ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნისაბა
ჟანრი: თარგმანი
25 სექტემბერი, 2010


ჯერომ სელინჯერი, ,,ფრენი და ზუი", ,,ზუი", ნაწილი IV (დასასრული და შენიშვნები)

ადგილშენაცვლებულმა მისის გლასმა ისე ამოიოხრა, როგორც ყოველთვის, როცა ერთ ფინჯან ქათმის ბულიონზე უცხადებდნენ უარს, მაგრამ ეს ოხვრა სრულებით არ წარმოადგენდა დანებების წინაპირობას, რადგან წლების მანძილზე სწორედ ასე პატრულირებდა ნავით შვილების საკვებ არხებში, ქალმა თითქმის იმ წუთშივე დააყოლა:
  - ვერაფრით გამიგია, როგორ შეიძლება ძალა მოიკრიბო, თუ ნორმალური საკვები არ მიიღე, ვწუხვარ, მაგრამ არ მესმის. შენ ხომ უკვე ზუსტად...
  - დედა, გთხოვ, უკვე ოცჯერ გითხარი, არ შეგიძლია საერთოდ აღარ ახსენო ქათმის ბულიონი? გული მერევა... - ფრენი გაჩუმდა და ყური მიუგდო ხმას, - ეს ჩვენი ტელეფონია? - ჰკითხა დედას.
  მისის გლასს ტუჩები მჭიდროდ მოეკუმა და თითქმის წამომდგარიყო ადგილიდან, ნებისმიერი ტელეფონის ზარი, ასეთ დღეში აგდებდა ხოლმე, - ახლავე დავბრუნდები, - დაუბარა შვილს და გავიდა, ამჯერად ჩვეულებრივზე უფრო ხმაურიანად, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს კიმონოდან ლურსმნის მთელი ასორტიმენტი ამოუცვივდა და ოთახში გაიფანტაო.
  ქალი დაახლოებით ხუთი წუთით იყო გასულო ოთახიდან, უკან რომ დაბრუნდა, სახეზე ის განსაკუთრებული გამომეტყველება ჰქონდა, რომელზეც მისი ქალიშვილი, ბო ბო, იტყოდა ხოლმე, ორ რამეს უნდა ნიშნავდეს, ან ბიჭებიდან რომელიმეს ელაპარაკა ტელეფონით, ან კიდევ, ეს-ესაა, ყველაზე სანდო წყაროებიდან შეატყობინეს, რომ მთელი კვირის განმავლობაში დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი განრიგით გაწერილი რეგულარულობით დაიკმაყოფილებს ჰიგიენურ მოთხოვნილებებსო.
  - ბადი გთხოვს ტელეფონთან, - გამოუცხადა ფრენის ოთახში შესვლისთანავე, მრავალწლიანმა ვარჯიშმა მისის გლასი გამოაწრთო, ხმაში გაჟღერებული სიხარულის ნიშნები კარგა გვარიანად ჩაეხშო ხოლმე.
  ფრენის თვალხილულ რეაქციას ამ სიტყვაზე ნაკლებად დაარქმევდით ენთუზიაზმით სავსეს, ეგ კი არა, განერვიულებულიც კი ჩანდა, - საიდან რეკავს? - ჰკითხა დედას.
  - არც კი მიკითხავს, ისეთი ხმა აქვს, მგონი საშინელი სურდო უნდა ჰქონდეს, - მისის გლასი სკამზე აღარ ჩამოჯდა და ფრენის დაადგა თავზე. - სწრაფად წამოდექი, ახალგაზრდა ლედი, შენთან საუბარი უნდა.
  - ასე გითხრა?
  - რა თქმა უნდა! აბა, სწრაფად წამოდექი!.. ოთახის ფლოსტები ჩაიცვი.
  ფრენი ვარდისფერი ზეწრებიდან და ღია ცისფერი ავღანური გადასაფარებლიდან წამოიწია, სახეგაფითრებული დაჯდა ტახტის კიდეზე და დედას შეხედა, ფეხებით ფლოსტებს ეძებდა. - რა უთხარი? - ნერვიულად ჰკითხა ქალს.
  - უბრალოდ, ადექი და ტელეფონთან მიდი, გთხოვ, ახალგაზრდა ლედი, - მიკიბულ-მოკიბულად უპასუხა შვილს, - ცოტა ჩქარა, ღვთის გულისათვის.
  - ალბათ უთხარი, რომ სიკვდილის პირას ვარ, ან რაღაც ამდაგვარი, - უთხრა ფრენიმ, ამაზე პასუხი არ გასცეს, ამიტომ ტახტიდან წამოდგა, მართალია არც ისე სუსტად, როგორც საოპერაციო მაგიდიდან, მაგრამ მის მოძრაობაში იგრძნობოდა მოკრძალება და სიფრთხილე, თითქოს ელოდა, ანდა იმედი ჰქონდა, რომ სუსტ თავბრუსხვევას მაინც იგრძნობდა, ფეხებიც ფრთხილად ჩაჰყო ფლოსტებში, შემდეგ სერიოზული სახით გამოძვრა ყავის მაგიდის უკნიდან და საშინაო ხალათის ქამარი შეიკრა, ერთი წლის წინ ან ცოტა ადრე დაუშვებლად თვითგამანადგურებელ წერილში თავის ძმას, ბადის, წერდა თავის ტანზე, ,,დაუშვებლად ამერიკანიზებულიაო”, მისის გლასმა, ახალგაზრდა გოგონების ტანის დიდმა შემფასებელმა კი მის ყურებაში გაღიმების ნაცვლად ისევ მკაცრად მოკუმა ტუჩები.
  ფრენი როგორც კი თვალს მიეფარა, ქალმა მყისიერად ყურადღება მიაპყრო ტახტს, მზერის მიხედვით ადვილად დაასკვნიდით, რომ იშვიათად თუ იქნებოდა ქვეყნად საგანი, რომელიც მისი მხირიდან ისეთ არმოწონებას დაიმსახურებდა, როგორსაც ეს შესანიშნავი ბუმბულის საბნებიანი ტახტი, რომელიც საწოლად იყო გადაქცეული, გავიდა ყავის მაგიდისა და ტახტის შუა გასასვლელში და მასაჟისტივით გულმოდგინედ შეუდგა ბალიშების ბერტყვა-აფუებას.
  ფრენიმ დერეფანში მდგარი ტელეფონის აპარატი არ გამოიყენა, როგორც ჩანს, ერჩივნა გრძელი გზა გაევლო მშობლების საძინებლებამდე, სადაც ოჯახში ყველაზე პოპულარული აპარატი იდგა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მსვლელობისას გზად არაფერი მნიშვნელოვანი არ შეხვედრია, არც ძალიან ნელა მიდიოდა, მაგრამ არც ფეხს უჩქარებდა, გზადაგზა გოგონამ პირდაპირ სახე იცვალა, ყოველ ნაბიჯზე თითქოს ასაკი აკლდებოდა, გრძელ დერეფანს დამატებული ცრემლების შეშრობით გამოწვეული ეფექტი, დამატებული ტელეფონის ზარი, დამატებული ახლადწასმული საღებავის სუნი, დამატებული ფეხქვეშ გაფენილი გაზეთები ჯამში მისთვის ახალ თოჯინის ეტლს უდრიდდა, ყოველ შემთხვევაში, როგორც კი მშობლების საძინებლის კარს მიაღწია, მისი შესანიშნავად შეკერილი ტაილანდური აბრეშუმის ხალათი, საერთო საცხოვრებლების მომხიბლაობისა და ფატალურობის სიმბოლო, გეგონებოდა, პატარა ბავშვის მატყლის საბანაო ხალათად გადაიქცაო.
  მისტერ და მისის გლასების ოთახში ახლადშეღებილი კედლების მძაფრი და მკვეთრი სუნი იდგა, ავეჯი ერთად შეეგროვებინათ ოთახის შუაგულში და ძველი საღებავით დალაქავებული ბუნებრივი ქსოვილით დაეფარათ, საწოლებიც მოეცილებინათ კედლებისთვის, მაგრამ მათზე მისის გლასის შეკერილი ბამბის გადასაფარებლები ეფარა, ტელეფონი ახლა მისტერ გლასის საწოლის ბალიშზე იდო, როგორც ჩანს, მისის გლასიც ამ აპარატს ანიჭებდა უპირატესობას, ჰოლში, ყველას დასანახად მდგარ აპარატთან შედარებით. ყურმილი გვერდზე იყო გადადებული და ფრენის ელოდა, იყო ამ მოლოდინში რაღაც ადამიანური, შემჩნევის სურვილი... იქამდე რომ მიეღქწია, ფრენის უამრავ გაზეთსა და ცარიელ საღებავის ქილას შორის მოუწია გაძრომა, როგორც იქნა, მიაღწია დანიშნულების ადგილს და იმის ნაცვლად, რომ ყურმილი აეღო, საწოლზე ჩამოჯდა, ჯერ ტელეფონს გახედა, მერე კი თვალი მოაშორა და თმები უკან გადაიწია. ღამის მაგიდა საწოლთან ისე ახლოს იდგა, ფრენის ადგომა არ დასჭირდებოდა, რომ მისწვდომოდა, გოგონამ ხელები შეაცურა მის შალითაში და კარგა ხანს აფათურებდა, სანამ არ იპოვა ფაიფურის პორტსიგარი და სპილენძის ბუდეში ჩასმული ასანთის კოლოფი. გოგონამ სიგარეტს მოუკიდა, შემდეგ კი კიდევ ერთი  ხანგრძლივი და მეტისმეტად შეშფოთებული მზერა შეავლო ტელეფონს. უნდა ითქვას, რომ უფროსი ძმის, სეიმორის, გარდა ყველა ძმას ტელეფონში მეტისმეტად მჟღერი და ძლიერი ხმა ჰქონდა და სწორედ ამ საათში ფრენი, როგორც ჩანს, ვერაფრით ახერხებდა, გადაეწყვიტა, ამ ტემბრის ხმის გაგონება ტელეფონში, რომ არაფერი ვთქვათ სიტყვების მოსმენაზე, ბოლოს, როგორც იქნა, ძალა მოიკრიბა, ნერვიულად დაარტყა ნაფაზი და საკმაოდ თამამად აიღო ყურმილი.
  - ალო, ბადი, - თქვა მან.
  - გამარჯობა, სიხარულო, როგორ არის საქმეები, ხომ კარგად ხარ?
  - მე კარგად ვარ, შენ? ისეთი ხმა გაქვს, მგონი გაცივებული ხარ, - ამ სიტყვებს დაუყოვნებლივ არ მოჰყოლია პასუხი, ამიტომ გოგონამ განაგრძო, - ალბათ ბესი მთელი საათი ჩემზე გელაპარაკა, არა?
  - ჰო, შეიძლება ასეც ითქვას, ჰოც და არაც, ხომ კარგად ხარ, ჩემო ტკბილო?
  - კარგად ვარ, რა სასაცილო ხმა გაქვს, ან საშინლად ხარ გაცივებული, ან საზიზღარი კავშირია, კი მაგრამ, სადა ხარ?
  - სადა ვარ? - ჩემს სტიქიაში ვარ, სიხარულო, გზის პირას, საყვარელ სახლში, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მოდი, უბრალოდ ვისაუბროთ.
  ფრენიმ ფეხი ფეხზე დაგაიდო, - არც კი ვიცი... რაზე გინდა რომ ვისაუბროთ? - უთხრა ძმას, - ბოლოს და ბოლოს, რა გითხრა ბესიმ?
  ხანგრძლივი, ბადისთვის დამახასიათებელი უფროსობის შეგრძნებით გაჟღენთილი დუმილი ჩამოწვა, ზუსტად ისეთი, ფრენის და ყურმილის მეორე მხარეს მყოფი ვირტუოზის მოთმინებას რომ სცდიდა ხოლმე მთელი ბავშვობა.
  - რა გითხრა, სიხარულო, ბოლომდე არც კი ვიცი, გარკვეული ხნის შემდეგ ბესის მოსმენა ცოტა არ იყოს, სირცხვილიც კია, ერთი ეგ გავიგე, რომ ყველიანი ბუტერბროდების დიეტას იცავ და, რა თქმა უნდა, პილიგრიმის წიგნზეც მიამბო, ამის შემდეგ ყურმილი ყურთან მქონდა მიტანილი, მაგრამ ერთი სიტყვაც აღარ გამოგონია, ხომ გესმის...
  - ოჰ, - თქვა ფრენიმ, სიგარეტი ტელეფონის ყურმილიან ხელში გადაიტანა, თავისუფალი ხელით ღამის მაგიდის გადასაფარებელი ქსოვილის ქვეშ შემალული თიხის საფერფლს გამოიღო და საწოლზე გვერდით დაიდო. - რა სასაცილო ხმა გაქვს, - თქვა ისევ, - გაცივდი, თუ რა დაგემართა?
  - არა, თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ჩემო ტკბილო, ვზივარ აქ, გესაუბრები და შესანიშნავად ვარ, შენი ხმის გაგონება ისე მიხარია, სიტყვებიც არ მყოფნის...
  ფრენიმ კიდევ ერთხელ გადაიყარა თმები უკან ცალი ხელით და აღარაფერი უთქვამს.
  - ჩემო პატარავ, ბესის დარჩა რამე სათქმელი? იქნებ გამორჩა რამე...
  ფრენიმ თითებით შეუცვალა ადგილი ციცქნა საფერფლეს საწოლზე. - ჰო, - თქვა შემდეგ,  - მთელი დილა ზუი მადგა თავზე...
  - ზუი? როგორ არის?
  - როგორ არის და შესანიშნავად, პირდაპირ შესანიშნავად, რომ შემეძლოს, სიამოვნებით მოვკლავდი, სულ ესაა.
  - მოკლავდი? რატომ, რატომ, სიხარულო? რატომ მოკლავდი ჩვენს ზუის?
  - იმიტომ რომ ასე მსურს, სულ ესაა, პირდაპირ მანადგურებს, მსგავსი ცხოვრებაში არავინ შემხვედრია,აQ@ რა საჭიროა ასე მოქცევა, არ მესმის. ჯერ თავს მესხმის იესოს ლოცვის გამო, რომელმაც რატომღაც ამ ბოლოს დამაინტერესა, და მარწმუნებს, რომ ისტერიით დაავადებული სულელი ვარ, რაკი ამით დავინტერესდი, ზუსტად ორიოდ წუთის შემდეგ კი შეშლილივით მიმტკიცებს, რომ იესო ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც ბრწყინვალე გონების გამო პატივს სცემს, და ასე შემდეგ... ასეთი მერყევი ხასიათი აქვს. - საშინელ წრეს უვლის გარს...
  - მიდი, მიდი, განაგრძე, კიდევ მომიყევი ამ საშინელ წრეზე.
  ფრენიმ უცებ თავი ვეღარ შეიკავა და მოუთმენლად ჩაიფრუტუნა...ამასობაში,  როგორც ჩანს, სიგარეტის ბოლიც ჩაეყლაპა და დაახველა.
  - მოგიყვე? ამისთვის მთელი დღეც არ მეყოფა. - ყელზე ხელი მიიფარა და უსიამოვნო შეგრძნების გავლას დაელოდა. - პირდაპირ ურჩხულია, თქვა შემდეგ, - ურჩხული! შეიძლება ამ სიტყვის არაპირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ... არც კი ვიცი, რა გითხრა, ყველაფერზეა გამწარებული, რელიგიაზე, ტელევიზიაზე, შენსა და სეიმორზე... ამბობს, რომ თქვენ, ორივემ, ახირებულები და უცნაურები გაგვხადეთ. არც კი ვიცი, ერთი რაღაციდან მეორეზე ხტება...
  - რატომ გაგხადეთ ახირებულები? ვიცი, ამას რომ ფიქრობს, ან ჰგონია, რომ ასე ფიქრობს, მაგრამ არ გითხრა, რატომ? რას ნიშნავს მაგისთვის ახირებული? არ უთქვამს, სიხარულო?
  ამ გულუბრყვილო შეკითხვით სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ფრენიმ შუბლზე მიირტყა ხელი, ასე მას შემდეგ აღარ მოქცეულა, რაც ხუთი თუ ექვსი წლის წინ ლექსინგტონ ავენიუსკენ მიმავალ ავტობუსში აღმოაჩინა, რომ კაშნე დარჩა კინოში.
  - რას ნიშნავს? - თქვა მან, - რა ვიცი, მაგას ყველაფრის ორმოცნაირი ახსნა-განმარტება გააჩნია, ცოტა არ იყოს არეული თუ გეჩვენები, აი, ესაა მიზეზი, მაგალითად, წუხელ მეუბნება, რომ ახირებულები ვართ, რადგან ერთნაირი პრინციპებით აღგვზარდეს ყველა, ათი წუთის შემდეგ კი არ უნდა, ვინმეს შეხვდეს და დასალევად გაჰყვეს, მხოლოდ ერთხელ...
  - რა არ უნდა?
  - ვინმეს დასალევად გაჰყვეს...… წუხელ უნდა წასულიყო და ტელესცენარისტთან ერთად დაელია ვილიჯში... მაგას რომ ჰკითხო,  თუ ვენმესთან ერთად დასალევად წასვლა ესიამოვნებოდა, ან მკვდარია, ან კიდევ სადმეა გადაკარგული, არც ის უნდა, ვინმეს სადილზე დაეწვიოს, თუ დარწმუნებული არაა, რომ ის ადამიანი ან ქრისტეა ან ბუდა, ან ჰუი ნენი, ან შანკარაჩარია... ფრენიმ უცებ სიგარეტი უხერხულად ჩააქრო ციცქნა საფერფლეზე, მეორე ხელი დაკავებული ჰქონდა და ვერ ახერხებდა, მყარად დაეჭირა ნივთი.
  - იცი, კიდევ რა მითხრა? - განაგრძო გოგონამ, - წუხელ მიმტკიცებდა ერთი ჭიქა ჯანჯაფილის ელი დავლიე იესო ქრისტესთან ერთად სამზარეულოში, რვა წლის რომ ვიყავიო და თან მეფიცებოდა, არ გატყუებო, მისმენ?
  - გისმენ, გისმენ, სიხარულო!
  - ზუსტად ასე მითხრა: ,,მაგიდასთან ვიჯექი სამზარეულოში, ჩემთვის წყნარად, ერთ ჭიქა ჯანჯაფილის ელს ვსვამდი, მარინადს მივირთმევდი და ,,დომბი და მისი ვაჟი” მეკავა ხელში, ვკითხულობდი, როცა უეცრად მეორე სკამს იესო ქრისტე მიუჯდა და მთხოვა, ერთ პატარა ჭიქა ელს მეც ხომ არ დამალევინებო.”
- წარმოგიდგენია? ერთ სიტყვასაც არ ვამატებ, ასეთ სისულელეებს მიყვება და მერე ჰგონია, რომ ჩემი დარიგება შეუძლია, აი, ეს მაგიჟებს სწორედ! ლამის გავსკდე ბრაზით! ისეთი შეგრძნება მაქვს ამ დროს, თითქოს საგიჟეთში ვარ და ჩემნაირი გიჟი პულსს მისინჯავს ან რაღაც ამდაგვარი... საშინელებაა, სულ ამ სისულელეებს როშავს დაუსრულებლად, მაგრამ თუ სასწაული ხდება და ცოტა ხნით ჩუმდება, მხოლოდ იმისთვის, რომ ის თავისი აქოთებული სიგარა მოწიოს, მთელს სახლში ამ საშინელი სიგარების სუნი დგას, ისე ცუდად ვარ ამ სუნისგან, რომ ლამისაა, გადავბრუნდე და სული განვუტევო.
  - სიგარა ბალასტია, სიხარულო, ეგ აკავებს დედამიწაზე, რომ არ მოსწიოს, მიწას მოსწყდება და ჩვენს ზუის ვეღარასოდეს ვნახავთ.
  გლასების ოჯახში არაერთი სიტყვამოსწრებული იყო, მაგრამ სივრცეში ასე კარგად ორიენტირებას და ამ ფრაზის ასე საიმედოდ ყურმილისთვის მორგებას მხოლოდ ზუი თუ შეძლებდა, ყოველ შემთხვევაში, ამ ამბის მთხრობელი ასე ფიქრობს და ეს ფრენისაც უნდა ეგრძნო, ასეა თუ ისე, გოგონა ნელა წამოდგა საწოლის კიდიდან და ყურმილს ჩასძახა:
  - კარგი, ზუი, კარგი!
  - უკაცრავად, ვერ გავიგე, რა თქვი? - მოისმა იქიდან არც ისე მალე.
  - კარგი, ზუი-მეთქი, გითხარი.
  - ზუი? ეს რაღააა?.. ფრენი, სად წახვედი?
  - აქ ვარ, ახლავე შეწყვიტე, გესმის? ვიცი, რომ შენ ხარ.
  - რას ამბობ, ჩემო ტკბილო, ეს რას ნიშნავს? ზუი ვინაღაა?
  - ზუი გლას, - უთხრა ფრენიმ, - ახლავე შეწყვიტე, სულაც არაა სასაცილო, სხვათა შორის, ძლივს...
  - გრასი, არა? ზუი გრასი? ნორვეგიელი? ჩასკვნილი ქერა ათ...
  - კარგი-მეთქი, ზუი, შეწყვიტე ახლავე, საკმარისია! სულაც არაა მეთქი სასაცილო... თუ ძალიან გაინტერესებს, საშინლად ვარ, ასე რომ, თუ რაღაც განსაკუთრებული არ გაქვს ჩემთვის სათქმელი, ყურმილი დადე და თავი დამანებე!
  ბოლო წინადადება ფრენიმ უჩვეულო ხაზგასმით წარმოთქვა და ისე მიუგდო ძმას, თითქოს ეს-ესაა გადაიფიქრებსო...
  ყურმილის ბოლოში გაუგებარი სიჩუმე გამეფდა, ფრენისაც გაურკვეველი რეაქცია ჰქონდა, რაღაცნაირად შეაწუხა ამ დუმილმა, ისევ ჩამოჯდა საწოლის კიდეზე, - ყურმილის დაკიდებას არ ვაპირებ, მაგრამ, როგორ გითხრა, ძალიან დავიღალე, ზუი, ძალა მაქვს გამოცლილი, გულახდილად გეუბნები, - თქვა და პასუხს დაელოდა, მაგრამ ამაოდ, გოგონამ ისევ გადაიდო ფეხი ფეხზე, - შენ მთელი დღე შეგიძლია ასე იმაიმუნო, მე კი არ შემიძლია, უბრალოდ, ვზივარ და გისმენ და მაინცდამაინც არ მსიამოვნებს, შენ გგონია, ამ ქვეყნად ყველა რკინისაა? - ისევ მიაყურადა, შემდეგ კი საუბრის გაგრძელება გადაწყვიტა, მაგრამ ჩახველების ხმა მოესმა და გაჩუმდა.
  - სულაც არ ვფიქრობ, რომ ყველა რკინისაა, მეგობარო!
  ამ უბრალო წინადადებამ ფრენი დუმილზე მეტად შეაწუხა, სასწრაფოდ ამოიღო სიგარეტი ფაიფურის პორტსიგარიდან, მაგრამ არ მოუკიდა.
  - კარგი, ჩავთვალოთ, რომ ასეა, - გოგონა ისევ გაჩუმდა, ყური მიუგდო, დაელოდა... - გინდოდა რამე? - თქვა უეცრად, - იქნებ მართლა რაღაც გაქვს სათქმელი...
  - არა, არა, ისეთი არაფერი...
  ფრენი დაელოდა და ზუის ხმაც გაისმა.
  - ალბათ იმიტომ დაგირეკე, რომ მეთქვა, განაგრძო იესოს ლოცვის კითხვა, თუ ასე ძალიან გინდა, ეს შენი საქმეა, ან რას ვერჩი, შესანიშნავი ლოცვაა და არავის მისცე უფლება, საპირისპიროში დაგარწმუნოს!
  - ჰო, ვიცი, - თქვა ფრენიმ და განერვიულებული დასწვდა ასანთის კოლოფს.
  - არა მგონია, სერიოზულად გამევლო გულში, შენთვის ამ ლოცვის წარმოთქმა შემეწყვეტინებინა, არა მგონია... აღარც კი ვიცი, აღარც კი ვიცი, ეს სულელური აზრი გულში როგორ გავივლე... დარწმუნებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, უფლება არ მაქვს, წინასწარმეტყველივით გელაპარაკო, არადა ასე ვიქცეოდი ცოტა ხნის წინ, ისედაც ბევრი წინასწარმეტყველი გვყავს ოჯახში, ეს ამბავი მაწუხებს, ძალიან მაწუხებს...
  ფრენიმ ზუის ხანმოკლე პაუზით ისარგებლა და წელში ისე გასწორდა, თითქოს ჯდომის უფრო მოხერხებული პოზა უახლოეს მომავალში აუცილებლად გამოადგებოდა.
  - მაწუხებს კი არა, მაშინებს, მაგრამ ვერ მანადგურებს. მოდი, პირდაპირ გეტყვი, ერთი რამ გავიწყდება, მეგობარო, როცა პირველად გაგიჩნდა მოთხოვნილება, ეს ლოცვა წარმოგეთქვა, დედამიწის ოთხივე კუთხეს კი არ მიაწყდი მასწავლებელი რომ გეპოვა, ჯერ სახლში მოხვედი, მერე ეგეც არ იკმარე და ისტერიკაც დაიმართე, არადა კარგად რომ მიმოგეხედა ირგვლივ, მიხვდებოდი, რომ ჩვენგანაც შეძლებდი დაბალხარისხოვანი სულიერი რჩევების მიღებას, თანაც ის მაინც გეცოდინებოდა, რომ ამ საგიჟეთში ცუდს არავინ გაივლებდა გულში, რაც არ უნდა იყოს, ჩვენი ნდობა მაინც შეიძლება, მეგობარო. 
  ფრენიმ უეცრად ცალი ხელი გამოსწია სიგარეტის მოსაკიდებლად, ასანთის კოლოფი საკმაოდ წარმატებულად გახსნა, მაგრამ ისე უხერხულად გაკრა, რომ ძირს მოისროლა, გოგონა სწრაფად დაიხარა და კოლოფი აიღო, მაგრამ მიმოფანტული ასანთის ღერები არ აუკრეფია. O
  - ერთ რამეს გეტყვი, მეგობარო, იმას, რაც კარგად ვიცი და არ გაბრაზდე, ცუდი არაფერია... თუ მაინცდამაინც რელიგიურად გინდა იცხოვრო, უნდა გესმოდეს, რომ არც აქაური რელიგიური რიტუალების უგულვებელყოფის უფლება გაქვს, არ შეიძლება უარი თქვა, როცა ვიღაცას ნაკურთხი ქათმის ბულიონი შემოაქვს ფინჯნით, სწორედ ის ბულიონი, რომელსაც ბესი ყველას გვიმზადებს, უბრალოდ, მითხარი, მითხარი დაიკო, თუნდაც წასულიყავი და მთელი ქვეყანა შემოგევლო მასწავლებლის ძებნაში, გურუ იქნებოდა თუ რომელიმე წმინდანი, რომელიც გასწავლიდა, როგორ წარმოგეთქვა იესოს ლოცვა, კარგს რას მოგიტანდა ეს? როგორ იცნობდი წმინდანს, თუ ცხვირწინ დადებული ნაკურთხი ქათმის ბულიონის დანახვა არ შეგიძლია? იქნებ, მითხრა?
  ფრენი ახლა უჩვეულოდ წელში გამართული იჯდა.
  - უბრალოდ, გეკითხები, გასაბრაზებლად კი არ გეუბნები, ხომ არ მიბრაზდები?
  ფრენიმ უპასუხა, მაგრამ როგორც ჩანს პასუხმა ადრესატამდე ვერ მიაღწია.
  - რაო, რა თქვი? ვერ გავიგონე.
  - არა-მეთქი, გითხარი.. საიდან რეკავ? სად ხარ ახლა?
  - ოჰ, რა მნიშვნელობა აქვს, სად ვარ? სამხრეთ დაკოტაში, პიერიში, ღმერთმანი,  მოსმინე, ფრენი, ბოდიშს გიხდი, თუ რაიმე არ მოგწონს და გთხოვ, არ გაბრაზდე, უბრალოდ, მისმინე, ერთი თუ ორი რამ მაქვს სულ სათქმელი და ამით დავამთავრებ, გპირდები, იცი, მე და ბადი რომ ჩამოვედით შენს საყურებლად გასულ ზაფხულს და შენი სპექტაკლი რომ ვნახეთ ერთ საღამოს? ცხელი ზაფხულის ღამე იყო... იცოდი იქ რომ ვიყავით?
  პასუხი არ ისმოდა, ფრენი წამოდგა, მერე კი ისევ დაჯდა, საფერფლე ისე გასწია გვერდზე, თითქოს ძალიან უშლიდა ხელს, - არა, არ ვიცოდი, - ამოღერღა ბოლოს, - არ ვიცოდი.
  - ჰო, ვიყავით და უნდა გითხრა, მეგობარო, რომ კარგი იყავი და მე თუ ვამბობ, კარგი იყავი-მეთქი, ესე იგი, მართლა ასე იყო, მთელი ის აბდაუბდა შენ მიგყავდა, მზეზე გარუჯული ასთაკვებით შემდგარმა აუდიტორიამაც კი იგრძნო ეს, ახლა კი ვგებულობ, რომ თეატრი სამუდამოდ მიატოვე, ჩემამდეც მოაღწია ამ ამბავმა, ისიც კარგად მახსოვს, რა სცენები გამართე სეზონის ბოლოს, ო, როგორ მაღიზიანებ, ფრენი! ვწუხვარ, მაგრამ ასეა, გასაოცარი აღმოჩენაც გააკეთე მაშინ, დაასკვენი, რომ მთელი დასი ვაჭრებითა და ყასბებით იყო სავსე, ეგ კი არა, მგონი ისიც კი გადარდებდა, შვეიცრები რომ არ იყვნენ გენიოსები, რა გემართება, მეგობარო? ტვინი სადღა დაკარგე? შეიძლება უცნაური განათლება გაქვს მიღებული, მაგრამ გამოიყენე რაც იცი, შეგიძლია იესოს ლოცვა განკითხვის დღემდე იმეორო, მაგრამ თუ ვერ შეიგნებ, რომ რელიგიური ცხოვრების დასაყრდენი უარყოფაა, წინ ერთი ინჩითაც ვერ წაიწევ, უარყოფა, მეგობარო, და მხოლოდ უარყოფა, სურვილის უარყოფა, ,,ძლიერი სურვილის დაძლევა”, სურვილის გამკლავება აქცევს ადამიანს პირველხარისხოვან მსახიობად, რატომ მამეორებინებ იმას, რაც უჩემოდაც კარგად იცი? სადღაც, ჯაჭვის რომელიღაც რგოლში ჩაუთქვი, რომ მსახიობი ყოფილიყავი, თანაც კარგი მსახიობი, ახლა კი თავს ვეღარ აღწევ ამ სურვილს, საკუთარ ძლიერ სურვილს ვერ გამკლავებიხარ, მიზეზი და შედეგი, მეგობარო, მიზეზი და შედეგი... ერთადერთი სწორი რელიგიური ქმედება შენი მხრიდან ახლა თამაშია, ითამაშე ღმერთისთვის, ღვთის მსახიობი იყავი, თუ ასე გინდა, რა უნდა იყოს ამაზე მშვენიერი? ბოლოს და ბოლოს, სცადე მაინც, მცდელობაში ხომ ცუდი არაფერია...
  ყურმილის ორივე მხარეს ისევ ხანმოკლე დუმილმა დაისადგურა, - და გირჩევნია, საქმეს მოჰკიდო ხელი, დაიკო, ქვიშის საათი იცლება, ყოველ წყეულ წუთს გითვლის,  ვიცი, რასაც გეუბნები, ბედნიერი უნდა იყო, ცხვირის დაცემინების საშუალება მაინც რომ გაქვს ამ საოცარ სამყაროში.
  პაუზა, ისევ მცირე ხნით და... - ძალიან მაწუხებს ეს ამბავი, ძალიანზე მეტადაც კი, ბოლოს და ბოლოს, ჯერ ისევ შეყვარებული ვარ იორიკის* თავზე, ყოველთვის მეყვარება იორიკის თავი, რომ მოვკვდები, მეც მინდა, ღირსეული თავის ქალა დავუტოვო შთამომავლობას, დაიკო, უდიდესი სურვილი მაქვს, ჩემი თავის ქალაც იორიკისას ჰგავდეს, შენც გინდა, არა, ფრენი გლას? ჰო, ჰო, გინდა... ო, ღმერთო, რა აზრი აქვს ლაპარაკს? ჯერ თუ ვერ გაგირკვევია, როგორ გინდა მოკვდე ან რა უნდა გააკეთო სიცოცხლეში, თუ იმას ვერ მიმხვდარხარ ჯერ, რომ მსახიობობა გინდა, რა აზრი აქვს ჩემს სიტყვებს?
  ფრენი ახლა იჯდა და ლოყაზე ისე ედო ხელი, თითქოს კბილი სტკივაო.
  - კიდევ ერთიც და ვამთავრებ, გპირდები. აი, იმაზე მინდოდა მეთქვა, შტერ აუდიტორიას რომ უწოდებდი მაყურებელს, მეხუთე რიგიდან წამოსული ,,სულელური სიცილი” რომ გაღიზიანებდა, მართალი ხარ, ზოგჯერ წარმოუდგენელ  სასოწარკვეთილებაში გვაგდებს მაყურებელი, განა მართალი არ ხარ? მაგრამ ეს ჩვენი საქმე არ არის, ფრენი, დამიჯერე, მსახიობი მხოლოდ საკუთარი სრულყოფისკენ უნდა ისწრაფოდეს და თანაც ისეთი სრულყოფისკენ, როგორიც თავად წარმოუდგენია, სხვის ჭკუაზე კი არ უნდა იაროს, ასეთ რამეებზე არ უნდა იფიქრო, გესმის? ხომ ხვდები, რისი თქმა მინდა?

  კვლავ დუმილი... ორივე დუმდა ყოველგვარი მოუთმენლობისა და უხერხულობის გრძნობის გარეშე, ფრენის თითქოს ისევ კბილი ტკიოდა, ხელი ლოყაზე ედო, მაგრამ გამომეტყველება ნამდვილად არ ჰქონდა ტკივილით აღსავსე. 
  ხაზის მეორე ბოლოდან ისევ გაისმა ხმა, - მახსოვს, მეხუთედ რომ წავედი ,,ჭკვიანი ბავშვის” ჩაწერაზე, რამდენჯერმე შევენაცვლე უოლტს თუ გახსოვს, უცებ გავჭირვეულდი, სეიმორმა მთხოვა, ფეხსაცმელები გაიპრიალეო, მე კი უკვე ვეიკერთან ერთად კარისკენ მივდიოდი, გავბრაზდი, ვერ მივხვდი, რატომ უნდა გამეპრიალებინა, როცა გონებაჩლუნგი მსმენელი მყავდა, გონებააჩლუნგი წამყვანი და გონებაჩლუნგი დამფინანსებელი, რატომ უნდა გავიპრიალო ფეხსაცმელები ამათი გულისთვის, თანაც როცა არც კი მოჩანს ისინი ჩემი ადგილიდან-მეთქი, ვუთხარი სეიმორს, მან კი მთხოვა, მაინც გააპრიალეო, ძალიან რომ გავჭირვეულდი, ესღა მითხრა, ,,მსუქანი ქალბატონის” ხათრით მაინც დამიჯერეო, აზრზე არ ვიყავი, ვინ იყო ეს ,,მსუქანი ქალბატონი”, მაგრამ ისეთი სეიმორული სახით მითხრა, დავემორჩილე. ჩვენს უფროს ძმას არასოდეს უთქვამს, ვინ იყო ეს ,,მსუქანი ქალი”, მაგრამ უკვე ყოველდღე ვიპრიალებდი ფეხსაცმელებს მისი ხათრით მთელი ის წლები, სანამ ,,ჭკვიანი ბავშვი” გადიოდა ეთერში, სულ რაღაც ორჯერ დამავიწყდა გაპრიალება, გონებაში ამ ,,მსუქანი ქალის” ძალიან მკაფიო სურათი ჩამებეჭდა, ვხედავდი, როგორ იჯდა სადარბაზოში მთელი დღე, ბუზებს იგერიებდა და ღამე მთელ ხმაზე აღრიალებდა რადიოს, საშინელი სიცხე იყო, ქალს ალბათ კიბოც ტანჯავდა, აღარც კი ვიცი... ყოველ შემთხვევაში, უკვე ვიცოდი, რატომ უნდოდა სეიმორს, რომ ფეხსაცმელები გამეპრიალებინა სანამ ეთერში გავიდოდა გადაცემა, ამ წარმოსახვითმა არსებამ მისცა აზრი ჩემს ქმედებას...
  ფრენი უკვე ფეხზე იდგა, სახიდან ხელი ჩამოეღო და ყურმილს ორივე ხელით ჩაფრენოდა, - მეც მითხრა ეგ, - ჩასძახა ყურმილს, - ერთხელ მთხოვა, ცოტა უფრო მხიარული იყავი ,,მსუქანი ქალის” გულისთვისო, - ხელი უშვა ყურმილს და თავზე დაიდო, შემდეგ კი ისევ ორივე ხელით ჩაბღუჯა, - მე ის სადარბაზოში მჯდარი არ წარმომედგინა, მაგრამ ძალიან მსხვილი და ვენებდაბერილი ფეხები ჰქონდა, მოწნულ სავარძელში იჯდა, კიბოთიც იყო დაავადებული და შენი არ იყოს, ჩემს წარმოდგენაშიც მთელ ხმაზე აღრიალებდა რადიოს, ჩემიც ასეთი იყო!
  - ჰო, ჰო, კარგი, ცოტაც დამაცადე მეგობარო, დავამთავრო... მისმენ?
  ფრენი უკიდურესად დაიძაბა და თავი დაუქნია.
  - სულ ერთია, სად ითამაშებს მსახიობი, საზაფხულო დასი იქნება, რადიო თუ ტელევიზია, გნებავთ, ბროდვეის თეატრი იყოს, ყველაზე მოდური გამაძღარი გარუჯული მაყურებლით... ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, მისმენ? ყველა ის ,,მსუქანი ქალბატონია”, სეიმორის ,,მსუქანი ქალბატონი”, შენი პროფესორი ტრუპერიც კი, თავისი თორმეტივე ბიძაშვილით, უკლებლივ ყველგან სეიმორის ,,მსუბუქი ქალბატონი” დაიგულე... გაგიმხილო საიდუმლო? იცი, სინამდვილეში ვინაა ,,მსუქანი ქალბატონი”?.. ეჰ, დაიკო, დაიკო, როგორ ვერ მიხვდი, ეს ხომ იესო ქრისტეა, თვით ქრისტე!
  სიხარულსგან ფრენიმ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ისევ ყურმილს ჩააფრინდა ორივე ხელით.
  სრული ორი წუთი აღარაფერი თქმულა, აღარც ზუის გაუგრძელებია საუბარი, უბრალოდ, დასძინა, - მეტს ვეღარ გელაპარაკები, დაიკო, - და ყურმილის დადების ხმაც გაისმა.
  ფრენიმ ჩუმად ამოიოხრა, მაგრამ ყურმილი ყურიდან აღარ მოიცილა, კავშირის გაწყვეტას დაკავების ზარი მოჰყვა, გოგონას ეს ხმა, როგორც ჩანს, ძალიან ესიამოვნა, რადგან დუმილს არღვევდა, მაგრამ იმასაც მიხვდა, მოსმენა აუცილებლად უნდა შეეწყვიტა, მთელი სამყაროს სიბრძნე ხომ უცებ თვალწინ გადაეშალა... ყურმილი რომ დაკიდა, უკვე ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა, საწოლიდან სიგარეტი, ასანთი და საფერფლე გადადო, ლოგინს ბამბის გადასაფარებელი გადააძრო, ფლოსტები გაიხადა და ჩაწვა, სანამ ღრმა და უსიზმრო ძილი წაიღებდა, გოგონა უბრალოდ ჩუმად იწვა და ჭერს უღიმოდა.
  შენიშვნები
1. გვ. 1 ტრანსცენდენტური – იდეალისტურ ფილოსოფიაში: შესაძლო ცდის გარეთ არსებული, შემეცნებისათვის მიუღწეველი
2. გვ 3  ,,სამუდამოდ დამატყვევებელი”... - პერიფრაზი ცნობილი ინგლისელი პოეტის, ჯონ კიტსის პოემიდან ,,ენდიმიონი”
3. გვ. 4  ბანკუოს მოჩვენება - პერსონაჟი უ. შექსპირის ,,მაკბეტიდან”
4. გვ. 6  კიბუცი – ებრაული საერთო საცხოვრებელი
5. გვ. 7  ,,დიამონდ სუტრა”  - ერთ-ერთი ბუდისტური წმინდა წიგნი
6. გვ. 7  მუნდაკა უფანიშადები - უფანიშადების კომენტარები, დაწერილი შანკარას მიერ, უფანიშადები, თავის მხრივ, ჰინდუზე შექმნილი რელიგიური სწავლებაა ჰინდუისტურ რელიგიაში.
7. გვ. 8  ზუმ Bეისპიელ – (გერმ) მაგალითად.
8. გვ. 8  ანა მანიანი - მე-20 საუკუნის 40-60-იანი წლების ცნობილი იტალიელი მსახიობი ქალი
9. გვ. 8  დიმიტრი პოპკინი - რუსი მუსიკოსი
10. გვ. 8    მოლოტოვი - ნამდვილი სახელი ვიაჩესლავ მიხეილის ძე სკრიაბინი, საბჭოთაA კავშირის პოლიტიკური მოღვაწე.
11. გვ. 8  მილტონ ბერლი  - ამერიკელი კომედიანტი და მსახიობი, ემმის მფლობელი, მოღვაწეობდა მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებში
12. გვ. 8  გუბერნატორი დევეი  - თომას ედმუნდ დევეი, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი 1942-1954 წწ.
13. გვ. 8  ზა ზა გაბორი ¬- უნგრელი მსახიობი, ყოფილი სილამაზის დედოფალი
14. გვ. 8  დოქტორი ბენჯამენ გეილორდ გაუსერი - (1895-1984) ამერიკელი დიეტოლოგი და ბესტსელერების ავტორი
15. გვ. 8  ჯორჯ ჯესელი - (1898-1981) ამერიკელი მსახიობი და კომპოზიტორი.
16. გვ. 8    ჩარლზ დე რიცი
17. გვ. 8  პინტი - სითხეებისა და ფხვიერ ნივთიერებათა ინგლისური საზომი, უდრის 0,568 ლიტრს
18. გვ. 9  ჰაიკუ - სამსტრიქონიანი იაპონური ლექსი
19. გვ. 10 არჰატი - იგივე არიჰანტა ( არი- ,,მტერი”, ჰანტა - ,,გამანადგურებელი”)ინდური ტრადიციის მიხედვით ის, ვინც ნირვანას მისაღწევად ამარცხებს ვნებებს.
20. გვ. 10  ბოდჰისატვა - (ბოდჰი - ,,განათლებული”, სატვა - ,,არსებობა”) ბოდჰისატვად იწოდებოდა გმირი ან ბრძენი, რომელიც ცდილობდა ყველა ცოცხალი არსების სასარგებლოდ მოტივირებული ყოფილიყო ბოდჰისიტათი.
21. გვ. 10  ჯივანმუკტა - ჰინდუიზმის ადვაიტა ფილოსოფიის მიხედვით ის, ვინც ახერხებს თვითრეალიზაციას
22. გვ. 10 სიდჰართა გაუტამა - იგივე ბუდა, შაკიების ტომის ბელადი, ბუდიზმის ფუძემდებელი.
23. გვ. 10  ლაო-ძი - ძვ. წ. VI-V საუკუნეების ჩIნელი ფილოსოფოსი, კონფუცის უფროსი თანამედროვე, მისი მოძღვრება გადმოცემულია წიგნში ,, დაო დეძინი”
24. გვ. 10 შან-კარაჩარია - პიროვნება, რომელმაც საფუძველი დაუდო ჰინდუიზმში ახალი ფილოსოფიურ მიმდინარეობას, ადვაიტა ვედანტას.
25. გვ. 10  ჰუი-ნენგი - (638-713) ჩინელი ბრძენი, ძენ ბუდიზმის რიგით მეექვსე პატრიარქი
26. გვ. 10 შრი რამაკრიშნა - დიდი ინდოელი სულიერი მოძღვარი, რომლის მოძღვრებაც ოსტატმა მაჰაშაიამ ჩაიწერა და შემოგვინახა
27. გვ. 10 ფრიდრიხ მაქს მიულერი – (1823-1900) გერმანელი ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, ინდოლოგი, ავტორი 50 ტომიანი ნაშრომისა, “აღმოსავლური წმინდა წიგნები”, რომლებშიც შესულია აღმოსავლური წმინდა ტექსტების ინგლისური თარგმანები.
28. გვ. 12 ქებათა-ქება, 2;15 ,,დაგვიჭირეთ პატარა მელიები, ვენახთა მომსპობი, რადგან ჰყვავის ვენახები ჩვენი”
29. გვ. 12 ,,...ზოგჯერ მკვდარს წარმოვიდგენ ჩემს თავს წვიმაში”- ე. ჰემინგუეი, ,,მშვიდობით იარაღო”, გვ.
30. გვ. 14 შავ-ყვითლები – ირლანდიაში 1919-1921 წ.წ. ამბოხების ჩასახშობად გაგზავნილი ბრიტანული ჯარის ნაწილის სახელწოდება.
31. გვ. 15 ფარმაეცევტული ნარცისების ოქროს კოლექცია –  პერიფრეაზი ინგლისელი პოეტის, უ. ვორდსვორტის (1770-1850) ლექსისა ,,ნარცისები”
32. გვ. 29 დჰარმა - ბუდიზმში – მოძღვრება, რომელსაც ქადაგებს ბუდა, ჰინდუიზმში – სამყაროსა და ადამიანის მორალურ უფლებათა მარეგულირებელი წესრიგი
33. გვ. 32  ,,ილოცეთ განუწყვეტლივ...” - პავლე მოციქულის პირველი წერილი თესალონიკელთა მიმართ, 5;17
34. გვ. 32  ,,ამიტომ, ჩემი სურვილია, რომ ყველგან ლოცულობდნენ კაცები...”, პავლე მოციქულის პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ, 2;8
35. გვ. 32  ,,მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ...” – ლუკას სახარება, 21;36
36. გვ. 34  დოქტორი ჰომერ ვინსენტ კლოდ პირსონ უმცროსი – როგორც ჩანს, ეს ზუი გლასის გამოგონილი ავტორია (მთარგმნელის შენიშვნა)
37. გვ. 36  ,,დრაკულა”- ბრემ სტოკერის საშინელებათა ჟანრის რომანი
38. გვ. 36  ,,ბიჭები სომის ომში’’ - კლერ უ. ჰეიესის საბავშვო რომანი
39. გვ. 36  ,,მელოდიათა ნიაღვარი” - ემილი დიკინსონის ლექსების კრებული(?)
40. გვ. 36  ,,ნენსი დრიუ და საიდუმლო კიბე’’ - კეროლინ კინის (აშშ) მისტიკური მოთხრობების მეორე ნაწილი ციკლიდან ,,ნენსი დრიუ”, 1930წ.
41. გვ. 36  ,,შიში დაძრწოლა’’ - სორენ კირკეგორის ფილოსოფიური ნაშრომი
42. გვ. 37 ვეჯვუდური ცისფერი – ინგლისური ფაიფურის ნაირსახეობა ცისფერი ნაყშით
43. გვ. 42 კოლეტ დარფეუილი - 20-30-იანი წლების ამერიკელი მსახიობი, რომელმაც ფილმში ,,ჩერი ბიბი” (1937წ.) შეასრულა მთავარი როლი განგსტერისა, რომელიც ორივე ხელს თანაბრად ხმარობდა, ეს განგსტერი იყო პიერ ფრესნეი, იგივე ჩერი ბიბი. ფილმის სიჟეტი შეიქმნა გასტონ ლეროხსის რომანის მხედვით
44. გვ. 42 ტომას ვულფი - (1900-1938) ამერიკელი მწერალი, ავტორი რომანებისა: ,,მოხედე შენს სახლს, ანგელოზო”, ,,ობობას ქსელი და კლდე”, ,,შინ ვეღარ დაბრუნდები”...
45. გვ. 43 სუბლიმაცია - მყარი ნივთიერების უშუალოდ აირისებურ მდგომარეობაში გადასვლა (თხევადი მდგომარეობის გამოტოვებთ); აქროლა.
46. გვ. 47 კალი იუგა –,,კალის (,,მამრობითი სქესის დემონი”) ერა” ან ,,ნაკლოვანებათა ერა”, დედამიწის განვითარების ოთხ საფეხურთაგან ერთ-ერთი, რომელიც დგება ბუდისტური კალენდრის მიხედვით 18 თებერვლის 00:00-ზე.
47. გვ. 49  ჩუანგ-ზუ - ძვ.წ. IV საუკუნეში მცხოვრები გავლენიანი ჩინელი ფილოსოფოსი
48. გვ. 49 ეპიქტეტე – (55-135წწ.) ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, სტოიკოსი, არიანე ფლავიუსის მასწავლებელი.
49. გვ 51 ,,სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ” - მათეს სახარება, 6;19-21
50. გვ. 57  სულაც არ მინდა, მართას როლი ვითამაშო, როცა ვიღაც მარიამია -  ლუკას სახარება, 10; 38-42
51. გვ. 57 კამილასეული რუტინა – პ. კორნელიუსის ტრაგედიის, ,,ჰორაციუსის” გმირი ქალი.
52. გვ. 59  ,,შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არცა მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოვებთ მათ.” -  მათეს სახარება, 6;26
53. გვ. 63  ,,მე შენზე წმინდა ვარ...” - ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, 65;5
54. გვ. 66  იაპონურიდან თარგმნა თამაზ ჩხენკელმა
55. გვ. 66  რინგ ლარდნერი – (1885-1933წწ.) ამერიკელი მწერალი და სპორტული ჟურნალისტი, მრავალი ნოველის ავტორი.
56. გვ. 66  ჟან პიერ დე კოსადი – XVII საუკუნის ფრანგი იეზუიტი მღვდელი და მწერალი
57. გვ. 66  ლ. ტოლსტოი ,,ანა Kკარენინა”, ტ.1, გვ. 566
58. გვ. 66  წმ. ფრანცისკ დე სალე - წმინდანი, რომელმაც პირობითი ენა შექმნდა სმენადაქვეითებულთატვის, ყრუთა მფარველი, მოღვაწეობდა XVII საუკუნეში, იყო ჟენევის ეპისკოპოსი, პაპმა ალექსანდრე VII-მ წმინდანად შერაცხა 1665 წელს, რომაულ-კათოლიკური ეკლესია მისი ხსენების დღეს აღნიშნავს 24 იანვარს
59. გვ. 67  მუ მონ გუანი - ძენ ბუდიზმის ერთ-ერთი სექტის წმინდა წიგნი
60. გვ. 69 ,,აბდულ აბულბულ ამირი” - პერი ფრენჩის მიერ 1877 წელს დაწერილ ბალადაზე შექმნილი ხალხური სიმღერა, ბალადა მოგვითხრობს ორ მამაც გმირზე, რუს მეომარსა და სპარსელ მამელუქზე,...
61. გვ. 69  უილ მაჰონეი - XX საუკუნის 50-60-იანი წლების ბროდვეის მსახიობი
62. გვ. 69 ,,ბაკ ენდ ბაბლსი” – ვოდევილების შავკანიანი ამერიკელი რეჟისორის, მოცეკვავისა და მომღერლის ჯონ. უ. ბაბლსისა და პიანისტ ფორდ ლ. ბაკის ცნობილი დუეტი, რომლის დებიუტიც 1931 წელს შედგა ,,რადიო სითი მიუზიკ ჰოლში”
63. გვ. 77  იორიკი - მასხარა უ. შექსპირის ,,ჰამლეტიდან”


ინგლისურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ნათია ჩუბინიძემ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები