ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: პროზა
26 ივნისი, 2010


მოთხრობა

        თქვენ მეტყვით მოთხრობას "მოთხრობა" რატომ ჰქვიაო? ეს ხომ ადვილი ასახსნელია, მოთხრობას მოთხრობა უნდა ჰქვიოდეს, ლექსს - ლექსი, თორემ ისე არაფერი გამოვა, აგერ  მე ალექსანდრე მქვია მაგრამ სულაც არ ვარ მაკედონელი. ვინ იცის რამდენი სახელია აცდენილი მისი მატარებლის შინაარსს და რამდენ რამეს ჯერაც არ დარქმევია სახელი. შესაძლოა ეს მოთხრობაც არ შეესაბამებოდეს მისი სათაურის მრავლისმთქმელ მარტოსულობას და სწორედ რომ მარტოსულობისგან გამოწვეული ნევროზი ასახოს მხოლოდ. ამ შემთხვევაში ტექსტის სათაურსა და ტექსტის ავტორს შორის მსგავსება მარტოსულობაშია და ტექსტი თანაბრად შეუსაბამოა სათაურისა და ავტორის მიმართ, თანაც ასეთი ტექსტი სულაც არ არის სარგებელის მომტანი, პირიქით, თუკი სიტყვა "მოთხრობა"-ში მთელი ჩემი სული ჩავატიე და იმის იქეთ მხოლოდ თავს მოხვეული სიტყვების გამეორებით უნდა დავამძიმო მკითხველიც და საკუთარი გუნება-განწყობილებაც, უმჯობესი იქნება რომ ეს ტექსტი უმსგავსო, უნიჭო და ყველაფერი ის იყოს რაც ასობგერა "უნი"-თ იწყება, ოღონდაც არ იყოს ურწმუნო.
        მეტრო რუსთაველიდან ამოვედი და მარცხნივ მივდივარ, ჩემს წინ ადამიანების ნაკადი მიედინება,  მათ ზურგებს ვუყურებ, უცებ ერთერთი მათგანი ასოთხმოცი გრადუსით ბრუნდება და გამალებით იწერს პირჯვარს, დანარჩენებს თითქოს ურო ჩაარტყეს თავში და ღმერთის არსებობა გაახსენდათო - ისე ხევდებიან, და ახლა უკვე ჩემსკენ პირსახით დგანან და ისინიც გამალებით იწერენ პირჯვარს. მე გვერდით ჩავუარე ამ ადამიანებს, არ შევჩერებულვარ, თავს ზემოთ ვიხედები, სადაც გარკვევით სწერია:

             
            ცხოვრება მწუხარებასაც ნიშნავს და სიხარულსაც,
            სიცოცხლესაც და სიკვდილსაც, სიყვარულსაც, სიძულვილსაც
            და კიდევ იმდენ რამეს და ვინმეს, რამდენსაც ვხედავთ,
            ვგრძნობთ, რაზეც ვფიქრობთ, თუ ვოცნებობთ...


                                  თქვი შენი სათქმელი!

                                                   
                                                                                იცხოვრე... 

         

            ნუთუ ასე ადვილია საკუთარი სათქმელის თქმა, ან რას ნიშნავს ეს ჩამონათვალი: მწუხარება, სიხარული და ა. შ.  განა ეს არის ცხოვრება?  რა თვითკმაყოფილი მატერიალიზმია საჩვენებელი ქრისტიანობის ფონზე.ამ სიტყვების ავტორმა თითქოს ყველაფერი თქვა და ხელებიც დაიბანა ისეთი გამომეტყველებით რომ აჰა ბურთი და მოედანი ხომ მოგეცით, ახლა თქვენ იცით და თქვენმა ბიჭობამო.დიქტოფონს ჩაგთხრიან პირში და შემდეგ გარწმუნებენ რომ ეს შენი ხმაა. ყოველთვის მიკვირდა თუ რატომ არ ყვიროდნენ ადამიანები იმის გამო, რასაც ისინი განიცდიდნენ, უფრო სწორად მე განვიცდიდი და მეგონა რომ ისინიც განიცდიდნენ, ისე როგორც ედვარდ მუნკის სურათის ფონზე მყოფი ორი პერსონაჟისთვის გაუგებარია სულის შემძვრელი ყვირილის ხმა, ასევე დიდი ხნის მანძილზე გარემოს არ ესმოდა ჩემი და მე ვერ ვხვდებოდი რას წარმოადგენდა ეს გარემო. საკმაოდ გვიან მივხვდი, - საჭურისი არასდროს იტყვის რომ არ შეუძლია, იგი ყოველთვის ამბობს რომ არ შეიძლება. ჩემი სათქმელი მდგომარეობს იმაში, რომ საჭურისის მემკვიდრე იქნება მხოლოდ ის ინსტრუმენტი , რომლითაც ჩვენს მემკვიდრეებს დაასაჭურისებენ.
            ასე თუ გაგრძელდა, მომავალში ალბათ დააწესებენ ტერენტი გრანელის სახელობის პრემიას ყველაზე წარმატებული ავტორებისთვის და ერთერთი მათგანი CV-ში ჩასწერს რომ ტერენტი გრანელის პრემიის დიპლომანტია. თუკი ჰკითხავთ "რა მიზნით?", გიპასუხებთ "მენეჯერობა მინდა, მაგრამ ესეც ეწეროს, იცოდნენ რომ პოეტიც ვარ" შეუსაბამობაც ამას ჰქვია, ყველაზე წარუმატებელი ადამიანის სახელს რომ დაარქმევ ყველაზე წარმატებული ადამიანებისთვის განკუთვნილ პრემიას.
          რას აღარ გადაეყრები ტბასავით განვრცობილი ქალაქის ზედაპირზე, -  ცარიელ ბოთლებს, ნახმარ პრეზერვატივებს, ერთჯერად შპრიცებს, გაზეთის ნაგლეჯებს... ახლახანს ოთხად დაკეცილ ფურცელზე ერთი ტექსტი ვიპოვნე და ამ ტბაში ჩაძირვას გადარჩენილი მინდა თქვენს წინაშე წარმოვადგინო:



                                            *            *              * 


            აქაურობა გულს მირევს, მეზიზღება ყველა და ყველაფერი თვალებს, ყნოსვის ორგანოებს და კვლავ მხედველობას მიწვავს, რა ამაზრზენია აქაურობა, სადაც კატის გახრწნილი გვამის სუნი ტრიალებს. რა კარგია რომ აღარ მიწევს ამის ატანა, ახლა ხომ გაცილებით უარესს ვიტან ჩემი ტვინის ცისფერი უჯრედებით, იაფფასიანი კალამი და ქაღალდის ნაგლეჯი ამას უბრალოდ ვერ აღწერს.
                                                                                              უცნობი ავტორი
                                                                                               

          "...იაფფასიანი კალამი და ქაღალდის ნაგლეჯი ამას უბრალოდ ვერ აღწერს" ეს ადამიანი ჩემს გვერდით ცხოვრობს, ფიზიკურად არასდროს მინახავს, არ ვიცი მისი სახელი და გვარი, არც მისამართი, არც სქესი და სხვა ათასი წვრილმანი თუ მსხვილმანი, მაგრამ მე დავინახე ის წერის დროს და მაშინაც როცა მან გადააგდო თავისი ნაწერი და ხელებჩამოშვებული სადღაც დაეცა, ვინ იცის ადგება თუ არა იგი, ან დასწერს თუ არა კიდევ რაიმეს, მაგრამ როცა ძვირადღირებული საღებავებით დაბეჭდილი ჟურნალის პრიალა ფურცლებს ვუყურებ, სადაც იაფფასიანი ფრაზები მიჭრელებენ თვალებს, მინდა რომ ის უთქმელობა გადარჩეს დამწვარი ხელნაწერის სუნს რომ ახლავს თან.



                                                                                                26.06.10
           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს