ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2010


''ვოდკა პერცოვაია'' ანუ უკვე გადახდილია

რა სჯობს, აქ იჯდე -
- აეროპორტის პატარა ბარში,
ასე უსმენდე მშვიდ მუსიკას
ყელმოფონილი,
და შესცქეროდე ლუდის კათხას,
შიგ ბუშტუკები ზედაპირისკენ
ზოლებად რომ მოთამაშობენ
და საუბრობდე სანდომიან ქალბატონთან,
ერთია ცუდი -
- მოწევა რომ არ შეიძლება.
ახლა პატარა ბიზნესი მაქვს,
თავიდან კი მღვდელი ვიყავი.
თქვენ მორწმუნე ხართ?
ნუ ნერვიულობთ,
რომ იგვიანებს უსაშველოდ თქვენი  რეისიც.
რა სჯობს დროებით შეყოვნებას შორი მგზავრისთვის,
როდესაც იცი,
ადრე თუ გვიან ბოლოს ყველა ადგილზე მივალთ,
ხოლო მანამდე
სრულიად უცნობს გაენდობი,
გადაეხსნები,
მერე გზებიც გაიყრება და
შენი ნათქვამიც, -
- გულისდარდს რომ ამოიყოლებს,
დაიკარგება,
გაიბნევა  სამარადისოდ.

კაცი კი არა, მხეცი იყო,
ასე ვიცოდი.
არ ენდობოდა მიწის,
აღარც ზეცის სამართალს,
სხვისი ოჯახი ამოხოცა თურმე წამებით
და კმაყოფილი თვითონ ჩაბარდა
და სიკვდილმისჯილს
აღსრულებამდე აღსარების ნება დართეს.

როდესაც რკინის ცივი  კარი შენ წინ იღება,
მერე ზურგსუკან იკეტება მძიმე ხმაურით,
წინ კი ისევ რკინის კარია,
არის კი კაცი,
თუნდაც მოძღვრად  იყოს მისული,
ვინც წამით მაინც არ გაიფიქრებს,
რომ  აქ დასრულდა ყველაფერი  და
ვეღარასდროს გააღწევს გარეთ?

საკანში,
რკინის მაგიდაზე
ხელუხლებელი იდო მისი ბოლო სადილი,
კარგი სადილი,
ქველმოქმედთა შემოგზავნილი.
თითქოს ვერაფერს და ვეღარავის ვეღარ ამჩნევდა,
შიში არ იყო,
არც იმედი,
რაღაც, სხვა,
უცხო,
უსახელო.
ის, რაც ამბობდა,
რომ მკვდარია სიკვდილმისჯილი
განაჩენის აღსრულებამდე.
არც ვჭირდებოდი,
არც არაფრის თქმას აპირებდა.
და რაც კი ვცადე,
ყალბად გაისმა.
ის ჩუმად იყო,
მეც გავჩუმდი.

და სწორედ მაშინ,
კარზე ორჯერ  მოკაკუნებით როცა გვანიშნეს,
რომ ჩვენი ვადა იწურებოდა,
მე კი არ მითხრა,
თითქოს ვიღაცის დანაბარები გაიმეორა,
გვერდზე გახედვით,
გულგრილად თქვა: ''ყინავს, მამა!''
უცებ  მწვდა ყელში,
დამითრია
და  ღრიალებდა  მთელი ციხის,
მთელი სამყაროს გასაგონად:

,,- ეეეეე-ი, მა-მა-ოოოო!
იცი მაინც, რა გემო აქვს შურისძიებას?
მწარეა,
ტკბილი, -
- მაგარი ,,ვოდკა პერცოვაია",
ზედ - შავი პური,
თავზე - ლორი მარილიანი
მე:
- ყელი,
ყეეეეეეე-ლი! - დავიხრიალე.
და მოხარხარე გაიყვანეს.

და ყურის დაბლა
ეს უცნაური ნაიარევიც  -
- სამუდამოდ
იქიდან დამრჩა.

ვინ ვისი როგორ განიკითხოს,
ვინ ვის რა უთხრას,
ან ვინ რა იცის,
როდის რა სჯობს ...

აბა, მშვიდობით!
ნუ შეწუხდებით,
ყველაფერი გადახდილია.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები