ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალადინი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2010


აწი რაღა ვუთხრა...

ფიქრი აცა-ბაცა,
ალაგ-ალაგ სევდით.
ყველა საზღვარს გასცდა
მოთამაშე ბედი.
დედაბოძი იმედს
წელში გადაუტყდა.
მდუმარ დარდის მღვიმეს
აწი რაღა ვუთხრა?...

  არაფრის სამფლობელო
 
არაფრის სამფლობელოში სიცარიელის ტბებია,
აქ აღარც სიყვარულია, არც დარდის ნავსაყუდელი.
აქ ერთჯერადი გრძნობებით ისე მარტივად ტკბებიან,
როგორც ჟინს იკმაყოფილებს წუთნახევარში კურდღელი...
უყველაფრობის ზეიმზე კერპები ფეხით დადიან,
უზნეობასთან ზნეობა დიდი ხანია დაწინდეს.
სამშობლო - ძველი პლაკატი სადღაც ურნაში აგდია,
მტერზე ადრე ხომ ჩვენ თვითონ "სკამების" ომში გავწირეთ...
არაფრის სამფლობელოში ფარას სულ მგელი მოდენის,
კოჭლი ცხვარი კი ოცნებობს გადაშენებას ყოჩების.
სჯულის კანონებს აწესებს ცვედანთა დიდი ორდენი,
ეს ბალაგანიც ოდესმე ცუდი ფილმივით მორჩება.
უაზრობაა მსაჯული, აზრს ზედაპირით აფასებს.
სიცარიელეს გუშაგად მწყობრში ჰყავს ერთფეროსნები.
ფრთებშეკვეცილი ოცნება შემდგარა ფანჯრის რაფაზე,
რომ თვითმკვლელობით დასრულდეს ბოლო გაფრენა ოცნების...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები