ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 სექტემბერი, 2010


უკანასკნელი ლხინი

ილია ჭავჭავაძის დისწული კოტე აფხაზი მეტად გულმხურვალე მამულიშვილი იყო. განათლებული ოფიცერი არაფერს იშურებდა ქვეყნის საკეთილდღეოდ. ეწეოდა ქველმოქმედებას, მულჩაუხრელად შრომობდა, ცდილობდა, უცხოეთი დაეინტერესებინა საქართველოს სიმდიდრეებით, რათა ხალხის ყოფა გაუმჯობესებულიყო.
საქართველოში ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების შემდეგ კოტე აფხაზი სხვა მამულიშვილებთან ერთად, მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1923 წელს ბოლშევიკებმა ბევრი პატრიოტი დაატუსაღეს. მათ შორის კოტე აფხაზიც. იმ სიკვდილმისჯილთ (ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, გოგი ხიმშიაშვილი, როსტომ მუსხელიშვილი, სვიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ფარნაოზ ყარალაშვილი, იოსებ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი, ალექსანდრე გულისაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, დიმიტრი ჩრდილელი, ივანე ქუთათელაძე) შორის უხნესი - კოტე აფხაზი 56 წლისა იყო, უმრწემესი - 24-ისა.
... 1923 წლის 19 მაისს, მზის ჩაწურვისას, ბადრაგმა წინ გაირეკა ტუსაღი მამულიშვილები, ისინი ქალაქგარეთ, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე, უნდა დაეხოცათ. ბადრაგის უფროსი ყოფილი მეფის ოფიცერი გახლდათ. მეფის არმიაში წესად იყო - დასახვრეტ სამხედროს უკანასკნელ სურვილს უსრულებდნენ. ჩვეულებას არ უღალატა გაწითლებულმა უფროსმა და განწირულთ მიმართა, - რას ისურვებთო კოტემ მეგობრებს გადახედა და ხელი ასწია, - აგვხსენით ბორკილები, უკანასკნელად მოვილხენთ აქვე, დუქანში. ვიძლევი ოფიცრის პატიოსან სიტყვას, რომ არც ერთი ჩვენგანი არც კი შეეცდება გაქცევასო. აჰყარეს ხუნდები ტუსაღებს და მახლობელი დუქნისაკენ გაუძღვნენ. გაიშალა სუფრა. თამადობდა კოტე აფხაზი. ენამზიანობდა, სამშობლოს უკანასკნელად ესიყვარულებოდა. გუგუნებდა ქართული სიმღერა. უცხოს ეგონებოდა, ლაღი მეინახენი ილხენენო... დუქნის მუშტრები კი არა, ბადრაგიც მოხიბლა სადღეგრძელოებმა და სიმღერამ. ისინიც მიუსხდნენ სუფრას...
- ასე დაგეცალოს მტერი ჩემო მამულო, - ხელში შეათამაშა დაცლილი ქარახსა კოტე აფხაზმა და დინჯად წამოდგა.
ირიჟრაჟა. მზის წითელი სხივები დაეფინა მთებს... განწირულთ პირდაღებული ორმო უცდიდათ. წინ მიუძღოდა კოტე აფხაზი უმცროს მეგობრებს. დიდი ილიას სისხლსა და ხორცს ოდნავ მოენამა თვალი და ბადრაგის უფროსს მიუბრუნდა: - ოფიცერმა არ უნდა იკადროს ორი თხოვნა, მაგრამ მე ამას ვბედავ. გთხოვთ პირველი ტყვია მე მესროლოთ, ამ ყმაწვილების ჩახოცვას ნუ მაყურებინებთო...
    თხოვნა შეუსრულეს...

''გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!'' - ამ შეძახილებით შეხვდნენ გმირები სიკვდილს. კოტე აფხაზმა კი წარმოთქვა ლეგენდად ქცეული სიტყვები: ''მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!''

მათი მკვლელებიდან ზოგიერთს მალევე მიეზღო სამაგიერო. 1925 წლის 22 მარტს თბილისიდან სოხუმში მიფრინავდნენ ცნობილი ჩეკისტები: ამიერკავკასიის ''ჩეკას" თავმჯდომარე მოგილევსკი, ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე მიასნიკიანი, ფოსტა-ტელეგრაფის კომისარი ათარბეგოვი და სხვები. თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, დიდუბის მიდამოებში ჩამოვარდა და მგზავრებიანად დაიწვა. მაშინდელი რუსეთის გაზეთები ძალიან ბევრს წერდნენ თბილისში მომხდარი მარცხის შესახებ, ბეჭდავდნენ დაღუპულთა სურათებს და ბიოგრაფიებს, წერილებს, გამოძიების მასალებს. გაზეთები წერდნენ, რომ ათარბეგოვი თეთრგვარდიელთა რისხვა იყო, თავისი ხელით დახოცა ცნობილი სარდლები; მოგილევსკი კი დაშნაკი, გარუსებული სომეხი იყო და დიდი დამსახურება მიუძღოდა ქართული ეროვნული ძალების მოსპობაშიო.
ეს მარცხი ახალგაზრდა მფრინავმა ალექსანდრე საღარაძემ მოაწყო. ქართველმა მამულიშვილმა თავი გაწირა, სამაგიეროდ სიცოცხლეს გამოასალმა კავკასიელი ხალხის ჯალათები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები