მარტოობა ( წერილი მეჩვიდმეტე ) ციკლიდან სიჩუმის წერილები
შენი არ ვიცი, მაგრამ მე ისევ ვართობ საათებით აჭრელებულ თეთრ ოთახს, რომელიც უკვე მერამდენე წერილის საიდუმლოს იზიარებს და ცდილობს არ დააფრთხოს ის თევზები, რომლებიც მუდამ მაბრუნებენ შენში. იცვლება დრო, გადის დღეები, მაგრამ მე ისევ დროის საწინააღმდეგოდ ვზივარ სარკმლისაკენ და ვათვალიერებ ადამიანებისაგან დაცლილ იმ ქუჩებს, სადაც სულ რამოდენიმე თვის წინ, ჩვენს სიყვარულზე საუბრობდნენ გიგანტური ვერხვები. ზაფხულია... ადამიანები ცდილობენ გაექცნენ მზის მაცოცხლებელ სხივებს, მის სითბოს და თავის დამჭკნარ, უიმედოდ დაჭმუჭნულ სახეებს მარილიან წყალში ყოფენ, იმის იმედით რომ ჩამოირეცხავენ წარსულს, სარეცხის თოკზე გადაკიდებენ მოგონებებს და საშემოდგომოდ, ახალი შეგრძნებებით დაბრუნდებიან წარსულში, სადაც მათთვის ყველაფერი დაიწყო და სადაც მათი, ყველაზე, ყველაზე ლამაზი ოცნებები ცხოვრობენ. აირია დღე და ღამე, აირია ზეცაზე დაწყოფილი ფიქრები და მთვარეც ისევ მედიდურად თამაშობს ზაფხულის არეულ და ცხელ, ნახევრადმძინარე დღეებს, ვერხვები კი მარტოდ მარტო დარჩენილ ქუჩებს ახლა უკვე თავიანთი ბოხი, ჩახლეჩილი ხმით უყვებიან მოძველებულ ისტორიებს და აღარ ერიდებათ ხმაურის, რადან გარშემო არ არიან ადამიანები და ჩურჩულიც უკვე აღარაა საჭირო... აქ ხომ ყველა ქუჩა ისვენებს "ჰუმანოიდების" ვითომ ჰუმანური სახეებისაგან. ვიძირები ზაფხულის არეულობასა და ქაოსში, მშველელი კი ირგვლივ არავინ არ ჩანს, ჩემი მეზობლებიც, აეგერ უკვე ორი დღეა სადღაც მარილიანი წყელებისაკენ გაიტყუა სითეთრის არმიის მეთაურმა და ასვენებენ სითეთრით დაღლილ სახეებს. დავრჩი მარტო, სითეთრით ვირთობ თავს და თითქმის ყოველ ამოსუნთქვაზე, შენს არიტმიულ გულისცემას უერთდება ჩემი დაღლილი სული. ნეტავ სად ხარ ახლა შენ? რატომ არ მოდიხარ ჩემთან და რატომ არ მეფერები უწინდებურად? განა დავუშვი ისეთი შეცდომა, რამაც ჩვენი დაშორება გამოიწვია და ჩვენს შორის ამხელა კედლები გააჩინა? მეფიქრება უნებურად. მე უკვე აღარ მესმის შენი... ალბათ დაგღალე კიდეც ჩემი წერილებით, მაგრამ რა ვქნა... არც შენი მონატრება მაძლევს გასაქანს და დღიდან დღემდე მაწერინებს წერილებს რომლებსაც გიგზავნი შენ, უცვლელ მისამართზე: დიდი ბრიტანეთი ქალაქი ლონდონი ყვითელი მოედნის ქუჩა 13 ანნა - ემილი ჯეიმსი, მერე კი ისევ ვუბრუნდები საათებს და ყველაფერი ისევ ახლიდან იწყება: თევზები, საათები, სარკეები და სითეთრე, რომელიც თანდათან უკვე ძალიან მაღიზიანებს და უფრო მეტად მაგრძნობინებს უშენობას. მე ისევ მარტო ვარ...
ცუდი ხარისხის ხმისთვის ბოდიშს მოვიხდი წინასწარ, თან არც წაკითხვაა მაინც და მაინც გადასარევი... :) უბრალოდ რამოდენიმე მკითხველმა მთხოვა იქნებ შენი წაკითხული დადოო... ხოდა სულ არაფერს, მემგონი ასე სჯობს... დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ვინც ერთი წერილი მაინც წაიკითხა, ჩემთვის ესეც ბევრს ნიშნავს...
ცუდი ხარისხის ხმისთვის ბოდიშს მოვიხდი წინასწარ, თან არც წაკითხვაა მაინც და მაინც გადასარევი... :) უბრალოდ რამოდენიმე მკითხველმა მთხოვა იქნებ შენი წაკითხული დადოო... ხოდა სულ არაფერს, მემგონი ასე სჯობს... დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ვინც ერთი წერილი მაინც წაიკითხა, ჩემთვის ესეც ბევრს ნიშნავს...