ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2010


(გიოს)..ჩვენ მაშინ შევხვდით..

ჩვენ მაშინ შევხვდით,
როდესაც მე გუბეებად ქცეული წვიმებისგან,
თვალები მქონდა შეშუპებული.
მაშინ, როდესაც ჩემგან მიმავალი ადამიანები,
ოქტომბრისფერ თბილისში,
მოჩვენებითი სიმშვიდით მიუყვებოდნენ გზას,
რომელიც ჩემს მიტოვებასა და ტკივილზე გადიოდა.
მაშინ ,როდესაც ჩემი სულიერი სიმშვიდე
ქალაქში მოხეტიალე მანქანების
გამონაბოლქვსა და ნისლში იყო ჩაკარგული.
მაშინ, როდესაც მე ადამიანების მიმართ ნდობა,
შემოდგომის ქარებს შევატოვე ხელში მეძუძური ბავშვივით
და ის კი სარკმელ–სარკმელ დაარბენინებდა,
რომ ობლად არ დამრჩენოდა.

ჩვენ მაშინ შევხვდით..
მას საოცარი ომ გამოვლილი თვალები ჰქონდა,
იშვიათად ან თითქმის არ იღიმოდა
და ადამიანები საოცარ დისკომფორტს უქმნიდნენ,
თავიანთი სითბოთი და ყურადღებით.
ვერ ვიტყვი რა გრძნობაა, ბრძოლის ველზე დაცემულს,
რომ საკონტროლო გასროლისთვის ვიღაც თავს დაგადგება..
(ეს მას უნდა ჰკითხოთ.)
მეც ხომ სწორედ ასე,
არაფრის მომცემი,
არარსებული ჩემი მეობა
მივაჩეჩე მის თვალებს.
არაფრის მომცემი,
სიმძიმე ავკიდე
იარაღის თრევისგან გადაღლილ
და ჩამოყრილ მხრებზე.
სახეზე ყალბი ღიმილი მივიკერე
და საკუთარ თავს მიზნად დავუსახე
მისი ვყოფილიყავი.

ჩვენ მაშინ შევხვდით..
და ახლა უკვე თითქმის ყოველ ღამე ვხვდებით.
ვნების შვილებად ვიბადებით
ჩემი საწოლის მუცლის ღრუში
და იქვე ვწყდებით ყოველ დილას,
ფინჯანი ყავით.
მერე ის მიდის..
კისერზე ჩემი ალერსის შარფ შემოხვეული
და არასოდეს ვიცი როდის შევხვდებით..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები