 | ავტორი: ნისაბა ჟანრი: თარგმანი 18 სექტემბერი, 2010 |
- ნუ აბრახუნებ როიალის კლავიშებს, თუ მანდ აპირებ ჯდომას, მე მოგცემ ხოლმე შენიშვნებს, აი, ესეც პირველი შენიშვნა, ნუ აბრახუნებ კლავიშებს!.. - ჯერ ერთი, იცის, რომ არ ვსვამ, მეორე - ნიუ-იორკში დავიბადე და თუ რამეს ვერ ვიტან, ეს იქაური ატმოსფეროა, მესამე - იმ გრინვიჩ-ვილიჯამდე სამოცდაათი წყეული კვარტალი მაშორებს და მეოთხე - სამჯერ გავუმეორე, უკვე პიჟამო და საშინაო ფლოსტები მაცვია-მეთქი. - ნუ აბრახუნებ კლავიშებს! - ისევ გასცა ბრძანება ფრენიმ და ბლუმბერგის ფერება განაგრძო... - მაგრამ არა, მოცდა არ შეუძლია, მაინცდამაინც ახლა უნდა მნახოს, ძალიან მნიშვნელოვანია, სულაც არ ხუმრობს, ცხოვრებაში ერთხელ ხომ მაინც შეიძლება, კარგი ბიჭი ვიყო, ჩავხტე ტაქსიში და იქ გავჩნდე. - მერე წახვედი? ახლა თავსახურს ნუ აბრახუნებ, ესეც ჩემი მეორე ბრძანება... - ჰო, რა თქმა უნდა, წავედი, სადღა გამაჩნია თავისუფალი ნება! - უთხრა ზუიმ და მოუთმენლად, მაგრამ საკმაოდ ფრთხილად დაახურა თავსახური როიალს. - იცი რაშია საქმე? ვერ ვენდობი ამ ნიუ-იორკელ პროვინციელებს, სულ არ მაინტერესებს, რამდენი ხანია, რაც აქ არიან, მეშინია, სანამ მეორე ავენიუზე რომელიმე სომხურ რესტორანს მიაგნებენ, ან მანქანა გადაუვლით, ანდა ვიღაც სცემთ, ან კიდევ რაღაც ჯანდაბა დაემართებათ. შუბლშეკრულმა ზუიმ სიგარეტის კვამლი ნოტბისკენ გაუშვა... - ჰოდა, იქ დამხვდა განადგურებული, წაშლილი, ბებერი დიკი ახალი მნიშვნელოვანი ამბებით, რომლელთა უთქმელობასაც ნაშუადღევამდე ვერ მოითმენდა, მაგიდას მისჯდომოდა ლურჯ ჯინსებსა და საშინელ სპორტულ ქურთუკში გამოწყობილი, დე მოინის კუნძულებიდან ნიუ-იურკში განდევნილს ჰგავდა, ღმერთს ვფიცავა, რა ღამე იყო! სრული ორი საათი ვიჯექი იქ, ის კი მიხსნიდა, რა ნიჭიერი ძაღლისშვილი ვარ და რა გენიალური ფსიქოპატების ოჯახში გავიზარდე, მერე ჩემს, ბადისა და სეიმორის ფსიქოანალიზს მორჩა (არადა ბადი და სეიმორი ცხოვრებაში არ უნახავს), უეცრად ჩიხში მოექცა, დააპირა დარჩენილი საღამო იმ კოლეტად* ქცეულიყო, რომელიც ერთნაირად ხმარობს მარჯვენას და მარცხენას, ან ტომას ვულფად*, უცებ მაგიდის ქვეშიდან ამოაცოცა მონოგრამიანი ჩანთა, ამოიღო ერთსაათიანი ფილმის ახალი სცენარი და ხელში ჩამჩარა. ზუიმ ხელი ისე გაიქნია, თითქოს მომაბეზრებელ სასაუბრო თემას იშორებს თავიდანო, მაგრამ სკამიდან სწრაფად წამოდგა. ამ ჟესტს ვერაფრით ვერ დაარქმევდით გამოსამშვიდობებელს, სიგარა ისევ პირში ჰქონდა გაჩრილი, ხელები კი ჯიბეებში ჩაეყო. - წლების მანძილზე ვისმენდი ხოლმე, როგორ მსჯელობდა ბადი მსახიობებზე, - განაგრძო ისევ, - ღმერთო ჩემო, ნეტავ იცოდეს, რისი თქმა მინდოდა იმ მწერლებზე, რომელთაც ვიცნობდი... ცოტა ხანს უძრავად იდგა ერთ ადგილას, მერე უცებ უმიზნოდ წაიწია წინ, შეჩერდა 1920წლის ,,ვიქტორიასთან”, მიაშტერდა და მერე ორჯერ ჩაჰყეფა მიკროფონს საკუთარი სიამოვნებისთვის. ფრენიმ შეხედა და ჩუმად ჩაიხითხითა, მაგრამ ზუი მოიღუშა და გზა განაგრძო, მიუახლოვდა 1927 წლის გამოშვების ,,ფრეშმანის” რადიომიმღებს, რომელზეც ტროპიკული თევზების აკვარიუმი იდგა, სიგარა პირიდან გამოიღო და ინტერესით მიაჩერდა თევზებს. - ჩემი შავი მოლინეზიები იხოცებიან, - თქვა და დასწვდა აკვარიუმის გვერდით დადებულ თევზების საკვებს. - ბესიმ აჭამა ამ დილით, - აცნობა ფრენიმ, ის ისევ ბლუმბერგს ეფერებოდა ავღანურ შალში გახვეული და აიძულებდა, წყნარად მაჯდარიყო. - რა ვიცი, ნაშიმშილებს ჰგვანან, - თქვა ზუიმ მაგრამ ხელი უშვა საკვებს. - ეს პატარა სულ გამოფიტულა, - ფრჩხილი ჩაჰყო წყალში, - იცი, რა, მეგობარო, ქათმის ბულიონი მოგიხდებოდა! - ზუი, - უთხრა ფრენიმ, ძმის ყურადღება რომ მიეპყრო. - ახლა როგორ იქნება საქმე? შენ ხომ ორი ახალი სცენარი გაქვს, იმაზე რას იტყვი, ლესაჟმა რომ მოგაწოდა ტაქსიში? ზუი ცოტა ხანს ისევ თევზებს უთვალთვალებდა, მერე მოულოდნელი, მაგრამ აშკარად დაუძლეველი იმპულსის გავლენით გულაღმა გაიჭიმა ნოხზე. - ლესაჟის გამოგზავნილს რაც შეეხება, - თქვა და ფეხები გადააჯვარედინა, - მე რიკი ჩალმერსი უნდა განვასახიერო, ღმერთს ვფიცავარ, პირდაპირ ფრანგული კატალოგიდან ამოღებული 1928 წლის კომედიაა, ერთადერთი განსხვავებით, შესანიშნავადაა გათანამედროვებული უამრავ კომპლექსთან, შეზღუდვასა და სუბლიმაციასთან*დაკავშირებლი იმ ჟარგონებით, რომლებიც ავტორს საკუთარი ფსიქოანალიტიკოსისგან თუ გაუგონია. ფრენიმ ძმის იმ ნაწილს შეხედა, რომლის დანახვაც შეეძლო, ეს იყო მხოლოდ ფეხის ტერფები და ქუსლები. - დიკისაზე რაღას იტყვი? წაიკითხე უკვე? - დიკის სცანარში ბერნი უნდა ვიყო, ახალგაზრდა მგრძნობიარე მეტროს მორიგე, ეს ყველაზე ორიგინალური და თამამი სატელევიზიო სცენარია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. - ანუ მოგწონს? მართლა კარგია? - კარგია-მეთქი, არ მითქვამს, თამამია. აბა, შევრიგდეთ ახლა, მეგობარო. მას შემდეგ, რაც ეს პიესა ტელევიზიით გადაიცემა, ყველა ერთმანეთს დაუწყებს ბეჭებზე ხელის ტყაპუნს გულისწასვლამდე კმაყოფილი. ლესაჟი, ჰესე, პომეროი, დამკვეთები, - მთელი ეს თამამი ხროვა. ყველაფერი კი დღეს დაიწყება, ნაშუადღევს, თუ უკვე არ დაიწყო. ჰესი ლესაჟის ოფისში მივა და ეტყვის, - ბატონო ლესაჟ, სერ, ეს-ესაა მომიტანეს სცენარი ახალგაზრდა მგრძნობიარე მეტროს მორიგე ბიჭზე, რომელიც ერთიანად ყარს სითამამის სუნად, ვიცი, სერ, მორიგი სცენარიც ასე ნაზი და პიკანტური იქნება, თქვენ ხომ თამამი და დახვეწილი სცენარები გიყვართ, ჰოდა ორივეს სუნი ასდის, სავსეა გულისამაჩუყებელი ტიპებით, სენტიმენტალურია, მაგრამ სადაც საჭიროა, არც სისასტიკის დეფიციტს განიცდის. და სწორედ იქ, სადაც ფაქიზი სულის მეტროს მორიგე ბიჭს პრობლემები სრულად ანადგურებს, არაკაცები კი კაცობრიობის რწმენას უკარგავენ, სკოლიდან მოირბენს მისი ცხრა წლის ძმისშვილი მშვენიერ, სწორედ რომ დროულ, შოვინისტურ ფილოსოფიას გააცნობს, იმ ფილოსოფიას, რომელიც ახალმა თაობამ წარსულიდან და ენდრიუ ჯექსონის ცოლის სულის წიაღიდან ამოჩხრიკა. პირდაპირ მიზანში არტყამს ეს გოგონა, სერ! მიწიერია, მარტივი, ჭეშმარიტებასთან არაფერი აქვს საერთო და საკმაოდ ფამილიარულ-ტრივიალურია, ჩვენმა ძუნწმა, ნერვიულმა და გაუნათლებელმა დამკვეთმა რომ შეიყვაროს - ზუი უეცრად წამოიწია და ნოხზე წამოჯდა. - ეს წუთია, შხაპი მივიღე და მაინც ღორივით ოფლის სუნად ვყარვარ, - გამოაცხადა და ფეხზე წამოდგა, მერე კი წამიერად, თითქოს საკუთარი ნებისვე საწინააღმდეგოდ, თვალი შეავლო ფრენის, დააპირა მზერა სხვა რამეზე გადაეტანა, მაგრამ პირიქით, უფრო დააკვირდა დას, გოგონას თავი დაეხარა, კალთაში ჩაგორებულ ბლუმბერგს დასცქეროდა და ისევ ხელს უსვამდა ზურგზე, თუმცა რაღაც მაინც შეცვლილიყო ამ პოზაში, - აჰ! - წამოიძახა უცებ ზუიმ, ტახტს მიუახლოვდა და თვალებში შეშფოთება ჩაუდგა, - ქალბატონი ტუჩებს ამოძრავებს, როგორც ჩანს ლოცვა გრძელდება. ფრენიმ არც კი ახედა ძმას, - რა ჯანდაბას აკეთებ? - განაგრძო მან, - ასე ცდილობ, თავი აარიდო ჩემს არაქრისტიანულ დამოკიდებულებას მასიური ხელოვნების მიმართ? ფრენიმ ახედა და თავი გაიქნია, თან თვალები დაახამხამა, მერე გაუღიმა ძმას, თუმცა ტუჩებს მანამდეც ამოძრავებდა და არც ახლა შეუწყვეტია. - ნუ მიღიმი, გთხოვ, - უთხრა ზუიმ და თავისი თავშესაფარი დატოვა. - სეიმორიც ასე მიღიმოდა ხოლმე, ეს წყეული სახლი სავსეა ტილიანი მომღიმრებით. - ერთ-ერთ წიგნის თაროს ჩაუარა, თითით შესწია წინ გამოწეული წიგნი და გზა განარძო, მიუახლოვდა ოთახის შუა ფანჯარას, რომელიც ფართო რაფით იყო გამოყოფილი წიგნების მაგიდიდან და რომელზეც მისის გლასი გადასახადების ქვითარს ავსებდა ან წერილებს წერდა ხოლმე, ზურგი შეაქცია ფრენის და ჯიბეებში ხელებჩაყოფილმა, პირში გაჩრილი სიგარით, გარეთ გაიხედა. - გითხარი, რომ ამ ზაფხულზე შეიძლება საფრანგეთში მომიწიოს წასვლა გადაღებებზე? - ჰკითხა დას გაღიზიანებით, - გითხარი? ფრენიმ ინტერესით შეხედა ძმის ზურგს, - არა, არ გითქვამს, სერიოზულად ამბობ? რა გადაღებებზე? ზუი სკოლის ღორღით დაფარულ სახურავს უცქერდა ქუჩის გადაღმა, - აჰ, ეს გრძელი ისტორიაა. - ვიღაც ფრანგი ოინბაზი გაეძრო, ფილიპთან რომ ჩავწერე, იმ ალბომისთვის მოუსმენია სადღაც, ორიოდე კვირის წინ ერთად ვისადილეთ. ნამდვილი მათხოვარია, მაგრამ საკმაოდ სიმპათიურად მომეჩვენა, თანაც, როგორც ჩანს, მასზე დიდი მოთხოვნაა საფრანგეთში. - ბიჭმა ცალი ფეხი ფანჯრის რაფაზე შემოდო, - ისეთი არაფერია, ეგეთ ტიპებს ხომ ვერაფერზე მოელაპარაკები, მაგრამ მგონი როგორღაც შევძელი დამერწმუნებინა, ლენორმანის რომანის მიხედვით ფილმი გადაეღო, იმ რომანზე ვამბობ, შენ რომ გამოგიგზავნე. - ა, მახსოვს, შესანიშნავია, ზუი! - კარგი იქნება, თუ წახვალ, როდის აპირებ გამგზავრებას? - შესანიშნავი სულაც არაა და საქმეც ამაშია, ვფიქრობ, ამის გამო უფრო ვისიამოვნებ გადაღებებით, ღმერთმანი, კარგი იქნება, მაგრამ სასტიკად მეზიზღება ნიუ-იორკიდან სადმე გამგზავრება, ხომ იცი, როგორ ვერ ვიტან ეგრეთ წოდებულ შემოქმედებით პერსონებს, სიამოვნებით რომ ადიან ნებისმიერი ხომალდის ბორტზე, ფეხებზე მკიდია, რატომ ვარ ასე, უბრალოდ, აქ დავიბადე, სკოლაში აქ დავდიოდი, ორჯერ კინაღამ მანქანამ გამიტანა ჩვენი ქუჩის კუთხეში, მაგრამ, ღმერთმანი, ევროპაში მაინც არაფერი მესაქმება. ფრენი ჩაფიქრებული მიშტერებოდა ძმის თეთრი პერანგით შემოსილ ზურგს, თუმცა ტუჩები მაინც უმოძრაავებდა, ისევ ჩუმად იმეორებდა სასწაულმოქმედ სიტყვებს. - მაშინ რატომ მიდიხარ? - ჰკითხა ძმას, - თუკი ასე ფიქრობ. - რატომ მივდივარ? უკანმოუხედავად გაიმეორა შეკითხვა ზუიმ. - უფრო იმიტომ, რომ სასტიკად დავიღალე, დილაობით აღრენილი ვარ, საღამოთი კი გაცოფებული ვწვები დასაძინებლად, მივდივარ, იმიტომ, რომ ყოველდღე ვზივარ და ყველა ნაცნობ, საცოდავ ნაბიჭვარს განვსჯი, მაშინ, როცა სულაც არ მაწუხებს მათი ამბავი, თუმცა, თუ განვსჯი, სამართლიანი განაჩენიც გამომაქვს და ეს დიდად არც მაწუხებს, მაგრამ არის რაღაც, ო, იესო, არის რაღაც, რისი ატანაც მეტად აღარ შემიძლია. ზუსტად არ შემიძლია აგიხსნა, რა, მაგრამ ყველას, ვისთანაც ჩემთან ჰქონია საქმე, ვარწმუნებ, რომ თავად კი არ სურთ, თავიანთი საქმე კარგად აკეთონ, უბრალოდ, იმისთვის ცდილობენ, რომ სხვამ ჩათვალოს, საქმეს კარგად აკეთებენო, ყველას ამ დღეში ვაგდებ, კრიტიკოსებს, დამკვეთებს, მაყურებელს, სკოლის მასწავლებლებსაც კი. აი, რას ვაკეთებ, ესაა ყველაზე ცუდი! - წარბშეჭმუხნულმა ზუიმ სკოლის შენობის სახურავს გახედა, მერე თითებით მოიწმინდა ოფლი შუბლიდან, შებრუნდა და ფრენის გახედა უეცრად. - რაო?- უთხრა უცებ - რა თქვი? ვერ გავიგონე. - არაფერი, - ო, ღმერთო-მეთქი, სულ ეს იყო. - რატომ ო, ღმერთო? იკითხა მოუთმენლად ზუიმ. - ისე, უბრალოდ, ნუ მესცემი ხოლმე, გთხოვ, ვფიქრობდი, სულ ეს იყო. ნეტავ შაბათს გენახე. შენ ადამიანების მორალის განადგურებაზე საუბრობდი, მეც იგივე ჩავიდინე ლეინის მიმართ, მთელი დღე ჩავამწარე. ჯერ იყო და ყოველ საათში გული მიმდიოდა, მერე იმიტომ ჩავედი იქ, მშვენიერი ამხანაგური ნორმალური სახალისო საფეხბურთო მატჩი მენახა და ამის ნაცვლად, რასაც კი იტყოდა ლეინი, ყველაფერს ვეწინააღმდეგებოდი ან ვაკრიტიკებდი, საერთოდ გავაფუჭე ყველაფერი. - ფრენიმ თავი გაიქნია, ისევ ბლუმბერგს ეფერებოდა, მაგრამ ანგარიშმიუცემლად, მექანიკურად, მხედველობის არეში კი როიალი მოექცია. - უბრალოდ, ერთი აზრი მაინც რომ შემენახა ჩემთვის, ესეც ვერ შევძელი, საშინლად მოვიქეცი. იმ წუთიდანვე დავიწყე, როგორც კი ერთმანეთს შევხვდით სადგურში, ყველაფერი გავაფუჭე, ყველაფერი, შესანიშნავი უვნებელი სასკოლო თემა დაუწერია ფლობერზე, ძალიან ამაყობდა და უნდოდა, წამეკითხა, მე კი რატომღაც მომეჩვენა, რომ მეტისმეტად ქედმაღლური იყო, ისეთი, ინგლისური ენის ფაკულტეტზე მიღებულ ადამიანებს რომ ახასიათებთ ხოლმე, რაც ჩავიდინე, ამას...…- უეცრად შეწყვიტა საუბარი და თავი გაიქნია, ზუი სანახევროდ ისევ სახურავს უცქერდა და ცალი თვალით გამოხედა დას. გოგონა ძალიან ფერმკრთალი იყო, ოპერაციის შემდეგ რომ არიან ხოლმე პაციენტები, თითქმის ისეთი, შედარებაც არ შეიძლებოდა დილანდელთან. - მიკვირს, ერთი კარგი სილა რომ არ გამაწნა, განაგრძო უცებ, - ძალიანაც კარგს იზამდა... - ეგ ხომ წუხელ მომიყევი, მეგობარო, დილიდანვე უსიამოვნო მოგონებებით ნუ დამამძიმებ, - უთხრა ზუიმ და თვალი მოაშორა ფანჯარას, - პირველ რიგში, იცი რას გეტყვი? ჯერ შენი თავით დაიწყე ხოლმე და მერე გადადი სხვა ამბებისა და ადამიანების განსჯაზე, აი, ამაშია საქმე. ორივენი ასეთები ვართ, მეც ასე განვსჯი ხოლმე ტელევიზიას, არადა ვიცი, რომ არასწორად ვიქცევი, შენც ამიტომ გეუბნები, რატომ არ გინდა, გაიგო? - რატომაც არა, მინდა, მაგრამ შენ სულ... - საქმე სწორედ რომ ჩვენშია, გააწყვეტინა ზუიმ და განაგრძო. - ახირებულები ვართ, სულ ესაა, იმ ორმა ნაბიჭვარმა ადრეული ასაკიდან ასეთებად გაგვზარდეს, უცნაური ახირებული სტანდარტებით, აი, რაშია საქმე, დადაღულ ქალს ვგავართ, ერთი წუთითაც კი არ შეგვიძლია მშვიდად ვიცხოვროთ, სანამ ყველა ჩვენსავით არ დაიდაღება. - მოღუშულმა ისევ ტუჩებში მოიქცია სიგარეტი და მოწევა სცადა, მაგრამ ის უკვე ჩამქრალიყო. - ყველაფრის დასაბამი, - განაგრძო უცებ, - ,,ჭკვიანი ბავშვის” კომპლექსია, ვერაფრით მოვშორდით იქაურ ატმოსფეროს, კი არ ვსაუბრობთ, - გადმოვცემთ, დიალოგში კი არ ვერთვებით, - ვაცხადებთ, მე ასე ვარ, ყოველ შემთხვევაში, როგორც კი ოთახში ისეთ ვინმეს დავიგულებ, ვისაც ყურების საჭირო რაოდენობა გააჩნია, წინასწარმეტყველად ვიქცევი ხოლმე ან ადამიან-ქინძისთავად, პირდაპირ ტვინისმბურღავთა პრინცი ვარ. წუხელ, მაგალითად, ,,სან რემოში” ვიჯექი და ვლოცულობდი, ჰესს თავისი ახალი სცენარის სიუჟეტი არ მოეყოლა, შესანიშნავად ვიცოდი,Aმზად რომ ჰქონდა უკვე, ისიც ვიცოდი, იმ სცენარის გარეშე, შინ რომ არ დავბრუნდებდი, მაგრამ ვლოცულობდი, ღმერთს დავეფარე ზეპირი შესავალისგან... ჰესი სულაც არაა სულელი, კარგად იცის, ენას რომ ვერ ვაჩერებ. ზუი მოულოდნელად მკვეთრად შემობრუნდა, ისე, რომ ფეხი არ ჩამოუღია ფანჯრის რაფიდან და დედამისის საწერი მაგიდიდან ასანთს დასწვდა, უფრო სწორად ხელი დასტაცა. მერე შებრუნდა, ისევ სკოლის სახურავს მიაჩერდა და სიგარეტი პირში ჩაიდო, მაგრამ იმავე წუთში ისევ გამოიღო პირიდან. - არა, ეშმაკმა დალახვროს, მაინც სულელია, ისეთი სულელი, რომ გული გაგიჩერდება კაცს, ისეთივეა, როგორც დანარჩენები ტელევიზიაში, ჰოლივუდში, ბროდვეიზე, - ყველაფერი სენტიმენტალური მის შეგნებაში სინაზეს უკავშირდება, სისასტიკე რეალიზმად მიაჩნია, კონფლიქტის მოგვარების კანონიერ გზად კი ფიზიკურ ძალადობას მიიჩნევს მაშინ, როცა... - ეს ყველაფერი ჰესს პირდაპირ უთხარი? - რა თქმა უნდა, ვუთხარი! ხომ გეუბნებოდი, ენას ვერ ვაჩერებ მეთქი. რა თქმა უნდა, ვუთხარი! რომ წამოვედი, სიკვდილს ნატრობდა, ჩვენს შორის ერთ-ერთის სიკვდილს და ეშმაკმა დასწყევლოს, ალბათ უფრო ჩემსას. არა, რა, ჭეშმარიტად ,,სან რემოს” შესაფერისი წამოსვლა იყო. ზუიმ ფეხი ჩამოიღო ფანჯრის რაფიდან, შემობრუნდა, აღელვებული და დაძაბული ჩანდა, გამოსწია დედის საწერი მაგიდის სკამი და ჩამოჯდა, ისევ სცადა ჩამქრალი სიგარის მოწევა, მერე წინ გადაიწია და ორივე მკლავი ჩამოდო ალუბლის ხის ზედაპირზე, სამელნის გვერდით ის ნივთი იდო, რომელსაც დედამისი ქაღალდის სამაგრად იყენებდა: შავი პლასტმასის პედისტალზე შემოდგმული პატარა შუშის სფერო, რომელშიც წოწოლა ქუდიანი თოვლის კაცი მოსჩანდა. ზუიმ აიღო ნივთი, კარგად შეანჯღრია და კარგა ხანს უცქერდა, როგორ ცეკვავდა და ბზრიალებდა შიგნით ფანტელები. ფრენის თვალები ხელით მოეჩრდილებინა და ისე უცქერდა ძმას. ზუი პირდაპირ ოთახში შემომავალი სინათლის მთავარ ნაკადში იჯდა. გოგონა სიამოვნებით შესწორდებოდა დივანზე, უკეთ რომ ეცქირა ბიჭისთვის, მაგრამ ამით შეიძლება ბლუმბერგი შეეწუხებინა, კალთაში მოკალათებულს რომ ჩასძინებოდა. - მართლა წყლული გაქვს? - მოულოდნელად ჰკითხა ფრენიმ ძმას, - დედამ თქვა, წყლული აქვსო. - ჰო, მართლა მაქვს, ღმერთმანი, ეს კალი იუგაა*, მეგობარო, ჩვენ ხომ რკინის ხანაში ვცხოვრობთ, თექვსმეტი წლის შემდეგ წყლული თუ არ გაგიჩნდა, ესე იგი, ჯაშუში ხარ და ეგაა. თოვლის კაცი ახლა უფრო ძლიერად შეანჯღრია და განაგრძო: - იცი, რა არის სასაცილო? მომწონს ჰესი, ყოველთვის თუ არა, მაშინ მაინც, როცა თავის შემოქმედებით ძლიერებას არ მჩრის პირში, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ მას აცვია დაბამბული კოსტიუმი სასაცილო ჰალსტუხით მთელს იმ შეშინებულ, ზე-კონსერვატულ და ზე-კონფორმისტულ საგიჟეთში, პატივმოყვარეობაც მომწონს, ისეთი პატივმოყვარეა, თავმდაბალიც კი მოგეჩვენება, ეს სულელი ნაბიჭვარი, როგორც ჩანს, ფიქრობს, მისი ყალბი სიმამაცე და ,,უჩვეულო” ნიჭიერება, ტელევიზიისთვის დიდი პატივია, ეს კი, თავმდაბლობის იშვიათი გამოვლინებაა, ჩვენში დარჩეს, არა? ზუი მანამ უცქერდა შუშის სფეროს, სანამ მასში ამოვარდნილი ქარბუქი ცოტა არ მინელდა. - ასე ლესაჟიც მომწონს, რაც კი გააჩნია, ყველაფერი საუკეთესოა: ქურქი, ორკაბინიანი კრუიზერი, ვაჟი, რომელიც ჰარვარდის კურსდამთავრებულია, ელექტროსაპარსი, ყველაფერი... ერთხელ სახლში მივყავდი, სადილზე, გზად მანქანა გააჩერა და მკითხა, თუ მახსოვდა ,,კეროლ ლომბარდი უკანასკნელ ფილმში”, მერე გამაფრთხილა, რომ მასთან მისული გავოგნდებოდი, რადგან მისი მეუღლე ზედგამოჭრილი კეროლ ლომბარდი იყო... აი, ამისთვის კუბოს კარამდე მეყვარება, სინამდვილეში მისი მეუღლე ერთი გადაღლილი დიდმკერდიანი ქერა ქალი აღმოჩნდა, რომელიც სპარსელს ჰგავდა. ზუი უეცრად ფრენისკენ შემობრუნდა, რადგან გოგონამ რაღაც თქვა,. - რაო, რა მითხარი? - ჰკითხა დას. - დიახ! - უპასუხა ფერმკრთალმა, მაგრამ სახეგაბრწყინებულმა ფრენიმ, როგორც ჩანს, ისიც განწირული იყო, კუბოს კარამდე ყვარებოდა ლესაჟი. ზუი ცოტა ხანი მდუმარედ ეწეოდა სიგარას. - ჯონ ჰესში აი რა არ მომწონს, რა მაცოფებს, მანაღვლიანებს და უარეს დღეში მაგდებს, პირველი სცენარი ლესაჟისთვის რომ დაწერა, ძალიან კარგი იყო, ფაქტიურად, თითქმის შესანიშნავი, ფილმიც გადავიღეთ, შენ მგონი არ გინახავს, სკოლაში იყავი, თუ სადღაც, სხვაგან... მე ახალგაზრდა ფერმერს ვთამაშობდი, რომელიც მამასთან ერთად ცხოვრობს, ბიჭი გრძნობს, რომ ფერმაში მუშაობას ვერ იტანს, მაგრამ მამასთან ერთად წელებზე ფეხს იდგამს, თავი რომ ირჩინოს, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ ჰყიდის საქონელს და დიდ გეგმებს აწყობს, როგორ იცხოვროს ქალაქში, ისე რომ თავი როგორმე გაიტანოს. ზუიმ ისევ აიღო შუშის სფერო, მაგრამ ახლა კი არ შეანჯღრია, უბრალოდ, პედისტალის ირგვლივ დაატრიალა. - კარგი ეპიზოდები იყო, ძროხებს ვყიდდი და მერე საძოვარზე მივდიოდი მათ საყურებლად, ერთ ეპიზოდში კი ჩემს გოგოს ვემშვიდობებოდი, დიდ ქალაქში გამგზავრებამდე და ისიც იმავე საძოვარზე მიმყავდა, მერე ქალაქში ჩავდიოდი და მუშაობას ვიწყებდი, მაგრამ მთელ თავისუფალ დროს საქონლის სადგომებთან ვატარებდი, ფინალურ ეპიზოდში, მთავარ ქუჩაზე გადატვირთულ მოძრაობაში მოყოლილი, ვხედავდი, როგორ უხვევდა ერთი მანქანა და უცებ ძროხად გადაიქცეოდა, მე მისკენ მივრბოდი, არც კი ვუყურებდი შუქნიშანს და მანქანების უზარმაზარი, შეშლილი ჯოგი მთელავდა. ზუიმ ისევ შეარხია თოვლის კაცი, - შეიძლება მთლად ისეთი არ იყო, ყურებისას სიმწრით ფრჩხილები გეკვნიტა, მაგრამ არც ისეთი იყო რეპეტიციებზე შინ გამოქცევის სურვილი გამჩენოდა, საკმაოდ ხალასი და თვითმყოფადი სცენარი გამოვიდა, ნეტავ წასულიყო სახლში და ისევ მოეკრიბა ძალა, რაიმე ღირებული შეექმნა, წავიდნენ ერთი, ყველანი, ჯანდაბას იქითაც გზა ჰქონიათ, მომბეზრდა ეს სისულელეები. ღმერთო, ნეტავ განახა ჰესი და ლესაჟი ახალ პროექტზე, სანახაობაზე და კიდევ რაღაც ამის მსგავსზე რომ საუბრობენ ხოლმე, ღორებივით ბედნიერები არიან, სანამ მე არ გამოვჩნდები... თავი ის საზიზღარი ნაბიჭვარი მგონია, რომლისგანაც ყველას სეიმორის საყვარელი ჩუანგ-ზუ* იცავდა ხალხს: ,,გაფრთხილდი, როცა შენსკენ კოჭლობით მომავალ ბრძენკაცებს იხილავ.” ზუი უეცრად დადუმდა და მზერა სფეროს შიგნით მოცეკვავე ფიფქებისკენ გადაიტანა. - ზოგჯერ ვნატრობ, ბედნიერი დავიძინებდე და სული ამომხდებოდეს, - დააყოლა ბოლოს. ფრენი ამ დროს ნოხის მზით განათებულ გახუნებულ ლაქას უმზერდა როიალის გვერდით, ტუჩები კი შესამჩნევად უმოძრავებდა. - წარმოდგენა არა გაქვს, რა სასაცილოა ეს ყველაფერი, თქვა უცებ, ხმა ოდნავ უკანკალებდა. ზუიმ შეხედა, გოგონას საერთოდ არ ესვა ტუჩის საცხი და ეს უფრო უსვამდა ხაზს მის სიფერმკრთალეს. - რასაც შენ ყვები, ყველაფერი იმ შაბათს მაგონებს, ლეინს რომ შევხვდი და ტვინის ბურღვა დამიწყო მარტინის, ხამანწკებისა და ათასი რაღაცის გარემოცვაში... იმას ვგულისხმობ, რომ ორივეს ერთი და იგივე გვაწუხებს, ყოველ შემთხვევაში, შენი სიტყვებიდან ასე გამოდის. ბლუმბერგმა გაიღვიძა, წამოდგა და კატასავით კი არა, უფრო ძაღლივით დაიწყო წრეზე სიარული დასაძინებლად მოსახერხებელი ადგილის ძებნაში, ფრენიმ უნებურად დაადო ხელი ზურგზე, მიმართულება მისცა და განაგრძო. - ბოლოს ჩავწვდი პრობლემის არსს და ჩემს თავს ვუთხარი, პირდაპირ და ხმამაღლა, მთვარეულივით, კიდევ ერთხელ თუ გავიგებ შენგან ახირებულ, შარიან, არაკონსტრუქციულ სიტყვებს, ჩვენი საქმე წასულია, საბოლოოდ წასულია-მეთქი. ცოტა ხანი უკეთ ვიყავი, თითქმის მთელი თვე, თუკი ვინმე რაღაც სტუდენტურს, უაზროს, სულელურს იტყოდა, ანდა ისეთ რამეს, რასაც ეგოიზმის სუნი დაკრავდა, ბოლოს და ბოლოს ვჩუმდებოდი და ხმას აღარ ვიღებდი. დავდიოდი კინოში, საათობით ვიჯექი ბიბლიოთეკაში, ანდა გიჟივით ვიწყებდი სტატიის წერას რესტავრაციის პერიოდის კომედიებზე... საბოლოოდ მივაღწიე იმას, რომ საკუთარი ხმა საერთოდ აღარ მესმოდა. - ფრენიმ თავი გააქნია. - მერე, ერთი მშვენიერ დილას, ბრახ და ისევ დავიწყე. იმ ღამეს, მიზეზთა გამო, საერთოდ არ მიძინია, რვა საათზე ფრანგული ლიტერატურა მქონდა, ასე, რომ ავდექი, ჩავიცვი, ყავა მოვიდუღე და საერთო საცხოვრებელი შემოვიარე. იმ წუთას ყველაზე მეტად ველოსიპედით სადმე შორს წასვლა მსურდა, მაგრამ შემეშინდა, ვიფიქრე, უხმაუროდ ვერ გამოვიყვან-მეთქი, ყოველთვის რაღაც მივარდება ხელიდან ამ დროს, ბოლოს ისღა მოვიფიქრე, რომ შევედი ფრანგული ლიტერატურის კაბინეტში და დაფა ავაჭრელე ეპიქტეტეს* ციტატებით, მთელი დაფა გავავსე, არც კი მეგონა, ამდენი თუ მახსოვდა, მადლობა ღმერთს, სანამ კაბინეტი ხალხით გაივსებოდა, წაშლა მოვასწარი. ბავშვური საქციელი იყო, ღმერთმანი, ეპიქტეტე საფლავში ამობრუნდებოდა და სამუდამოდ შემიძულებდა ამისთვის, მაგრამ... ფრენი შეყოყმანდა, - არც კი ვიცი, რატომ მოვიქეცი ასე, მე ვფიქრობ, იმ წუთას მინდოდა, დაფაზე კარგი ადამიანის ქმნილება მეხილა. აი, ამის მერე დავიწყე ხელახლა ყველაფერი, მთელი დღე ხან ვის შევუჩნდი და ხანაც ვის... ჯერ პროფესორი ფალონი ამოვიჩვენე, მერე ლეინს გადავეკიდე, ტელეფონზე რომ ველაპარაკებოდი, შემდეგი მსხვერპლი კი პროფესორი ტუპერი აღმოჩნდა. უფრო და უფრო უარესად მიდიოდა საქმე, ბოლოს ოთახის მეზობელიც კი გადავრიე, ო, ღმერთო, საწყალი ბევი! მომეჩვენა, თითქოს ისე მიყურებდა, ერთი სული ჰქონდა, როდის გადავწყვეტდი სხვა ოთახში გადასვლას, რომ ჩემს ადგილას ვინმე სასიამოვნო და ნორმალური გოგონა მოსულიყო, ვისთანაც მშვიდობიანად იცხოვრებდა. ეს საშინელება იყო! ყველაზე მეტად ის მიშლიდა ნერვებს, რომ კარგად ვხვდებოდი, რა მოსაწყენი ვიყავი, როგორ ვაგდებდი ხალხს სასოწარკვეთილებაში, როგორ ვთელავდი ფეხქვეშ მათ გრძნობებს, მაგრამ არ შემეძლო შეჩერება! არ შემეძლო, ვინმეს არ გადავკიდებოდი! ჩვეულებრივზე მეტად შეშფოთებული გოგონა ცოტა ხანს შეჩერდა და სცადა, კატის უკანა თათები დაბლა ჩაეჩოჩებინა. - მაგრამ ყველაზე საშინელება კლასში მოხდა, - ისე თქვა, თითქოს გადაწყვეტილება ეს-ესაა, მიიღო, - თავში უცებ აზრად მომივიდა, რომ კოლეჯი ყველაზე ყალბი და უაზრო დაწესებულებაა, როემლიც მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ მსოფლიო საგანძური შეაგროვოს, ამ აზრს ვერაფრით დავაღწიე თავი, არადა საგანძური, ღმერთმანი, საგანძურია, რა მნიშვნელობა აქვს, ფული იქნება ეს, კერძო საკუთრება, კულტურა თუ უბრალოდ, ცოდნა? ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ერთია, უბრალოდ, შესაფუთი ქაღალდი უნდა მოეხსნას. ახლაც ასე ვთვლი, ის კი არა, იმასაც ვფიქრობ, რომ ცოდნა მხოლოდ ცოდნისთვის საშინელებაა და ჭეშმარიტად მიუტევებელია. ფრენიმ ანგარიშმიუცემლად ნერვიულად გადაიწია თმა უკან. - არა მგონია, მწყენოდა, სადმე, ოდესმე, ვინმესგან მაინც მსმენოდა, ან როგორმე მაინც მიენიშნებინათ, რომ ცოდნა სიბრძნისკენ უნდა მიგვიძღოდეს, სხვანაირად ფუჭი დროის კარგვაა სწავლა, ვერ მოვესწარი ამას! საერთო საცხოვრებელში ერთხელაც კი არავის გადაუკრავს სიტყვა იმაზე, რომ სიბრძნეა ცოდნის საბოლოო მიზანი. ეგ კი არა, სიტყვა ,,სიბრძნესაც” კი ვერსად მოკრავ ყურს. გინდა გაგაცინო? გინდა მართლა სასაცილო რაღაც გითხრა? თითქმის ოთხი წელია, ამ კოლეჯში ვსწავლობ და ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, ოთხი წელია, ამ კოლეჯში ვარ და მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსოვს, პირველ კურსზე, პოლიტიკური მეცნიერებების ლექციაზე ახსენეს ,, ბრძენკაცი”, თანაც მერე რა კონტექსტში! ვიღაც მოსულელო საზოგადო მოღვაწეზე საუბრისას, რომელსაც საფონდო ბირჟაზე ბედმა გაუღიმა და სულ მალე ვაშინგტონში პრეზიდენტ რუზველტის მრჩევლად დაინიშნა, წარმოგიდგენია? უკვე მეოთხე წელია, კოლეჯში ვარ! ვერ ვიტყვი, რომ ყველას ასე ემართება, მაგრამ ამაზე რომ ვფიქრობ, სიკვდილს ვნატრობ. გოგონა გაჩუმდა და როგორც ჩანს, ბლუმბერგის არსებობა გაახსენდა, ტუჩები უფერული და ნახეთქებით დაფარული ჰქონდა, ფერმკრთალ სახეზე ძლივსღა ემჩნეოდა. ზუი თვალს არ აშორებდა დას. - იცი, რა მინდა გკითხო, ფრენი?- მიმართა უეცრად გოგონას საწერ მაგიდასთან ზურშექცევით მჯდომმა წარბშეკრულმა ზუიმ. - როგორ ფიქრობ, ამ ლოცვით რას აკეთებ? სწორედ ამის გაგება მინდოდა წუხელ, სანამ ჯანდაბის იქით არ გამაგზავნე. ცოტა ხნის წინ საგანძურის შეგროვებაზე,საუბრობდი: ფულზე, საკუთრებაზე, კულტურაზე, ცოდნაზე და ა.შ. თანაც პარალელურად იესოს ლოცვას იმეორებდი ჩუმად... დამაცადე რა, გთხოვ, ბოლომდე მინდა სათქმელი გითხრა, - ამ ლოცვის გამეორებით შენც რაღაც საგანძურს ხომ არ აგროვებ? რაღაც მეტისმეტად პრაქტიკულს და მატერიალურს? თუ რაკი საქმე ლოცვას ეხება, ყველაფერი იცვლება? მინდოდა მეკითხა, შენთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას რომელ მხარეს აგროვებს ადამიანი ამ საგანძურს, აქეთ თუ იქით? იქ, ,,სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ?”* და ა.შ... ნუთუ მხოლოდ ამაშია განსხვავება? ერთი წუთიც დამაცადე, გთხოვ, უკვე ვამთავრებ. - ზუი ცოტა ნით გაჩუმდა და შუშის სფეროში ამოვარდნილ ფიფქების კორიანტელს მიაჩერდა, მერე განაგრძო, - ამ ლოცვის წარმოთქმის შენეულ მანერაში არის რაღაც, რაც ძალიან მანერვიულებს, სიმართლე თუ გინდა. შენ გგონია, იმას ვცდილობ, როგორმე ლოცვა შეგაწყვეტინო? არ ვიცი, შეიძლება მინდა კიდეც, ცოტა არ იყოს, სადავო საკითხია, მაგრამ მაინც ის უფრო მაინტერესებს, რა მოტივით წარმოთქვამ მას. - ცოტა ხანს ისევ შეყოყმანდა, მაგრამ იმდენად მცირე ხნით, რომ ფრენის საშუალება არ მიეცა საუბარი გაეწყვეტინებინა ძმისთვის. - ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, არავითარი სხვაობა არაა მატერიალურ ფასეულობაზე დახარბებულ კაცს, ინტელექტს მოწყურებულსა და სულიერი ფასეულობის თავგადაკლულ მაძიებელს შორის. დასწყევლოს ღმერთმა, საგანძური საგანძურია და მე მგონი იმ სამყაროს მოძულე წმინდანების ოთხმოცდაათი პროცენტი, რომლებიც საღვთო ისტორიიდან ვიცით, ისეთივე მომხვეჭელი და უსიამოვნო ადამიანები იყვნენ, როგორებიც ჩვენ ვართ, დანარჩენები. ფრენიმ შეძლებისდაგვარად ცივად, ოდნავ აკანკალებული ხმით მიმართა ძმას: - შეიძლება შეგაწყვეტინო, ზუი? ზუიმ თავი დაანება თოვლის კაცს და ახლა ფანქრით დაიწყო თამაში, - დიახ, დიახ, შემაწყვეტინე, - უპასუხა დას. - მესმის, რასაც მეუბნები, ეს ყველაფერი თავადაც მომივიდა აზრად, შენ გგონია, რომ რაღაცას ველი იესოს ლოცვისგან, ეს კი მომხვეჭელს მხდის შენი სიტყვებიდან გამომდინარე, ეს იგივეა, სიასამურის ქურქი გინდოდეს, პოპულარობის სურვილი გწვავდეს, ან ცდილობდე, პრესტიჟული პიროვნება გახდე. მესმის ყველაფერი, შენ რა, იმბეცილი ხომ არ გგონივარ? - გოგონას აქ ისე აუკანკალდა ხმა, ლამის მეტყველების უნარი დაკარგა. - კარგი, დამშვიდდი, დამშვიდდი. - არ შემიძლია დამშვიდება! პირდაპირ მაგიჟებ, ზუი, რას ვაკეთებ ამ იდიოტურ ოთახში, კატასტროფულად ვხდები ან ბესის და ლესს ისტერიკაში ვაგდებ? შენ გგონია, ვერ ვხვდები, რომ ამ ლოცვის მოტივზე ფიქრია საჭირო? სწორედ ესაა, რაც მადარდებს, ამის გამო ვუდგები ჩემს სურვილებს კრიტიკულად, მხოლოდ და მხოლოდ შემეცნება მჭირდება და არა ფული, პრესტიჟი ან რაღაც ამდაგვარი, ამის გამო არ შეიძლება ეგოისტად და თავკერძად ჩამთვალოთ, ასე რომ, სახელგანთქმულო ზაქარია გლასს, თქვენი შეხსენება არ მჭირდება, რაზე ვიფიქრო. ფრენის ხმა შესამჩნევად ჩაუწყდა და ყურადღება ისევ ბლუმბერგზე გადაიტანა, ისეთი სახე ჰქონდა, ეს-ესაა ტირილს დაიწყებდა, თუ უკვე არ ტიროდა. ზუი საწერ მაგიდასთან იჯდა და ძალუმად აწვებოდა ფანქარს, რომლითაც პატარა საშრობი ფურცლის მეორე, სარეკლამო გვერდზე ასო ო-ს აფერადებდა, ცოტა ხნის შემდეგ ფანქარი სამელნის გვერდით დადო და სპილენძის საფერფლის კიდიდან სიგარა აიღო, რომელიც ათიოდ ინჩის სიგრძისღა დარჩენილიყო, მაგრამ ისევ ენთო. ბიჭმა ისე ღრმად ჩაისუნთქა ნიკოტინის კვამლი, თითქოს სიგარეტის ღერი კი არა, უჟანგბადოდ დარჩენილ სივრცეში, ჟანგბადის ბალონის მილი ედო პირში, მერე, თითქოს ძალდატანებით, ისევ ფრენის გადახედა. - გინდა, ვცადო და ბადის დაგაკავშირო ტელეფონით ამაღამ? - ჰკითხა დას, - ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ვინმეს დალაპარაკებოდი, მე მაინცდამაინც არ გამოვდგები ამ საქმეში. ბიჭი მოლოდინით სავსე მზერას არ აშორებდა დას. - ფრენი, აბა, რას იტყვი? ფრენის თავი ჩაეღუნა, თითქოს ბლუმბერგის ბეწვში რწყილებს ეძებდა, თითებით სწრაფად ჩხრეკდა ცხოველის ბეწვს, სინამდვილეში ჩუმად ტიროდა, ცრემლები ჩამოსდიოდა თვალებზე, სლუკუნის ხმა კი არ ისმოდა. ზუი ცოტა ხანს ელოდა, მერე არც მაინცდამაინც თბილად, მაგრამ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ისევ გაუმეორა შეკითხვა. - ფრენი, რას იტყვი, დავურეკო ამაღამ ბადის? გოგონას თავი არ აუწევია, მაგრამ უარის ნიშნად გაიქნია, ისევ რწყილების ძებნას აგრძელებდა, ბოლოს კი უპასუხა ძმას, მაგრამ ძლივსგასაგონად. - რა? - ჰკითხა ზუიმ. - სეიმორს დაველაპარაკები, - ხმამაღლა გაუმეორა წინადადება გოგონამ. ზუი ისე უყურებდა დას, სახეზე სრულებით არაფერი ეწერა, უბრალოდ, ოფლის ხაზი გასჩენოდა ზედმიწევნით ირლანდიურ ზედა ტუჩზე, შემდეგ მაგიდისკენ შებრუნდა და ისევ განაგრძო ო ასოს გაფერადება, მაგრამ იმ წუთშივე გადადო ფანქარი. ბიჭი ნელა წამოდგა საწერი მაგიდიდან, სიგარა თან წაიღო და ფანჯრის რაფას დაუბრუნდა, ცალი ფეხი ისევ რაფაზე შემოსდო, ცოტა მაღალი ან გრძელფეხა რომ ყოფილიყო დანარჩენი ძმებივით, ამას ძალიან ადვილად მოახერხებდა ისე, რომ არც კი დაეჭიმებოდა კუნთი, მაგრამ როცა საბოლოოდ თავი გაართვა არც ისე ადვილ ამოცანას, პირდაპირ მოცეკვავის პოზაში იჯდა. ზუიმ ყურადღება ჯერ ნელ-ნელა, მერე კი მთლიანად სხვა რამეზე გადაიტანა, ეს სხვა რამ იყო სცენა, რომელიც ყოველგვარი რეჟისორისა და სცენარისტის გარეშე თამაშდებოდა ფანჯრიდან ხუთი სართულით დაბლა, ქუჩაში. კერძო სკოლის წინ ერთი მაღალი ნეკერჩხლის ხე იდგა, მის უკან შვიდი თუ რვა წლის გოგონა იმალებოდა, ტანთ ლურჯი ქურთუკი ეცვა, თავზე კი ბერეტი ეხურა, ფერით თითქმის ისეთივე წითელი, როგორიც ვან გოგის საწოლის გადასაფარებელი მისსავე ოთახში, არლში. ზუის სათვალთვალო პუნქტიდან ეს ბერეტი საღებავის ლაქას წააგავდა, ბავშვისგან თხუთმეტიოდე ფუტის მოშორებით მისივე ტაქსა დასუნსულებდა, მწვანე ტყავის საყელურ-სადავით, გაგიჟებული არტყამდა წრეებს და საბელს მიათრევდა, როგორც ჩანს, ცხოველისთვის აუტანელი იყო პატრონთან განშორება, ლამის სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, მაგრამ მალე თავისი ქალბატონის სუნი იკრა... წამიც და ორივეს ერთმანეთის პოვნით გამოწვეული უსაზღვრო სიხარული დაეუფლა. ტაქსამ დაიწკმუტუნა და სიამოვნებისგან აცახცახებული წინ გაიჭრა, პატარა ქალბატონმა რაღაც გასძახა, ხის დამცავი ლითონის ღობურა გადასწია, ძაღლი ხელში აიყვანა და ისეთი საქებარი სიტყვებით შეამკო, რომელიც მხოლოდ თამაშის ამ ორ მონაწილეს ესმოდა, ბოლოს გოგონამ ცხოველი ძირს დასვა, საბელი შეხსნა და ორივე მხიარულად ჩაუყვა აღმოსავლეთით მდებარე, პარკისკენ მიმავალ მეხუთე ავენიუს. ზუიმ მექანიკურად გასწია ხელი ფანჯრის ჩარჩოსკენ, თითქოს უნდოდა, თვალი გაედევნებინა ქუჩის კუთხეში გაუჩინარებულ გოგონასა და ძაღლისთვის, მაგრამ შეყოყმანდა და კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა. - დასწყევლოს ღმერთმა, თქვა ბოლოს, - სამყაროში მშვენიერების მეტი რა არის? ჩვენ კი იდიოტები ვართ, ამ ყველაფერს რომ გვერდს ვუვლით, ყოველთვის, ყოველთვის, ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს, მაინცდამაინც ამ ჩვენს აბეზარ ,,მეს” ავყვებით ხოლმე. სწორედ ამ დროს ძმის ზურგს უკან ფრენიმ ხმაურით მოიხოცა ცხვირი, ხმა ინდენად ძლიერი იყო, ვერაფრით იფიქრებდით ნაზი გოგონას სასუნთქ ორგანოს ამდენი თუ შეეძლო, ზუი მობრუნდა და კრიტიკულად გახედა დას. ფრენის ხელში ,,კლინექსის” რამდენიმე ცხვირსახოცს ჭმუჭნიდა, ძმას შეხედა და უთხრა. - მაპატიე, მაგრამ განა არ შემიძლია, ცხვირი მოვიხოცო? - დაამთავრე? - ჰო, დავამთავრე! ღმერთო, ეს რა ოჯახია, ცხვირის მოხოცვით პირდაპირ სიციცხლეს აყენებ საფრთხის ქვეშ ადამიანი. ზუი ისევ ფანჯარას მიუბრუნდა, სიგარას ეწეოდა და იმ ბეტონის ფილებს ათვალიერებდა, რომლითაც სკოლა იყო აგებული. - ბადიმ ორიოდე წლის წინ რაღაც საინტერესო და გონივრული მითხრა, - იქნებ გავიხსენო, რა... ბიჭი შეყოყმანდა, ფრენიმ კი, ,,კლინექსის” ცხვირსახოცებით ხელში, ძმას გახედა, როცა ზუი რაღაცას იხსენებდა ხოლმე, წამიერი პაუზა დებისა და ძმების უზომო ინტერესს იწვევდა, ხანდახან ეს ართობდათ კიდეც, შესვენება თითქმის ყოველთვის გასაკუთრებული იყო, სინამდვილეში ის არაფერსაც არ იხსენებდა, უბრალოდ, ჩვევა იმ ხუთ წელიწადში გამოიმუშავა, ,,ჭკვიანი ბავშვი” რომ მიჰყავდა, იქ ცდილობდა, დაეფარა ყველაფრის ზედმიწევნით ციტირების ნიჭი და იმ ბავშვებს დამსგავსებოდა, პროგრამაში რომ მონაწილეობდნენ, შუბლშეკრული, ცოტა ხანი ჩუმდებოდა, თითქოს მართლა რაღაცას იხსენებდა. ამ შემთხვევაში დიდხანს არ მოუწია თავის მოჩვენება, რადგან იგრძნო, ფრენი რომ მიუხვდა ოინს და სწრაფად გამოერკვა. - ბადი ამბობდა, რომ მამაკაცს ყველაფერი უნდა შეეძლოს, მაგალითად, ყელგამოჭრილი იწვეს გორაკის ძირში, სისხლისგან იცლებოდეს და თუ ლამაზ გოგოს ან მშვენიერ ქალს დაინახავს თავზე კოხტად შემოდგმული დოქით, იმდენი მოახერხოს, რომ მკლავზე წამოიწიოს და თვალი გაადევნოს, როგორ ავა ის მშვიდობით გორაკის მწვერვალზე. ზუიმ უცებ გააცნობიერა, რა თქვა და ჩუმად ჩაიცინა. - ერთი ეგ ნაბიჭვარი მანახა მაგ ამბავში! - და განაგრძო, - ამ ოჯახში ყველას თავისი წყეული რელიგია გააჩნია, სხვადასხვანაირად შეფუთული, გამოაცხადა უცებ ყოველგვარი მოწიწების გარეშე. - უოლტი ყველაზე მაგარი იყო ამ ამბავში. უოლტი და ბო ბო რელიგიური ფილოსოფიის ყველაზე მაგარი მიმდევრები იყვნენ ოჯახში. - აქ ისე მძლავრად დაარტყა ნაფაზი სიგარას, თითქოს უნდოდა დაუფლებული სიხარულის გრძნობა გაეფანტა. - უოლტმა ერთხელ ვეკერს უთხრა, როგორც ჩანს, ჩვენი ოჯახის ყველა წევრმა ცუდი კარმა გამოიყოლა წინა ცხოვრებიდანო, საკუთარი თეორიაც კი ჰქონდა, რომლის თანახმადაც, რელიგიური ცხოვრება თანამდევი ტანჯვით ავადმყოფობაა, რომელიც ღმერთმა ადამიანებს მას შემდეგ მოუვლინა, რაც ეს მახინჯი სამყარო შექმნა. ტახტიდან უცებ მადლიერი მსმენელის ხითხითი გაისმა. - ეგ არასოდეს მსმენია უოლტისგან, - თქვა ფრენიმ, - ნეტავ ბო ბოს რელიგიური ფილოსოფია რაღაში მდგომარეობს? არც კი მეგონა, ამაზე თუ ფიქრობდა ხოლმე. ზუიმ ჯერ არაფერი უპასუხა, მერე დასძინა: - ბო ბო? ბო ბო ამტკიცებდა, ეშმა შექმნა სამყაროო, ,,კილვერტის დღიურიდან” გადაიღო, კილვერტის სამრევლოს ბავშვებს დაუსვეს ანალოგიური შეკითხვა და მათ უპასუხეს, მისტერ ეშმაო. ფრენი აშკარად კმაყოფილი დარჩა. ზუი შებრუნდა, შეხედა დას და ,,უცნაურმა” ახალგაზრდა კაცმა უცებ ისე გაიმკაცრა სახე, თითქოს უეცრად ქარაფშუტობის ყველანაირი გამოვლინება დაასამარა. ფეხი ფანჯრის რაფიდან ჩამოიღო, სიგარის ნამწვი საწერ მაგიდაზე მდგარ სპილენძის საფერფლეზე ჩააქრო, ხელები შარვლის გვერდითა ჯიბეებში ჩაიწყო და ნელა გაემართა გარკვეული მიმართულებით. - უნდა გავაღწიო აქედან, საქმიან სადილზე ვარ წასასვლელი, - თქვა უცებ და უეცრად შეჩედა, რათა დაკვირვებით შეესწავლა აკვარუუმი. - საკმარისია, ხუთი წუთით გავიდე სახლიდან და ყველა მზადაა, ჩემი შავი მოლინეზიები შიმშილით ამოხოცოს. კოლეჯში უნდა წამეყვანა, ხომ ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. - ოჰ, ზუი, ხუთი წელია ამას გაიძახი, არ შეგიძლია ახლები იყიდო? ზუი მინაზე კაკუნს განაგრძობდა. - ყველა ერთნაირები ხართ ეს კოლეჯელი არარაობები, გულის მაგივრად ქვა გიდევთ, ესენი ჩემთვის მხოლოდ მოლინეზიები არ იყვნენ, მეგობარო, ძალიან ახლოს ვიყავით. - თქვა ეს, ნოხზე გაიშხლართა და სიგამხდრის წყალობით, თავისუფლად მოთავსდა 1932 წლის ,,სტომბერგ-კარლსონის” ფირმის მაგიდის რადიოლასა და ნეკერჩხლის ხისგან დამზადებულ ჟურნალებით გადავსებულ თაროს შორის. ფრენი ახლაც მხოლოდ ძმის ყელიანი ფეხსაცმლის ქუსლებსა და ფეხისგულებს ხედავდა, უნდა ითქვას, რომ ბიჭი ამ მდგომარეობაში დიდხანს არ გაჩერებულა, მეორე წუთშივე ისე სწრაფად წამოიწია, რომ მისი კისერი და თავი მოულოდნელად ამოიზარდა თავშესაფრიდან. ამ ოინს პირქუშ-კომიკური ეფექტი ჰქონდა, გეგონებოდა, ეს-ესაა, გვამი გამოხტა კარადიდანო. - ლოცვა ისევ გრძელდება, არა? - უთხრა დას, შემდეგ კი ისევ გაქრა ფრენის მხედველობის არედან. ორიოდ წუთი დუმდა, შემდეგ კი გაუგებარი აქცენტით განაგრძო, - შეიძლება, ერთი-ორი სიტყვა გითხრათ, მისის გლას, თუ რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არა ხართ? თხოვნას ტახტის მხრიდან ავისმომასწავებელი დუმილი მოჰყვა, ამიტომ ისევ ზუი ალაპარაკდა: - კი ბატონო, ილოცე რამდენიც გინდა, ბლუმბერგს ეფერე, ან სიგარეტი მოწიე, მაგრამ ხუთიოდ წუთით სრული დუმილი შეინარჩუნე, დაიკო, თანაც, თუ შეიძლება, ცრემლების გარეშე, კარგი? გესმის ჩემი? ფრენიმ იმ წუთშივე არ გასცა პასუხი, ავღანური შალში შემალული ფეხები ერთმანეთს შეატყუპა, მიძინებული ბლუმბერგი კი გულში უფრო მაგრად ჩაიკრა. - მესმის, უთხრა ძმას და ახლა ისე მოკეცა მუხლები, როგორც ხიდს აკეცავენ ხოლმე ციხესიმაგრის წინ, სანამ ალყას შემოარტყამს მტერი, შემდეგ ცოტა ხანს შეყოყმანდა და ბოლოს თქვა, - რაც გინდა, ის ილაპარაკე, ოღონდ შეურაცხყოფების გარეშე, გესმის? სულაც არ მაქვს დღეს შენთან კამათის თავი. - არანაირი კამათი, არანაირი კამათი, მეგობარო, თანაც ხომ იცი, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. - მოსაუბრეს ხელები გულზე დაეკრიფა, - ზოგჯერ კი ვუხეშობ ხოლმე, თუ შესაფერისი სიტუაციაა, მაგრამ შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ... პირადად მე თუ მკითხავ, ბუზების დაჭერის საუკეთესო საშუალებაა... - ზუი, სერიოზულად გეუბნები, - მიმართა ფრენიმ ყელიან ფეხსაცმელს, - თუ შეიძლება, აბრძანდი, ყველანაირი სისაძაგლე მაგ ადგილიდან მესმის და უბრალოდ, სასაცილოა, ძალიან გთხოვ, ადექი! ზუიმ თვალები დახუჭა. - საბედნიეროდ, ვიცი, რომ ხუმრობ, გულის სიღრმეში სულაც არ ფიქრობ მაგას, ორივემ კარგად ვიცით, რომ ეს ყველაზე წმინდა ადგილია ამ მოჩვენებებით სავსე სახლში, ზუსტად ამ ადგილას მყავდა ჩემი ორივე ბოცვერი, ისინი კი წმინდანები იყვნენ, ეს ორად ორი ბერბიჭა ბოცვერთა... - კარგი რა, გეყო, - ნერვიულად მიუგო ფრენიმ, - კი ბატონო, ილაპარაკე, არავინ გიშლის, მაგრამ ცოტა ტაქტიანად, ისედაც ცუდად ვარ, სულ ესაა, რასაც გთხოვ... მოკლედ, ყველაზე უტაქტო ადამიანი ხარ ჩემს ნაცნობებს შორის, ეჭვიც აღარ მეპარება ამაში. - უტაქტო? სულაც არა, უბრალოდ, გულწრფელი მხიარული გულადი სანგვინიკი ვარ, არასოდეს არავის... - უტაქტო ხარ! - გააწყვეტინა ფრენიმ საკმაოდ ცხარედ, ცდილობდა, არ გაცინებოდა. - უბრალოდ, აბა, ავად გახდი და საკუთარ გულში ჩაიხედე, ადვილად მიხვდები ამას! ყველაზე აუტანელი ადამიანი ხარ, ჩემს ნაცნობებს შორის, საკმარისია ვინმე გაცივდეს და იცი რას აკეთებ ხოლმე? მტრად მიიჩნევ. თანაგრძნობის ნასახიც არ გაგაჩნია, არა, მართლა, ყველაზე არასიმპათიური ვინმე ხარ! - კარგი, კარგი, კარგი! უთხრა ზუიმ, თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა. - უნაკლო არავინაა, დაიკო, - უცებ, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ზუიმ ხმა გაინაზა და მშვენიერი ფალცეტოთი, ფრენისთვის კარგად ნაცნობი მანერით, შესანიშნავად მიბაძა დედას: - გაცხარებულ გულზე ბევრი ისეთი რამ შეიძლება თქვა, ახალგაზრდა ლედი, რასაც გულშიდაც არ გაივლებდი სხვა დროს, მეორე დღეს კი სინდისის ქენჯნა გაგტანჯავს. მერე წარბი შეიკრა, თვალები გაახილა და ორიოდე წუთით ჭერს მიაჩერდა. - ჯერ ერთი, შენ გგონია, რომ ვცდილობ, ლოცვა გაგაწყვეტინო, მე კი სულაც არ მაქვს ეს განზრახვა, შეგიძლია იწვე მაგ ტახტზე და ხმამაღლა იმეორო კონსტიტუციის შესავალი, მე რა მენაღვლება, უბრალოდ, ვცდილობ... - შესანიშნავი დასაწყისია, პირდაპირ შესანიშნავი, - რაო, რა თქვი? - არაფერი, განაგრძე, განაგრძე. - უკვე გითხარი, რომ ლოცვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, შენ კი რაც გინდა, ის იფიქრე, განა პირველი ხარ, ვინც ამ ლოცვის წარმოთქმა განიზრახა, ერთხელ მთელი სამხედრო-საზღვაო მაღაზიები დავიარე, კარგი საპილიგრიმო ზურგჩანთა რომ მეშოვა, ვაპირებდი, პურის ნამცეცებით გამევსო და მთელი ქვეყანა ფეხით შემომეარა, გულში კი იესოს ლოცვა მემეორებინა, - ზუი შეყოყმანდა, - უბრალოდ, შენთვის აღარ მითქვამს, ღმერთმანი, ერთ დროს მეც შენნაირი ემოციური ახალგაზრდა ვიყავი. - ახლა რატომ ახსენე? - რატომ ვახსენე? უფრო იმიტომ, რომ მინდა, ჩემი აზრები გაგიზიარო და ვერ ვახერხებ, არ მაქვს საკმარისი გამოცდილება. ან იქნებ, არც ღირს? მეც ძლიერი სურვილი მქონდა მელოცა, მაგრამ ვერ შევძელი. შეიძლება უბრალოდ, ვეჭვიანობ კიდეც, შენ რომ წამოიწყე ახლა ეს ამბავი, ჰო, ალბათ მართლა ასეა, მე ხომ არ გამიმართლა, თანაც სულაც არ მინდა, მართას როლი ვითამაშო, როცა ვიღაც მარიამია*, ვინ იცის... ფრენიმ არჩია არ ეპასუხა, მაგრამ ბლუმბერგი უფრო ახლოს მისწია და უცნაურად ორაზროვნად ჩაიკრა გულში, მერე ძმის მიმართულებით გაიხედა და უთხრა. - ფუძის ანგელოზი ხარ პირდაპირ, იცი? - კომპლიმენტები შენთვის შეინახე, დაიკო, შესაძლოა მაგ სიტყვების უკან წაღება მოგიხდეს, მაქვს თუ არა საკმარისი გამოცდილება, არ მაინტერესებს, მაინც ვაპირებ, გითხრა, რა არ მომწონს ამ ამბავში. ზუი დაახლოებით ათი წამი გულგრილად მისჩერებოდა ჭერზე გაკრულ თაბაშირს, მერე ისევ დახუჭა თვალები. - პირველ რიგში, - დაიწყო ისევ, - ძალიან არ მომწონს ეს კამილასეული რუტინა* და იცოდე, არ შემაწყვეტინო, ვიცი, რომ სრულიად კანონიერად გაწყვიტე ჩვენთან კავშირი და არა მგონია, თამაშობდე, დამიჯერე, ასე არ ვფიქრობ, არც ის მგონია, რომ ეს თანაგრძნობის ქვეცნობიერი გამართლებაა, ან რაღაც ამდაგვარი, მაგრამ ისევ გეუბნები, ძალიან არ მომწონს ეს ამბავი, ბესისა და ლესთან დამოკიდებულებაში არასწორად იქცევი, შეიძლება ამას ჯერ ვერ ხედავ, მაგრამ შენი საქციელი გადამეტებული ღვთისმოსაობის სუნად ყარს, დასწყევლოს ღმერთმა, არც ერთ რელიგიაში არც ერთი ლოცვა გადამეტებულ ღვთისმოსაობას არ ამართლებს, ჯერ ღვთისმოსავს არ გიწოდებ, ასე რომ, დაწყნარდი, მაგრამ გეუბნები, ეს ისტერიული ლოცვა ჯოჯოხეთურად საზიზღარი რამაა. - მორჩი? - უთხრა წინ გადახრილმა ფრენიმ და ხმა ისევ აუკანკალდა. - კარგი, რა, ფრენი, დაწყნარდი, შენ თვითონ არ მითხარი, რომ მომისმენდი? ყველაზე ცუდი უკვე ვთქვი, ახლა უბრალოდ, ვცდილობ, კი არ ვცდილობ, გეუბნები, რომ ბესისა და ლესს უსამართლოდ ექცევი, დასწყევლოს ეშმაკმა, იცი, წუხელ ლესს შენთან მანდარინი რომ მოჰქონდა, სანამ დასაძინებლად წავიდოდა? ბესიმაც კი ვერ აიტანა ეს ამბავი, ღმერთმანი, მეც ცუდ დღეში ჩავვარდი, თუ ასე ძლიან გინდა შენი ლოცვა განაგრძო, კოლეჯში დაბრუნდე, ის აჯობებს, იქ ვერ იქნები ოჯახის ნებიერა და არც არავის მოუვა აზრად, მანდარინები მოგიტანოს, ვერც იმ წყეულ ფეხსაცმელებს შეყრი ტანსაცმლის კარადაში. ფრენი, ამ სიტყვებზე ბრმად, მაგრამ ხმაურიანად დასწვდა ,,კლინექსის” შეკვრას მარმარილოს ყავის მაგიდიდან. ზუი უაზროდ მიშტერებოდა ჭერზე ბურახის ლაქას, რომელიც თავად ჩაამჩნია ცხრამეტი თუ ოცი წლის წინ წყლის პისტოლეტით. - კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მაწუხებს, უთხრა ისევ დას, - არც ესაა ლამაზი... კარგი, ჰო, ვამთავრებ, სულ ორიოდ წუთიც მომისმინე... ჰო, სულაც არ მომწონს ჯვალოგადაცმული მარტვილის ცხოვრების წესი, არადა სწორედ ასე ხარ იმ შენს კოლეჯში, შე პატარა, ცინგლიანო ჯვაროსანო, ყველას და ყველაფერს ებრძვი, ტყუილად ფიქრობ, რომ ჩემგან იმას მოისმენ, რასაც თავად ელი, უბრალოდ, მომისმინე და ნუ მაწყვეტინებ, პირდაპირ ეომები უმაღლესი განათლების არსებულ სისტემას და ნუ მესცემი ახლა, ბევრ რამეში მეც გეთანხმები, მაგრამ არ მომწონს განურჩევლად ყველაფერს რომ უხსნი ცეცხლს, დაახლოებით 98% -ში მართალი ხარ, მაგრამ ის დარჩენილი ორი პროცენტი მაშინებს, ერთი კარგი პროფესორი მყავდა კოლეჯში რომ ვსწავლობდი, მხოლოდ ერთი, აქ მომიწევს, დაგეთანხმო, მაგრამ ის ერთი პროფესორი უდიდესი ადამიანი იყო, საერთოდ არ ჰგავდა იმათ, ვისაც შენ უპირისპირდები, არც მთლად ეპიქთეტუსი იყო, მაგრამ არც ეგომანიაკი, ფაკულტეტზე ყველას ძალიან უყვარდა, ეს დიდებული და მოკრძალებული სწავლული ერთ სიტყვასაც არ ამბობდა, მასში ციცქნა გონიერების მარცვალი რომ არ ჩაედო, ზოგჯერ კი სიბრძნის უძირო ჭა იყო პირდაპირ, რა დაემართება ამ პროფესორს, შენ თუ ამბოხებას მოაწყობ? ამაზე ფიქრიც არ მინდა... დანარჩენი პროფესორები, თუნდაც ის შენი პროფესორი ტრუპერი და კიდევ ორი სულელი, რომლებზეც გუშინ მიყვებოდი, ერთს მგონი მენლუისი ერქვა... მაგნაირი იდიოტების მეტი რა იყო ჩემს ფაქულტეტზე და არც დანარჩენ ჩვენს და-ძმას აკლდა, აი, ეგ ტუპები ნამდვილად დიდ ზიანს გვაყენებენ, ფაქტიურად, საოცრად სახიფათონი არიან, ღმერთო დიდებულო, რასაც ეხებიან, ყველაფერს აკადემიურს და გამოუსადეგარს ხდიან ან უფრო უარესი, კულტად აქცევენ ხომლე, ჩემი აზრით, ამ ტიპებს თავისუფლად შეიძლება დავდოთ ბრალი ჩვენი ქვეყნის დიპლომიანი უვიცების ბრბოთი მომარაგებისთვის ყოველი წლის ივლისში. ზუიმ ისევ ახედა ჭერზე ლაქას, სახე დამანჭა და თავი გააქნია. - თავი დავანებოთ ამ ყველაფერს, მე, უბრალოდ, შენი დამოკიდებულება არ მომწონს ამ ხალხის მიმართ, დარწმუნებული ვარ, არც სეიმორს და ბადის მოეწონებოდათ, საქმე იმაშია, რომ შენ განა ის არ მოგწონს, რასაც წარმოადგენენ, არა, პიროვნულად გძულს ეს ხალხი, გასაგებია, რომ ეს შენი პირადი საქმეა, ფრენი, მაგრამ ტრუპერზე რომ საუბრობ, უნდა განახა, რა განმგმირავი მზერა გაქვს, არადა საქმე მხოლოდ მის იდიოტურ ჩვევას ეხება, საპირფარეშოში რომ დადის თმების ასაჩეჩად კლასში შემოსვლამდე, კი მაგრამ, ეს რა შენი საქმეა, რაში გაინტერესებს, თმას რას უშვება? სულ სხვა საქმე იქნებოდა, ამაზე რომ ხუმრობდე ან გეცოდებოდეს, ამ უბადრუკი ოინის გათამაშებით რომ ცდილობს, თავი მოგაწონოთ, აი, ამაში არ ხარ მართალი და მგონი ეს თავადაც გესმის, თუ სისტემას ებრძვი, შესანიშნავი გონიერი გოგონასავით დაუმიზნე იარაღი იქ, სადაც საჭიროა და თავი დაანებე თმებს ან წყეულ ჰალსტუხს. წუთით ოთახში დუმილი ჩამოწვა, მერე ეს დუმილი ფრენის ცხვირის მოხოცვის ხმამ დაარღვია: ძალდაუტანებელმა, ხანგრძლივმა, ,,ბარაქიანმა”, გეგონებოდა უკვე ოთხი დღეა, ცხვირი აქვს გაჭედილიო. - მოკლედ, ეს ყველაფერი ჩემს დაწყევლილ წყლულს მაგონებს, იცი, რატომ გამიჩნდა? ანდა რა არის მისი გაჩენის მიზეზის ცხრა მეათედი? მეც არასწორად ვმსჯელობ ხოლმე ტელევიზიაზე და სხვა დანარჩენზე, მეც ზუსტად ისევე ვიქცევი, როგორც შენ, თანაც შენზე უფროსი ვარ და უკეთაც კი გამომდის. ზუი შეყოვნდა, მზერა კვლავ ჭერზე არსებულ ლაქაზე შეაჩერა და ცხვირით ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, ხელები ისევ გულზე ჰქონდა დაჭდობილი. - ახლა რასაც გეტყვი, ვიცი, გაგაცოფებს, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა, ეს უკანასკნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა... ბიჭმა ისე შეხედა ჭერის ბათქაშს, იფიქრებდი, რჩევას ეკითხებაო და თვალები დახუჭა. - არ ვიცი, შენ რამდენად გახსოვს, მე კი არ დამავიწყდება, მეგობარო, აქედან რამდენიმე მილის დაშორებითაც ისმოდა, როგორ განუდექი ,,ახალ აღთქმას”, ჩემს გარდა ყველა ჯარში იყო მაშინ და მარტო მე დავდიოდი ყურებდაცობილი, გახსოვს, თუ სულ გადაგავიწყდა? - მაშინ ათიოდ წლის ვიქნებოდი, - ცხვირში ჩაიდუდღუნა ფრენიმ ცოტა არ იყოს, მუქარით. - ვიცი რამდენი წლის იყავი, ძალიან კარგად ვიცი, კარგი, გეყო, იმიტომ კი არ გავიხსენე, რომ ცხვირში ძმრად გადინო ძველი შეცდომები, პირიქით, მინდა, ცოტა გაგამხნევო, რომ მინდა, შეიგნო, რომ იესოსი ბავშობაშიც ისე არ გესმოდა, როგორც ახლა, ასე მგონია, თავში ახლაც ოთხი-ხუთი რელიგიური მოღვაწის სახელი გიტრიალებს და როგორ გინდა, იესოს ლოცვა განაგრძო, თუ ყველაფერს თავისი სახელი არ დაარქვი, თუ ვერ გაარკვიე, რა რისთვისაა? გახსოვს, საიდან დაიწყო ეს შენი განდგომა, ფრენი, გახსოვს თუ არა? პასუხს ვერ ეღირსა ზუი, ოთახში მხოლოდ ცხვირის ხოცვის ხმა ისმოდა. - კარგი, მე გეტყვი, როგორ მოხდა, საქმე მათეს სახარების მეექვსე თავში იყო, ეს ზუსტად მახსოვს, დაიკო, ისიც კი მახსოვს, სად ვიყავი, ჩემს ოთახში ჰოკეის ჯოხს ვამაგრებდი წებოვანი ლენტით, ოთახში რომ შემოვარდი გაცოფებული, ხელში გადაშლილი ბიბლიით, იესო აღარ მომწონსო, გამოაცხადე და უეცრად ძალიან მოგინდა სეიმორს დაკავშირებოდი ტელეფონით ჯარის ნაწილში. - იცი, რატომ აღარ მოგწონდა იესო? გეტყვი: პირველი რიგში იესოს მიერ სინაგოგაში დახლების გადაყირავებისა და კერპების შემუსრვის ამბავი არ მოგწონდა, შენი აზრით, ეს ძალიან უხეში და არასავალდებულო ზომები იყო, დარწმუნებული იყავი, რომ სოლომონი ან ვინმე სხვა ასე არ მოიქცეოდა, მეორე მიზეზიც მახსოვს, ბიბლია ამ ადგილზე გქონდა გადაშლილი და აკრიტიკებდი: ,,შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არცა მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოვებთ მათ.”* არა, ეს ადგილი მოგწონდა, მაგრამ როცა იესო აქვე ამბობს, ,,განა თქვენ მათზე უკეთესები არა ხართ?” ამაზე გაგიჟდა პატარა ფრენი, ბიბილია ცივად გადადო გვერდზე და პირდაპირ ბუდასკენ გაემართა, რომელიც ცის ფრინველებს, ამ საყვარელ ტკბილ ქათმებსა და ბატებს, ჩვენს ტბაზე რომ ბინადრობდნენ, სხვა არსებებისგან არ განარჩევს. არ მითხრა ახლა ისევ, მაშინ მხოლოდ ათი წლის ვიყავიო, შენს ასაკთან რა საქმე აქვს ჩემს სათქმელს, ათსა და ოცს შორის მაინც არაფერი შეცვლილა, არც ათიდან ოთხმოც წლამდე შეიცვლება, აი, რაშია საქმე, შენ ვერ შეიყვარებ იმ იესოს, რომელმაც ის თქვა ან გააკეთა, რაც შენ არ მოგეწონა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ყველაფერი, უბრალოდ, მას მიაწერეს, ვერც ახლა შეიყვარებ და გაუგებ უფლის ძეს, რომელიც დახლებს აყირავებს ტაძარში. ვერც ახლა შეიყვარებ და გაუგებ უფლის ძეს, რომლისთვისაც ისეთი ადამიანიც კი, როგორიც პროფესორი ტრუპერია, უფრო ძვირფასია, ვიდრე ფუმფულა საყვარელი უმწეო სააღდგომო წიწილა. ფრენი ახლა წინ წამოხრილიყო, ხელში ,,კლინექსის” ცხვირსახოცი ჩაებღუჯა და პირდაპირ იმ მიმართულებით იყურებოდა, საიდანაც ზუის ხმა მოისმოდა, ბლუმბერგი კალთაში აღარ ეჯდა. - მგონი შენ შეძელი იესოს შეყვარება, - მიუგო ძმას გულისგანმგმირავი ტონით. … - საქმე იმაში არაა, მე შევძელი თუ არა, თუმცა, სიმართლე გითხრა, შევძელი. არ მინდა, ამ საკითხს ბოლომდე ჩავუღრმავდე, მაგრამ, ყოველ შემთხვევში, ჩემს ქვეცნობიერებაში იესო ფრანცისკო ასიზელად არ მიქცევია, უფრო ,,მისაღები” რომ გამეხადა ჩემთვის, არადა ქრისტიანთა ითხმოცი პროცენტი სწორედ ასე იქცევა, მე არც ფრანცისკ ასიზელის ტიპის წმინდანები მხიბლავენ მაინცდამაინც, შენ კი – პირიქით და, ჩემი აზრით, ამ პატარა ნერვულ შეტევაში მასაც მიუძღვის თავისი წვლილ, ისიც მესმის, მაინცდამაინც შინ რატომ მოაწყვე ეს ისტერიკა, აქაურობა ხომ მთლიანად შენს განკარგულებაშია, მომსახურება შესანიშნავი გაქვს, ცივი და ცხელი მოჩვენებებითაც სავსეა აქაურობა, ამაზე უკეთ სად იგრძნობდი თავს? აქ შეგიძლია ილოცო და ერთდროულად იესო, წმინდა ფრანცისკი, სეიმორი და ჰეიდის ბაბუა გააღმერთო. ზუის უცებ ხმა ჩაუწყდა, მაგრამ ძალიან ცოტა ხანს დუმდა, მერე განაგრძო: - განა ვერ ხედავ, ვერ ხვდები, რა არასწორად და ბუნდოვნად უყურებ ყველაფერს? ღმერთმანი, მეათეხარისხოვანი ამბებით არასოდეს ინტერესდებოდი, ახლა კი სწორედ მათში იძირები, შენი ლოცვაც მეათეხარისხოვანია, ეგ ისტერიკაც, მინახავს ნამდვილი ისტერიკები, მაგ დროს ადამიანებს განა ადგილის შერჩევის თავი აქვთ ხოლმე, ისინი... - შეწყვიტე, ზუი, გაჩუმდი! - ქვითინით უთხრა ფრენიმ. - ახლავე, ერთი წუთიც დამაცადე, რაღა ისტერიკაში ვარდები, ჩვენში დარჩეს, მაგას არ ჯობია, ეგ ენერგია რაიმე კარგ საქმეში მოიხმარო, სასარგებლო რამით დაკავდე? კარგი, კარგი, ვიცი რომ ვითარების შესაბამისად არ ვიქცევი, მაგრამ, ღმერთმანი, ეცადე და ისეთივე მოთმინება მოიკრიბე, მე რომ დაბადებიდან დამყვა, უყურებ კოლეჯის საერთო საცხოვრებელს, სამყაროს, პოლიტიკოსებს, მთელი ზაფხულის მონაგარს, უსმენ უნივერსიტეტის უტვინო ახალბედა სტუდენტების ბრბოს და თვლი, რომ ყველას საკუთარი ,,მე”, ,,მე” და ,,მე”, საკითარი ეგოიზმი ამოძრავებს, მერე კი მოდიხარ და უეცრად აღმოაჩენ, რომ შენთვის ამ ვითარებიდან საუკეთესო და ყველაზე გონივრული გამოსავალი ტახტზე წამოგორება და იესოს ლოცვის გამეორებაა, იქნებ ღმერთმა პატარა სასწაული მაინც მოგივლინოს, რომ ამ იდუმალმა გამოცდილებამ მაინც გაგაბედნიეროს. - აღარ მოკეტავ? - მოულოდნელად გულისგანმგმირავად დაიყვირა ფრენიმ - ახლავე გავჩუმდები, ახლავე, შენ ისევ ,,მე”-ს გაიძახი, ღმერთო ჩემო, არადა, რა არის ეგო და რა არა, ეს ხომ იესოს გადასაწყვეტია, უფლის საქმეა, ჩემო კარგო და არა შენი, შენ საყვარელ ეპიქტეტუსზე რას იტყვი ან შენს საყვარელ ემილი დიკინსონზე? კი მაგრამ, რამდენი ემილის სტრიქონის დაწერა მოუნდება, იმდენი დაჯდეს და იესოს ლოცვის წარმოთქმა დაიწყოს, სანამ წერის საზიზღარი ეგოისტური სურვილი არ გაუვლის? არა, რა თქმა უნდა, შენ ასე არ ფიქრობ, მაგრამ პროფესორ ტრუპერს კი ძალიან გინდა, საკუთარი ,,მე” წაართვა, ეს ხომ სულ სხვა საქმეა, შეიძლება მართალიც ხარ, მაგრამ მორჩი საზოგადოდ ეგოიზმზე საუბარს, ჩემი აზრით, თუ სიმართლე გინდა, მსოფლიოში ბოროტების ნახევარს ის ხალხი სჩადის, ვისაც საკუთარ, ჭეშმარიტ ,,მესთან” საქმე არაფერი აქვს, ავიღოთ ეგ შენი პროფესორი ტრუპერი, ჩემი აზრით, იმას, რასაც შენ ეგოიზმის გამოვლენად მიიჩნევ, სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა, უცნაური ახირება ან ბინძური ჩვევაა, ღმერთმანი, საკმარისი დრო გაატარე სკოლაში, ამას რომ მიმხვდარიყავი! ჩამოხსენი ნიღაბი სკოლის რომელიმე არაკომპეტენტურ მასწავლებელს ან კოლეჯის პროფესორს და შესანიშნავ ავტომექანიკოსს ან ქვითხუროს მიიღებ, აი, თუნდაც ლესაჟი აიღე, ჩემი მეგობარი, ჩემი უფროსი, ჩემი მედისონ ავენიუელი ვარდი, როგორ ფიქრობ, ტელევიზიაში საკუთარმა ეგოიზმმა მიიყვანა? ეშმაკმა დალახვროს, მას ახლა საკუთარი ,,მე”-ს ნასახი აღარ გააჩნია და მგონი არც არასდროს გააჩნდა, უბრალოდ, ტელევიზია სულ ცოტა, სამ გატაცებად მაინც დაჰყო და ერთმანეთთან იმ უზარმაზარი სახელოსნოთი დააკავშირა, რომელიც ათი ათასი დოლარი მაინც დაუჯდა და სავსეა ათასნაირი სამუშაო იარაღით, გირაგებითა და ღმერთმა უწყის, კიდევ რითი... ვინც საკუთარ ეგოს აჰყოლია, არ რჩება დრო საკუთარი, ჭეშმარიტი გატაცებებისთვის. ზუი უცებ გაჩუმდა, თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა, ხელები – თეთრ პერანგზე დაკრეფილი, მაგრამ სახეზე გამომეტყველება შეცვლოდა, მასზე ნაძალადევი ტკივილი ეწერა, როგორც ჩანს ეს თვითკრიტიკის თავისებური გამოვლენა იყო. - გატაცებები... ნეტავ როგორ მოვედი გატაცებებამდე, ჩაიბუტბუტა უცებ და ისევ გაჩუმდა. - ოთახში ახლა მხოლოდ ფრენის ქვითინი ისმოდა, გოგონას სახე სანახევროდ სატინის ბალიშში ჩაერგო, ბლუმბერგი პიანინოს ქვეშ, მზის შუქის პატარა კუნძულზე წამოსკუპებულიყო და საკმაოდ მომხიბლავად იბანდა პირს. - მოკლედ, მაინც ძალიან მნიშვნელოვან ადამიანად მომაქვს თავი, - თქვა ისევ ზუიმ, - რაც არ უნდა ვთქვა, ისე გამომდის თითქოს ამ იესოს ლოცვას გადავეკიდე, არადა ასე არაა, დასწყევლოს ღმერთმა, მხოლოდ ის მაღელვებს, რატომ და სად ლოცულობ, მინდა დაგარწმუნო, რომ ამ ლოცვით ცდილობ, ჩაანაცვლო ყოველღიური ცხოვრებისეული მოვალეობები, უფრო მეტიც, მე ის არ მესმის, როგორ შეგიძლია, იესოს ლოცვა იმეორო, როცა აზრზე არა ხარ, რა დევს მასში. შენი საქციელი მისატევებელი იქნებოდა, უბრალო პრიმიტიული მომლოცველი ან სასოწარკვეთილი ადამიანი რომ იყო, მაგრამ შენ არ ხარ პრიმიტიული, დაიკო, და არც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის მიზეზი გაქვს. ნოხზე წამოგორებულმა და თვალდახუჭულმა ზუიმ მთელი საუბრის მანძილზე, პირველად მოკუმა ტუჩები და ფრჩხილებში უნდა შევნიშნოთ, რომ უზომოდ დაემსგავსა დედამისს. - ღმერთმანი, ფრენი, თუ მაინცდამაინც გინდა, იესოს ლოცვის წარმოთქმა განაგრძო, პირდაპირ იესოს მიმართე და არა წმინდა ფრანცისკს, სეიმორს ან ჰეიდის ბაბუას ერთდროულად, ლოცვისას მხოლოდ მასზე იფიქრე, თანაც ისეთი წარმოიდგინე, როგორიც სინამდვილეში იყო და არა ისეთი, როგორიც შენ გინდოდა, რომ ყოფილიყო, შენ რეალობას თვალებში არ უყურებ, ამიტომაც გრძნობ თავს ცუდად და, თუ სინამდვილეს არ დაუბრუნდები, ამ მდგომარეობიდან ვერ გამოხვალ. ზუიმ ოფლისაგან მთლიანად დაცვარულ სახეზე ხელები აიფარა, ცოტა ხანს ასე ჰქონდა, მერე კი ჩამოიღო, კვლავ გულზე დაიკრიფა, ხმას აუწია და შესანიშნავი სასაუბრო ტონით განაგრძო. - სიმართლე გითხრა, ჩიხში ერთ რამეს შევყავარ, როგორ შეიძლება ადამიანმა, თუ ის ბავშვი, ანგელოზი ან იმ მომლოცველივით იღბლიანი სულელი არაა, იესოს მიმართოს ლოცვით, რომელიც სინამდვილეში რადიკალურად განსხვავდება ახალ აღთქმაში აღწერილისგან. ღმერთმანი, იესო ხომ, უბრალოდ, ყველაზე ჭკვიანი კაცია ბიბლიაში, სულ ესაა, ვინაა მასსზე უკეთესი, ვინ? ორივე აღთქმა სავსეა წინასწარმეტყველებით, მოციქულებით, საყვარელი შვილებით, სოლომონებით, ესაიებით, დავითებით, პავლეებით... მაგრამ, ღმერთმანი, იესოს გარდა რომელმა იცოდა, რა ელოდა საბოლოოდ? არავინ, თვით მოსემაც არ იცოდა, არ შემეკამათოO ამაში, მოსე შესანიშნავი ადამიანი იყო და კარგადაც ახერხებდა ღმერთთან კავშირის დამყარებას, სულ ესაა და საქმეც ამაშია, მას უბრალოდ, კავშირი ჰქონდა უფალთან, იესოს კი ესმოდა, რომ ის და უფალი განუყოფელნი იყვნენ. ზუიმ მხოლოდ ერთხელ და საკმაოდ ჩუმად შემოჰკრა ტაში, სავარაუდოდ ,თავისდაუნებურად, მეორე წუთში კი ორივე ხელი ისე ჰქონდა მკერდზე დაკრეფილი, თითქოს აქაც არაფერიო. - ღმერთო, რა ჭკვიანი იყო იესო, მის გარდა ვინ შეძლებდა, დადუმებულიყო, როცა პილატემ სთხოვა, თავისი საქციელი აეხსნა? სოლომონი ვერ შეძლებდა, არ დამიწყო ახლა, როგორ არა, შეძლებდაო, სოლომონი რამდენიმე შესაფერის სიტყვას გამოძებნიდა ამ შეთხვევისთვის, დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ალბათ სოკრატეც დუმილს არჩევდა, კრიტონი ან ვინმე სხვა კი ისტორიას რამდენიმე კარგად შერჩეულ ფრაზას დაუტოვებდა, რაც მთავარია, იესოს გარდა განა ვინმე უწყის, რომ სასუფეველი მხოლოდ ჩვენშია? ჩვენ კი, წარმოუდგენლად მიწიერი, სენტიმენტალური და უფანტაზიო არსებები, საკუთარ გულში არასოდეს ვიხედებით, ამას რომ მიხვდე, ძე ღვთისა უნდა იყო, გიფიქრია ამაზე, ფრენი? სერიოზულად გეკითხები, თუ ვერ ახერხებ, დაინახო იესო ისეთი, როგორიც ჭეშმარიტად იყო, ლოცვა აზრს კარგავს, თუ არ გესმის ქრისტესი, მაშინ ვერც მისი ლოცვისას გაიგებ რამეს, ვერ ჩაწვდები და გამოვა, რომ უბრალოდ რაღაც უაზრო რიტუალს ატარებ, იესოს, როგორც უფლის საუკეთესოდ მცოდნეს, განსაკუთრებული მისია ჰქონდა და სულაც არ ჰგავდა წმინდა ფრანცისკს, რომელიც დროდადრო ჰიმნებს თხზავდა, ჩიტებს უქადაგებდა ან ისეთ მომხიბლავ რამეს სჩადიოდა, რაც ახალგაზრდა ფრენი გლასის პირდაპირ გულში სწვდება, ამას სერიოზულად გეუბნები, დაიკო, როგორ შეიძლება ეს ვერ დაინახო? ღმერთს რომ წმინდა ფრანცისკივით უნაკლო პიროვნება დასჭირვებოდა ახალ აღთქმაში, დარწმუნებული იყავი, სწორედ მას აირჩევდა, მან კი საუკეთესო აირჩია, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მოსიყვარულე, ყველაზე ძნელად მისაბაძი და ნაკლებად სენტიმენტალური... და თუ შენ ეს არ გესმის, გეფიცები, ვერაფრით ჩაწვდები იესოს ლოცვის მთავარ აზრს, ამ ლოცვას ერთადერთი მიზანი აქვს, მლოცველმა ქრისტეს სიბრძნე უნდა შეიმეცნოს, ეს ლოცვა არაა იმისთვის, რომ შენთვის მოიწყო პატარა მყუდრო ,,მე შენზე წმინდა ვარ”* პრეტენზიის მქონე ადგილი, სადაც გულში ჩაიკრავ შენს საყვარელ წინასწარმეტყველებს, გათავისუფლდები ყველა მოვალეობისგან, საზიზღარ უელთშმერზენსა და პროფესორ ტრუპერს კი ჯანდაბაში გაგზავნი, უკან რომ აღარასოდეს დაბრუნდნენ, მადლობა ღმერთს, ფრენი, საკმაოდ გონიერი ხარ იმისთვის, რომ გამიგო და დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ასეც იქნება, ახლა კი ამ ლოცვის წარმოთქმით უბრალოდ სარგებლობ, შენთვის ტიკინებითა და წმინდანებით სავსე უმისტერტუპერო სამყაროს ითხოვ. ბიჭი წამოჯდა, წინ ისე სწრაფად გადმოიხარა, თითქოს ვარჯიშობსო და ფრენის გახედა, შინაურულად რომ ვთქვათ, ოფლისგან დასვეელბული პერანგი გასაწური გახდომოდა. - ლოცვა იმისთვის რომ შეექმნა იესოს... შეჩერდა და ისევ ფრენი შეათვალიერა, რომელიც გულდაღმა იწვა დივანზე, საოცარია, მაგრამ აქამდე არ გაუგონია გოგონას ჩუმი ბრაზმორეული ქვითინი, სახეზე ფერი დაეკარგა, ისე გააღიზიანა დის ამ მდგომარეობაში ჩავარდნამ, გააღიზიანა იმანაც, რომ მარცხი განიცადა და ამან ოთახი ავადმყოფობით სუნით აავსო, სიფერმკრთალე უჩვეულო სითეთრეში გადაუვიდა, ბრალისა და სინანულის განცდის მომწვანო-მოყვითალო ფერი არსად დაჰკრავდა, ამ სითეთრემ პატარა, სისხლნაკლულ ბიჭუნას დაამსგავსა, რომელსაც უჩვეულოდ უყვარს ცხოველები და რომელმაც დაინახა ბოცვრების მოყვარული ძვირფასი დის გამომეტყველება, როცა მან დაბადების დღის საჩუქრის ყუთი გახსნა და ახლადდაჭერილი კობრა აღმოაჩინა კისერზე უხერხულად შეკრული წითელი ბაფთით. მთელი ერთი წუთის განმვლობაში ზუი თვალს არ აშორებდა ფრენის, მერე წამოდგა, უხერხულად შეირხა წონასწორობა რომ დაეცვა, რაც სრულიად არ ახასიათებდა და ძალიან, ძალიან ნელა გაემართა დედის საწერი მაგიდისკენ ოთახის მეორე მხარეს. მაგიდასთან რომ მივიდა, ჩანდა, აზრზე ვერ მოვიდა, იქ რა უნდოდა, გაუგებარი მზერა შეავლო ზედაპირზე განლაგებულ ნივთებს, მათ შორის საშრობს, რომელზეც ო ასო თავად გააფერადა, საფერფლეს, რომელზეც სიგარის ნამწვი ეგდო, შემდეგ შემობრუნდა და ისევ დას შეხედა, გოგონამ თითქოს ქვითინს უკლო ან უბრალოდ ძმას ასე მოეჩვენა, თუმცა პოზა არ შეუცვლია, ისევ ისე, გულდაღმა იწვა ტახტზე, ერთი მკლავი ქვეშ მოექცია და უხერხულად ედო, თუ მტკივნეულად არა, ზუიმ ისევ გახედა, მერე კი საკმაოდ თამამად გაემართა დისაკენ, შუბლი ხელისგულით მოიწმინდა, ჯიბეში ჩაიყო შესამშრალებლად და გოგონას უთხრა. - ფრენი, მაპატიე, ძალიან ვწუხვარ. ამ ფორმალურმა ბოდიშის მოხდამ მხოლოდ უკურეაქცია გამოიწვია, გოგონამ ქვითინს უმატა, ბიჭმა კიდევ ერთხელ დაკვირვებით შეხედა დას, თხუთმეტი-ოცი წამი ასე იდგა, მერე ოთახიდან გავიდა და სანამ დერეფანში გაიდოდა, ფრთხილად გაიხურა კარი. * * * საერთო ოთახიდან ახლადწასმული საღებავის საკმაოდ ძლიერი სუნი გამოდიოდა, შემოსასვლელი ჯერ არ შეეღებათ, მაგრამ მაგარი ხის იატაკის მთელ სიგრძეზე გაზეთები მიმოეფანტათ, ამიტომ ზუის პირველივე ნაბიჯმა, მერყევმა და გაოცებულმა, პირდაპირ სპორტულ განყიფილებაში გამოქვეყნებული სტენ მუსიალის ფოტოსურათზე დატოვა რეზინის ძირების ანაბეჭდი, მეხუთე თუ მეექვსე ნაბიჯის გადადგმისას კი კინაღამ დედას შეეჯახა, რომელიც ის-ის იყო საძინებელი ოთახიდან გამოდიოდა. - მეგონა, უკვე წასული იყავი, - უთხრა ქალმა, ხელში ლოგინის ორი ცალი გარეცხილი და დაკეცილი გადასაფარებელი ეკავა, - მომეჩვენა, რომ კარის ხმა... - მისის გლასი უცებ გაჩუმდა და ზუი კარგად შეათვალიერა, - ეს რაღაა, ოფლი? - ჰკითხა შვილს, პასუხს აღარ დაუცადა, მკლავში ხელი ჩასჭიდა და ისე მსუბუქად გაიყვანა ახლად შეღებილი ოთახიდან გამომავალ მზის სინათლეზე, თითქოს ეს ამხელა ბიჭი მსუბუქი ცოცხი ყოფილიყო. - ჰო, ოფლია, - დასძინა ისეთი გამკიცხავი ტონით, ამაზე უარესი რეაქცია მაშინაც კი არ ექნებოდა, ზუის ფორებიდან ოფლის ნაცვლად ზეთი რომ გამოსვლოდა. - კი მაგრამ, ასეთს რას აკეთებდი, ახლა არ იბანავე? - რას აკეთებდი? - მაგვიანდება, მსუქანავ, იქნებ გვერდზე გადგე? – უთხრა ზუიმ, დედამისთან ერთად გზა ფილადელფიურ კომოდსაც გვარიანად ჩაეხერგა, - კი მაგრამ ეს საშინელი კომოდი ვიღამ დადგა აქ? - იკითხა და მისის გლასს შეხედა. - კი მაგრამ, ასე რამ გაგაოფლიანა? - ჩაეკითხა მისის გლასი და ჯერ პერანგს შეავლო თვალი, მერე შვილს, - ფრენის დაელაპარაკე? სად იყავი, საერთო ოთახში? - ჰო, ჰო, საერთო ოთახში ვიყავი და შენს ადგილას რომ ვიყო, ორიოდ წუთით შევიხედავდი მანდ, ფრენი ტირის, ყოველ შემთხვევაში, სანამ იქ ვიყავი, ტიროდა... ბიჭმა მხრებზე მოხვია დედას ხელი, - გაიწი ახლა, გესმის? გადი... - ისევ ტირის? რა მოხდა? - არ ვიცი, ღმერთმანი... ის სულელური წიგნი დავუმალე, მიდი, ბესი, გაინძერი, გთხოვ, მეჩქარება! მისის გლასი ისევ უყურებდა შვილს, შემდეგ გზა დაუთმო და იმ წუთშივე საერთო ოთახში შევარდა, მაგრამ ის კი მოასწრო, ზუისთვის დაეძახა: - პერანგი გამოიცვალე, ახალგაზრდავ! შეიძლება ეს ზუიმ გაიგონა კიდეც, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყა და გრძელი დერეფნის გავლით იმ საძინებელში შევიდა, რომელსაც ადრე თავის ტყუპ ძმებთან იყოფდა, ახლა კი, 1955 წელს, მარტო მას ეკუთვნოდა. იქ ორი წუთიც არ გაჩერებულა, ოთახიდან რომ გამოვიდა, ისევ ის ოფლიანი პერანგი ეცვა, მაგრამ მის გარეგნობაში შესამჩნევი ცვლილება მაინც მომხდარიყო, სიგარა ისევ ეშოვა და მოეკიდებინა კიდეც, თავზე კი რატომღაც ცხვირსახოცი წაეკრა, ღმერთმა იცის, რატომ, იქნებ იმიტომ, რომ წვიმისგან, სეტყვისგან ან ჯოჯოხეთის ცეცხლისგან დაეცვა თავი. ოთახიდან გამოსულმა ზუიმ ისევ გაიარა დერეფანი და ახლა იქ შევიდა, სადაც მისი ორი უფროსი ძმა ცხოვრობდა შვიდი წლის მანძილზე, იდიომატური გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ბადის და სეიმორის სავანეში პირველად ,,შედგა ფეხი”, თუ იმ უმნიშვნელო შემთხვევას არ ჩავთვლით, რამდენიმე წლის წინ მთელი სახლი რომ გადაქექა დაკარგული თუ მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნის ,,მოპარული” წნეხის ძებნაში. კარი ძალიან მჭიდროდ შემოიხურა, უკმაყოფილო იყო საკეტში გასაღები რომ არ იყო, იქაურობა არც კი შეუთვალიერებია, წინასწარგანზრახულად შებრუნდა პირდაპირ კარისკენ, რომელზეც ერთ დროს თოვლივით თეთრი მუყაო იყო მიჭედებული. ეს იყო მამონტივით ზორბა, თითქმის კარის სისქე ქაღალდი და ზომის, სითეთრისა და სიგლუვის გამო, ძნელი დასაჯერებელი იყო, ვინმეს თავში მოსვლოდა აზრად მასზე ინდური მელანი ანდა ბეჭდური შრიფტი მოესინჯა, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც მოუვიდათ აზრად და ეს აზრი სულაც არ გამოდგა ურიგო, რადგან მუყაოს მთელი ზედაპირი, მისი ყოველი სანტიმეტრი, დაფარული იყო მსოფლიო ლიტერატურის ციტატებით სავსე ოთხი შესანიშნავი სვეტით, ნაწერი ძალიან წვრილი იყო, მაგრამ კუპრივით შავი და თუკი სადმე ცოტა აჩქარებულ კალიგრაფიას შენიშნავდით, სამაგიეროდ, ლაქა ან საშლელის კვალი არსად შეგხვდებოდათ, სამუშაო დიდი გულმოდგინებით იყო შესრულებული სულ ძირშიც კი, როგორც ჩანს, ორი მწერალი საწოლზე გულდაღმა წამოწოლილიც კი რიგრიგობით ასრულებდა სამუშაოს. ციტატების ავტორებს რაც შეეხება, ისინი არ იყვნენ კატეგორიებად დაყოფილი და შთაბეჭდილება გექმნებოდა, თითქოს წარღვნის დროს ყველა მწერალი ერთად მოხვედრილიყო სასწრაფოს შენობაში, პასკალი მოურიდებლად წამოწოლილიყო ემილი დიკინსონის გვერდით, ბოდლერს და თომას კემპისს კი კბილის ჯაგრისები გვერდიგვერდ ჩამოეკიდათ. ზუი საკმაოდ ახლოს იდგა და ხელმარცხნივ მდებარე სვეტის დასაწყისს კითხულობდა, მერე ქვემოთ განაგრძო კითხვა, სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, გეგონებოდა, რკინიგზის ბაქანზე დგას და დროს ,,დოქტორ შროლის” ფეხსაცმლის საფენების რეკლამის კითხვით კლავსო. ,,შენ გაქვს უფლება, იმუშაო, მაგრამ მხოლოდ მუშაობისთვის, არ გაქვს უფლება, შრომის ნაყოფს ელოდო, შრომის ნაყოფის მომკის სურვილი არ უნდა იყოს მუშაობის საფუძველი, არასოდეს მისცე გასაქანი სიზარმაცეს. ყოველი ქმედებისას გული მიანდე უზენაეს ღმერთს, ნუ მიეჯაჭვები შედეგზე ფიქრს, თანაბრად შეხვდი (ამ სტრიქონისთვის კალიგრაფებს ხაზი გაესვათ) წარმატებასა და მარცხს; იოგა დაგაცვევინებს წონასწორობას. ის, რასაც შედეგის მისაღებად აკეთებ, ბევრად დაბლა დგას იმაზე, საიდანაც არაფერს გამოელი, ეძიე თავშესაფარი ბრაჰმანთა სიბრძნეში, საბრალოა ის, ვინც მხოლოდ საკუთარი თავისთვის იღწვის.” ბჰაგავადგიტა ,,მას სურდა, მომხდარიყო” მარკუს ავრელიუსი ,,ფუძის ფერდობზე ლოკოკინა მიცოცავს ნელა, მაღლა, სულ მაღლა - მწვერვალებამდე.”* ისსა* ,,...რაც შეეხება ღმერთებს, არიან ისინი, ვინც უარყოფენ ღვათაებრივი გონის არსებობას; არიან ისეთებიც, ვინც მის არსებობას ადასტურებენ, მაგრამ თვლიან, რომ ის ვერც ქმნის, ვერც ზრუნავს, ვერც წინასწარ განჭვრეტს, მესამენი არსებობასაც დაუშვებენ და არარსებობასაც, მაგრამ მხოლოდ დიდებულ ან ზეციურ შემთხვევებში და არა სხვა დროს, მეოთხენი თვლიან, რომ მიწიერი და ზეციური საქმეები ერთ სიმაღლეზე დგას, მაგრამ ეს ზოგადად და არა ვინმესთან მიმართებაში, მეხუთენი, კი, რომელთაც ულისე და სოკრატე მიეკუთვნებიან, გაიძახიან: ,,შენი შეცნობის გარეშე ნაბიჯსაც არ გადავდგამ!” ეპიქტეტუსი. ,,სასიყვარულო ინტერესის უმაღლესი გამოვლინება დგება მაშინ, როცა ქალი და მამაკაცი, ორივე უცხო, ერთმანეთს ხვდებიან აღმოსავლეთისკენ მიმავალ მატარებელში. - ...კარგი, - თქვა თავად მისის კრუტმა, - კანიონზე რას იტყვით? - რაღაც გამოქვაბულია, - უპასუხა თანმხლებმა პირმა. - რა სასაცილო გამოხატვის მანერაა! - უპასუხა მისის კრუტმა, - მოდი, ახლა რაღაც ვითამაშოთ.” რინგ ლარდნერი, ,,როგორ ვწეროთ მოკლე მოთხრობები”* ,,...ღმერთი კარნახობს გულს, მაგრამ არა აზრებს, არამედ ტკივილსა და წინააღმდეგობებს.” დე კოსადი* ,, - მამა! - წამოიძახა კიტიმ და პირზე ხელი მიაფარა. - კარგი, აღარ ვიტყვი! მე ძალიან, ძალიან... მო... აჰ! რა სულელი ვარ... თავადი გადაეხვია კიტის, ჯერ სახე დაუკოცნა, მერე ხელები, მერე ისევ სახე და პირჯვარი გადასახა. და ლევინმა რაღაც ახალი სიყვარული იგრძნო აქამდე მისთვის უცნობი ადამიანისადმი, მოხუცი თავადისადმი, როცა დაინახა, კიტი როგორ დიდხანს, როგორი სინაზით უკოცნიდა მოხუცს მსუქან ხელებს. ,,ანა კარენინა”* ,, - ბატონო, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს, რომ ისინი ცდებიან, როცა ნახატებსა და გამოსახულებებს სცემენ თაყვანს ტაძარში. რამაკრიშნა*: ასე იქცევიან კალკუტელები: თქვენ გინდათ ასწავლოთ და უქადაგოთ, თქვენ გინდათ მილიონები გასცეთ, როცა თავადაც მათხოვრები ხართ... როგორ გგონიათ, ღმერთმა არ იცის, რომ თაყვანს მის ხატებსა და გამოსახულებებს სცემენ? როგორ გგონიათ, ღმერთმა წინასწარ არ იცის მლოცველის განზრახვა, თუკი ის შეცდომაში შედის?” რამაკრიშნას მოძღვრება ,, - არ გინდა, შემოგვიერთდე? მკითხა ნაცნობმა, რომელმაც შემთხვევით შემოიარა ნაშუაღამევს თითქმის ცარიელ კაფეში. - არა, არ მინდა, - ვუთხარი მე.” კაფკა ,,ადამიანებთან ყოფნის ბედნიერება” კაფკა წმინდა ფრანცისკ დე სალეს* ლოცვა: ,,დიახ, მამაო! დიახ, უკუნითი უკუნისამდე!” ,,ციუ განი ყოველ დღე ეძახდა ხოლმე თავის თავს, - ოსტატო. მერე ისევ თავად პასუხობდა, - დიახ, ბატონო. მოგვიანებით კი ამატებდა, - იფხიზლე. და ისევ თავად პასუხობდა, - დიახ, ბატონო. - და ამის შემდეგ, - აგრძელებდა კვლავ, - ნურავინ გაცდუნებს შენ. - დიახ, ბატონო, დიახ, ბატონო! - პასუხობდა ისევ.” მუ მონ გუანი* დაფაზე ნაწერი, მართალია, ძალიან წვრილი იყო, მაგრამ ბოლო სტრიქონები სვეტის ზედა მეხუთედ ნაწილზე საკმაოდ კარგად მოჩანდა, ზუის შეეძლო ისე გაეგრძელებინა კითხვა, რომ მუხლებზე არ დამდგარიყო, მაგრამ მან არ განაგრძო, აუჩქარებლად შემობრუნდა, პატარა მანძილი გაიარა და ძმა სეიმორის პატარა მაგიდას მიუჯდა, სკამი ისე გამოსწია, თითქოს ყოველ დღე ასე იქცეოდა, სიგარეტი მაგიდის მარჯვენა ნაპირზე ჩამოდო, მოკიდებული მხარე გარეთ მოუქცია, იდაყვებით დაეყრდნო ზედაპირს და სახე ხელებში ჩამალა. ბიჭისგან მარცხნივ, უკან ფარდებჩამოფარებული და ნახევრადაწეულ ჟალუზებიანი ორი ფანჯარა იყო, რომლებიც კორტებს, - უსიცოცხლო, აგურ-ცემენტით მოფენილ ველს გადაჰყურებდა, სადაც იშვიათად მრეცხავი ქალები ან სურსათის დამტარებლები თუ გაივლიდნენ ხოლმე ყოველ საათში ნაცრისფერ ჩრდილებად, ოთახი გლასების აპარტამენტების მესამე მთავარ საძინებელს წარმოადგენდა, უმზეოს და პატარას. აქ ოჯახის ორი უფროსი ვაჟი, სეიმორი და ბადი, 1929 წელს ისეთ პატივსაცემ ასაკში გადმოვიდა, როგორიც ათი-თორმეტი წელია და ოცდასამ და ოცდაერთ წლამდე აქ ცხოვრობდა, ავეჯის დიდი ნაწილი ნეკერჩხლის ხის გარნიტურს წარმოადგენდა, რომელშიც შედიოდა: ორი დღის საწოლი, ღამის მაგიდა, ბიჭისთვის საკმაოდ პატარა ორი მერხი, რომელთანაც ბავშვები მუხლებს ვერ შლიდნენ, ორი კარადა, ორი ნახევარსავარძელი, იატაკზე კარგად გაცვეთილი აღმოსავლურ ორნამენტებიანი სამი ხალიჩა ეგო, დანარჩენი სივრცე, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, მხოლოდ წიგნებს ეკავა, წიგნებს, რომლებიც ,,სულ ხელთ უნდა გქონოდა”, წიგნებს, რომლებიც ,,სულ შინ გრჩებოდა”, წიგნებს, რომლებიც ,,არ იცოდი, სად წაგეღო”, მაგრამ წიგნებს და ისევ წიგნებს, მაღალი თაროები ოთახის სამ კედელზე იყო ჩამწკრივებული და პირთამდე იყო სავსე, რაც მათზე ვერ დაეტიათ იატაკზეც კი ეყარა, ოთახში სასიარულო ადგილი ძალიან ცოტა იყო, ნაბიჯის გადადგმც კი გაგიჭირდებოდათ, უცნობი, რომელსაც მიდრეკილება ექნებოდა აღწერილობითი პროზისკენ, რომელიც ძალიან პოპულარულია კოქტეილ-წვეულებებზე, ამ ადგილს დაახასიათებდა, როგორც ოთახს, რომელიც, ერთი შეხედვით, ნაქირავები ჰქონდა თორმეტი წლის ორ ახალგაზრდას, რომლებიც გზას იკვლევდნენ იურისპრუდენციისა და მეცნიერების ლაბირინთებში, ისედაც, ამ საინტერესო დახასიათების კითხვით რომ არ შეგეწუხებინათ თავი, რამდენიმე თვალშისაცემი ნიშანი მიგახვედრებდათ, რომ საბავშვო ოთახის ბინადრებს უკვე კარგა ხანია საარჩევნო ასაკისთვის მიეღწიათ... მართლა, აქვე, ბადის მერხზე ის ყბადაღებული პირადი ტელეფონი იდგა, აქა-იქ, ორივე მაგიდაზე, სიგარეტით ამომწვარ ადგილებსაც ნახავდით, დანარჩენი მოწიფულობის ნიშნები კი, მანჟეტის შესაკრავების ყუთი, კედელზე გასაკრავი სურათები, თაროს თავზე შემოდებული ათასი სახასიათო წვრილმანი მას შემდეგ გაქრა ოთახიდან, რაც 1940 წელს ძმებმა ოთახი დატოვეს და ,,განცალკევებით” გადავიდნენ საკუთარ ბინებში. ხელებში თავჩარგული და წარბებზე ჩამოფხატული ცხვირსახოცით თავწაკრული ზუი სეიმორის ძველ მერხს დაახლოებით ოცი წუთი უძრავად უჯდა, მაგრამ არ ეძინა, მერე თითქმის ერთი მოძრაობით სახეს საყრდენი გმოაცალა, სიგარა აიღო, პირში გაიჩარა, მერხის ხელმარცხნივ მდებარე უჯრა გამოაღო და ორივე ხელით ამოიღო რვა ინჩის სისქის მუყაოს ქაღალდების შეკვრა, ეს ქაღალდები პერანგის სადებებს წააგავადა და სწორედ პერანგის სადებები იყო, ბიჭმა შეკვრა მერხზე დაიდო და მუყაოს ორი ან სამი ფირფიტის ერთდროულად გადაფურცვლას შეუდგა. ხელი სულ ერთი წუთით და ისიც ძლივს შესამჩნევად გააჩერა, რადგან იპოვა, რასაც ეძებდა, ეს იყო 1938 წლის თებერვალში სეიმორის მიერ ლურჯი ფერის ფანქრით შევსებული მუყაოს ფურცელი. ,,ჩემი ოცდამეერთე დაბადების დღეა, საჩუქრები, საჩუქრები, საჩუქრები, ზუიმ და ჩვენმა ციცქნამ, როგორც წესი, ისევ ბროდვეის მთელი ქვედა ნაწილი შემოირბინეს, მერე კი საქავებელი ფხვნილის კარგა დიდი მარაგი და სამი ცალი მყრალი ბომბი მაჩუქეს, როგორც კი შემთხვევა მომეცემა, ავდგები და სამივე ბომბს სასტუმრო ,,კოლუმბიის” ლიფტში ან რომელიმე, ,,კარგად გადაჭედილ ადგილას” მოვისვრი. ჩემს გასართობად საღამოს რამდენიმე ვოდევილი გათამაშდა, ლესმა და ბესიმ ბო ბოს მიერ შემოსასვლელში ვაზიდან გადმოყრილ ქვიშაზე შესანიშნავად იცეკვეს, რომ მორჩნენ, ბ.მ და ბო ბომ ძალიან სასაცილოდ მიბაძეს მათ, ლესს კინაღამ ცრემლით აევსო თვალები, ,,ციცქნამ ,,აბდულ აბულბულ ამირი”* მიმღერა, ზ.მ უილ მაჰონეის* წასვლა წარმოადგინა, ლესმა როგორც ასწავლა, პირდაპირ წიგნების კარადისკენ გაიქცა, შუბლი ხეთქა და გაცოფდა, ტყუპებმა ჩემი და ბ-ს ძველი სცენა გაიმეორეს ,,ბაქ ენდ ბაბლსის”* წარმოდგენიდან, შესანიშნავი იყო, საუცხოო, მთელი ამ ამბის შუაგულში კი დაბლიდან შვეიცარმა დარეკა და იკითხა, ჩვენთან ხომ არ ცეკვავდნენ, მისტერ სელიგმენს უკითხავს, მეოთხე სართულიდან...” აქ ზუი კითხვას მორჩა, მუყაოს ფირფიტების გროვა ორჯერ დააკაკუნა მერხზე, როგორც ბანქოს შეკვრა, მერე უჯრა გამოაღო, შიგ ჩადო და უჯრა დაკეტა, ბიჭი კიდევ ერთხელ დაეყრდნო იდაყვებით მაგიდას და სახე კვლავ ხელებში ჩამალა, ამჯერად უძრავად თითქმის ნახევარი საათი იჯდა. ცოტა ხნის შემდეგ, როცა ზუი ისევ შეინძრა, გეგონებოდა, ვიღაცამ მარიონეტის უხილავი ძაფები შეაბა და მძლავრად მოქაჩა, ეს მოქაჩვა მხოლოდ იმისთვის იყო საკმარისი, სიგარისთვის მოეკიდებინა, სანამ მეორე, ისეთივე მძლავრი მოქაჩვა ოთახში მდგარ, მეორე სკამზე, ბადის მაგიდასთან დასვამდა, სადაც ტელეფონი იყო. ახალ ადგილას პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ პერანგი შარვლიდან ამოიჩაჩა და ბოლომდე შეიხსნა, იფიქრებდი, ამ სამიოდ ნაბიჯმა პირდაპირ ტროპიკულ ზონაში მოახვედრაო, მერე სიგარა პირიდან გამოიღო და მარცხენა ხელში გადაიტანა, მარჯვენა ხელით კი ცხვირსახოცი მოიხსნა თავიდან და ტელეფონის გვერდით გადაფინა, როგორც ჩანს, ,,მზადყოფნაში მოიყვანა”. ყურმილი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აიღო და ადგილობრივი ნომერი აკრიფა, ნამდვილად ადგილობრივი და ძალიან ნაცნობი, აკრეფას რომ მორჩა, მერხიდან ცხვირსახოცი აიღო და ყურმილის მიკროფონს მაღალი მთასავით აწოწილად დაადო, მერე ერთი ღრმად ამოისუნთქა და პასუხს დაელოდა, ალბათ სიგარეტიც უნდა მოეკიდებინა, მაგრამ ასე არ მოიქცა. ამ ამბიდან დაახლოებით წუთ-ნახევრის წინ ხმააკანკალებულმა ფრენიმ კიდევ ერთი უარი განაცხადა დედამისის მეოთხე შეთავაზებაზე, თხუთმეტიოდე წუთში შემოეტანა ქალიშვილისთვის ,,შესანიშნავი ცხელი ქათმის ბულიონი”, მისის გლასმა ეს შეთავაზება ფეხზე მდგარმა, საერთო ოთახიდან სანახევროდ სამზარეულოში გასულმა, გააკეთა, სახეზე ოპტიმისტური გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ გოგონას ხმამ სასწრაფოდ დააბრუნა თავის სკამზე. მისის გლასს სკამი საერთო ოთახში, რა თქმა უნდა, ფრენის მხარეს ედგა და აქედან დროის უმეტესი ნაწილი, საკმაოდ მოხერხებულად ფხიზლად დარაჯობდა შვილს, მაგრამ თხუთმეტიოდე წუთის წინ, როცა ფრენიმ წამოსადგომად საკმარისი ძალა მოიკრიბა და სავარცხლის ძებნა დაიწყო, დედამ სკამი საწერ მაგიდას მოაშორა და ყავის მაგიდისკენ გადაიტანა, ამჯერად ეს ადგილი უფრო მოსახერხებელი იყო შვილზე დაკვირვების საწარმოებლად, თანაც დამკვირვებელი აქედან ადვილად მისწვდებოდა მარმარილოს ზედაპირზე მოთავსებულ საფერფლეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|