ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა აროშიძე
ჟანრი: პროზა
1 ივნისი, 2010


  ჩამოტვირთვა

რვა

"რვამ" ქართულის ამა წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში პირველი ადგილი აიღო, რამაც უკიდურესად გამაბედნიერა. მოთხრობა ოლიმპიადაზევე დაიწერა, დაახლოებით სამ საათში და ახლა უცვლელად გთავაზობთ მას. უდიდესი სურვილი მაქვს, ყურადღებით წაიკითხოთ "რვა" და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩემთვის, "დამიკომენტოთ". იყავით კრიტიკულები და გულახდილები.


რვა

მე ყოველთვის ვისჯებოდი იმის პირდაპირ
და მკვახედ თქმისთვის, რასაც ვფიქრობ...

პროლოგივით

უხსოვარ დროში, როდესაც ადამიანი ჯერ მხოლოდ იბადებოდა, რომელიღაც ბესტიალურმა ძალამ შვა ხუთი წყეული ძმა: სისასტიკე, ფარისევლობა, ბოღმა, ძალადობა და უგუნურება. დადგეს თუ არა ფეხი მიწაზე, ძმებმა სამისდღეშიო პროცესია დაიწყეს და სადაც კი ფეხს დაადგამდნენ, მტრედებს აფრთხობდნენ, ოქროს აშავებდნენ და საკმევლის სურნელებას საკუთარი სიმყრალით რყვნიდნენ.
და თუ სადმე მური ეყარა, ისე ედებოდა ცეცხლი, თითქოს დენთიაო... ჰაერი სიმხურვალეზე აცახცახდებოდა, მიწა გასკდებოდა და იქიდან თითქოს შორეული ხარხარი მოისმოდა ძმათა წყეული მამისა...
ილეწებოდნენ საუკუნეები...

*** ძმა პირველი

_ არ შეიძლება ერთი შეხედვით იმსჯელო ადამიანზე, _ საუბრობდა დამრიგებელი, თუმცა ბავშვები, სიმართლე რომ ვთქვათ, მისი მოსმენით დიდად თავს არ იწუხებდნენ: ზოგი ერთ კუთხეში საქმეს არჩევდა, ზოგი თვალებს აჟუჟუნებდა, ზოგი "აუცილებელ საქმეზე" ლაპარაკობდა მობილურით, ზოგსაც უბრალოდ ფეხები შემოეწყო მაგიდაზე და ეძინა. _ შეიძლება გარეგნულად ულამაზესმა ადამიანმა შეგზაროს, დახვეწილმა გულარძნილობით განგაცვიფროს, შემზარავმა კი მოგხიბლოს. იფიქრეთ ამაზე!
ამ გაკვეთილის შემდეგ, ჯავახ ბექაური, თვრამეტიოდე წლის ბიჭი, ჩაფიქრებული და ამ ფიქრით ტვინადუღებული, ნელი ნაბიჯით გამოემართა სახლისკენ. თბილისში არაბუნებრივად ცხელოდა: ასფალტს ოხშივარი ასდიოდა, ცაზე გამოკიდებული ღრუბლის ნაფლეთები მზის სიმხურვალისგან თითქმის დნებოდნენ.
ქუჩაში მოძრაობა გადატვირთულიყო: დაქოქილი მანქანები ისედაც ბინძურ ჰაერს ჭვარტლავდნენ. დიდად შემელოტებული, შეღიპიანებული მძღოლები შუბლიდან ოფლს იწმენდნენ და რატომღაც ბოლო სიტყვებით იგინებოდნენ, თან აღრენილნი აყვირებდნენ საკუთარ მანქანებს. დროგამოშვებით ბატებივით აყაყანდებოდნენ, კითხულობდნენ: "რა ჭირს ამ დედა...", თითქოს თავადვე არ სცოდნოდათ პასუხი.
იქით ვიღაც ცხოველივით ჭამდა ხაჭაპურს. მუშტისხელა ლუკმა გადაყლაპული არ ჰქონდა, რომ მოსვრილი ტუჩებით ახალს ეტაკა, თან ნეტარებისგან თვალებს ნაბავდა და დროგამოშვებით ძლივს გასაგონად კრუტუნებდა.
ქალაქის ერთ-ერთ დიდ მოედანზე რომ გავიდა, ჯავახმა უჩვეულო სურათი დაინახა: დაკონკილი, წვერგაბურძგნული, აყროლებული სახეანგრეული ერთი გიჟი, მთელი არსებით, ამოკვნესით შეიგინებოდა, თანაც უმისამართოდ, ყოველ წამს იფურთხებოდა, ყვიროდა _ აი თქვენ, აი თქვენო, ტირილზე უარესი ხარხარით გადაიხარხარებდასავით, მუშტებს შეკრავდა, ერთს ღრმად ამოისუნთქავდა, სწრაფად მოსწყდებოდა ადგილიდან და რომელიღაცა შენობის ნაცრისფერ, ქვითა და ბეტონით ნაგებ კედელს ეჯახებოდა. შემდეგ ისევ ყველაფერს იმეორებდა.
უკვე გვარიანად დაჟეჟილიყო, სახე სისხლიანი ჰქონდა, წინა კბილები ჩამომტვრეოდა, მაგრამ გაჩერებას მაინც არ აპირებდა.
_ გიჟი თავისუფალია, ვერ ხედავ? ჰა-ჰა, მე ამისი... _ მუხლზე ხელი დაირტყა ერთმა სიცილისგან გაწითლებულმა ქართველმა.
_ უფალო, შეგვიწყალე! _ წაიჩურჩულა მანდილიანმა, ერთმა ტუჩებმომუწულმა ქალმა (მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვევაში გადაუვიდა ამ სიტყვების თქმა), რომელსაც გაახსენდა, რომ შეიძლებოდა ეკლესიაში მისვლა დაჰგვიანებოდა. ეს რომ გააცნობიერა, ისე მოჰკურცხლა იმ ადგილიდან, რომ გიჟისკენ საერთოდ აღარ მოუხედავს.
შემდეგ ჯავახის თანატოლები გამოჩნდნენ, კარგ განწყობაზე იყვნენ, ყველაფერზე ეცინებოდათ.
_ რა კაცია! _ შესძახა ერთმა ბიჭმა _ მოდი, ე, დავეხმაროთ!
_ დავეხმაროთ, შენს ძმობას ვფიცავ! _ უპასუხა ე. წ. ძმაკაცმა _ რას იტყვი, ნინ?
_ კარგი რა, დაანებე თავი! _ სიცილით თქვა "გერლფრენდმა".
_ არა, მაგარი იქნება, აი "ცვეტში"! ჰე-ჰე! წამო, გიო, შენს ძმობას ვფიცავ!
ჯავახს გულმა რეჩხი უყო, კინაღამ გული აერია და სწრაფად მოშორდა იმ ადგილს.

*** ძმა მეორე

_ ჯავახ, შენ მათი განკითხვის ნება ვინ მოგცა! _ უმტკიცებდა იმავეს ერთი კლასელი.
_ არავის განვიკითხავ, ეგ ჩემი საქმე არაა. მე მათ ვამხელ.
_ არც მაგის უფლება გაქვს!
_ როგორ არ მაქვს! როგორ შეიძლება არ ვამხილო?! ნორმალურია როგორც იქცევა ეს ხალხი? ამათ ფსიქოლოგი სჭირდებათ, მღვდელი და მოძღვარი კი არა! რომის პაპის ინდულგენციებს პირველები ესენი იყოდდნენ შუა საუკუნეებში. ესენი თავს იმშვიდებენ იმით, რომ რადგან წესებით ცხოვრობენ, ცოდვები მიეტევებათ! ცოდვებს ისყიდავენ, გესმის სადამდე მივიდა ხალხი?! რამე ცვლილება რომ იყოს, კიდევ ჰო, მესმის, მაგრამ ესენი აიღებენ ფურცელს, ჩამოაწიკწიკებენ ცოდვებს, მივლენ, გამოისყიდავენ. და მერე ისევ, მერე ისევ, მეტი თუ არა, იმდენივე ცოდვა! ამიტომაა, რომ ეს შენი ეკლესიური ხალხი, რომელიც ასე ლამაზად ეტაკება ხორცს მარხვის დასრულების შემდეგ, თითქოსდა სავალდებულო ბორკილები ახსნესო, მგლადაა გადაქცეული. არა, გაიხედე რა სახით დადიან, რას არ აკეთებენ, დაინახე და მერე მითხარი, რომ არ უნდა ვამხილო. თქვენ არ იღელვოთ, ჩემო ეკლესიურო ხალხო, ფურცელი, კალამი და მაგათი ჯანი! მე თქვენ გეტყვით და გაგიჭირდებათ ისევ იმდენი ცოდვის ჩამორაკრაკება! მიდით, დაიწყეთ!
_ შენ არ გაქვს ამის თქმის უფლება! შენ არასწორი ხარ და ამას ხვდები.
_ მე? რა გინდა ჩემგან? ეს სად ვარ! _ და როდესაც მეგობარი მოშორდა, ჯავახმა საკუთარ თავს ჰკითხა, _ რა მჭირს? რატომ ვანთხევ ბოღმას? რატომ არ მწამს ადამიანის? ღმერთო, მი...
და აღარ დაამთავრა, შეეშინდა იმ ქალივით არ გამოსვლოდა, გუშინ რომ გიჟთან ნახა. შემდეგ იმაზე დაფიქრდა, რამდენად სწორად მოიქცა და ამ ფიქრებში ტირილი მოუნდა.

*** ძმა მესამე

ჯავახი მეტროში იჯდა და ჩაფიქრებულიყო, როდესაც ვაგონში ორი ქვასავით მძიმე ჩანთით ერთი ქალი შემოვიდა. ქალს ვამბობ, თორემ ალბათ ყველაფერი ეთქმოდა ქალის გარდა: გვარიანად გასუქებული, ჩანაოჭებული, წირპლიანი, ულვაშებიანი არსება, რომელიც ბაზარში მიდიოდა, რათა კარტოფილი გაეყიდა... კარტოფილი გაეყიდა... კარტოფილი...
ჯავახს გულმუცელი აეწვა, ისე შეებრალა ეს ქალი. ტირილი მოუნდა ისევ, მაგრამ თავი შეიმაგრა, ჩაფიქრდა და უცნაური რამ "მოახდინა"...
_ ახლა კი, ქალბატონებო და ბატონებო, კარტოფილის გამყიდველი ქალი გეტყვით თავის სათქმელს, სიმღერით, რა თქმა უნდა _ გამოაცხადა რაღაც ხმამ, ვაგონში დაბნელდა და ლურჯი განათების ფონზე, ქალი ნელა წამოდგა.
_ მე ჩემს ბაღში კარტოფილი მომყავს... არ მომერიდოს, სიმართლე რომ ვთქვა... ჩემი ცხოვრება თავად კარტოფილია... ნუ იცინით, დიახ... ის კარტოფილია... მე ის მომყავს და ყველას ვურიგებ... მხოლოდ ეს გული ვერაფრით გაიგებს, მასში რა რჩებაააააა...
ჯავახი წამოიწია, მოეწონა სიმღერა, დააკვირდა და განაგრძო:
_ მე ჩემს ბაღში კარტოფილი მომყავს... ო, როგორ მინდა ვუპოვო რამე, ამ საქმეს... რითაც დამაინტერესებს, რითაც... თავს დამაკარგვინებს... ვიღაც წიგნებს წერს... ვიღაც თამაშობს... ვიღაც აცხობს კექსს... ვირაც კამათობს... მე კი ჩემს ბაღში კარტოფილი მომყავს... ვიცი, დიდი არაფერია, მაგრამ რაღაც ხომ არის...
ჩაფიქრდა.
_ რაღაც ხომ არის... არიიიიის...
ჩაფიქრდა. ჯავახმა ქალს შეხედა, ის კანკალებდა, მერე მწარედ გაიცინა, ორივე ჩანთა მოისროლა და:
_ მე ჩემს ბაღში კარტოფილი მომყავს! ეს სულელური კარტოფილები რომ მოვიყვანო, თავ-ბედს ვიწყევლი! თვეობით ვბარავ, ვთოხნი, ვწვალობ, ოფლს ვღვრი, წელებზე ფეხს ვიდგამ! და მე არარაობა გავხდი, აღარაფერი შემიძლია, აღარც ჩემს შვილებს შეუძლიათ! მხოლოდ კარტოფილები! ვიღაც ყავას წრუპავს მოდურ ქუჩაზე და სიგარეტს ეწევა... ვირაც ოლიმპიადის ნაწერებს ასწორებს! ვიღაც თავის მოსაკლავადაა მზად! ვიღაც სიკეთის კეთებაში კვდება... მე კი, ამის მაგივრად, ჩემს ბაღში კარტოფილი მომყავს! წყეულიმც იყოს ყველა სხვა, არ გაიხაროს არავინ, ჩემს ბოღმაში ამოიხრჩობა მთელი სამყარო!.. ჩემი ბოღმა საკმარისია, რათა მთელი სამყარო ამოახრჩოს!..
_ დიდუბე, _ გამოაცხადა ვიღაცამ და ქალი კოჭლობით გავიდა ვაგონიდან...

*** ძმა მეოთხე

_ კობალტის ქლორიდი საინტერესო ნაერთია იმით, რომ გამოიყენება საიდუმლო წერილის დასაწერად. მაგალითად, ჩვენ კობალტის ქლორიდით ვწერთ ფურცელზე, ის შრება, აღარ ჩანს. შემდეგ შევათბობთ ცეცხლის ალზე და ნაწერი გამოჩნდება.
_ კარგი რა, არ მოგბეზრდა! _ დაიღრიალა ერთმა მოსწავლემ, ე.წ. "რაუ-რაუმ".
_ წესიერად ელაპარაკე დედისტოლა ქალს! _ გაღიზიანებით უპასუხა ჯავახმა.
_ რა, ბიჭო? ჩემი დედა ..., თუ ეგ შეგარჩინო, შენი...
ორიოდე წუთში "რაუ-რაუმ" და იმისმა ექვსმა ძმაკაცმა ჯავახი მოფარებულ ადგილას მიათრიეს. პირველი სამი მუშტი აიცდინა, მაგრამ მეოთხე მოხვდა და დააგდო. წამებში, ჯავახმა შეცვალა სამყარო, უფრო სწორედ, დაინახა ისეთი, როგორიც არის; ამაში მას საიდანღაც მოსული ცეცხლი დაეხმარა.
_ ასეა, ძამია! _ ყვირილით მღეროდა "რაუ-რაუ" _ ნებისმიერი საჯარო სკოლა! ასეა, ძამია! თბილისის საჯარო სკოლა! მოდით, ძმებო, ცალი ხელით დანა ჩავარტყათ , ცალით პირჯვარი გადავიწეროთ... ხომ იცით, ჩემი ხელით უკვე არაერთი დაჭრილა!..
დანა არა, მაგრამ შვიდი კაცი ფეხებით შესდგა ჯავახს. მან კი სისხლი ამოიღო. "რაუ-რაუმ" თმებში ხელი მოჰკიდა და სახე სისხლში გაასვრევინა, თან ხითხითებდა და მღეროდა:
_ მე მიყვარს ნებისმიერი საჯარო სკოლა! ასეა, ძამია! ასეა, ძამია! თბილისის ნებისმიერიიიიიიიიი... _ ფეხი მოამზადა ბოლო დარტყმისთვის _ საჯარო სკოლა!!!
ჯავახმა გონება დაკარგა.

*** ძმა მეხუთე

_ მე შენთვის ვწვალობ! _ ყვიროდა ჯავახის დედა მას შემდეგ, რაც ძლივს მოსიარულე შვილი ჩააბარეს _ მე შენთვის ვწვალობ! შენ კიდევ!.. რა მოხდებოდა ჩუმად რომ დამჯდარიყავი, რაც გინდა უთხრას იმ სულელმა მასწავლებელს!.. არ მინდა ასეთი შვილი მყავდეს!..
_ რას მეუბნები, ვერ ვხვდები! რისკენ მიბიძგებ! არაფერი მექნა?! ხომ არ გაგიჟდი?!
_ გველო!.. _ შესძახა ქალმა _ გველო!.. შენ განსხეულებული ბოროტება ხარ, შენი აზრები გგონია არ ვიცი? ვიცი, ვიცი, რაც ხარ, რა გიჟიც ხარ! უფლება არ გაქვს სხვა აძაგო, თავად ხარ საძაგელი!.. მრცხვენია, რომ ასეთი შვილი მყავს, მარცხვენ ნათესაობაში, მეზობლობაში, ყველგან! მოვიდა ნაცემი, ბარემ მერე გამოთვერი და ქუჩაში დაეგდე! შენი ბოლო ეგ არის!.. _ თვალებში დიდი ბელადის სიყვარულმაც დაიკვესა.
_ აღმოსავლეთიდან მტერი გვიახლოვდება! _ იყვირა ჯავახმა მდგომარეობაში, სადაც არც ღვიძილია, არც ძილი, სადაც ამ ორის საზღვარზე სამისდღეშიოდ მძრწოლავი ნისლია. _ ხუთი ძმა უკვე დიდი ხანია, რაც მოვიდა! ისინი აქ არიან, ჩვენ შორის, ჩვენში!.. ვაი მას, ვინც ვერ ხედავს მათ! დაიჭერენ და ხუთივენი დაჭამენ იმათ ხორცს, დამშეულნი და ბრმანი!.. მე კი გადავრჩები და ერთადერთ გზას გამოვნახავ, არ მივცემ ნებას შემჭამონ! მე ვიცი მხოლოდ... აი, სწორი გზა...
_ შვილო, რას აპირებ...
ჯავახი ენერგიულად გავიდა სახლიდან...

ეპილოგი

მთელი არსებით, ამოკვნესით შეიგინა, თანაც უმისამართოდ, ზიზღით გადმოაფურთხა, მუშტები შეკრა, ერთი ღრმად ამოისუნთქა, გაიღიმა, წაიჩურჩულა: "მოვდივარ!" და სწრაფად მოსწყდა ადგილიდან...

-------------------------------------------------------------------------------------------------
თქვენ საქართველოში ხართ...
ქვეყანაში, სადაც ერთმანეთს წარმოუდგენლად ავადმყოფური ფასეულობები ეჯახებიან, ჭამენ, ყლაპავენ და ინელებენ...
თქვენც ნახევრად გძინავთ, თავს იტყუებთ, რომ ეს ნორმალური და დროებითია...
რომ დადგება დრო და ყველაფერი გაივლის... ლანძღავთ მათ, ვინც არ გეთანხმებათ...
ხანდახან ოდნავ ფხიზლდებით... ოდნავ...
თქვენ ფხიზლდებით...
გინდათ გაიღვიძოთ...
რათა ბოლოს და ბოლოს თავი დააღწიოთ საქართველოს უკლებლივ ყველა ავადმყოფურ ბორკილს... რომლებმაც გიგანტურ რვიანად გადაგიქციეს ქვეყანა...
მაგრამ ეს...
შეუძლებელია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს