ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დედე
ჟანრი: პროზა
16 ივლისი, 2008


ხანდახან

ხანდახან



    ხანდახან დგება მომენტი, როცა გინდა, რომ ვინმეს დაელაპარაკო, დიალოგი კი არ გსურს, უბრალოდ საუბარი გინდა და მოსაუბრე შენ ხარ, ის მხოლოდ გისმენს.ესმის თუ არა სხვა საკითხია, მაგრამ შენ ხომ მოუთხრობ, უყვები იმას, რაც გიხარია და გაწუხებს, რაც გინდა სხვებსაც გაანდო, სხვასაც აგრძნობინო განცდა, რომელიც სულში ჩაგხლართვია და მის ყველა სიმს სხვადასხვა შეგრძნებით აჯერებს მანამ, ვიდრე აქტუალურია, ხოლო შემდეგ სხვა განცდა გეუფლება და შეგრძნებებიც იცვლება, როგორც მოხეტიალე ტალღები. რჩება მხოლოდ ის, რაც შენში ღრმად არის დამარხული და ვერავითარი ძალა ვერ წაგართმევს, რადგან შენია და მორჩა!
    მინდა, სწორედ ახლა გესაუბრო და რამდენადაც შევძლებ, გადმოგცე იმ სიმების ფერები, რომელთა ერთობლივი ხატოვანებაც ჩემს სულში აჟღერებულ სიმფონიას ქმნის. ერთს გავიმეორებ, რომ სამყარო უამრავი ლამაზი ფერითაა მოხატული, მაგრამ ამ ფერების შეხამებას აზრი ეკარგება, თუ ისინი ვინმემ არ აღიქვა.
    დილით ავტომობილების ხმაურმა გამაღვიძა, უფრო სწორედ უცნაური სიზმარი ვნახე და გაურკვევლობამ გამომაფხიზლა, რის შემდეგაც დიდხანს ვერ მივხვდი, ისევ მეძინა, თუ რეალურ სამყაროს დავუბრუნდი. ემოციების ქვეშ ვიყავი და დაძაბული სხეულიც დანამულიყო. შევეცადე ნანახი გამეანალიზებინა, მაგრამ ამასობაში დამავიწყდა კიდეც, მხოლოდ ცალკეული დეტალები მახსოვდა და იმასაც ერთმანეთს ვერ ვუკავშირებდი.
    როგორ მალე ვივიწყებთ.....
    წამოვდექი და სარეცელი დავტოვე, რომელიც ჩემს უამრავ საიდუმლოს, ფიქრსა და ოცნებას ინახავს. ის ხომ ჩემი ყველაზე ერთგული მესაიდუმლეა, რომელიც ჩუმად მისმენს, ყოველთვის მიგებს, თითქმის არასოდეს მკიცხავს, რჩევას მაძლევს, ფერადი ზმანებებით მამარაგებს და ბოლოს, ეს ყოველივე მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით.
    თავი მოვიწესრიგე და აივანზე გავედი. ახლად შემოპარული შემოდგომის თბილი დღე იდგა, ჟანგბადი ნოყიერი არომატებით გაჯერებულიყო, ცა თბილი და უდარდელი ცხოვრების მაძებარი ფრინველებით დასერილიყო, რომლებიც მწკრივში ჩალაგებულნი უკან მოუხედავად ტოვებდნენ ბუდეებს და შორეული ქვეყნებისკენ მიფრინავდნენ. მხოლოდ ერთგული ბეღურები დაფრთხიალებდნენ მშობლიურ მხარეში მოახლოვებული ზამთრის მოლოდინში. შეყვითლებულ_შეწითლებულ ხეებს ხასხასა ფერი გასცლოდათ და სეზონური სიბერე შეპარვოდათ. ცდილობდნენ, თავის გასამხნევებლად ეშრიალათ, მაგრამ უწინდებურად მხიარულად ვეღარ გამოსდიოდათ, რადგან ბევრი ფოთოლი შემოსცლოდათ, ბევრიც სითხედამშრალი შემომხმარიყო და შრიალის ნაცვლად შრიშინებდა. ზოგს ფერი ეცვალა და ზოგსაც ისევ მოსწონდა თავი შემორჩენილი შეფერილობით, რომელიც დიდი ხნით ვერ ასახელებდა მათ.
    მზეც ისე აღარ იკბინებოდა, უფრო თბილი და ალერსიანი გამხდარიყო, თითქოს ხვდებოდა, რომ დიდი ხნით გვშორდებოდა, სინდისი ქენჯნიდა და  დასუსტებულ სხივებს არ იშურებდა მოსაფერებლად. ადამიანებიც ხომ ასე ვართ, მაშინ ვევლებით თავს ერთმანეთს, როცა ვგრძნობთ, რომ საყვარელ ადამიანს ვკარგავთ, ხოლო მაშინაც თუ ვერ მოვასწარით, მთელი ცხოვრება ვნანობთ იმას, რომ ვერ დავიხარჯეთ მის სიყვარულში და დარდად გვაწევს მისთვის გასაცემი სითბო.
    მზერა დავხარე და ქუჩაში მოფუსფუსე ადამიანებს შევავლე თვალი. მეეზოვეები უწესრიგოდ მიმოფანტულ ფოთლებს ერთ ადგილას უყრიან თავს, რათა შემდეგ ნაგვის მანქანაზე შეყარონ... აგერ სახეგაბადრული და მხიარული ზაფხულის შთაბეჭდილებებით სავსე ბავშვები სკოლისაკენ მიცუნცულებენ, თან ერთმანეთს ელაზღანდარავებიან და სიცოცხლით სავსე სიცილით აჯერებენ მიდამოს. ზოგი სამსახურში მიიჩქარის, ზოგი აღარც მიიჩქარის, რადგან უკვე დაიგვიანა და თავის გასამართლებელი მიზეზის ძიებაში ჩაფიქრებულა. ვიღაც ცარიელ ბოთლებს აგროვებს ნაგვის ურნაში და შიგადაშიგ სხვისთვის უსარგებლო, გადაყრილ ნივთებს საგულდაგულოდ ათვალიერებს_ იქნებ რაიმეში გამომადგესო... ვიღაც სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი გზატკეცილზე გარბის ჯანსაღი ცხოვრების დასტურად, ან იქნებ იმიტომ, რომ მოდას აჰყოლია. ვიღაცას მანქანა გაფუჭებია, განრისხებული და გაურკვევლობის მზერით ჩასჩერებია ძრავას და ბილწსიტყვაობას არ იშურებს, უთუოდ შესაკეთებლად. ვიღაცაც აივანზე დგას და აკვირდება ქალაქის დუღილს, რომელიც ხმაურიანად იღვიძებს და ასევე ხმაურით ეგებება ღამეს, მუზის სამფლობელოს.
    შორიდან ცქერა მომბეზრდა და ამ დალაგებულ ქაოსში მეც მომინდა გავრეულიყავი. ტანისამოსი მალევე ჩავიცვი, ყველის და პურის ნატეხი ხელში დავიჭირე, სწრაფადვე ჩავირბინე კიბეები და ქუჩაში აღმოვჩნდი. უამრავი ხმა ირეოდა ერთმანეთში და ერთობლიობაში იმ მონოტონურ ზუზუნს ქმნიდა, რომელიც ქალაქის განუყრელი ჰიმნია.  არსად მეჩქარებოდა, ამიტომაც ბევრი არ მიფიქრია და ქუჩას იქეთ გავუყევი, საითაც უფრო დაქანებული იყო. მივდიოდი და ვუსმენდი მშობლიური ქალაქის ჰიმნს, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ქცეულიყო და რომელიც არასოდეს იყო ერთფეროვანი, რადგან მასში ყოველთვის მოიძებნებოდა ის ელემენტები, რომელიც მყისიერ აფორიაქებას, ღიმილს, ჟრიამულს ან რაიმე სხვა ემოციას იწვევდა.
      ქუჩაში მივაბიჯებდი და თან გამვლელებს ვათვალიერებდი. მათი სახის გამომეტყველებაზე დაახლოებით ვხვდებოდი, რაზე ფიქრობდნენ ან როგორ ხასიათზე იყვნენ, როგორი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და რა პიროვნული თვისებები იყო მათში მოჭარბებული. აქ ცოტას ფანტაზიაც მეხმარებოდა, თორემ ბოლომდე ადამიანის ფენომენი ხომ თითქმის ამოუცნობია მათთვისაც კი, ვისაც ათწლეულების ურთიერთობა აკავშირებს ერთმანეთთან. მეტსაც გეტყვით, ხანდახან საკუთარ თავში ისეთ რეღაცას აღმოაჩენ, რომ გაგაოგნებს და ხმამაღლა თუ არ იტყვი, გაიფიქრებ მაინც _ ნუთუ ეს მე ვარ?! მოკლედ მივდიოდი და შემხვედრთა ემოციები თავს მეხვეოდა, რამაც  გონება დამიქსაქსა და დამღალა, ამიტომაც შევეშვი მათ თვალიერებას, შევჩერდი და მზერა კვლავ დასერილ ცას მივაპყარი. აქ უკვე აღარ ვიცოდი, რა იყო უკეთესი_ თბილი ქვეყნებისკენ ჰერი-ჰერი, თუ ბეღურასავით კვლავ გაზაფხულის მოლოდინი......
      _ახალგაზრდავ!
      მოვტრიალდი და ჩემკენ მომართულ მზერას შევეფეთე.
      _თასმა გაქვთ შეხსნილი და ასე შესაძლოა წაიქცეთ კიდეც.
    ჩემ წინ წარმოსადეგი მოხუცი იდგა. საშუალოზე მაღალი, წელში გასწორებული, ჭაღარა თმა ისე მოწესრიგებულად ჰქონდა დავარცხნილი, რომ სავარცხელიც უთუოდ გულის ჯიბეში უნდა დებოდა. სიმპათიური პირისსახე ღრმა ნაოჭებში ჩაჯდომოდა, მწიფე შინდისფერი აბრეშუმის პერანგი და შავი ნაჭრის შარვალი ეცვა, რომელსაც საკმაოდ მოდური, კარგად გაპრიალებული, ასევე შავი ტყავის ფეხსაცმელი უმშვენებდა. მისგან სასიამოვნო სუნამოს სურნელი მოდიოდა, რომელიც სხვადასხვა ყვავილების თაიგულს შეადგენდა ვარდის გამოკვეთილი არომატით. ღიმილით შემომციცინებდა თვალებში და თან ფეხსაცმლისკენ მიმითითა.  დავიხარე და გამტვრიანებული თასმა ფეხსაცმელში ჩავიბრუნე.
   

    _მადლობა ბატონო! _ თავაზიანად მივუგე და ის იყო წასვლას ვაპირებდი, რომ....
    _კი მაგრამ, არ იკრავთ?
    _უკაცრავად...?
    _თასმას არ იკრავთ?
    ისევ თვალებში ვუყურებდი, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ ისე უციმციმებდა,  ფერი ვერ გავარჩიე.
      _არა, იცით, ვერ ვიტან ზედმეტ მარწუხებს... _ გავუღიმე.
      _სასიამოვნო დამთხვევაა, მთელი ცხოვრება მეც ასე ვატარებ თასმებს და თქვენ წარმოიდგინეთ იგივე მოსაზრებით._ კვლავ იღიმის._ აქვე ცხოვრობთ?
      _დიახ, იმ კუთხის სახლში.
      _მეც ამ უბანში მაქვს ახალგაზრდობა გატარებული.
    ამ სიტყვებთან ერთად თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდა და სევდა მოაწვა, სხვადასხვა კადრები გაურბოდა თვალწინ, რამაც დროის კანონზომიერება დაარღვია და რამდენიმე წამით წარსულს დააბრუნა.
      _მერე, როგორ შეელიეთ საყვარელ კუთხეს?_ისევ ღიმილით, ნახევრად ხუმრობით ვკითხე.
      _ვერ შეველიე...._მომიგო ხმაგაბზარულმა. მერე, თითქოს ბურანიდან გამოერკვაო, სწრაფად ამომხედა _თქვენ ალბათ სადღაც გეჩქარებოდათ და შეგაყოვნეთ, ბოდიშს გიხდით.
    ბოლო წინადადებამ ცოტა დამაბნია და ენაბორძიკით მივუგე:
    _არა, იცით, კონკრეტულად არსად მივდივარ, უბრალოდ გასეირნება მომინდა და ქუჩას დავუყევი.
    შევატყვე, რომ ჩემი პასუხი ესიამოვნა, სახე გაუნათდა და უფრო შინაურულად, ღიმილით მომმართა:
    _მეც იგივე მისიით ვარ გამოსული, ცოტა მერიდება კიდეც ამდენ საქმიან ხალხს ფეხებში რომ ვედები, მაგრამ ალბათ ყველას თავისი საქმე აქვს საკეთებელი...._წამიერი დუმილის შემდეგ უეცრად გადმომძახა _წინააღმდეგი ხომ არ ხართ, ერთად რომ გაგვეგრძელებინა გზა?!
    სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ მქონდა გეგმაში მეგზურის პოვნა და მარტო ხეტიალი მერჩივნა, მაგრამ ისე მთელი გულით მითხრა და ეს თქმა თხოვნას უფრო ჰგავდა, რომ უარის სათქმელად ენა არ მომიტრიალდა და დავთანხმდი:
    _სიამოვნებით.
    _კეთილი, გული მიგრძნობს მე და თქვენ ბევრი საერთო გვექნება, მიუხედავად ასაკის სხვაობისა შეიძლება განუყრელი მეგობრებიც გავხდეთ და თუ ასე არ მოხდა, მაშინ პირობას გაძლევთ, რომ ხანდახან მაინც შევხვდებით, რადგან დედამიწა ძალიან პატარაა და მითუფრო ჩვენი ქალაქი. _კვლავ იღიმის _ მაშ ვიცნობდეთ ერთმანეთს, თქვენი მონა-მორჩილი.... _ აქ შეჩერდა _ არ გვინდა ოფიციალურობა, გაცნობას ყოველთვის მოვასწრებთ _ და ღიმილით ხელი გამომიწოდა.
    კეთილი ნების გამოსახატად გამოწვდილ მარჯვენს მარჯვენა შევაგებე.
    _გთხოვთ.... _ სვლისკენ მიმიპატიჟა, მერე ხელები ზურგს უკან ერთმანეთს ჩააჭდო და გზას გავუყევით..... რამდენიმე ნაბიჯი მდუმარედ გადავდგით _ სწავლობთ სადმე?
    _დავამთავრე, ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტი.
    _ოოო.... დიდებულ მეცნიერებას ზიარებიხართ. გონის შეცნობა, რომლის გარშემოც სამყარო ბრუნავს.... მაღალი მატერიები, რომელსაც მატერია მხოლოდ პირობითად უნდა ვუწოდოთ.... ფიქრებისა და ვერსიების ზღვა, რომელიც მხოლოდ კოვზით უნდა დალიო და მაშინაც ვერ მოიკლავ წყურვილს, რადგან არსებობენ სხვა ოკეანეები და ასე უსასრულოდ.... ბოლოს ცდილობ, ამ ყოველ წვეთს რეზუმე გაუკეთო, მაგრამ ხვდები, რომ ეს ბოლო კი არა, მხოლოდ დასაწყისია. _ იღიმის, მერე უცბად შეჩერდა და შემოტრიალდა _ თქვენით აირჩიეთ ეს განათლება თუ....?
    _დიახ ჩემით. რამდენიმე წლის წინ სხვაგვარად ვუყურებდი სამყაროს, სხვა ფერები იყო ჩემს პალიტრაში. ვერ ვიტყვი, რომ შეხედულებები შემეცვალა, პირიქით გამიღრმავდა კიდეც და გამუქდა ფერები, რომლითაც ვხატავ ცხოვრებას, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ რამდენიმე ხალასი ფერი, რომელიც ბავშვურ სისუფთავეს ახლავს, გაქრა მოლბერტიდან და მისი ადგილი ჭუჭყისფერმა ნაცრისფერმა, სისხლისფერმა წითელმა, ტყუილისფერმა ყვითელმა და ღვარძლისფერმა შავმა დაიკავეს.... რა თქმა უნდა, სხვა უთვალავი მშვენიერი და ბრწყინვალე ხატოვანება გარს მარტყია და სწორედ ეს მაძლევს სიყვარულის უსაზღვრო ენერგიას, რომლის სიდიადეშიც იკვეთება სამყაროს არსი და ვცდილობ, ეს ხატოვანებები გარშემო შემოვუხატო მახინჯ ფერებს, რომ სიმკვეთრე და აქტიურობა დავაკარგვინო, რადგან მათი სრულად აღმოფხვრა, სამწუხაროდ, შეუძლებელია....
    მოხუცი ყურადღებით მისმენდა და თან მხნედ მოაბიჯებდა ჩემ გვერდით, უამრავ საჭირბოროტო თემაზე ვისაუბრეთ, ხან ვკამათობდით, ხანაც ერთ აზრზე ვიყავით. მოკლედ, ძალზედ საინტერესო მოსაუბრე გამოდგა და ბოლოს ისე გავშინაურდით, რომ შიგადაშიგ პირადი ცხოვრების დეტალებმაც კი გაიჟღერეს, მაგრამ როდესაც ჩემს ცხოვრებაზე ვუყვებოდი, ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, რომ თითქოს უკვე იცოდა, რასაც ვუამბობდი და როგორ დასრულდებოდა იგი, ხოლო მონაყოლზე მეტად ის უფრო აინტერესებდა, თუ რა შეფასებას მივცემდი მას, რა შეგრძნებები დამიტოვა ამა თუ იმ თავგადასავალმა, რას ვნანობდი ან რა მახარებდა. საუბარში ისე გავერთე, რომ ვერც ვიგრძენი, როგორ გავედით ქალაქგარეთ, ასფალტი ფერხთით დაგვიმთავრდა და მინდორი ავიარეთ, რომელმაც დიდ, დაბურულ და ულამაზეს ტყის პირას მიგვიყვანა. ტყეში შევედით და აღტაცებისგან ენა წამერთვა. ჩიტების ტკბილხმოვანი გალობა ყურის ბარაბნებიდან პირდაპირ სულში იღვრებოდა და მის მარადიულობას ამტკიცებდა. მადის აღმძვრელი, არომატული ჟანგბადი ხარბად ჩაედინებოდა ფილტვებში და ყოველ ჩასუნთქვაზე ახლადშობილის პირველად ჩასუნთქული ჟანგბადის განცდას მგვრიდა. ფერად-ფერად ქუდიან სოკოებს თავი მორცხვად დაეხარათ და ჩუმჩუმად, ცნობისმოყვარედ ქვემოდან გვათვალიერებდნენ. სტუმართმოყვარე, მხიარული ციყვები ტოტიდან ტოტზე სიხარულით დახტოდნენ და სხვადასხვა აკრობატული ილეთებით გვართობდნენ. საუკუნოვანი ხეები მედიდურად, მყარად იდგნენ ამ მშვენიერების სადარაჯოზე და მზის სხივებსაც არ უშვებდნენ საკუთარ სამფლობელოში, მხოლოდ ანცი სიო ახერხებდა დაუკითხავად შემოპარვას და ფოთლებიც მყისვე აუშარდებოდნენ ხოლმე მას. სიამოვნების პიკს განვიცდიდი....
    _აღტაცებული ვარ! ამდენი ხანია ამ ქალაქში ვცხოვრობ და წარმოდგენა არ მქონდა, ასეთი სამოთხე ასე ახლოს თუ არსებობდა. _ მისკენ მივბრუნდი და ბედნიერი სახით ვკითხე _ თქვენ თუ იცოდით ამ ადგილის არსებობა?
    _რა თქმა უნდა. ამ ტყეში ბევრი ლამაზი ადგილია, ცოტა უფრო ღრმად თუ შევალთ ყოველივეს თავად ნახავთ და დარწმუნებული ვარ ნანახი საოცარი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.
    _მაშ ნუღარ დავაყოვნებთ, ერთი სული მაქვს ამ მშვენიერების ცენტრში როდის აღმოვჩნდები, აღარც კი მახსოვს, ასე კარგად ოდესმე თუ ვგრძნობდი თავს, ყველაფერი ხელოვნურისგან გავთავისუფლდი და ნატურალიზმის სიდიადეს სრულყოფილად ვგრძნობ. ამ შეგრძნებისთვის ბევრის დათმობაც ღირს, წინ გამიძეხით რომ ბოლომდე ჩავიძირო განცხრომაში....
    კმაყოფილებით სავსე იყო. სწორედ ისეთი, უწყლობით გასავათებული წყურვილს რომ მოიკლავს. თვალებში შემომციცინებდა და მათივე მეშვეობით მეუბნებოდა- რა ცოტა კმარა ადამიანის ბედნიერებისთვის, მაგრამ ეს ცოტა, შეიძლება, მისთვის ყველაფერი იყოს.... მერე წყნარად გვერდით ჩამიარა და გეზი ტყის გულისკენ ავიღეთ. მეც, ხიბლში მყოფი, ერთ ხანს ასე მდუმარედ მივყვებოდი, შემდეგ მომბეზრდა ჩუმად ყოფნა და მყუდროება დავარღვიე:
    _კიდევ ბევრი უნდა ვიაროთ?
    _ხომ არ დაიღალე?_ კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა, ეს პასუხისგან თავის არიდების საუკეთესო საშუალება იყო.
    _არა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა თავისას შვება და ისევ გკითხავთ, ბევრი დაგვრჩა?
    _თქვენზეა დამოკიდებული....
    _ეგ როგორ?
    _როგორ და სადაც ყველაზე კარგად იგრძნობთ თავს, იქ გავჩერდეთ.
  ისე მოხდენილად მიპასუხა, ვეღარ დავიწუწუნე და ეკლიან ბუჩქებში გამავალი გზა მორჩილად განვაგრძე, რომელმაც მთელი სხეული დამიკაწრა და ამიწვა. ის კი დაუბრკოლებლად მიიწევდა წინ, თითქოს ეკლები არ ეხებოდნენ და გზასაც კი უთმობდნენ. მალე ხშირი ბუჩქები უკან მოვიტოვეთ და ათასიდან ერთერთ ბილიკს გავუყევით.
    _საოცარია, როგორ იმახსოვრებთ გზას, ამდენ ბილიკში სასურველს როგორ არჩევთ?
    _ჩემო მეგობარო, მთავარია იცოდე სად მიდიხარ და გზა თვითონ გარჩევს, თუ მიზანი გაქვს, ყველა გზა მასთან მიგიყვანს - ისევ ზოგადად, ღიმილით მიპასუხა და გეზი შეიცვალა.
    _იცით, ჩვენი გაცნობის წუთიდან ვფიქრობ, რა პროფესიის ბრძანდებით, მაგრამ ვერ მივხვდი. ეჭვი მაქვს ხელოვნებასთან გაქვთ რაღაც კავშირი.
    _კავშირი ყველაფერთან მაქვს, ყველგან მესაქმება რაღაც, მაგრამ კონკრეტული სპეციალობა არსად მისწავლია. ისე ყველაზე მეტად ხატვა მიყვარს....
    _კი მაგრამ, ბავშვობაშიც არ გქონიათ სურვილი, რომ თუნდაც ხატვა პროფესიონალურად გესწავლათ?
    _ბავშვობაში?!... ეს იმდენად ადრე იყო, აღარც კი მახსოვს ოდესღაც ვიყავი თუ არა ბავშვი, მე და ადამი ერთად გავჩნდით, უფრო სწორედ ის ჩემზე ოდნავ ადრე მოევლინა ქვეყნიერებას._ იღიმის _ მოკლედ ბევრი რამ მაქვს ნანახი, ბევრიც იმ ადამიანებისგან ვისწავლე, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი და ცხოვრებით კი ვისთან აღარ მიცხოვრია: მეცნიერებთან, ქურდებთან, ხელოვანებთან, ყაჩაღებთან, მეძავებთან, მორწმუნეებთან, ურწმუნოებთან, მშრომელ ხალხთან და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო. ყველა რჯულისა და პროფესიის ადამიანებს ვიცნობ სულის სიღრმემდე და აჰა, ჩვენც გავიცანით ერთმანეთი.... მინდა გითხრათ, რომ ბევრს ვუყვარვარ, ხშირად მიხმობენ და მათთან უნდათ ვიყო, ზოგი კი შეხვდრისას თვალს მარიდებს, თითქოს არასდროს ვმდგარიყავი მათ სამსახურში და არც კი მიცნობს, მაგრამ წყენას გულში არ ვიდებ და მიხმობენ თუ არა, იმ წამსვე მათთან აღმოვჩნდები ხოლმე, რათა სრულყოფილად გავაკეთო ის საქმე, რასაც ჩემგან ითხოვენ.
    _გამოდის, რომ ხალხის სამსახურში დგახართ და მათ ეხმარებით....
    _შეიძლება ასეც ითქვას. გააჩნია რომელი ათვლის წერტილიდან შევხედავთ- ზოგს ვეხმარები, ზოგი კი ამით სხვადასხვა დოზით ზარალდება, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ერთი ადამიანის სამსახურში ბევრ სხვას ზიანი მივაყენო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, რადგან პირნათლად უნდა შევასრულო დამკვეთთა სურვილი. ხანდახან, როცა ეშხში შევდივარ, ზედმეტიც მომდის ხოლმე, მაგრამ რას ვიზამთ, ლაფსუსები ყველას გვეპატიება! _ იცინის.....
    მისი სიცილი საზარლად მომეჩვენა, რაღაც მჭახე და გამყინავი იყო, თითქოს სისხლი შემიჩერდა ძარღვებში და აფორიაქებულ ტვინში ფიქრები შემოიჭრნენ, რომლებიც მონაყოლი ქარაგმებით დატვირთულნი, აღგზნებული ეჯახებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ერთად შენივთებას ვერ ახერხებდნენ. ამ გაურკვევლობით ცოტა არ იყოს შევშინდი, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია და თოკზე გამობმული ცხვარივით მივყვებოდი იდუმალ მოხუცს.
    რამდენიმე ბილიკიც უხმოდ გავიარეთ და ტყეს წინიდან ნელ-ნელა სინათლე შემოეპარა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ახლოვდებოდა და უთუოდ რაღაც შეგრძნებას მიმზადებდა. სინათლისკენ ნაბიჯს უფრო ავუჩქარეთ და....
    სახეზე უამრავი ყვავილის ერთმანეთში აღრეული სურნელი შემეჯახა, რომელმაც სხეულის ყოველ მოლეკულას მათრობელა ბალზამი მიაწოდა. ჩემ წინ ათასფერადი ყვავილებით მოჭედილი, გარშემო ტყე შემორტყმული მრგვალი მოლი იყო. მინდა აღგიწეროთ მისი მშვენიერება, მაგრამ ვშიშობ სიტყვები უძლური იქნება ამის გადმოსაცემად, რადგან ყველა შეგრძნება რაც კი ადამიანს გააჩნია, მაქსიმალურად მქონდა დატვირთული: ვხედავდი უთვალავ ფერს, რომელიც ყვავილებად დახატულიყვნენ და ამ ფერების ჰარმონიას მათ თავზე მოფარფატე პეპლები სრულყოფილს ხდიდნენ. მესმოდა ალერსიანი გალობა, რომელსაც სული ღრუბლებს ზემოთ, მეცხრე ცაზე აჰყავდა. ხარბად ვიყნოსავდი ჟანგბადს, რომელსაც მხოლოდ იმიტომ ვათავისუფლებდი ფილტვებიდან, რომ ახალი სურნელი შემეგრძნო. უკვე ფეხშიშველი მივიწევდი საოცარი ხალიჩის ცენტრისკენ და როგორც კი მივაღწიე, მოწყვეტით დავეცი გულაღმა, რომ ამ სამოთხეში ბოლომდე ჩავძირულიყავი.
    რამდენ ხანს ვიყავი ნირვანაში ვერ გეტყვით, სახეზე წამომდგარმა ჩრდილმა გამომაფხიზლა, რომელიც ჩემ ახლადგაცნობილ მეგობარს ეკუთვნოდა.
    _ მოგწონს?
    _ მეკითხებით?! მსგავსი სიამოვნება არასოდეს განმიცდია, სამოთხეში მგონია თავი, რომ მკითხოთ სამოთხე როგორიაო- ესეთი თქო, გიპასუხებთ _ განცხრომის ღიმილით ვუპასუხე ისე, რომ თავი არც წამომიწევია.
    _ ესე იგი, აქ შევჩერდეთ, რომ მეკითხებოდით- კიდევ ბევრი დაგვრჩა თუ არაო?
    _ რა თქმა უნდა, უდავოდ, ამაზე მშვენიერი ადგილი არსად იქნება!
    _ მაშ სამოთხეაო არა?_ ხმაში ღიმილი შეეპარა.
    _ ნამდვილად......
    _ როგორ ფიქრობ, ჩემო პატარა მეგობარო, იმსახურებ კი სამოთხეში ყოფნას?! იცხოვრე ისე, რომ სამუდამო ნეტარებით დატკბე?!
    შეკითხვამ შემაკრთო, გამომაფხიზლა, რადგან ასეთი ცივი და მკაცრი ტონით არსოდეს მოუმართავთ ჩემთვის. თავი წამოვწიე და წამოვჯექი, მინდოდა თვალებში ჩამეხედა და სიმკაცრის მიზეზი ამომეკითხა, მაგრამ მის თავთან ჩამავალი მზე კაშკაშებდა და ამის საშვალებას არ მაძლევდა.
    _ ცოტა დამაბნია თქვენმა შეკითხვამ და.... არ ვიცი რა გიპასუხოთ...._ თავი ჩავხარე და პირველად ჩავფიქრდი იმაზე, თუ როგორ აღმოვჩნდი აქ.
    _ მე ვიცი! ადამიანები თავის შემდგომ მდგომარეობაზე ყოველთვის თვითონ აკეთებენ არჩევანს, ეს სხვადასხვა საქციელში გამოიხატება და ამ საქციელზე მხოლოდ თავად არიან პასუხისმგებელნი, შური და ბოღმა აბოროტებს მათ და არნახულ სისასტიკეს სჩადიან, ერთმანეთის უბედურებაზე აგებენ თავიანთ მოჩვენებით ბედნიერებას. ომი, კვლა, ტყუილი, ღალატი, სიძვა და სხვა მრავალი სიბინძურე ადამიანების ფანტაზიის ნაყოფია, მათი მოგონილია და საქმე საქმეზე რომ მიდგება ეშმაკს აწმინდავენ ხელებს, თითქოს თვითონ არაფერ შუაში იყვნენ და მან აცდუნა საწყალი ცხვრები. ტყუილია! და ეს ტყუილი ცოდვათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ადამიანების სულმდაბლობასა და უსუსურობას! მეც იძულებული ვარ, მათ სამსახურში ვიყო და მსურს ეს თუ არა, ავასრულო მათი ზრახვები, რადგან ჩემი პირდაპირი მოვალეობაც ეს არის....  _ აქ შეჩერდა, ზურგი მომაქცია, მზეს გაუსწორა თვალები და უფრო მშვიდად განაგრძო _ საბედნიეროდ არიან ადამიანები, რომლებიც სიკეთით ცხოვრობენ, მასვე თესავენ და მომკას საერთოდაც არ ელოდებიან, რადგან იციან რომ ეს საოცარი ენერგია ამხელა, უსასრულო სამყაროში არ იკარგება. სიკეთე და სიყვარული ის იარაღია, რომელიც დღემდე ასუნთქებს კაცობრიობას და ბასრი კვერთხით სერავს სიბნელეს, საიდანაც ცხოველმყოფელი მზის სხივები ეპკურება სამყაროს სიცოცხლის გასაგრძელებლად! ამდენი გიამბე სიკეთის ძალაზე, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ხანდახან კეთილ ადამიანებსაც ვჭირდები, მართალია პატარა დოზით, მაგრამ მაინც ხომ ვჭირდები.... აი მაგალითად შენ, ამ საოცრად ლამაზი მოლის შუაგულში რომ აღმოჩენილიყავი, რამდენი სიცოცხლით სავსე ყვავილი გათელე, მართალია უნებურად, ისე, რომ არც დაფიქრებულხარ, მაგრამ შენ სიამოვნებას ხომ შეეწირა მათი სიცოცხლე._ იღიმის _ როგორ ფიქრობ, ქვეყნად მხოლოდ სიკეთე რომ იყოს, საინტერესო იქნება ცხოვრება?! აზრს არ დაკარგავდა შენი პიროვნება, რომელიც სულ ჭიდილშია?! და ბოლოს, საიდანაც დავიწყეთ - ყველა ადამიანი იმსახურებს სამოთხეს? დაიმახსოვრე ჩემო პატარა მეგობარო_ ცხოვრება ბრძოლაა და შენ ამ ბრძოლაში ჯარისკაცი! _ ბოლო ფრაზა თითქმის ყვირილით წარმოთქვა და ანთებული თვალებით შემომიბრუნდა, რომელშიც აგიზგიზებული ცეცხლის ალები გამოკვეთილად ჩადნა, რადგან მზე უკვე ჩასულიყო და ირგვლივ ღამის წყვდიადს დაესადგურებინა.
    გაყინული ვიჯექი ერთ ადგილას, სხეულის ვერცერთ ნაწილს ვერ ვგრძნობდი, ათასი ფიქრი დაქროდა ხმაურით თავის ერთი ბოლოდან მეორეში, მაგრამ ვერაფერს ვამბობდი, ენა არ მემორჩილრბოდა. ბოლოს თავს ძალა დავატანე, ენერგიის ბოლო წვეთებს მოვუყარე თავი და ამოვილუღლუღე:
    _ ვინ ხარ? სატანა? _ ამის გაგონებაზე გულიანად გადაიხარხარა და შემდეგ უფრო დაწყნარებულად მიპასუხა:
    _ არა, მაგრამ მასაც კარგად ვიცნობ, საქმიანი ურთიერთობები გვაქვს, ისე დიდი მოუსვენარი ვინმეა _ იცინის. _ მე ცოდვა ვარ, დიახ სწორედ ასე მეძახიან ცო-დვა, ადამიანების შექმნილი და მათივე სამსახურში მყოფი!.... ხანდახან მკაცრი, დაუნდობელი, მაგრამ ხანაც ისეთი ალერსიანი და ტკბილი, რომ უჩემოდ თითქმის აუტანელია ცხოვრება, რადგან ამქვეყნიური ნეტარების ყველა გასაღები ჩემს ხელთაა და ადამის შვილნიც გაჩენის დღიდან მისკენ მიისწრაფვიან სხვადასხვა გზით, თავადაც ნახე ტყეში რამდენი ბილიკი იყო და ყველა მათგანს ვაკონტროლებ ერთის გარდა- მას ჭეშმარიტების გზას ეძახიან. ძნელი და მტკივნეულია ამ გზაზე სიარული, რადგან სანამ ბოლომდე არ გაასრულებ, ფეხშიშველმა უნდა იარო ცხელ ქვიშაზე, ეკლებსა და ქვაღორღზე, რათა საბოლოოდ, ისევ და ისევ, სამუდამო ნეტარებას ეზიარო.... მაგრამ ამას ხომ რწმენა, ნებისყოფა, თავგანწირვა და უდიდესი ძალა სჭირდება, რომელიც რჩეულთა ხვედრია. თუმცა პატარ-პატარა სიურპრიზებს მათაც ვუმზადებ, რადგან ისინიც ხომ ადამიანები არიან და ჩემი ვალია, შევთავაზო ხელშეკრულება, რომელიც ხანდახან მათი მხრიდან უყურადღებოდ არ რჩება ხოლმე.... _ კმაყოფილებით კვლავ გაუბრწყინდა თვალები და ღიმილით საკუთარ თავს რევერანსი გაუკეთა _ ასე რომ, ვჭირდები კაცობრიობას! მეც მუხლჩაუხრელად, შეუსვენებლივ ვშრომობ, რათა ყოველი კონტრაქტორის ვნება დავაკმაყოფილო ზუსტად იმდენით, რამდენიც მას სჭირდება, რა თქმა უნდა გარკვეული ღირებულების საფასურად. შეთანხმება ორმხრივია და თითოეულ მხარეს თავისი მოთხოვნები აქვს, ტარიფიც სამუშაოს მოცულობაზეა დამოკიდებული, მაგრამ აქაც კეთილი ვარ- კრედიტით ვმუშაობ და გაწეული მომსახურეობისთვის ღირებულებას კლიენტისაგან მხოლოდ განვლილი ცხოვრების ბოლოს ვინაზღაურებ, მათ ვისზეც ბევრი ჯაფა არ მაქვს დახარჯული, შესაძლოა თავი დაიძვრინონ, მაგრამ ისინი ვისაც დიდი ვალი აქვთ, როგორც წესი, ვერ ისყიდიან საკუთარ ცოდვებს, აქ კი ზემოთ ხსენებული პარტნიორი ერთვება საქმეში და ჩემი, ანუ ცოდვის ვალით დამძიმებულნი სამუდამოდ ლუციფერის მონები ხდებიან მისსავე სამფლობელოში. სანაცვლოდ მიწაზე ცხოვრების უფლებასა და  სრულ თავისუფლებას ვიღებ, შემიძლია ვაკეთო ის რაც მინდა, სადაც მინდა და როცა მსურს, რა თქმა უნდა მათი სახით, ვისაც ჩემს გარეშე არსებობა არ შეუძლია. რაც მთავარია არ ვიწყენ _ კვლავ იღიმის _ არაორდინალური და მრავალფეროვანი საქმეა, ადამიანების ფანტაზია კი უფრო და უფრო მაოცებს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩემმა კარიერამ ზენიტს მიაღწიოს და მეც ვძლიერდები მათი სიცოცხლეშივე იაფად გაყიდული სულების სანაცვლოდ. ისე, ხანდახან ვიღლები კიდეც, ჩემს კონკურენტ სიკეთესთან ჭიდილი მღლის, ისიც განუწყვეტლივ სულ ფუსფუსებს და საქმეს მირთულებს, სწორედ მის ხარჯზე მისხლტება ზოგი კონტრაქტორი ხელიდან, მაგრამ სიმართლე გითხრა, ეს მომწონს კიდეც, უფრო აზარტული ვხდები, რაც ერთიორად მააქტიურებს და თამაშიც უფრო საინტერესოა. ასე რომ, ჩემო მეგობარო, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ ხანდახან, იშვიათად, მაგალითად დღეს, თავს უფლებას ვაძლევ, რომ დავისვენო, განვსხეულდე და გულახდილად ვესაუბრო ვინმეს.... რატომ მაინცდამაინც შენ? ისე, უბრალო დამთხვევაა, თანაც შენ შემამჩნიე, მიუხედავად იმისა, რომ მჭიდრო კავშირი არა გვაქვს, მევალეები კი თვალს მარიდებენ და არ მიმჩნევენ, მაგრამ სადამდის?!... _ზურგი შემაქცია და სიმშვიდით გამთბარი ხმით მითხრა _  გატყობ, ცოტა არ იყოს შეშინდი.... ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ, აკი გითხარი ყველა ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს. ალბათ აქ ყოფნაც მოგბეზრდა, სიბნელეში ამ მოლმაც დაკარგა მშვენიერება და ვიცი როგორ გავიდეთ ამ უღრანი ტყიდან, მაგრამ იცოდე, გზად უამრავი ლამაზი და სიცოცხლით სავსე ყვავილის გათელვა მოგიწევს.... მე მივდივარ. რაც ერთად ვართ, ერთი ცოდვაც არ ჩადენილა და ალბათ მოიწყინეს უჩემოდ, ასეც რომ არ იყოს, მომბეზრდა ერთ სხეულში ყოფნა და შენც დაგღალე. _ წუთით გაჩუმდა, რომელიც საუკუნედ მომეჩვენა, სამყარო გარინდულიყო, ბალახის სუნთქვაც არ ისმოდა. შემდეგ შემობრუნდა, ისე დამაკვირდა თითქოს სახეს იმახსოვრებსო და წყნარად მკითხა _ წამოხვალ?... არჩევანი შენზეა....
    ღიმილით გადმომხედა, შეტრიალდა და ნელ-ნელა წავიდა. ავფორიაქდი, არ ვიცოდი რა მექნა, გავყოლოდი? კი მაგრამ სად? ერთ ადგილას ვიყავი გაქვავებული და მის ზურგს ვუყურებდი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მშორდებოდა და თითქოს მისკენ მიხმობდა. ვიჯექი, მაგრამ ადგილს ვერ ვპოულობდი, ვფიქრობდი, მაგრამ გონება ამრეოდა, ვბორგავდი და უეცრად საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი, სიმშვიდე რომელიც შინაგანმა ხმამ მომიტანა_თავად უნდა გაუძღვე შენ გზას და საითაც არ უნდა წახვიდე, მხოლოდ იქ მიგიყვანს, რისკენაც მიილტვი.
    ამასობაში ცოდვა სიბნელეს შეერია, მერე ისევ გაჩერდა, ოდნავღა ვხედავდი მის სილუეტს, თითქოს მიდამო მოათვალიერა და სხვადასხვა მხარეს წავიდა, დიახ, ერთდროულად სხვადასხვა მხარეს.... წავიდა თუ წავიდნენ, აღარ ვიცი რომელი უფრო სწორი ნათქვამი იქნება, რადგან ბევრი გახდა და ყოველი მათგანი თავად იყო. ყველა მიმართულებით გაუჩინარდა, მაგრამ მის სიახლოვეს მაინც ვგრძნობდი და მოციმციმე თვალებსაც კი ვხედავდი მანამ, ვიდრე ცაზე სავსე მთვარე არ ამოცურდა, რომლის თბილმა შუქმაც ყვავილებს თავისი ფერები დაუბრუნა, ამჯერად უფრო ნაზი და ალერსიანი. კვლავ გამაბრუებელი სურნელი დატრიალდა და გაყინულ სხეულშიც მთას მოწყვეტილი მდინარესავით აჩუხჩუხდა მდუღარე სისხლი. მერე უეცრად გამახსენდა, რომ ჯიბეში ბლოკნოტი და ფანქრის ნატეხი მქონდა, მოვიძიე და მთვარის შუქზე ფურცლებზე გადავიტანე განცდილი. ახლა კი ვზივარ ამ საოცარი ყვავილნარის გარემოცვაში, ბლოკნოტში ფურცელიც გათავდა და ფანქარიც შემომადნა. ვზივარ და ვტკბები მშვენიერებით, იმის იმედით, რომ განთიადისას ფეხაკრეფით დავადგები გზას, რომელიც ყვავილებს არ გათელავს...
       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები