწყობილია...ხომ იცი როგორც ხდება? მე შენს წინაშე მართალი ვარ, არაფერი დაიჯერო!
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * ნახევარზე მეტი გზა გვაქვს გავლილი. ვჩერდებით. აქ ბევრად დიდი ხიჟინაა.შევიხედე. ოთახის შუაგულში, ვეებერთელა ღუმელი ვარვარებდა. ზედ ჩაიდნები იდგა. ორთქლი და სასიამოვნო სითბო ტრიალებდა. კედლების გაყოლებაზე დალაგებულ, ფარდაგგადაფარებულ ლოდებზე უამრავი დაღლილი, ქანცგაწყვეტილი ადამიანი იჯდა. მასპინძლები ახლად შემოსწრებულებს სასმელებს და ტკბილეულს თავაზობდნენ... მაშინვე მივხვდი, რომ არ უნდა შევსულიყავი - სითბო მომთენთავდა. მუხლები მიკანკალებდა, მაინც არ დავჯექი, მერე ვერ ავდგებოდი. მწყუროდა, წყალზეც უარი ვთქვი - მოვითენთებოდი. პიტნის საღეჭი რეზინი ჩავიდე და დაველოდე პირი ნერწყვით როდის ამევსებოდა. კედელს მივეყრდენი. მძიმე ზურგჩანთა მოვიხსენი. ჯიბეები მოვიჩხრიკე, ვნახე წერილები თუ მქონდა ადგილზე - წამოსვლამდე გრძელი სია შევადგინე ცოცხლებისა და მიცვალებულების მოსახსენიებლად. ყველაფერს ვაკეთებდი, ყურადღების გადასატანად დაღლილობასა და წყურვილზე რომ არ მეფიქრა. ჩემი შეციებული და გატანჯული თანამგზავრები რომ შეგროვდნენ, მე უკვე აღარც მწყურო და მუხლებიც აღარ მიკანკალებდა. ამ შეციებულ ხალხს კი, ბედუინები, საბნებსა და რაღაც საეჭვო სისუფთავის პლედებს სთავაზობდნენ. რიგი დაუდგათ. გზა რომ გავაგრძელეთ, ჩვენი ჯგუფი, ომის დროინდელ ფილმებში ნანახ, ტყვე გერმანელების რაზმს ჰგავდა - ვის რა ემოსა და ვის რა ეხურა... გზას გაცილებით ნაკლები ადამიანი ვაგრძელებთ. უფსკრულის თავზე ნასიარულები, დაღლილი ადამიანები, სითბომ და სიმყუდროვემ მოხიბლა, იმ კლდეში ნაკვეთ ოთახსა თუ გამოქვაბულში რომ სუფევდა და იქ დარჩნენ. ზოგმა კი, უბრალოდ, სიარული ვეღარ შესძლო. მე თავხედური თავდაჯერებულობით მივიწევ წინ. უკანასკნელი ძალების მობილიზაციას ვაკეთებ... "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა..." - უფალო, ნებითა შენითა... ცაში გამოკიდებული ვარსკვლავივით, მეოთხე თავშესაფარის იმედის შუქმა გამოანათა... მივალ?.. ისევ ნაბიჯებს ვითვლი... ნეტავ რამდენი დამრჩა? არ გადავდგი ფეხი? - მე კი მეგონა, გადავდგი, თურმე არ გადამიდგია! აბა, იქნებ მოერიო თავს და კიდევ ერთი ნაბიჯი... აი, ეგრე!.. კიდევ ცოოოტა! რაღა დარჩა? - ოციოდე ნაბიჯი... მივალ... მივალ... მივედი!.. აქამდე ისე ამოვედი, თავშესაფარში არ შევსულვარ, არც დავმჯდარვარ, ფეხზე მდგომი ვისვენებდი. ზურგჩანთის ქვეშ ქურთუკი სველია. თან გცხელა, თუ ოდნავ შეიხსნი, იყინები - აი ისე, მაღალ სიცხიან ავადმყოფს რომ ემართება. თბილი ქუდი და ჯემპერი გავიხადე, საქორწილო მოგზაურობაში წამოსულ და გაუგებრობაში მოხვედრილ, წყვილს მივეცი, საბოლოოდ რომ არ გაყინულიყვნენ. ძალიან საყვარლები და საცოდავები იყვნენ, მაგრამ ჩემსავით, ჯიუტად არ თმობდნენ მიზანს. მიაბიჯებდნენ, სიყვარული ეხმარებოდათ. მე არ მტოვებდნენ, მელოდებოდნენ. ცდილობდნენ ზურგჩანთა მაინც გამოერთმიათ ჩემთვის. არა, ჩემი ტვირთი მე უნდა ვზიდო! ჩემი გასავლელი გზა, მე უნდა განვვლო! ცდუნებას ვერ ვუძლებ, ჭეშმარიტ თავშესაფრის სითბოსა და სიმყუდროვეში ვაბიჯებ... აქაც უამრავ ადამიანს მოუყრია თავი. კედლის გაყოლებაზე, შუა ოთახში, ქვებზე, დაგლეჯილ და ახალ ფარდაგებზე, პირდაპირ მიწაზე, ისხდნენ და იწვნენ საბანმოსხმული, დაქანცული, იდუმალსახეებიანი ადამიანები... მზრუნველი ბედუინები შემოგვეგებნენ, ადგილი გამოგვინახეს, დავჯექი და მაშინათვე მივხვდი, გამოუსწორებელი შეცდომა რომ დავუშვი. მივხვდი, რომ ვეღარ ავდგები და საერთოდაც, სამუდამოდ აქ დავრჩები - არაქათი გამომელია, უკანასკნელმა ძალებმა მიმატოვეს. ნუთუ აქ, ამ წმინდა ადგილას უნდა მოვკვდე - გულგრილად გამიელვა თავში... გათენებამდე ცოტა დრო დარჩა. თუ გვინდა განთიადს მწვერვალზე შევხვდეთ, უნდა ვიჩქაროთ, წავიდეთ! - გული სინანულით მევსება, მოწოლილი ცრემლები მახრჩობს...
******************************************************************************* მოწოლილი ცრემლები მახრჩობს, ვერაფერს ვხედავ… - ქალბატონო, ხელი უნდა მოგვიწეროთ აქ, ოქმზე. ძალიან ვწუხვართ ასეთ ოჯახში რომ გვიწევს ჩხრეკის ჩატარება - წიგნების კარადებს და თაროებს თვალს აყოლებს, - ძალინ ბევრი წიგნი გაქვთ, - მერე კედლებზე ნახატებს ათვალიერებს, - ეს ნახატები თქვენია? ყველას ძალიან მოგვწონს… “კაციჭამიები” კი არ ვართ, ყველაფერი გვესმის, შევდივართ თქვენს მდგომარეობაში, რა ვქნათ სამსახური გვაქვს ასეთი... ხელს რამდენიმე ნივთიც გააყოლეს, ჩემი მეუღლის უჯრებში რომ იქექებოდნენ… გაოგნებული, განადგურებული, გაუნძრევლად ვიჯექი… ისე გათენებულა ვერ გავიგე! რა ვქნა, როგორ მოვიქცე, როგორ ვიცხოვრო? - ჩვეულებრივად!!! ვიცვამ და სამსახურში მივდივარ, თუ დღესვე ვერ მოვერიე თავს, მერე ვეღარასოდეს წავალ! ამიტომ უნდა წავიდე!
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * უნდა წავიდე! რაღა დარჩა? ბოლო თავშესაფარი, რომელიც ისე ახლოა, აქედანაც კი მოსჩანს… მერე კი ის 750 კიბე… ვცდილობ ავდგე, აქ ვინც რჩება მეხვეწება: “დარჩი არ წახვიდე, ვერ ივლი, სადმე გადაიჩეხები. დილით ერთად, ნელა, მონასტერში წავალთ, წერილები იქ დავტოვოთო…” უნდა წავიდე, ვდგები, გავდივარ, გარეთ ყინავს, ძრწის ქარი… ცა ოდნავ განათებულა, ადრე უხილავი მწვერვალების სილუეტები იხატება … ვცდილობ გზა გავაგრძელო, მაგრამ არ შემიძლია - პირდაპირ მიწაზე, გზაზევე ვჯდები. ვეღარც თავშესაფარში დავბრუნდები…აქ უნდა მოვკვდე! - “ ნეტა აქ დამმარხავენ თუ ბედუინები გამომახვევენ დახეულ საბანში, გამდებენ აქლემის კუზზე და ჩამიტანენ? რა დაუჯდება ჩემს ოჯახს ჩემი გადასვენება?” ნახევრად ხუმრობით ვფიქრობ, მეცინება, ჩემი უმწეობის არ მჯერა… ისევ ვდგები, ვცდილობ გზა გავაგრძელო…სიბნელიდან: “ქემელ, მადამ?” ჩამესმის მხსნელის ხმა…ვხედავ ბედუინს, მესმის აქლემის ფრუტუნი…მევაჭრება, ხედავს ძალიან დაღლილი ვარ და უკან არ დავიხევ… ვთანხმდებით… ახლა, ჩემს თავთან მიხდება ბრძოლა “რა მნიშვნელობა აქვს, აქ ისე ამომხდება სული, თუ ეს მყრალი ცხოველი გადამისვრის უფსკრულში? ძალიან მაღალია, უსაშველოდ ყარს…ბედუინი კბილებს კრიჭავს ღიმილში, მისიც მეშინია…ვა რა შარში გავეხვიე? რელიგიურ განწყობაზე აღარ ვარ, “სული-ტკბილია”, სამარცხვინოდ თავის გადარჩენაზე ვფიქრობ… ბედუინი აქლემს ჩემს ფეხებთან აწვენს, რაღაცას მოფერებით ელაპარაკება… მეც მიხსნის როგორ უნდა მოვიქცე, მეხმარება ამხედრებაში, თითქმის თვითონ მსვამს… გული უფსკრულში ვარდება… ახლა შიშისაგან ვკვდები. ღმერთო, ნეტავ რამდენჯერ მოვკვდი დღეს? აქლემზე მშვენივრად მოვკალათდი, ხელი მაგრად ჩავჭიდე ”უნაგირის” სახელურებს და ყველაზე ძნელი მომენტისათვის მოვემზადე - აქლემი ფეხზე დადგა. წინ ბედუინი მიუძღვოდა, შიშმა გამიარა - ის კი არა აქეთ იქით ყურებაც კი დავიწყე. საბოლოოდ რომ დავმშვიდდი, ბედუინმა თოკი აკეცა, უნაგირზე შემოაგდო, აქლემის უკან გადაინაცვლა, ფანარი მივანათე, მაინტერესებდა რას აპირებდა…მან აქლემს კუდი აუწია, შეკრული მუშტი პირდაპირ უკანალში ატაკა… აქლემი შეშლილივით მოწყდა ადგილს და წყვდიადში გამიტაცა… ერთი კი გამიელვა: ”უნდა ვენდო! სხვა რა გზა მაქვს, რო?” მივხვდი ამ გზას აქლემი ყოველდღე გადიოდა, ზეპირად იცოდა… მთაზე ნათელი წერტილი იზრდებოდა, ახლოვდებოდა…რამდენიმე მოსახვევი გვაშორებდა იმ სანატრელ ადგილს, ცოტა დავისვენე, აღარ მეშინოდა, აქლემიც ისე შეშლილივვით აღარ გარბოდა…ეტყობობა მუშტი დაავიწყდა…მხოლოდ ერთი მოსახვევი მქონდა კიდევ დარჩენილი, წინ რომ ჩემი ბედუინი დამვხვდა… ეტყობა მოკლე გზა იცოდა, აქლემი გააჩერა და მანიშნა უკვე უნდა ჩამოხვიდეო. საკმაოდ დიდი მანძილი მაშორებდა “ხიჟინას”, რატომ უნდა ჩამოვიდე, უკვე მოვედით, მეთქი? თავი დამიქნია, ისევ ჟესტებით ამიხსნა, აქლემის გზა აღარ არისო, ეხლა ფეხით იარეო… გული დამწყდა, ეჭვი კი შემეპარა, ხომ არ მატყუებს მეთქი? რა უნდა მექნა, საკმაოდ იოლად ჩამოვედი აქლემიდან, ფული მხოლოდ იმდენი გადავუხადე, რამდენზეც შევთანხმდით, მიუხედავათ იმისა რომ მეტის გამოძალვას ცდილობდა… ზურგჩანთა გავისწორე და გზას გავუდექი… აღმოჩნდა, რომ იმ თაღლითმა მომატყუა, ადრე ჩამომაგდო… ცოტა დასვენებული, თავს მხნედ ვგრძნობდი. “ხიჟინამდეც” იოლად მივედი, აქ უფრო დიდხანს უნდა დაგვესვენა. წინ 750 საფეხური გველოდებოდა… ცა უკვე შავი აღარ არის, მუქი ლურჯია. მალე გათენდება…
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
ცამ ფერი იცვალა. თენდება, მაღვიძარას დარეკვას რამდენიმე წუთით დავასწარი, სასწრაფოდ ხელი დავავლე და საძინებელი ოთახიდან გავიტანე… ეძინოს, ჯერ მე მივხედავ საქმეს. დღეს დაბადების დღეა. რა ეყოფა 78 კაცს? ერთ საწოლზე ოთხი კაცი რომ მოდის, ნეტავი ახლა ჩემს "იუბილარს" სძინავს თუ თავის რიგს ელოდება? უთვალავი პარკი ჩაგვაქვს, ტაქსისტი ნაცნობია. მან იცის, ყოველი წუთი, იქ რიგში, ერთი ან ორი კაცია, ეს ერთი-ორი კაცი დაახლოებით ათი ჩანთაა. ათი ჩანთა კი, ორი-სამი საათია. მარტივი არითმეტიკაა… ვჩქარობ… ვფიქრობ გაგვიმართლა. ხალხი ცოტაა, მაგრამ “მიმღები” გამოუძინებელი, ცხოვრებაზე და მთელ ქვეყანაზე გაბოროტებული მუტრუკია, სასწორით ხელში. (თემიდასი კი არა, ჩვეულებრივი, ბაზრის სასწორით). დამცირებული, შეურაცყოფილი, სასოწარკვეთილი დგეხარ ამ არარაობის წინაშე და ეძებ გამოსავალს, რომელიც არ არის. ამის ხელში ხარ – პატარა, უბადრუკი ადამიანის, რომელსაც ჰგონია, რომ ძალაუფლებას ფლობს და შენ, უცნობი და შურის მომგვრელი ცხოვრებით მცხოვრები ადრე, აუცილებლად უნდა გაგაწამოს, დაგიმორჩილოს… მე ვერ ვოზლებ,მოვდივარ. მამამისი რჩება. დრო გადის. ვღელავ. ვრეკავ… ვრეკავ… ვრეკავ… - ახალ ცვლას დაველოდე, ზუსტად ის კარგი ბიჭი არ მოვიდა, ხომ იცი რომელიც… ყველაფერი შეაგზავნა, პასუხიც გამომიტანა კიდევ “ტილიანი” ტანსაცმლითა და თეთრეულით გატენილი ბოხჩაც… ბედნიერი ვარ, ბედნიერი… აბა!...შვილო, გილცავ დაბადების დღეს!.. მე რომ სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, იმ დროს, ბოლო კურსელები ლენინგრადში გავდიოდით პრაქტიკას, თვეობით ვცხოვრობდით იმ დიდებულ ქალაქში. ერთ დღეს “პეტრე-პავლეს” ციხე-სიმაგრის დასათვალიერებლად წავედით. იქ უკვე ბევრჯერ ვიყავით, ყველაფერი თითქმის ზეპირად ვიცოდით... დროის გასაყვანად უაზროდ დავეხეტებოდით და მოულოდნელად, საპატიმრო კაზემატებთან აღმოვჩნდით, სადაც ჯერ კიდევ დეკაბრისტები, მერე კი რევოლუციონერები იხდიდნენ სასჯელს. ექსკურსიამძღოლი წუხილით გვიყვებოდა, რა გაუსაძლის პირობებში უხდებოდათ პატიმრებს ცხოვრება. ამ კაზემატებში ყოფნისას ლენინი პურისგან, შემდგომში ისტორიულად ცნობილ, სამელნეებს აკეთებდა, ხოლო რძით წერილებს წერდა (ანუ ლენინს პურიც ჰქონდა და რძეც). იმასთან შედარებით, რა პირობებშიც ჰყავთ ჩვენს საპყრობილეებში პატიმრები, ეს კაზემატები ფეშენებული სასტუმროს ნომრებია. რძეზე ლაპარაკი ხომ სასაცილოა. რა არ გაგიელვებს ასეთ დროს თავში, რა დროს ლენინგრადია?
პატიმრები შემოიყვანეს. მანამდე რვა თვის უნახავ შვილს მოვკარი თვალი. მხოლოდ გუმანით მივხვდი, რომ ის უცხო, წვერმოშვებული მამაკაცი, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავდა ჩემს შვილს, მართლა ჩემი შვილია უამრავი ბადრაგის თანხლებით მოიყვანეს, ხელბორკილით გადაებათ ერთმანეთზე და ურჩი ბავშვებივით მოაპროწიალებდნენ. გალიაში შეტენეს მტაცებელი მხეცებივით და მხოლოდ მერე მოხსნეს ბორკილები . გაგვაფრთხილეს, ტუსაღებს არ ელაპარაკოთ, დარბაზში ხმა არ ამოიღოთ და საერთოდაც თუ თვინიერები და დამჯერები არ იქნებით- გაგყრითო. სქელ უკანალიანი პოლიციელი აეფარა გისოსებს. სულ დაფარა პაწაწინა გალია სადაც პატიმრები შეტენეს. შვილს ვეღარ ვხედავდი, მასთან თვალებით მინდოდა დალაპარაკება, მინდოდა ამ წვერმოშვებულ, გატანჯულ, ფერმკთალ ადამიანში ჩემი შვილი მეცნო. პოლიციელს ვუთხარი, ლაპარაკი თუ არ შეიძლება, დანახვის უფლება ხომ მაინც მაქვს -მეთქი, იქნებ გაიწიო და დამანახო. მოწყალება გაიღო - ზლაზვნით გაიწია. შვილს ვაკვირდებოდი, თვალებით იმდენი რამე ვუთხარი!.. ყველაფერი გაიგო... მიპასუხა… გავიგე, ყველაფერი, ყველაფერი... "არ გავტყდი, ჩემი იმედი გქონდესო!" მშვიდი, ძალიან გონიერი და მრავლის მთქმელი მზერა ჰქონდა... ულამაზესი ლურჯი თვალები, გაზაფხულის ცასავით სუფთა და უძირო... წვერიც მოხდენია ძალიან - ბიბლიურ გმირს ჰგავს... თეატრალურში რომ აბარებდა, ერთმა პედაგოგმა მითხრა: ასეთი “მასალა” დიდი ხანია არ გვყოლია, ნუ ღელავთ, მარტო ამ თვალებისათვის მიიღებენო... “მასალა” რომ უწოდა მაშინ, რა თქმა უნდა მეწყინა, მაგრამ თუ დაუფიქრდები, რომ ჩემთვის, მხატვრისათვის, მასალა ქაღალდი და საღებავია. მისთვის, პლასტიკის პედაგოგისთვის, მასალა ადამიანია -ვერაფერს იტყვი, ლოგიკურია. თანაშემწე რაღაცას აცხადებს, სასამართლო გადაიდო . ხელბორკილებს ადებენ და ისევ საბავშვო ბაღის ბავშვებივით ხელჩაკიდებულებს მიათრევენ, მიარბენინებენ...
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
რაღაცას აცხადებენ. ვიძვრებით... გარეთ გამოსულებს ქარის ბღავილი შემოგვეგება. მწვერვალების სილუეტები უკეთ ჩანს. კოსმიური პეიზაჟის ნაწილი ხდები, ბუმბულივით მსუბუქი ხარ, სხეული აღარ გაქვს, ვერ გრძნობ. მთლიანად “ასვლის სურვილი” ხარ. მიდიხარ. "დამეხმარე,მამაო! მე ხომ ძალიან იშვიათად გთხოვ რამეს. ვიცი, ყველაფერი თვითონ უნდა ვაკეთო, ჰოდა ვიბრძვი - ვაკეთებ როგორც შემიძლია. ახლა კი ძალიან, ძალიან მჭირდება შენი დახმარება. მე, როგორც სხვები – ცოდვილი ვარ! ყველა ის მძიმე ცოდვა მაქვს ჩადენილი რაც კაცობრიობას ჩაუდენია: მომიკლავს, მომიპარავს, მიმრუშია, მომიტყუებია, ცდუნებას, მრისხანებას შევუპყრივარ... და თუ ეს ყველაფერი სინამდვილეში არ ჩამიდენია , ამის სურვილი აზრებში ხომ მქონია მრავალჯერ? შემინდე, უფალო! ცხოვრების გზა, რაც უფრო გრძელია, მით უფრო ძნელია - მეტი ცდუნება გელის ამ ქვეყნად და ბევრი ბრძოლის გადატანა გიხდება შენ თავთან, ცოდვების დასაძლევად. რწმენისა და ურწმუნოების ზღვარზე ვცხოვრობდი,მაგრამ ვცდილობდი ამ გზაზე მუდამ სწორად მევლო! თუ ცხოვრება მოკლეა - შეიძლება წმინდანიც კი გახდე... ანგელოზები ხომ უცოდველი ბავშვები არიან... რა ორომტრიალი მიტრიალებდა თავში, ბევრჯერ არჩევანის წინაშე ვყოფილვარ, ხან მჯეროდა უფალო შენი, ხან არა. ჩემს თავს მუდამ ვებრძოდი ,როგორც ახლა. შენთან ვმარცხდებოდი. იშვიათად ვიმარჯვებდი. ჩემი უღმერთოდ გაზრდილი თაობა, უფრო უღმერთო, დაშინებულმა თაობამ გაზარდა, ეკლესიურები არ ვართ. არაფერი გაგვეგება. სასაცილოა, მაგრამ მოძღვარს კარგა ხანი "ბატონო მამაოს" ვეძახდი. ცოდვილი ვარ უფალო, შემიწყალე! მასწავლე, დამანახე გზა შენამდე!". მივდივართ, მივიწევთ მაღლა. ნათდება. მზის ამოსვლას იქ - მწვერვალზე, უნდა შევხვდეთ. კიბეებს მივადექით... ჩამოვჯდები. აი ასე... მერე ვნახოთ. წერილებს ვიგულებ ჯიბეებში, ავალ აბა რა, აქამდე მოვსულვარ და...ჩანთას ვხსნი, ფოტოაპარატებს ვამოწმებ. აი წყალიც, წყალს არ დავლევ, სახლში წავიღებ, ამ ტანჯვით აქამდე რომ ამოვიტანე უკვე - წმინდაა, მწვერვალიდან კი, ჩემ შვილს, იმედის ნიშნად ქვის ნატეხს წავუღებ - დავუმტკიცებ, რომ ადამიანი ყოვლის შემძლეა! ...............................................................................
... ჩამოვჯდები. აი ასე... მერე ვნახოთ. ადექი, დროა! არა ნაბიჯებს არ დავითვლი, ხომ ვთქვი, მათემატიკა არ მიყვარს- მეთქი, 750 ძალიან ბევრია, ძალიან! ვერ დავითვლი, ამერევა. მეგონება ბევრი გავიარე-მეთქი, მერე რა ვქნა?… რა კარგია ხედავ? აქ შეგიძლია "ოთხზეც" იარო! არა, ამას ცოცვა ჰქვია! ხო, ალპინისტებიც ცოცვას ეძახიან ასეთ სიარულს … სირცხვილი სულაც არ არის, უყურე, მაინც ვითვლიდი თურმე. ხომ ვთქვი არ დავითვლიო! მუხლი ძალიან მაწუხებს, ეტყობა მაგრად დავარტყი მაშინ რომ დავვარდი, უუჰ, შარვალი გახეულა… ვნახო, მგონი ბენდენა უნდა მქონდეს ჩემს ჯადოსნურ ჩანთაში… უცნაური ნივთები მაქვს ხოლმე ჩანთაში: თოკის ნაგლეჯები, პატარა დანა (ფანტასტიური რაღაცაა, მეგობარმა სპოტსმენმა ჩამომიტანა იაპონიიდან დიდი ხნის წინათ, მრგვალია, მჭრელი პირი შიგნითა აქვს შეკეცილი, ვერავინ მიხვდება, რომ ეს ნივთი - დანაა) ჩემი განუყრელი მეგობარი. აი, კიდევ პატარა “კარაბინჩიკები”, ძეწკვზე რომ არის მიბმული, რა იცი სად გამოგადგება… ხოდა მადგება! … ფანქრები – უკვდავი "კოხინორის"ფირმის, პატარა ბრტყელტუჩა, მრგვალი რეზინები, მსხვილწვერიანი ფლომასტერი, ცელოფანის რამდენიმე პარკი, წითელი ლენტის გორგალი. აუფ, კიდევ რამდენი რამე მქონია… ორი ფოტოაპარატი (ერთი, თავის დასაზღვევად რომ წამოვიღე, მეორე-პროფესიონალური კამერაა, პანორამის გადასაღებად)... უცებ მივხვდი რომ ამ ყველაფერს ვხედავ ფანრის გარეშე... უნდა ვიჩქარო, აი ბენდენაც ვიპოვე! თენდება, ქალო, თენდება!!!.. ბენდენათი მუხლს ვიხვევ, მერე ორივე მუხლზე ცელოფანის პარკებს წითელი ლენტით ვიმაგრებ, როგორ გამომადგა ჩემი “მენაგვეობა”- ოჯახის წევრები “მენაგვეს” მეძახიან... რა კარგია, ახლა ცოცვა იოლია, ის "კარაბინჩიკებიც" რა ბედზე მქონდა, არა? ზურგჩანთა ისე კარგად დავიმაგრე, აღარ მივარდება... ცოცვაში ხელს სულ არ მიშლის. ხელისგულებიდან ცოტა სისხლი კი მომდის. ოფლს რომ ვიწმენდ - ოფლი, სისხლი, მილიონი ადამიანის ნაფეხურის მტვერი, ჩემს სახეზეა გაგლესილი ... მწყურია, მცხელა!..
.............................................................................
ჯოჯოხეთური სიცხეა, თორმეტ საათზე დანიშნულ პროცესს - ოთხზე იწყებენ, დაოსებულ-გათანგულები, მზით გაკაშკაშებულ ოთახში შევდივართ . მზე უმოწყალოდ აჭერს. მოსამართლის "ბორდო" მაუდის მოსასხამი რა უჯდებათ ნეტა? ვის, რაში სჭირდება ამ პაპანაქებაში? - გული, მიწუხს! იქნება ვენტილიატორი მიშოვოთ და მომანოთ! ბოლოს და ბოლოს ციხეებშიც კი დაარიგეს! - აღმოხდა ჩვენ კეკლუც ახალგაზრდა მოსამართლეს, შუბლს რომ ოფლის მარგალიტები უმშვენებდა. მერე მოწყდებოდა ეს მარგალიტი და ლოკოკინა რომ ტოვებს, სადაფისფერი კვალით, შუბლიდან ყელამდე და მერე უფრო ქვემოთ, დაგმანულ საკინძეში იკარგებოდა... პატიმრები აქ არიან, ადვოკატებიც, პროკურორ-მოსამართლეც... ის კი არა, თარჯიმანიც! პატიმრები ოფლად იღვრებიან... ისევ თვალებით ვლაპარაკობთ: - როგორ ხარ შვილო? ძალიან გამხდარხარ, მოგიკვდეს დედა... მხრებს იჩეჩავს - "რას ვიზამ, როგორ ვიქნებიო?” - ალბათ ეგრე უნდა ყოფილიყო. ბედია! მიღიმის... გული მეკუმშება, მახსენდება რა პირობებშია. მათემატიკა საშინლად არ მიყვარდა, მძულდა... სკოლაში იგნორირებას ვუკეთებდი, თითქოს ასეთი საგანი საერთოდაც არ არსებობდა... იძახებდნენ მშობელს, მტუქსავდნენ, მსჯიდნენ... მე კი… ვცხოვრობდი უდარდელად, მათემატიკის გარეშე ! ახლა კი სულ ანგარიშში ვარ: "საიათ-ნოვა ფიქრობს, ანგარიშშია...!" -78 კაცი, 20 საწოლი ადგილი, 156 ფეხის დასადგმელი ადგილი თუ არის, ნეტა? 78 დან, 20 კაცს თუ სძინავს, დანარჩენი 58 - უფილტრო "ასტრას" აბოლებს 24 საათი! ფანჯარა არ არის, მხოლოდ 25 სანტიმეტრიანი ღრიჭოა დატოვებული ამოშენებული ფანჯრიდან ჭერამდე! 25 სანტიმეტრიანი სარკმელი 45 გრადუსიან სიცხეში! კვირაში დაახლოებით 2-3 ადამიანი, ბოდიში პატიმარი (პატიმარი ჩვენ სამშობლოში სულ სხვა მცნებაა, ადამიანთან კავშირიც არ აქვს) კვდებაო მხოლოდ სიცხისაგან.. როგორ ამოხსნას ეს ამოცანა ადამიანმა, რომელსაც მათემატიკა სძულს? მით უმეტეს, რომ ერთი ამ 78-დან შენი სისხლი და ხორცი, შენი შვილია... ვუყურებ, თვალებს მარიდებს. ხვდება რაზეც ვფიქრობ, ვეცოდები! მე, ის - მას, მე! მოსამართლეს ვენტილიატორი მოუტანეს, ჩაურთეს , გამოცოცხლდა, გამხიარულდა... აბა, დავიწყოთო... გაუსაძლისი სიცხისაგან გაბოროტებული ბადრაგი გისოსებს არ სცილდება, თითქოს განზრახ ფარავენ პატიმრებს. ცხელა...წარამარა ქუდებს იხდიან, ცხვირსახოცით ოფლს იმშრალებენ, წურწურით რომ ჩამოსდით შუბლზე, დარბაზში მჯდომ ხალხს ათვალიერებენ... პირქუშ გამომეტყველებას ინტერესი ცვლის, დარბაზში უცნაური რამ ხდება… ხალხში, ტელეეკრანებიდან ნაცნობ, ხშირად ნანახ , საყვარელ მსახიობებს ხედავენ... უკვირთ, მერე ხვდებიან. გიოს ეკითხებიან: "შენი მეგობრები არიან?" - გიო თავს უკრავს... დამოკიდებულება იცვლება -კეთილგანწყობით… მოწმეები დავკითხოთო, ეჩქარებათ - ერთი ცვლა მოვხსენით მორიგეობიდან აქ მოვიყვანეთ! ვეღარ მოვაცდენთო... აღმოჩნდა რომ ყველა მოწმე - პოლიციელია! ყველაზე საკვირველი კი ისაა, რომ ყველა პატიმრის მოწმეები ერთი და იგივე ხალხია! მოწმეების დაკითხვა დაიწყო - დაიწყო "ღადავი"... მათემატიკის გარეშე ცხოვრება თურმე არ შეიძლება. მე კი მიამიტურად ვფიქრობდი - დიდი-დიდი გამყიდველმა ხურდა სწორედ არ დაგიბრუნოს, მეც ავდგები და არ დავთვლი. აკი არც ვითვლი და არც ის ვიცი არასდროს, რამდენი ფული მაქვს ჩანთაში და საერთოდაც მაქვს თუ არა…პარადოქსია, მაგრამ - მართალი. ვერ ვიმახსოვრებ რიცხვებს, არ ვიცი საკუთარი ტელეფონის ნომერი (ბლოკნოტში პირველ გვერდზე მიწერია!), არც მანქანის ნომერი მახსოვს... ახლა კი ყოველ ნაბიჯზე მათემატიკასთან მაქვს შეხება! ამოცანა: ოპერატიული ინფორმაციის თანახმად - შეიძინა დიდი ოდენობის ნარკოტიკი... - დიდი ოდენობა, რამდენია? - 0,0037 გრამი ... -რამდენი? ეშლებათ. ალბათ-კილოგრამი უნდა ეთქვათ... -არა, არ ეშლებათ... -რამდენიც არ უნდა იყოს-ბევრია!ძალიან ბევრი...სასჯელიც - მძიმე ... -ვერ ვიგებ, ვერა! "რეინმენივით" ვიბნევი: ბევრი რამდენია? - იქნებ ამიხსნათ, მითხრათ. -ორი გაკეთება, ქალბატონო, ორი - "ინსულინის" შპრიცი...ბევრია!!! მოწმეების დაკითხვა დაიწყო. რატომ მოიყვანეს ეს უბედურები, რატომ აყენებენ ცოდვაში? ან რა მნიშვნელობა აქვს ამათ დაკითხვას? ხომ არ იტყვიან, ვინ და რა დაავალა? დაიმახსოვრეთ, ნარკომანებს არ იჭერენ! იჭერენ მხოლოდ იმას, ვისაც შეუძლიათ, ან ფიქრობენ რომ შეუძლიათ, რამე წაართვან. ჩემი ქუჩის კუთხეში, ყოველდღე, “წამლის დვიჟენიის” მოლოდინში, სხვადასხვა ასაკის ბევრი ბიჭია ჩაცუცქული. მათ ყველა ხედავს, მაგრამ ხელსაც არავინ ახლებს, რადგან ვეღარ “გაწეწავენ”, ანუ წასართმევი უკვე არაფერი ეგულებათ. ან რა დასაჭერები არიან, სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე მყოფები , ვის რაში სჭირდება, ამათი ჩამპალი ვენები?...ფული უნდათ, ფული! მოსამართლე ცდილობს მიაფუჩეჩოს მოწმეების დაკითხვა – დაღლილები არიან, მორიგეობიდან მოსულები!… ნეტავ სად მორიგეობდნენ, სად იყვნენ ჩასაფრებულები, ვის უთვალთვალებდნენ, ვის რა ჩაუდეს? შეხედავ – ჩვეულებრივი, ნორმალური ბიჭები არიან. ახლა კი, ამათ შემყურეს, “ვერის უბნის მელოდიების”, აკლადჩიკობის მოლოდინში მყოფი, ძიბო მახსენდება. ღმერთო ჩემო, ამათაც ხომ ჰყავთ დედები?! ნამდვილად ჩემს ადგილზე ჯობია ყოფნა... გიორგი იცინის, მხრებს იჩეჩავს, ჯდება, - კითხვები არ მაქვსო – ერთი კი თქვა, არ ვიცი ვისი მისამართით: ამ ნაბიჭვარმა არ მომასვენა, იმ დღეს სამჯერ დამირეკა, შენი დახმარება მჭირდება, იქნებ შემხვდეო, ეჭვი არაფერში შემპარვია. რომ მოვიცალე, შევხვდი … ჰოდა ახლა აქ ვარ… ყველას, ღმერთი მოკითხავს…
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
კიბე-კიბე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ხან ცოცვით, ხანაც წელგამართული მივდივარ მაღლა, სულ მაღლა, სულ ზევით! ცა ნათელია… მალე, მალე ამოვა ეს დალოცვილი, ეს დიადი, სინათლისა და სიცოცხლის მომცემი, ფარაონებისა და ამ ქვეყნის სათაყვანებელი, ღმერთი – “რა”! “რამ შექმნა სიცოცხლე?!” - კითხვაცა და პასუხიც სწორედ რომ აქ არის – "რა"-მ! ყოჩაღ! ეს რა კარგი რამ მოიფიქრე. თუ ადრე თქვა ვინმემ? იქნებ სადმე მაქვს გაგონილი? ღმერთო, შენთან მოვდივარ, ცოტაც დამიცადე, არ ამოხვიდე რა… გამოჩნდა უკვე კიბის ბოლო, გამოჩნდა… ახლა მთელი ყურადღება წერილებზე უნდა გადავიტანო, აი აქ მაქვს… აუუუ, სულ რომ აღარ მახსოვს, როგორ უნდა მოვიქცე… ჯერ ცოცხლები უნდა მოვუხსენიო თუ მიცვალებულები?.. ვიცი მაპატიებ უფალო, თუ რამე დამავიწყდა, შემეშალა! ისიც ვიცი, ყველას შეუნდობ, ვისაც აქ ვახსენებ, რიგითობას რა მნიშვნელობა აქვს შენთვის?... მოწყალე რომ ხარ, ვხედავ. ვხედავ როგორ მეხმარები… აქამდე როგორ ამოვაღწევდი… რაღა დარჩა – ასი კიბე თუ იქნება… ვჩქარობ, მგონია რომ ვჩქარობ. ალბათ ყველას ასე ჰგონია, ვინც ახლა ჩემს გვერდითაა და სამკვდრო-სასიცოცხლო ზღვრის გადალახვა უნდა, ამ დარჩენილი ასამდე კიბის… აი ახლა შეიძლება დათვლა, ასის ფარგლებში ანგარიში ადვილია… რამდენი გამოაკლდა? – თორმეტი?... ხო, თორმეტი – მოციქულია, ცამეტი – თარსი რიცხვია… ახლა რამდენი დარჩა, ჰა? – გამოკლება მიჭირს. არასოდეს მეგონა, თუ გამოკლება ასეთი ძნელი იქნებოდა… მოდი სხვანაირად მივუდგეთ – მივამატოთ. აბა რამდენი მივამატე?... შვიდი? მაგიური რიცხვია, გიოს დაბადების დღე! მიმატებაც ძნელია, მით უმეტეს, თუ ცა უკვე ვარდისფერია. მწვერვალზე შეკრებილი ხალხი კი, ყველა, ყველა, აღმოსავლეთისკენ შებრუნებულა, განაბულა, ელოდება… ჯერ არ ამოხვიდე "რა"... გემუდარები... ოცი... ათი დამრჩა.. აქა ვარ, თქვენთან ყველასთან. მეც გარინდული... გაოგნებული... ველოდები...
მ ზ ე !!!
2004 წლის დიდი მარხვა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ეს არის ყველაზე ძლიერი ნაწერი, რაც წამიკითხავს დღემდე ამ საიტზე. ბარაქალა თქვენ ავტორო. ეს არის ყველაზე ძლიერი ნაწერი, რაც წამიკითხავს დღემდე ამ საიტზე. ბარაქალა თქვენ ავტორო.
7. არა მგონია დედობრივ სიყვარულზე კომენტარი გავაკეთო.... არა მგონია დედობრივ სიყვარულზე კომენტარი გავაკეთო....
6. საოცრებაა! ბურთი მაქვს ყელში გაჩრილი.. ტკივილი ვიგრძენი სულით-ხორცამდის.. უფალს ებარებოდეთ!! მოწიწებული შეფასება,თუმცა ამ შემთხვევაში ვხვდები არაფერს წარმოადგენს ეს -5.აქ სული გაქვთ მოტანილი-სათნო და რწმენით სავსე! ღმერთმა გაძლიეროთ!
საოცრებაა! ბურთი მაქვს ყელში გაჩრილი.. ტკივილი ვიგრძენი სულით-ხორცამდის.. უფალს ებარებოდეთ!! მოწიწებული შეფასება,თუმცა ამ შემთხვევაში ვხვდები არაფერს წარმოადგენს ეს -5.აქ სული გაქვთ მოტანილი-სათნო და რწმენით სავსე! ღმერთმა გაძლიეროთ!
5. კიბე-კიბე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ხან ცოცვით, ხანაც წელგამართული მივდივარ მაღლა, სულ მაღლა, სულ ზევით! ცა ნათელია… მალე, მალე ამოვა ეს დალოცვილი, ეს დიადი, სინათლისა და სიცოცხლის მომცემი, ფარაონებისა და ამ ქვეყნის სათაყვანებელი, ღმერთი – “რა”!
ამოვა, აბა რას იზამს?! ნან, იამ მითხრა ყველაფერი... :( 555555 კიბე-კიბე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ხან ცოცვით, ხანაც წელგამართული მივდივარ მაღლა, სულ მაღლა, სულ ზევით! ცა ნათელია… მალე, მალე ამოვა ეს დალოცვილი, ეს დიადი, სინათლისა და სიცოცხლის მომცემი, ფარაონებისა და ამ ქვეყნის სათაყვანებელი, ღმერთი – “რა”!
ამოვა, აბა რას იზამს?! ნან, იამ მითხრა ყველაფერი... :( 555555
4. ეს მახსოვს.ძალიან იმოქმედა მაშინაც. გულითადი მოკითხვა და 5 ეს მახსოვს.ძალიან იმოქმედა მაშინაც. გულითადი მოკითხვა და 5
3. გამიხარდააა, შენი ხილვა!!! ნაწერს უმაღლესი შეფასება ჩემგან!!! გაიხარე შენა!!! გამიხარდააა, შენი ხილვა!!! ნაწერს უმაღლესი შეფასება ჩემგან!!! გაიხარე შენა!!!
2. მიყვარს ძალიან , გამიხარდა რომ დადე ისევ. სიყვარულით ვიხსენებ გიოს ბავშვობას. მოგიკითხე:))) მიყვარს ძალიან , გამიხარდა რომ დადე ისევ. სიყვარულით ვიხსენებ გიოს ბავშვობას. მოგიკითხე:)))
1. 55555 დედა-შვილურ სიყვარულზე, უფრო სწორედ დედის გულზე ძვირფასი რამ არ არსებობს ამ ქვეყანაზე! დაე დანათოდეს უფლის თვალი და მოწყალება დედის სატკივარს და სიხარულად გადააქცევდეს მის საფიქრალს! გულთბილად მოგიკითხეთ ქალბატონო ნანა! ყველა სიკეთე თქვენ! 55555 დედა-შვილურ სიყვარულზე, უფრო სწორედ დედის გულზე ძვირფასი რამ არ არსებობს ამ ქვეყანაზე! დაე დანათოდეს უფლის თვალი და მოწყალება დედის სატკივარს და სიხარულად გადააქცევდეს მის საფიქრალს! გულთბილად მოგიკითხეთ ქალბატონო ნანა! ყველა სიკეთე თქვენ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|