ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოჟიდარ ბელოპავლიჩი
ჟანრი: პროზა
8 ნოემბერი, 2010


მაკ-კორმაკი აღარ ხუმრობს. ძნელი დრო. V ნაწილი. მეფის ახალი მემკვიდრე

(გაგრძელება)
დღეს, დონ ფუჩინოს შავი დღე გაუთენდა. ვიღაცამ გაბედა და მისი შვილი, მისი სამეფოს პრინცი, მისი "ჯუზეპინო", მისი "დიდი ჯო", ძაღლივით მოკლა აყროლებულ არკანსაში. დონ ფუჩინომ იცოდა, რომ ჯო, მაკ-კორმაკზე ნადირობდა, მისი უმცროსი ბიჭის, ვინსის, ცემის გამო. თუმცა სრულიად გაუგებარი იყო ვინ გაბედა და მოკლა ჯო და ძმები ტალიავინები პეტრისვილში, არკანზასის შტატში. დასაფლავების შემდეგ, დონ ფუჩინოს დარჩენილ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი საქმე-ღა რჩებოდა დასამთავრებელი - ეპოვნა მისი შვილის მკვლელი და სამაგალითოდ დაესაჯა იგი!
      ძლევამოსილი "ილ კაპო დი ტუტი კაპისთვის" - დონ ფუჩინოსთვის, ასეთი შეურაცხყოფა არავის, არასოდეს არ მიუყენებია...
      წელში მოხრილი დონ ფუჩინო, შავ პიჯაკსა და შავ სათვალეებში, შვილის კუბოსთან იდგა და სამძიმარზე მოსულებს აკვირდებოდა...

        მეფის ახალი მემკვიდრე.
     
      ჯო მასტროპადრონეს სიკვდილის შემდეგ, უოთერ-ფრონტში ბევრი რამ შეცვლილიყო. უბანს უკვე დატყობოდა მისი მთავარი ბანდიტის სიკვდილი - დაბნეულობა და სიწყნარე სუფევდა უოთერ-ფრონტის ქუჩებში, ბარებში, ბორდელებსა და კაზინოებში. მშრომელი და არამშრომელი ხალხის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა იმ...დონ ფუჩინოს... იმ "დიდი ჯოს" სიკვდილი. ეს, იცით რას წააგავდა? აი, მძიმე სენს უკვე შეჩვეული, თითქმის მომაკვდავი ავადმყოფი უცბად გამოკეთებას რომ დაიწყებს და არც მას  და არც მის მკურნალ ექიმს რომ არ სჯერათ, რომ ეს გამოჯანმრთელების პროცესია და არა მოულოდნელი რეცესია...     
      არა, არ იფიქროთ, რომ "დიდი ჯო" კრიმინალური სამყაროს უკანასკნელი მოჰიკანი იყო და უოთერ-ფრონტის დანარჩენი მოსახლეობა მხოლოდ კანონის დაცვაზე ფიქრობდა ...არა, უბრალოდ, ჯოს სიკვდილს, ალბათ, უკანასკნელი მაღალი რანგის ნაძირალის სიკვდილი უფრო ეთქმოდა.
       
      ახალ, ჰოპოთეტიურ (თუმცა საკმაოდ რეალურ), "დიდ ნაძირალას", რომელიც აუცილებლად გამოჩნდებოდა (დამიჯერეთ, ეს ყოველთვის ასეა ადამიანების საზოგადოებაში) და ჩაერთვებოდა ბრძოლაში ამ "საპატიო" ტიტულისა და სტატუსის მოსაპოვებლად,  ალბათ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა, რათა "დიდი ჯოს" "სიმაღლეებისათვის" მიეღწია, უბანში "სახელი" შეექმნა" და "პატივისცემა და სიყვარული" მოეპოვებინა....ყველა შემთხვევაში ცნობილი ფრაზის პერიფრაზი უოთერ-ფრონტში ახლა ასე ჟღერდა : ”მომავალი მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მომავალ მეფეს!”
     
      ერთი რამ, უკვე ნათელი იყო - მასტროპადრონეების დინასტიას "დიდების" შემოდგომა დასდგომოდა. მასტროპადრონეებს კრონ-პრინცი მოუკლეს. ამ გვარიდან "დიდი ჯოს" შემცვლელად, უკანანსკნელ დრომდე, სერიოზულად არავინ განიხილებოდა და ამიტომაც, ეს სიკვდილი, როგორც პრინციპში, ნებისმიერი უეცარი სიკვდილი, სრული სიურპრიზი იყო იყო მასტროპადრონეების კლანისათვის. როგორც ყველა მმართველს, კაცობრიობის ისტორიაში, მასტროპადრონეებსაც უეცარი ცვლილების გამო ძნელი დრო დასდგომოდათ. ახალი გადაწყვეტილება მალე იყო მისაღები, თორემ კრიმინალური ტახტის დასაკავებლად ბევრი უკვე ილესავდა კბილებს.
      მალე მისაღებ გადაწყვეტილებებს კი ერთი ნაკლი აქვთ - შეცდომებს შეიცავენ, ხშირად, დიდ შეცდომებს... დონ ფუჩინოს კი მოფიქრებისათვის ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი, თანაც ამ უბედურების ფონზე... იგი იდგა ჯუზეპინოს კუბოსთან და ჭმუნვასთან ერთად, ცდილობდა რაიმე გამოსავალი ეპოვნა. იგი პატარა, მაგრამ მაინც სამეფოს, მოხუცი მეფე გახლდათ. მეფე, რომელიც ფაქტობრივად მიატოვეს შვილებმა...რომელსაც შვილი, ”ტახტის” მემკვიდრე და უბრალოდ მისი საყვარელი არსება, გამოაცალეს ხელიდან.
     
      დონ ფუჩინოს კლანის გარდა, უოთერ-ფრონტის კრიმინალურ სცენაზე, რამდენიმე ”კეთილშობილი” და ტრადიციული გვარი კეკლუცობდა და რეალურად ისინი, დონ ფუჩინოს ბრძნული ხელმძღვანელობით, წამყვან როლებზეც იყვენენ უოთერ-ფრონტში. დონ ფუჩინო მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მმართველი იყო. მას განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა - იგი რაღაცა მანქანებით, ზუსტად არჩევდა კრიმინალური ასპარეზისათვის გამოსადეგ ბიჭებს. ვერავინ იტყვის როგორ, მაგრამ დონს არასოდეს შეშლია...მაგრამ ბუნება ყველგან და ყველაფერში ბალანსს, ან უფრო სრულად რომ ვთქვათ, ეკვილიბრიუმს ეძებს - სამწუხაროდ დონ ფუჩინოს არ ჰქონდა ძლიერი ლიდერის გამორჩევის ან განჭვრეტის ნიჭი. მას ამ სფეროში ხშირად დაუშვია შეცდომა. მან ახლაც არ იცოდა ვინ გახდებოდა მისი მემკვიდრე...მისი მემკვიდრე წითელი ხის ძვირფას კუბოში იწვა და...
     
    ყველაზე გამორჩეული გვარები, მასტროპადრონეს შემდეგ, იყვნენ ანირტა-მიკელინის, პელლე-გამბაცცას და პაპაკარდოს ოჯახები, რომლებიც ძალიან ამაყობდნენ თავიანთი კალაბრიულ-სიცილიური ფესვებით. ახლა მათი მომავალი, წინსვლა და წარმატებები მთლიანად დონ ფუჩინოსთან  ურთიერთქმედებით განისაზღვრებოდა. აქამდე დონთან ურთიერთქმედება საქმიანი, ნათესაური და ისტორიული ფაქტორებით იყო განპირობებული. ”დიდი ჯოს”, იგივე ჯუზეპინოს, შემხედვარე, აქამდე არავის თავშიც კი არ მოსვლია, შეეტია მასტროპადრონეებისათვის და მათთვის ძალაუფლება წაერთმია ან გაეყო. ახალი გარემოებები კი სხვა ”ტიპის” ურთიერთქმედებასაც არ გამორიცხავდნენ - მემკვიდრის გარეშე დარჩენილი კლანს, შესაძლოა ახალი გვარი ჩანაცვლებოდა ტახტზე... და ამაში არაფერი უცნაური არ იქნებოდა. დონ ფუჩინოს იმპერიაზე შეტევა უკვე შესაძლებელი და პრაქტიკულად განხორციელებადი შეიძლება გამხდარიყო.
     
    ანირტა-მიკელინის, გამბაცცას და პაპაკარდოს ოჯახები დიდი ხანია მასტროპადრონეებთან ერთად იყოფდნენ უოთერ-ფრონტის კრიმინალურ ”ნამცხვარს”. უბრალო ხალხისთვის ისინი პატივსაცემი ”ნდრანგეტისტი”, ანუ კალაბრიული კრიმინალური სამყაროს უფროსები და წევრები იყვნენ. ყველამ ასევე იცოდა, რომ დონ ფუჩინო მასტროპადრონე მთავარი იყო და მასზე მაღლა მხოლოდ წმინდა ლუკა მახარობელი, სან-ლუკას მფარველი და სანტა-მარია დი პოლსი, ან სხვაგვარად, როგორც მას ხალხში ეძახდნენ, ”მთის დედოფალი-ღვთისმშობელი” იყვნენ მხოლოდ. ამიტომაც, ხალხისათვის ერთი ”დიდი” გვარის, მეორეთი შეცვლა, ბევრს არაფერს შეცვლიდა, ხალხმა იცოდა, რომ მათი და მათი ოჯახების კეთილდღეობა ამ ოთხი ”დიდი” გვარის ხელში იყო და ამ გვარებზევე - დამოკიდებული.
   
    დონ ფუჩინო ე.წ. ”ძველი სკოლის” წარმომადგენელი იყო - მას არ უყვარდა ცვლილებები, მას არ მოსწონდა მეტიჩრები, მას არ უნდოდა სტატუსების ცვლა თუ გადახედვა, მისი იმპერია სტაბილურობის განსახიერება იყო. მას რეალურად, ოპოზიციაც კი არ ჰყოლია არასდროს! ვერ იტყვი რომ ვერ უბედავდნენ, ან არ ეუბნებოდნენ და გულში იხვევდნენ სათქმელს. არა, პირიქით, დონ ფუჩინო ყოველთვის ყურადღებით უსმენდა ყველას, ვინც სიმართლეს ამბობდა. ასევე ყველამ იცოდა, რომ დონ ფუჩინოც სიმართლეს ამბობდა და არასოდეს გაურბოდა პრობლემებს. შეიძლება ითქვას, რომ სამართლიანი კაცი იყო, თუმცა ”დიდი ჯოს” ”საქმეებზე” მუდმივად თვალს ხუჭავდა და ცუდი საქმეების მართვა და გარჩევაც ხშირად უწევდა, როგორც ტერიტორიის ”კაპპოს”.
     
    ახლა კი სიტუაცია ელვისებურად შეცვლილიყო! ყველა პერსპექტიულ კლანს უჩნდებოდა შანსი, მასტროპადრონეები ჩაენაცვლებინა და თავის დროზე, თავზე უოთერ-ფრონტის კრიმინალური გვირგვინი დაედგა. იხილეთ ქვემოთ, უოთერ-ფრონტის ნახევრად- და არა-ლეგალური სამყაროს ლიდერი ოჯახებისა, და შესაძლო კრიმინალური ”პრინცების” მოკლე დახასიათება და მათი ”გამეფების” შანსების შეფასებანი:

    1.  მასტროპადრონეს იჯახი და გვარი:
    - დონ ფუჩინო (დღევანდელი "კაპპო", 70 წლის, კრიმინალური სამეფოს მეფე);
    - ჯუზეპე მასტროპადრონე, იგივე ”დიდი ჯო” (დონ ფუჩინოს უფროსი ვაჟი, აწ უკვე გადაცვლილი);
    - ვინჩენცო (ვინს) მასტროპადრონე, იგივე ”ვინს-ულვაშები” (დონ ფუჩინოს უმცროსი ვაჟი, აწ უკვე ”ჩამოწერილი”, მძიმე ავადმყოფობის გამო);
    - დონ ფუჩინოს უფროსი ძმა, დონ ანტონიო (78 წლის კაცი პარკინსონის დაავადებით, დონ ფუჩინოს ყოფილი მარჯვენა ხელი, საქმეებიდან ჩამოცილებული ასაკისა და მდგომარეობის გამო);
    - დონ ფუჩინოს ძმიშვილი, ლეონარდო მასტროპადრონე (40 წლის ინჟინერი, რომელიც უკვე ათი წელია უოთერ-ფრონტიდან გადასახლდა კალიფორნიაში, თავის არა-იტალიელ, ამერიკელ ცოლთან ერთად), წარსულში, უოთერ-ფრონტის ერთ-ერთი იმედის მომცემი ახალგაზრდა კრიმინალი, რომელმაც თავისი გამჭრიახობითა და ორგანიზებულობით, არაერთხელ დააღწია თავი ციხეში მოხვედრას. თუმცა, ლეონარდოს, უკვე კარგა ხანია უოთერ-ფრონტთან და დონ ფუჩინოსთან ყოველგვარი საქმიანი კავშირი გაეწყვიტა. იგი ოჯახთან ერთად (მეუღლე და ერთი შვილი, 4 წლის გოგონა) მხოლოდ შობის მეორე დღეს ჩამოდიოდა-ხოლმე თავის მშობლიურ უბანში, მამისა და ბიძის სანახავად.
    - დონია ფილუმენას გარდაცვლილი ძმის, დონ კარლოს შვილი, პიერო პელეგრინო, 35 წლის სიმპათიური კაცი. ბანქოს დიდოსტატი, კლანის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიგურა, უცოლო.

      2. ანირტა დი მიკელინის გვარი (ამერიკაში ჩამოსულმა იმიგრანტებმა თავიანთი გრძელი გვარი ”შეამოკლეს”, გეოგრაფიული მდებარეობის განმსაღვრელი ”დი” დეფისით შეცვალეს და უბრალოდ, ანირტა-მიკელინი დაირქვეს). ეს გვარი ცნობილი იყო თავისი "ოქროს" ბიჭებით, ძმებით, კაეტანო (27 წლის) და ჯან-ლუკათი (30 წლის). ანირტა-მიკელინის ოჯახს ყველა დიდ პატივს სცემდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი ნამდვილი კალაბრიელები იყვნენ, ისევე, როგორც უოტერ-ფრონტის მოსახლეობის დიდი ნაწილი.  მეორე, ის რომ ანირტა-მიკელინი ერთ-ერთი პირველნი იყვნენ, ვინც პროვინციული ასპრომონტედან, მთიანი კალაბრიიდან, პირველები ჩამოვიდნენ ამერიკაში და ბევრ ახალ იმიგრანტს, მეზობელი სოფლებიდან თუ პროვინციიდან, ხელი გაუმართეს და დაეხმარნენ უოთერ-ფრონტში დამკვიდრებაში, და ბოლოს, ანირტა-მიკელინის კაცები, ტრადიციულად მეცხოველეები და ყასბები იყვნენ. მათგან ყიდულობდა მთელი უბანი ახალ ხორცს და ყოველი ანირტა-მიკელინი, ძალიან ამაყობდა ამ საქმიანობით და განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა ყასბის რეპუტაციას.  ანირტა-მიკელინის კლანის ყველა მამაკაცი, მოვალეობად თვლიდა თავიანთი ბიჭებისათვის დანის და ხანჯლის ხმარება ესწავლებინა, და ასწავლიდნენ კიდეც. ანირტა-მიკელინის კაცებთან დანით ჩხუბს ყველა ერიდებოდა. უბრალოდ, აზრი არ ჰქონდა მათთან ბასრი იარაღით დაპირისპირებას, ისინი შეუდარებელნი იყვნენ - 1901 წელს, კალაბრიელმა ცხვრის ყასაბმა, არქანჯელო ანირტა დი მიკელინიმ (მაშინ გვარი ძველებურად იწერებოდა),  ნიუ-იორკის შტატის ტურნირი მოიგო ცხვრის გატყავებაში. ჯილდოს გადაცემის ცერემონიალის მსვლელობისას, ვიღაც გერმანელმა, ტიროლურ ქუდზე მიმაგრებული სულელური ბუმბულით, იტალიელს შეაგინა და რაღაც მიაყოლა ბავარიულად... არქანჯელომ წყნარად გადახედა შეკრებილ ბრბოს, ქუდი გაისწორა და მოულოდნელი და შეუმჩნეველი მოძრაობით მოკლე სტილეტი ისროლა ....პირდაპირ ბრბოში! უზრდელ ბავარიელს ხალხი სასწარაფოდ შემოეცალა და  იგი მარტო დარჩა, ასობით ადამიანით გარშემორტყმული - ბავარიელის ტიროლურ ქუდზე, ბუმბულის ადგილი, არქანჯელო ანირტა-მიკელინის სტილეტს, დაეკავებინა! თანაც ისე, რომ ამ ხეპრე გერმანელს ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონდა თავზე. იმ დღიდან მოყოლებული, უოთერ-ფრონტის მაღაზიებში ყველგან ნახავდით ”ნამდვილ” კალაბრიულ დანებს, რომელსაც ტურისტებზე კალაბრიული ”ილ სტილეტო არქანჯელო”-ს სახელით ასაღებდნენ. ”ცხოველის ხორცს ყველაზე კარგად ანირტა-მიკელინის დანა ამუშავებს!”, ”არქანჯელოს დანას ჯერ კიდევ კაენი ხმარობდა”  - ასეთ სარეკლამო აბრას ხშირად შეხვდებოდით უოთერ-ფრონტის ქუჩებში. 
   
    ანირტა-მიკელინის გვარის ძმები, კაეტანო და ჯან-ლუკა, წყნარი, კეთილი ხასიათით გამოირჩეოდნენ და არავის არასოდეს არ უნახავს მათგან ძალადობა ან რაიმე უხეშობა. მე სხვანაირად ვიტყოდი - დონ ფუჩინო მათ საქმიანობას ხალხისგან გულმოდგინებით და  საკმაოდ მოხერხებულად მალავდა. ძმები დონ ფუჩინოს პირადი მცველები იყვნენ და იგი მათ უფრო მეტად ენდობოდა, ვიდრე ხმაურიან და უხეშ ჯოს. ახლაც, დონ ფუჩინოს ორივე მხრიდან იცავდა საშუალო ტანის, ორი, ჩაფსკვნილი ახალგაზრდა კაცი. კაეტანოსაც და ჯან-ლუკასაც თმები მოკლედ ჰქონდათ შეკრეჭილი. კაეტანო მწითური იყო, ჯან-ლუკა კი - ქერათმიანი. ანირტა-მიკელინის გვარში სხვა კანდიდატი არ ჩანდა. ამ გვარის კაცების უმეტესობა, როგორც უკვე ვახსენეთ, ყასბები იყვნენ და ახლაც კი, ბევრი მათგანი ყოთერ-ფრონტის მაცივრებსა და საყასბოებში მუშაობდა.


    3.  პაპაკარდოს გვარი.
    ანირტა-მიკელინისგან განსხვავებით, პაპაკარდო სიცილიური გვარი იყო. ლეონე პაპაკარდო პირველი სიცილიელი იყო, რომელიც 19-ე საუკუნის ბოლოს კალაბრიულ უოთერ-ფრონტში დასახლდა, თანაც მარტო. ლეონეს, 35 წლის, შავგვრემან, მაღალ კაცს, არც ცოლი ჰყავდა და არც ვინმე ნათესავი. არავინ იცოდა რატომ დასახლდა სიცილიელი, კალაბრიელი ემიგრანტების უბანში. არც სიცილიურ ოუშენ-ბეიში იცოდნენ პაპაკარდოს უცნაური გადაწყვეტილების მიზეზი. ლეონე მძღოლი იყო და მასზე ოუშენ-ბეიში მხოლოდ კარგს ამბობდნენ. ერთი რამ იყო დაფარული და გაუგებარი - ლეონეს უოთერ-ფრონტში დასახლების დღიდან, მის პატარა ბინაში დონ ნინომ, უოთერ-ფრინტის მაშინდელმა ”მეფემ”, დაიწყო სიარული, თანაც პირადად. ამის შემდეგ, პაპაკარდოები ყოველთვის იდგნენ უბნის კრიმინალურ საჭესთან. დონ ფუჩინოს გარემოცვაში, დღეს ერთი პაპაკარდო, ლეონე პაპაკარდო III (მესამე) გახლდათ. იგი დონ ფუჩინოს პირადი ”ქილერი” იყო. ლეონე III მხოლოდ დონ ფუჩინოს ემორჩილებოდა და მასთან საქმის დაჭერას ჩვენი ნაცნობი, აწ გარდაცვლილი, ”დიდი ჯოც” კი ერიდებოდა. ლეონე III, 50 წლის, შავ-შავი, თხელი კაცი იყო, არწივისებური ცხვირითა და თხელი ტუჩებით. ლეონე პაპაკარდოს ხმა, ალბათ, დონ ფუჩინოს გარდა ერთს ან ორს თუ ექნებოდა გაგონილი. ლეონე III არასდროს არ ლაპარაკობდა.  მიუხედავად მისი წარსულისა და მისი კუშტი გარეგნობისა, ძნელი იყო მისი წარმოდგენა ასე ვთქვათ, უოთერ-ფრონტის კრიმინალური ბოსის ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ამ კაცს სახეზე ეტყობოდა, რომ იგი უბადლო შემსრულებელი იყო და უნაკლო სასიკვდილო იარაღი იქნებოდა ჭკვიანი მენეჯერის ხელში, მაგრამ მისი აღქმა მომრიგებლად, მომლაპარაკებლად შეუძლებელი იყო. თვით დონია ფილუმენასაც კი არ ჰქონდა მისი ხმა გაგონილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები