ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2010


რა ხანია არ გასულა გული გარეთ...

დამიამდეს, იქნებ მალე დამიამდეს,
მონატრების უსაშველო მონატრება.
იქნებ, გულმა თვითონ გახსნას სანიაღვრე,
თორემ, გულცივ მარტოობას მონად ვყევარ.
გამიავდრდეს, იქნებ მალე გამიავდრდეს,
შუბლშეკრულმა ცამ დაღვაროს ღრუბლის წყლები.
მკერდზე ისევ მარტოობის თავი მადევს
სევდას ისევ ყველაფერზე გული სწყდება...
დავავიწყდი შემთხვევების ასკინკილას,
რა ხანია თავის ძებნა აღარ მიწევს.
გულგრილობამ ნებართვაც კი არ იკითხა,
გულში ისე ჩამიკრა და დამამიწა...
პირის ქარი მოენატრათ ზურგის ქარებს,
წლები ჩუმად გაყურსულან საფეთქელთან.
რა ხანია, არ გასულა გული გარეთ,
თითქოს გარეთ სანუგეშო რამე ხდება...
აღარ მიაქვს სადღაც ნიავს ჩემი სუნთქვა,
აღარ გაწყდა ყელზე ცრემლის მარგალიტი
და იმედსაც უკვე ბარგი შეუფუთავს,
რას ფიქრობდა, წასვლის წინაც აღარ იტყვის...
დამიამდეს, იქნებ მალე დამიამდეს,
მონატრების უსაშველო მონატრება.
ფიქრო ჩემო, სანუგეშო რამ მიამბე,
სანამ ღამე გათენების ორ აქტს ყვება...

        07.07.2006



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები