ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნისაბა
ჟანრი: თარგმანი
9 სექტემბერი, 2010


ჯერომ სელინჯერი, ,,ფრენი და ზუი" ,,ზუი" ნაწილი I

  გავრცელებული მოსაზრებით ფაქტები, რომელთაც ვფლობთ ხოლმე, თავისთავად მეტყველებენ ყველაფერზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ცოტა არ იყოს ვულგარული ეფექტი დაკრავთ, მეც იძულებული ვარ, ხერხი ვიხმარო და თხრობა ავტორისეული შესავლით დავიწყო, არადა ჩემს მიერ ჩაფიქრებული ნაწარმოების დასაწყისი ისეთი უხვსიტყვა და ვრცელია, მკითხველს ყველაზე საშინელ სიზმარშიც რომ არ მოელანდება, თანაც მეტისმეტად გადატვირთულია პირადი მოსაზრებებით, მიუხედავად ამისა, თუ გამიმართლა და თხრობა განვაგრძე, მკითხველო, იმ მექანიკოსად მოგევლინები, რომელიც ,,იანსენის” ძველ ერთნაწილიან საბანაო კოსტიუმში გამოწყობილი, სამანქანო განყოფილებაში მიუძღვის სტუმრებს.
  ახლა კი უარესისთვის მოემზადეთ, ის, რაც თქვენამდე უნდა მოვიტანო, სულაც არაა პროზაული ნაწარმოები, უფრო სახლის პირობებში გადაღებული სამოყვარულო ფილმია და ვინც უკვე ნახა, მისი ფართო მასებში გავრცელების იმედი გადამიწურა, სიუჟეტის მიხედვით ფილმში სულ სამი მოქმედი პირია და სამივე თავის ტკივილად მექცა, ერთი მათგანი მამაკაცია, ორი კი ქალი.
პირველ რიგში, მკითხველო, მთავარი მოქმედი პირი, ახალგაზრდა ქალბატონი უნდა წარმოგიდგინო, რომელსაც ნამდვილად ესიამოვნება, თუკი უსიცოცხლო რთულ პიროვნებად გაგაცნობთ, მისი აზრით სიუჟეტი იოტისოდენადაც არ იზარალებს, იმ სცენას თუ მოვუხერხებ რამეს, სადაც თხუთმეტ-ოც წუთში რამდენჯერმე იხოცავს ცხვირს, უბრალოდ, უნდა ამოვჭრა ეს ადგილი და ესაა, ამბობს, რომ საშინელი საყურებელია, როცა ადამიანი ცხვირს იხოცავს.
  ჩვენი დასის მეორე ლედი, ვარიეტეს ჩამავალი ვარსკვლავი, იმითაა უკმაყოფილო, რომ ძველ გაცვეთილ ხალათში წარვუდგენ აუდიტორიას, ორივე ლამაზმანი (მიმანიშნეს, რომ სწორედ ასეთი მიმართვა ესიამოვნებათ) საბოლოო ჯამში არც ისე მტრულად მესხმის თავს... ამის მიზეზი ძალიან მარტივია (თუმცა სირცხვილისგან მაწითლებს), მანდილოსნებს საკუთარმა გამოცდილებამ ასწავლა, რომ საკმარისია, ერთი ზედმეტად უხეში სიტყვა მითხრან და ცრემლებად დავიღვრები.
  საბოლოო ჯამში ქალბატონებზე მეტად მთავარი გმირი მარწმუნებს, რომ არ ღირს ამ ოპუსი მაყურებლამდე მიტანა, გრძნობს, რომ მთელი საქმე რელიგიურ მისტიფიკაციასა და იდუმალებაშია, მეც მიმახვედრა , რომ ეს ყველაფერი ჩემს ნაშრომს გარკვეულ ტრანსცენდენტურ* დასაწყისს ანიჭებს, რაც ძალიან აშფოთებს, რადგან ფიქრობს, რომ ჩემი პროფესიონალური მარცხის დრო ახლოვდება.
  ისედაც, ადამიანები თავს აქნევენ სინანულით და მაფრთხილებენ, რომ თუ ჩემს შემოქმედებაში კიდევ ერთხელ ვახსენებ სიტყვა ,,ღმერთს” პირდაპირი ჯანმრთელი ამერიკული მნიშვნელობის გარეშე, როგორც ცალკე აღებულ შორისდებულს, ეს იქნება ცხადი დადასტურება იმისა, რომ მე უმაღლესი სფეროების ცოდნით ვიწონებ თავს, რაც დაამტკიცებს, რომ ნამდვილად წყალწაღებული ადამიანი ვარ.  მათი აზრით, ყველაფერი ზემოთ თქმული საკმარისი უნდა იყოს, რომ სუსტი ნერვების მქონე ადამიანი, განსაკუთრებით კი მწერალი, დროულად შეჩერდეს, მეც ვჩერდები, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით, რადგან ნებისმიერი მჭევრმეტყველება ზედმეტია ჩემთან მიმართებაში, მე ხომ თხუთმეტი წლის ასაკიდან ვუშვებ პერიოდულად სამოყვარულო ფილმებს პროზად.
  წიგნში ,,დიდი გეტსბი” (ეს წიგნი ჩემი ,,ტომ სოიერის თავგადასავალი” იყო თორმეტი წლის ასაკში) ახალგაზრდა მთხრობელმა შენიშნა, ნებისმიერი ადამიანი ცდილობს, იპოვოს თავის თავში თანდაყოლილი ნიჭი, შემდეგ კი გვეუბნება, რომ ეს ნიჭია (ღმერთო, დაიფარე) პატიოსნება, მე კი ჩემს თანდაყოლილ ნიჭად მივიჩნევ მისტიკური სიუჟეტის სასიყვარულოსგან გარჩევას და ვამტკიცებ, რომ ეს ოპუსი სულაც არაა რელიგიური მისტიციზმითა და იდუმალებით აღსავსე, პირიქით, რთული, მრავალმხრივი, სუფთა და ჩახლართული სიყვარულის ისტორიაა და ბოლოს, ისიც უნდა ვთქვა, რომ სიუჟეტი საკმაოდ მოუწესრიგებელი თანამშრომლობის შედეგად იშვა. ყველა ფაქტი, რომელთაც გაგაცნობთ მომავალში (აუჩქარებლად, მშვიდად გაგაცნობთ), სამმა მთავარმა მოქმედმა პირმა მომაწოდა დროში საშინლად გაწელილი დაძაბული საუბრებისას, სხვათა შორის ამ სამი მთხრობელიდან არც ერთს არ ჰქონდა გადმოცემის ბრწყინვალე ნიჭი და ამბებს ძალიან მოკლედ, ყოველგვარი დაწვრილმანების გარეშე მაწვდიდნენ, რაც, ვშიშობ, აისახა ფილმის საბოლოო, ასე ვთქვათ, გადასაღებ ვარიანტშიც, სამწუხაროდ ამის გამოსწორება ახლა შეუძლებელია, ამიტომ უბრალოდ ვეცდები ყველაფერი დაწვრილებით აგიხსნათ ხოლმე, ჩვენ, ოთხივენი, ახლო ნათესავები ვართ და საოჯახო ეზოთერულ ენაზე ვსაუბრობთ, ეს გარკვეული სემანტიკური გეომეტრიის ამბავია, სადაც ყველაზე მოკლე მანძილი ორ წერტილს შორის წრის მცირე სეგმენტია.
  ახლა კი ბოლო განმარტება, ჩვენი გლასები გახლავართ და ორიოდ წუთში ფილმში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვა შემდეგი ეპიზოდით: კითხულობს მეტისმეტად გრძელ წერილს (რომელსაც, პირობას გაძლევთ, სრულად მოვიყვან აქ), რომელიც ცოცხალი ძმებიდან ყველაზე უფროსმა, ბადი გლასმა გამოუგზავნა, ამ წერილის სტილი, როგორც ამბობენ, ძალიან ჰგავს ავტორის თხრობის მანერას და ცხადს ხდის, რომ მე და წერილის ავტორი ერთი და იგივე პიროვნება ვართ, ჰგავს და ჰგავდეს, ეგ არაფერი... ახლა კი ბადის თავი დავანებოთ, ამ ფილმში როლი არ აქვს და არც არის საჭირო...
  1955 წლის ნოემბერში, ორშაბათს, დილის თორთმეტის ნახევარზე, ზუი გლასი, ოცდახუთი წლის ახალგაზრდა, აბაზანაში იწვა და ოთხი წლის წინანდელ წერილს კითხულობდა, უსტარი რამდენიმე ყვითელ ორფა ფურცელს მოიცავდა, უსაშველოდ გრძელი ჩანდა და ძლივს ეტეოდა წყლიდან ამოჩრილ ორ მშრალ კუნძულზე, ზუის მუხლებზე, ბიჭისაგან ხელმარჯვნივ, მომინანქრებული სასაპნის კიდეზე, წონასწორობას ძლივს ინარჩუნებდა დანესტიანებული სიგარეტის ღერი, რომელიც, როგორც ჩანს, მოსაწევად მაინც ვარგისი იყო, რადგან ზუი დროდადრო მადიანად არტყამდა ნაფაზს და არც კი აქცევდა ყურადღებას, როგორ იყრებოდა ფერფლი აქაფებულ წყალში ან წერილის გვერდებზე. წარმოქმნილი უწესრიგობა ბიჭს სულაც არ უქმნიდა დისოკომფორტს, რასაც ვერ ვიტყვით წყლის ტემპერატურის მომატებაზე, აბაზანაში ისე დაცხა, ზუის ლამის კანის გაუწყლოვანება დაემართა, არადა წერილს თვალი ვერ მოსწყვიტა, იმასღა ახერხებდა, რომ ხელისგულით მალიმალ იწმენდდა ოფლით დაცვარულ ზედა ტუჩსა და შუბლს.
  ზუი იმდენად საინტერესო ადამიანია, გარწმუნებთ, ორი დოსიესმაგვარი თავი თავისუფლად დაიწერება მასზე, დავიწყოთ იმით, რომ ბიჭი საკმაოდ მომცრო ტანისა იყო, ზურგზე თუ დააკვირდებოდით, განსაკუთრებით იმ ადგილას, სადაც გარკვევით მოუჩანდა ხერხემლის მალები, უთუოდ იმ დედაქალაქელ ბავშვთა რიგებს მიაკუთვნებდით, რომლებსაც სახელმწიფო ყოველ წელლს სანატორიუმებში აგრავნიდა მოსაკეთებლად და მზის აბაზანების მისაღებად, ისე კი, პროფილსა თუ ანფასში, სასიამოვნო შესახედაობა ჰქონდა, ოჯახის ყველაზე უფროსმა ქალიშვილმა (რომელსაც ძალიან სიამოვნებს, როცა ტაკაჰოს ტომის დიასახლისს ამსგავსებენ) მთხოვა, თქვენთვის გადმომეცა, რომ ზუი ძალიან ჰგავდა ,,ებრაულ-ირლანდიული სისხლის ცისფერთვალება მოჰიკან-ბოისკაუტს, რომელმაც მონტე-კარლოში, რულეტის სათამაშო მაგიდასთან ტყვია დაიჭედა შუბლში და თქვენს მკლავებში დალია სული.” მიუხედავად ეფექტური გარეგნობისა, ზუის ერთადერთი ფიზიკური ნაკლი გააჩნდა, ერთი ყური უფრო დიდი ჰქონდა მეორეზე და, ჩემი აზრით, ეს ნაკლი უფრო ღირებულს ხდიდა მის გარეგნობას, ვიდრე სრულყოფილება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ასეულობით ყოველდღიურ საფრთხეთაგან ნებისმიერს, იქნებოდა ეს საავტომობილო კატასტროფა, სურდო, საუზმისას ნათქვამი ტყუილი თუ რამე სხვა, წამიერად შეეძლო ძალიან მალე მოეღო ბოლო კეთილშობილი ჰაბიტუსისთვის და წამიერად დაემახინჯებინა ან გაეუხეშებინა იგი, გარეგნობის ბოლო, ყველაზე შთამბეჭდავი, ,,სამუდამოდ დამატყვევებელი”* შტრიხი, თვალები, ჭაბუკსა არლეკინოს ამსგავსებდა, შეცბუნებულ გამომეტყველებას სძენდა და  მათში მშვენიერი სული იკითხებოდა.
  პროფესიით ზუი მსახიობი გახლდათ, ტელევიზიის წამყვანი ფიგურა იყო სამ წელიწადზე მეტ ხანს და მასზე მოთხოვნილებაც, შესაბამისად, არ იკლებდა (როგორც ოჯახის წევრებმა მოჰკრეს ყური, მაღალანაზღაურებადი პერსონა ბრძანდებოდა), მიუხედავად იმისა, რომ მზა სახალხო რეპუტაციის მქონე ჰოლივუდის ან ბროდვეის ვარსკვლავად ვერ ჩაითვლებოდა. მოხდა ისე, რომ ამ სფეროში ზუის სერიოზული დებიუტი შვიდი წლის ასაკში შედგა, შვიდი და-ძმიდან ბიჭი ბოლოდან მეორე იყო, ხუთი ძმა და ორი და მთელი ბავშვობა, მცირე ინტერვალებით, მორიგეობით მონაწილეობდა ადგილობრივი რადიოარხის პოპულარულ ვიქტორინაში, ,,ჭკვიანი ბავშვი”.
¬¬¬¬¬  *გლასების ოჯახში ყველაზე უფროსსა და უმცროს პირმშოს შორის ასაკობრივი სხვაობა თვრამეტი წელი იყო, პირველ შვილს სეიმორი ერქვა, ბოლოს კი – ფრენი. ასაკობრივი სხვაობა ოჯახს საშუალებას აძლევდა, მთელი დინასტია წარმოედგინა შოუში. ,,ჭკვიანი ბავშვის” მიკროფონი გლასიდან გლასს 1927 წლიდან 1943 წლამდე გადაეცემოდა, ეს კი ის წლებია, რომლებიც ჩარლსტონისა და ბ-17-ის ეპოქას მოიცავს (იმედია, ეს ცნობები აქ უადგილოდ არა მაქვს  მოყვანილი), აღსანიშნავია, რომ  დროის ამ მონაკვეთში შვიდივე ბავშვმა მოსაწრო წარმატებით ეპასუხა იმ დამღუპველად წიგნიერი და გამანადგურებლად ჭკვიანური კითხვებისთვის, რომელთაც მსმენელები აწვდიდნენ პროგრამას, თანაც კითხვათა უმეტესობა სულ ცინცხალი და თავისებურად უნიკალური იყო კომერციული რადიოსათვის (ავტორის შენიშვნა).
  ვშიშობ, რომ სიუჟეტი საშუალებას არ მაძლევს ამ ოჯახიდან ორ, ყველაზე ახალგაზრდა გლასზე მეტი გიამბო, მკითხველო და ეს ესთეტიურ ბოროტებად მიმაჩნია, მაგრამ ვეცდები, დანარჩენ ხუთ ბავშვზე ორიოდ სიტყვით მაინც მოგითხრო, რადგან ისინი ჩვენს ფილმში ბანკუოს მოჩვენებასავით* გაიელვებენ: მაშ ასე, მინდა იცოდეთ, რომ 1955 წლის დასაწყისისთვის გლასების ოჯახის უფროსი შვილი, სეიმორი, უკვე გარდაცვლილი იყო, იგი ფლორიდაში, მეუღლესთან ერთად ატარებდა შვებულებას, როცა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, არადა, რომ ეცოცხლა, ოცდათვრამეტი წლის შესრულდებოდა, მომდევნო ძმა, ბადი, საუნივერსიტეტო კატალოგის ენით ,,ბინადარ მწერლად” იწოდებოდა ნიუ-იორკის შტატის გოგონათა კოლეჯის მეორეკურსელთა მიერ. ის მარტო ცხოვრობდა სათხილამურო ბილიკიდან ოთხი მილის მოშორებით პატარა, ზამთრისთვის მოუმზადებელ, არაელექტრიზებულ სახლში, სეიმორს და ბადის შემდეგ მოდიოდა გათხოვილი ბო ბო, სამი შვილის დედა, რომელიც 1955 წელს მეუღლესა და ბავშვებთან ერთად ევროპაში მოგზაურობდა, მას მოსდევდა ტყუპი ძმა, უოლმი და უოლკერი, უოლმიც გარდაცვლილი იყო, დაახლოებით ათი წლის წინ აფეთქებისას დაიღუპა იაპონიაში, აშშ-ს საოკუპაციო არმიაში მსახურობისას, უოლკერი, უოლმზე სულ რაღაც ოციოდე წუთით უმცროსი ძმა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მღვდელი იყო და 1955 წლის ნოემბერში რომელიღაც იეზუიტურ კონგრესს ესწრებოდა ეკვადორზე.
  საზოგადოების ინტერესი ბავშვების მიმართ ძალიან დიდი იყო, გულგრილობას ვერ დასწამებდი, მსმენელთა არმია ორ რადიკალურად განსხვავებულ ნაწილად იყოფოდა, პირველნი თვლიდნენ, რომ გლასების ბავშვები, რომლებიც ცოდნით სხვებს თავს ამეტებდნენ, დაბადებისთანავე გაზის კამერაში უნდა გაეგუდათ, მეორენი კი პატარებს კეთილსინდისიერ არასრულწლოვან გონებამახვილ სწავლულებად თვლიდნენ, ამ ნაწარმოების შექმნისას, 1957 წელს, ჯერ კიდევ არსებობდნენ ,,ჭკვიანი ბავშვის” მსმენელები, რომელთაც შესაშური სიზუსტით ახსოვდათ შვიდივე ბავშვის გამოსვლათა დეტალები. მათი მონათხრობის მიხედვით, გლასების უფროსი შვილი, სეიმორი, ოციანი წლების დასასრულსა და ოცდაათიანი წლების დასაწყისსი საუკეთესო იყო, სეიმორს კი ზუი მოსდევდა, ყველაზე უმცროსი ვაჟი ოჯახში, ამიტომ, რაკი ჩვენც ყველაზე მეტად გლასების ოჯახის ეს წარმომადგენელი გვაინტერესებს ამჯერად, გეტყვით, რომ ,,ჭკვიანი ბავშვის” ეს მონაწილე და-ძმისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, მას ცოცხალ ენციკლოპედიად თვლიდნენ, შვიდივე ბავშვი ფსიქოლოგებისა და პედაგოგების დიდ ინტერესს იწვევდა, როგორც მეტისმეტად ადრე განვითარებული, მაგრამ ზუი განსაკუთრებით აინტერესებდათ და ხშირად იკვლევდნენ, ათასნაირ ტესტს უტარებდნენ, საბრალო ბავშვს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სოციალური, კლინიკური და სარეკლამო სფეროების წარმომადგენლებთან ურთიერთობა მეტისმეტად ძვირი უჯდებოდა, მაგალითად, 1942 წელს, ბოსტონში მკვლევართა ერთმა ჯგუფმა ხუთჯერ გამოიკვლია (არმიაში მომსახურე ორივე უფროს ძმა, სეიმორი და ბადი, ამის წინააღმდეგი იყვნენ), ზუი მაშინ თორმეტიოდე წლის იყო და რაკი მატარებლით მოუხდა მგზავრობა, თავიდან ყველაფერი მიმზიდველად ეჩვენებოდა, საბოლოოდ კი სულ მცირე, ათჯერ იმგზავრა ზედიზედ და ძალიან დაიღალა, ამ ხუთი გამოკვლევის მთავარ მიზანს ზუის შეძლებისდაგვარად იზოლირება და მისი ნაადრევად განვითარებული წარმოსახვისა და გონებამახვილობის მიზეზების შესწავლა წარმოადგენდა, ექსპერიმენტის დასასრულს სამმა თუ ოთხმა ასპირანტმა ბავშვი შინ ჩაიყვანა და თან გრავირებული კონვერტი გადასცა, რომელშიც ასპირინის აბები იყო, თითქოსდა სურდოსგან განსაკურნად, რომელიც მათი აზრით ბიჭს მგზავრობისას შეეყარა, არადა ეს სურდო საბოლოოდ ბრონქიალური პნევმონია აღმოჩნდა. ამ ამბიდან ექვსი კვირის შემდეგ ბოსტონიდან საქალაქთაშორისო ზარი გაისმა ღამის თორმეტის ნახევარზე, ტელეფონის ავტომატიდან უცხო პირმა, რემელიც გზადაგზა ავტომატში ხმაურით ამატებდა ხურდა ფულს ქალბატონ და ბატონ გლასებს ამცნო, რომ მათ უმცროს ვაჟს თორმეტი წლის ასაკში ინგლისური ენის ისეთი მარაგი გააჩნდა, როგორიც მერი ბეიკერ-ედის ლექსიკონშია, მაგრამ საჭირო იყო, მისთვის ამ მარაგის მიზანმიმართულად გამოყენება ესწავლებინათ.
  ახლა გრძელ მანქანაზე დაბეჭდილ ოთხი წლის წინანდელ წერილს დავუბრუნდეთ, რომელსაც 1955 წლის ნოემბრის ერთ ორშაბათს ზუი აბაზანაში კითხულობდა, ეს უსტარი ალბათ ბევრჯერ ამოეღოთ კონვერტიდან, მერე კი ისევ დაეკეცათ და უკან ჩაებრუნებინათ, რადგან სულ გაცვეთილი და ნაკეცებში დახეული იყო, მისი ავტორი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ცოცხალ ძმათაგან უფროსი, ბადი გახლდათ. ეს უსასრულო მრავალჯერ გადათეთრებული შესწავლილი მოსაწყენი თავდაჯერებული შინაგანი პროტესტით გაჯერებული და შემაცბუნებელი ხელნაწერი რაღაც ძალით იზიდავდა ადრესატს და ისიც, უნდოდა თუ არა, წლობით ატარებდა ჯიბით.
  აი ეს წერილიც, ჩემს მიერ მკითხველთა სამსჯავროზე სრული სახით წარმოდგენილი:
3/18/51
ძვირფასო ზუი!
  ეს-ესაა დავასრულე ამ დილით დედისაგან მიღებული გრძელი წერილის გაშიფვრა, რაზე აღარ მწერს: შენზე, გენერალ ეიზენჰაუერის ღიმილზე, ლიფტის შახტაში ჩავარდნილ იმ პატარა ბიჭუნებზე, რომელთა შესახებაც ,,დეილი ნიუსი” იუწყებოდა, ტელეფონის საკითხზე, აინტერესებს, როდის გადმოვიტან აპარატს ნიუ-იორკიდან და დავამონტაჟებ აქ, სოფელში, სადაც, მისი აზრით, ეს ნივთი ძალიან საჭიროა...
  დედა ნამდვილად ერთადერთი ქალია მსოფლიოში, რომელსაც შეუმჩნეველი კურსივით შეუძლია წერა, ჩვენი  ძვირფასი ბესი... ყოველ სამ თვეში დაახლოებით ხუთასსიტყვიან ტექსტს ვღებულობ მისგან საცოდავი, ძველი პირადი ტელეფონის თაობაზე და სულ მიმეორებს, რომ სისუელეა ამდენი ფულის გადაყრა ყოველთვიურად იმაში, რასაც გარშემო აღარავინ იყენებს... ეს კი, ჩემი აზრით, მტკნარი სიცრუეა, ქალაქში ყოფნისას საათობით ვზივარ ხოლმე უძრავად და ჩემს ძველ მეგობარს, იამას, სწორედ ამ ტელეფონით ვესაუბრები, ეს რომ არა, ღმერთმანი, ერთმანეთთან როგორ ვილაყბებდით?.. ასე რომ, დედას გადაეცით,  ძველი ტელეფონის თაობაზე აზრს ვერ შევიცვლი, მე ის ვნებიანად მიყვარს, რადგან თავის დროზე ჩემი და სეიმორის ერთადერთი პირადი ნივთი იყო ბესის კიბუცში*. ეს ტელეფონი ჩემი ჰარმონიული ყოფის მნიშვნელოვანი ნაწილიცაა იმავდროულად,  რადგან ყოველ წელს თუ არ ჩავხედე  სეიმურის მიერ გაკეთებულ წყეულ ჩანაწერებს, არ შემიძლია, თანაც უზომოდ მიყვარს მათში ქექვა... ჰქენი სიკეთე და გადაეცი დედას რაც გითხარი, მხოლოდ სიტყვა-სიტყვით კი არა, შერბილებული ფორმით, ისედაც, ზუი, გთხოვ, რაც შეგიძლია, კარგად მოეპყარი,  განა იმიტომ გთხოვ ამას, დედა რომაა, ესეც რომ არ იყოს, ძალიან დაღლილ-დაქანცული, ძალაგამოცლილია. ვიცი, ცოტა რომ გაიზრდები, დაღვინდები, ოცდაათს გადააბიჯებ, ადვილია ამ თხოვნის შესრულება, ისედაც დინჯდება ამ დროს კაცი, მაგრამ შენ ახლა სცადე, აქამდე ისე უხეშად ექცეოდი, როგორც აპაჩების ტომის მოცეკვავე თავის პარტნიორს, შეიძლება სულაც არ გინდა, ასე მოქცევა, მაგრამ დედა თავისებურად აღიქვამს ყველაფერს, სულ გავიწყდება, როგორი სენტიმენტალურია, თითქმის ისთივე, როგორიც ლესი...
  ჩემი ტელეფონის ამბები გვერდზე გადავდოთ და ბესის ეს წერილი უფრო შენს სახელზეა დაწერილი, მთხოვს, მოგწერო, რომ შენი მხრიდან დანაშაულია სადოქტორო დისერტაციაზე უარის თქმა, რადგან, მისი აზრით, მსახიობის კარიერის შესაქმნელად ძალიან დიდი გზაა გასავლელი. იმას აღარ წერს, რაში ისურვებდა, დოქტორის ხარისხი მიგეღო, მაგრამ მე მათემატიკისაკენ უფრო ვიხრები, ვიდრე ბერძნული ენისკენ, პატარა წიგნის ჭიავ, მოკლედ, როგორც ვხვდები, დედას უნდა, უკან დასახევი გზა გქონდეს, მსახიობის კარიერამ რომ არ გაამართლოს.
  ცოტა არ იყოს, უცნაურია, მაგრამ ამას რომ გეუბნები, ასე მგონია, მართალი არა ვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს თავსაც და ჩვენს ოჯახსაც ტელესკოპის არასწორი მხრიდან ვუყურებ... დილით ისეთ დღეში ჩავვარდი, საფოსტო ყუთიდან გამოღებული წერილის უკანა მხარეს ბესის სახელი რომ დავინახე, უცებ ვერც კი მივხვდი, ვინ იყო... რა გასაკვირია, დაბნევის მიზეზი ნამდვილად მქონდა, ამ შაბათ-კვირას  უფროსკლასელთა 24-ა ჯგუფის წერითი დავალების ოცდათვრამეტი ნაშრომი გადმომცეს, აქედან ოცდაჩვიდმეტი, დარწმუნებული ვარ, იმ მორცხვ მარტოსულ პენსილვანიაში მცხოვრებ ჰოლანდიელ ლესბოსელზე იქნება,  რომელსაც მწერლობა სურს, თანაც პირველ პირში დამიწერდნენ, დიალექტზე...
  შენ ხომ იცი, მთელი ეს წლები ჩემი გზააბნეული ლიტერატორების ნათითხნებს კოლეჯიდან კოლეჯში დავათრევ, თვითონ კი ბაკალავრის ხარისხსაც ვერ ვეღირსე აქამდე. ვფიქრობ, სულ ორი მიზეზია, ხარისხის დაცვა რომ ვერ მოვახერხე (კეთილი ინებე და წყნარად იჯქი, პირველად გწერ ამის შესახებ). პირველი მიზეზი ისაა, რომ, როგორც “ჭკვიანი ბავშვის” გამარჯვებული, უდიდესი სნობი ვიყავი კოლეჯში და არ მინდოდა ისეთი ხარისხი, როგორიც ჩემს ირგვლივ ყველა ვაი მწერალს, რადიოწამყვანს და სულელ პედაგოგს ჰქონდა, მეორე კი ის იყო, რომ სეიმორს დოქტორის ხარისხი იმ ასაკში ჰქონდა მიღებული, როცა ამერიკელ მოზარდთა უმეტესობა სკოლაში სწავლას ამთავრებს, მე კი რაკი საკუთარი სტილი არ გამაჩნდა, სეიმორისას ვეღარ გადავიღებდი, მას ვერ დავეწეოდი და ამიტომ გადავიფიქრე. რა თქმა უნდა, შენს ასაკში რომ ვიყავი, დანამდვილებით ვიცოდი, ვერავინ მაიძულებდა მასწავლებლობას, მაგრამ რაკი მუზებმა მიმტყუნეს,  სათვალეების წმენდას მივყავი ხელი ვინმე ბუკმეკერ თ. ვაშინგტონივით. ისე, ალბათ, არც ვნაღვლობ ჩემს აკადემიურ წარუმატებლობას. განსაკუთრებით შავ დღეებში იმასაც კი ვფიქრობ, ბაკალავრი რომ გავმხდარიყავი ან დოქტორი, ეს უმწეო და უსუსური უფროსკლასელთა 24-ა ჯგუფი ხომ აღარ მეყოლებოდა-თქო, მაგრამ ამით მხოლოდ და მხოლოდ თავს ვიმშვიდებ.
  კარტი დალაგდა, თანაც (ჩემი აზრით, ძალიან სამართლიანადაც) ყველა პროფესიონალი ესთეტის საწინააღმდეგოდ და ეჭვგარეშეა, ჩვენ, ყველა, ბნელ სიტყვაუხვ აკადემიურ გარდაცვალებას ვიმსახურებთ, რაკი ადრე თუ გვიან აღსასრული ისედაც გარდაუვალია.
  ჩემი ღრმა რწმენით, შენი საქმე სულ სხვაგარადაა, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად ბესის ვეთანხმები და მის მხარეს ვარ, თუ შენ და ბესის, თავი უსაფრთხოდ რომ იგრძნოთ, გირჩევნიათ, ხელოვნების მაგისტრის ხარისხი ბერძნულში, ცუდი არაა, რადგან ამის შემდეგ უპრობლემოდ შეძლებ ლოგარითმული ცხრილების ჩაბარებას რომელიმე  ვაჟთა მოსაწყენ დაწყებით სკოლაში ან კოლეჯთა უმეტესობაში, მეორე მხრივ, შენი მშვენიერი ბერძნული ვერავითარ სარგებელს მოგიტანს, რომელიმე ნორმალური ზომის საერთო საცხოვრებელში ადგილი რომ იშოვო, ამისთვის სულ მცირე, დოქტორის ხარისხი დაგჭირდება ჩვენს თითბირის ქუდ-მანტიამატარებელთა სამყაროში. (თუმცა შეგიძლია, მზიან ძველ ათენშიც გადახვიდე საცხოვრებლად)... რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით მეტად ვრწმუნდები, რომ სისულელეა მთელი ეს ხარისხები, იცი, რა? თუ გინდა, იცოდე, გეტყვი, ვერაფრით დამიღწევია თავი ერთი აზრისათვის, სეიმორს და მე პატარაობაშივე რომ არ ჩაგვეჩარა ხელში  ,,დიამონდ სუტრა”* და ეკჰარტი, შენგან ბევრად უკეთესი მსახიობი დადგებოდა.
  ისე, მსახიობსთვის აუცილებელი არაა  ცოდნით მძიმედ აღჭურვა. ბავშობაში ერთხელ მე და სეიმორი ჯონ ბერიმორმა დაგვიწვია სამხარზე, ჯოჯოხეთურად ბრწყინავდა და ცოდნითაც იყო გატენილი, მაგრამ სულაც არ ამძიმებდა ფორმალური განათლების მძიმე ტვირთი, რატომ გამახსენდა ეს... ერთ შაბათ-კვირას პომპეზურ აღმოსავლეთმცოდნესთანაც მომიხდა საუბარი და ღრმა, მეტაფიზიკური დიალოგის დროს ვუთხარი, რომ მყავდა ძმა, რომელმაც ისეთი სიყვარული გამოავლინა მუნდაკა უფანიშადების* მიმართ, რომ მისი კლასიკურ ბერძნულზე თარგმნა სცადა( მან ამაზე ხმაურიანად გაიცინა, ზუტად ისე, როგორც აღმოსავლეთმცოდნეები იცინიან ხოლმე).
  როგორ მინდა, ვიცოდე, რა მოგელის, როგორც მსახიობს, რა თქმა უნდა, მსახიობად ხარ დაბადებული და ეს ბესიმაც კი იცის, თანაც შენ და ფრენი ჩვენი ოჯახის მშვენება ხართ, მაგრამ სად ითამაშებ, გიფიქრია ამაზე? კინოში? თუ ასეა,  ვშიშობ, როგორც კი ოდნავ მაინც მოიმატებ წონაში, მსხვერპლად შეეწირები  მორიგ ახალგაზრდა მსახიობს, რომელიც ჰოლივუდური ელიტისთვის საიმედო ნარევი იქნება პრიზებისმომპოვებლისა და მისტიკოსისა, მსროლელისა და პრივილეგირებული ბავშვისა, მწყემსისა და მამაკაცური სინდისიერებისა...  გაუმკლავდები ამ სტანდარტის მოყვარულთა სენტიმენტალიზმის სიჭარბეს? თუ ცოტა უფრო კოსმიურ რამეებზე იოცნებებ – ზუმ Bეისპიელ*,  ითამაშებ პიერს ან ანდრეის ,,ომი და მშვიდობის” ფერად ეკრანიზაციაში, თვალწარმტაცი ბატალური სცენებითა და სახასიათო ნიუანსებით, რაც საკმაოდ ნოველისტური და არაფოტოგენურია, ანა მანიანისთან* ერთად ნატაშას როლში, ფილმმა რომ კლასიკურობა შეინარჩუნოს, მუსიკას დიმიტრი პოპკინი* დაწერს, ბრწყინვალეს და წარმოუდგენელს, მამაკაცის როლის შემსრულებლები  ყბის კუნთებს აათამაშებენ მთელი ძალით, დიდი ემოციური დატვირთვა რომ გადმოგვცენ, მსოფლიო პრემიერა ,,ზამთრის ბაღში” გაიმართება, სინათლის კასკადქვეშ, დაესწრებიან მოლოტოვი*, მილტონ ბერლი* და გუბერნატორი დევეი*, რომელიც თეატრის შენობაში შემოსულ სახელგანთქმულ ადამიანებს გააცნობს დამსწრეებს. (სახელგანთქმულებში, რა თქმა უნდა, ძველ ტოლსტოისმოყვარულებს ვგულისხმობ, სენატორ დირკსენს, ზა ზა გაბორს*, გეილორდ ჰაუსერს*, ჯორჯ ჯესელს*, ჩარლზ რიცელს*.) როგორ ჟღერს?
  შენც თუ შეაბიჟებ ამ სამყაროში, გექნება რაიმე ილუზია? ანდა, თუნდაც ეს მითხარი, გინახავს ოდესმე ,,ალუბლის ბაღების” ნამდვილად შესანიშნავი დადგმა? არ მითხრა, დიახო, მაინც არ დაგიჯერებ, რადგან  ჯერ არავის უნახავს. შეიძლება ნანახი გქონდეს ამ პიესის ,,შთამაგონებელი” დადგმა, ,,კომპეტენტური” წარმოდგენა, მაგრამ არა მშვენიერი ან სრულყოფილი, ისეთი, რომელშიც მთელი ძალით წარმოჩინდება ჩეხოვის ნიჭის ნიუანსები, ხასიათის თვისებები, სულიერება. საშინლად მადარდებს შენი ამბავი, ზუი, მაპატიე ეს პესიმიზმი, მაგრამ მე ხომ ვიცი, რა მომთხოვნი ხარ მსგავსი რამეების მიმართ,  პატარა ნაბიჭვარო, თანაც თატრში შენს გვერდით ჯდომის ჯოჯოხეთური გამოცდილებაც მაქვს, ცხადად წარმომიდგენია, როგორ ითხოვ მსახიობებისგან იმას, რასაც სხვა არავინ ავალდებულებს, ღვთის გულისათვის, ფრთხილად იყავი...
  მადლობა ღმერთს, დღეს თავისუფალი ვარ. მე ხომ ჩემი ,,ნევრასთენული” კალენდარი მაქვს, სამი წელი შესრულდა, რაც სეიმორმა თავი მოიკლა. გითხარი, რა ხდებოდა, ფლორიდიდან რომ მოვასვენებდი? ზუსტად ხუთი საათი განუწყვეტლივ ვქვთინებდი თვითმფრინავში, დროდადრო ისე ვიფარავდი სახეს, რომ რიგებს შორის გასასვლელში არავის შევენიშნე, მადლობა ღმერთს, განცალკევებით ვიჯექი.  ხუთი წუთი აკლდა დაშვებას, ჩემს უკან მსხდომი მგზავრები რომ აღვიქვი. ერთი პრანჭია ქალი მინაზებული ხმით ამბობდა: ,,... და მეორე დღეს ქალიშვილს მშვენიერი ახალგაზრდა სხეულიდან მთელი პინტი* ჩირქი გამოუღეს, წარმოგიდგენია?..” სულ ეს იყო, რაც გავიგონე, თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედი, ხუთი წუთის მერე შავებში გამოწყობილი ბერევედის ქვრივი მომიახლოვდა, სახეზე ვითარებისთვის საშინლად შეუსაბამო გამომეტყველება მქონდა, ყურებამდე ვიღიმებოდი. ზუსტად ასე ვარ დღესაც... დარწმუნებული ვარ, სადღაც ახლოს, გზის პირას, პირველივე სახლში, კარგი პოეტი კვდება, მაგრამ ამავდროულად, ასევე ახლოს, ვიღაცის მშვენიერი, პატარა სხეულიდან ხმაურით იღებენ ერთ პინტ ჩირქს და მეც წინ და უკან დავრბივარ, მწუხარებასა და უაღრეს  კმაყოფილებას შორის...
  გასულ თვეში დეკანი შითერი (ვისი სახელის ხსენებაზეც, ჩვეულებრივ, ჩემს გვერდით  უმალ ფრენი ჩნდება ხოლმე) მომიახლოვდა მომხიბვლელი ღიმილით და  ხელში ხარის ტყავის მათრახით... ამ შეხვედრის შემდეგ ლექციებს ვუკითხავ ფაკულტეტზე თანამშრომელთა ცოლებს პარასკეობით ძენ და მაჰაიანა ბუდიზმზე*. ეს გმირობა, უეჭველი, ადგილს მაშოვნინებს აღმოსავლური ფილოსოფიის კათედრაზე, გარდა ამისა, ახლა უკვე საერთო საცხოვრებელში კვირაში ოთხის ნაცვლად ხუთი დღე ვრჩები, მაგრამ იმდენი სამუშაო მაქვს ღამ-ღამობით და უქმეებზე, რომ არჩევნებისთვის საფიქრალად აღარ მცალია, ჩემი სისუსტე შენზე და ფრენიზე ფიქრი და დარდია, მაგრამ იმდენი დროც არ მრჩება ამისთვის, რამდენიც თავად მინდა, მქონდეს. იცი, რის თქმას ვცდილობ? ბესის წერილს არაფერი აქვს საერთო საფერფლეების ზღვის გარემოცვაში ჩემს ჯდომასა და დღეს შენთვის წერილის მოწერასთან, ის ყოველ კვირაში მაწვდის ინფორმაციას შენზე და ფრენიზე, მე კი ვერაფერს ვახერხებ ხოლმე, აი, რაშია საქმე... ამ ყველაფერმა, დღეს დილით, ადგილობრივ სუპერმარკეტში მომხდარი გამახსენა. (ახალი აბზაცით არ ვიწყებ, ეკონომიას ვაკეთებ). ხორცის დახლთან ვიდექი, ველოდებოდი, როდის მომიჭრიდა ყასაბი ბატკნის საკატლეტეს, იქვე ახლოს ახალგზრდა დედა და მისი პატარა ქალიშვილი იდგნენ, გოგონა ოთხიოდ წლის იქნებოდა, დრო რომ გაეყვანა, ვიტრინისკენ დახრილიყო და იქიდან უცქერდა ჩემს გაუპარსავ სახეს, უცებ პატარას ვუთხარი, ყველაზი ლამაზი გოგონა ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს-მეთქი, მანაც თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. მერე დავძინე, ალბათ ბევრი ბიჭი გეტრფის-მეთქი, – ისევ თავი დამიქნია. მერე ვკითხე, მაინც რამდენს უყვარხარ-მეთქი, ორი თითი ასწია... - ორი? – გავიოცე მე, -რა ამბავია? იქნებ მათი სახელებიც მითხრა…- და გოგონამ  ბავშური, წიკვინა ხით მომიგო: - ბობი და დოროთი. - გიჟივით დავავლე ხელი ჩემს ხორცს და გამოვვარდი მაღაზიიდან... ამ შემთხვევამ დამაწერინა წერილი და არა ბესის დაჟინებამ, მომეწერა დოქტორის ხარისხზე და მსახიობის კარიერაზე, ამ ამბავმა და კიდევ  ჰაიკუმ*, სასტუმროს იმ ნომერში რომ ვიპოვე, სადაც სეიმორმა თავი მოიკლა. ლექსი ფანქრით იყო მიწერილი მაგიდის საშრობზე:
,, პატარა გოგონამ თვითმფრინავში,
ტიკინას თავი მოუტრიალა,
ჩემთვის რომ შემოეხედა...”
ეს ორი რამ მიტრიალებდა თავში სუპერმარკეტიდან მომავალს, სანამ არ მოგწერე, მომინდა, მეთქვა, რატომ ვცდილობდით მე და სეიმორი, რაც შეიძლება ადრე მოგვეკიდა ხელი შენი და ფრენის განათლებისთვის. სიტყვებით ამას ზუსტად ვერასოდეს გამოვხატავდით, მაგრამ აუცილებლად ჩავთვალეთ, რომელიმე ჩვენგანისაგან გაგეგოთ ყველაფერი, ამას შევეჭიდე დღეს, მაგრამ ახლა ვშიშობ, ვერ შევძლებ... გოგონა ხორცის დახლიდან წავიდა, ვეღარც თვითმფრინავში მჯდომი პატარა ტიკინას ზრდილობიან სახეს ვარჩევ ცხადად, პროფესიონალური მწერლობის მიმართ გაჩენილმა ძველმა შიშმაც შემომიტია და ამას მოჰყვა სიტყვების დაძაბული ძებნა, რაც იძულებულს მხდის, ადგილიდან წამოვხტე, არადა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მაქვს სათქმელი...
  ასაკობრივი სხვაობა ჩვენს დიდ ოჯახში მავარი პრობლემა იყო ყოველთვის. სხვაობა სეიმორს, ტყუპებს, ბო ბოსა და ჩემს შორის დიდად არ იგრძნობოდა, მაგრამ განსაკუთრებით დიდი იყო, შენსა და ფრენისა და ჩემსა და სეიმორს შორის. სეიმორი და მე უკვე მოზარდები ვიყავით, ის კოლეჯს ამთავრებდა, როცა თქვენ კითხვას იწყებდით, ამ ფონზე, საშუალება არ გვქონდა, თქვენთვის კლასიკოსთა კითხვა დაგვეძალებინა, ისე, როგორც ტყუპებსა და  ბო ბოს ვაძალებდით. ორივე ძმამ ვიცოდით, რომ არ შეიძლებოდა თანდაყოლილი ნიჭიერება ბავშვებში  გამქრალიყო და ეს არც გვნიდოდა, მაგრამ ვნერვიულობდით, შეშინებულებიც კი ვიყავითიმ სტატისტიკით, რომელიც პედანტურად გვაუწყებდა იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც ფაკულტეტის დერეფნებში ყოვლისმცოდნეებად იზრდებოდნენ. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სეიმორმა დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ განათლების მიღება უფრო ტკბილი იქნებოდა, გაცილებით ტკბილი, თუ  დაიწყებოდა არა ცოდნის ძიებით, არამედ, ძენ-ბუდიზმის თანახმად, არცოდნის წვდომის წყურვილით (და მეც ვეთანხმებიდი, იმდენად, რამდენადაც ამ შეხედულების აზრს ვწვდებოდი).
  დოქტორი სუზუკი სადღაც ამბობს, წმინდა გრძნობადობის მდგომარეობაში ყოფნა, სატორი, არის ღმერთთან ყოფნა მანამ, სანამ იგი იტყვის - ,,იქმენინ ნათელიო”, სეიმორი და მე კი ვთვლიდით, რომ კარგი იქნებოდა, თუ შენ და ფრენის მანამ არ გიჩვენებდით  ამ სინათლის ეფექტებს: ხელოვნებას, მეცნიერებას, კლასიკას, ენებს, სანამ თქვენ  არ შეძლებდით, გონებით გეპოვათ ყველა სინათლის წყარო... ორივენი ვფიქრობდით, რომ შესანიშნავი და სასარგებლო იქნებოდა, ის გადმოგვეცა ჩვენი ცოდნიდან, (თუ საკუთარი ,,შეზღუდვები” არ გადაგვიღობავდა გზას), რაც ოდესმე გვსმენოდა წმინდანებზე, არჰატებზე*, ბოდჰისატვაზე*, ჯივანმუკტზე*, ანუ იმ ხალხზე, ვინც ცოტა, ან იქნებ ყველაფერი, იცოდა არსებობის შესახებ. ამიტომ გასწავლიდით ორივეს, ვინ იყვნენ იესო და გაუტამა, ლაო-ძი და შან-კარაჩარია*, ჰუ-ნენგი* და შრი რამაკრიშნა*, სანამ გადახვიდოდით ჰომეროსზე და შექსპირზე, ბლეიქზე და უიტმენზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯორჯ ვაშინგტონსა და მის ალუბლის ხეზე, ანდა ნახევარკუნძულის განმარტებასა და წინადადების გარჩევაზე. ეს დიდებული იდეა იყო, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, ისიც ვთქვა, რომ ვიცოდი, რა მწარე იყო თქვენი აღშფოთება, როცა მე და ს. რეგულარულად გიტარებდით საშინაო სემინარებს. იმედი მაქვს, ოდესმე, უკეთეს შემთხვევაში ორივე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი,  ამაზე ვისაუბრებთ. (მე მხოლოდ ერთი რამის თქმას შევძლებ, ვერც მე და ვერც სეიმორი აზრადაც ვერ გავივლებდით, რომ შენ მსახიობი გახდებოდი. იქნებ უნდა გვეფიქრა კიდეც ამაზე, მაგრამ გულში არ გაგვივლია და... რომ გვეფიქრა, დარწმუნებული ვარ, სეიმორი რაიმე გონივრულს მოიფიქრებდა, სადმე გამოინახავდა სპეციალურ მოსამზადებელ კურსებს ნირვანას მისაღწევად ან ადგილებს, სადაც აღმოსავლურ დიზაინს შეასწავლიდნენ მსახიობებს, ს. ასეთი ადგილების გამოჩხრეკის დიდოსტატი იყო.) აქ, წესით, უნდა ვამთავრებდე აბზაცს, მაგრამ წერის ეშხში შევედი, შენ არ გესიამოვნება, მაგრამ
  სათქმელი ბოლომდე უნდა ვთქვა... ჩემი აზრით, სეიმორის გარდაცვალების შემდეგ სრული უფლება მქონდა, გამეგო, როგორ მიდიოდა შენი და ფრენის  სწავლა-განათლების საქმეები. შენზე იმდენად არ ვწუხდი, რაკი უფროსი ძმის სიკვდილისას  უკვე თვრამეტი წლის იყავი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თანაკლასელი ჭორიკანა გოგონებისგან მომდიოდა ხმები, როგორ მიდიოდი ხოლმე კოლეჯის საერთო საცხოვრებელში და ათ საათს ატარებდი მედიტაციაში. ფრენი კი  მხოლოდ ცამეტისა გახლდათ მაშინ და სახლში მოსვლაც არ მინდოდა. განა იმის მეშინოდა, რომ შინ დაბრუნებულს მაქს მიულერის “აღმოსავლური წმინდა წიგნების”* სრულ კრებულს დამიშენდით სათითაოდ თქვენ-თქვენ ოთახში გამაგრებული პოზიციებიდან, (ამას ალბათ ჩემთვის მაზოხისტური ექსტაზის ეფექტი  ექნებოდა), უფრო ის შეკითხვები მაფრთხობდა, რომელთაც ორივე მისვამდით ხოლმე...
  კარგად მახსოვს, სეიმორის დაკრძალვიდან ერთი წლის მანძილზე აღმა-დაღმა დავეხეტებოდი, სანამ კვლავ დავბრუნდებოდი ნიუ-იორკში, დაბადების დღეებზე და არდადეგებზე უფრო მიადვილდებოდა ხოლმე შინ ჩამოსვლა, რადგან მეგონა, მხოლოდ ჩემს ახალ წიგნზე  და თხილამურებზე  დასმული კითხვებით შემოიფარგლებოდით, თქვენც ჩამოდიოდით ხოლმე  ჩვენთან უქმეებზე და ვსაუბრობდით, ვსაუბრობდით, ვსაუბრობდით, მაგრამ იმაზე, რასაც დღეს გეუბნები, შეთქმულებივით, სიტყვას არ ვძრავდით. 
  დღეს პირველად მომინდა, შენთან ამაზე მესაუბრა, ამომეთქვა, რაც გულში მქონდა, არადა რაც უფრო ვუღრმავდები ამ წყეულ წერილს, მით უფრო  ვკარგავ სიმამაცეს და საკუთარი ძალების რწმენას, თუმცა, ვფიცავ, სიმართლეს გეუბნები, დილანდელმა შემთხვევამ შემმატა სიმართლის თქმის ძალა (ბატკნის კატლეტების განყოფილებაში), იმ პატარა ბავშვმა თავისი შეყვარებულების სახელები რომ მაუწყა, ბობი და დოროთი. 
  ერთხელ, მახსოვს, სეიმორმა მითხრა ავტობუსში, რომ ყველა კანონიკური რელიგიური სწავლების მიხედვით  ასეა: არ არსებობს არავითარი სხვაობა ბიჭსა და გოგოს, ცხოველსა და ქვას, დღესა და ღამეს, სიცხესა და სიცივეს შორის, ეს ყველაფერი ილუზორულია, მოჩვენებითი... სწორედ ეს გამახსენდა ხორცის დახლთან და უეცრად სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა შენთვის წერილის მოწერის აუცილებლობამ, ამიტომაც არ დამეზარა და ერთ საათში გამოვირბინე სამოცდაათი მილი მაღაზიიდან სახლამდე. ეჰ, ნეტავ თან მქონოდა ფანქარი და ქაღალდის ნაგლეჯი, თუმცა, ვინ იცის, იქნებ ასეც სჯობდა. დროდადრო ვფიქრობ ხოლმე, რომ ბოლომდე შენ და ფრენიმ სეიმორს ვერ აპატიეთ თვითმკვლელობა, არადა უოკერი მესაუბრა ერთხელ ამის შესახებ, თითქმის სიტყვასიტყვით ვეცდები გადმოგცე მისი აზრი, ის თვლიდა, რომ სინამდვილეში უფროსმა ძმამ ყველაზე მეტად თქვენ ორს დაგწყვიტათ გული და მიტევებაც მხოლოდ თქვენ ორმა შეძელით გულწრფელად. დანარჩენ და-ძმებს, მისი აზრით, გარეგნულად არ გვეტყობოდა ძმის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი, შინაგანად კი ვერ ვაპატიეთ ბოლომდე. იქნებ ეს სიმართლეზე მეტი სიმართლეცაა, აბა, რა ვიცი?..
  ამ წუთას მხოლოდ ერთი რამ ვიცი დანამდვილებით, წერილის წერა რომ დავიწყე, მინდოდა რაღაც კარგი, ბედნიერებით აღსავსე, ამაღელვებელი ჩამედო მასში, საბოლოოდ კი რა გამოვიდა? მთელი ნაჯღაბნი შენს სადოქტოროს დისერტაციასა და სამსახიობო კარიერაზეა. ღმერთო ჩემო, რა არეულ-დარეული და სასაცილო უსტარი გამომივიდა... სეიმორი რომ ცოცხალი იყოს, გამიღიმებდა და მეტყოდა, შეეშვი, სისულელეა ამაზე დარდიო...
    ჰოდა, საკმარისია, ითამაშე ზაქარია მარტინ გლას, სადაც გინდა და როცა გინდა, მანამ, სანამ გეყოფა ძალა, რაც არ უნდა გააკეთო სცენაზე, ამაღელვებელ სახეებს შექმნი, თუ სასაცილო პერსონაჟებს ითამაშებ, იცოდე, მე და სეიმორი ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით, ვიქირავებთ სმოკინგებსა და შლაპებს და შენი თეატრის კულისებს მოვადგებით ხელში თაიგულით... ნებისმიერ შემთხვევაში, შენგან შორს ვიქნები თუ ახლოს, ყოველთვის გქონდეს ჩემი სიყვარულის, თანაგრძნობისა და მხარდაჭერის იმედი...
… ბადი
როგორც ყოველთვის, ახლაც აბსურდული პრეტენზია მაქვს ყოვლისმცოდნეობაზე, მაგრამ კარგი იქნება, თუ გამიგებ და ჩემს შედარებით ჭკვიანურ აზრებს მაინც თუ სცემ პატივს... მახსოვს, რამდენიმე წილის წინ მოთხრობა დავწერე ს-სა და ბო ბოზე, შემდეგ კი ორივეს წავუკითხე, რომ დავამთავრე, ბო ბომ პირდაპირ მითხრა (სეიმორის ზურგსუკან მდგარმა), ეს მოთხრობა ,,მეტისმეტად ჭკვიანურიაო”, თავი დანანებით გაიქნია და დასძინა, რომ სწორედ ეს იყო ჩემი მუდმივი თავის ტკივილი და აქილევსის ქუსლი, ამით ვცდილობდი, მასების ყურადღება მიმეპყრო, ამიტომ, ჩემო ზუი, როგორც ერთი კოჭლი უდგას გვერდით მეორეს და ზურგს უმაგრებს, ისე ამოვუდგეთ ერთმანეთს გვერდით და  პატივისცემითა და ზრდილობით მოვეპყრათ.
დიდი სიყვარულით, ბ.

  ოთხი წლის წინანდელი წერილის ქვედა, უკანასკნელი ფურცელი, ძველი ტყავისფრად იყო დალაქავებული და ნაკეცებთან ორ ადგილას გახეული. ზუიმ კითხვა დაასრულა, თანმიმდევრულად დაალაგა ფურცლები, მშრალ მუხლებზე დაიდო, გაასწორა, მოიღუშა, შემდეგ ისე დახედა, თითქოს უკანასკნელად გადაავლო თვალი და კონვერტში ჩატენა, ეს სქელი კონვერტი აბაზანის კიდეზე დადო და გაეთამაშა, ცალი თითით კიდეზე აქანავებდა, მერე კი ცდილობდა, დაეჭირა და წყალში არ ჩავარდნოდა. ხუთი წუთის შემდეგ ლამის ჩაუვარდა წყალში და ჰაერში სტაცა ხელი, ძლივს გადაარჩინა დასველებას. ამით თამაშს ბოლო მოეღო, კონვერტი ხელში უკუღმა დაიკავა, უფრო ღრმად ჩაჯდა აბაზანაში და მუხლებსაც ჩაძირვის საშუალება მისცა. გაურკვეველი მზერა ცოტა ხნით აბაზანის კერამიკული ფილებით მოპირკეთებულ კედელზე შეაჩერა და ბოლოს სიგარეტს გადახედა, რომელიც ისევ სასაპნეზე იდო, ხელით დასწვდა მოკიდებულ ღერს და სცადა მოექაჩა, მაგრამ ამაოდ, უკვე კარგა ხნის წინ ჩამქრალიყო, ისევ წამოჯდა, ისე სწრაფად და მოულოდნელად, რომ აბაზანაში წყალი ახმაურდა. მანქანაზე დაბეჭდილი ხელნაწერი ძველ ადგილას, ფარდაგზე იგდო, ნაწერით ზემოთ, დასწვდა მას, უსტარი ხელნაწერში ჩატენა, მერე კი ფურცლები უკვე სველ მუხლებში ჩაიჩარა, გადაშალა მეცხრე გვერდზე, ჟურნალისებურად გაკეცა და კითხვა თუ სწავლა დაიწყო, ,,რიკის” რეპლიკებისთვის რბილად წათლილი ფანქრით მუქი ხაზი გაესვათ:
,,ტინა (პირქუშად): ო, ძვირფასო, ძვირფასო, ძვირფასო! მე შენი ღირსი არა ვარ.
რიკი: ამას ნუ ამბობ, აღარ გაბედო, გესმის?
ტინა: მართლა ასეა, არ გჯერა? უიღბლო ვარ, საშინელი უიღბლო. მე რომ არა, სკოტ კონკაიდი კარგა ხნის წინ გადაგიყვანდა Bბუენოს აირესის ოფისში. ყველაფერი ჩემი ბრალია. (მიდის ფანჯარასთან) ვენახის მომსპობ მელიათაგანი ვარ*, ასე მგონია, საზიზღარ წარმოდგენაში ვთამაშობ, არადა ყველაზე სასაცილო ამ ამბავში ისაა, რომ სინამდვილეში სულაც არა ვარ საზიზღარი,  უბრალოდ, რაცა ვარ, ეგა ვარ. (შემობრუნდება) ო, რიკი, რიკი, მეშინია. რა გველის? საკუთარი თავი ვერ გვიპოვია. ხელს ვუწვდით და მაინც ვერ ვპოულობთ ერთმანეთს, შეშინებული ვარ, ელდისაგან დაზაფრულ ბავშვს ვგავარ. (ფანჯრიდან იხედება) მეზიზღება ეს წვიმა, ზოგჯერ მკვდარს წარმოვიდგენ ჩემს თავს წვიმაში*...
რიკი (წყნარად): ძვირფასო, ეს სიტყვები მეცნობა, ,,მშვიდობით იარაღო” უნდა იყოს,  არა?
ტინა: (შემობრუნდება განრისხებული): გაეთრიე აქედან, გაეთრიე! გაეთრიე, სანამ გადავხტი ფანჯრიდან, გესმის?
რიკი (ხელს წაავლებს): ახლა შენ მისმინე, სულელო  ლამაზმანო, ჩემო  ძვირფასო ბავშვო, როგორ მიეჩვიე ამ ტრაგიკული როლების თამაშს?!
  უეცრად ზუის კითხვა დედამისის დაჟინებულმა, მეტისმეტად საქმიანმა, მისკენ მიმართულმა ხმამ შეაწყვეტინა.
- ზუი, ისევ აბაზანაში ხარ?
- ისევ აქა ვარ, რა მოხდა?!
- შემოსვლა მინდა რამდენიმე წუთით, რაღაც საქმე მაქვს შენთან.
- ღვთის გულისათვის, აბაზანაში ვარ, დე!
- ორიოდე წუთით შემოვალ, გთხოვ, შხაპის ფარდა  ჩამოაფარე.
  ზუიმ სინანულით გადაავლო ფურცელს თვალი, შემდეგ დაკეცა და აბაზანის კიდეზე ჩამოსდო.
- იესო ქრისტევ, ყოვლისშეძლეო! - ჩაილაპარაკა, - ,,ზოგჯერ მკვდარს წარმოვიდგენ ჩემს თავს წვიმაში...”
  ალისფერი, კანარის ჩიტივით ყვითელი ვიოლინოსა და ბანის გასაღებით მოხატული ფარდა პლასტმასის რგოლებით ეკიდა აბაზანის თავზე და ერთ ადგილას იყო შეკრული, ზუი წამოიწია, მისწვდა და ბოლომდე ჩამოსწია, ისე რომ სრულებით აღარ ჩანდა.
- კარგი, დე, შემოდი, - გასძახა მისის გლასს. მის ხმაში ვერ შენიშნავდით მსახიობისთვის დამახასიათებელ მანერას, მაგრამ მეტისმეტი ვიბრაცია მოგხვდებოდათ ყურში. წლების წინ, როცა  ,,ჭკვიანი ბავშვის” სულ პატარა მონაწილე იყო სწორედ ამ ვიბრაციის გამო გამუდმებით სთხოვდნენ ხოლმე, მიკროფონისგან შორს დაეჭირა თავი.
  კარი გაიღო და მისის გლასი, საშუალო სიმაღლისა და სისქის მანდილოსანი, თავზე თმის სამაგრი ბადით, გვერდულად შემოვიდა აბაზანაში. ქალის ასაკის გარკვევა ძნელი იყო, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ამ ბადეს ატარებდა...  აბაზანაში ფიზიკურ შემოსვლას თან ახლდა სიტყვიერი შემოსვლა.
- ვერაფრით წარმომიდგენია, როგორ შეგიძლია ასე აბაზანაში გაჩერება, - კარი წამიერად ისე შემოიხურა, თითქოს მთელი მისი შთამომავლობა ომს აწარმოებდა აბაზანაში ხანგრძლივად ნებივრობის მოყვარულთა წინააღმდეგ. - ბოლოს და ბოლოს, ჯანმრთელობისთვისაც არაა სასარგებლო!
-  იცი, რამდენი ხანია, რაც აქ ხარ? ზუსტად ორმოცდახუთი...
- არ მითხრა, არაა საჭირო, ბესი!
- რას ქვია არ გითხრა, რას გულისხმობ?
- რას უნდა ვგულისხმობდე, წუთებს ნუ მითვლი...
- წუთებს არავინ გითვლის, ახალგაზრდავ! -  უპასუხა მისის გლასმა, ის უკვე ძალიან დაკავებული იყო, აბაზანაში პატარა, მოგრძო შეკვრა შემოეტანა, თეთრ ქაღალდში გახვეული და ოქროსფერი ლენტით შეკრული, როგორც ჩანდა, მასში ჩადებულ ნივთი დაახლოებით მოზრდილი ბრილიანტის ან  ონკანის პატარა დეტალის ზომის იყო, მისის გლასმა თვალები მოჭუტა და მონდომებით დაიწყო ლენტის გამოხსნა, მაგრამ მარყუჟი არ დანებდა და კბილები მოიშველია.
  ტანთ ქალს ჩვეულებრივი საშინაო ტანსაცმელი ემოსა, ზუსტად ის, რასაც მისი ვაჟი, ბადი (აი, ის, მწერალი რომ იყო და ამის გამო, კაფკას თუ დავუჯერებთ, ვერაფრით რომ ვერ ჩათვლიდით სასიამოვნო კაცად) ,,სიკვდილის მაცნე უნიფორმას ეძახდა’’. სამოსი შედგებოდა ძირითადად მუქი ლურჯი იაპონური კიმონოსგან, ქალი მას მთელი დღე ატარებდა, კიმონოს უამრავი ნაკეცი ჰქონდა და ამის გამო იდუმალი ელფერი დაჰკრავდა. სამოსი ასევე წარმოადგენდა მწეველისა და მოყვარული ხელმარჯვე ოსტატის საფარს; გვერდებზე ორი დიდი ზომის ჯიბე ჰქონდა და მათში როგორც წესი, მუდმივად ეწყო ორი-სამი კოლოფი სიგარეტი, რამდენიმე ასანთი, სახრახნისი, მოკაუჭებულბოლოიანი ჩაქუჩი, ბოისკაუტის დანა, რომელიც ოდესღაც ერთ-ერთ მის ვაჟთაგანს ეკუთვნოდა, ერთი ან ორი მომინანქრებული სახელური, პლუს ჭანჭიკების, ლურსმნების, ანჯამების, ბურთულიანი საკისრების მთელი ასორტიმენტი, ამ ყველაფრის გამო კი მისის გლასი თავის უზარმაზარ აპარტამენტში მსუბუქი ჩხარუნით დააბიჯებდა.  ათი წლის, ან იქნებ მეტის, მანძილზე ორივე ქალიშვილი ცდილობდა, დედა იძულებული გაეხადა, ეს ვეტერანი კიმონო გადაეგდო. (გათხოვილი ქალიშვილი, ბო ბო, სიტყვას გადაუკრავდა ხოლმე ფრენის, სანამ სანაგვე ყუთში გადავუძახებთ, რაიმე პირდაჩლუნგებული ინსტრუმენტით საკონტროლო დარტყმა მივაყენოთო.) რაც არ უნდა აღმოსავლური ელფერის ყოფილოყო ეს სამოსი, იოტისოდენადაც არ შეესაბამებოდა იმ შთაბეჭდილებას, რასაც მისის გლასი ახდენდა დამკვირვებელზე.
  გლასები ძველ, მაგრამ არა ძველმოდურ სახლში ცხოვრობდნენ ისთ სევენთიზე, სადაც ბინადარ ქალთა ორი მესამედი ბეწვიან ქურქს ატარებდა და კვირის ყოველ მზიან დღეს შენობიდან იმისთვის გამოდიოდა, რომ ,,ლორდი და ტეილორის” ან ,,საქსის” ან ,,ბონვიტ ტელერის” ლიფტში შეხვედროდნენ ერთმანეთს. ამ ტიპიურ,  მანჰეტენურ ფონზე მისის გლასი (გარკვეულ ადამიანთა აზრით)  საკმაოდ სასიამოვნო გამონაკლისი გახლდათ. ისე გამოიყურებოდა, თითქოს შენობიდან  თითქმის არასოდეს გადიოდა, თუ გავიდოდა, ბეჭებზე მუქი ფერის შალს მოიგდებდა და წავიდოდა მაინცდამაინც ო’კონელის ქუჩის მიმართულებით, რათა ნახევრად ირლანდიელი, ნახევრად ებრაელი ვაჟების გვამები მოეთხოვა, რომლებიც  რაღაც რელიგიური გაუგებრობის გამო შემოაკვდათ შავ-ყვითლებს*.
ზუიმ უეცრად დაეჭვებით ჰკითხა დედას:
- ღვთის გულისათვის, რას აკეთებ?
  მისი გლასს ამასობაში შეკვრა გაეხსნა და გულდასმით კითხულობდა კბილის პასტის ყუთზე დაბეჭდილ წარწერას.
- ქენი სიკეთე და ენას კბილი დააჭირე, - უპასუხა ქალმა და საოჯახო აფთიაქისკენ გაემართა, რომელიც პირსაბანის თავზე, კედელზე იყო მოთავსებული, გააღო მისი სარკიანი კარი და თვალწინ გადაეშალა ფარმაეცევტული ნარცისების ოქროს კოლექცია*: იოდი, მანგანუმის ფხვნილი, ვიტამინების კაფსულები, კბილის საწმენდი აბრეშუმის ძაფი, ასპირინი, ანაცინი, ბუფერინი, არგიროლი, მუსტეროლი, ექს-ლაქსი, მაგნეზიის რძე, ინგლისური მარილი, ასპარგუმი, ,,ჯილეტის” ორი სამართებელი, საპარსი კრემის ორი ტუბი, ბინტი და შავ-თეთრი, დაკუჭული სურათი კატისა, რომელსაც აივნის მესერთან ჩასძინებოდა, გარდა ამისა, იქვე ეწყო სამი სავარცხელი, თმის ორი ჯაგრისი, ველური ბრინჯის ნაყენზე დამზადებული თმის საცხის ბოთლი, ,,ფითჩის” ქერტლის საწინააღმდეგო ხსნარი, პატარა, გლიცერინის უეტიკეტო ყუთი, ,,ვიკსის” ცხვირის წვეთები, ,,ვიკსის” დეზოდორანტი, ექვსი ცალი კასტილიური საპონი, 1946 წელს გამოსული მიუზიკლის (,,დამიძახე მისტერ”) სამი ბილეთის ნაკუწები, კრემ-დეპილატორის ტუბი, ,,კლინექსის” შეკვრა, ორი ცალი ზღვის ნიჟარა, ორი ქილა სახის გამწმენდი კრემი, სამი წყვილი მაკრატელი, ფრჩხილების ქლიბი,  მარმარილოს უზადო ლურჯი ბურთულა (ბოლო ოცწლეულის განმავლობაში ,,გამწმენდის” სახელით ცნობილი), გადიდებული ფორების დასახური კრემი, ერთი ცალი პინცეტი, ქალის ან გოგოს ოქროს უსამაჯურო მაჯის საათი, სოდიუმის ბიკარბონატის ყუთი, გოგონათა სადღეღამისო სკოლის ონიქსის ქვისგან გამოკვეთილი საკლასო ბეჭედი, ,,სტოპეტის” ბოთლი,  და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, კიდევ აუარება ნივთი. მისის გლასი ენერგიულად იღებდა ნივთებს ქვედა თაროდან და ფრთხილად, მოგუდული ბრახუნით ათავსებდა ნაგვის ურნაში.
- რამდენიმე ცალ იმ ახალ კბილის პასტას გილაგებ აქ, რომლის შესახებაც ყველა ყბედობს ამ ბოლოს,  - გამოაცხადა უცებ ზუის გასაგონად და ისე, რომ არც კი შეტრიალებულა შვილისკენ, განაგრძო, - ძალიან მინდა, თავი დაანებო ამ იდიოტური კბილის ფხვნილების ხმარებას, მთელს მინანქარს მოგაშორებს დროთა განმავლობაში. არადა გადასარევი კბილები გაქვს, ერთადერთი, რაც შეგიძლია გააკეთო, აიყვანე წესიერი...
- ეგ ვინღა გითხრა? - შხაპის ფარდის მიღმა წყალი ახმაურდა, - ვინ ჯანდაბამ გითხრა, რომ კბილზე მინანქარს მომაშორებს?
- მე გეუბნები, - მისის გლასმა აფთიაქს საბოლოო, კრიტიკული მზერა მიმოავლო. - კეთილი ინებე და ეს კბილის პასტა იხმარე. - შემდეგ ინგლისური მარილის გაუხსნელ ყუთს თითი მსუბუქად წაჰკრა, ისე, რომ მწკრივში მოეთავსებინა და საოჯახო აფთიაქის კარი მიხურა, ცივი წყლის ონკანი დაკეტა და შუბლშეკრულმა განაგრძო: - ნეტავი გამაგებინა, ხელს რომ იბანენ ამ ოჯახში, პირსაბანს რატომ არ ასუფთავეენ? სახლში ხომ ყველა ზრდასრული ასაკისაა. მოუშვა ისევ ონკანი, ახლა უკვე დიდი წნევით და ერთი ხელის მოსმით, სწრაფად გაასუფთავა პირსაბანის ნიჟარა. - შენს უმცროს დას ჯერ არც დალაპარაკებიხარ, არა? -  მიბრუნდა და საშხაპის ფარადს შეხედა.
- ჰო, ჯერ არ დავლაპარაკებივარ, კი, მაგრამ, აღარ გაეთრევი აქედან?
- რატომ არ დაელაპარაკე? კატეგორიულად შეეპასუხა მისის გლასი, - ზუი, სულაც არ მომწონს ეს ამბავი, მე ხომ გთხოვე, წასულიყავი და გენახა...
- პირველ რიგში, ბესი, ჯერ ერთი საათიც არაა, რაც  ავდექი, მერე კიდევ, წუხელ სრული ორი საათი ველაპარაკე და არა მგონია, დღესაც ჰქონდეს გულახდილი საუბრის სურვილი, მესამეც, თუ ვერ მოიფიქრებ აქედან დროულად გასვლას, ამ წყეულ ფარადს ცეცხლს წავუკიდებ, გაიგე, ბესი?
  სადღაც, ამ სამ პუნქტს შორის, მისის გლასმა შეწყვიტა მოსმენა და ჩამოჯდა. - ზოგჯერ ასე მგონია, მოვკლავ ბადის, ქალაქის ტელეფონის არქონის გამო, თქვა მან, - როგორ შეიძლება მოწიფულ მამაკაცს, არც ტელეფონი ჰქონდეს, არც არაფერი, არავინ  ერევა მის პირად ცხოვრებაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ასე განდეგილივით ცხოვრებაც არ შეიძლება, - გაღიზიანებით შეარხია ბეჭები და ფეხი ფეხზე გადაიდო, - საშიშიცაა, ღვთის გულისათვის, უცებ იქნებ ფეხი მოიტეხოს ან ტყეში დაებნას გზა,  რა უნდა ვქნა? სულ ამას ვწუხვარ.
- წუხარ? რატომ? რა გადარდებს? მისი მოტეხილი ფეხი თუ ტელეფონის არქონა?
- მარტო ბადიზე არ ვამბობ, ორივეს ამბავი მადარდებს, შენიც და იმისიც, რომ იცოდე.
- ჰოდა, არ იდარდო, დროს ტყუილად ნუ ხარჯავ უმიზნო წუხილში, რა სულელი ხარ, ბესი, ღმერთმანი, განა არ იცნობ ბადის, უღრან ტყეში რომ იყოს შესული დაახლოებით ოცი მილის მანძილზე, ორივე ფეხი რომ მოტეხილი ჰქონდეს და ისარი მოარტყან უკან, ზურგში, თავის გამოქვაბულამდე მაინც მიბობღდება და მიმოიხედავს, რათა დარწმუნდეს, რომ მის არყოფნაში სახლში არავინ შემძვრალა რეზინის ფეხსაცმელების მოსაზომებლად. - ფარდის უკნიდან ხანმოკლე, ნასიამოვნები დემონური ხითხითი გაისმა. - დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები, ბადის იმდენად უყვარს თავისი თავი, არსად დაიკარგება და არც ტყეში ელის უეცარი სიკვდილი.
- მე სიკვდილზე არ ვლაპარაკო, - უპასუხა მისის გლასმა და თავზე თმის ბადე შეისწორა, - მთელი დილაა ვცდილობ, იმ ხალხს დავუკავშირდე, გზის ბოლოს რომ ცხოვრობენ და შვილს ველაპარაკო ტელეფონით, ისინი კი არც მპასუხობენ, ვერაფრით ვერ ვყუკავშირდები და ეს ძალიან მაღიზიანებს, რამდენი ხანია, ვეხვეწები ძველი  პირადი ტელეფონი გაათრიოს თავისი და სეიმურის ოთახიდან, განა ეს ნორმალურია? მართლაც რაღაც რომ დაემართოს და დასჭირდეს?... მაღიზიანებს ეს ყველაფერი, წუხელ ორჯერ დავრეკე,  არა, ოთხჯერ...
- რას ჰქვია, გაღიზიანებს? ან რატომ უნდა შეიწუხოს უცხო ხალხმა თავი ბადის ტელეფონთან დაძახებით?
- შეწუხებას არ დავეძებ, ზუი, რატომ მექცევი ასე, განა გასაკვირია, იმ ბავშვზე რომ ვდარდობ? გადაეცი ბადის, რომ ვნერვიულობ, სხვათა შორის, არა მგონია, ოდესმე მაპატიოს, საერთოდ რომ გავწყვიტო მასთან კავშირი.
- კარგი მაშინ, რაღა მეზობლებს აწუხებ, კოლეჯში მაინც დაურეკე, ხომ იცი, ამ დროს თავის გამოქვაბულში არ დაგხვდება.
- კეთილი ინებე და ხმას დაუწიე, ახალგაზრდავ, გეთაყვა, ყრუ კი არა ვარ. კოლეჯშიც დავურეკე, მაგრამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ ამას კარგი არაფერი მოჰყვება, შეტყობინებას უტოვებენ ხოლმე ოფისის მაგიდაზე, მაგრამ მგონი ოფისშიც არ მიდის ხოლმე, - მისის გლასი უეცრად წინ წაიხარა ისე, რომ ადგილიდან არ წამომდგარა, მისწვდა და რაღაც აიღო სარეცხის საშრობიდან - ხრალი შემოიტანე? - ჰკითხა ზუის.
- ხრალი კი არა, ღრუბელი, ბესი, ბოლოს და ბოლოს აღარ დამანებებ თავს? იქნებ როგორმე მარტო დამტოვო აბაზანაში, ეს ერთადერთი უბრალო სურვილი მაქვს ამწუთას, რომ მდომოდა, ეს ოთახი ფუმფულა, ირლანდიური ვარდებით ამევსო, დაგიძახებდი, გადი რა, თავი დამანებე!
- ზუი, მოთმინებით უპასუხა მისის გლასმა, - ხელში სუფთა ხრალი მიჭირავს, გინდა თუ არა? მიპასუხე.
- ო, ღმერთო ჩემო, მინდა, მინდა, მინდა, გადმომიგდე!
- არ გადმოგიგდებ, ხელში მოგაწვდი, ყველაფერი როგორ უნდა გადმოგიგდოთ ამ ოჯახში? - მისის გლასი სამი ნაბიჯით მიუახლოვდა საშხაპის ფარდას და დაელოდა, სანამ ზუიმ ხელი არ გამოუწოდა ხრალის გამოსართმევად.
- მილიონ მადლობას გწირავ, ახლა კი გადი აქედან, ექვსი ფუნტი დავიკელი უკვე აქ ჯდომაში.
- რა გასაკვირია! იმდენი ხანია ამ დაწყევლილ აბაზანაში ზიხარ, ნამდვილად გალურჯდებოდი. - ...ეს რაღაა? - მისის გლასი უდიდესი ინტერესით მიაშტერდა რაღაცას, მერე დასწვდა და იატაკიდან ის ხელნაწერი აიღო, ზუი რომ კითხულობდა აბაზანაში მის შეჭრამდე.
- ეს ის ახალი ხელნაწერია, მისტერ ლესაჟმა რომ გამოგიგზავნა? იატაკზე რატომ გდია? - იკითხა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, ევას რომ ეკითხა კაენისთვის, რატომ ეგდო მისი საყვარელი თოხი წვიმაში, სწორედ ასეთი რეაქცია ექნებოდა შვილს. - - პირდაპირ შესანიშნავი ადგილი გიპოვნია, ხელნაწერის შესანახად. - აიღო და  ნივთი  დიდი სიფრთხილით, ფანჯარასთან ახლოს პირდაპირ რადიატორზე დადო, თან დაათვალიერა, დასველდა თუ არა. ფანჯრის ჟალუზი ჩამოწეული იყო, ზუი იმ სამი ნათურის შუქზე კითხულობდა, აბაზანაში რომ ენთო, მაგრამ დღის შუქი მაინც იჭრებოდა და ხელნაწერის სატიტულო ფურცელს ეცემოდა. მისის გლასმა თავი გვერდზე გადასწია, სათაური კარგად რომ დაენახა, კიმონოს ჯიბიდან სიგარეტი ამოაცოცა და გაოცებულმა ხმამაღლა  წაიკითხა: ,,გული - შემოდგომის ყარიბი”, - უჩვეულო სათაურია.
  საშხაპის ფარდიდან დაგვიანებული, მაგრამ კმაყოფილებით სავსე ხმა მოისმა საპასუხოდ:
- რაო, რას ამბობ? რა სათაური?
  მისის გლასმა პოზიციები არ დათმო, თავდაცვისთვის მოემზადა, ადგილზე შესწორდა და ხელში სიგარეტით გასძახა, - უჩვეულოა-მეთქი, გითხარი, გადასარევი ან პოეტური არ მითქვამს...
  - ოჰ, ზეციურო ძალებო, დღეს დილაუთენია შესდგომიხარ კარგი რამეების ძებნას, ბესი, გოგონავ, იცი როგორი გული გაქვს? გინდა იცოდე? შენი გული შემოდგომის გარაჟია. რას ერჩი ამ დასამახსოვრებელ სათაურს? ღმერთმანი, ხალხის უმეტესობა, უნიფორიმიანებს ვგულისხმობ, ფიქრობს, რომ ამ ოჯახში მხოლოდ სეიმორი და ბადი არიან ნამდვილი მწერლები, მე კი, რამდენიც არ უნდა ვიფიქრო ჭეშმარიტად მგრძნობიარე პროზაზე და თავშესაფრებზე, უმალ ვივიწყებ მთელს ჩემს...
  - კარგი, კარგი, ახალგაზრდავ, - დააწყნარა ზუი მისის გლასმა. როცა საუბარი ტელევიზიას, პიესის სათაურს, ზოგადად ესთეტიზმს შეეხებოდა ხოლმე, მისის გლასს თვალებში ნაპერწკლები უციმციმებდა, ობიექტური არბიტრის ნაპერწკლები, თუკი ამ ყველაფერს მისი უმცროსი, ყველაზე სიმპათიური ვაჟის თავხედური გამოხტომები არ შერყვნიდა. წამის ნახევარში ამ გრძნობამ შეცვალა ქალის სახეზე ის დარდიანი გამომეტყველება, რომლითაც შეაბიჯა აბაზანაში რამდენიმე წუთის წინ, თუმცა მალე დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას და თავდაცვა განაგრძო. - რა სჭირს ამ სათაურს? ძალიან უჩვეულოა. შენთვის არაფერია უჩვეულო ან მშვენიერი...
  - რაო, რას ამბობ? მშვენიერი არ არისო, ამ სათაურზე გულშიც არ გამივლია. ფარდის მიღმა  ისეთი ხმაური გაისმა, თითქოს წყალში დელფინი ცელქობდა. - მისმინე, ფეხებზე მკიდია შენი შეხედულება რასაზე, კრედოზე ან რელიგიაზე, მაგრამ არ მითხრა, რომ უგრძნობი ვარ მშვენიერების მიმართ, არ დაგავიწყდეს, ეს ჩემი აქილევსის ქუსლია, ჩემთვის ყველაფერში დევს მშვენიერება, მიჩვენე ვარდისფერი დაისი და ღმერთმანი, ძალა გამომეცლება, ან თუნდაც, ,,პიტერ პენი” მაყურებინე თეატრში, ფარდის აწევამდეც კი ცრემლები ამივსებს თვალებს, შენ კიდევ მეუბნები, რომ...
- ოჰ, გაჩუმდი, ზუი, დაბნეულმა მიუგო მისის გლასმა და ამოიოხრა, მერე დაძაბული გამომეტყველებით ღრმა ნაფაზი დაარტყა და ნესტოებიდან გამოუშვა ბოლი, - ოჰ, ნეტავ ვიცოდე, რა მოვუხერხო ამ ბავშვს, თქვა და ღრმად ამოისუნთქა, - მთელი ძალა გამომაცალა, - წამოდგა და გამჭოლი მზერით გახედა საშხაპის ფარადს. - არაფერი გამოვა თქვენგან, არც ერთი უქნიხართ ღმერთს, მამათქვენს კიდევ მსგავს საკითხებზე ხმას ვერ ამოაღებინებ, ხომ იცნობთ როგორია, ასე ჰგონია, თუ რადიოს ჩართავს და რომელიმე სულელ ახალგაზრდა მომღერალს მოუსმენს რადიოთი, ყველა უსიამოვნება გაქრება...
  აბაზანის სიღრმეში მიმალულმა ზუიმ გულიანად გადაიხარხარა. ეს ხარხარი მართალია დიდად არ განსხვავდებოდა ჩვეული სიცილისგან, მაგრამ მცირეოდენ სხვაობას მაინც შენიშნავდით.
  - რა გაცინებს, განა ასე არაა? - დაიჟინა მისის გლასმა. - გინდა იცოდე, რას ვფიქრობ მამაშენზე, მერე უფრო კატეგორიულად დაამატა, - გინდა?
  - ბესი, ღმერთმანი, მინდა თუ არ მინდა, ხომ ვიცი, მაინც იტყვი და რა მნიშვნელობა აქვს...
  - მე ვფიქრობ, მამაშენს იმედი აქვს, კვლავ გაიგონებს თავისი ბავშვების ხმას რადიოთი, სერიოზულად გეუბნები, მართლა ასე მგონია. - მისის გლასმა კვლავ ღრმად ამოისუნთქა. - რამდენი რადიოს ჩართავს, ასე მგონია, ცდილობს, რომელიმე ტალღაზე ,,ჭკვიანი ბავშვი” დაიჭიროს და მოისმინოს, როგორ პასუხობთ ერთმანეთის მიყოლებით დასმულ შეკითხვებს. - ტუჩები მჭიდროდ დამუწა და ცოტა შეისვენა, რათა კვლავ გაეგრძელებინა ძველი შემართებით. - თან ყველა თქვენთაგანის ხმის გაგონების იმედი აქვს, სეიმორისა და უოლტისაც კი, - თქვა, უეცრად უმნიშვნელოდ შეიცვალა პოზა და კვლად ღრმა ნაფაზი დაარტყა სიგარეტს. - მამათქვენი წარსულში ჩარჩა, ტელევიზორსაც კი აღარ უყურებს, თუ იქ თქვენ ვერ გნახავთ. რა გაცინებს, ზუი, სულაც არაა სახუმარო ამბავი.
- ღმერთმანი, სულაც არ მეცინება!
- ჰო, მართლა ასეა! მამაშენს წარმოდგენაც არა აქვს, რა სჭირს ფრენის, წუხელ, თერთმეტსაათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ იცი რა მკითხა? ფრენის მანდარინი ხომ არ ესიამოვნებაო. საცოდავი ბავშვი, საათობით წევს და ტირის, თანაც თავისთვის ლუღლუღებს, რომ წარმოდგენა არ აქვს, რა დაემართა, მამაშენი კი ფიქრობს, მანდარინი ხომ არ ესიამოვნებაო, მოვკლავდი, რომ შემეძლოს... -სხვა დროს... აქ მისის გლასმა საუბარი შეწყვიტა და კვლავ გახედა საშხაპის ფარდას. - რა ნახე ამაში სასაცილო?- მკაცრად ჩაეკითხა ვაჟს.
- არაფერი! არაფერი, არაფერი, არაფერი! მანდარინი მომეწონა, კარგი, რა, ბესი, რომელი არ გეხმარებით, მე თუ ბადი? გული გადაგვიშალე, ბესი, ნუ ხარ ასე მოკრძალებული და თავდაჭერილი. იცი, რა არის ჩვენი ოჯახის პრობლემა სინამდვილეში? ყველაფერს გულში ვიმარხავთ...
- სულაც არაა სასაცილო, ახალგაზრდავ, ეს იგივეა, ხეიბარს დასცინო. - უპასუხა მისის გლასმა და წუთშესვენება აიღო, თმის ურჩი კულული ბადეში რომ მოეთავსებინა. -ოჰ ნეტავ, ამ რამდენიმე წუთში ის იდიოტური ტელეფონი დამადგმევინა ბადისთვის, ის ერთადერთია, ვისაც ჩემი გულისნადების გაგება შეუძლია,  თქვა და შესამჩნევი ღვარძლით დაუმატა, ,,გაჭირვებულს ქვა აღმართში  დაეწიაო”, სიგარეტის ფერფლი მომუშტულ მარცხენა ხელში ჩაიგროვა. - ბო ბო ათამდე არ ჩამოვა, უოიკერს რაც შეეხება, მეშინია ყველფრის თქმა, თანაც არც კი ვიცი როგორ ვიპოვო. უცნაური ოჯახია, ღმერთმანი, ყველანი ჭკვიანებად ითვლებით, ბავშობიდან დღემდე, არადა არც ერთი თქვენგანის იმედი არ მაქვს მძიმე ჟამს, არც ერთი თქვენგანის, ეშმაკმა დალახვროს...

- რა მძიმე ჟამს, ღვთის გულისათვის? რა მძიმე ჟამს? რა გინდა ჩვენგან, ბესი? ან ფრენის რას ერჩი, არ შეგიძლია, თავი დაანებო და მის ცხოვრებაში არ ჩაერიო?
- გაჩუმდი, ზუი! არავინ ერევა ფრენის ცხოვრებაში, უბრალოდ მინდა მის ოთახში შევიდე და გავიგო, რა ხდება ჩემი ქალიშვილის თავს, მინდა გავიგო, როდის აპირებს ეს ბავშვი კოლეჯში დაბრუნებას და სწავლის დამთავრებას, ისიც მინდა გავიგო, რის მირთმევას ინებებს, შაბათ საღამოს მერე ლუკმა არ ჩაუდევს პირში, ნახევარი საათის წინ ვცადე, ქათმის ბულიონით სავსე ფინჯანი შემეტანა, ზუსტად ორი კოვზი გადაყლაპა, სულ ეს იყო, გუშინ რაც შევუტანე ყველაფერზე ხელი მიკრა. - მისის გლასი ისევ გაჩუმდა ძალა რომ მოეკრიბა და განაგრძო, - მოგვიანებით მითხრა, ყველიან ბუტერბროდს შევჭამო, ჩვენდა ჭირად მოიგონეს ეს ყველიანი ბუტერბროდები, ფრენი მხოლოდ მაგას და კოკა კოლას გეახლება, მე კი სულაც არ ვაპირებ, ახალგაზრდა გოგო მსგავსი ნაგვით გამოვკვებო...
- ჰო, საქმეც ამაშია, ან ქათმის ბულიონი უნდა მიირთვას, ან არაფერი, პირდაპირ გასაქანს არ აძლევ, გოგონას ნერვული შეტევა აქვს, ჩვენ კი ისიც ვერ მოგვიხერხებია, მშვიდი და მყუდრო გარემო შევუქმნათ...
- ნუ თავხედობ, ახალგაზრდავ... მაინც რა ენა გაქვს! ცნობისათვის, მე ვთვლი, რომ იმ საკვებს, რასაც ფრენი ღებულობდა, შეუძლებელია გავლენა არ მოეხდინა მის დღევანდელ მდგომარეობაზე, ბავშობიდან ვცდილობდი, მეიძულებინა, ბოსტნეული და სხვა სასარგებლო საკვები მიეღო, არ შეიძლება, ასე მოექცე საკუთარ ორგანიზმს და მორჩა, არ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ.
- ჰო, მართალი ხარ, ჭეშმარიტებას ღაღადებ პირდაპირ, რა უცებ მიაგნებ ხოლმე დამნაშავეს, პირდაპირ გამაჟრჟოლა... ეშმაკმა დალახვროს, სწორედ ეს მინდოდა, ბესი, იცი, ახლა შენ რა ქენი? წარმოდგენა თუ გაქვს მაინც? შათამაგონე და მთელს ამ წყეულ ამბავს ახალი ბიბლიური დატვირთვა შესძინე, კოლეჯში ოთხი ესსე დავწერე ქრისტეს ჯვარცმაზე, არა, ხუთი, და თითოეული ესსეს ჩამთავრებისას ლამის გამაგიჟა იმის შეგრძნებამ, რომ რაღაც აკლდა ნაწერს, ახლა მივხვდი, რაც აკლდა, ყველაფერი გასაგებია უკვე, ქრისტე სრულიად სხვა მხრიდან დავინახე, ახლა შევნიშნე მისი არაჯანსაღი ფანატიზმი, მისი სიუხეშე იმ მშვენიერი მგრძნობიარე კონსერვატორი ფარისევლების მიმართ, რა ამაღელვებელია! შენ მაპოვნინე ,,ახალი აღთქმის’’ მთელი არსი, არასწორი კვება, იესო ქრისტე მხოლოდ ყველიანი ბუტერბროდებით და კოკა კოლით იკვებებოდა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა ბრბოსაც ამით კვებავდა...
- გაჩუმდი, კმარა! - გააწყვეტინა მისის გლასმა წყნარი, მაგრამ საფრთხისმომასწავებელი ხმით. - ნეტავ შემეძლოს, პირზე ბოქლომი დაგადო!
- კარგი, რა გემართება, უბრალოდ, ვცდილობ ზრდილობიანი ბაასი გავაბა აბაზანაში.
- რა სიტყვამოსწრებული ხარ, ოჰ, ღმერთო, რა ენა გაქვს! ისე მოხდა, ახალგაზრადავ, რომ შენი და და უფალი ჩემთვის ერთსა და იმავე ნათელს არ წარმოადგენს. იქნებ უცნაურიცაა, მაგრამ ასეა, ვერაფრით შევადარებ პატარა ნერვიულ კოლეჯელ გოგონას, რომელიც უამრავ რელიგიურ წიგნს კითხულობს, და უფალს ერთმანეთს! შენს დას შენც ისე იცნობ, როგორც მე, კარგად უნდა იცოდე, რომ ის ადვილად ექცევა შთაბეჭდილებების ქვეშ!
  აბაზანაში უეცრად უცნაური დუმილი ჩამოწვა.
  - დედა, შენ ისევ აქა ხარ? მგონი ისევ აქა ხარ და ერთბაშად ხუთ  ღერ სიგარეტს ეწევი, არა? - იკითხა უცებ ზუიმ და პასუხს დაელოდა, თუმცა მისის გლასმა დუმილი არჩია პასუხის გაცემას. - არ მინდა, აქ მეჯდე, ბესი, ძალიან მინდა, ბოლოს და ბოლოს ამოვძვრე ამ წყეული აბაზანიდან... ბესი, გესმის ჩემი?
- მესმის, მესმის, უპასუხა მისის გლასმა და სახეზე წუხილის ახალმა ტალღამ გადაუარა, შემდეგ  ნერვიულად გასწორდა ბეჭებში და განაგრძო: - იცი? ის წყეული ბლუმბერგი ძილშიაც გულში ჰყავდა ჩაკრული, ტახტზე, არ შეიძლება ასე, ბოლოს და ბოლოს, არაჰიგიენურია, - ამოიოხრა, რამდენიმე წუთით სიგარეტის ფერფლი ისევ მომუშტულ მარცხენა ხელში ეკავა, მერე წინ წაიხარა და ისე, რომ არც კი ამდგარა, ნაგვის ურნაში ჩაუძახა. - აღარ ვიცი, რა მოვიმოქმედო, სახლი თავდაყირა დგას, მღებავები მისი ოთახის შეღებვას ამთავრებენ და სამხრის შემდეგ უნდათ, საერთო ოთახში დაიწყონ მუშაობა, აღარ ვიცი, გავაღვიძო ფრენი, თუ რა ვქნა? თითქმის არ უძინია ეს დღეები, ლამის ჭკუიდან გადავიდე. იცი, რამდენი ხანია, ეს სახლი არ გაგვირემონტებია? დაახლოებით ოც...
  - მღებავები! ოჰ, გვშველებია და ეგაა, მე კი სულ ამომივარდნენ თავდან. მისმინე, აქ რატომ არ შემოიპატიჟებ? ადგილის მეტი რაა, არ იტყვიან ჩემზე, რა მასპინძელი ეგააო, აქ თუ არ შემოვიპატიჟე?..
  - ერთი წუთით მაინც გაჩუმდე, იქნებ, ვერ ხედავ? ვფიქრობ.
  ზუი თანხმობის ნიშნად უეცრად ღრუბელს დასწვდა და დროის პატარა მონაკვეთში აბაზანაში მხოლოს სუსტი შრიალი ისმოდა. მისის გლასი საშხაპის ფარდისგან რვა-ათი ფუტის მოშორებით იდგა და სააბაზანო ოთახის ფილებით მოპირკეთებულ იატაკზე დაგებულ ლურჯ ფარდაგს მიშტერებოდა, სიგარეტი თითქმის ბოლომდე ჩასწვოდა და მარჯვენა ხელის ორი თითის წვერით ეკავა. სიგარეტის ჭერის ეს მანერა უნებურად იწვევდა პირველ ძლიერ (და აბსოლუტურად სარწმუნო) შთაბეჭდილებას, თითქოს უჩინარი დუბლინური შალი ჩამუვარდებოდა მხრებიდან და ლიტერატურულ ჯოჯოხეთში ჩაეშვებოდა... უჩვეულო სიგრძისა და მოხაზულობის თითები ჰქონდა, ისეთი, როგორსაც ვერაფით წარმოიდგენდით საშუალო სიმაღლისა და სისქის მანდილოსანზე,  თითები ბალკანელი დედოფალივით ან გადამდგარი ფავორიტი კურტიზანი ქალივით ელეგანტურად უკანკალებდა და  მხოლოდ ეს მოდიოდა წინააღმდეგობაში დუბლინური შალის თავშლის  მოტივთან.
  გაგაოცებდათ ბესი გლასის ფეხებიც, რომლებიც ნებისმიერი კრიტერიუმით საუცხოოდ შეფასდებოდა. იფიქრებდით, კაბარეს ახალგაზრდა, ძალიან მსუბუქად მოცეკვავე, გოგონასიაო... ქალს ფეხი ფეხზე გადაედო  და თეთრი გაცვეთილი პირსახოცის ნაჭრის ოთახის ფაჩუჩები ლამის გასძრომოდა, ტერფები მეტისმეტად პატარა ჰქონდა, კოჭები – ისევ თხელი, კუნთები – ძლიერი,  და როგორც ჩანდა, ცხოვრებაში არ შეეწუხებინა ვენების გაგანიერებას.
  უეცრად მისის გლასს უჩვეულო, ძალიან ღრმა ოხვრა აღმოხდა, ადგა, სიგარეტი პირსაბანთან მიიტანა, წყალი გადაავლო,  ჩამქრალი ღერი ისევ სანაგვეში ჩააგდო და კვლავ დაჯდა,  მაგრამ ისევ ძველებურად ჩაფიქრდა, იფიქრებდი, ადგილიდან არც კი წამომდგარაო.
  - დაახლოებით სამ წამში ამოვდივარ აბაზანიდან, ბესი, პატიოსნად გაფრთხილებ, ცუდად ნუ ისარგებლებ ჩემი კეთილსინდისიერებით!
  მისის გლასი ლურჯ ფარდაგს ისევ არ აშორებდა თვალს, შვილის ნათქვამ ,,პატიოსან გაფრთხილებას” დაბნევით დაეთანხმა და თავი დაუქნია... იმ წუთში შემთხვევით ზუის რომ დედის სახე დაენახა, განსაკუთრებით კი მისი თვალები, დაფიქრდებოდა, გაიხსენებდა ყველაფერს, გადახედავდა სულ ცოტა ხნის წინ ნათქვამ სიტყვებს და სურვილი გაუჩნდებოდა, საუბრის ტონი და მანერა შეეცვალა, უფრო ზომიერი ნაზი და ფაქიზი გაეხადა, მეორე მხრივ, ბიჭს არ შეეძლო დედის სახის დანახვა და შესაბამისად არც გაუჩნდებოდა ეს სურვილი, თანაც 1955 წელს მისის გლასის უზარმაზარ ლურჯ თვალებში ჩამდგარ მზერაში რაიმეს ამოკითხვა ძალიან ძნელი იყო, არადა, რამდენიმე წლის წინ, მხოლოდ მისი თვალები გატყობინებდა (ადამიანებსაც და აბაზანის ფარდაგსაც) ორი ვაჟის გარდაცვალების შემაძრწუნებელ ამბავს, რომელთაგანაც ერთმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, (მისმა უსაყვარლესმა, უწესიერესმა და უსათნოესმა ვაჟმა), ერთი კი (ოჯახში ყველაზე მხიარული ვაჟი), მეორე მსოფლიო ომს შეეწირა... და თუ ადრე მისის გლასის თვალებს საშინელი დარდის მთელი სრულყოფილებითა და დეტალურობით გადმოცემა შეეძლო, რასაც  მისი ქმრი და მოზარდი შვილები ვერ უძლებდნენ, ახლა, 1955 წელს, მისის გლასი  ამ გამანადგურებელი, კელტურ აღჭურვილობით სულ სხვა ახალ ამბებს გაცნობებდათ სახლის ზღურბლიდანვე: მომტანი ბიჭის მოსვლას, რომელსაც ცხვრის კანჭი უნდა მოეტანა ან რომელიმე ახალბედა ჰოლივუდელი კინოვარსკვლავის განქორწინებას ქმართან.
  მოულოდნელად ისევ სიგარეტს მოუკიდა, ნაფაზი დაარტყა და  პირიდან გამოუშვა სიგარეტის ბოლი, - ერთ წუთში დავბრუნდები, შეჰპირდა ზუის და დაამატა, - კეთილი ინებე და აბაზანიდან რომ ამოხვალ, ფეხები ფარდაგზე დადგი, ტყუილად კი არ დავაგე აქ! შემდეგ გავიდა და ფრთხილად გაიხურა სააბაზანოს კარი. იცით რას ჰგავდა ეს გასვლა?  თითქოს  ნესტიან დოკში დიდი ხნის დგომის შემდეგ თბომავალი  ,,დედოფალი მერი” ისე მოხერხებულად გავიდა უალდენის ტბორიდან, როგორც შემოვიდა და კვლავ შორეულ გზას დაადგა. საშხაპის ფარდის უკან ზუიმ რამდენიმე წუთით დახუჭა თვალები, თითქოს მისი პატარა ხომალდი ირწეოდა ტალღებზე, შემდეგ გადასწია საშახაპის ფარდა და დახურულ კარს მიაშტერდა. ამ დაძაბული მზერაში შვება არ იგრძნობოდა. პარადოქსულად არ მოგეჩვენებათ, თუ ვიტყვი, რომ ეს მზერა მარტოობის მოყვარულს ეკუთვნოდა, რომელსაც მყუდროება დაურღვიეს, ახლა კი ეს მყუდროების დამრღვევი უბოდიშოდ გავიდა ოთახიდან, ერთი, ორი, სამი და გაქრა...
    ხუთი წუთი არც კი იქნებოდა გასული, რომ ზუი სველი გადავარცხნილი თმებით ფეხშიშველა იდგა პირსაბანთან, ეცვა უქამრო მუქი ნაცრისფერი ზვიგენის ტყავის შარვალი, შიშველ მხრებზე კი პატარა პირსახოცი მოეგდო, გაპარსვის წინა რიტუალი უკვე დაეწყო, ფანჯრის ჟალუზები ნახევრად აეწია, სააბაზანოს კარი ოდნავ შეეღო, ორთქლი რომ გასულიყო და სარკე გაეწმინდა, სიგარეტისთვისაც მოეკიდებინა, მერე კი სამედიცინო ყუთის სარკის ქვეშ,  მინის შვერილზე ჩამოედო.
(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ რურუა ვულოცავთ დაბადების დღეს