ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პროზა
25 სექტემბერი, 2010


ჯენტლმენი ფსიქოპატი (შიშველი რეალობა)




კაცის ჩანაწერები ფსიქიატრიულში :


“ ღამე, როცა ყველა ცდილობს ჩაუსაფრდეს სიზმრებს და მათი მეშვეობით გააღწიონ საზღვრებს მიღმა, მე ვცდილობ ვიფხიზლო მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სიზმრები იმაზე ცხადია, ვიდრე რეალობა, რომელიც დღე მაქვს.
გუშინ ექიმების ლაპარაკს მოვკარი ყური, როცა ჩემზე ამბობდნენ, ის ნამდვილად გენიოსია ან ყველაზე განსაკუთრებული გიჟიო. ამაზე ისეთი ხარხარი ამიტყდა, რომ დამამშვიდებლების დიდი დოზა მომცეს და სანამ გონება გამეთიშებოდა ყურში ისევ მათი ხმა ჩამესმა, – არა, ის უბრალოდ ჩვეულებრივი შეშლილიაო.
როცა გამომეღვიძა და ეს ყველაფერი აღვიდგინე ძალიან ნაწყენი დავრჩი. მე კვირაში 2 – ჯერ ზუსტად ჩემი განსაკუთრებულობის მტკიცების გამო ჩავდიოდი მკვლელობებს და ახლა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ უბრალო შეშლილი ვარ. ო, დიდებულო ღმერთო!
ლოცვების წიგნი გადმოვიღე და დახევა დავიწყე, ჩემს გარშემო გიჟები პირჯვარს ისახავდნენ და ამაზე ისე მეცინებოდა, რომ ბოლო ხმაზე ვყვიროდი – შვების მათხოვრებო–თქო!
არადა შვება მე ვიყავი.. სიკვდილით მოვაჭრე, რომელიც ავანსად სიცოცხლეს იღებდა.

ის დღის ბოლოს ისევ მოვიდა ჩემთან, ლოგინის კუთხეში დაჯდა, როგორც ყოველთვის და ისეთი სევდიანი სახით დამიწყო ყურება, რომ ასე მეგონა მის ნაკვთებზე დასრიალებდა ახლა ყველა ის შვებისმაძიებელი ქალი, რომელიც სიკვდილს ვაზიარე.
უეცრად ისეთმა გზნებამ შემომიტია, რომ ხელები მოვმუჭე.
მან ფრთხილად დამადო მოკუმულ ხელებზე თავისი ცივი ხელისგულები და ვიგრძენი, როგორ იდგამდა ფესვებს მის თვალებში შიში.
ეს უფრო აღმაგზნებდა და ისე ძალიან მომინდა მისი მოკვლა, რომ აუცილებლად ავასრულებდი ამ ახირებას სიკვდილი რომ მრავალჯერადი ყოფილიყო.
მე მომინდა ის ჩამკვდომოდა ხელებში და თან არაერთხელ.. მინდოდა ბევრჯერ მეზიარებინა იგი სიკვდილით და მისი სიცოცხლის ახლიდან დაბადება ყოფილიყო ჩემი ერთადერთი სასწაული, რაც კი ამქვეყნად გამაჩნდა.
თვალები დავხუჭე…  წარმოვიდგინე დღე, როცა ჩემი ცხადად ქცეული სიზმრები საერთოდ აორთქლდებოდნენ გონებაში და მე ვიქნებოდი უბრალო შეშლილი კაცი…
ვიგრძენი როგორ შემეხო მისი თითები ლოყაზე და თავშეუკავებლად გადავეხვიე…
ორივე ვტიროდით.. ჩემი ცრემლები ისეთი ყალბი იყო, როგორც შემოდგომა, რომელიც საბოლოო გაშიშვლებამდე ბუნებას აწამებს…
მან რა იცის რამდენჯერ მომიკლავს თავი სიზმრებში და ზუსტად ამიტომ აღარ ვუსაფრდები მათ, ეს არის სიძულვილის მიზეზი და ჩემი განსაკუთრებულობა არაფერია, თუ არა მიკროსკოპილი მიდგომა მაკროსკოპული მოვლენებისადმი.
  შენ კი უბრალოდ ჩემი ერთადერთი სასწაული ხარ, რომელიც უნდა დავიჯერო, რადგან ჩემი გადარჩენა შენშია, მე კი შენს სიკვდილს ვდარაჯობ…





მას საოცარი გარდასახვის უნარი აქვს და ქვეყნად ყველა ჩემს მიერ მოკლული ქალის თვალებს ატარებს.
მისი სიცილიც კი სხვადასხვაა დროის გარკვეულ მონაკვეთებში და ზოგჯერ მგონია, ის არის ფსიქოპატი და მე კი მისი უკანასკნელი მსხვერპლი ვარ.
მისი გრძნობები ეს არის შვება, რომელიც სიკვდილს წააგავს.
და ასე მგონია, რომ ყოველ დილით, როცა სარკით ხელში მიახლოვდება თან ჩემი სული მოაქვს. ამიტომაც მე საათობით ვიყურები სარკის სიღრმეში, რათა იქიდან ჩემი სულის ნაფლეთები შევისრუტო.
სამწუხაროდ გვიან ვხვდები, რომ არაფერი გამომდის და აქამდე ჩუმად მჯდომს იმედიანი თვალებით ვუყურებ.
ის მიმეორებს ერთსა და იმავე ფრაზას,  – რომ მხოლოდ მაშინ არსებობს ადამიანი, როდესაც ქვეყნად ერთი პიროვნება მაინც ატარებს მის სულს თვალებით.
და მე ვუღიმი, იმ ღიმილით ვუღიმი, როცა მგონია, რომ ამაზე ნამდვილი არასოდეს არაფერი მქონია.
ის მიხუტებს და ორივეს ნაცვლად ტირის.
მე არ მჯერა, რომ გამოჯანმრთელება ის მდგომარეობაა, როცა შეგიძლია ერთი ქალი გიყვარდეს მთელი ცხოვრება და ვცდილობ დამაჯერებლად ვუთხრა, რომ ქვეყნად ყველაზე ბედნიერ ქალად ვაქცევ!
ეს განცდა კი დროში ვერაფრით მოექცევა, ამიტომაც ცხოვრებას ვერ გავუტოლებ ჩემს გრძნობებს..
ის აღარ ტირის, ნელ–ნელა მშორდება მისი აცახცახებული სხეული და მე ცხოვრებაში პირველად ვიჯერებ სასწაულს.
მას მართლაც შეშლამდე სჯერა ჩემი! “








ქალის ჩანაწერები :


“ ჩემი ჯენტლმენი ფსიქოპატი ავად არის…
მას ჩემი გრძნობები შეჰყრია სენად და ახლა გარღვეული ღიმილით მელოდება. ზუსტად იცის, მასთან შეხვედრისას მე ცრემლებს ვერ შევიკავებ და სასაცილო თოჯინასავით ვეცდები გაღიმებას.
მას სჯერა, რომ მე მის აზრებს ვკითხულობ. ისე ღრმად სწამს ამის, რომ თავის სასწაულად მიმიჩნევს, მე კი, ქვეყნად ყველაზე ურწმუნო ქალი, მისთვის სამყაროს განცდებს ვაგროვებ, რათა როგორმე ხელშესახებად ვაქციო ის, რასაც მისი წყალობით განვიცდი.
დიახ, მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომლის ნახვისას მას სიმშვიდე ებადება და აგზნებათა შუალედებში, (როცა ჭიდილი აქვს ქვეცნობიერსა და ცნობიერს შორის) ცდილობს საღად განსაჯოს რას წარმოვადგენ მისთვის.
მისთვის სასაცილოა რელიგია და აცხადებს, რომ რწმენა მხოლოდ ისაა, რასაც განიცდი და რომ მე ვარ მთელი მისი რელიგია.
ასეთ დროს მსურს პირჯვარი გადავისახო, მაგრამ ვგრძნობ, რომ ქვეყნად ყველაზე ურწმუნო ქალი ვარ.
ექიმები ჩვენზე ჭორაობენ, თვლიან, რომ საერთოდ დავკარგე საღი აზროვნების უნარი, რადგან შეშლილი შემიყვარდა.
მათ კი არ იციან, რომ ჩემი სიყვარული უფრო საშიშია, ვიდრე ადამიანი, ვისაც ეს ეკუთვნის..
მე მეშინია საკუთარი გრძნობების და ამიტომაც როცა ის სარკეს დებს და ჩემს თვალებში ეძებს იმედს, მე ტირილი მინდება და ძლიერ ვეხუტები.
არავინ იცის რა ძნელია კითხულობდე ფსიქოპატის აზრებს, როცა თავად საღად აზროვნებ.
მე მისი იდეოლოგიის მაყურებელი ვარ და ჩემი სურვილის მიუხედავად მონაწილეც გავხდი რა ხანია.
მართლაც, სიკვდილი ზოგჯერ შვებაა, ხოლო სიყვარული შიში…
ის კი გზაა სიკვდილიდან შვებამდე.
მე მხოლოდ შენით შემიძლია დავაღწიო შიშს თავი..
შენ ავად ხარ, მე კი შიშისგან ვთრთი, როცა გხედავ…”







ის დღე არაფრით იქნებოდა სხვა დღეებისგან განსახვავებული, რომ არა თოვლი.
დიახ, გარეთ საოცრად თოვდა და მიუხედავად იმისა, რომ ექიმები შეშფოთებული სახით შეჯგუფებულიყვნენ მთავარი ექიმის კაბინეტთან, ცა ფიფქებად იშლებოდა.
რამდენიმე თვის თავზე, როცა ამ პალატაში ფსიქოპატი იწვა, ახლა ქალი წამომჯდარიყო ლოგინში და სარკეს ჩაშტერებოდა.
მის ნაკვთებზე ქარიშხლის კვალი შეიმჩნეოდა და თუმცა თვალის კუთხეები ტირილისგან შეშუპებოდა, მაინც ამოიკითხავდით უმიზნო სევდას.
ოთახში ჯერ კიდევ ფსიქოპატის სუნი იდგა, რომლის შეშლილი იდეები ახლა კედლებში შეწოვილიყო და აფეთებდა პალატის მდუმარებას.
ქალი გაუნძრევლად იჯდა და სარკეში ეძებდა თავისი ფსიქოპატის სულს, რადგან მის თვალებს დიდი ხანია დაეკარგა სასწაული…



 
  იმ დღეებში, როცა ქალი მძინარე ფსიქოპატის ლოგინთან იჯდა და დღეებს, როგორც კრიალოსანს ისე მარცვლავდა, მიხვდა, რომ ცხოვრებით, ზოგადად დროით არ განისაზღვრება გრძნობები და რომ სიყვარული მისი ფსიქოპატისთვის სენი იყო მხოლოდ.
მისი შიში მთელ სხეულს მოსდებოდა და იმონებდა მის ყოველ უჯრედს.
მან იგრძნო როგორ ემსგავსებოდა ფსიქოპატს და რომ მისი იდეოლოგიის მონაწილე კი არა, უკვე ხელმძღვანელიც კი გამხდარიყო!
რომ სიგიჟე ზღვარდადებული სიცოცხლეა და რომ ამისგან განთავისუფლება მხოლოდ სიკვდილს შეუძლია!
… მან ვენაში ფრთხილად გაუკეთა ნემსი, იმ იმედით, რომ იგი სიზმრებზე გაწოლილი გადავიდოდა სამყაროს მიღმა.
კაცმა უცებ გაახილა თვალები და ქალს ცარიელი ნემსი ხელიდან გაუვარდა.
სახე სულ მთლად გაფითრებოდა და ტუჩები მოეკუმა, ალბათ ტკივილისგან ან შეძრწუნებისგან, რადგან კაციც ცხადად კითხულობდა ქალის აზრებს.
– მე არასოდეს ვდარაჯობდი სიზმრებს ყველასავით, რადგან ვიცოდი ის ერთადერთი ადგილია, სადაც შენ მიღალატებდი და ჩემი უძილობა მხოლოდ ბუტაფორიაა, რადგან შენი დაკარგვის მეშინოდა…
ადგილზე გაშეშდა ქალი და იგრძნო როგორ ჩაუწყდა ხმა.
ფსიქოპატი თითების გაფითრებამდე უჭერდა საწოლის კიდეს ხელებს და მოკუმული ტუჩებით რაღაცის თქმას ცდილობდა. მას აღარ ჰქონდა გარღვეული ღიმილი…
– სიკვდილი? თუ გამაოცებს რატომაც არა! და იცი? მე ვერაფრით გავოცდი… მხოლოდ შენ იყავი ჩემი გაოცება, ჩემი სასწაული და ამიტომაც შენი თავი ვარჩიე სიკვდილს, ახლა კი შენივე წყალობით გიღალატებ მასთან…
უცებ მთელი ძალით ახრიალდა ლოგინში, გაფითრებული თითები ყელზე წაიჭირა, თითქოს ვიღაც სუნთქვას ართმევსო და… უცებვე მოწყდა.
მთელი სხეულით მისვენდა ლოგინზე..
ქალმა იგრძნო, როგორ გამოიჟონა მისი სხეულიდან სიცოცხლე და… ატირდა.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები