ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2010


ახალი წიგნიდან:"სიყვარულის ძაფზე ჩამოქნილი სიცოცხლის სანთელი."


***

გარდაცვალებისას ერთნაირად

მშვიდდებიან და ფერმკრთალდებიან

ადამიანი და ყვავილი...



***

ვით მზიდან სითბო

მისი გულიდან

სიყვარულის ხმა მოეფინება.



***

ხის ბედნიერება:

ფრინველი ცამ მოსწყვიტა

ნაყოფი-დედამიწამ.



***

ჩრდილი-

მზისა და დედამიწის

სევდიანი,ჩუმი სიმღერა.



***

სივრცეში აისის სითბო შემოვიდა

და ძილში გაეღიმათ

ჩვილსა და ყვავილს...



***

ვარსკვლავი ჩაქრება

და ძილში შეკრთები

და სივრცე დაგამშვიდებს.



***

სიმწვანე იბადება

და სიხარულისაგან

მაღლდება სილურჯე.



***

შპალერის ყვავილს

ლურსმანი მოარიდა

და უკვე იცი არავის გაწირავს.



***

ნიავი-

ჰაერის მელოდია

სინათლის დობილი.



***

როგორც მელოდია

ბაღიდან ბაღში

სიცოცხლიდან

სიკვდილში გადადის.



***

რა მშვენიერია სიცოცხლე

როდესაც სამშობლო

სახეა გულისა...



***

ჯაგებმა ვერც ახლა შეამჩნიეს

მოჭრილ ხეში

სინათლის ჩაქრობა.



***

სამოთხის სამანთან

ფეხი საკუთარ

ჩრდილზე მოუცურდა.



***

როგორც სურნელება ყვავილში

შენშია

და მაინც გენატრება...



***

ვით გამთენიისას ვარსკვლავები

სიმღერაში

სიტყვები ქრებიან...



***

ცა თითქოს სამძიმარს მეუბნება-

ღრუბლის ჩრდილი მოვიდა

დედის სამარესთან...



***

ჰაეს ანი შეჰყვარებია...

"ქალის ასე შორიდან მოყვანა?!"-

გაოცებულან რაე და სანი.



შ ე ხ ვ ე დ რ ა

-------------------

მტრედებივით უახლოვდებიან

მაგიდაზე ხელები ერთმანეთს.



***

წამიერად გამოჩნდა

როგორც ნიავის გადავლისას

ყანაში ყვავილი...



***

"ხელი ჩამკიდე"

იქ გაისმის

სადაც სიყვარული არაა.



***

იქ სადაც ჩვენი ხმები

ერთმანეთს შეხვდნენ

სივრცემ ფერი იცვალა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს