ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: იუმორისტული
4 ნოემბერი, 2010


ავტოგრაფი


როგორია, ყველაზე ცნობილი და პოპულარული ლიტერატურული გაზეთი რო დაგიბეჭდავს ნაწარმოებს, თან სურათით?! ასე გგონია ქუჩაში ყველა გცნობს უკვე, დადიხარ და გესირცხვილება ამდენი ყურადღება, თუმცა გიხარია და ცა ქუდად გეპატარავება და მიწა ქალამნად...
ტაქსით მგზავრობა ხო გრცხვენია და გრცხვენია, იცი რომ მძღოლი ფულს არ გამოგართმევს არას დიდებით და შენც იძულებული ხარ ავტობუსით იარო - იქ ბევრი ხალხია და  იქნებ ვერ შემამჩნიოს მძღოლმაო, ამის იმედით. თუმცა მთლად უკეთესი, ახლა ხო მძღოლთან არც იხდიან თანხას და აბა სალარო აპარატი რას გიცნობს... 
ავდივარ ავტობუსში, მომჩერებია ათასი თვალი, ერთი კი ნამეტნავად მაკვირდება. ა, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს. რაღაცას მეუბნება ღიმილიანი თვალებით – ზრდილობიანი, სახენათელდაფენილი. ავტობუსის ხმაურში ზუსტად ვერ მივხვდი რას, ის კი მივხვდი თუ გაქვსო, ალბათ წიგნი თუ გაქვს საკუთარი ან სად შეიძლება შევიძინოო, ამას მეკითხება. არა-მეთქი, ის აღარ მითქვამს რა ძნელია დღეს წიგნის გამოშვება, და არც ის სამი წიგნის მასალა რომ  მაქვს-მაგრამ სპონსორი არ ჩანს. მაშინ  ავტოგრაფი მინდა თქვენიო – ისევ ისევ მორიდებით.  მიხარია, უარს როგორ ვეტყვი, ხო იფიქრებს გაყოყოჩდა, ცოტაც და ცას აარტყამს თავსო, ვთანხმდები კი ბატონო თქვა და მაწვდის რაღაც ქაღალდს. მეც ვუწერ ხელს – უხერხულად და ოდნავ მორცხვი ღიმილით. 
მერეღა მივხვდი. თურმე საჯარიმო ქვითარზე ვუწერ ხელს კონტროლიორ ვახტანგ (თუ არა არ მყავდე ეს ვახტანგ გორგასალი) ამირანის-ძე (ხო, მამამისი  არ მყავდეს ამირანი, ეს ვნახე მიჯაჭვული ყვითელ ავტობუსში) მილაძეს (რა გვარია მაინც მილაძე, არ იქნება აი ქართველი - არ გამიკვირდა, ისე `მილიი~ მეგონა თავიდან მეც!?).
ჩემი ხუთი ლარით უნდა შეავსოს ბიუჯეტი ამ მილაძემ თუ რავაა საქმე?!
ხოდა დავყურებ ახლა: საჯარიმო ქვითარი, ნაწილი I. ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ოქმი, #ა, 033552, ასკ-ს (ეს ასკ-ს ნეტა ვიცოდე რა არის) 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტი, გადაიხადე ხუთი ლარი თუ კაია... თუ არა და ერთ თვეში გადაიხადე 150-ო.
მართლა არ იქნება ეს კაცი ქართველი, აბა  მე,  უკვე ლამის ცნობილ მწერალს (ერთი ნაწარმოები დაიბეჭდა უკვე ჩემი - ნუ, მთლად ისეთ ცნობილს არა, წიწამურში რომ მეშინოდეს სეირნობის, ან ვთქვათ და ვისეირნე, მესროლეს, მომხვდა    და ამით ეპოქა დამთავრდეს დიდი) კაცი ხუთ ლარიან ჯარიმას გადამახდევინებს!? ერთი გაჩერება მაინც  გამევლო უბილეთოდ - ამოსული არ ვარ ბატონო ჯერ ავტობუსში, მაცალე ცოტა, იქნებ და  ვიღებ ბილეთს...
მიგიხვდი, ჩემო მილაძე, გულის წადილს  – ისტორიაში გინდოდა შესვლა შენ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები