ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეს247
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2010


წმინდა ქალწულის წილხვედრო მიწავ

ატირებულა მამული ჩვენი,
ცრემლით იცლება ცა საფიცარი...
თითქოს სატანის, ბასრი და მჭრელი,
მრავალლესული წივის ფიწალი...

დაწყლულებულან ძველი წყლულები,
სალბუნად სველი ნისლები ადევს,
ისევ ჯალათნი გცემენ ცულებით...
მამულო, ნეტავ, ვით იტან ამდენს?!

შენზედ გეშავენ შენივე შვილებს,
ძმათა სისხლს ღვრიან ძმისავე ხელით,
კვლავაც გიკლავენ მამულიშვილებს
ეშმაკის კერძი, ილიას მკვლელით;

გაუტანლობა, შური, ღვთის გმობა,
გულში ღვარძლი და სულში ჭაღარა,
ერთურთის გვემა, ერთურთის მტრობა
გრძელდება, არ სჩანს ბოლო აღარა...

...მაგრამ მე მჯერა, რომ ხარ უკვდავი,
თუმც შენმა ტანჯვამ გული დაღარა,-
მსურს გავაღვივო სადღაც მბჟუტავი
იმედის ცეცხლი – ბრძოლის ნაღარა!

შენ დიდმოწამის მახვილი გიცავს,
და თუნდაც სულ მთლად გაჭაღარავდე,-
წმინდა ქალწულის წილხვედრო მიწავ,
სამების წმინდა მადლი გფარავდეს!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები