 | ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 17 ივლისი, 2008 |
გუშინ დილით ჩვეულებრივ მივედი სამსახურში. ჩვეულებრივ დავაგვიანე, რადგან ვიცი რომ უფროსი ჩემზე მეტს აგვიანებს. თანამშრომლები ყველანი გაფრთხილებულები არიან, თუ დარეკა (ქალაქის ტელეფონზე რა თქმა უნდა - მობილზე თუ რეკავს, სულ სამუშაოზე ვარ) მოსული ვარ და ეს წუთია გავედი. ეს უსაფრთხოების ზომები აუცილებელია, იმიტომ რომ დაგვიანებისთვის ჯარიმა დაწესდა – 20 ლარი. საერთოდ ხელფასი 300 ლარი მაქვს და პრემიალურებიც ცოტა, აზრზე არა ვარ რისთვის. Aარადა, ყოველდღე თუ დავაგვიანებ, ჯარიმის სახით უნდა გადავიხადო დაახლოებით 600 ლარი, ანუ იქეთ უნდა მივიტანო…ხელფასი და ერთი იმდენი, ანუ დამედება ვალები... არ მიყვარს ვალები, სამაგიეროდ მიყვარს ჩემი მევალეები... ხო, ჯერ კიდევ გუშინ, სამუშაო მქონდა. ავეჯის კომბინატში ვმუშაობდი. …ინვაიტ-მენეჯერი ვიყავი... სამუშაო განცხადებით ვიპოვე, უფრო სწორად ერთ უფასო სარეკლამო გაზეთში განთავსებული რეკლამით, რომელსაც მინდა არ მინდა ყოველდღე ტოვებს ჩემს კარებზე ვიღაც, ალბთ უცხოპლანეტელი. იანვრის ერთ ცივ დილას ვკითხულობ: სოლიდური ფირმა ეძებს ახალგაზრდა კაცს ინვაიტ-მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე არაორდინალური აზროვნებით და უმაღლესი განათლებით. ... და რადგან ჩემს სახლში ზომაზე მეტად ციოდა და თურქული ზეთის რადიატორი კი მეტის-მეტი მადააღძრულობით ნთქავდა ჩემს წინა სამუშაოდან დარჩენილ ფულებს, მივხვდი რომ სხვა სამუშაო უნდა მეპოვა. წინა სამუშაო რა იყო?! დისტრიბუტორი ვიყავი ერთ ფირმაში. არა უშავს შემოსავალი მქონდა. ეს ტოტალიზატორები რომ არა, შეიძლება ფულიც დამეგროვებინა ცოტა, მაგრამ ამდენი ტოტალიზატორი რომ არის, იმათ იმდენი თანამშრომელი რო ყავთ, ხელფასი ვინ უნდა გადაუხადოს თუ არ მიხვედი და რამდენიმე ლარით არ შეეწიე. მერე დეკემბრის მიწურული იყო, ერთ ღამეს ტელევიზორი ჩავრთე (ნეტა არ ჩამერთო) და პირველი რაც დავინახე, გენოვიჩი იყო - ჩვენი ფირმის პრეზიდენტი, თან გაღიმებული. ის იყო გავიფიქრე, როდის გახდა ეს ჩემისა ტელევარსკვლავი, ალბათ ახლა წელს გვილოცავს-მეთქი, პატრულიც გამოჩნდა, თურმე გადასახადების გადაუხდელობის თუ დამალვის გამო აყავდათ. მეორე დღეს კი მივედი სამუშაოზე, მაგრამ მოადგილე მეტისმეტძმარმოსხმულ და ცხარეპიმპილმოყრილი ლობიოს ნაჭამი სახით დაგვხდა და დაგირეკავთო დისტრიბუტორებს გვითხრა. მერე ერთი-ორჯერ მე თვითონ გადავრეკე, ხომ არ დაგირეკავთ-მეთქი მაგრამ ცივი უარი რომ მივიღე, მივხვდი დისტრიბუციამ მოგჭამა ჭირი. ახალმა განცხადებამ ძალიან დამაინტრიგა. ინვაიტ-მენეჯერი აზრზე არ ვიყავი რა იყო, დანარჩენ ყველა მოთხოვნას ასე თუ ისე ვაკმაყოფილებდი: უმაღლესი განათლება მაქვს, არ მოვყვები რა სიმწრის ოფლი და რა მატრიკულებში ჩაცურებული ფული დამიჯდა ეს დიპლომი, მაგრამ ეს შიგ არ წერია. დიპლომში წერია რომ მაქვს უმაღლესი განათლება და მორჩა. მაგრამ არაორდინალური მთლად კარგად ვერ მივხვდი, რა უნდა ყოფილიყო, ამიტომ გასაუბრებაზე რუბიკის კუბიკით წავედი. ეს კუბიკი წინა ღამეს დამხვდა ჩემს კარებთან და თან აწყობილი... საიდან მოვიდა არ ვიცი, აქაც უცხოპლანტელებზე მაქვს ეჭვი... ხოდა იმავე დღეს მინიშნებულ მისამართზე მივედი. იანვრის ყინვით სავსე დღე იყო და ფეხსაცმელი არასაიანვრო მეცვა - ცვეთის უკანასკნელ სტადიაში, მაგრამ სანამ ახალ ფეხსაცმელს შევიძენდი ფული ხომ უნდა მეშოვნა? თან მალე გაზაფხულიც მოვიდოდა და ახლა რომ საზამთრო ფეხსაცმელი მეყიდა, გაზაფხულზე საზამთრო ფეხსაცმლით ხო არ ვივლიდი, ამიტომაც ძალიან არც ვჩქარობდი ახლების ყიდვას? თან უცხოპლანეტელების იმედზეც ვარ, რა იცი ერთხელაც და ჩემი ზომა საზამთრო ფეხსაცმელი დატოვონ კარებთან, მერე რა ვუყო ორ წყვილს და თან ორივეს საზამთროს... სოლიდური ფირმა ავეჯის კომბინატი ყოფილა რკინის პატარა გორგოლაჭებზე შემდგარი დიდი რკინის ჭიშკრით, რომელსაც ასევე რკინის ღეროებით „კიდობანი” ეწერა. ჭიშკრის გვერდით პატარა მინაშენი, ალბათ საყარაულო იყო. Fფანჯრიდან დავინახე ვიღაც გამოუძინებელი კაცი იჯდა შეშის ღუმელთან და ამთქნარებდა. Uუხერხულად კი მომეჩვენა, მაგრამ მაინც დავაკაკუნე, კარი გავაღე და Fფირმა კიდობანი აქ არის მეთქი, ვიკითხე. შენ რა კითხვა არ იციო? კითხვა რომ ვიცი, იმიტომაც ვიკითხე-მეთქი. არა, ქართულის კითხვა თუ იციო, იცი რა დაჯდა ეს წარწერა გარეთ, ჭიშკარზეო?! მე არ ვიცოდი რა დაჯდა წარწერა და გამოსვლა დავაპირე, თან დარაჯი რომ ასე შარიანია, დირექტორი რა იქნება-მეთქი, ჩავილაპარაკე და მეო დირექტორი ვარო... დარაჯიც შენ ხარ და დირექტორიც-მეთქი და არაო, აბა დარაჯი სად არის-მეთქი, ვიკითხე თითქოს მთელი ცხოვრება ამ ფირმის დარაჯის ნახვაზე ვოცნებობდი. რაღაც თავი მტკივა და ციტრამონის საყიდლად გავუშვი, მოვკვდი გუშინ იმდენი ვსვი, ქართველებმა ხო ქეიფი არ ვიცითო... ქართული სუფრის ზოგიერთ ატრიბუტზე რომ ვიკამათეთ, ამასობაში დარაჯიც მოვიდა ერთი დასტა ციტრამონით ხელში. კაცმა რომელიც დირექტორად გამეცნო, შენ დარაჯის ნახვა გინდოდა თუ ჩემიო, არა სამუშაოს-მეთქი. წამოდი მაშინ კაბინეტში გავაგრძელოთ კასტინგიო. ლამაზად მოგვილ-მოწესრიგებული ეზოს შუაგულში ცენტრალური ოფისი იყო. უფრო სიღრმეში კომბინატის საწარმოო კორპუსები მოჩანდა. იქვე მორების სახერხიც მოეწყოთ და ქარის წისქვილი. წისქვილის ფრთებს იანვრის ქარი უბერავდა და აბრუნებდა. ხო არაფერია, მაგრამ გაგიხარდება კაცს რაღაცას ამუშავებულს რომ დაინახავ. ოფისში ავედით, ორსართულიანი იყო. ეტყობა რემონტი ახალი ჩატარებული ქონდათ - სისუფთავე და რაც მთავარია სითბო იგრძნობოდა. ის კი არა, ყური მოვკარი ერთი გოგონა როგორ ეჩხუბებოდა ბიჭს, დაუწიე მაგ „ზიმა-ლეტას” ცოტა, ან გამიშვი ბარემ გაგრაშიო... ბიჭმა გაგრაში გაუშვა თუ არა გოგო, ვერ მივხდი, იმიტომ რომ ამასობაში კაბინეტშიც შევედით. საერთოდ ამ თანამდებობაზე გოგონა სჯობს, გამოგიტყდებიო (თითქოს გესტაპოს ოფიცერი ვიყავი...), მითხრა ნათელ და თხევად კრისტალიან ულტრა თანამედროვე კომპიუტერით გაწყობილ კაბინეტში რომ შევედით. მეთქი გაუქანე ახლა და ლეწე, მაგრამ სამუშაოც რო მინდა? საწყენად არ მიიღო, უცხოელ დელეგაციებს უნდა დახვდეო, მაგრამ ჯერ არ გვწვევია არავინ და არც ეს არ არის პრობლემაო. ოღონდ ყოველ დილით ინტერნეტში ელექტრონული ფოსტა უნდა შეამოწმო, პაროლი ადვილია კიდობანი13-იო. მეთქი რატომ მაინც და მაინც 13, 14 მაინც ყოფილიყო-მეთქი. მაგაზე არ იდარდო შენ, წინა ინვაიტ-მენეჯერიც მეყო მაგაზე რო დარდობდაო. და ის სადღაა-მეთქი, ლამაზი იყო და ცოლმა იეჭვიანა არცთუ უსაფუძვოლოდ და კატეგორიულად მომთხოვა კაცის აყვანა და რამექნა ოჯახს ხომ არ დავანგრევდიო... ხო მართლა არაორდინალური რითა ხარო, მკითხა, მეც ვუთხარი აი, აწყობილი რუბიკის კუბიკის დაშლა ვიცი-მეთქი და შავი პარკიდან წინა საღამოს ნაპოვნი კუბიკი ამოვიღე - აწყობილი და დაშლა დავიწყე. ყოჩაღო. აბა ახლა ისევ ააწყვეო. არა მე მარტო დაშლა ვიცი-მეთქი. არა უშავს, მიდი ახლა კადრებში, ექვსთვიანი ხელშეკრულება გააფორმეთ და ხვალიდან სამუშაოზე გელიო... ხო, მთლად შენ სამსახურში არ შედის, მაგრამ სავარძლები გამოვუშვით „ტროიკა” ახალი და ხვალ სარეკლამო სლოგანი მომიტანე რამე, არაორდინალურიო... ხელშეკრულება გავაფორმე, ხელიც მოვაწერე, სამასი ლარი ხელფასი კი მეპატარავა, მაგრამ „ზიმა-ლეტას” ხათრით და უცხოპლანეტელების იმედით ვიყავი კვლავ... იმ დღეს პაემანზეც მოვასწარი მისვლა, კარგი გოგო იყო მაგრამ სახლში დაპატიჟებაზე სასტიკი უარი განმიცხადა, ჩაის სახლში ყავა დავლიოთო, კარგი–მეთქი - გადამიქანდა გული. ვიყავი ადრე იმ ჩაის სახლში სხვა გოგოსთან ერთად და ორი ულუფა ჩაი ათი ლარი დამიჯდა. მე მხოლოდ ექვსი ლარი მქონდა ჯიბეში და იმ გოგოს ვალი დამედო და არ გადამიხდია ჯერ. სადაც ჩაი ამდენი ღირს იქ ყავა რა ეღირება–მეთქი ვფიქრობდი და დაცვამ რომ მითხრა ადგილები არ არისო, კინაღამ ვაკოცე – უცხოპლანეტელი მეგონა. მერე ორი საათი ვიჯექით „ვარდების” ბაღში და ორის საათი მიკითხავდა არ ვიცი საკუთარს თუ ვიღაც-ვიღაცეების ლექსებს... მე კი დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი კედელზე მიხატულ ყელზე ბანტშემბულ ძროხას და სარეკლამო სლოგანზე ვფიქრობდი... პაემანმა შედეგი გამოიღო. მეორე დღეს სლოგანი მზად მქონდა: ჩვენს სავარძლებში ძროხაც კი კარგად გრძნობს თავს... არ მოეწონა, ცოლმა რამე არ იფიქროსო, რა უნდა იფიქროს, თან ინდოეთში ძროხას აღმერთებენ-მეთქი. ხო, მაგრამ ინდოეთში ხო არ ვართო... ხო კარგი, სლოგანებს თავი დაანებე და შენს სფეროს მიხედეო... კაი-მეთქი. ოთახი გამომიყვეს, დიდი არ იყო მაგრამ მაგიდა, სკამი, და ინტერნეტში ჩართული კომპუტერი მქონდა და სითბო... რა ცოტა რამეა სრული ბედნიერებისათვის საჭირო... იანვრიდან ივლისამდე ვიმუშავე... არცერთი დელეგაცია არ ჩამოსულა... არც წერილი გამოუგზავნია ვინმეს, მოვდივართო. სამაგიეროდ გულდასმით ველოდი... ყოველ დილით ვამოწმებდი ელექტრონულ ფოსტას, იქ კი სულ ერთი და იმავე შინაარსის წერილები მხვდებოდა: „ვოტ ვილაჟილა ნოვიე ფოტკი – პოსმოტრიო” - ცუდი ყოფაქცევის უცხოპლანეტელები თუ იყვნენ ალბათ, ვათვალიერებდი ამ ახალ სურათებს და მცხვენოდა... რაც ინვაიტ-მენეჯერი გავხდი, სიზმარი დამჩემდა ერთი: თითქოს რომელიღაც კუნძულის მეფე ვარ და ლამის ტიტველი მოდელები მახვევია თავზე... ხო, ცოტა ხანში ერთი ცნობილი ფირმის სარეკლამო ბილბორდები გამოჩნდა სავარძელზე წამოგორებული ბედნიერი თვითკმაყოფილი მზერით სავსე ჭრელი ძროხით... იმ ფირმამ საიდან გაიგო ჩემი იდეა ახლაც არ ვარ აზრზე... თანამშრომლებთან თბილი ურთიერთობა მქონდა. არ ვიცი ეს „ზიმა-ლეტას” დამსახურება იყო, რომელიც ყოველ ოთახს ლამის თანაბრად ათბობ-აცივებდა, თუ უბრალოდ კარგი კოლექტივი იყო. ერთხელ მაფრთხილებენ, ხვალ რევიზია მოდის და არ დააგვიანოო. რევიზია ვინღაა-მეთქი. ჩვენი უფროსის უფროსი, ანუ მისი ცოლიო. იმ ღამით უცხოპლანეტელი მესიზმრა, უფრო სწორად წერილი უცხოპლანეტელის, არც შეიყვარო, არც შეგიყვაროს – გაიყინები, დაახლოებით ისეთი წერილი იყოს, ნოსტრადამუსის ცენტურიები რომ არის. ვიფიქრე ალბათ რევიზიის ვიზიტს თუ ეხება-მეთქი და მთელი დილა ვვარჯიშობდი, როგორმე იდიოტური შეხედულება მიმეღო, რაც არ გამჭირვებია. მართლაც მეორე დღეს ადრე მივედი, კომპიუტერი ჩავრთე და კარებზეც დააკაკუნეს, მე ნავარჯიშები გრიმასა მივიღე და მობრძანდით-მეთქი, თურმე დამლაგებელი იყო, კინაღამ ცოცხი გაუვარდა... რა გჭირს, რა სახე გაქვს, კარგად ხომ ხარო... ე. ი. ვარჯიშს ამაოდ არ ჩაუვლია... მერე რევიზიამაც შემოიხედა. არაუშავს, ლამაზი ქალი ჩანდა, ისე იყო შეღებილ-გაკრასკული, თავიდან რომელიღაც საღებავების ფირმის რეკლამა მეგონა... რა ხდება, მოდიან უცხოელი დელეგაციებიო, - მკითხა. რაცხა არ უჩანს მაგის პირი-მეთქი, ვუთხარი და ნავარჯიშები გრიმასით გავიკრიჭე. „უი, რა საყვარელი ხარო”, - მითხრა. კინაღამ ინფრაქტი მივიღე... თურმე იხუმრა... გადავრჩი. მერე არც შემოუხედია...… აი ივლისსაც გადავაგორებ და ზღვაზე წავალ-მეთქი ვფიქრობდი... თურმე მწარედ... გუშინწინ უფროსი კაბინეტში მიბარებს და ცოლს შევურიგდიო... ვითომცდა ძალიან მანერვიულებდა ეს საკითხი... თან პარლმენტარმა მთხოვა ერთზე, სამუშაოზე მოწყობა და... ზუსტად არ ვიცი ჯერ და თუ ძმა ხარ თუ მოვიდა წყენა არ ჩაიდო გულში, ხელშეკრულება მაინც გითავდება და არც მაგინოო... კაი-მეთქი, დავპირდი... ხო, გუშინ დილით ჩვეულებრივ მივედი სამსახურში...… ის კი მისაღებში იჯდა. ისეთი ლამაზი იყო, თავიდან უცხოპლანეტელი მეგონა. მერე სიზმარი გამახსენდა უცებ, კუნძულის მეფე რომ ვარ - იმ ლამის ტიტველ მოდელთაგან გავდა ერთ-ერთს. რომ დამინახა გამიღიმა. ვიფიქრე მიცნო და მეც გავუღიმე – მეფურად. ის იყო შეყვარებას ვაპირებდი, იმან ბატონი ჯემალი თქვენ ბრძანდებითო (დირექტორს ექვა ჯემალი). ჯერ-ჯერობით არა-მეთქი და ბატონი ჯემალი მალე მოვა, მე ის ვარ ინვაიტ-მენეჯერის თანამდებობაზე რო უნდა დავიწყო თქვენთან მუშაობაო? – გამახარა ვითომ. არ ვიცი ქალიშვილო, ნოლ-ცხრაზე დარეკეთ-მეთქი და ცხვირი აიბზუა... მერე ბატონი ჯემალიც მოვიდა... ოფისში 13 ივლისი იდგა და „ზიმა-ლეტა” ცივ ნიავს აფრქვევდა... ღამე კი ძალიან სიზმრიანი გამომივიდა: 1-ლი სიზმარი: ასფალტიჭამია მომსდევდა სევდიანი თვალებით და თან მაზუთგადასხმულ ასფალტს ჭამდა. ასეთი სევდიანი თვალები რატო გაქვს-მეთქი, ვკითხე. Aაბა ჭამე ყოველდღეE ასფალტი და ერთი ვნახავ რა თვალები გექნებაო. Dდა ვინ გაძალებს-მეთქი. შენ ვერ გაიგებ, უცნობი ხარ და უცნობს გული რატო გადაგიშალოო, თან რა ვიცი იქნებ მერიაში გყავს ვინმე ნაცნობიო. მაშინ რას მომსდევს, რომელი შენი ძმაკაცი ვარ-მეთქი. საიდან მოიტანე რომ მოგსდევ, უბრალოდ დრო-ჟამმა ამ მომენტისათვის ერთად შეგვყარა და ჩვენი გზები ერთმანეთს დაემთხვნენ, ეს არის და ესო. შენ რა ფილოსოფიურად მოაზროვნე ასფალტიჭამია ხარ და რა მიზნით დამესიზმრე, ის მაინც მითხარი-მეთქი, არ გეყო ის სიზმარი, კუნძულის მეფე რომ ხარ და ლამის ტიტველი მოდელები რომ დაგტრიალებენ თავსო, თქვა და წავიდა: ასფალტის ჭამით გააგრძელა გზა... მე კიდე სხვა სიზმარში გადავედი უცებ, გვერდი თუ ვიცვალე ალბათ... მეორე სიზმარი. სიღნაღში ფიროსმანის სახლ-მუზემში ვარ. შესასვლელში, იქვე, ტყვია გაუმტარ მინაში მილიონი დოლარი დევს რომელიღაც ბანკის, სარეკლამოდ ალბათ და მწვანედ ხასხასებს, თან ოთხი მთასავით ქართველი იცავს, ზემოდან კიდე ვიდეო იღებს. უცებ მუზეუმში ნიკალას ვხედავ, აი ფიროსმანის ქუჩაზე რომ პატარა ოთახი ქონდა კიბის ქვეშ, ის გადმოუტანიათ თითქოს მუზეუმში და იქ არის. მინდა მივიდე და ვუთხრა რომ ძაან მაგარი კაცია, რომ მის ნახატებს დღეს მთელი მსოფლიო განცვიფრებაში მოყავს და ნაბიჯიც ვერ დავძარი. დაჭედებული ვარ თითქოს. უცებ პიკასო შემოვიდა მოლბერტით და ნიკალას ეხვეწება, ერთი წამი გამიჩერდი, დაგხატავო, ნიკალამ კიდე, აჰა და წამიც გავიდა, მეტს უკვე ვერ დაგელოდები, დუქანი მაქვს მოსახატი, შენც წამო, ერთად მოვხატოთ და მერე კარგად ჩავუჯდეთო. ხო კაი, მერე დაგხატავ მაშინო, პიკასომ და წავიდნენ. მერე რატომღაც მარტო ვარ კიბის ქვეშ. ამ დროს კარებზე აკაკუნებენ, რუბიკის კუბიკი იყო აწყობილი და მიცინოდა. რას მიცინი შეჩემა, ვალი კი არ მაქვს შენი-მეთქი, ვუთხარი გაბრაზებულმა. ნიკალას გამარჯობაც რომ ვერ ვუთხარი, ამის გამო კუბიკზე ვიყარე ჯავრი და პასუხად სიმღერა დაიწყო, „სულ მარე ლუჩიტა, ლასტრო და ჯენტო...”, რა შუაში იყო. ხო იცით, არ მიყვარს აწყობილი რუბიკის კუბიკები, თან მომღერალი. მოვკიდე ხელი და ავშალე, დაყუჩდა. ამასობაში მეორეც მოვიდა, ისიც აწყობილი, „დდტ-ს” სიმღერას მღეროდა, „ეტო ვსიო, ჩტო ასტანეტსია, პოსლე მენია...”, ისიც ავშალე, მარა რად გინდა მოდის და მოდის ეს აწყობილი რუბიკის კუბიკები, თვლა არ აქვს. მოდიან, მე ვშლი, ბოლოს ვხედავ მთელი ქვეყანა, ხალხი, პარლამენტი, პრეზიდენტი, რუბიკის აწყობილი კუბიკებია და პინკ-ფლოიდის სიმღერა რომ არის „ედუკეიშენ”, „კედელიდან” იმას მღერიან, თან მწყობრი ნაბიჯებით მოდიან და მე გავრბივარ... ისევ იმ სიზმარში, კუნძულის მეფე რომ ვარ მინდა მოვხვდე, მაგრამ უცებ... მესამე სიზმარი: გერმანიის ნაკრები ესპანეთის ნაკრებს ხვდებოდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში. პირველი ბურთი ბალაკმა გაიტანა, მეორე კლოზემ... მერე ტორესმა ლამს მოქაჩა უკნიდან, კარიდან უდრო დროს გამოსულ ლემანს დაასწრო და ერთი ბურთი გაქვითა... მე ათი ლარი მქონდა დადებული გერმანიაზე და მეორე დღეს ოცდაცამეტი ლარის ასაღებად მივედი. ტოტალიზატორის მოლარემ, გერმანიის მოგება რა, სიზმარში ნახეო, ხო-მეთქი და შენ საიდან იცი-მეთქი, ხოდა სიზმარში აიღე მოგებული თანხაო და გამიღიმა, თითქოს ის სიზმარიც იცოდა კუნძულზე მეფე რომ ვარ... მეც გამოვედი ტოტალიზატორიდან და იმ სიზმარში მინდოდა შესვლა, ოცდაცამეტ ლარს რომ ავიღებდი, მაგრამ ამაოდ.. მეოთხე სიზმარი, ყველაზე დიდი და შავი. ყველაზე თბილისელი ოტელო ვარ, წასული უცხოეთში ფულის საშოვნელად, ვბრუნდები სახლში, ფული მაქვს ოხრად, ჩემი მეუღლე, მშვენიერი დეზდემონა კი სახლში არ არის. ვიწყებ: - ო, დეზდემონა, როგორ მიყვარდა ეს ქალი, მისმა სინაზემ და სილამაზემ მე დამიმონა. რა წამს ვიხილე, მის მშვენებამ, მე ამირია თავში აზრები, როგორ მიყვარდა მისი ხაზები და ნახაზები. მაგრამ რა მითხრეს, გიღალატაო, ეს რა ისმინეს ჩემმა ყურებმა და ან საერთოდ რად მეყურება. მითხარი ერთი ვით გაივლე ღალატი გულში. სადილობისას რად არ იყავ შენ სახლში გუშინ ო, დეზდემონა... შემოდის ამ დროს ოთახში დეზდემონა ნავთის ბიდონით ხელში, საკმაოდ ლამაზი, თითქოს ერთ-ერთი მოდელი კუნძულზე რომ ლამის ტიტველი ქალები თავს მეხვევა, იქედან, ოღონდ ჩაცმული... - აქა ვარ საყვარელო! – მეუბნება ისე ნაზად თითქოს თაფლი ჩამეღვარა ყურებში. უცებ ვიცანი. ვხვდები, რომ ჩემი დეზდემონა ის ქალია მისაღები ოთახიდან, თავიდან უცხოპლანეტელი რომ მეგონა...…ნუთუ დავახრჩობ?! - საყვარელოო, მე ქმარი ვარ შენი თუ საყვარელი, მითხარი ერთი, თან ახსენე მაღალი ღმერთი! – ჩემს განრისხებას არ აქვს საზღვარი... - ღმერთს გეფიცები, რომ ხარ ქმარი და რომ მიყვარხარ. - რა ლამაზია, ღმერთო ნუთუ ამ თვალთა პატრონს, შეუძლია რომ გიღალატოს. რა უყავ ქალო ცვირსახოცი, მე რომ გაჩუქე ამას წინებზე, ოქროთ ნაქსოვი, თხუთმეტ ლარად შეძენილი ლილოში, ზაფხული იყო, ცხელოდა ძლიერ, მახსოვს შენ იჯექ მაშინ გრილოში. მე კი ხუთი წრე დავუარე მთელ ბაზრობას, სანამ ვიპოვე საჭირო ზომა, თუმც მომიწია სამი საათი მე რიგში დგომა, – შარზე ვარ აშკარად... - ცვირსახოციო, ნუთუ ცვირსახოცს, გინდ ოქროცურვილს, შეუძლია, რომ დაჩრდილოს სიყვარული ჩემი შენდამი?! – დეზდემონას სევდიანი სახე ნერვს არ მიტოკკებს... - ჩუ, ჩუ, გაჩუმდი! ვერ მომხიბლავ ლამაზ სიტყვებით! და ცრუ ფიცითაც, ვერ მომატყუებ, გინდაც რკინას მოკიდო ხელი! რა უყავ ჩვენი სიყვარულის ხსოვნა პატარა? რა უყავ ქალო ცვირსახოცი, თქვი, თქვი, თქვი ჩქარა! - გუშინ საღამოს, რომ ვიყავი მე ნავთის რიგში, მგონი მაშინ ამომაცალეს. - ნავთის რიგშიო? ნუ ტყუიხარ! ღმერთს გეფიცები, რადიომ თქვა, რომ შემოიტანეს ნავთის პარტია, და აკეთებს ამას თურმე მმართველი პარტია, და ამბობენ, რომ ახლა ნავთი არის ურიგოდ, მასაც მბობენ, რომ არ არის იგი ურიგო. - მაგრამ ვაგზალზე ის რვა თეთრით არის იაფი, თუმცა რიგია. - ვაი სირცხვილო, ქალო ვაგზლად რამ წაგიყვანა? იქნებ ცირკთანაც აიარე, იყიდებაო თურმე იქ გაზი. წარმოდგენებსაც აჩვენებენ, ჩამოსულაო ფრანგული დასი. - მე მინდოდა რომ გამეწია ეკონომია, მსმენია შენგან ეს ცხოვრება ფულთა ომია. - წუხელ სად იყავ? - მეტროში დენი გამოირთო, ვაგონში ვიყავ, ნავთის ბიდონზე მედო ხელი და მით ვთბებოდი. - მეტრო ჯერ კიდევ არ მიაყიდეს ამერიკელებს? - არა ძვირფასო, ჩვენი მეტრო ოთხმოცდახუთი სანტიმეტრი აღმოჩნდა მხოლოდ. - ახლა ისიც თქვი ამ არჩევნებზე, ჩემს არ ყოფნაში, ხმა ვის მიეცი? – იძაბება სიტუაცია. როგორ არის: „ძირს დაძაბულობა, დაძა-დაძაბულობა!” - მე, მე არავისთვის არ მიმიცია. - ჰა, ჰა, ჰა და კიდე ერთი ჰა. ეს არის შენი პატრიოტული სულისკვეთება და ფერთა გამა?! ოოო, გული მტკივა, ნეტა რა ღირს კარდიოგრამა?! – ტკივილი მოღალატის ხანჯალივით მისერავს გულს... - არ გინდა კაპლი? – დეზდემონამ ლამის იტიროს... - კაპლიო? დედაკაცო, არარაობა უნდა გერქვას შენ! მართლა რა გქვია, ან ვინა ხარ? აქ საიდან გაჩნდი? იქნებ პატარა ყვავილი ხარ, გინდა მოგწყვიტო? – მგონი გავრეკე... - დეზდემონა ვარ! - დარდიანი გაუხდა სახე შეშფოთებულს... - ააა, გამახსენდა და ისიც მახსოვს ამ ხელებმა უნდა დაგახრჩოს! – ამ მომენტში ჭაბუკიანი რო ასრულებდა ოტელოს როლს მაღლა აღმართული ხელებით რო ტრიალებდა გაგიჟებული, მეც ისე გავაკეთე მეტი ტრაგიკულობა რომ მიმეცა სიზმრისთვის... ვაგრძელებ: - მაგრამ მოიცა, შენ არა ხარ ამ ხელთა ღირსი, შენ უნდა მწარე წამებით მოკვდე! აჰა, თურქული შოკოლადი, ჭამე ორგულო - ნახევარი, ნახევარიც მე დამიტოვე, რაღა მინდა ცოდვილ მიწაზე! – ვაძლევ თურქულ შოკოლადს, აზრზე არ ვარ საიდან მქონდა ჯიბეში, სიზმარში ყველაფერი შეიძლება მოხდეს... ან უცხოპალნეტელები... - რაკი არ გჯერა რომ უბრალო ვარ, მიჯობს რომ მოვკვდე! – დეზდემონა დემონსტრაციულად ჭამს ნახევარ შოკოლადს, შიოდა ალბათ საწყალს, მეცოდება უკვე, მეორე ნახევარს მე ვჭამ და ვამბობ - დანანებით: - გემრიელია, ტკბილიც არის, თუმც საწამლავი გინდაც ტკბილი საზიზღარია. მაგრამ მოიცა! რომ აღარ ვკვდები, შენც, შენც ცოცხალი ხარ, იქნება თურქმა დათუნია შემოგვაპარა?! – მეც რაღაც ლოიალობა შემომეპარა, კეთილი ოტელო გავხდი... ერთი-ორჯერ ხელზეც ვიჩქმიტე, უცებ მომენატრა სიცოცხლე... ნუთუ მართლა ცოცხალი ვარ?! - ჰო, ცოცხალი ვარ, ოღონდ მომკლა შენმა ეჭვებმა! – ახალ ინვაიტ-მენეჯერს თუ დეზდემონას ლამის არის ცრემლები წასკდეს... - რაკი გადავრჩით არა მჯერა, ავი ჭორების და ჩურჩულების, ო, დეზდემონა მიყვარხარ და გეამბორები... და გამეღვიძა... მეკოცნა მაინც არის, რა... ბედი არ გინდა, სულ ასე საინტერესო ადგილას მეღვიძება... გინდაც ოტელო ვიყო და გინდაც კუნძულის მეფე... დილაა. კარები გავაღე, უცხოპლანეტელებმა დამიტოვეს იქნება რამე-მეთქი. სარეკლამო განცხადებების უფასო გაზეთიც არ იყო... ეეე, იმათაც დავავიწყდი. წავედი... ფასიანი რეკლამა უნდა გავაკეთო რომელიმე გაზეთში... „..ახალგაზრდა კაცი, არაორდინალური აზროვნებით და უმაღლესი განათლებით, ეძებს სამუშაოს... მაქვს ინვაიტ-მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის ექვსთვიანი სტაჟი...”
17.07.2008 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ლამაზი იუმორით გაჟღენთილი პროზა... ლამაზი იუმორით გაჟღენთილი პროზა...
14. კარგი იყო ნამდვილად ამ ბნელღამობის ჟამს:D კარგი იყო ნამდვილად ამ ბნელღამობის ჟამს:D
12. თავიდან საინტერესოდ დაიწყო, თუმცა ბოლოსკენ, რაც ის ოტელო გამოჩნდა, ეტყობა მუზაც დაფრთხა. არადა აშკარად იგრძნობა, რომ ავტორს ნიჭი აქვს
აქ 3 ქულა
ისე კი, ალბათ პროზის მაგივრად იუმორისტული ჟანრი უნდა იყოს თავიდან საინტერესოდ დაიწყო, თუმცა ბოლოსკენ, რაც ის ოტელო გამოჩნდა, ეტყობა მუზაც დაფრთხა. არადა აშკარად იგრძნობა, რომ ავტორს ნიჭი აქვს
აქ 3 ქულა
ისე კი, ალბათ პროზის მაგივრად იუმორისტული ჟანრი უნდა იყოს
11. =D> ბრავო, ლევან! ჩემი ერთ-ერთი უნიჭიერესი მეგობარი და ფავორიტი პროზაიკოსი ხარ! 10 =D> ბრავო, ლევან! ჩემი ერთ-ერთი უნიჭიერესი მეგობარი და ფავორიტი პროზაიკოსი ხარ! 10
10. ძალიან ვისიამოვნე,ბევრი ვიცინე,მადლობა! ძალიან ვისიამოვნე,ბევრი ვიცინე,მადლობა!
9. ბედი არ გინდა, სულ ასე საინტერესო ადგილას მეღვიძება... გინდაც ოტელო ვიყო და გინდაც კუნძულის მეფე... დილაა. კარები გავაღე, უცხოპლანეტელებმა დამიტოვეს იქნება რამე-მეთქი. სარეკლამო განცხადებების უფასო გაზეთიც არ იყო... ეეე, იმათაც დავავიწყდი. წავედი... ფასიანი რეკლამა უნდა გავაკეთო რომელიმე გაზეთში... „..ახალგაზრდა კაცი, არაორდინალური აზროვნებით და უმაღლესი განათლებით, ეძებს სამუშაოს... მაქვს ინვაიტ-მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის ექვსთვიანი სტაჟი...”
:) ბედი არ გინდა, სულ ასე საინტერესო ადგილას მეღვიძება... გინდაც ოტელო ვიყო და გინდაც კუნძულის მეფე... დილაა. კარები გავაღე, უცხოპლანეტელებმა დამიტოვეს იქნება რამე-მეთქი. სარეკლამო განცხადებების უფასო გაზეთიც არ იყო... ეეე, იმათაც დავავიწყდი. წავედი... ფასიანი რეკლამა უნდა გავაკეთო რომელიმე გაზეთში... „..ახალგაზრდა კაცი, არაორდინალური აზროვნებით და უმაღლესი განათლებით, ეძებს სამუშაოს... მაქვს ინვაიტ-მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის ექვსთვიანი სტაჟი...”
:)
8. თავიდანვე მაგრად დაიწყო ლევან და.. მერე და მერე მოიტანა.. შენებური.. გაიხარე.. :)
ვაგვიანებ სამსახურში, უფროსი ჩემზე მეტად აგვიანებს და იმიტომო.. მარტო ამისთვის 10 და უამრავი კიდევ ამგვარი ტექსტში..
მახსოვს ეს ის წაკითხული.. ქაშიკას ღვინოთი გაგემრიელებული.. :) :) თავიდანვე მაგრად დაიწყო ლევან და.. მერე და მერე მოიტანა.. შენებური.. გაიხარე.. :)
ვაგვიანებ სამსახურში, უფროსი ჩემზე მეტად აგვიანებს და იმიტომო.. მარტო ამისთვის 10 და უამრავი კიდევ ამგვარი ტექსტში..
მახსოვს ეს ის წაკითხული.. ქაშიკას ღვინოთი გაგემრიელებული.. :) :)
7. ჩემი საყვარელი ავტორი.. უკმარისობის გრძნობა დამრჩა.უკეთესები ვიცი მისი.დიდი პატივისცემით... ჩემი საყვარელი ავტორი.. უკმარისობის გრძნობა დამრჩა.უკეთესები ვიცი მისი.დიდი პატივისცემით...
6. კარგი რამეა მარა თითქოს ცარიელია. 4 კარგი რამეა მარა თითქოს ცარიელია. 4
5. მომეწონა ლევან...:) მომეწონა ლევან...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|