ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პროზა
28 ივლისი, 2010


რეისი - ილუზია

 


  ეს ჯერ კიდევ ის პერიოდი გახლდათ, როცა შემოდგომა ძალებს იკრებდა და ზამთარზე იყო ორსულად. გაგეღიმათ? მაშინ არც კი ღირს ამ ამბის გახსენება, რადგან ვერაფრით გაიგებთ სად არის უტოპია და სად რეალობა მძლავრობს. ნუ გეწყინებათ, თქვენ კი არა, მეც კი მიჭირს ამ ორომტრიალში გარკვევა.
ამიტომაც უბრალოდ ჩამოჯექით, თუკი უჩვეულო ამბების წაკითხვა სიამოვნებას გგვრით.
სად გახლდით? დიახ, ეს ჯერ კიდევ გვიანი შემოდგომა იყო, რომელიც ორსული ქალივით ჭირვეულობდა და არაფრით სურდა დაეთმო ასპარეზი ზამთრისთვის, არადა სიცივე უკვე იგრძნობოდა მის ამოსუნთქვებში.
ზუსტად ის წუთი იყო, როცა ვაგონები ხმაურით იწყებდნენ დაძვრას ადგილიდან და გამცილებელთა ემოციური შეძახილები აყრუებდა არე–მარეს.
იმ დღესაც, როგორც უწინ, იყო რამოდენიმე ადამიანი, რომელთაც მხოლოდ მარტოობა მისტიროდა ბაქნიდან.
                                                   



                                              გზა - არსაით
                                            რეისი – ილუზია



  "ადგილები აქა–იქ ცარიელი გახლდათ. მოგეხსენებათ რა დროა, ყველა თავის თავშია გამოკეტილი და ვერაფრით აიძულებთ თავიანთი პრინციპების იქით დაინახონ რამე.
ამიტომაც ამ ცარიელ კუპეში მხოლოდ ერთი ქალბატონი იჯდა.
მომცრო ჩანთა მუხლებზე დაედო და როგორც ძვირფას საკუთრებას ისე ჩაბღაუჭებოდა.
ტალღოვანი თმა მაღლა აეკეცა და მხოლოდ მარჯვენა ყურთან შერჩენოდა ურჩი დალალი. ფანჯრისთვის გაეშტერებინა მზერა და ტუჩები საქმიანად მოეკუმა. იფიქრებდით, სამყაროს მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავსო.
ბაქანზე თავისი განუყოფელი 2 ნაწილი დატოვა, – მარტოობა და ტკივილი.
ისე, სიმართლე რომ ითქვას, ტკივილი იმდენად ჩაზრდოდა სიმსივნესავით, რომ მისი მეტასტაზები ახლაც ჩარჩენოდა სხეულში, თუმცა ამას არად დაგიდევდათ, თავი ამაყად აეწია და საკუთარი ფიქრებისგან დახსნას ცდილობდა.
გიშრისფერი თვალები დაცარიელებოდა თითქოს, მხოლოდ სუსტად ფეთქავდა მათში სიცოცხლე.. ისე, როგორც ვარსკვლავი თრთის, სანამ ზეცას მოსწყდება სურვილად.
ეს შავსამოსიანი ქალბატონი კუთხეში მიმჯდარიყო, ფანჯარასთან ახლოს და ვერაფრით გადაეწყვიტა, რომელ გაჩერებაზე ჩამოსულიყო.
არადა ეს ყველაფერი მეტად მაცდუნებელი გახლდათ, “გზა არსაით, რეისი ილუზია”, ძნელია საკუთარი სურვილით გამოირეცხო თვალები ილუზიისგან, როცა ცხადი ასე უკვალოდ გკარგავს.
არა, ქალი ვერაფრით წარმოიდგენდა რომ ამ კუპეში აღმოჩნდებოდა და ამ კუპეს ილუზიისფერი სახელის მიუხედავად ასე ცხადად დასცინებდა თავის თავს.
დიახ, ქალს მოკუმული ბაგეები მოდუნებოდა და დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა დაუდევრად.
“დღეები უშენოდ კარგავენ მისამართებს..”
მოაგონდა და ღიმილი დაუცურდა ტუჩებზე. უმისამართო მონატრება ყველაზე საშინელია, რადგან ვერაფრით გაუშვებ ჯანდაბაში. ეს ფაქტი ერთობ უჩრდილავდა განწყობას, მაგრამ ვერაფრით დაუშვებდა ამ კუპეში მაინც არ ყოფილიყო ყველაფერი ისე, როგორც სურდა.
ალბათ, წლების მერეც ვერაფრით დაიჯერებს, რომ მხოლოდ მისი სურვილით არ შემოვიდა  კაცი კუპეში.
მეტად უჩვეულო განცდა დაეუფლა, მთელი არსებით იგრძნო როგორ ჩამოჯდა მის წინ მამაკაცი, არადა დაიფიცებდა რომ მის სახეს ვერაფრით ხედავდა.
ერთხანს მიაჩერდა და მერე შეცბუნებულმა გადაიტანა მზერა შემოდგომისფერ სივრცეზე, რომელიც ფანჯრიდან უცქერდა.
ადამიანები უსახონი მაშინ ხდებიან, როცა დიდ ტკივილს ატარებენ თვალებით, ამ დროს მათი სახე დარდით იმოსება და ვერაფერი აღწევს მის მიღმა.
შესაძლოა კაცს მართლაც დარდი ჰქონდა სახეზე ნიღაბივით აკრული, მაგრამ იგი მშვენივრად ხედავდა შავსამოსიან ქალბატონს, რომელსაც ტკივილის საცეცები ჩარჩენოდა სხეულში და ვერ ამოეკვეთა ბოლომდე ეს არაადამიანური განცდა.
დუმილი გაწოლილიყო მათ შორის და გეგონებოდათ ვერცერთი ბედავდა მის დარღვევას.
ბოლოს ისევ უსახო კაცმა ამოიღო ხმა.
– ადამიანები ყოველთვის იქ ჩნდებიან, სადაც უნდა იყვნენ, უბრალოდ ამას მხოლოდ მაშინ ხვდებიან, როცა უკვე წასვლის დრო დგება. თქვენც მათ რიცხვს ხომ არ მიეკუთვნებით, მშვენიერო ქალბატონო?
ქალს მუდამ ეგონა რომ ბედნიერებას ტკბილი გემო ჰქონდა და რადგან თავად ვერ იტანდა სიტკბოს, ცდილობდა გაქცეოდა მას. სხვებისთვის იმდენად გაუგებრად ჟღერდა ეს მოსაზრება, რომ ქალი მარტოობას იმიზეზებდა დამფრთხალი ბედნიერების  ასახსნელად. არადა ამ კაცს საოცრად ტკბილი ხმა ჰქონდა..
ქალი თითქოს ელოდა ამ შეკითხვას. ყველაფერი ისე ძალიან ეცნობოდა, რომ ვერაფრით დაიჯერა, თითქოს ეს კაცი მხოლოდ მისი სურვილით შემოვიდა კუპეში.
მაინც არ მოაშორა მზერა ფანჯარას ისე უპასუხა.
– მშვენიერება უგუნურების მახეა და თუკი მის იქით ვერაფერს ხედავთ, შეგიძლიათ საერთოდ დატოვოთ ეს კუპე.
მკაცრად გაჟღერდა ქალის ხმა. კაცს ღიმილი მოაწვა ტუჩებზე.. დიახ, ვერაფრით ხედავდა ქალი მის სახეს და ამის მიუხედავად მთელი არსებით იგრძნო როგორ სურდა გაღიმება მამაკაცს.
– თქვენ ვერ ხედავთ ჩემს სახეს და მიუხედავად ამისა მაინც გრძნობთ ჩემს ყველა ემოციას, როგორ გგონიათ, მე ვერ შევძლებ ვუყურო ამ მშვენიერ ქმნილებას და მის მიღმა დავინახო მისი გაცრეცილი სული?
ქალი მიყუჩდა. ეცადა წარმოედგინა როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო გაცრეცილი სული და რადგან ვერაფრით მისცა სულს ფორმა, რომ შემდეგ ის გაეცრიცა, ადგა და ყველაფერი ვაგონის სახელწოდებას გადააბრალა. ადვილია აქციო ილუზიად ის, რაც გემძიმება სატარებლად, საფიქრალად..
კაცს, რომელსაც ლამაზი ხმა აქვს, შეუძლებელია სახე არ ჰქონდეს..
ქალმა თვალები დახარა, თითები ერთმანეთს გადააჭდო და უფრო მეტად ეტკინა სხეულში ჩარჩენილი მეტასტაზები.
პირში სიმშრალე იგრძნო, ყელში გაჩხერვოდა სათქმელი და მაინც ვერაფრით ახერხებდა ეთქვა ის, რაც სურდა.
კითხვაზე, “რის თქმას ისურვებდა ეს მშვენიერი ქალბატონი?”, პასუხი არცერთ მათგანს ჰქონდა.
ორივეს რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთის აზრებს დაყვებოდნენ კუდში და მაინც ვერაფრით იჭერდნენ მათ.
ფანჯრიდან გვიანი შემოდგომა შეყურებდათ ქურდულად და ხანდახან გაბრაზებული მათ დუმილზე, ქარიშხლად ასკდებოდა მინებს.
– მეტყვით რამე ისეთს, მე რომ გამაოცებს და თქვენ რომ გაგეფიქრებათ, რატომ ვუთხარიო?
დაეკითხა ქალი. აშკარად ღელავდა, მისი ფიქრები უკვე ისე არეულიყვნენ ერთმანეთში, რომ თავსა და ბოლოს ვერ მოძებნიდით. მაინც არიდებდა თავს ქალი კაცისკენ გახედვას და თუმცა ძლიერ სურდა მისი თვალების დანახვა, მხოლოდ მის ფეხსაცმელებს შეყურებდა და ვერაფრით აეწია თავი მაღლა.
ისევ იგრძნო ის უცნაური ღიმილის სურვილი.
– ჩვენ შემთხვევით, ერთ მატარებელში და სხვადასხვა კუპეში აღმოვჩნდით... ახლა თქვენს კუპეში ერთ ფანჯარას ვიყოფთ და ვსაუბრობთ სანამ ჩვენი სადგურები ჯერ კიდევ შორსაა.  ამ სიტუაციას კი გახსნილი საუბარი ახასიათებს, იმის გარანტიით, რომ იქვე დარჩება, იმ ბაქანზე, სადაც უკანასკნელად დავუქნევთ ხელს ერთმანეთს... და არა აქვს მნიშვნელობა ვინ ჩავა და ვინ კუპეში ამობრუნდება.
ძალიან ეცნობოდა ქალს ეს ტკბილი ხმა, არც ამ კაცის სიმშვიდეში გაბნეული მკვეთრი ბგერები იყო უცხო. იმდენად შეიპყრო ქალი ამ აზრმა, რომ წუთით მტკიცედ დაიჯერა თავისი სიმართლე. შესაძლოა ეს კაცი სრულებით არ იყო უსახო და ქალს ჰქონდა თვალები ახვეული. თავისი უნებურად გაჩენილი სიმართლე იმდენად დამაჯერებლად ჟღერდა, რომ ქალს ღიმილი გაუკრთა და ჩვეული ქალურობა გადაეფინა სახეზე.
– ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შესაძლოა თქვენ სრულებითაც არ ხართ უსახო და ეს მე მიკეთია თვალებზე სახვევი.
შემდეგ წუთიერი პაუზა გააკეთა, გეგონებოდათ კაცის თანხმობას ელისო. მერე კი ჩვეული ტონით განაგრძო.
– თქვენ კი, ასე მგონია, მხედავთ. მე ვცდილობ ჩემი თვალების არსებობა დაგაჯეროთ, რათა თავად მომხსნათ სახვევი... ჩემი ჩამოგლეჯვით თქვენს სურვილს, "ვიყო თვალებახვეული", უგულებელვყოფ და ეს არ მსურს. ამასთანავე გარკვეული აზარტიც დაიკარგება, თუკი მე თავად ჩამოვიხსნი მას. ამ ეტაპზე კი მხოლოდ ერთი რამ მინდა... მომიკიდეთ სიგარეტზე, რადგან თავად თვალებახვეული ვარ.
ჩანთიდან ღერი სიგარეტი ამოიღო და კაცისკენ გადაიხარა.
ცალ მხარზე შავი მოსასხამი ჩამოცურებოდა და შიშველ ყელზე წვრილი, ცისფერი ძარღვები უთრთოდა. ღრმა ნაფაზი დაარტყა და ისევ ფანჯარას გახედა, ამჯერად ღიმილიანი სახით."






  ცოტათი ადრე, სანამ ვაგონში აღმოჩნდებოდა, ქალმა სახლში ყველაფერი დალეწა, ნივთებზე გადაჰქონდა ბრაზი და მათი განადგურებით თავის უმწეობას ებრძოდა. გატეხილ ნივთებს დარდებსა და ტკივილებს ატანენო და ამ სულელური იდეით შეპყროლი გზად ყველაფერს ანადგურებდა. როცა მიხვდა, რომ ყველაფერი დალეწა, კედელს მიეყრდნო და ღონემიხდილი ჩაიკეცა.
მისი დარდები უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ნივთები.
არასოდეს ჰქონია ტირილის უნარი და ახლაც ვერაფრით მოახერხა ცრემლებისგან დაცლა, არადა გრძნობდა როგორ უჭერდა რაღაც ყელში და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
რა საშინელებაა გრძნობდე ტკივილის მსვლელობას მთელ სხეულში და ვერაფრით შეძლო მისი ამოკვეთა. გრძნობდა დაუცლელი სურვილები როგორ დუნედ მიედინებოდნენ სისხლძარღვებში, ტვინი კი თითქოს გადამწვარიყო.
ტუჩები უთრთოდა, მაგრამ ვერაფრით გამოეთქვა ის, რაც ასე აწუხებდა და ღრღნიდა.
მსუბუქად წამოიმართა, დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა სავარძელს და მოწყვეტით ჩაეშვა. სიგარეტს მოუკიდა, მაგრამ სახე თითქოს გაქვავებოდა.
ასეთი ბურუსიანი სიმშვიდე ერთგვარი შესვენებაა ტკივილებს შორის.
შავი თმა დაუდევრად ეყარა ზურგზე და გაფითრებული თითებით მშვიდად ეწეოდა სიგარეტს.
მაშინ დაიფიცა, რომ არასოდეს იქნებოდა მთლიანობის ნაწილი და საკუთარ თავზე გაეცინა, რადგან დაპირებებს ვერასოდეს იტანდა.
ამრეზით უყურებდა დალეწილ ნივთებს და ვერაფრით გაეგო როდის მოხდა ეს ყველაფერი.
ეს იყო გუშინ? შესაძლოა დღესაც.. დროის ათვლა მაშინ შეწყდა, როცა საკუთარი ხელით გამოჭრა ყელი გრძნობებს.
გრძნობები, სხეულში ნაზარდი ჩვილივით მოკლა..
არსებობენ ასეთი ქალებიც, რომლებიც მკვლელობას გადარჩენის მიზნით სჩადიან. ესეც გამოუვალი სიტუაცია იყო, სადაც ყოველი წუთი საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებოდა.
აკი დაუჯდა კიდეც, ისე ჩაეზარდა ტკივილი, რომ მალე ალბათ მისი ყრუ ფეთქვა შეშლიდა.
სიგიჟე.. ესეც არ იქნებოდა დიდი პრობლემა, შემთხვევით ზღაპარი ფეხქვეშ რომ არ გაეთელა. ეს კი მეტისმეტი აღმოჩნდა, როგორ შეიძლება საკუთარ თავს სუნთქვის საშუალება მოუსპო? არადა რა არის ქალი ზღაპრის გარეშე..
სიგარეტი საფერფლეს მიასრისა და თვალდახუჭულმა თავი მიაყრდნო სავარძელს.
მაინც მოსწონდა ამ ყველაფერში რაღაც.. არა, თვითგვემა დიდი ხანია დაივიწყა, უბრალოდ იყო ამ ტკივილში რაღაც იმდენად ლამაზი, რომ ქალს ატყვევებდა.
ხელი ჩაიქნია.. ჭკვიანი ადამიანები სიტუაციას ერგებიან და არა ხისტად ებრძვიან ცხოვრების შემთხვევითობებსო.
მოერგო, ისე მოერგო რომ ლამის სახე დაკარგა.
რა საშინელებაა ჰგავდე ყველა ქალს და ისე მოკვდე, რომ არცერთ ზღაპარში არ გაცოცხლდე.
ეს თრგუნავდა, ისე თრგუნავდა რომ ტუჩები მოკუმა უნებურად.
სწრაფად გაახილა თვალები, კვლავ სახლში იყო, სადაც რამდენიმე წუთის წინ ყველაფერი დალეწა.
განსხვავება მხოლოდ იმაში გახლდათ, რომ ვეღარ გრძნობდა სხეულს, მხოლოდ მასში ყრუდ მფეთქავი ტკივილი ახსენებდა არსებობას.
რა უცნაურია გტკიოდეს მთელი სხეულით და ეს ტკივილი  საოცრად ლამაზი გეჩვენებოდეს.
ხელი ჩაიქნია თავის თავზე და ხარხარი აუტყდა.
იმდენი იცინა თავის სულელ თავზე, რომ ბოლოს ხმამაღალი სიცილი ჩუმ ტირილში გადაუვიდა.
შესაძლოა არ გქონდეს ტირილის უნარი, მაგრამ საკუთარი ტკივილით მოხიბლული, შენს უცნაურობას დასტიროდე.







  შეღამებას ცოტა უკლდა, ზუსტად ის დრო იყო, როცა ღამის ნისლი მთელ ქალაქს ეფინება და შავ–ბნელ ბურუსში ხვევს.
კაცი სახლისკენ მიდიოდა ჩქარი ნაბიჯით, გეგონებოდათ ცდილობს ვინმეს მიუსწროსო.
ცარიელ ბინაში არავინ ელოდა.. და მაინც მტკიცე ნაბიჯებით მიიჩქაროდა შინისაკენ.
ჭაობისფერი თვალები დაბლა დაეხარა და თავის ნაბიჯებს არეული მზერით დასცქეროდა.
როგორც იქნა მიაღწია და კარი გასაღებით შეაღო.
სახლში ყბადაღებული მარტოობა დაუხვდა. შუქის ანთება არც უფიქრია, პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
ღია ფარდებიდან ფერმკრთალი შუქი შემოდიოდა.
გაზქურაზე წყალი შემოდგა და იქვე ჩამოჯდა. ახლა–ღა იგრძნო როგორ გადაღლილიყო, მაინც არ შეიმჩნია ქურდულად შემოპარული დაღლილობა და თვალებით სიგარეტის ძებნა დაიწყო.
აგერ შენიშნა კიდეც დაჭმუჭნული კოლოფი.
წამოდგა და სწრაფად მოუკიდა. ისე ხარბად შეისუნთქა ბოლი, როგორც მომაკვდავი ებღაუჭება ჰაერის ყოველ ნაგლეჯს.
გაყუჩდა.. იდგა შუქჩამქრალ ოთახში კაცი და ისე ძალიან სურდა გაღიმება, რომ სიმწრისგან ტუჩები მოეკუმა.
რაღაც არ უშვებდა.. ვერაფრით შეძლო გაღიმება და სახეზე საცოდავი უნიათობა გამოესახა.
კაცს უკვირდა, როგორ შეიძლება გინდოდეს რაღაც მთელი გულით და ვერ ახერხებდე ამას?
მერე გაახსენდა როგორ გულით სურდა დღეს დილით ქალისთვის ბედნიერების დატოვება კარის ზღურბლთან, მაგრამ ვერაფრით მოახერხა ეს.
ძნელია უყურებდე ქალს და მის თვალებში შენი სახის ნაცვლად ტკივილს ხედავდე.
ჩაიდანი გამორთო და სურნელოვანი ყავა გაამზადა. სიბნელეში ერთი ჭიქის დამტვრევაც მოახერხა და ზოგიერთი სულელი ქალივით, დარდები გააყოლა მას.
ამ შემთხვევის გამო ყველა თავისი საწუხარი გაახსენდა და წარმოიდგინა რამდენი რამის დალეწვა მოუწევდა, რომ ეს ყველაფერი მოეშორებინა.
ისევ გაღიმება მოუნდა თავის სულელურ ფიქრებზე და ისევ ვერაფრით მოახერხა.
კვლავ მოუკიდა სიგარეტს და ნაღვლიანი მზერა გააყოლა მის ბოლს.
გინდოდეს რაღაც გულით, არ ყოფილა საკმარისი სურვილების განსახორციელებლად. მხოლოდ ორი ადამიანის ერთობლივი სურვილი აქცევს რეალობად იმას, რაც ერთი შეხედვით ვერასრულებადია.
არადა დიდს არაფერს ითხოვდა, უნდოდა ღიმილი თავისთვის და ქალის სახლის ზღურბლთან ბედნიერების დატოვება.
თვალები ჩაუმუქდა და თუმცა ძალიან უჭირდა საკუთარ თავს გამოსტყდომოდა ამაში, მაინც აღიარა.
ქალს აღარ სურდა ამ კაცის ღიმილი და ეს კაციც ვერაფრით წარმოიდგენდა ამ უცნაურ ქალს სხვასთან ბედნიერს.
ყველაზე სასაცილო ის გახლდათ, რომ არცერთს სურდა ეს ორი რამ ერთი–მეორის გარეშე.
ქალი ხომ ამ კაცის ღიმილით იყო ბედნიერი და ამ კაცს კი ქალის ბედნიერება აღიმებდა.
ისე დაწვა რომ შუქი არ აუნთია, დიდ ხანს იბორგა ლოგინში და ბოლოს ძილმა წაართვა თავი..







  "ისევ ვაგონში ისხდნენ. ქალს არ მოუშორებია მზერა ფანჯრისთვის, უხმოდ ეწეოდა სიგარეტს.
თავის ყოველ ნაკვთზე გრძნობდა კაცის მზერას.
ახლა, ამდენი ხნის შემდეგ, ამ კუპეში ისხდნენ და განგებ, თითქოს ვერაფრით გაეხსენებინათ საიდან იცნობდნენ ერთმანეთს.
ბოლოს კაცმა გადაწყვიტა.
– შენ ჩემი ასლი ხარ, ან მე ვარ გარდაქნილი შენ და მე ეს სრულებით არ მომწონს.
უცებ გადავიდა “შენობით” საუბარზე და ხმაზე დაეტყო, რომ ეს მართლა აწუხებდა.
ქალი მიხვდა კაცის საწუხარს და წუთით ინანა კიდეც ამ კუპეში ყოფნა.
ისე ძალიან ინანა, რომ ცრემლები მოადგა თვალებზე. თავადვე გაუკვირდა ეს, რადგან ტირილის უნარი არ გააჩნდა.
მატარებელმა თითქოს სიჩქარეს უმატა და ახლა ისე სწრაფად იცვლებოდა კადრები ფანჯარაში, რომ ქალმა თავბრუსხვევა იგრძნო.
თვალები დახუჭა და შეეცადა გაეხსენებინა ის დღე, როცა ყველაფერი დალეწა და საკუთარი გრძნობების მკვლელი გახდა.
ვერაფრით მოახერხა. თავი გააქნია ფიქრების მოსაშორებლად და თვალები გაახილა.
კაცის ჭაობისფერ თვალებს გადააწყდა და ვერაფრით მიხვდა, მანამდე სახვევის გამო ვერ ხედავდა მათ, თუ უბრალოდ მისი სახის გახსენება გაუჭირდა ამდენი ხნის შემდეგ.

("გზა არსაით”
“რეისი – ილუზია”)

– ჩვენ ერთ კუპეში საკუთარი სურვილით მოვხვდით და თუმცა არ ვიცით, რომელი ჩვენგანი დარჩება ვაგონში და რომელი ჩავა, მე ზუსტად ვიცი რომ შენ ისევ შეგეძლება ღიმილი, რადგან სადაც არ უნდა ვიყო, ამ ღიმილით გავბედნიერდები.."




“დღეები უშენოდ კარგავენ მისამართებს”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები