ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანუთახ
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2010


სიზმარი

უფლის სუნთქვას ფაქიზს,
გაზაფხულის ნიავს,
უნდა მივეახლო-
მიტევება ვთხოვო.
ვთხოვო, რომ ვინც ჩემთან
მთვარის სხივზე იარს,
მალე მომივლინოს,
რომ სიმშვიდე ვპოვო.
სასოებამ სიზმრის
ზღვის ნაპირზე ქვიშას
ისე უცნაური
დაატოვა კვალი...
ჩქარა, ვიდრე ტალღა
წაშლის ტერფთა ნიშანს,
ვიდრე მოვარდება ტალღა
-გრძნობამთვრალი...
არაფერი დარჩა
ხელისგაწვდის გარდა,
უნდა მოვისროლო
შიშის საბურველი,
უნდა  მოვისხიპო
ეჭვი, რომ მის გარდა
-ქვეყნად არის რამე
უფრო სასურველი...
აკანკალებს თხემით
ტერფამდე ანგელოზს,
არ გაწყდესო ნეტავ
მოთმინების ძაფი.
ვხედავ  თვალის კუთხით
უნატიფეს კეფას
და გვიგვინის ფურცლებს,
ოქროცურვილს,
დაფნის...
მალე სილურჯიდან
დაიღვრება დილა,
უკვე გაფერმკრთალდა
ცაზე მთვარის რკალი...
ვიდრე ანგელოზი
არსად არ მიფრინავს,
ვიდრე სიზმარს ჩემსას
გაჰხელია თვალი-
უნდა მივეახლო
ნიავს- უფლის სუნთქვას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები