 | ავტორი: ნისაბა ჟანრი: თარგმანი 14 სექტემბერი, 2010 |
...სახეზე საპარსი ქაფი წაისვა ფუნჯით, ქაფის ტუბი თავდაუხურავი დადო მომინანქრებულ ზედაპირზე, ჩაიხედა აფთიაქის სარკეში და ხელით გადაისვა სახეზე, თანაც სარკეს დაბურული ზედაპირი გაუწმინდა, შემდეგ კი ნელ-ნელა აიქაფა, აქაფების მანერა განსხვავებული ჰქონდა, თუმცა გაპარსვის ტექნიკას სრულებით შეესაბამებოდა, აი, რაში მდგომარეობდა ეს უცნაურობა: სანამ ზუი პირს იქაფავდა, იმას კი არ აკვირდებოდა, როგორ მოძრაობდა ფუნჯი მის სახეზე, არმედ პირდაპირ თვალებში ჩასჩერებოდა საკუთარ გამოსახულებას, თითქოს მისი თვალები თვითკმაყოფილებასთან ბრძოლისას ნეიტრალურ ტერიტორიას წარმოადგენდა. საკუთარ ნარცისიზმს შვიდი-რვა წლის ასაკიდან ებრძოდა, ახლა უკვე ოცდახუთი წლის იყო და ეს ძველი ეშმაკობა ცოტა არ იყოს, ბავშურად ეჩვენებოდა, მაგრამ ჩვევად ქცეოდა ვეტერანი ბეისბოლისტივით, რომელიც ისე ურტყავს ბეისბოლის ჯოხს ბუცების ძირს, რომ არც კი ფიქრობს, ამას რატომ აკეთებს, რამდენიმე წუთის წინ თმაც ისე დაივარცხნა, თითქმის არ დასჭირვებია სარკეში ჩახედვა, უფრო ადრე კი, სანამ აბაზანიდან ახლადამოსული შრებოდა, ერთიც არ ჩაუხედავს მასში. პირის აქაფება ჯერ დამთავრებულიც არ ჰქონდა, რომ სარკეში დედის გამოსახულება დალანდა, ქალი ზღურბლზე იდგა, მისგან რამდენიმე ფუტის დაშორებით, ცალი ხელი კარის სახელურზე ედო... ცხადად გამოხატული ყალბი ყოყმანი ოთახში შესვლამდე, აი, რა ირეკლებოდა სარკეში. - აჰ, რა სასიამოვნო სიურპრიზია! გაეპასუხა ზუი სარკეში არეკლილ გამოსახულებას, - შემობრძანდი, შემობრძანდი! - ხმამაღლა გადაიხარხარა, გააღო საოჯახო აფთიაქის კარი და სამართებელი დადო. მისის გლასმა ფრთხილად წაიწია წინ. - ზუი, იცი, რაზე ვფიქრობდი? - თქვა და შვილისგან მარცხნივ დააპირა დაჯდომა. - არ დაჯდე! ჯერ კარგად შეგათვალიერო, -თქვა ზუიმ, აბაზანიდან ამოსვლას, შარვლის ჩაცმას და თმის დავარცხნას კეთილისმყოფელი გავლენა მოეხდინა მასზე, აშკარად კარგ ხასიათზე იყო. - ამ პატარა სენაკში განა ხშირად მყავს სტუმრები, ჰოდა, როცა მეწვევიან ხოლმე, ვცდილობ... - სულ ერთი წუთით გაჩუმდი, კარგი? - მტკიცედ უთხრა მისის გლასმა და ჩამოჯდა. - ვფიქრობდი, იქნებ უოკერთან დაკავშირება სჯობს? მე მაინცდამაინც არ ვემხრობი ამ აზრს, მაგრამ შენი შეხედულებაც მაინტერესებს. ჩემი აზრით, ფრენის, უბრალოდ, კარგი ფსიქიატრი სჭირდება და არა Mმღვდელი, მაგრამ იქნებ ვცდები? - არა, არა და კიდევ ერთხელ არა, არ ცდები, შენ არასოდეს ცდები, ბესი, შეიძლება ზოგჯერ არასწორი ფაქტები მოგყავს ხოლმე, ან აზვიადებ რამეს, მაგრამ არასოდეს ცდები... არა, არა. - ზუიმ უდიდესი სიამოვნებით დაასველა სამართებელი და პირის პარსვას შეუდგა. - ზუი, შენ გეკითხები... მორჩი მაიმუნობას, გთხოვ! რას ფიქრობ, შევეხმიანო უეიკერს თუ არა? შემიძლია იმ ეპისკოპოს პინჩოტს თუ როგორც ჰქვია, ზუსტად არ მახსოვს, დავუკავშირდე და ის მეტყვის, როგორ დავურეკო, თუ ისევ იმ სულელურ გემზე არ არის. მისის გლასი ლითონის სანაგვე ყუთს მისწვდა და საფერფლედ იხმარა, რადგან ხელში ისევ მოკიდებული სიგარეტი ეკავა. - ვკითხე შენს დას, დაელაპარაკება თუ არა მას ტელეფონით, თუ როგორმე დავუკავშირდი. ზუიმ წყალი გადაავლო სამართებელს. - მერე რა გიპასუხა? მისის გლასი ადგილზე გასწორდა და ცოტა მარჯვნივ გადაიხარა, - ასე მითხრა, არავისთან მსურს ლაპარაკიო. - აჰ, ეს ხომ ისეც იცოდი, არა? მაგრამ არ დაგაკმაყოფილა პასუხმა, რა თქმა უნდა... - იცი რა, ახალგაზრდავ? აღარ ვაპირებ შენი დის სიტყვებს ყურადღება მივაქციო, - გაბრაზდა მისის გლასი და შვილის აქაფებულ სახეს გახედა. - შენ რომ ფრენისხელა ქალიშვილი გეწვეს ოთახში და ორმოცდარვა საათი ან ტიროდეს, ან რაღაცას ბუტბუტებდეს თავისთვის, მერწმუნე, პასუხს არ დაუწყებდი ლოდინს. ზუის ამჯერად კომენტარი არ გაუკეთებია, მდუმარედ განაგრძო პირის პარსვა. - მიპასუხე, დავურეკო უოკერს თუ არა? მართალი გითხრა, მეშინია, ცოტა არ იყოს, მგრძნობიარე ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ მოძღვარია. ყველაფერი რომ ვუამბო, თვალები ცრემლებით აევსება. ზუის თვალებში მხიარულების ნაპერწკალი გაკრთა და სარკეში აირეკლა. - ჯერ კიდევ ყველაფერი არ დაგიკარგავს, არა, ბესი? - აბა რა ვქნა, თუკი ბადის ვერაფრით ვურეკავ და შენც არ მეხმარები, რაღაც ხომ უნდა მოვიმოქმედო, - უპასუხა მისის გლასმა, ძალიან შეშფოთებული ჩანდა, იჯდა და ეწეოდა. - რაიმე მკაცრად კათოლიკური რომ შველოდეს, თავად დავეხმარებოდი, განა ყველაფერი დამავიწყდა, მაგრამ ვერც ერთი გაგზარდეთ ჭეშმარიტ კათოლიკეებად... ზუიმ უცებ მოუჭრა, - კარგი, გეყო! - აქაფებული სახით დედისკენ შებრუნდა და განაგრძო. - გეყო-მეთქი, ზედმეტი მოგდის, წუხელაც გითხარი, ის რაც ფრენის ჭირს, სარწმუნოებასთან კავშირში არაა, - სწორად გამიგე, გთხოვ. ისევ დაასველა სამართებელი და პარსვა განაგრძო. დედა დაძაბული უყურებდა შვილის პროფილს, სურდა, კიდევ ეთქვა რაღაც, მაგრამ ზუი გაჩუმდა. ქალმა ამოიოხრა, - იმას რომ მაინც მოვახერხებდე და ფრენის ტახტიდან იმ ოხერ კატას, ბლუმბერგს ავაცლიდე, კმაყოფილი ვიქნებოდი, ბოლოს და ბოლოს, არაჰიგიენურიცაა. - ისევ ღრმა ნაფაზი დაარტყა, - თან ისიც აღარ ვიცი, მღებავებს რა მოვუხერხო, უკვე დაამთავრებდნენ მისი ოთახის შეღებვას, როგორ დავაწყებინო მუშაობა საერთო ოთახში?.. - ხომ იცი, მე ერთადერთი ვარ ამ ოჯახში, პრობლემებს რომ არ ვქმნი, უთხრა ზუიმ, - იცი, რატომ? როცა თავს ცუდად ვგრძნობ ან არეულ-დარეული ვარ, სახალხო კრებას ვიწვევ ხოლმე სააბაზანო ოთახში და... ყველაფერი თავის ადგილას დგება, სულ ესაა. ჩანდა, მისის გლასი ჩასწვდა პრობლემების მოგვარების ზუისეულ მეთოდის არსს, მაგრამ არ იყო ხუმრობის გუნებაზე, ცოტა ხანი ისევ მიაჩერდა შვილს, შემდეგ ნელ-ნელა თვალებში ახალი მზერა ჩაუდგა, გონივრული, ეშმაკური, მაგრამ ცოტა დეპრესიული. - მგონი არც ისეთი სულელი ვარ, შენ რომ გგონია, ახალგაზრდავ, ძალიან საიდუმლოებებით მოცული შვილები მყავხართ, მაგრამ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა კარგად ვხედავ, რას მალავთ, რა გაქვთ გულში. - ტუჩები მოკუმა და კიმონოს სახელოებიდან დიდი გულმოდგინებით ჩამოიფერთხა წარმოსახვითი ფერფლი. - ცნობისათვის, ისიც კი ვიცი, რომ ის ოხერი წიგნია დამნაშავე მთელს ამ ამბავში. ზუი შემობრუნდა და ღიმილით შეხედა. - კი მაგრამ, როგორ გაიგე? - მაინცდამაინც ნუ შეიწუხებ თავს ამაზე ფიქრით, მაინც ვერ მიხვდები, უპასუხა ქალმა, - იცი, ლეინმა დაურეკა რამდენჯერმე, ძალიან ადარდებს ფრენის ამბავი. - ლეინი ვინ ჯანდაბაა? არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ეს იმ ახალგაზრდა ბიჭის შეკითხვა იყო, რომელსაც არ სურს, ვიღაც კონკრეტული პიროვნების სახელი იცოდეს. - ძალიანაც კარგად იცი, ვინაა ლეინი, - მედიდურად უთხრა მისის გლასმა, - ლეინ კაუტელი, ფრენის თაყვანისმცემელი. ერთი ექვსჯერ მაინც გეყოლება ნანახი, ასე რომ, თავს ნუ მაჩვენებ, თითქოს არ იცოდე, ვინაა. ზუიმ ღრიალისმაგვარი სიცილი ამოუშვა, შემდეგ ისევ სიამოვნებით განაგრძო პარსვა. - იცი რა? სჯობდა გეთქვა ფრენის ,,შეყვარებული” და არა ,,თაყვანისმცემელი”, რა ძველმოდური ხარ, ბესი, ეს რა უბედურება, ჰმ! - არა უშავს, ვიყო ძველმოდური, ლეინმა ხუთჯერ თუ ექვსჯერ დარეკა უკვე, რაც ფრენი შინ დაბრუნდა, თუ გაინტერესებს, სანამ შენ აქ ხარ, ორჯერ ველაპარაკე, ძალიან თბილად მესაუბრა და შენს დაზეც მეტისმეტად ნერვიულობდა... - ჩვენ რომ ვიცნობთ, იმ ხალხს კი არ ჰგავს, არა? არ მინდა, იმედი გაგიცრუო, მაგრამ ერთი საათი ვესაუბრე და სულაც არაა ასეთი თბილი და საყვარელი, უბრალოდ, ერთი მატყუარა და მლიქვნელი ბიჭია. შემხვევით ჩემი სამართებლით იღლიები ან ფეხები ხომ არ გაიპარსეთ, ან ძირს ხომ არ დაგივარდათ? რაღაც დაბლაგვებულია... - შენს სამართებელთან რა გვინდოდა, ახალგაზრდავ!... ან იქნებ მითხრა, რატომაა ლეინი მატყუარა და მლიქვნელი? - რატომ? იმიტომ, სულ ესაა... შეიძლება ასე აწყობს. ერთ რამესაც გეტყვი, თუკი ფრენიზე მართლაც ნერვიულობს, სანაძლეოს ჩამოვდივარ, ალბათ უმდაბლესი ზრახვა ამოძრავებს. შესაძლოა, ის განიცადა, იმ დაწყევლილი საფეხბურთო მატჩიდან დამთავრებამდე რომ წამოვიდა... ალბათ შეეტყო თავისი განზრახვა, ფრენს კი ისეთი მახვილი თვალი აქვს, არ გამოეპარებოდა, წარმომიდგენია, როგორ სვამს ეს პატარა ნაბიჭვარი ფრენის ჯერ ტაქსიში, შემდეგ კი მატარებელში და ფიქრობს, ნეტავ თუ მოვასწრებ თამაშზე დაბრუნებას, სანამ დამთავრდებაო. - ოჰ, შენთან საუბარი შეუძლებელია, სრულიად შეუძლებელი, ზუი! ნეტავ საერთოდ რატომ ვცადე და გკითხე რამე, შენც ბადის ჰგავხარ, ასე გგონია, ადამიანები მხოლოდ განსაკუთრებული მიზნით ირჯებიან, ვერავინ დაგაჯერებთ, რომ შესაძლოა ბინძური და ეგოისტური განზრავის გარეშე ურეკავდნენ ერთმანეთს. - ათიდან ცხრა შემთხვევაში ეგრეა და არა მგონია, ეს ლეინი გამონაკლისი იყოს. მისმინე, ერთ ღამეს, სანამ ფრენი მასთან ერთად გასასეირნებლად ემზადებოდა, ოცი წუთი ველაპარაკე და გარწმუნებ, სრული არარაობაა. - სარკეში ჩაიხედა და სამართებელი გააჩერა. - არ გაინტერესებს, რაზე მესაუბრებოდა? მოიცა, გავიხსენო...ა, ჰო, თურმე ბავშობაში ყოველ კვირას გვისმენდა მე და ფრენის... და იცი რატომ მეუბნებოდა ამას ეს პატარა ნაბიჭვარი? გული რომ მოეგო და მერე თავისი სტუდენტური გონებით ეტრაბახა ჩემთან. - ზუიმ ენა გამოჰყო და აგდებით დაუსტვინა. - ფუი! - თქვა და პარსვა განაგრძო, - გეუბნები, ვერ ვიტან ამ თეთრფეხსაცმლიან კოლეჯელ ვაჟბატონებს, რომლებიც სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ლიტერატურულ ჟურნალებს რედაქტორობენ, მაგათ პატიოსანი თაღლითები მირჩევნია. AMO მისის გლასმა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, თანაგრძნობით სავსე მზერა გააპარა შვილის პროფილისკენ. - რა ქნას, ახალგაზრდა კაცია და ჯერ ისევ კოლეჯში სწავლობს. ისე, ძალიან გეხერხება ადამიანების განერვიულება, თუ ვინმე მოგეწონა, ცამდე აიყვან და სიტყვას ვერავინ შემოგბედავს, თუ ვინმე აითვალწუნე, მიწასთან გაასწორებ, თანაც იშვიათად მოგწონს ვინმე, ზოგჯერ, უბრალოდ, ზიხარ და ელოდები, სანამ რომელიმე შენი მსხვერპლი თავად გაითხრის ორმოს. ზუი შემობრუნდა და შეხედა, სწორედ ისე, როგორც მისი სხვა და-ძმები (განსაკუთრებით ძმები) უცქერდნენ ხოლმე დედას წლების მანძილზე, ამ მზერაში ამოიკითხავდით გულწრფელ გაოცებას, როგორ შეიცნო მთელი ჭეშმარიტება თუ არა, მისი ნაწილი მაინც ადამიანმა, რომელიც ერთიანად ბანალური სწორხაზოვანი აზროვნებითა და ცრურწმენებით გამოირჩეოდა, ამ მზერაში ამოიკითხავდით აღტაცებას, სიყვარულს, მადლიერებას... უცნაურია, მაგრამ მისის გლასი ყოველთვის მშვიდად ღებულობდა გადახდილ ,,ხარკს”, მოწყალე მზერით შეხედავდა ხოლმე რომელიმე ქალიშვილს ან ვაჟს, ამ წუთშიც ის მოწყალე გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე, ზუის რომ შეაგება საპასუხო მზერა. - ჰო, ასეთი ხარ, - უთხრა შვილს და ბრალდების ტონი შეერია ხმას, - შენ და ბადიმ არ იცით, როგორ ესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებიც მაინცდამაინც არ გეპიტნავებათ. - შემდეგ ჩაფიქრდა, - ან არ გიყვართ... ზუი ისევ დედას უცქერდა, პირს აღარ იპარსავდა. - არ ხართ მართლები, - დასძინა დედამ წარბშეჭმუხნით, - შენც ისეთივე ხარ, როგორიც ბადი იყო შენს ასაკში, მამაშენმაც კი შენიშნა, თავიდანვე თუ აითვალწუნეთ ვინმე, სამუდამოდ მოიძულებთ. - ახლა მისის გლასი ლურჯ ფარდაგს დასჩერებოდა, ზუი კი უძრავად იდგა, ცდილობდა დედისთვის ფიქრის ძაფი არ გაეწყვიტა. - ასეთი ძლიერი მოწონება-არმოწონებით შორს ვერ წახვალთ ცხოვრებაში, - უთხრა აბაზანის ფარდაგს, შემდეგ ზუისკენ შებრუნდა და დიდხანს უცქერდა სახეში. ზუიმაც შეხედა, უტეხად, მტკიცედ, მერე გაიცინა, სარკისგენ შებრუნდა და გაპარსული წვერი შეათვალიერა. მისის გლასი ისევ ვაჟს უყურებდა და ოხრავდა, მერე დაიხარა და სიგარეტი ლითონის სანაგვე ურნის თავსახურზე ჩააქრო, იმავე წუთში ახალი ღერი ამოიღო კოლოფიდან, მოუკიდა და დასძინა, - რაც არ უნდა იყოს, შენი და ამბობს, რომ ლეინი შესანიშნავი ბიჭია. - მასში ამ შემთხვევაში მხოლოდ ქალი ლაპარაკობს, მეგობარო, - უპასუხა ზუიმ, -კარგად ვიცი, რასაც ვამბობ, - უკანასკნელი ქაფის ზოლი ჩამოიპარსა ყელიდან, კრიტიკულად მოისინჯა ცალი ხელით, მერე აიღო ფუნჯი და ხელახლა აიქაფა სახის ეს სტრატეგიული ნაწილი. - კარგი, კარგი, შენ ის მითხარი, რაო, რა გითხრა ლეინმა, რას ფიქრობს, რა დაემართა ფრენის? - ლეინი ამბობს, ყველაფერი იმ პატარა წიგნის ბრალია, ხელიდან რომ არ უშვებსო, ხომ იცი, რომელი, აი, ის, მთელი დღე რომ კითხულობდა გუშინ და ხელიდან რომ ვერ გამოვგლიჯე... - ვიცი, ვიცი რომელზეც ამბობ, განაგრძე. - ლეინმა მითხრა, ეს მეტისმეტად რელიგიური, უფრო მეტიც, ფანატიკური წიგნიაო, კოლეჯის ბიბლიოთეკიდან გამოუტანია ფრენის და ახლა ფიქრობს, რომ... - ზუიმ შეაწყვეტინა და ჩაეკითხა: - რაო, საიდან გამოიტანაო? - კოლეჯის ბიბლიოთეკიდან, რატომ მეკითხები? ზუიმ თავი გაიქნია, პირსაბანისკენ შებრუნდა, დადო სამართებელი და აფთიაქის კარი გამოაღო. - რა მოხდა, ზუი, რა გამოხედვაა ეს, რა გჭირს? ზუიმ არ უპასუხა, სანამ სამართებელს ახალი პირი არ მოარგო, შემდეგ კი უხეშად მიუგო, - რა სულელი ხარ, ბესი! - რატომ ვარ სულელი? სხვათა შორის, თუ არ ვცდები, მაგ სამართებელს პირი გუშინ გამოუცვალე. ზუიმ ყურადღება არ მიაქცია, მაინც დაამაგრა ახალი პირი სამართებელზე და მეორედ შეუდგა პირის პარსვას. - გეკითხები და მიპასუხე, რატომ ვარ სულელი? არ გამოუტანია კოლეჯის ბიბლიოთეკიდან, თუ რა? - რა თქმა უნდა, არა, ბესი, ამ წიგნს ,,პილიგრიმი აგრძელებს გზას” ჰქვია, ,,პილიგრიმის გზის” მეორე ნაწილია, ორივე წიგნი სეიმორისა და ბადის ოთახიდან გამოიტანა ფრენიმ, წლების მანძილზე მაგიდაზე იდო იქ, ღმერთო ჩემო! - კარგი, რა მოხდა მერე, რა არის აქ შეურაცხმყოფელი? ნუთუ ასეთი საშინელება იქნებოდა შენთვის, მართლაც კოლეჯის ბიბლიოთეკიდან რომ გამოეტანა? - ჰო, საშინელება იქნებოდა, რადგან ორივე წიგნი წლების მანძილზე სეიმორის იმ წყეულ მაგიდაზე იდო. მისის გლასის ხმას მოულოდნელად სევდიანი ნოტი შეეპარა. - ხომ იცი, მე ვერ შევდივარ მაგ ოთახში, ვერ ვუყურებ სეიმორის ძველ ნივთებს... - ჰო, ვიცი, მაპატიე, - სწრაფად უპასუხა ზუიმ, დაასრულა ხელახალი პარსვა, მხრებიდან პირსახოცი მოიძრო და დარჩენილი ქაფი მოიწმინდა სახიდან. - მოდი, ცოტა ხანი შევეშვათ ამ თემაზე საუბარს, კარგი? - მიუგო დედას და პირსახოცი რადიატორისკენ ისე მოისროლა, რომ პირდაპირ რიკისა და ტინას დიალოგიან ხელნაწერს დაეფინა, მერე დაშალა სამართებელი და ონკანიდან წამოსულ ცივ წყალს შეუშვირა. ზუის ბოდიში გულწრფელი იყო და მისის გლასმაც იცოდა ეს, მაგრამ არ შეეძლო, უპირატესობა არ გამოეყენებინა, შეიძლება იმიტომაც, რომ იშვიათი იყო მსგავსი შემთხვევები, - სულაც არა ხარ კეთილი, ზუი, უთხრა შვილს, თან აკვირდებოდა, როგორ ავლებდა ის წყალში სამართებელს, - სულაც არა ხარ კეთილი. უკვე დიდი ხარ და ეცადე, ბოროტი აზრები რომ მოგეძალება, სიკეთე დაუპირისპირო მათ. აი, მაგალითად, ბადი, როცა გრძნობს... - ამოისუნთქა და ზუის ახალ სამართებელს მიაჩერდა, რომელიც ბრახუნით ჩავარდა სანაგვე ურნაში. ზუის, როგორც ჩანს, გულშიც არ გაუვლია, პირგამოცვლილი სამართებელი ურნაში ჩაეგდო, მაგრამ ისე მძლავრად და მოულოდნელად დააქნია მარცხენა ხელი, უნებურად გაუვარდა პირსაპარსი და მაჯაც იტკინა. - ბადი, ბადი, ბადი, სეიმორი, სეიმორი, სეიმორი! - მიუბრუნდა დედას, რომელიც ცოტა კი დაძაბა წარმოქმნილმა სიტუაციამ, მაგრამ არ შეშინდა, - იმდენად მომბეზრდა ეს ყველაფერი, ლამის ყელი გამოვიღადრო, - სახე უემოციო, მაგრამ გაფითრებული ჰქონდა, - ეს წყეული სახლი მოჩვენებების სუნად ყარს, მარტო მიცვალებულის სული ასე არ გამაღიზიანებდა, მაგრამ ნახევრად-მიცვალებულების აჩრდილი არ მაძლევს მოსვენებას, ღმერთო, ნეტა ბადი მაინც მოეგებოდეს გონს, ყველაფერში ისე იქცევა, როგორც სეიმორი... ანდა ცდილობს ამას... იქნებ თავი მოიკლას თვითონაც და მოისვენებს! მისის გლასმა თვალები მხოლოდ ერთხელ დაახამხამა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, ზუის მზერა აერიდებინა, დაიხარა და ურნიდან სამართებელი ამოიღო. - ჩვენ ახირებულები ვართ, მე და ფრენი, გამოაცხადა და წელში გასწორდა, - მე ოცდახუთი წლის ახირებული ვარ, ჩემი და - ოცის და ის ორი ნაბიჭვარია ყველაფერზე პასუხისმგებელი. - სამართებელი ახლა პირსაბანის კიდეზე დადო, მაგრამ ის დაცურდა და მასში ჩავარდა. ბიჭმა სწრაფად ამოიღო და თითებით მაგრად ჩაბღუჯა. - სიმპტომები ფრენის შემთხვევაში უფრო გვიან ვლინდება, მაგრამ მაინც ახირებულია და ეს არ დაგავიწყდეს. გეფიცები, ორივეს მოკვლა შემეძლო ისე, რომ თვალსაც არ დავახამხამებდი, დიდი მასწალებლები, დიდი განმანთავისუფლებლები, ღმერთო, სამხრობისასაც კი არ შემეძლო მაგათ ხელში, წყნარად ვმჯდარიყავი, არადა ისე მბეზრდებოდა ის უაზრო ქადაგებები, რომ მიმხვდარიყვნენ ეგ ძაღლისშვილები, თავზე სკამს გადამამტვრევდნენ. - უცებ ისევ გამოაღო აფთიაქის კარი, რამდენიმე წამს უაზროდ მისჩერებოდა, თითქოს დაავიწყდა, რას ეძებდა, ბოლოს სამართებელი შეინახა ერთ-ერთ თაროზე. მისის გლასი ძალიან წყნარად იჯდა, უცქერდა შვილს და თითებით ეჭირა მოკიდებული სიგარეტი, უყურებდა, როგორ ცდილობდა ბიჭი, თავი დაეხურა საპარსი ქაფისთვის, როგორც ჩანდა, კარგად ვერ მოარგო თავსახური. - რა თქმა უნდა, ეს არავის აინტერესებს, მაგრამ, დღემდე არ შემიძლია წვნიანი ისე მივირთვა, რომ პირველ რიგში ოთხი უდიდესი აღთქმა არ წარმოვთქვა გულში, სანაძლეოს ჩამოვალ, ფრენიც ამ დღეშია ხოლმე, ტვინს გვიბურღავდნენ ამ იდიოტური... - ოთხი უდიდესი რა? ინტერესით შეაწყვეტინა მისის გლასმა. ზუი ორივე ხელით დაეყრდნო პირსაბანს და ისე გადაიხარა, რომ მზერა პირდაპირ მისი მინანქრისკენ მიეპყრო. - ოთხი უდიდესი აღთქმა, უპასუხა თვალდახუჭულმა, - ,,აურაცხელია რიცხვი ცოცხალ არსებათა, მაგრამ, ვფიცავ, გადავარჩენ, ძნელია დაცხრობა ვნებათა, მაგრამ, ვფიცავ, ჩავაცხრობ, ამოუწურავია დჰარმა, მაგრამ ვფიცავ, დავეუფლები, მიუღწეველია ჭეშმარიტება ბუდასი, მაგრამ ვფიცავ, მივაღწევ.” - ,,ეი, ბიჭებო, ჩვენ ეს შეგიძლია, მწვრთნელო, მიგვიშვი!” თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა. - ღმერთო ჩემო, დღეში სამჯერ ვიმეორებდით ამას გულში ყოველდღე, სანამ ათის არ გავხდი, დღესაც ასე ვარ, უამისოდ საჭმელს პირს ვერ დავაკარებ. ერთხელ ვცადე, ლესაჟთან სადილობისას, თავიდან ამომეგდო, მაგრამ კინაღამ სასულეში გადამცდა მოლუსკი. ზუიმ თვალები გაახილა და მოიღუშა, მაგრამ დგომის უცნაური მანერა არ შეუცვლია. - აი, ამას ვგულისხმობდი, ახლა კი ნება მომეცი, დავასრულო დილის ტუალეტი, გეთაყვა. ბიჭმა თვალები კვლავ დახუჭა და სცადა, საბრალო პირსაბანი ქვედა სართულზე ჩაეტანა, თავი დაბლა ჰქონდა დახრილი და სახეზე სისხლი მოაწვა. - ნეტავ ცოლს მოიყვანდე, - უეცრად სინანულით წამოსცდა მისის გლასს სანუკვარი სურვილი. გლასების ოჯახში ზუიც და დანარჩენებიც მიჩვეულნი იყვნენ დედის ამგვარ, ალოგიკურ გამოსვლებს, თანაც მსგავსი ფრაზები ემოციურ დიალოგებს განმუხტავდა ხოლმე, ზუიმ ცხვირში ისე მოგუდულად ჩაიცინა, ტირილსაც კი ჰგავდა, მისის გლასი უმალვე დააინტერესა ამ ყრუ ხმაურმა, გამოცოცხლდა და დაამატა, - ჰო, მართლაც, სწორედ რომ შესაფერისი დროა. ზუი მოეშვა, ჯიბიდან დაკეცილ-გახამებული ცხვირსახოცი ამოიღო, ცხვირი ორჯერ-სამჯერ ხმაურით მოიხოცა, ისევ ჯიბეში ჩაიდო და დედას უპასუხა. - იცი რა? მატარებლით მგზავრობა მიყვარს ძალიან, ცოლი რომ მოვიყვანო, ფანჯარასთან ვეღარ დავჯდები ვაგონში, რაც გათხოვდი, გიმგზავრია მატარებლით? -ეს არაა საპატიო მიზეზი! - რატომაც არა, მშვენიერი მიზეზია. წადი ახლა, ბესი, ცოტა მაინც მომათქმევინე სული, ლიფტით გაისერნე, სხვა თუ არაფერი საქმე გაქვს, სიგარეტი კი ჩააქრე, თითებს დაიწვამ. მისის გლასმა ისევ ურნის თავსახურზე ჩააქრო ჩამწვარი ღერი, მერე ცოტა ხანს გაუნძრევლად იჯდა, სიგარეტის კოლოფი და ასანთიც აღარ ამოუღია ჯიბიდან, უყურებდა, როგორ აიღო ზუიმ სავარცხელი და ხელახლა გადაივარცხნა თმა. - ისე, თმაც რომ შეგეჭრა, ურიგო არ იქნებოდა, ველურ უნგრელს დაემსგავსე, ან თუნდაც აუზიდან ახლადამოსულს.. ზუიმ მიხვედრილად გაუღიმა, ორიოდ წამით ისევ თმას ივარცხნიდა, მერე უეცრად შემობრუნდა, სავარცხელი დედისკენ გაიქნია და უთხრა. - კიდევ ერთი, ბესი, სანამ დამავიწყდა, მისმინე, გულშიც არ გაივლო ფრენისთვის ფილი ბარნის წყეულ ფსიქოანალიტიკოსებს დაურეკო, მხოლოდ ამას გთხოვ. არ გახსოვს, ფსიქოანალიზმა სეიმორზე როგორ იმოქმედა? ცოტა ხანი სული მოითქვა და განაგრძო: - გესმის? მპირდები? მისის გლასმა ისევ შეისწორა ბადე თმაზე, მერე სიგარეტი და ასანთი ამოაცოცა ჯიბიდან. - იცი რა? სულაც არ ვაპირებდი დარეკვას, ისე მანდ ჩვეულებრივი სპეციალისტები არ ჰყავთ, ღრმადმორწმუნე კათოლიკე ფსიქოანალიტიკოსები არიან, ვიფიქრე, უმოქმედოდ ყოფნას მათი მოყვანა ხომ არ აჯობებდა-მეთქი... - ბესი, ეშმაკმა დალახვროს, გაფრთხილებ, სულ ფეხებზე მკიდია ღრმადმორწმუნე ბუდისტი ვეტერინარები, თუ გაბედავ და დაურეკავ... - რა საჭიროა ეს სარკაზმი, შვილო, ფილი ბირნსს პატარაობიდან ვიცნობ, მამაშენი და მე წლების მანძილზე მის მშობლებთან ერთად ვთამაშობდით ხოლმე და იმ ბიჭისგან შესანიშნავი ფსიქოანალიტიკოსი დადგა. ამასწინათ მის... ზუიმ სავარცხელი აფთიაქში შეჩურთა და კარი მოუთმენლად მიაბრახუნა. - ფილი ბარნსი ერთი საცოდავი ორმოც წელს მიტანებული პატარა იმპოტენტია, რომელიც ბალიშის ქვეშ კრიალოსანს და ,,ვარიეტეს” ახალ ნომერს ერთად იდებს ხოლმე. მე და შენ დღე და ღამესავით განსხვავებულ საკითხებზე ვსაუბრობთ... მისმინე, ბესი, მისმენ?.. ზუი მთელი ტანით შებრუნდა დედისკენ და დააკვირდა, ცალი ხელით პირსაბანის ნიჟარას ეყრდნობოდა. მისის გლასმა, როგორც იქნა, მოუკიდა სიგარეტის ახალ ღერს, სანამ პასუხს გასცემდა, მერე ნაფაზი დაარტყა და ტუჩიდან არარსებული ფერფლის ნამცეცი მოიშორა. - ჰო, გისმენ! - ძალიან კარგი, სერიოზულად გეუბნები, თუ არ შეგიძლია ან არ იხსენებ სეიმორის ამბავს, დარეკე და მოიყვანე ანალიტიკოსები, რომელთაც მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ ადამიანები ტელევიზორს, ოთხშაბათობით გამოსულ ,,ლაიფის” ნომრებს, ევროპაში მოგზაურობას, წყალბადის ბომბებს, პრეზიდენტის არჩევნებს, ,,ტაიმსის” თავფურცლს, ვესტპორტის მშობელთა და მასწავლებელთა კავშირს და კიდევ ღმერთმა უწყის რას, შეაგუონ... გავა წელიწადი და ფრენის ან საგიჟეთში იპოვი, ან რომელიმე უდაბნოში, ხელში ცეცხლმოკიდებული ჯვრით მოხეტიალეს. მისის გლასმა, უკვე მერამდენედ, ფერფლის უხილავი ფანტელები ჩამოიფერთხა. - კარგი, კარგი, ღვთის გულისათვის, დამშვიდდი, არავისაც არ ვურეკავ! ზუიმ აფთიაქის კარი გააღო, ფრჩხილების ქლიბი გამოიღო და დახურა, მერე ის სიგარეტი აიღო, შუშის შვერილზე რომ ედო და მოქაჩა, მაგრამ ამაოდ, სულ ჩამწვარიყო, დედამ მიაწოდა ასანთი და თავისი კოლოფიდან ამოღებული ახალი გრძელი ღერი, ზუიმ გამოართვა, ტუჩებში მოიქცია და ასანთსაც გაკრა მოსაკიდებლად, მაგრამ უცებ თავში ისეთმა აზრმა გაუელვა, მოწევა სულ დაავიწყდა, სიგარეტი პირიდან გამოიღო და გაბრაზებით გაიქნია თავი. - არ ვიცი, შეიძლება კი აღმოჩნდეს ჩვენი ქალაქის წიაღში ერთი ისეთი ფსიქოანალიტიკოსი, რომელიც როგორღაც დაეხმარება ფრენის... მთელი ღამე ვფიქრობდი ამაზე. - საგონებელში ჩავარდნილს შუბლი შეეჭმუხნა, მერე განაგრძო. - მაგრამ მე ასეთს არ ვიცნობ, ფრენის რომ გამოადგეს, ისეთი ფსიქოანალიტიკოსი ცოტა განსხვავებული ტიპი უნდა იყოს, არ ვიცი... პირველ რიგში, უნდა ფიქრობდეს, რომ პაციენტებისთვის დასახმარებლად თვით უფალმა აკურთხა, მერე იმისიც უნდა სწამდეს, რომ უფლისავე ნებით არ ჩაუვარდა რომელიმე მანქანას ბორბლებქვეშ, სანამ ლიცენზიას აიღებდა, არც იმის რწმენა აწყენდა, რომ მხოლოდ ღვთის ნებით შეძლებს პაციენტთან გამკლავებას, არსად მეგულება ისეთი ფსიქოანალიტიკოსი, რომელსაც ერთხელ მაინც მსგავსი რამ გაევლოს გულში... არადა, სწორედ ასეთი გვჭირდება, საკმარისია ფროიდისტი, ეკლეკტიკოსი, ანდა ისეთი გულგრილი ტიპი შეხვდეს, რომლისგანაც სულ ცოტა თანაგრძნობას მაინც არ იგრძნობს, ანდა კიდევ უარესი, საკმარისად ჭკვიანი არ აღმოჩნდეს, ფსიქოანალიზი სეიმორზე უარეს მდგომარეობაში ჩააგდებს, ამაზე ფიქრი პირდაპირ მაგიჟებს... მოდი რა, თუ წინააღმდეგი არ ხარ, დროებით მაინც შევწყვიტოთ ამ თემაზე საუბარი. ზუი ცოტა ხნით დადუმდა, სიგარეტისთვის რომ მოეკიდებინა, შემდეგ ღრმა ნაფაზი დაარტყა, იმ შუშის თაროზე ჩამოსდო, სადაც ძველი ჩაუქრა, ცოტათი მოდუნდა, დასწვდა ქლიბს და ფრთხილად გადაიტარა უკვე გასუფთავებულ ფრჩხილზე. - თუ არ შემაწყვეტინებ, - უთხრა დედას მცირეოდენი პაუზის შემდეგ, - გეტყვი, რა წერია იმ ორ პატარა წიგნში, გაინტერესებს? თუ არ გსურს მოსმენა, სულაც არ მინდა... რა თქმა უნდა, მაინტერესებს, აბა რა, შენ რა, ფიქრობ, რომ მე... - კარგი, კარგი, მაშინ რამდენიმე წუთი ნუ გამაწყვეტინებ, უთხრა ზუიმ და ზურგით ნახევრად მიეყრდნო პირსაბანის კიდეს, თან ფრჩხილების გაქლიბვას აგრძელებდა, - ორივე წიგნი ერთ რუს გლეხზეა, რომელიც გასული საუკუნის ბოლო წლებში ცხოვრობდა, - დაიწყო თავისი შეუბრალებელი ხმისთვის შესაფერისი დამაჯერებელი ტონით, - ეს გლეხი ძალიან უბრალო საყვარელი ახალგაზრდაა, რომელსაც ხელი აქვს გამხმარი, ალბათ სწორედ ამის გამო იქცა ეს პერსონაჟი ფრენისთვის თითქმის მშობლიურ ადამიანად, ხომ იცი, რა გულჩვილია? ზუიმ ირგვლივ მიმოიხედა, აიღო სიგარეტი შუშის თაროდან, ნაფაზი დაარტყა და ისევ ფრჩხილების გაქლიბვა დაიწყო. - ეს გლეხი ყვება, რომ ჰქონდა ფერმა და ჰყავდა ცოლი, მაგრამ ჭკუიდან შეშლილმა ძმამ გადაუბუგა სახლი, მერე, მგონი, მეუღლეც მოუკვდა, ამიტომ ხდება პილიგრიმი, მაგრამ მგზაურობისას ერთი კითხვა აწვალებს, მთელი ცხოვრება კითხულობს ბიბლიას და ვერ გაუგია, რას უნდა ნიშნავდეს თესალონიკელთა წერილში ნათქვამი ,,ილოცეთ განუწყვეტლივ.”* ეს ერთი სტრიქონი არ აძლევს მოსვენებას... ზუი ისევ დასწვდა სიგარეტს და გააბოლა, შემდეგ განაგრძო, - მსგავსი რამაა ნათქვამი წერილში ტიმოთეს მიმართ: ,,ამიტომ, ჩემი სურვილია, ყველგან ლოცულობდნენ კაცები...” * თავად ქრისტეც ხომ გვეუბნება, ,,მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ...” * ზუი ცოტა ხნით მდუმარედ, მოღუშული სახით იქლიბავდა ფრჩხილებს. - ... და პილიგრიმი ეძებს ადამიანს, ვინც ასწავლის როგორ და რატომ უნდა ილოცოს გამუდმებით, მიდის და მიდის, ერთი ეკლესიიდან მეორეში, ერთი სალოცავიდან მეორეში, ხან ერთ მოძღვარს ესაუბრება, ხან მეორეს, სანამ საბოლოოდ უბრალო ბერს არ გადააწყდება, რომელსაც აქვს მის კითხვებზე პასუხი. მოხუცი ბერი ეუბნება, რომ მხოლოდ ერთი ლოცვაა ღვთისთვის მუდმივად მისაღები და ,,სასურველი”, იესოს ლოცვა, ,,უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე”. უფრო სწორად, ასეა: ,,უფალო ისეო ქრისტე, ძეო ღვთისა, შემიწყალე მე ცოდვილი.” თუმცა არც წმინდა წერილებში და არც პილიგრიმის წიგნში ,,ცოდვილი” ნახსენები არაა, მადლობა ღმერთს, ბერი უხსნის, რა ხდება, თუკი მლოცველი ახერხებს მუდმივად, შეუწყვეტლად ლოცვას, შედეგ რამდენჯერმე უჩვენებს, როგორ ილოცოს და შინ აგზავნის. მოკლედ, ახალგაზრდა მალე ოსტატდება გამუდმებით ლოცვაში, ახარებს ახალი სულიერი ცხოვრების დაწყება და მთელს რუსეთში მოგზაურობს, გადაივლის უდაბურ ტყეებს, ქალაქებს, სოფლებს... გზად შეუსვენებლივ ლოცულობს და შემხვედრთაც ასწავლის, რატომ და როგორ ილოცონ... ზუიმ უეცრად გამომცდელად შეხედა და უხეშად უთხრა დედას. - მისმენდი, ბებერო მსუქანო დრუიდო, თუ უბრალოდ ჩემს მშვენიერე სახეს მიშტერებოდი? - რა თქმა უნდა, გისმენდი, - გაბრაზებით გაეპასუხა მისის გლასი. - კარგი... ეგღა მაკლდა, ჩემს ნაამბობს უყურადღებო აუდიტორია ჰყავდეს. ზუიმ გადაიხარხარა, ისევ დაარტყა ნაფაზი, სიგარეტი თითებში ჩაიტოვა და კვლავ ფრჩხილების გაქლიბვა განაგრძო. - ...პირველ წიგნში, ,,პილიგრიმის გზა”, უმეტსად მოთხრობილია, რა გადახდა ამ ახალგაზრდა მომლოცველს გზაში, ვინ შეხვდა, ვის რა უთხრა, მათ რა უთხრეს... თანაც სულ შემთხვევით გზად მხოლოდ კეთილი ხალხი ხვდება. მეორე ნაწილი, ,,პილიგრიმი აგრძელებს გზას”, კი წარმოადგენს დიალოგის ფორმით დაწერილ დისერტაციას, რატომ და როგორ უნდა წარმოვთქვათ იესოს ლოცვა. პილიგრიმი, პროფესორი, ბერი და რომელიღაც განდეგილი ერთად იყრიან თავს და განიხილავენ ამ თემას. აი, სულ ესაა, რაც მაგ წიგნებში წერია. - ზუიმ წამიერად შეავლო თვალი დედას და ქლიბი მარცხენა ხელში გადაიტანა. - თუ გაინტერესებს, გეტყვი, ორივე წიგნის მთავარი მიზანია, დაუმტკიცოს ხალხს, რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა იესოს ლოცვის მუდმივად გამეორება პირველად კვალიფიციური მასწავლებლის, ასე ვთქვათ, ქრისტიანი გურუს მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ კი, როცა კარგად გაითავისებ, დამოუკიდებლად. მთავარი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი გამიზნულია არა მხოლოდ რელიგიურ ნაბიჭვართა და ფანატიკოსთათვის, არამედ ნაძირალებისთვისაც, შენ შეგიძლია, შემოწირულობათა ყუთს ძარცვავდე, პარალელურად კი გულში ამ ლოცვას იმეორებდე, ჭეშმარიტებას მხოლოდ ამ ლოცვასთან ერთად შეიმეცნებ, მანამდე, ვერა. - ზუი მოიღუშა, მაგრამ ეს აკადემიური სვლა იყო, - ადრე თუ გვიან, ლოცვა ბაგეებიდან თავსა და გულში ინაცვლებს და მლოცველი ავტომატურად, უხმაუროდ წარმოსთქვამს მას გულისცემასთან ერთად, დროთა განმავლობაში კი ნელ-ნელა წვდება ყველაფრის ჭეშმარიტ არსს. ამის შესახებ პირდაპირ არც ერთ წიგნში არაა საუბარი, მაგრამ აღმოსავლურ სწავლებათა მიხედვით, ადამიანის სხეული შედგება შვიდი მგრძნობიარე წერტილისგან, ეგრეთ წოდებული ჩაკრებისგან, ერთ-ერთ მათგანს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება გულს, ანაჰატა ჰქვია, ეს ჩაკრა ჯოჯოხეთურად მგრძნობიარე და ძლიერია, მისი გააქტიურების შემდეგ აქტიურდება მეორე წერტილი წარბებს შორის, სახელად აჯნა... იგივე გირჩისებრი ჯირკვალი, ეპიფიზი, უფრო ზუსტად, აურა ამ გირჩისებრი ჯირკვალის გარშემო... და ჰოპ! იხსნება შეუცნობელი, ეგრეთ წოდებული ,,მესამე თვალი”. ღმერთმანი, ამ პილიგრიმს სულაც არ აღმოუჩენია ახალი ამერიკა, ინდოეთში ხომ უკვე მრავალი საუკუნეა, ამ მოვლენას ჯაპამი ჰქვია, ჯაპამი კი იგივეა, რაც ადამიანთათვის ნაცნობი ნებისმიერი უზენაესი ღმერთი, ანდა მის სახელთა განხორციელება, ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ, იგივე ავატარი, მთელი აზრი კი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ამ სახელსაც ხანგრძლივად, რეგულარულად წარმოსთქვამ და თანაც პირდაპირ გულში, ადრე თუ გვიან, პასუხს მიიღებ, უფრო ზუსტად კი, გამოძახილს ჰპოვებ. ზუი უეცრად შემობრუნდა, გააღო აფთიაქის კარი, ფრჩხილების ქლიბი შეინახა და მანიკიურის წვერწამახული ჯოხი გამოიღო, რომელიც უჩვეულოდ მსხვილი იყო. - ვინ დაღრღნა ეს ჯოხი? - ოფლით დაცვარული ზედა ტუჩი ხელის ზურგით მოიწმინდა და ფრჩხილებიდან ზედმეტი კანის მოშორებას შეუდგა. მისის გლასმა ღრმად ჩაისუნთქა სიგარეტის კვამლი, თან შვილს უყურებდა, მერე ფეხი ფეხზე გადაიდო და მომთხოვნი ტონით ჩაეკითხა შვილს. - ფრენიც ამითაა დაკავებული? მონდოდა მეთქვა, მთელი ეს დრო ამას აკეთებს? - მე მგონი ასეა, თუმცა რაღა მე მეკითხები, მას ჰკითხე. ხანმოკლე და საეჭვო დულმილი ჩამოდგა, მერე მისის გლასმა მოულოდნელად საკმაოდ მხნედ იკითხა. - და დიდი დრო დასჭირდება? Uზუის სიამოვნებისგან სახე გაებადრა, მერე დედისკენ მიბრუნდა. -დიდი დრო დაჭირდება? არა მგონია,, სანამ მღებავები შენს ოთახში შევლენ, წმინდანებისა და ბოდჰისატვათა არმია შევა მასთან ხელში ქათმის ბულიონიანი თასებით, ამღერდება ჰოლ ჯონსონის გუნდი, კამერები დააფიქსირებენ მთებისა და ლურჯი ცის ფონზე მდგარ, თეძოზე თეთრნაჭერშემოხვეულ სასიამოვნო მოხუც ჯენტლმენს და ყველგან სიმშვიდე დაისადგურებს... - კარგი, გეყო, - უთხრა მისის გლასმა. - ო, იესო, მე მხოლოდ დახმარებას ვცდილობ! არ მინდა, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეს, თითქოს რელიგიურ ცხოვრებაში სულ ცოტა უხერხულობა მაინც არის. ადამიანთა უმრავლესობას რატომღაც ჰგონია, რომ რელიგიურობა განსაკუთრებულ შრომასა და გარჯას უკავშირდება, ხომ გესმის, რას ვგულისხმობ. - როგორც ჩანდა მქადაგებელი თავისი სიტყვის კულმინაციას მიადგა და შთაგონებულმა მანიკიურის წვერწამახვული ჯოხი დედს ცხვირწინ გაუქნია. - როგორც კი ჩემს სენაკს დატოვებთ, იმედია, აქედან იმ პატარა ტომსაც წაიღებთ, რომელსაც ყოველთვის ვაღმერთებდი. მჯერა, რომ მასში ამოიკითხავ იმ ხუთი ძირითადი საკითხის შესახებ, რომელებსაც ამ დილით განვიხილავდით. წიგნს ჰქვია ,,ღმერთი ჩემი გატაცებაა”, ავტორია დოქტორი ჰომერ ვინსენტ კლოდ პირსონ უმცროსი*. ავტორი ნათლად გადმოგვცემს წიგნში, როგორ დაიწყო ოცდაერთი წლის ასაკში დღეში დილას-საღამოს ორ-ორი წუთის გამოყოფა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, და ღმერთთან ამ გამოყოფილ დროში არაფორმალური ვიზიტების შემდეგ პირველი წლის ბოლოს სამოცდათოთხმეტ პროცენტამდე გაეზარდა შემოსავალი. თუ კარგად მოიქცევი, ამ წიგნის მეორე ეგზემპლარი უნდა მქონდეს სადღაც და... - ოჰ, შენთან შეუძლებელია საუბარი, - ყოყმანით ჩაილაპარაკა მისის გლასმა და თვალებით დაუწყო ძებნა ძველ მეგობარს, აბაზანის ლურჯ ფარდაგს, იპოვა, ჩამოჯდა და თვალმოუშორებლივ დაუწყო ცქერა. ამასობაში ზუი ნახევარი ტანით დღის შუქისკენ შებრუნებულიყო, იღიმებოდა, ტუჩი ოფლით დაცვარვოდა და კვლავ ზედმეტ კანს იშორებდა ფრჩხილებიდან. ქალმა ამოიოხრა და ისევ შვილისკენ გადაიტანა ყურადღება, კარგა ხანი უცქერდა მის უჩვეულოდ გამხდარ, შიშველ ზურგს და მზერა თანდათან ეწმინდებოდა, რამდენიმე წამში სახიდან ღრუბელი გადაეყარა და მხარდამჭერთა ჯგუფის წევრს დაემსგავსა, - თანდათან უფრო ძლიერი და ლამაზი ხდები, უთხრა ხმამაღლა და ისე წამოიწია, მის ზურგს რომ შეხებოდა, - არადა როგორ მეშინოდა, მეგონა იმ სულელური ჰანტელებით ვარჯიში... - მორჩი, გესმის? საკმაოდ უხეშად მიუგო ზუიმ. - რას მოვრჩე? ზუიმ ისევ გააღო აფთიაქის კარი, ჯოხი შედო. - მორჩი-მეთქი, ნუ გააღმერთე ეს ჩემი იდიოტური ზურგი, - უთხრა და აფთიაქის კარი მიხურა. მერე ერთი წყვილი შავი აბრეშუმის წინდები ჩამოხსნა პირსახოცის საკიდიდან და რადიატორთან მიიტანა, იქვე ჩამოჯდა, მიუხედავად სიცხისა, და წინდები ჩაიცვა. მისის გლასმა ცოტა არ იყოს დაგვიანებით ჩაიფრუტუნა, - არ გავაღმერთო შენი ზურგი... როგორ მოგწონთ?! -შეურაცხყოფილი და გულნატკენი ჩანდა, ცოტა ხანს უცქერდა, როგორ ჩაიცვა წინდები შვილმა, დედის სახეზე ერთმანეთს შერეოდა ორი გამომეტყველება, პირველი გულისტკენისა იყო, მეორე კი იმ დაუძლეველი ცნობისმოყვარეობის, რომლითაც წლების მანძილზე რეცხავდა წინდებს და ეძებდა, სად იყო გახეული, მოულოდნელად ძალიან ხმამაღლა ამოიოხრა, ადგა და მზრუნველი სახით გაემართა პირსაბანისკენ, პირდაპირ იმ ადგილისკენ, სადაც ცოტა ხნის წინ ზუი იდგა. - ნეტავ, როგორმე გესწავლა ტუბისთვის თავსახურის დახურება, - ისეთი ტონით უთხრა, რომელშიც გარკვევით ისმოდა ნაძალადევად შარიანი ნოტები და ონკანი მოუშვა. ზუი რადიატორთან იჯდა, წინდებზე სამაგრებს იკეთებდა და დედას უყურებდა. - შენ კი, ნეტავ, იმას მოახერხებდე, რომ წარმოდგენის დასასრულს თეატრიდან წახვიდე. იცი რა, ბესი? რაც არ უნდა უხეშად ჟღერდეს შენთვის, ძალიან მინდა, ათიოდე წუთით მაინც განვმარტოვდე აქ. თანაც მეჩქარება, სამის ნახევრისთვის ლესაჟის ოფისში უნდა ვიყო, მანამდე კი ქალაქშიც მაქვს წვრილ-წვრილი საქმე. გადი, რა, აქედან... წინააღმდეგი თუ არა ხარ. მისის გლასი დროებით მორჩა ფუსფუსს, შვილისთვის რომ შეეხედა და დააპირა ის შეკითხვა დაესვა, წლების მანძილზე ყველაზე ძალიან რომ აღიზიანებდათ მის შვილებს: - წასვლამდე ცოტას წაიხემსებ, არა? - არა, ქალაქში შევჭამ... სად ჯანდაბაშია ჩემი ცალი ფეხსაცმელი? მისის გლასმა თვალი თვალში გაუყარა, წინასწარმომზადებული ფრაზა შეაგება და მოსთხოვა: - შენს დას დაელაპარაკები თუ არა წასვლამდე? - არ ვიცი, ბესი, - ყოყმანით უპასუხა ზუიმ. - თავი დამანებე, რა, გთხოვ, რაიმე მნიშვნელოვანი რომ მქონდეს სათქმელი ამ დილით, დაველაპარაკებოდი, შემეშვი, რა. - ცალი ფეხსაცმელი ჩაეცვა და უკვე თასმები უნდა შეეკრა, რომ შენიშნა, მეორე ცალი არსად ჩანდა, ამიტომ მუხლებზე დადგა და რადიატორის ქვეშ დაიწყო ძებნა. - აი, სად ყოფილხარ, პატარა ნაბიჭვარო! - რადიატორის გვერდით პატარა სასწორი იდგა და მასზე ჩამოჯდა ხელში ნაპოვნი ფეხსაცმლით. მისის გლასი ცოტა ხანს უცქერდა, როგორ იცვამდა, მაგრამ თასმების შეკვრას აღარ დაუცადა და აბაზანიდან შენელებული, მისთვის არადამახასიათებელი მოძრაობით დაიწყო გასვლა, ფეხებს ისე ზლაზვნით მიათრევდა, ზუი შეშფოთდა კიდეც, თავი ასწია და დაძაბული მიაჩერდა დედას... - არც კი ვიცი, რა გემართებათ, - უეცრად ისევ დაიწყო მისის გლასმა, ისე, რომ უკან არც მიბრუნებულა, მერე პირსახოცის ერთ-ერთ საკიდთან შეჩერდა და ღრუბელი შეასწორა... - ადრე, რადიოთი გამოსვლის პერიოდში, პატარები ისეთი ჭკვიანები, ბედნიერები და საყვარლები იყავით, დილითაც, შუადღეზეც და ღამითაც... - დაიხარა და იატაკიდან იდუმალებით მოცული ქერა თმის ღერი აიღო, დაბრუნდა, ნაგვის ურნას თავსახური ახადა და მასში ჩააგდო. - არც კი ვიცი, რად გინდათ, ასეთი ჭკვიანები და სიტყვამოსწრებულები იყოთ, თუ ეს ბედნიერებას არ მოგიტანთ. - ზუისგან ზურგით მდგარი კვლავ კარისკენ გაემართა... - ყოველ შემთხვევაში, ყველანი ისეთი მოსიყვარულეები იყავით ადრე, ისეთი სითბოთი ექცეოდით ერთმანეთს, ერთ რამედ ღირდა თქვენი ცქერა... - გააღო კარი, მტკიცედ გაიმეორა, - მართლაც, ერთ სიამოვნებად ღირდა... - და კარი გაიხურა. ზუიმ დახურულ კარს გახედა, ღრმად ჩაისუნთქა, მერე კი ნელ-ნელა ამოუშვა ჰაერი ფილტვებიდან. - შესანიშნავი მონოლოგი იყო, მეგობარო, - გასძახა დედას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნდა, რომ მისის გლასი მის ხმას დერეფანში ვეღარ გაიგონებდა. გლასების მისაღები ოთახი უკვე მზად იყო კედლების შესაღებად, ფრენი გლასს ავღანური შალი ეფარა და ისე ჩასძინებოდა ტახტზე, ნოხი, რომელიც მთელს კედელს ფარავდა, არც ჩამოეხსნათ და არც დაეკეცათ, ავეჯი, უფრო სწორად მისი ნაწილი, ჩვეულ, სტატიკურ-დინამიკურ მდგომარეობაში იყო. ოთახს დიდს ვერ დაარქმევდით, მანჰეტენური ბინის კვალობაზეც კი, მაგრამ იმდენი ავეჯი იდგა, ვალჰალას საბანკეტო დარბაზი გეგონებოდა. აქ იყო: სტეინვეის როიალი (მუდმივად თავახდილი), სამი რადიოლა ( ფრეშმანის, 1927წლის გამოშვება, 1932წლის შტრომბერგ-კარლსონი, 1941წლის რ.ს.ა), ტელევიზორი ორმოცდაათსანტიმეტრიანი დიაგონალის ეკრანით, ოთხი მაგიდის ფონოგრაფი (მათ შორის, 1920წლის, ,,ვიქტორია”, გაუხსნელი, ყურმილით), უამრავი მაგიდა სიგარეტისა და ჟურნალებისათვის, ზომის რეგულატორიანი მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა (საბედნიეროდ დაკეცილი და როიალის უკან შემალული), ოთხი კომფორტული სკამი, რვა არაკომფორტული სკამი, თორმეტგალონიანი აკვარიუმი (პირთამდე სავსე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ორი ორმოცვატიანი ნათურით განათებული), ლათინური შ-ის ფორმის დივანი, ტახტი, რომელზეც ფრენი იწვა, ორი ცარიელი გალია, ალუბლის ხის საწერი მაგიდა, ფეხიანი სანათების ასორტიმენტი, მაგიდის სანათი, აქეთ-იქით მიმოფანტული ბრები, სამ კედელზე ჩამორიგებული, წელამდე სიგრძის დაბალი წიგნის თაროები, რომლებიც წიგნებით იყო გამოტენილი, რას არ ნახავდით ამ წიგნებში, საბავშვო წიგნებს, სახელმძღვანელოებს, ბუკინისტურ, ნახმარ ან მკითხველთა კლუბის წიგნებს, ამას დავუმატოთ სხვადასხვა ტიპის ტომეულები, რომელიც სხვა ოთახებიდან გამოეტანათ. (,,დრაკულა’’ ,,ფალის საფუძვლებთან’’ იდო, ,,ბიჭები სომის ომში’’ ,,მელოდიათა ნიაღვრის” გვერდით, ერთად ეწყო ,,მკვლელობა ეგვიპტური ხოჭოთი’’ და ,,იდიოტი’’, ,,ნენსი დრიუ და საიდუმლო კიბე’’ კი ,,შიში და ცახცახი’’-ს თავზე დაედოთ). ამ წიგნის თაროებს თუ უჩვეულოდ გულმოდგინე და მამაცი მღებავი მაინც შეძლებისდაგვარად გაუმკლავდებოდა, მათ უკან მდებარე კედლებს ნებისმიერი თავმოყვარე ხელოსანი მხოლოდ მას შემდეგ მოჰკიდებდა ხელს, თუ სანაცვლოდ მკითხველის ბარათს მიიღებდა. წიგნების თაროებიდან თითქმის ჭერამდე კედელი ვეჯვუდური ცისფერი* დამსკდარი თაბაშირი მოსჩანდა, რომელიც თითქმის ბოლომდე დაფარული იყო ეგრეთ წოდებული ,,საკიდრებით”, რომლებზედაც დაეწყოთ: ჩარჩოში ჩასმულ ფოტოსურათთა კოლექცია, პრეზიდენტთან მიმოწერის გაყვითლებული ფურცლები, ბრინჯაოსა და ვერცხლის მემორიალური დაფები, უამრავი აქეთ-იქით მიმოფანტული სამახსოვრო ჩანაწერები, სხვადასხვა ზომისა და ფორმის თასები და ყველა ეს ნივთი ადასტურებდა, რომ 1927 წლიდან 1943 წლის ჩათვლით პოპულარული რადიოპროგრამის, ,,ჭკვიანი ბავშვი”, არც ერთი გადაცემა არ გასულა გლასების შვიდშვილიანი ოჯახდან ერთი ან ორი (უმეტესად ორი) ბავშვის მონაწილეობის გარეშე. (ბადი გლასი, ოცდათექვსმეტი წლის ასაკში, გადაცემის ყველაზე ხნიერი ცოცხალი ექს-მონაწილე ხშირად უწოდებდა მშობლების სახლის ამ კუთხეს ამერიკული ბედნიერი ბავშვობისა და ნაადრევი სიმწიფის ვიზუალურ ჰიმნს. ის ხშრად გამოხატავდა სინანულს იმის გამო, რომ მიყრუებული სოფლიდან ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა შინ და უბედნიერესად მიაჩნდა და-ძმანი, რომელთა უმეტესობაც ნიუ-იორკში ან მის შემოგარენში ცხოვრობდა.) კედლების დეკორაციის იდეა მისის გლასის სრული თანხხმობითა და მხარდაჭერით განხორციელდა, ავტორი კი მისტერ ლიი გლასი იყო, ჭკვიანი ბავშვების მამა, წარსულში ცნობილი ვოდევილების მსახიობი და სარდის თეატრალური რესტორნის ძველი თაყვანისმცემელი, ოსტატ-დეკორატორ გლასის ეს შედევრი პირდაპირ იმ ტახტის უკან და ზემოთ მდებარეობდა, სადაც ამჟამად ნორჩი ფრენი გლასი იწვა. იქვე, პირდაპირ თაბაშირზე, თითქმის იცესტური სიახლოვით, მჭიდროდ მიეკრათ საგაზეთო და საჟურნალე ამონაჭრების შვიდი საქაღადე, წლიდან წლამდე, როგორც ჩანდა, ამ საქაღალდეებს ათვალიერებდა ყველა, დაწყებული ძველი მეგობრებითა თუ შემთხვევითი სტუმრებით და დაქირავებული დამლაგებლით დამთავრებული. სიტყვამ მოიტანა და უნდა ითქვას, რომ მღებავების დასახვედრად მისის გლასმა ორი ქმედება განახორციელა, ოთახში შემოსვლა შესაძლებელი იყო ორი მხრიდან, შემოსასვლელიდან და სასადილო ოთახიდან, ორივე ამ შესასვლელს ჰქონდა შუშის ორმაგი კარი, საუზმის შემდეგ მისის გლასმა მათ ნაკეცებიანი აბრეშუმის ფარდები ჩამოხსნა, მოგვიანებით კი, სწორედ იმ მომენტში, როცა ფრენი მოჩვენებით ხვრეპდა ქათმის ბულიონს, დედალი კლდის თხის სიმარდით აძვრა ფანჯრის რაფებზე და სამივე მათგანიდან ჩამოხსნა ფართოზოლიანი მუქი ფარდები. ოთახი სამხრეთისკენ გადიოდა, მის მოპირდაპირე მხარეს იდგა გოგონათა კერძო ოთხსართულიანი სკოლა, - წყნარი და საკმაოდ ცივი შენობა, რომელიც იშვიათად თუ ცოცხლდებოდა ოთხის ნახევრამდე, როცა საჯარო სკოლის მოსწავლეები მესამე და მეოთხე ავენიუდან მოირბენდნენ ხოლმე ფილაქანზე ბანქოს ან ,,წრეშიბურთის” სათამაშოდ, გლასები მეხუთე სართულზე ცხოვრობდნენ, ეს სართული სკოლის შენობაზე მაღლა მდებარეობდა და ახლა, როცა ყველა ფანჯარა გაეშიშვლებინათ, სკოლის სახურავიდან არეკლილი მზე ოთახში შემოდიოდა. მზის შუქი ოთახს მაინცდამაინც არ უხდებოდა, არა მხოლოდ იმიტომ, ძალიან იყო არეული, ავეჯი მიმოფანტულიყო და სავსე იყო სენტიმენტებით, არამედ უფრო იმის გამო, რომ წლების მანძილზე აქაურობა ურიცხვ ჰოკეისა და ფეხბურთის მატჩს მასპინძლობდა (საწვრთნელსაც და ჩვეულებრივ თამაშსაც), ამიტომ ძნელად თუ იპოვიდით დაუჩხაპნელ-დაუზიანებელ ადგილს ავეჯზე, კაცის სიმაღლეზე ყველგან ნახავდით აუარება მფრინავი ნივთის ანაბეჭდს, იქნებოდა ეს ლობიოს მარცვლით სავსე ტომსიკა, ბეისბოლის ბურთი, მარმარილოს ბურთულა, ციგურების გასაღები, ლაქების ამოსაყვანი, და თქვენ წარმოიდგინეთ, ოცდაათიანების დასაწყისში, ერთ გარკვეულ შემთხვევაში გასროლილი უთავო ფაიფურის თოჯინაც კი. მზის სხივები განსაკუთრებით არ უხდებოდა ნოხს, რომელიც თავის დროზე ღვინისფერი უნდა ყოფილიყო და დაბალი განათების პირობებში როგორღაც ინარჩუნებდა ამ ფერს, ახლა კი მასზე უამრავი არასენტიმენტალური პანკრეასის ფორმის ლაქა მოსჩანდა, სავარაუდოდ, უამრავი შინაური ცხოველის დამსახურებით. მზე ისე შორს ღრმად და უმოწყალოდ უშვებდა ოთახში სხივებს, რომ პირდაპირ უზარმაზარ ტელევიზორს ანათებდა, რომელიც არასოდეს ახამხამებდა თავის ციკლოპურ თვალს. მისის გლასს, როცა საქმე თეთრეულს შეეხებოდა, შთაგონება ეწვეოდა ხოლმე, თავისი ნორჩი ქალიშვილი პერკალის ვარდისფერ ზეწრებში ჩაეწვინა ტახტზე, ზემოდან კი ღია ცისფერი ავღანური ქაშმირი გადაეფარებინა. გოგონა მარცხენა მხარეს იწვა, სახით ტახტის ზურგისა და კედლისკენ, ნიკაპი ძლივს ეხებოდა ორგვლივ მიმოფანტული უამრავი ბალიშიდან ერთ-ერთს, პირი ოდნავ ჰქონდა დახურული, მარჯვენა ხელი, რომელიც გადასაფარებელზე ედო, მჭიდროდ მოემუჭა, თითები მოემუშტა და ცერი შიგნით მოექცია, გეგონებოდა, ოცი წლის ასაკში უნებურად დაუბრუნდა თავდაცვის ბავშური მანერა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ცუდი საქციელისა, მზე ფრენისთან მიმართებაში შესანიშნავად იქცეოდა, უკანიდან ანათებდა მხოლოდ მის საუცხოოდ შეჭრილ ყორანივით შავ თმას, რომელსაც გოგონა ყოველდღე იბანდა. მზის სხივები ეცემოდა ქაშმირის ავღანურ გადასაფარებელსაც და თბილი კაშკაშა სხივების თამაში ღია ცისფერ შალზე ულამაზეს სანახაობას წარმოადგენდა. აბაზანიდან გამოსული ზუი, მოკიდებული სიგარეტით პირში, პირდაპირ ტახტის წინ დადგა, ჯერ თეთრი პერანგის ბოლოები გაისწორა, მერე ღილები შეიკრა სახელოებზე, ბოლოს აქეთ-იქით მიმოიხედა, სიგარეტს ისე მოღუშული ეწეოდა, იფიქრებდით, რომ ოთახის განათება რეჟისორის ,,ნაღვაწი” იყო და მაინცდამაინც ვერ იყო კმაყოფილი ხელოვანის გემოვნებით. მიუხედავად უჩვეულოდ ლამაზი ნაკვთების, ასაკისა და სტატუსისა ისე იყო ჩაცმული, თავისუფლად ჩათვლიდით ახალგაზრდა მსუბუქ მოცეკვავედ, ვერ იტყოდით, რომ სიგარეტი არ უხდებოდა, ჯერ-ერთი, ცხვირპაჭუა არ იყო, მეორე მხრივ კი, ახალგაზრდისთვის არადამახასიათებელი მოწევის მანერა ჰქონდა, თექვსმეტი წლის ასაკიდან რეგულარულად ეწეოდა, დღეში თორმეტ ღერსაც კი, თვრამეტ წლამდე უმეტესად ძვირადღირებულ თხელ სიგარეტს. ტახტის პარალელურად, ძალიან ახლოს, იდგა ვერმონტული მარმარილოს მართკუთხა საკმაოდ გრძელი ყავის მაგიდა, ზუიმ აიღო სიგარეტის ვერცხლისფერი კოლოფი, საფერფლე და ჟურნალ ,,ჰარბერტს ბაზაარის” ნომერი, ჩამოჯდა ცივი მარმარილოს ზედაპირზე და სახით ფრენის თავისა და მხრებისკენ მობრუნდა. ცოტა ხანს უცქერდა გოგონას შალზე ჩამოდებულ მომუშტულ ხელს, მერე საკმაოდ ნაზად, სიგარეტით ხელში, მხრებზე მოეხვია გოგონას. - ფრენი, - უთხრა დას, - ფრენი, გაიღვიძე, მეგობარო, ნუ ჩაიშხამებ ამ მშვენიერ დღეს... გაიღვიძე, მეგობარო! ფრენიმ უეცრად შემკრთალმა გაიღვიძა, თითქოს ტახტს უბიძგეს უხეშადო, ცალი მკლავი ასწია და გაოცებით წამოიძახა, - ოჰო! - მერე შეხედა უჩვეულოდ განათებულ ოთახს და იკითხა, - რატომაა ასეთი მზე? - ზუის ოთახში ყოფნას სანახევროდ აღიქვამდა, ისევ გაიმეორა, - რატომაა ასეთი მზე? ზუი წამიერად დააკვირდა დას, მერე უპასუხა: - მე სადაც მივდივარ, ყველგან მზე მიმაქვს, მეგობარო. ფრენი შეიშმუშნა, ძმას შეხედა და ჩაეკითხა, - რატომ გამაღვიძე? - გოგონა ძილისგან ჯერ ისევ დამძიმებული იყო და ჭირვეულობის თავი არ ჰქონდა, მაგრამ თითქოს ჰაერში იგრძნო უსამართლობის სუნი. - იცი რა? მე და ძმა ანსელმოს ახალი სამწყსო შემოგვთავაზეს ლაბრადორზე, გვინდოდა კურთხევა გვეთხოვა შენთვის, სანამ... - ოჰო! - ისევ გაიმეორა ფრენიმ და ხელი თავზე დაიდო, მოდურად შეჭრილი მოკლე თმა, რომელსაც შუაზე გაყოფილს ატარებდა ხოლმე, ნამდვილად არ გასწეწოდა ძილისას. - ო, რა საშინელი სიზმარი ვნახე, - თქვა, წამოდგა და ცალი ხელით ხალათის საყელო დაიმაგრა. ხალათი შეკვეთით იყო შეკერილი ჩალისფერი სქელი აბრეშუმისგან და მოხატული იყო ნაზი, ვარდისფერი ჩაის ვარდებით. - მოდი, მომიყევი, - უთხრა ზუიმ და ნაფაზი დაარტყა, - მე აგიხსნი. ფრენის გააჟრჟოლა, - საშინელება იყო, ობობები ვნახე, ასეთი ობობებიანი კოშმარი არასოდეს მინახავს ცხოვრებაში. - ობობები? - ძალიან საინტერესოა და დამახასიათებელი სიზმარია, მე მყავდა ახალგაზრდა პაციენტი ციურიხში ერთი წლის წინათ, სხვათა შორის, ძალიან გგავდა შენ. - ერთი წუთით გაჩუმდი, თორემ დამავიწყდება, - უთხრა ფრენიმ და სივრცეს მიაშტერდა, როგორც იციან ხოლმე სიზმრის გახსენებისას. გოგონას თვალებქვეშ მუქი ნახევარწრეები გასჩენოდა, სხვა, ნაკლებშესამჩნევი ნიშნებიც მიუთითებდნენ, რომ რაღაცით იყო შეშფოთებული, მეგრამ ვერაფერი ვერ ფარავდა იმას, რასაც უზადო სილამაზე ჰქვია. კანი ძალიან ნაზი ჰქონდა, ნაკვთები – დახვეწილი და გამოკვეთილი, თვალები თითქმის ისეთი განსაცვიფრებლად ლურჯი ფერის, როგორიც ზუის, მაგრამ უფრო შორიშორს ჩასმული, ამ თვალებში რაიმეს ამოკითხვას კი ისე დიდი დრო არ სჭირდებოდა, როგორც ზუის შემხვევაში. ოთხიოდე წლის წინ, სკოლის დამამთავრებელ საღამოზე, სცენიდან რომ გაუღიმა ბადის, ბიჭმა გაიფიქრა, ერთ მშვენიერ დღეს ვინმე ჭლექიანს გაჰყვება ცოლადო, როგორც ჩანს ესეც იკითხებოდა დის მშვენიერ თვალებში. - ო, ღმერთო, გამახსენდა! თქვა უცებ ფრენიმ, - ძალიან უსიამოვნო სანახაობა იყო, სადღაც ვიყავი საცურაო აუზზე და ხალხის ბრბო მაიძულებდა, წყალში ჩამეყვინთა ფსკერზე მოტივტივე ,,მედაგლია დ’ორო”-ს ყავის თუნუქის ქილის ამოსატანად, რამდენი ამოვყვინთავდი, ისევ უკან მაბრუნებდნენ, ვტიროდი და ყველას ვეუბნებოდი, - თქვენ ხომ საცურაო კოსტიუმები გაცვიათ, იქნებ თქვენც გეცადათ და ჩაგეყვიინთათ-მეთქი, მაგრამ ისინი მხოლოდ იცინოდნენ და ისე ცინიკურ რეპლიკებს მესროდნენ, ისევ წყალში ვყვინთავდი, - გააჟრჟოლა, - საერთო საცხოვრებელში ჩემთან რომ ორი გოგონაა, ისინიც იქ იყვნენ, ერთს სტეფანი ლოგანი ჰქვია, მეორეს კი ისეთი უცნაური სახელი და გვარი აქვს, არც კი მახსოვს, ამის გამო ძალიან მებრალება. ჰო, გამახსენდა, შენონ შერმანი. ორივეს ერთი უხარმაზარი ნიჩაბი ეკავათ ხელში და რამდენი ამოვყვინთავდი, იმდენჯერ ჩარტყმას ცდილობდნენ, - ფრენიმ სახეზე ხელები აიფარა. - ფუჰ! - თავი გაიქნია გოგონამ და ისევ ჩაფიქრდა, - ერთადერთი ადამიანი, რომელიც თავის ადგილას იდგა, პროფესორი ტუპერი იყო, ერთადერთი იმ სიზმარში, რომელიც ცხადშიც ვერ მიტანს. - ვერ გიტანს? საინტერესოა.... -ზუის სიგარა ისევ ტუჩებში ჰქონდა გაჩრილი, მერე ნელ-ნელა გადაიტანა ხელში და თითებით მოსრისა, ჭეშმარიტი სიზმრების ამხსნელივით, ძალიან კმაყოფილი ჩანდა. - რატომ ვერ გიტანს? -იკითხა და დაამატა, - იცოდე, გულახდილი უნდა იყო, ხომ გესმის... - ვერ მიტანს, რადგან რელიგიის გიჟურ სემინარებზე ვესწრები ხოლმე და ვერასოდეს ვაიძულე თავი, საპასუხო ღიმილი მიმეგებებინა მისი მომხიბვლელი, ოქსფორდული ღიმილისთვი, ჩვენთან დროებითაა ოქსფორდიდან მოვლენილი და საშინლად სევდიანი მოხუცი თვითკმაყოფილი პონია, გაჩეჩილი მატყლივით თეთრი თმით. მე მგონი, მამაკაცების საპირფარეშოში შედის ხოლმე ლექციის წინ და სპეციალურად იჩეჩავს თმას, სანამ კლასში შემოვა... მართლა ასე მგონია. არანაირი ენთუზიაზმი არ ამოძრავებს საგნის სწავლებისას, ეგო - კი, ენთუზიაზმი – არა. ეს არ გამაღიზიანებდა და უცნაურად არ მომეჩვენებოდა, ძალიან რომ არ ცდილობდეს, თავი გამგებ კეთილ კაცად მოგვაჩვენოს და ჩვენგანაც სურს, იგრძნოს, რომ ბედნიერები ვართ, რაკი ჩვენს ქვეყანაში მოევლინა სამყაროს. - ფრენი დაიღმიჭა, - ერთადერთი, ის უხარია, ტრაბახს თუ არ ჩავთვლით, თუ ენები აგვერია და დიდის ამბით აგვიხსნა, ეს სანსკრიტი კი არა, ფალიაო. შენ წარმოიდგინე, იცის, რომ ვერ ვიტან... ნეტავ განახა, როგორ ვეჭყანები ხოლმე, როცა არ მიყურებს. - აუზზე რას აკეთებდა? - არც არაფერს, საერთოდ არაფერს! უბრალოდ იდგა და გვიყურებდა, ყველაზე საშინელი ეგ იყო იმ სიზმარში. ზუიმ სიგარის კვამლს მიღმა გახედა დას და მშვიდად უთხრა: - საშინლად გამოიყურები, იცი? ფრენიმ შეხედა, - შენ ხომ არ შეგეძლო, მთელი დღე აქ მჯდომოდი და ეგ არ გეთქვა, უთხრა ძმას და დაამატა, - არ დაიწყო ახლა ძველებურად, ამ მშვენიერ და ადრიან დილას, გთხოვ, ხომ იცი, რაზეც გეუბნები? - არაფრის დაწყებას არ ვაპირებ, მეგობარო, ისევ ისეთი მშვიდი ტონით უპასუხა ზუიმ, - უბრალოდ, საშინლად გამოიყურები, სულ ესაა. იქნებ ცოტა მაინც გეჭამა რამე? ბესიმ მითხრა, ქათმის ბულიონი შევუტანე და... - აღარ მიხსენოთ ეგ ქათმის ბულიონი, გესმით?.. ამასობაში ზუის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა. მზის სხივებში მობანავე ავღანურ შალს დააცქერდა, რომელიც გოგონას კოჭებს და და ქუსლებს უფარავდა. - ეს რა არის? იკითხა უცებ, - ბლუმბერგი? თითი გაჰკრა გადასაფარებლის ქვეშ ამოზრდილ საკმაოდ დიდ ბორცვს, - ბლუმბერგ, ეს შენა ხარ? ბორცვი შეინძრა, - ახლა ფრენიც მას უყურებდა, - ვერაფრით მოვიშორე თავიდან უთხრა ძმას, - უეცრად გიჟურად შევუყვარდი. ზუის ცნობისმოყვარე თითის ბიძგმა ბლუმბერგი აიძულა, გასწორებულიყო და ფრენის მუხლებისკენ გაცოცებულიყო, ვერც კი მოასწრო შეუხედავი თავის ზემოთ, მზის შუქზე, ამოწევა, რომ ფრენიმ სტაცა ხელი და ჩაეხუტა. - დილა მშვიდობისა, ძვირფასო ბლუმბერგ, - წარმოსთქვა გოგონამ და ვნებიანად აკოცა თვალებს შორის, - გამარჯობა, ბებერო, მსუქანო კატავ! გოგონა კიდევ რამდენჯერმე ეამბორა, მაგრამ საპასუხო სითბოს ვერ ეღირსა მისგან, პირიქით, ძალიან დიდმა ნაცრისფერ-ჭრელმა ,,დაკოდილმა” მამალმა კატამ თავის დაძვრენა სცადა, მხრებში ჩააფრინდა, მაგრამ გადახტომა ვერ მოასწრო. - ხედავ, როგორ მეალერსება? ასეთი ალერსიანი ჯერ არ ყოფილა, - ფრენიმ ზუის შეხედა, მაგრამ სიგარის კვამლში გახვეული ზუის გამომეტყველება ამჟღავნებდა, რომ ბიჭი დათმობას არ აპირებდა. - მოეფერე, ზუი, შეხედე, რა საყვარლად გიყურებს, მიუალერსე! ზუიმ ცალი ხელი გადაუსვა ბლუმბერგს ამობურცულ ზურგზე, ჯერ ერთხელ, მერე მეორედ, თავი დაანება, ადგა ყავის მაგიდიდან და ავეჯის გვერდის ავლით როიალისკენ გაემართა. სტეინბეკის ერთიანად შავი ღია როიალი ტახტის პირდაპირ იდგა, მისი სკამი კი – ფრენის გასწვრივ. ზუი სკამზე ფრთხილად ჩამოჯდა და დიდი ინტერესით შეხედა პიუპიტრზე გაშლილ ნოტებს. - ამ კატას იმდენი რწყილი ჰყავს, სასაცილოც კია, არა? - თქვა ფრენიმ, მერე ხელი სტაცა ბლუმბერგს და სცადა ამ უკანასკნელისთვის წყნარი შინაური კატის პოზა მიეღებინებინა. - წუხელ თოთხმეტი ცალი ვუპოვე მხოლოდ ერთ მხარეს, - გოგონამ კატას ფეხები გაუსწორა და დაბლა ჩასწია, მერე ისევ ზუის გახედა, - მართლა, სცენარი როგორ მოგეწონა? ჰკითხა ძმას, - მიიღე ბოლოს და ბოლოს გუშინ, არა? ზუიმ არ უპასუხა, - ღმერთო ჩემო, - თქვა უცებ ისე, რომ თვალი არ მოუშორებია პიუპიტრისთვის, - ვინ გამოიღო ეს? ნოტები მიუზიკლისა ,,ნუ ხარ ბოროტი, პატარავ,” დაახლოებით ორმოცი წლის წინანდელი იქნებოდა, გარეკანზე მისტერ და მისის გლასების სეპიით შესრულებული ფოტო იწონებდა თავს, მისტერ გლასს ფრაკი და ცილინდრი ემოსა, ასევე ეცვა მისის გლასსაც, ორივე მომხიბლავად უღიმოდა ფოტოაპარატის ობიექტივს და წინ წამოწეული ეყრდნობოდა ხელჯოხს. - რა არის? აქედან ვერ ვხედავ, - გასძახა ფრენიმ. - ბესი და ლესი, ,,ნუ ხარ ბოროტი, პატარავ.” - ოჰ! - ფრენიმ ჩაიხითხითა. - წუხელ ლესი ჩაეფლო მოგონებებში ჩემს საპატივცემულოდ, რატომღაც იფიქრა, რომ მუცელი მტკიოდა, ყველაფერი გადაქექა და სკამზე დამიხვავა ნოტები. - როგორ მაინტერესებს, რა ჯანდაბა გვინდა ამ საშინელ ჯუნგლებში, თუ ყველაფრის სათავე ,,ნუ ხარ ბოროტი, პატარავ” იყო. - ამიხსენი ერთი. - არ შემიძლია, უკვე ვცადე, უპასუხა ფრენიმ, - შენ ის მითხარი, სცენარი როგორია? მოგიტანეს? შენ არ მეუბნებოდი, ლესაჟი შვეიცარს დაუტოვებდაო? - მომიტანეს, მომიტანეს, - უპასუხა ზუიმ, - მაგრამ სულაც არ მინდა ახლა სცენარის განხილვა. ბიჭმა სიგარა ისევ პირში ჩაიდო, მარჯვენა ხელი ასწია და ზედა ოქტავებიდან დაიწყო დაკვრა, ეს იყო მელოდია სიმღერისა, ..კინკაჯოუ” რომელიც, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, პოპულარული გახდა, მერე კი ყველას გადაავიწყდა ჯერ კიდევ ზუის დაბადებამდე... - თანაც განა მხოლოდ მომიტანეს, დიკ ჰესმაც დამირეკა წუხელ, პირველ საათზე, ჩვენი ხანმოკლე მუშტი-კრივის შემდეგ და მთხოვა, ერთად დაგველია, ,,სან-რემოში” უნდა შევხვდეთ, გრინვიჩ-ვილიჯს ხსნის ეგ ნაბიჭვარი, ღმერთო, დიდებულო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობ დადებითი შეფასებისთვის, მაგრამ ისედაც ნაწილ-ნაწილ არ ვდებ? 18 გვერდს ვდებ თითო დადებაზე, საკმაოდ დიდია და მეტი რა ვქნა :) დიდი მადლობ დადებითი შეფასებისთვის, მაგრამ ისედაც ნაწილ-ნაწილ არ ვდებ? 18 გვერდს ვდებ თითო დადებაზე, საკმაოდ დიდია და მეტი რა ვქნა :)
1. ... ორი დღე ვკითხულობდი, ნაწილ ნაწილ და უნდა ვთქვა რომ, ძალიან კარგად იკითხება... ანუ კარგი თარგმანი უნდა იყოს და უკეთესი იქნებოდა თუ ამ საქმეში ჩახედული ხალხი შეაფასებდა. ნაწილ-ნაწილ რომ დაგედო ჯერ და მერე გაგემთლიანებინა, არ შეიძლებოდა? საუკეთესო სურვილებით :) ... ორი დღე ვკითხულობდი, ნაწილ ნაწილ და უნდა ვთქვა რომ, ძალიან კარგად იკითხება... ანუ კარგი თარგმანი უნდა იყოს და უკეთესი იქნებოდა თუ ამ საქმეში ჩახედული ხალხი შეაფასებდა. ნაწილ-ნაწილ რომ დაგედო ჯერ და მერე გაგემთლიანებინა, არ შეიძლებოდა? საუკეთესო სურვილებით :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|