ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პროზა
16 აგვისტო, 2010


გახრწნილი რეალობა


“ რა საინტერესოა, რისთვის უყვარდებათ მამაკაცებს ქალები?
ამის იმდენი ვარიანტი არსებობს, რომ ყველა მათგანის განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს.
წარმომიდგენია რამდენ ქალს გასჩენია მსგავსი შეკითხვა და რამდენი ეძებდა ამაზე პასუხს საყვარელი ადამიანის თვალებში.
ყველა რაციონალური ქალი მიხვდება, რომ ბადურაზე ვერ ამოიკითხავ ჭეშმარიტებას და ამიტომაც პასუხს მამაკაცის ქმედებებში ეძებენ.
რომანტიკოსები ამტკიცებენ რომ, მიზეზები მხოლოდ გულში იმალებიან, რაზეც რაციონალურ ქალებს უფრო მეტად ეღიმებათ, ვიდრე “ბადურის თეორიაზე”.
მე კი ვფიქრობ, რომ მიზეზებიანი გრძნობები ყველაზე ყალბი რამ არის ამქვეყნად.
და რადგან მე ყველანაირი სიყალბე მძაგს, ამიტომაც მეც მხოლოდ ასეთივე უმიზეზო სიყვარულით მიყვარდება ხოლმე.
კაცების შემთხვევაში ცოტა სხვაგვარად არის საქმე.
აქ ორი ფუნდამენტური შეხედულება ეჯახება ერთმანეთს.
ვიზუალური შთაბეჭდილება და სულიერი მიჯაჭვულობა.
ერთიც და მეორეც მხოლოდ იმ მამაკაცებს აინტერესებთ, რომელთაც ფანტაზია არაფრით ჰყოფნით რამე უფრო საინტერესოს მოსაგონებლად.
კაცთა ძალიან მცირე რაოდენობა თანახმაა გრძნობებზე ზრუნვა ქალებს გადაულოცოს და თავად მშვიდად მიჰყვნენ მათ მიერ დაგებულ ბილიკს.
ზოგი მტკიცედ ცდილობს რამე კრეატიული მოიგონოს და ისე იბლანდება თავის მოგონილ განსაკუთრებულობაში, რომ თავადაც უჭირს დაიჯეროს ეს გრძნობები, ქალებში კი უნიათო ღიმილს იწვევს მხოლოდ.
არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ჭკვიან ქალებს ირჩევენ უნებურად.
თუმცა ასე მხოლოდ სულელი მამაკაცები იქცევიან, რომლებიც ქალის ჭკუას საერთოდ ვერ გრძნობენ და ამიტომაც მშვიდად იყვარებენ არჩეულ არსებას.
არიან კონკრეტულ ნივთზე, ზოგადად ქონებაზე და არსებულ სტატუსზე პირდაღებული მამრები, თუმცა ისინი, ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ მონები არიან, რომლებიც ბრჭყვინვალე ნივთებზე იყიდებიან ან იცვლებიან.
საერთოდ, ძნელია გამოარჩიო მამაკაცი, რომელმაც ნამდვილად არ იცის რის გამო უყვარხარ და ამის მიუხედავად თვლის, რომ შენ ხარ თავად ამ სიყვარულის მიზეზი.”






  ზუსტად მაშინ წამომადგა თავზე, როცა ამის წერას ვასრულებდი და სანამ ინფორმაცია არ გამომტყუა, მანამდე არ მოისვენა.
განგებ ვუმალავდი დაწერილ ფურცელს ზურგსუკან, რომ ინტერესით გახელებულს გზად ჩემი მთელი სახე დაეკოცნა.
ასეც მოხდა და როცა სერიოზული სახით ჩაიკითხა ჩემი ყველაზე არასერიოზული ჩანაწერი, ისეთი სიცილი აუვარდა, რომ კარგა ხანს ვერ გაჩერდა.
– შენი აზრით, მე რომელ კატეგორიაში გავდივარ?
უცებ ისე დაუსერიოზულდა სახე, რომ ამჯერად ლამის მე ამიტყდა სიცილი.
თუმცა თავი შევიკავე,  სახე ახლოს მივუტანე და ღიმილით ვუპასუხე.
– შენი სიყვარული ისეთი უმიზეზოა, რომ ვერაფრით ჩაგსვამ ვერცერთ კატეგორიაში და თუ ჩემგან წასვლას გადაწყვეტ მე აუცილებლად ჩავთვლი, რომ შენ ის სულელი მამაკაცი ხარ, რომელიც ქალის ჭკუას ვერ აფასებს.
ნაკვთები დაუთბა და სულ ნამცეც–ნამცეც დამიკოცნა ღიმილი.
– პატარა, ჭკვიანი ქალი ხარ, რომელიც ისე გაერთო საკუთარი სილამაზით, რომ ვერაფრით იჯერებს, ქვეყნად სულ მცირე ერთი მამაკაცის უმიზეზო სიყვარულს.
მერე აღარაფერი მახსოვს, რადგან ყველაზე ტკბილ წუთებს სულელი ქალები მხოლოდ გულში ინახავენ, რადგან გონება ყველანაირი ინფორმაციით ბინძურდება.
თქვენ რა გეგონათ, მართლა ჭკვიანი ქალი ვარ?
ეს მას სჯერა უბრალოდ ასე, რადგან მამაკაცები, რომლებიც ჭკვიან ქალებს იყვარებენ ან სულელები არიან ან კი ყველაზე თამამები.
თამამი კაცებს კი მხოლოდ უმიზეზოდ უყვარდებათ, რადგან მიზეზები მხოლოდ სუსტ კაცებს სჭირდებათ თავის გასამართლებლად.







  ხშირად მსაყვედურობენ მხოლოდ მამაკაცზე და ქალზე წერო, მერე იმასაც მაბრალებენ, თითქოს ავტობიოგრაფიული იყოს ჩემი ყველა მოთხრობა.
არადა რა საშინელებაა წერდე იმაზე, რაც ისედაც ხდება შენს ცხოვრებაში.
ისინი, ვინც ნაწერებს ქმნიან თავიანთ სამყაროში იკეტებიან და წარმოსახვის ნაყოფს აწვდიან მკითხველებს და რა უინტერესოა საკუთარ სამყაროშიც ისევე ცხოვრობდე, როგორც რეალურში.
იცით რა მკითხა ამაზე?, – მე რომელ სამყაროში გყავარო.
თითქოს არ იცოდეს რომ ყოველ ნაწერში მასზე ვწერ.
ეგ კი არა, ხანდახან საკუთარ თავზე ეჭვიანობს.
დიახ, ამბობს რომ ნაწერებში, რომლებიც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მეტად სხვანაირი ჩანს და რომ ამ მოთხრობებით მას ვაიძულებ იყოს ისეთი, როგორსაც ნაწერში აღვწერ.
ის კი არ იცის რომ ორივე სამყაროში ერთნაირად მიყვარს.
მაინც რა სასაცილოა ეჭვიანობდე საკუთარ თავზე იმ ქალთან მიმართებაში, რომელიც უმიზეზოდ გიყვარს.
გამოდის რომ ეს ეჭვიანობაც უმიზეზოა.
აი, ამაში კი ვერაფრით დავარწმუნე.
ერთხელაც  ყველა მოთხრობა. რაც ხელში მომხვდა დავხიე.
დილით კი ვერაფრით ვაჯერებდი რომ ღამე, ძილში ჩემს სამყაროში გამოკეტილი მისი სიკვდილის გამო ვტიროდი.
კარგა ხანს მიყურა თვალებში და მერე დაღლილი ხმით მითხრა.
– არ მინდა შენც მოკვდე, მაგ შენს ფანტაზიებში…
ძლივს გავარჩიე მისი სიტყვები, რადგან ჯერ კიდევ არ ვიყავი ბოლომდე გამოფხიზლებული ძილიდან.
მართალი იყო, როცა ამაზე ნერვიულობდა.
ქალი, რომლის ფანტაზიური ნაწერები ავტობიოგრაფიულს ემსგავსება, რეალური საფრთხის წინაშეა ფანტაზიებში გამოიკეტოს და საბოლოოდ შეიშალოს.
სულ მეგონა რომ სიგიჟე მხოლოდ გრძნობები იყო და დავცინოდი მათ, ვინც ფსიქიკურ  არამდგრადობას მიიჩნევდა სიგიჟედ. ასე მეგონა,  ამ ადამიანებს არასოდეს ჰყვარებიათ.
ახლაც ამ შეშლილი დღეების გადამკიდე, ძალაგამოცლილი ვიწექი ლოგინზე და ვფიქრობდი, მართლაც რა მოხდებოდა იმ დღის მერე, როცა ჩემს ფანტაზიებში გარდავიცვლებოდი.
ალბათ ეს იქნებოდა მთელი ჩემი მწერლური ახირების დასასრული.
დღე, როცა აბსოლუტურად ყველა ჩემს მოთხრობას გავანადგურებ მე ვიქნები უბრალო ქალი, რომელსაც მხოლოდ ერთი ცხოვრება ექნება და ჩემი, ერთი შეხედვით ავტობიოგრაფიული ნაწარმოებები უბრალო ფერფლად გადაიქცევა, რომელიც ცხოვრების ქარიშხალს გაჰყვება.
პათეტიკა – ეს მხოლოდ მაშინ, როცა სიტყვებია ნაკლებად დამაჯერებელი.
და მაინც.. როგორ შემიძლია მიყვარდეს და თან ვგლოვობდე საკუთარ ფანტაზიებში?







როცა ტელეფონმა დარეკა ნახევრად გამოღვიძებული ვიყავი. ისეთი მჭახე ხმა ჰქონდა ტელეფონს, რომ უმალ დამაბრუნა რეალობაში. არ მინდოდა მეპასუხა… მიუხედავად იმისა რომ წარმოდგენა არ მქონდა ვინ მირეკავდა.
თითქოს ჯინაზე არ წყვეტდა ვიღაც ჩემს ნერვებზე თამაშს.
არადა გარეთ ისე სევდიანად წვიმდა, რომ გულიც კი შემეკუმშა.
გავცდი… რეალობას გავცდი ფიქრებით და ისე შემეშინდა ჩემს თავთან მარტო დარჩენის რომ ტელეფონის ყურმილს დავწვდი სასწრაფოდ.
არაფრით არ ველოდი მის ზარს. ამ აღმოჩენამ ისე გამაოცა რომ
მისმა ხმამ მთელ სხეულში დამიარა და სითბოსგან დამბურძგლა.
მელაპარაკებოდა ათას უაზრობაზე, მე არც კი მესმოდა წესიერად რას მიხსნიდა ყურმილს იქით გამწარებული, მხოლოდ იმას ვგრძნობდი რომ შეშლამდე მომნატრებოდა და ისე ძალიან მსურდა ეს მეყვირა, რომ ბგერები მეჭედებოდა ყელში და ვერაფრით ვახერხებდი ხმის ამოღებას.
მართლა არ ვიცი რას მიხსნიდა ასე გაფაციცებით, ის კი დანამდვილებით ვიცოდი, რომ ჩემი უდიდესი და უგონო მონატრების მიზეზად ქცეულიყო.
მე გონებაში ვგლოვობდი და სხეულით კი ყოველი უჯრედით მენატრებოდა..
ყურმილი დაუმშვიდობებლად დავკიდე, იმდენად მომთენთა ვერთქმულმა სიტყვებმა.
დამამშვიდებელი აბები, რომლებიც ტუმბოზე დაუდევრად  მეყარა, ხელისგულში მოვიქციე და რამდენიმე მათგანი უწყლოდ გადავყლაპე.
მე ავად ვარ, ვეღარ ვწერ..
ღმერთო, არ მომცე ნება ფანტაზიებში გავიხრწნა.







“ ჩემზე იტყვიან, ცხოვრებამ გატეხა და ეს ისე გვიან დაიჯერა, რომ აზრიც აღარ ჰქონდა უკვე მის სიცოცხლესო.
და შენ.. შენ მაინც ხომ იცი, რომ ქვეყნად ორი ცხოვრებით მცხოვრებს მე არასოდეს მყვარებია ისე ძალიან სიცოცხლე, როგორც შენს თვალებში ყურებისას.
მე მართლა ვეღარ ვწერ და არ დაგაჯერონ რომ მე მკვდარი ვარ, რადგან შენ მყავხარ ერთ ცხოვრებაში მაინც და ეს კი მიზეზია ჩემი სიცოცხლის…
არც ის ირწმუნო რომ ყველაფრის დაკარგვის შემდეგ შევიშალე, ჩემთვის სიგიჟე მხოლოდ გრძნობებია, მე კი მათ დაბადებიდან ვატარებ სხეულით.
იცი, ცხოვრებაში არასოდეს მდომებია ბანალური ბედნიერება და ჩემი ექიმი ამტკიცებს თითქოს ძალით გამოგიგონე და შენ არ არსებობ.
მან რა იცის, რომ ორივე სამყაროში ფესვებგადგმული ხარ.. მან რა იცის რომ მხოლოდ შენი სიკვდილის შემდეგ გადავწყვიტე თავი მომეკლა ფატნაზიებში, რადგან მარტოობა ცოცხლად მნთქავდა,
მან არაფერი იცის…
რამდენიმე დღის წინ დედაჩემი მოვიდა და ჩემი ჩანაწერები მომიტანა, არადა შემიძლია დავიფიცო რომ იმ დღეს ყველაფერი დავხიე.
მე ხომ იმ დღეს ყველა მოთხრობა გავანადგურე, რადგან იმ დღეს.. იმ დღეს მე შენს ცივ თვალებს ვკოცნიდი და სხეულზე შენი სისხლი მიფითრებდა სულს..
ამ დღეზე მხოლოდ შენ გესაუბრები, არავისთან არ მინდა გაგიყო.. ასე მგონია გიზოგავ, რადგან ვიცი რომ შეხვედრამდე კიდევ დიდი დროა.
მე ხომ ჩემს გონებასა და ფანტაზიებში გარდავიცვალე.. სხეულით კი ისევ ვაგრძელებ არსებობას.
მე ვეღარ ვწერ…
შენ რომ შეგძლებოდა გყვარებოდი ერთი რომელიმე მიზეზით, რომელს აირჩევდი?
არ მიპასუხო..
უმიზეზოდ მხოლოდ მაშინ უყვართ, როცა უკვე ცოცხლები აღარ არიან და სიყვარულიც მათთან ერთად იმარხება.
ამასაც დავხევ. რადგან ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიხრწნებით… “

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები