ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2010


ჩანთა

გაგიკვირდება,
რამდენს იტევს ეს ლურჯი ჩანთა.
რამდენ წელსა და რამდენ სეზონს,
თვესა და საათს,
მოყოლებული ათასცხრაასოთხმოცდაექვსის...
თითქოს დამძიმდა.
სწორედ ამიტომ ამ ბოლო დროს
უფრო ხშირად ვხსნი, ან ვხურავ.
მერე ისევ ვხსნი,
რომ უსარჩულო ჯიბეები ამოვაბრუნო
და წვრილ ნივთებად გადმოვყარო მოგონებები,
გადასარჩევად.
ხის შავი ჯვარი,
პირველია რასაც ვეხები,
ვიგონებ როგორ ვატარებდი დაბადებიდან
მსუბუქად, სანამ კითხვის ნიშნებს ჩავანაცვბლებდი,
ახლა კი , როცა დრო ნელ-ნელა ასე  გართულდა...
მე იმ მგზავრივით დამემართა,
შუა გზაში რომ დაისვენა და ტვირთმოხსნილმა,
მერე ვერაფრით ვეღარ შეძლო ტვირთის ტარება.
გაგიკვირდება,
არ დაკარგეს კენჭებმა ფერი, ოცნებებივით,
რახანია, ასე დამქონდა იმ სიზმრებივით,
დედა ჩუმად რომ მიამბობდა ყურთან ძილისწინ.
წერილებივით, შენ რომ მწერდი
და უკონვერტოდ მიტოვებდი ღია სარკმლებთან.
მერე, რატომღაც აერიათ ფრაზებსაც გზები,
წერდი არაფერს,
ბოლოს სვამდი უბრალოდ წერტილს.
ასე უბრალოდ წავიდნენ სხვებიც...
თურმე ცხოვრებას ასე სჩვევია განაწყენება
ამიტომ ვდგები
და არვითვლი
ვდგები
არვითვლი
ვდგები...
ვაბრუნებ ჩემს ჩანთაში თითოეულ ნივთს.
სისულელეა წარსულიდან რამის გადაყრა.
სხეულს ხომ ნაწილს ვერ მოკვეთავ მაშინ როდესაც
აღარაფერი გაუყუჩებს ტკივილის განცდას.
კიდევ დაიტევს
ბევრს დაიტევს
მე კი ხანდახან, სულ უბრალოდ ამოვალაგებ
ჩალაგებამდე,
მანამდე სანამ...

მაინც რამდენი უნდა დაიტიოს პატარა ჩანთამ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები