ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

შენი გზა

ზეცა დასავლეთისკენ იწვის,როგორც აბედი,
ბინდმა ჩამოაფარა მზეს სამწუხრო თავშალი,
დღეს უშენოდ  გზის გავლა მერამდენედ  გავბედე,
მაგრამ ყველა მცდელობით ჩემი თავი დავშალე
ნაწილებად და ახლა ვუცქერ სულის ტერასებს,
ზედ რომ გაფენილია ტანჯვა საფეხურებად,
გჯერა?მაშინ ცხოვრება აღარ მაინტერესებს,
როცა შენი გონება  სხვა  ფიქრს ემსახურება.
ახლა ისე წვალდება შეგრძნებები არყოფნის,
როგორც სუნთქვით მიწაზე თევზი ,ცალი ლაყუჩით,
მახრჩობს მიზიდულობა და ჰაერი არ მყოფნის,
გულმხურვალე ლოცვაც კი ტკივილს ვეღარ აყუჩებს.
მორჩა!ყოველდღიური დაშლა საკმარისია,
ჩემს სულს ერთმა საცდურმაც გვერდი ვერ აუარა,
ვუყურებ და არ მიკვირს გზა ამდენი  ვისია,
იმედს აღარ ვიტოვებ,გამიმართლებს თუ-  არა.
საღამოა, მოწყვეტილ ვარსკვლავებზე იძინებს
შებინდება და შენი გული ხდება ყოველი,
ვიცი,ახლაც განიცდი აუტანელ სიმძიმეს,
გტკივა ყველა და შველას არავისგან  მოელი.


10.11.2010



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები