ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა-ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2010


სამი ძველი ლექსი

* * *
ზამთრის მოღუშულ საღამოს,
ფიქრებს აყვები ხელახლა,
მარტო დარჩენილს ნუგეში,
იქნებ წვიმასთან გენახა.

დადარაჯებულ სევდასთან,
ალბათ ცხოვრება ძნელია,
როდესაც იცი, მარტოსულს,
არასდროს არსად  გელიან.

ცხოვრების მკაცრმა კანონმა,
ზედ გულზე გადაგიარა,
საწყალს, ისედაც დაჩაგრულს,
გაჩუქა მწარე იარა.

მერე ჭრილობა გაგიხსნა,
უხვად გაყარა მარილი,
მაგ შენი ცრემლით, ნატანჯით, 
დარდია გამოტანილი.

ზამთრის წვიმიან ღამეში,
ფიქრით შეხვდები განთიადს,
ძველ, პაპისეულ ბუხარში,
ცეცხლი ოდნავღა ანთია.

24.03.2009


* * *
თვალებდახუჭული, ღამეს ელოდები,
ფიქრებს ააყოლებ ამ თეთრ კვამლს მაღლა,
ასე უჩვეულოდ, გრძნობით შემოსილი,
ცდილობ გადაფარო უსიტყვო დაღლა.

ფიქრებს დაათოვა სევდამ გამალებით,
გული ფეთქვისაგან გამსკდარა სადღაც,
თუკი რაღაცისგან რჩება არაფერი,
იქნებ არაფრისგან შეგვექმნა რაღაც.

გარეთ ხმაური შეერია უსიტყვოდ სუსხს და
ქალაქს არტყია  ნაწვიმარი, სველი მანტია,
თუ უნდობლობა, ღალატია მხოლოდ უფლისა,
მაშინ ჩვენ მისთვის, არაერთხელ გვიღალატია.

28.04.2009


თითქოს არაფერი...

ვერც კი ვიაზრებდი
როგორ ვაშავებდი,
რაც ხორცს მოვამატე,
ის  სულს დავაკელი,
მაგრამ გვიანია
ფუჭი სინანული,
და გზაც ჯოჯოხეთის
თითქოს არაფერი...

ცოტა სიხარულთან
უფრო ბევრი იყო,
ჩუმი  ტკივილები
გრძნობას განაფენი,
მაინც ბედისწერას
უნდა დავმორჩილდე
და სხვა დანარჩენი,
თითქოს არაფერი....

ზამთარს მომწყვდეული
სუსტი ჩიტივით ვარ,
ჩემი სიჯიუტით
ყინვას დავაბერდი,
იცი, მეტირება,
მაგრამ არ შევიმჩნევ,
და ეს სიყვარულიც,
თითქოს არაფერი...

21.09.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები