ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: პროზა
2 აგვისტო, 2010


ბავშვობისაკენ მიმავალ გზაზე

ზაფხულის ერთ საღამოს ბავშვობის მეგობრები ტელეფონით შეეხმიანნენ ერთმანეთს, თავისუფალი დრო გამოსჩენოდათ და რამდენიმე დღით ქალაქის სიცხისაგან თავის დაღწევა და მშობლიური სოფლის მონახულება გადაწყვიტეს. მეორე დღეს ადრიანად გაუდგნენ გზას ბიძინას მანქანით. საჭესთან თვითონ ბიძინა იჯდა, მის გვერდით დიდი და სქელი სიმონა ჩაჭედილიყო, უკან თანდილა და ლეო ისხდნენ.
სიმონა ნამთვრალევი იყო და მცხეთაში გაჩერდნენ, - ნაგვიანევი ხაში მიირთვეს.
- შენი ამბავი რომ ვიცი, დღეს მარტო ამას არ დაგვაჯერებ, კიდევ გაგვაჩერებ სადმე გზაში, - გაუღიმა სიმონას თანდილამ.
- რას ამბობ, ეს რა არის? კიდევ გავჩერდებით, მაგრამ სანამ ჩვენი ხეობისკენ არ გადავუხვევთ, მანამდე სუფრასთან არ დავჯდები, - თქვა სიმონამ და ისევ დაძრეს მანქანა.
სოფლის ამბებზე გააბეს საუბარი. ბავშვობა მოიგონეს, ერთად გატარებული წლები, მეზობლები და ახლობლები. სიმონამ ისევ ჭამა-სმაზე გადაიტანა სიტყვა, ოღონდ სოფლის თემას არ მოსცილებია.
- რა გემო ჰქონდა, ბიჭო, ყველს რომ შევწვავდით ხოლმე ბავშვობაში, ნახირის მწყემსობისას! სუფთად გათლილ თხილის სამწვადეზე აგებული და დაბრაწული ყველი გახსოვთ? თან რო გშია, ტყეში ხარ და მეტი არაფერი გაქვს. მერე თანაც სხვადასხვა ძროხის ყველი სხვადასხვანაირად იბრაწებოდა და სხვადასხვანაირი გემო ჰქონდა. ლეოს ყველი, ლეოსი კი არა, მისი ძროხის ყველი ღია მოწითალო წერტილებს იკეთებდა; შენი ძროხისა, - ბიძინასკენ მიაბრუნა თავი, - უფრო წაბლისფერს იღებდა, ერბოიანი იყო და სამწვადეზე ძნელად კავდებოდა; ჩემი  და თანდილას ძროხების ყველი უფრო მკვრივი იყო, შედარებით თხლად უნდა დაგეჭრა, რომ შებრაწულიყო. შინ გვეუბნებოდნენ, ყველის  შეწვა არ შეიძლება, ძროხა აღარ მოიწველისო...
- რაღა ყველი მოგაგონდა, კალმახი ცოტა დაგვიჭერია და შეგვიწვავს? - თქვა თანდილამ.
- კალმახი? აბა, ბიჭო!.. არა, იქ, ტყეში შემწვარს სხვა გემო აქვს, თორემ კალმახსაც შევაწვევინებთ, როცა გავჩერდებით, იქნება სადმე.
- სოკო არ დაგავიწყდეთ, სოკო! - ჩაურთო ბიძინამ.
- სოკო ხომ იქნება და იქნება. ჯერ გზაში, მერე ჩვენთან, სოფელში. თქვენ გიყვართ ტყეში სოკოზე სიარული, - ბიძინას და თანდილას მიხედა სიმონამ, - სოკო, წიწილები ნიორსა და ნიგოზში, ხაჭაპური, წითელი ღვინო და... კიდევ რა გვაქვს? - შეყოყმანდა სიმონა.
- კიდევ რა გვაქვს და გაყიდულ-გაჩანაგებული ქვეყანა. დავსხდეთ და ვიქეიფოთ, ჩემო სიმონა, სანამ ზემო იმერეთშიც არ ამოვა ვინმე გადამთიელი და იმ წითელღვინიან ჭიქასაც არ გამოგვაღლიტავს ხელიდან, - ირონიით ჩაილაპარაკა ლეომ.
- კაი ახლა, ნუ დაიწყე შენებურად. რა ვქნათ აბა, თავი მოვიკლათ? სწორედ მტრების ჯინაზე მამაპაპურად ვიქეიფებ მუდამ. ჩვენს მტრებს არა აქვთ მაგის შნო და ნურც მისცეთ ღმერთმა. ესეც ჩვენი წესია, იქნებ ეს გვაძლებინებს, თუმცა ვინ იცის... - სიტყვა გაწყვეტა სიმონამ და გაყუჩდა, მერე უკან გადასწია თავი, თვალებიც მილულა თითქოს.
სხვებსაც აღარ გაუგრძელებიათ საუბარი, ფიქრებს გაჰყვნენ ცალ-ცალკე. გორს იყვნენ გაცილებულნი, როცა ისევ სიმონამ დაარღვია მდუმარება:
- რა მოგივიდათ, კაცო, ჩაგეძინათ? ხომ არსად შევჩერდეთ, ცოტა წავიხემსოთ, აბა, ჩვენსკენ როდის გადავუხვევთ?
- არა, არა, რა დროს გაჩერებაა? - წამოიყვირეს ბიძინამ და ლეომ.
- კაი, კაი, ხეობაში რომ შევალთ, იქა სჯობია. იქ უკვე სიგრილე იქნება, გავუყვეთ იმ პატარ-პატარა დუქნებს და არ დამიწყოთ მერე, გვეჩქარებაო. არსად არ მეჩქარება მე.
ისევ გაჰყვნენ საუბარს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გადაუხვიეს მთავარი გზიდან და ხეობაში შევიდნენ.
- აი, აგრილდა, ბიჭებო, აგრილდა. აბა, საიდან დავიწყოთ? ჩვენ სოფლამდე ორიოდე საათის სავალია და სულ ქეიფით უნდა გატაროთ. თუმცა ვინ იცის, მივალთ დღეს? არა მგონია, ისეთი სიზმარი მაქვს ნანახი, შეიძლება დავრჩეთ კიდეც ამაღამ საქეიფოდ სადმე.
- სად უნდა დავრჩეთ, მივალთ, აბა, სად წავალთ? - შეეპასუხა თანდილა.
- ნუ დამიწყებთ ახლა ჭკუის  დარიგებას, ვიცი, არსად არ გეჩქარებათ, თან მე გეპატიჟებით და პატივი უნდა მცეთ. თუ ვინმეს ძალიან გელოდებიან, დარეკეთ სოფელში და უთხარით, დაგვაგვიანდება-თქო, ვქეიფობთ და თან მოვდივართ-თქო!...
ეს სიტყვები თქვა სიმონამ და უკვე გამოჩნდა პირველი სასაუზმე იმ მრავალთაგან, ახლოახლო რომ ჩამორიგებულიყვნენ ზემო იმერეთიდან თბილისისაკენ მიმავალი გზის ნაპირებზე.
ბიძინამ მანქანა ჩრდილში დააყენა, წყაროსთან. ჩამოვიდნენ, წყალი დალიეს, გაგრილდნენ და სიმონამაც მიუთითა ღელის პირს, რცხილების ძირში მიდგმულ სუფრაზე, - ეგერ დავსხდეთ, მალე მოვალო და სამზარეულოსკენ გაემართა.
ცოტა ხანში სუფრა გაწყობილი იყო: ყველი, მწვანილი, სალათა, ხაჭაპურები, შემწვარი ვარია და მწვადები...
- კალმახი არა აქვთ, - მოიბოდიშა სიმონამ, - კალმახი და სოკო იქით, სხვაგან იქნება. აქ ხომ ვერ მოვრჩებით სადღეგრძელოებს? მომდევნო დუქანში კალმახზე და სოკოზე გავაგრძელოთ, - ჭიქა ასწია და თამადობა დაიწყო.
მისწვდნენ კერძებს, თან საუბარი განაგრძეს. რამდენიმე სადღეგრძელო თქვა სიმონამ, მოეფერა ყველას.
- შეამოკლე ცოტა, - სთხოვეს თანდილამ და ლეომ.
- კარგი, შევამოკლებ, - დაყაბულდა იგი, - ოღონდ დანარჩენი სადღეგრძელოები მომდევნო დუქანში ვთქვათ, - როცა თანამგზავრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, ხელი შემართა, - თქვენი ხმა არ გავიგონო, გზაში გაჩერება რა არის? ეგ კი არა, საღამოსთვის ერთ კარგ სოფელში ნათლიმამასთან ვარ დაპატიჟებული, მარტო ხომ არ წავალ? იქიდან კიდევ ამაღამ ვინ გაგვიშვებს? უკვე იმერეთში ვიქნებით.
ახლა ამაზე დაიწყეს კამათი. ბოლოს დაწყნარდნენ, სიმონას გადაწყვეტილებას დათანხმდნენ და მშვიდი საუბარი განაგრძეს.
- კაცო, რა არის, იცით? - წამოიწყო ბიძინამ, - რომ ვაკვირდები, ასეთი რამ მემართება: სოფელში როცა მივდივარ, ყველაზე მეტად ეს გზა და ჩვენს სოფელთან მალე შეხვედრის მოლოდინი მხიბლავს. ვფიქრობ იქ გატარებულ წლებზე, ბავშვობის ზღაპრულ დღეებზე, გამიგეთ? ქალაქში ხომ გვენატრება სოფელი, რადგან იქ დავიბადეთ და გავიზარდეთ, სოფელში რომ ჩამოვალ, ახლობლებს ვნახავ, მთებსა და ტყეებს დავივლი, ეს ნატვრა ასრულებულია. კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს კმაყოფილება აღარ მომწონს, თითქოს რაღაც მეტს ველოდი და ვერ ვნახე. ყველაზე მიმზიდველი ის მოლოდინით სავსე საათებია, თბილისიდან სოფლისკენ მიმავალი, გზაში რომ ვატარებ. თითქოს სოფელში კი არა, ჩემი ბავშვობისაკენ მივდივარ... მგონი, სისულელეს ვამბობ და გულში გეცინებათ, მაგრამ ასეა და რა ვქნა? იმიტომ აღარ ვაჩქარებ ამ ჩვენს სიმონას. რა გვეჩქარება? არა სჯობია, დიდხანს ვიყოთ ჩვენი ბავშვობისკენ მიმავალ გზაზე?..
- საინტერესო რამე თქვი, - შენიშნა ლეომ.
- ჯიგარი ხარ, ჩემო ბიძინა! ა, ბიჭო, კაცი, არა სვამს, მაგრამ არსად გვაჩქარებს, - ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა სიმონამ მეგობარი, - აქედან წასვლამდე ერთი სადღეგრძელო უნდა შემოგთავაზოთ, - მოდით, ამ გზას გაუმარჯოს, რომელზედაც ახლა ჩვენ ვდგავართ და რომელსაც ჩვენი სოფლისაკენ, ჩვენი ბავშვობისაკენ მივყავართ, ჩვენ გაგვიმარჯოს ყველას, ვინც ამ გზას მივყვებით, - ჭიქა აიღო სიმონამ და გზისკენ გაიხედა.
გზა კი თითქოს თვლემდა შუადღის მზეში და კანტიკუნტად გავლილი მანქანები აფხიზლებდნენ ხანდახან.
წყაროსთან დიდი სატვირთო მანქანა გაჩერდა, უზარმაზარი მორებით დატვირთული. მისმა ხმაურმა სიმონას ხმა დაფარა და ისიც გაჩუმდა, ხოლო როცა მძღოლმა ძრავა გამორთო, მაშინ კი მწყრალად წამოიძახა:
- საიდან მოაქვთ, კაცო, ამოდენა ხეები?!
- საიდან და იქიდან, შენ რომ ბავშვობაში თხებსა და ძროხებს მწყემსავდი, ჩემო სიმონა! - მკვირცხლად უპასუხა მანქანიდან ჩამომხტარმა მძღოლმა, რომელიც მათი სოფლელი გიგილო აღმოჩნდა. იგი ჯერ წყაროსთან მივიდა, რამდენიმე პეშვი წყალი შეისხა პირზე, მერე ჯიბიდან ფართო ცხვირსახოცი ამოიღო და ხელების მშრალებით თანასოფლელთა სუფრისაკენ გაემართა. გადაეხვია ბიჭებს, სუფრასთან დაჯდა, ჭიქა აიღო და ადღეგრძელა ყველანი, ოღონდ ღვინო არ დაულევია.
სიმონამ დაწყებული სადღეგრძელო გააგრძელა და გიგილოს გასაგონად თავიდან ჩამოაყალიბა ყველაფერი.
- რა გზის დღეგრძელობა აგიტყდათ, სხვა ყველაფერი მოილიეთ? - გაეცინა გიგილოს, - ის მაინც მითხარით, საიდან სადამდე ადღეგრძელებთ, რამდენ კილომეტერს სწვდება ეს ერთი ჭიქა? ეჰ, რა ხარ, სიმონა, რა ხარ! რასაც შენ არ მოიგონებ...
- შენ აქ ცხოვრობ, სოფელი არ მოგნატრებია და იმიტომ ლაპარაკობ ეგრე, - უთხრა გიგილოს თანდილამ.
- კარგით, მეჩქარება ახლა მე, თქვენც გაგიმარჯოთ და თქვენი ბავშვობისაკენ მიმავალ გზასაც. მე რა ვქნა, საპირისპირო მხარეს რომ მივდივარ და უფრო ვშორდები სოფელს? - სიცილით დააყოლა და ფეხზე წამოდგა გიგილო.
- ჰოდა, მობრუნდი უკან, შე კაცო, როდემდე უნდა ზიდო ეს მორები და აჩანაგო ტყე?! - შეუძახა სიმონამ.
- ეჰ, ბიჭებო, სხვებმაც გამაგონეს ეგეთი სიტყვები, ტყის ჭრა მე ხომ არ მომიფიქრებია? სხვას ვემსახურები, მე იმისი... თქვენ რა გგონიათ? მეც შემტკივა იმ ტყეზე გული, ჰოდა, გადავწყვიტე უკვე, აღარ გავერიო ამ საქმეში, - მალე ამ მანქანას გავყიდი და სხვა რამეს მოვკიდებ ხელს, - ეტყობოდა, რომ გულწრფელად ლაპარაკობდა გიგილო.
მოიწონეს მისი გადაწყვეტილება, ცოტა ხანს კიდევ ესაუბრნენ და დაემშვიდობნენ.
- ისე, არც გზებზე სუფრების გადაფენით შენდება ქვეყანა, - მიაძახა მოქეიფეებს გიგილომ და მანქანაში ააბიჯა.
სიმონას არ მოეწონა ეს სიტყვები, სადღეგრძელო უხალისოდ დაამთავრა და წამოდგა:
- რა უნდა ახლა მაგას, ნაპარავსა და ნაარმალზე ხომ არ ვქეიფობ? თქვენც კარგად იცით, დღესა და ღამეს ვასწორებ...
- კარგი, თუ ძმა ხარ, - ახლა ის დაამშვიდეს, მერე აიშალნენ და გზაზე, მანქანასთან შეჯგუფდნენ.
წყაროსთან თბილისიდან მომავალი ავტობუსი გაჩერებულიყო. დაბლა ჩამოშლილი მგზავრებიდან ერთი მოხდენილი ქალიშვილი გამოიქცა მათკენ.
- ნახეთ, ნახეთ, ჩვენი იამზე ჩამოსულა! - წამოიძახა თანდილამ.
იამზემ მოირბინა, სიხარულით გადაკოცნა ოთხივენი.
- როგორა ხარ, გოგო, სად დაიკარგე, ხომ არ გათხოვდი იმ გერმანიაში? - ეკითხებიან ესენი, ხან ერთი მოხვევს ხელს და ხან მეორე.
- იქ რატომ გავთხოვდებოდი? მეორედ არ მითხრათ ეგ! - ღიმილით, მაგრამ მკაცრად ამბობს ქალიშვილი.
იამზე მათი მეზობელი იყო, მათზე ბევრად უმცროსი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გერმანიაში წავიდა, იქ სწავლობდა და მუშაობდა, ახლა კი დაბრუნებულიყო სამშობლოში.
- აბა, გადმოდი ჩვენთან, - მოჰკიდეს ხელი და უცებ გადააბარგეს თავიანთ მანქანაში.
- ხომ არ გიტაცებენ, ქალიშვილო? - გადმოსძახა ავტობუსის მძღოლმა იამზეს.
- არა, ბატონო, ახლობლები არიან, - უპასუხა იამზემ.
- იცოდე, ძალიან დაგვენანა შენი ჩასვლა, - ისევ დაადევნა სიტყვა მძღოლმა.
- რამდენს ლაპარაკობს ეს? აიღე შენი ბილეთი და მიხედე მაგ მგზავრებს! - მიახალა მძღოლს სიმონამ.
- კარგი, რა მოგივიდა, რა მოხდა? ახალგაზრდა ბიჭია ისიც, - დაამშვიდა მეგობარი ბიძინამ.
ჩასხდნენ მანქანაში, წავიდნენ, გაასწრეს ავტობუსს.
- აბა, გვითხარი ახლა რამე, - ლეომ უკანა სავარძელზე გვერდით მოისვა მეზობელი. სიმონა უთმობდა წინა ადგილს, მაგრამ არა ქნეს, დიდი ხარ შენ, უკან ვერ დაეტევი და ჩვენც შეგვაწუხებო.
- რა უნდა გითხრათ? - თქვა იამზემ, - ძალიან მომენატრეთ,  ძალიან, ძალიან...
- ახლა უნდა ვეცადოთ, რომ მალე გაგათხოვოთ, თორემ ვინ იცის, იქნებ ისევ მოინდომო იქ წასვლა? - უთხრა თანდილამ.
- არა, იქ აღარ წავალ, ჩემს ქვეყანაში მინდა ცხოვრება, - დარწმუნებით თქვა ქალიშვილმა და ღიმილით დაამატა, - თქვენი დახმარებით გათხოვების იმედი კი ნამდვილად არა მაქვს.
- რატომ, გოგო, რა დაგიშავეთ ეგეთი? - თავი მოაბრუნა უკან ბიძინამ.
- რატომ და ავტობუსში ერთი ბიჭი იჯდა ჩემს გვერდით. კარგი ბიჭი ჩანდა, გამომელაპარაკა, გამეცნო, მაგრამ თქვენ რომ დაგინახეთ და თქვენთან გადმოვედი, ისე დავიბენი, რომ ვეღარც დავემშვიდობე. მასაც თქვენი მოერიდა და აღარაფერი უთქვამს. საქმე ისაა, რომ ეგ ბიჭი თვითმფრინავშიც შევნიშნე. ერთად ჩამოვფრინდით გერმანიიდან. იქ ჩემგან მოშორებით იჯდა, რამდენჯერმე ინტერესით შემომხედა. თბილისში აქეთ მომავალ ავტობუსში ავედი და იქ არა ზის! ბილეთს დავხედე და სწორედ მის გვერდით აღმოჩნდა ჩემი ადგილი. ჰოდა, გავიცანით ერთმანეთი, ჩვენი რაიონიდან ყოფილა ისიც, - ყვებოდა იამზე, თან ერიდებოდა და სიწითლე ეფინებოდა სახეზე.
- უჰ, ეს რა გვიქნია, ახალგაზრდები დაგვიცილებია ერთმანეთისთვის, არიქა, გადავსვათ ისევ ავტობუსში! - დაიჩივლა თანდილამ.
მართლა შეწუხდნენ ბიჭები.
- ავტობუსში გადასმა, მე მგონი, არ ივარგებს, - თქვა სიმონამ, - მაგრამ მაგ ავტობუსს დავხვდეთ სადგურზე, ისევ შევახვედროთ ესენი ერთმანეთს, ის ბიჭი ჩვენც გავიცნოთ და იქნებ ჩვენთან წავიყვანოთ...
- რას ამბობთ, თქვენ სიმართლედ მიიღეთ ჩემი ხუმრობა? - ღიმილით თქვა იამზემ, - თქვენს დანახვაზე დაფრთხა ის ბიჭი და როგორღა გამოიხედავს ჩემკენ?..
- რა, საფრთხობელები ვართ? - მოიღუშა სიმონა.
- არა, ჩემო სიმონ, კი არ გეწყინოს, - იამზე წინ გადაიხარა და ხელები მოუთათუნა ფართო მხრებზე.
სიმონამ დაუჭირა სათუთი ხელები და დაუკოცნა:
- ჩემო ლამაზო დაიკო!.. ხალხო, ცოდვა არ არის ჩვენი ქვეყანა, ამისთანა ანგელოზები რომ სცილდებიან და უცხოეთში მიდიან?!. ოჰ, მე ამ მთავრობის დედა ვატირე...
- ცოდოა, ჩემო სიმონა, ცოდო, - დაუდასტურეს სხვებმაც, - ჩვენც ვატირეთ ამ მთავრობის დედაო.
ტყის პირას, გზის გაყოლებაზე, სოკოს გამყიდველები ჩამწკრივებულიყვნენ სავსე ვედროებითა და კალათებით. ძირითადად ბავშვები იყვნენ, ახლომდებარე ტყეში შეგროვებულ სოკოს სთავაზობდნენ მგზავრებს. მანქანა გააჩერეს, სიმონა და თანდილა გადავიდნენ, კარგი ნიყვები აარჩიეს, ცელოფანის პარკი გაავსეს, იამზეს გადააწოდეს ფანჯარაში და ახლა სხვა სოკოებს დაუწვრილმანდნენ.
- რა ლამაზებია! - აღფრთოვანდა იამზე. დიდი, ჯერ კიდევ გაუშლელი, ბუდეშემოცლილი წითელი ნიყვები ამოალაგა პარკიდან და სათითაოდ დაათვალიერა. მალე სიმონა და თანდილაც ჩასხდნენ მანქანაში, მჭადოთი და მიქლიოთი გაევსოთ მეორე პარკი.
- ამ ბავშვს ეშიება, - თქვა სიმონამ, - სადმე შევჩერდეთ, მაინც ხომ უნდა შევჩერებულიყავით? ეს სოკო შევაწვევინოთ და იქნებ კალმახიც ჰქონდეთ, თანდილამ მოინატრა წეღან. საღამო მოდის, წავისამხროთ, ცოტა ხანს გავჩერდეთ. მერე შეიძლება, ჩემს ნათლიმამასთანაც მოგვიწიოს წასვლა.
იამზეს ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, ხან თავის კალთაზე დაწყობილ ნიყვებს დასცქეროდა, ხანაც გადახრილი მზის სხივებით აფერადებულ ტყიან ქედებს აყოლებდა მანქანის ფანჯრიდან თვალს, - არა მშია, ნუ შეწუხდებითო, - მაგრამ მისი სიტყვებისთვის არავის უგდია ყური.
ერთ-ერთ ბოლო სასაუზმესთან შეაჩერა ბიძინამ მანქანა. ირგვლივ სიჩუმე იყო, მათ მეტი სტუმარი არა ჩანდა. თეთრხალათიანმა მზარეულმა კაცმა გამოიჭყიტა  სამზარეულოს ღია კარიდან.
- მასპინძელო, კალმახს შეჭამს თქვენთან კაცი? - შეეკითხა მზარეულს სიმონა.
- რამდენიც გნებავთ, ბატონო სიმონ! - გამოსძახა მზარეულმა და მათკენ წამოვიდა.
- უჰ, შენა ხარ, ბიჭიკო? - ხელი ჩამოართვა სიმონამ მზარეულს და თანამგზავრებს ანიშნა, გადმოდითო.
- აქეთ მობრძანდით! - მიიწვია სტუმრები ბიჭიკომ და ნაკადულის პირას, თხმელების ქვეშ გამართულ სუფრასთან მიიყვანა.
სიმონამ სოკოებით სავსე პარკები აიღო და სამზარეულოში შევიდა. მის მოსვლამდე დანარჩენებმა წყაროზე ხელები დაიბანეს და სუფრის ახლოს მწვანე მინდორზე დაიწყეს ბორიალი.
ნაკადულის გაღმა მდუმარე ტყე თვლემდა ჩამავალი მზის სხივებში. განმარტოებული იამზე გარინდებული უყურებდა სხივდაფენილ ტყეს და ცრემლები აწვებოდნენ თვალებში.
მოვიდა სიმონა.
- არ მოიწყინო, ყველაფერი მალე იქნება, - მიეფერა იამზეს.
დააწყეს სუფრაზე პური, ყველი, სალათა, მწვანილი, ჯონჯოლი და ღვინიანი დოქი. შემდეგ ბიჭიკომ და მეორე მზარეულმა კაცმა დიდი კეცით მოიტანეს რაღაც და სუფრის შუაში  ჩადგეს. ამ კეცს ზევიდანაც ასეთივე კეცი ჰქონდა დაფარებული. ზედა კეცი აიღეს და წაიღეს მზარეულებმა. დარჩენილ კეცზე სიმხურვალისაგან გამხმარ კაკლის ფოთლებს აუვიდა ორთქლი. ფოთლები გადასწიეს და მათ ქვეშ შემწვარი კალმახები აღმოჩნდნენ, რომლებსაც დაბლაც კაკლის ფოთლები ეწყო, - ყველა კალმახი თითო ფოთოლზე იდო.
მგზავრები აღფრთოვანდნენ.
- რა ლამაზები არიან,  ცოცხლები მაინც მენახა, - დანანებით თქვა იამზემ.
- ჯერ ეს მიირთვი, მერე ცოცხლებსაც გაჩვენებთ, ეგერ ჰყავთ პატარა საგუბარში, - ღელისაკენ მიაბრუნა თავი სიმონამ.
დიდ კეცს პატარა კეცები მოაყოლეს და ყველას დაუდვეს წინ.
- წვენი ხომ არ დაგეღვარათ? - ჰკითხა სიმონამ მზარეულებს.
- არა, ბატონო სიმონ, როგორც შენ გვითხარი, ისე შევწვით, კარგად გამოგვივიდა.
ამ პატარა კეცებზე სოკო იყო, თითოეულზე ასეთი განლაგებით: შუაში დიდი, მაგრამ გაუშლელი, ამოტრიალებული ნიყვი იდო, ყუნწი ამოცლილი ჰქონდა. ყუნწის ადგილი შეწვის დროს გამოყოფილი მისივე მოყვითალო წვენით იყო ამოვსებული. ნიყვის ირგვლივ მჭადოები ეწყო, ისინიც ამოტრიალებული და წვენჩამდგარი. კეცის დანარჩენ ადგილზე, მჭადოების გარშემო, ცხიმსა და ხახვში ჩახრაკული, ერთმანეთში არეული მიქლიო და კიდევ სხვა სოკოები იყო შემოწყობილი.
სუფრაზე საამო სურნელი დატრიალდა, იამზე და ბიჭები აღტაცებას ვერ ფარავდნენ.
- აი, რა ხელოვანია ჩვენი სიმონა კულინარიაში, ამან მიუთითა, როგორ გაეკეთებინათ ეს ყველაფერი, იმიტომ იყო იმდენ ხანს სამზარეულოში, - შეაქო თანდილამ სიმონა.
- არა უშავს, კარგად გამოუვიდათ, ახლა გემო გავუსინჯოთ, - თქვა სიმონამ. იამზეს გადაუღო კალმახები თეფშზე, - ეს  არის კალმახი ჩვენებურად, სოკო კეცზევე შეგიძლია მიირთვა.
- ეს წვნიანი სოკოები როგორ უნდა მივირთვა? - იკითხა იამზემ.
- ჰო, ეგ ცოტა უხერხული საჭმელია. წვენი არ უნდა დაღვარო, მთავარი გემო მანდაა. ნიყვი ხომ იცი, შუაში რომ დევს? უკეთესი სოკო არ არსებობს, მაგას მეფის სოკოს ეძახიან, იმიტომაა მეფესავით შუაში, ამ კერძს კი „სოკოთა სამეფო” ჰქვია.
თიხის ფიალები შეავსეს. იამზეს კოკა-კოლები დაუწყეს ახლოს.
- ესენი არ მინდა, წაიღონ უკან, არ უხდება ამ სუფრას, - თქვა იამზემ, ადგა, ფინჯანი აიღო, წყაროს წყლით აავსო და წინ დაიდგა.
- მართლა მოგნატრებია შენ სამშობლო, - სიყვარულით გადახედა ქალიშვილს ბიძინამ.
ისევ წამოიწყო სიმონამ სადღეგრძელოები, მაგრამ ცოტა ხანში მობილური ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა სიტყვა. ნათლიმამა ურეკავდა იქვე ახლომდებარე სოფლიდან, ,,რას შვრები, სადა ხარო?” ,,ვქეიფობ ბუნებაში მეგობრებთან ერთადო”, სიმონამ. „აქ როდისღა მოხვალ? სტუმრები ჩამომივიდნენ თბილისიდან და ერთ საათში, საათნახევარში აქ უნდა იყოო”. ,,ვერ მოგცემ ჯერ პასუხს, დავეკითხები თანამგზავრებს და ათ წუთში დაგირეკავო”, - უთხრა სიმონამ და დადო ტელეფონი.
- რა ვქნათ? ეს ბავშვი უნდა მივიყვანოთ სახლში, აქ პურობას რომ მოვრჩებით, ამდენი ხანია შინ არ ყოფილა. მაგრამ ჩვენი სოფლიდან თქვენ ვინღა მოგაბრუნებთ აქეთ? არადა მინდოდა, თქვენთან ერთად მივსულიყავი ნათლიმამასთან, მარტო ხომ არ მივკინკილდები კაცი?
- არა უშავს, სადგურამდე მიგვიყვანეთ მე და იამზე, იქ ტაქსში დავსხდებით და წავალთ ჩვენს სოფელში, დანარჩენები კი წადით შენს ნათლიმამასთან, - გამოსავალი იპოვა თანდილამ.
- არა, ეგრე არ გამოდის ლამაზად, - მოიწყინა სიმონამ.
- რად გვინდა ამდენი საუბარი, ტაქსში ჩამსვით და მე წავალ მარტო შინ, გერმანიიდან ჩამოვედი და სოფელში ვეღარ მივალ? - თქვა იამზემ.
- აჰ, მაგი არ თქვა მეორედ, - უფრო შეწუხდა სიმონა.
- აბა, რა ვქნა, შენი აზრით როგორ უნდა მოვიქცე, ლამაზად რომ გამოვიდეს?
- როგორ, ჩემო ანგელოზო და ორი წელი ხომ მოითმინე? ერთ ღამეც გასძელი თქვენების უნახავად, დაგვიმშვენე მხარი ამ შენს მეზობლებს, წამოგვყევი იმ ოჯახში და აი, მაშინ გამოვა ლამაზად, - თქვა სიმონამ.
გაყუჩებული იამზე ჩანგალს ათამაშებდა ხელში, მერე ქვემოდან ღიმილით ამოხედა სიმონას:
- ეჰ, სიმონ, სიმონ, ის გზაში გაცნობილი ბიჭი ხომ დამაკარგვინეთ? ახლა მშობლებთანაც აღარ გინდა გამიშვა?
- კარგი, რას ამბობ, იამზე? - შეწუხდნენ ბიჭები, - მიგიყვანთ დღეს სახლში, არ დაგაგვიანებთ.
- არა, - ღიმილით გადახედა იამზემ სუფრის წევრებს, - მოვდივარ მეც თქვენთან ერთად, ერთი პატრონი ხომ გინდათ ამდენ ლოთებს? - გამოაჯავრა მეზობლები.
ვაჟები ჯერ გაჩუმდნენ, მერე სიმონამ იკითხა:
- მართლა მოდიხარ, იამზე?
- მართლა, მართლა, ოღონდ ცოტა ხანს აქ გავჩერდეთ.
- რა თქმა უნდა, ჯერ ვინ მიდის აქედან? - გაუხარდა სიმონას, ადგა შუბლზე აკოცა და თმები აუჩეჩა სიყვარულით, - მართლა ჩემი დაიკო ყოფილხარ!
- დავრეკავ, აბა, ლექსოსთან, - ტელეფონი აიღო სიმონამ.
,,რა გადაწყვიტეო?” ჰკითხა იქიდან ნათლიმამამ. „მოდივარ, საათ-ნახევარში მანდ ვიქნებიო”, უპასუხა სიმონამ. „მარტო არ მოხვიდეო”, ნათლიმამამ. ,,არა, კაცო, სამი ჩემი ძმა და ერთი ჩემი ანგელოზი დაიკო მომყავსო”, გადადო გვერდზე ტელეფონი სიმონამ და განაგრძო თამადობა.
იამზე ადღეგრძელა დიდი ამბით, მერე ჩამავალი მზით აფერადებულ ქედებს მოეფერა, ბოლოს მათი მომლოდინე მასპინძლის ოჯახზე ისაუბრა, - რუსის ჯარში ვმსახურობდით ერთად მე და ჩემი ნათლიმამა, კარგი ხალხიაო და სიყვარულით ადღეგრძელა.
როცა აიშალნენ, დაღამებამდე ორი საათიღა რჩებოდა.
- ხელცარიელი როგორ მიდიხართ უცხო ოჯახში? - იკითხა იამზემ.
- ყველაფერი მომაქვს აგერ, - მანქანის საბარგულისკენ მიაბრუნა თავი სიმონამ.
ბიჭიკო გამოვიდა სამზარეულოდან.
- ბატონო სიმონ, ეს სოკო წაიღეთ, სულ არ შეგვიწვავს, - მათგან მიტანილი სოკოს ნახევარი გამოიტანა.
- როგორ კაცო, ხომ გითხარით, თქვენც გასინჯეთ ამ სოკოს კერძი-მეთქი?
- კი, გავსინჯეთ, ბატონო სიმონ, მაგის მეტს რას ვაკეთებთ აქანა? მარა კიდე დაგვრჩა აგერ.
- როგორი იყო, ჰა? - დაინტერესდა სიმონა.
- კარგი იყო ძალიან, მხოლოდ ვანომ თავისი წილიდან ნახევარი ხალათზე გადაისხა, - მეორე მზარეულის მარცხი არ დაუმალავს ბიჭიკოს.
- უჰ, შეარცხვინა ღმერთმა, ეგ როგორ მოუვიდა? იმიტომ არ ჩნდება გარეთ? უთხარი, ის ხალათი არ გარეცხოს, - სოკოთი გაივსება ხვალ დილით, - იხუმრა სიმონამ, მერე დარჩენილ სოკოს დახედა, - დაიტოვეთ ეს, გამოგადგებათ.
- არა, ბატონო სიმონ, ჩვენც ბევრი გვაქვს, შეიძლება გაგვიფუჭდეს კიდეც.
- კარგი, აბა, წავიღოთ ლექსოსთან, - ჩამოართვა სოკო სიმონამ.
მადლობა გადაუხადეს, დაემშვიდობნენ მზარეულს და ჩასხდნენ მანქანაში.
ნახევარ საათში სიმონას ნათლიმამასთან იყვნენ. იმერულ კოპწია ეზოში სტუმრები გადი-გამოდიოდნენ, ზოგიც საუბრითა და ნარდით იქცევდა თავს სუფრასთან დასხდომის მოლოდინში. ჯერ ოჯახის წევრები და მერე სტუმრები დიდი ამბით შეხვდნენ ახლადმოსულებს. სიმონამ თავის ნათლულს, ათიოდე წლის გოგონას, დაავლო ხელი, აიყვანა და ისე დაატარებდა ერთ ხანს, მერე თავისი თანამგზავრები გააცნო, მანქანის საბარგულთან მიიყვანა, საჩუქრებით დატვირთა და სახლისკენ წაიყვანა გახარებული. შეწუხდნენ ბავშვის მშობლები, - რა ამბავია ამდენი საჩუქრებიო.
- აბა, აბა, გაჩუმდით ახლა, მე ვიცი და ჩემმა ნათლულმა! - მერე ნათლულის ძმებსაც გადასცა რაღაც შეხვეულები. დარჩენილი სოკოც გამოაჩინეს.
- ეს რაღად გინდოდათ? სამი კალათი მოვატანინე დღეს ბავშვებს, სავსეა სოკოთი ჩვენი სოფელი, - სიცილი აუტყდა ლექსოს.
იამზე მასპინძელმა გოგონებმა წაიყვანეს სადღაც. კარგა ხნის შემდეგ გამოჩნდა ნაბანავები, დასვენებული და საღამოს კაბაში გამოწყობილი.
- როგორ გევლებიან თავს, შენ ჩემზე ადრე ხომ არ იცნობდი ამ ხალხს? - გაეხუმრა სიმონა.
შუა ეზოში, დიდი ყვავილნარის წინ მსხდომმა სტუმარმა ქალებმა ჩაისვეს იამზე შუაში.
- აი, ძმაო, სილამაზე! ეს ყვავილები და ქალბატონები როგორ უხდებიან ერთმანეთს, ხედავთ? - აღფრთოვანდა სიმონა, ნათლული იამზეს დაუსვა გვერდით და სურათები გადაუღო ყველას.
მეზობელი ეზოდან სამი ყმაწვილი შემოემატათ. გაეცნენ ახლადმოსულ სტუმრებს. მათ დანახვაზე იამზე აღელდა და ღიმილი მოეფინა სახეზე. ერთი ვაჟი მას მიუბრუნდა:
- თქვენ აქ როგორ მოხვდით, ამ სოფლიდან ხომ არა ხართ?
- არა, აქაური არა ვარ, აი, ესენი, - თანამგზავრებზე მიუთითა, - ჩემი ახლობლები არიან და აქ სტუმრად წამომიყვანეს.
- ძალიან სასიამოვნოა, - თქვა ახალგაზრდამ, მერე ვიღაცამ დაუძახა, ჯუმბერ, ცოტა ხანს მოდიო, მან მოიბოდიშა, - დროებით დაგტოვებთო და სხვა ჯგუფთან გადაინაცვლა.
- ვინაა, იამზე, ეს ბიჭი? - შეეკითხა თანდილა. ბიძინასა  და ლეოსაც მთელი ყურადღება მისკენ ჰქონდათ მიქცეული, სიმონა შიგნით იყო, მასპინძლებთან.
- ესაა ის ყმაწვილი, ჩემთან ერთად რომ იმგზავრა გერმანიიდან და თბილისიდან, - დარცხვენით თქვა იამზემ.
- მართლა?! - გაკვირვებით აღმოხდათ  ბიჭებს, - აი, ნახე, თუ ბედს არ ეწიო მალე, რადგან დღეს მესამედ შეხვდი, შენი ბედი ყოფილა, სიმონა რომ არა, ხომ ვეღარ ნახავდი მაგ ყმაწვილს?..
- მოგცლიათ ერთი, - ჩაიცინა იამზემ, - რა გეგმები დააწყეთ? ჯერ სულაც არ ვიცნობ მაგ ბიჭს, -  მიატოვა ახლობლები და ქალებისაკენ წავიდა. მშვენიერი და ამაყი ნარნარით მიდიოდა, პირველობდა სილამაზით იქ შეკრებილ ქალებსა და ქალიშვილებში.
სიმონა მოვიდა თანამგზავრებთან. უთხრეს იამზესა და იმ ვაჟის შეხვედრის ამბავი, შორიდან ის ყმაწვილიც დაანახეს.
- მართლა, კაცო? - გაუკვირდა და გაუხარდა სიმონას, ხან იამზეს გახედავდა, ხან იმ ვაჟისაკენ გააპარებდა თვალს.
- მენანება მაინც ეს, ჩვენი, ძალიან კარგი გვყავს.
- გენანება რა, ბებიაშენის ზანდუკია? ქალი იმისაა, რომ უნდა გათხოვდეს! - ღიმილით შეესიტყვა სიმონას თანდილა, - აბა, წავა ისევ იმ უცხო ქვეყანაში და ვინ იცის, რას გადაეყრება.
- არა, კი, კი, მეც ძალიან გამიმართლა, ხომ შევახვედრე ისევ ამ ვაჟს? ყურადღებას ნუ მიაქცევთ, დაელაპარაკონ ერთმანეთს, იქნებ ერთი საქმე მაინც გაკეთდეს და მარტო ქეიფისთვის არ მოვცდეთ დღეს.
მალე სუფრასთან მიიწვიეს სტუმრები. იამზე შუაში ჩაუჯდა ახლობლებს. ახლად გაცნობილი ყმაწვილი კი მათ წინ დაჯდა, სწორედ იამზეს პირისპირ.
დიდებული ლხინი იყო იმ საღამოს სიმონას ნათლიმამის ოჯახში, გაიხარა სტუმარმაც და მასპინძელმაც.
მეორე დღეს ჩვენი მოქეიფე მგზავრები დაემშვიდობნენ მასპინძლის ოჯახს და თავიანთ სოფელში გასწიეს. არც იქ დაჰკლებიათ მოლხენა და პურ-ღვინო. ერთხელ, თბილისში წამოსვლამდე, ლექსო და ჯუმბერიც ისტუმრეს.
რაც მთავარია, ამ სტუმარ-მასპინძლობას ერთი კარგი საქმე მოჰყვა - იამზემ და ჯუმბერმა იქორწინეს შემოდგომით. ახლადშექმნილი ოჯახის წევრები თბილისში დამკვიდრდნენ,  გერმანიაში წასვლა აღარ უნდათ, უჭირთ, მაგრამ უძლებენ ჯერჯერობით.
სიმონას მოუშალეს აქაური ბიზნესი და იმედდაკარგულს უცხოეთში წასვლას ურჩევს ზოგიერთი. ის კი გაიძახის, იქ რა უნდა ვაკეთო, რა გამაძლებინებსო. ბიძინა, თანდილა და ლეო ისევ დედაქალაქში საქმიანობენ.
ხალხისგან ნახევრად დაცლილი, მშობლიური სოფლებისკენ კი ყველას მიუწევს ხანდახან გული. ხან ერთად, ხან ცალ-ცალკე, ხან ოჯახის წევრებით მგზავრობენ ბავშვობისაკენ მიმავალ გზაზე. მიდიან, თითქოს უახლოვდებიან კიდეც თავიანთ ბავშვობას, მაგრამ ვერა და ვერ ეწევიან...
ეჰ, ჩემო კარგებო, გაფრენილ წლებს ვინ დასწევია?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები