ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2010


კაენი ძმაი აბელისა 2 თავი



ექვს დღეს შრომაში ატარებდნენ,ხოლო გალობით,
ღმერთს ადიდებდნენ, ლოცულობდნენ დილას მეშვიდეს,
ორი ქალწულიც მოავლინა ღმერთმა წყალობით,
რათა ყველანი სამზეოზე გამოეჩინეთ.
სიწმინდე ერქვა, აბელისთვის შექმნა რომელიც,
ხოლო მეორეს აღმაფრენა, ხმაური ქართა,
ოღონდ ღვთისაგან ემცნობოდათ ის დღე, რომელიც
ნებას მისცემდათ სარეცელი გაეყოთ ქმართან,
მაგრამ ბელზებელს სხვა სურვილი ამოძრავებდა,
ქვესკნელში დანთქმულს განეზრახა მათი დაღუპვა,
დამარცხებულმა კვლავ უფალთან დავა გაბედა
და გესლიანი შავ ზრახვათა ბილიკს გაუყვა.
მას ეგონა, რომ აბელს უფრო დაიყოლებდა,
რადგანაც გულით რბილი იყო,საქმით კი ლაღი,
გოდების მთაზე მიაკითხა, სადაც პირველად
ადამ და ევამ იმარხულეს დევნილი სახით.
ამ ადგილებში ლოცულობდა ხშირად აბელი,
აქ ეძლეოდა ხშირად ევა მწარე სინანულს
და პატიებას დაეძებდა მათი სასჯელი,
იდუმალებით მიჯაჭვული ღმერთის სიყვარულს.
შეკრთა აბელი,რა იხილა მტერი ცბიერი,
,ის არც კაცს ჰგავდა, არც გველს და არც ნაყოფს ვაშლისას,
მაგრამ სამივეს ჩამოჰგავდა ცივი იერით,
ხოლო თვალებით გაელვება იყო ღამისა.
სურდა სირბილით გადაევლო მწვანე მინდვრები,
სურდა კაენთან მისულიყო შველა ეთხოვა,
მაგრამ ეშმაკის სურვილები,როგორც ბინდები,
გზას უღობავდნენ და ებრძოდნენ ვაჟის ურჩობას.
და ბოლოს მაინც მოეხვია ტანზე ველურად
და ათრთოლებულს გულზე ფრთხილად ყური მიადო:
-შეჩერდი აბელ, მოხდენილო დედისებურად,
შეჩერდი აბელ!-ადამივით მხნევ და დიადო.
მე არ გეგონო მტერი შენი, ანდა მოძულე,
მშობლების შენის ძველთაძველი მეგობარი ვარ,
გულს მართოობა მიკლავდა და ამად გესტუმრე,
ცხრა ტბა გამოვვლე, დავიღალე, თან შემაცივა,
მაგრამ რომ გნახე დავივიწყე ყველა თკივილი
და სიყვარული შენი უფრო გავიატკეცე,
ნუ კრთები აბელ, ჩამეხუტე მკერდში შვილივით,
გავერთიანდეთ და ბნელ წარსულს ერთად გავექცეთ.
მე დაგეძებდი, უფრო სწორედ თვითონ მიხმობდი,
შვება ვარ შენი, შეცდენილი მინდა დაგიხსნა,
ფრთხილად გივლიდი შემოსილი ჭრელი ნიღბებით,
ხან წყაროს წყალად ვიქცეოდი, ხან კი, ყვავილად,
ხოლო შენ ხარბად ისრუტავდი ჩემს სურნელს ყველგან,
შენი ბავშვობა ჩემს ტოტებზე დარჩა მტრედივით,
ახლაც ჩემში ხარ, დაკაწრული და ფეხშიშველა,
შენი ბავშვობის დღეებიდან გადმოფრენილი.
შენ უნდა ჩემში დარე მარად და იარსებო,
მე ხან წყარო ვარ, ხან ყვავილი, ხან ზღვა, ხან ზეცა,
შენი მონა ვარ და ზრახვათა შენთა სამსხვერპლო,
ქვეშ გაგეგები, მიმსახურე ღამეც და დღცა.
აბელი:
ო, ბოროტებავ, ალბათ ენა რომ არ გქონოდა,
არც არასოდეს არავისთვის იარსებებდი,
ან ეგ სიბნელე თვალების არ გამოგყოლოდა,
მეც მაცდუნებდი,უეჭველად დაგიჯერებდი,
მაგრამ იმდენად შორსა დგანან  შენი სიტყვები
და ეგ თვალები ცივ სხეულს რომ უფრო გიღამებს,
ვინ დაგიჯერებს, ან ტყუილად რატომ ირჯები?
იმ გზებს დაჰყევი, საიდანაც ამოემართე!
ბელზებელი:
-გაჩერდი აბელ, ბავშვობაა შენი სიურჩე,
ან შენს ცხოვრებას რა აზრი აქვს ისე, უჩემოდ?
ან იმ ტკივილებს ვინ დაგიცხრობთ,ვინ დაგიყუჩებს,
რაც ცაში ღმერთმა მოგაყენათ ასე უზომოდ?
რადგან სიწრფელეს და სიკეთეს ეჭვქვეშ აყენებ,
მე წავალ, მაგრმ მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება,
აჰა მიირთვი მწიფე ვაშლი, ის შენ გაჩვენებს,
ჩემი ფიქრების სიწრფელეს და ჩემს შემართებას.
აბელი:
ო, განმერიდე შორს, შორს ჩემგან სულო ბოროტო,
წყეულიმც იყავ უკუნითი-უკუნისამდე,
ეს თქვა და ზიზღით ჩააცქერდა ცბიერ ორატორს,
გველის ბაგენი ყვაოდნენ და ვაშლებს ისხამდნენ
და რა ნახა,რომ ვერაფერი ვერ მოახერხა,
უცებ გაშორდა, გასრიალდა,როგორც წყვდიადი,
წყეულს თვალები მიუგავდა კუპრის ნაღვერდალს
და სახადივით ეშინოდა ღვთიურ სინათლის.
ღვიძლი შვილივით შეიყვარა უფალმა მყისვე,
ჩუმი, უბრალო, გულმართალი მწყემსი აბელი,
ვისი ფიქრებიც უცოდველად ისხამდნენ კვირტებს
და ვისი გულიც ზეცასავით იყო ნათელი.


        გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები