ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კესო
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2010


მეტამორფოზა


ასეთ დროს გგონია, რომ ცა სავსეა ხმებით.
ხმები. და უწყლოდ და უმწეოდ ეშვები მიწაზე.
ეშვები ფატრავენ ტკივილებს წელის და ხვდები_
ეშვები_და უკვე არ გტკივა, რაც უნდა გტკიოდეს
და აღარც გაწვალებს.

უბრალოდ მიმოდის წყლებივით ნაკადი დღეების.ან წლების.
ანწლები ანჩხლობენ აგვისტოს ცეცხლისფერ სიმწიფედ. სიზიფე.
უსმენ და იფიცებ, რომ გესმის, ჰო, მაგრამ ვერ ხვდები-
რეკენ თუ ექოა?! რეკენ თუ ექოა
ცის კიდეს

ვერხვები. ვერც სხვები ხედავენ ახლო ხედს. ახოებს
ახარებს ამ ქარის ამქარი. ამ მხარეს მარტოდენ ყვავების
ყრანტალით ართობენ. არც თმობენ_ასოებს შიგ გულში გასობენ
შორისდებულებად.

ამბობენ, ამბორი შველისო ვნებიან ქალების.
აბრუნებ ,,ებიან’ მრავლობითს საერთო წარსულის.
და თუ კი გიშველის მხოლოდ-ღა ჯიუტი ამბოხი.
ამ ბოხი ხმა_ტემბრის უცილო და უტყვი წყალობა.

ასეთ დროს გგონია, რომ ცა სავსეა ხმებით.
უსმენ და ივსები. უსმენ და ივსები. უტყდები
საკუთარ თავსაც, რომ მადლობელი ხარ ღმერთის
ქედს იხრი და ნიხრით_ფესვებზე ყლორტები
ახლიდან იწყება
ათვლა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს