 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პროზა 22 იანვარი, 2011 |
დასველდა ქუჩები, რომლებსაც ძალიან მოენატრათ შემოდგომის მოფერება, მისი სევდიანი საღამოები და ულამაზესი სიყვითლე. სიცხისაგან ჩამომხმარ ვერხვებს, თითქოს ახლიდან მიეცათ გამოცოცხლების საშუალება, იგრძნეს შემოდგომა და ისევ აიკვიატეს სიჩუმე. მთვარის აქა-იქ მიმობნეული სხივები კი, ეთამაშება ქუჩების ყვითელი ფერით დასველებულ კიდეებს სადაც, ხელახლა იღვიძებს მოგონებების ახალი ტალღა. ვზივარ ისევ საათის წინ, სარკმელთან და ვფიქრობ... რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება რომ არა შენ, რომ არა შემოდგომის ის საღამო, რომელმაც ჩემს გაყინულ გულში შემოიტანა შენი სიყვარული, შენზე ფიქრი და ტანჯვა, რომელიც შენგან დატოვებულმა სიცარიელემ ჩაანაცვლა. რა იქნებოდა ახლა ჩემი ოცნება, რომ არა შენ. ვინ ვიქნებოდი დღეს, რომ არა შენი თვალების შემოდგომისფერი ხედვა, შენი სუნთქვის არიტმია, შენი საღებავებით დათხვრილი თითები და უბრალოდ რომ არა შენ. თუკი შენამდე არ ვყოფილვარ ადამიანი, სწორედ შენს გამო ვიქეცი ადამიანად. თუკი შენამდე არ ვყოფილვარ მხატვარი სწორედ, შენს გამო დავიწყე ხატვა. თუკი შენამდე არ ვიცოდი რა იყო სიყვარული, ახლა სწორედაც რომ შენზე ფიქრები მტკივა. მტკივა თითოეული შენთან ერთად გატარებული დღე. ნაწილ - ნაწილ, ნაბიჯ - ნაბიჯ ვიხსენებ ჩვენს მიერ ჩადენილი სისულელეებს, ერთად გატარებულ ღამეებს და წამებს, რომლებიც არც ძილის, არც მოსვენების საშუალებას არ მაძლევენ. ვფიქრობ და ისევ შენი სახე მიდგას წინ. ისევ ძველებურად მიღიმი, ისევ ძველებურად გიკრთის სხეული, იცი რომ ახლა ჩაგეხუტები და ცდილობ არ შეიმჩნიო შენი სხეულის საოცარი შეგრძნება ჩემი სუნთქვისა. გული ისევ გამალებით გიცემს, ისევ უერთდება შემოდგომის გაყვითლებულ სურნელს და შენი არტიმიაც, ისევ მუსიკალურად ჩაესმის შენი ხმის ტემბრით გაბრუებულ ყურის ბიბილოებს. გარეთ კი ისევ შემოდგომაა... საათის ისრები ოდნავ სევდიანი, უმოძრაო ნაბიჯებით მოძრაობენ წრიულად. ქუჩიდან შემოსული შენეული სურნელი ეალერსება შენივე ხელით შექმნილ ნახატებს, რომლებსაც ძალიან უყვართ ჩემი ოთახი და ერთი წამითაც არ მტოვებენ მარტო. სითეთრე თითქოს დაბერდა, ჩამოახმა სიშორის კედლებს და ოდნავ შეყვითლებული, აგვისტოს ბოლოს საშემოდგომოდ გამზადებულ ვერხებს დაემსგავსა. ისიც გრძნობს რომ მოვიდა შემოდგომა, მოვიდა და ისევ ახლიდან დაიწყება ათვლა. ახლა ისევ დავჯდები სარკმელთან, ისევ სევდიანად შემოვიდებ ხელს თავქვე და ისევ ახლიდან დავყვები ნაცნობ ადგილებს, ისევ გავიხსენებ შენს სურნელს, შენს სუნთქვას, შენი მკლავების სითბოს. ისევ აჩქარდება გული, თვალებს ისევ მოაწვება წყლის წვეთებით გაბერილი ათასფერა ბუშტები და სადღაც ბაგესთან ახლოს, უმარილოდ დაიწყებს ხმაურს, რომელსაც ვიგრძნობ მხოლოდ მე. იცი, ხანდახან მგონია რომ შენ მუდამ ჩემს გვერდით ხარ და იმას რასაც წერილებით გადმოგცემ, პირადად გესაუბრები. უკვე იმდენად შევეჩვიე შენზე ფიქრს რომ, თვალის დახუჭვაც აღარ მჭირდება იმისთვის რომ წარმოვიდგინო შენი სახე, შენი თმები, თვალები, სუნთქვა და ყველაფერი ის, რაც შენში მიყვარს. გარედან კი, ისევ გაოგნებული თვალებით მიყურებენ ადამიანები, რომლებიც თვლიან რომ მე შევიშალე, რომ მე აღარ ვითვლები მათ რიცხვში, აღარ მჯერა მათი და აღარ მსურს ვიყო მოთამაშე, რომელიც ვალდებულია ატაროს ნიღაბი. თუმცა მე არასდროს ვემორჩილებოდი თამაშის წესებს, ისევე როგორც შენ. იქნებ სწორედ ამის გამოც შეგვახვედრა ბედისწერამ ერთმანეთს, იქნებ სწორედ იმიტომ შევხვდით ერთმანეთს რომ, ერთმანეთით გაგვეცნობიერებინა რომ ჩვენ არ ვართ შექმნილი იმ სამყაროსთვის, სადაც ცხოვრობენ თამაშით გადაღლილი, გამოფიტული ადამიანები, რომლებიც უკვე ინსტიქტურად ასრულებენ ჩვეულ მოძრაობებს და იხოცებიან იქ, სადაც ისინი მოევლინენ ამ ქვეყანას. ისევ უშედეგოდ ველოდები შენგან წერილს, თუმცა ვერ ვითმენ უშენოდ და ისევ უიმედოდ ვაგზავნი შენთან წერილს, ნაცნობ მისამართზე დიდი ბრიტანეთი ქალაქი ლონდონი ყვითელი მოედნის ქუჩა 13 ანნა - ემილი ჯეიმსი გარეთ ისევ სველდებიან ქუჩები, რომლებსაც ძალიან მონატრებიათ შემოდგომის მოფერება, მისი სევდიანი საღამოები და ულამაზესი სიყვითლე. მე კი ისევ ახლიდან ვიწყებ ათვლას, რადგან ზუსტად ორი წლის წინ, სწორედ იმ ადგილას, რომელ ადგილსაც ჩემი ოთახიდან ყველაზე კარგად ვხედავ ორი ერთნაირი ადამიანი შეხვდა ერთმანეთს, ეს ორი ადამიანი კი, მე და შენ ვიყავით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ოხ, გააპროზავე მაინც? მიყვარს ეს წერილები. იქნებ გეცადა და რამე სიუჟეტები ჩაგერთო შიგადაშიგ? რადგან პროზაა აიტანს და საინტერესოსაც გახდის, მკითხველს დაალოდებს თუ რა მოხდება შემდეგ წერილში. პატარ-პატარა სიუჟეტები, ამბები, რომ მხოლოდ თხრობა არ იყოს. ოხ, გააპროზავე მაინც? მიყვარს ეს წერილები. იქნებ გეცადა და რამე სიუჟეტები ჩაგერთო შიგადაშიგ? რადგან პროზაა აიტანს და საინტერესოსაც გახდის, მკითხველს დაალოდებს თუ რა მოხდება შემდეგ წერილში. პატარ-პატარა სიუჟეტები, ამბები, რომ მხოლოდ თხრობა არ იყოს.
2. მიყვარს ესენი მეეე :-* მიყვარს ესენი მეეე :-*
1. დასასრული მომეწონა განსაკუთრებით :)))))) დასასრული მომეწონა განსაკუთრებით :))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|