ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა-ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2010


სამი ლექსი უფლისადმი

ღმერთო...

უიმედოდ 
დაკარგული ფიქრში,
დახმარებას
მხოლოდ შენ ერთს შეგთხოვ,
არ გამკიცხო,
თუ გაწუხებ ხშირად,
მე შენს გარდა ვინ მიშველის ღმერთო?..

ვლოცულობდი
ცრემლიანი თვალით,
რა ვქნა, თუკი ამ ტკივილებს
ვერ ვთმობ,
არ იფიქრო,
კერპად მყავდეს ვინმე,
ჩემს სიყვარულს გავედრებდი ღმერთო...

სიცივეში
და უმთვარო ღამეს,
მე სანთელი
ქაღალდებთან მენთო,
არ გეგონოს
ვღალატობდე რწმენას,
პოეზიას ვუნთებ სანთელს ღმერთო...

13.08.2009


უფალო, შეგვიწყალენ...

ცამდე გუმბათიდან ცოტა მანძილია,
თუმცა უკვდავება მაინც ვერ ვიწამეთ -
ვდგავართ კარიბჭესთან, ჩვენი (მო)თხოვნებით
უფალო, შეგვიწყალენ...

ლოცვა გვახსენდება უფრო  გასაჭირში,
ვფიქრობთ ცოდვებისგან უკვე დავიცალეთ,
ამდენ "უცოდველ კრავს"  მიწა ვეღარ უძლებს,
უფალო, შეგვიწყალენ...

ცოდვა გამხელილი - არის  მტკივნეული,
თუმცა დაფარული - კიდევ უფრო მწარე, 
ღმერთი იმედია ჩვენი გადარჩენის,
უფალო, შეგვიწყალენ...

ვიღაც ეკონება ხატებს ფარისევლად,
როცა გვიჭირს რწმენას ვიცვლით ისე მალე...
მაგრამ განწირულნი, შენს წინ დავიჩოქებთ,
უფალო, შეგვიწყალენ...

11.01.2010



* * * (კლდე-კლდე ვივლი ოცნებების ზღვართან)

კლდე-კლდე
ვივლი ოცნებების ზღვართან,
ახლო არის
ამ მთებიდან ცამდე...
შემიძლია მე ამქვეყნად
მხოლოდ,
ერთადერთი - უფლის ნების მწამდეს.

კაცის მკვლელი
ახლა უკვე ქრისტეს -
მოციქულად
დაეწერა თითქოს,
ცოდვიანი კაცისაგან ზოგჯერ
ალბათ ცოტა
ზედმეტსაც კი ვითხოვთ...

ციდან იყო
გადმოსული ცეცხლი
(დაჯერება
თუმცა მაინც გვიჭირს)
სასწაულზე
უფრო მეტსაც ვითხოვთ, 
თურმე რწმენაც ერთგვარია ნიჭი.

კერპებს
ერთხელ წაეკიდა ცეცხლი,
მას შემდეგაც
თაყვანს ვცემდით რამდენს...
გვიან ვხვდებით,
რომ ამქვეყნად უნდა
ერთადერთი -  უფლის ნების გვწამდეს.

19.02.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები