ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პროზა
12 ნოემბერი, 2010


ღიმილის საფასური



  „მე როცა შხამისფერ ბოლს ვუშვებ და მინდა უკანასკნელი ნაფაზით დავიხრჩო, შენ ზიხარ კომპიუტერთან და ვერგანცდილ გრძნობებზე დარდიანობ.
  ზოგჯერ მგონია რეინკარნაციის ბოროტი ხუმრობა ვარ და უფალი ცოდვების გამოსასყიდად კიდევ არაერთხელ გამომგზავნის დედამიწაზე.
არადა მე მიყვარს ისინი.. ჩემი ცოდვები მახსენებენ, რომ შესაძლოა იყო ადამიანი, სხვის მიერ შექმნილი არსება და მაინც იმდენად თავისუფალი იყო, რომ თავად გადაწყვიტო რა გსურს. ჩემი არჩევანი - ცოდვებია, შემქმნელი კი ხშირად ჩემს მაგივრად სევდიანობს ჩემივე სურვილით არჩეული გზის გამო.
  ..იმდენად სწრაფად გავდივარ ცხოვრებას, რომ ზოგჯერ მიჩნდება შეგრძნება, თითქოს ფირმა ჩაიხვია და მის გულისგამაწყალებელ ჭრიალს ვუსმენ მხოლოდ.“
 

ზუსტად მაშინ, როცა გადავწყვიტე, რომ აღარასოდეს დავწერდი ბარათებს, მივხვდი, რომ რეალობა ვერაფრით მიფერებს და ჩემი ილუზიაგარეული ნაწერები ეს ხსნაა.
ავიღე ბილეთი სევილიამდე და კარები გამოვიკეტე შეხვედრამდე.






  აეროპორტში ჩახუთული ჰაერი იდგა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოგზაურობისგან სიმშვდეს ველოდი.
პირდაპირ ჩემოდანზე ჩამოვჯექი და ჩემი ერთი-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნი ამოვიღე. ვიფიქრე, გულს გადავაყოლებ-თქო და თუნდაც მცირე ხნით გადავცხოვრდები იქ, სადაც დრო უბრალოდ არ გამოუგონებიათ.
ტრამალის მგელი, იგივე ჰარი ჰალერი ჩემი არარსებული მამაკაცი იყო, რომელიც საკუთარი ირეალობის მიუხედავად ზედმეტად მხიბლავდა. მისი სული იმდენად ღრმა და საინტერესო გახლდათ, რომ სიამოვნებით დავიკარგავდი თავს მისი ფსიქიკის ლაბირინთებში. ამ მხურვალე ტრფობის გამო და იმის სურვილითაც, რომ თავი დამეკარგა, მე ხშირად, როგორც კი დრო ჩამივარდებოდა, გადავიკითხავდი ხოლმე ჰესეს ამ ბრწყინვალე შედევრს.
  ახლაც ვიჯექი ჩემოდანზე უხერხულად და ასეთივე მოძრაობით ფრთხილად ვფურცლავდი წიგნს.
ნება მომეცით გაგეცნოთ.
სახელი, ასაკი და მსგავსი ყოფითი ნიუანსები არამგონია გადამწყვეტ როლს ასრულებდეს ჩემი ისტორიის მოყოლაში, ამიტომაც ვეცდები ჩემი თავი შიგნიდან დაგანახოთ და უნიათოდ შემოხვეული ყოფითისგან გაგანთავისუფლოთ (თქვენ მაინც).
  პროფესიით ფსიქოლოგი გახლავართ, ამით აიხსნება ჩემი ჩანაწერების ძირითადი ნაწილის გადამეტებული სიღრმე და იცით, ერთი მეტად უჩვეულო თვისება გამაჩნია, - ყოველ, ჩემს მიერ მოწონებულ წიგნში ვტოვებ ჩანაწერებს მთავარი პერსონაჟებისადმი.
მე ბოლომდე შევდივარ ფაბულაში და საკუთარ ინტერპრეტაციებსაც კი არ ვერიდები.
იქვე ჩადებული ფურცელი გავშალე და უკვე მერამდენედ გადავიკითხე.

„ ჩანაწერი ჰარი ჰალერზე..
შენ, როგორც არარსებული ცხოვრების ყველაზე რეალური მტკიცებულება.


  მამაკაცი, რომელსაც არასოდეს გააჩნდა ათვლის წერტილი და მისი ყოფა არაფერი იყო, თუ არა განაჩენი, რომელიც საკუთარ თავს გამოუტანა.
მისი ბიურგერული ცხოვრებისადმი სიძულვილი იყო გამოძახილი იმ სურვილისა, რომელიც ვერაფრით შეისრულა და როცა მიხვდა, რომ განსაკუთრებულობა ტკივილის ტოლია, მთელ სამყაროზე გაბრაზებული თავისი თავის ნგრევას შეუდგა. (არადა სასაცილო ის გახლავთ, რომ მისი თვითნგრევა მხოლოდ სიძულვილის შედეგი როდი იყო).
ჰარი, მეტადრე, გახლდათ არშემდგარი მამაკაცი, რომელიც საკუთარ კომპლექსებს ისე ითვლიდა, როგორც მეძავი უცხო მამაკაცებთან გატარებულ ღამეებს. თუმცა ამის მიუხედავად, ჰარი ჰალერი იყო კაცი, რომელთანაც, თუნდაც მცირე ხნით ყოფნა, ერთ ცხოვრებად ღირდა. მას ჰქონდა უნიკალური უნარი შეეგრძნო თანამოსაუბრე უკანასკნელ უჯრედამდე და ასე მგონია, ზუსტად ამ თვისების გამო გაურბოდა იგი ადამიანებს, ეშინოდა საკუთარი სახე არ დაეკარგა..
  ჰარი ჰალერის ნატეხებივით ქცეული სულის ნაწილები ქვეყნად ყველა სასწაულის რაოდენობაზე მეტი გახლდათ და ეს კაცი, შეიძლება ითქვას, მთელ სამყაროს უდრიდა თავისი მრავალფეროვნებით.
  ასეთი ტიპის მამაკაცები არ იბადებიან, ისინი ღმერთის შეცდომები არიან.. და ზუსტად ამიტომ გაღმერთების გზაზე შემდგარნი უხარისხო და დაუსრულებელ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენენ.


ჰარი, შენ ვერ იქნები ღმერთი, რადგან სამყარომ რწმენა დაკარგა“


  წარმოგიდგენიათ რა სულელური ჩვევაა, წერო ნახევრად მხატვრულ - ფსიქოლოგიური ხასიათის პორტრეტები პერსონაჟებზე, რომლებიც მხოლოდ წიგნის შემადგენელი ნაწილები არიან.
მე ასე ვირთობ თავს, როცა სარკეში ჩახედვისას ჩემს თვალებს ვერ ვცნობ..
ახლაც თინეიჯერი გოგოსავით ვზივარ ჩემოდანზე და ვფიქრობ, რა ჯანდაბა დამრჩენია სევილიაში, როცა მამაკაცი, რომელიც ნებისმიერ არარეალურ პერსონაჟს მირჩევნია, იმდენად რეალურია, რომ სულის სიღრმემდე მტკენს..
მერე მახსენდება მისი ვერთქმული და არგაკეთებული სისუსტეები და ვხვდები, რომ უაზრობაა გენატრებოდეს ის, ვისაც არაფრად უღირხარ. 
  ხალხი ისე ირეოდა ერთმანეთში, რომ ვერც კი მამჩნევდნენ. მხოლოდ ერთი, ლაჟვარდისფერკაბიანი გოგონა მიცქერდა დაჟინებით. მტკიცედ ჩაეჭიდა დედისთვის ხელი და ჯერ არნატკენი თვალებით მაკვირდებოდა.
ქალი, რომელიც სავარაუდოდ დედამისი გახლდათ, აღელვებული საუბრობდა მობილურზე.
მე მსუბუქად გავუღიმე ბავშვს და წარმოვიდგინე ჩემი თავი მის ასაკში. დაახლოებით ექვს წლამდე იქნებოდა და მიუხედავად მცირე ასაკისა მეტად სერიოზული სახე მიეღო. ჩემდა გასაკვირად დედას ხელი გაუშვა და ჩემკენ წამოვიდა დინჯი ნაბიჯებით. მისი გარეგნობა რომ არა, ვიფიქრებდი დიდი ქალი მოაბიჯებს-თქო.
მომიახლოვდა და ჩემს წინ დადგა, ისე, რომ მზერას არ აშორებდა ჩემს თვალებს.
- რატომ ხართ ასეთი მოწყენილი?
იმხელა ინტერესი იყო ამ პატარა გოგოს კითხვაში, რომ გული მომეწურა.. ჩემს წინ ჯერ კიდევ გამოუცდელი არსება იდგა და ჩემს ახლობლებზე მეტად ინტერესდებოდა ჩემი განწყობით.
მოღრუბლულ სახეზე მზის პირველი სხივივით გამიკრთა ღიმილი.
- დროებითია ეს მოწყენა, კარგო, ყველაფერი ადრე თუ გვიან სრულდება.
ბავშვმა ხელები მომუშტა და მივხვდი, რომ რაღაც უსიამოვნო ამოტივტივდა მის ოქროსფერდალალებიან თავში.
- დედაც ასე მეუბნება, როცა მამა მთელი ღამე არ მოდის სახლში და დედას კი მეორე დღეს გვიანობამდე სძინავს, რადგან თვალები სტკივა. თქვენც გიწითლდებათ ხოლმე თვალები?
დაბალ ხმაზე შემეკითხა და იმდენად დამაბნია მისმა კითხვამ, რომ წუთით ხმა ვერ ამოვიღე.
- მე სახლში არავინ მყავს და მარტოობა კი არასოდეს აგვიანებს, რადგან ისედაც არ მშორდება.. წუთითაც კი.
და როცა წინადადება ჩავამთავრე, მივხვდი, რომ ჩემი ლაჟვარდისფერკაბიანი  თანამოსაუბრე  იმდენად პატარა იყო, რომ ვერაფრით გაიგებდა რა განსხვავებაა მარტოობასა და ჩაწითლებულ თვალებს შორის და რომ ლოდინი ზოგჯერ ზღვარდადებული და ზოგჯერ კი უსასრულოა.
- იცი, მე ფსიქოლოგი ვარ, ჩაგაწერინებ ახლა ჩემს ნომერს და თუ შენი დედიკო ისევ გვიანობამდე გააგრძელებს ხოლმე ძილს, აუცილებლად უთხარი დამირეკოს და მე ვასწავლი, როგორ უმკურნალოს ჩაწითლებულ თვალებს, კარგი?
წიგნიდან ჩანაწერი ამოვიღე, კუთხე ჩამოვახიე და ჩემი მობილურის ნომერი მივაწერე.
მას თვალები გაუბრწყინდა და მე გამახსენდა ჩემი თავი, როცა მის ასაკში ყველაფრის მჯეროდა და ჩემი იდეალები იმდენად რეალურად მესახებოდა, რომ ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჩემში საკუთარი ბავშვობის გადამალვა  დამჭირდებოდა, რათა ვინმეს არ გაენადგურებინა იგი.
გოგონამ თავი დამიკრა და ფურცელი გამომართვა. შემდეგ ლოყაზე ფრთხილად მაკოცა და იმდენად შერცხვა თავისი საქციელის, რომ მოწყვეტით გაიქცა დედის მიმართულებით და უკან ერთხელაც არ გამოუხედავს.
ქალი ისევ მობილურზე ეკამათებოდა ვიღაცას გაცხარებით და ვერც კი შენიშნა, როგორ მიუახლოვდა შვილი.
მე წარმოვიდგინე, როგორ ითვლის ეს ქალი წუთებს გათენებამდე და შემამცივნა..
სევილია ჩემი გზაა უსასრულობაში და ჩემი ზღვარდადებული მოლოდინია.





  თვითმფრინავში საერთოდ ამომიფრინდა დედა-შვილი გონებიდან და რულმორეულმა დაძინება ვცადე.
არ მახსოვს რამდენ ხანში ჩავფრინდით.. არც ის მახსოვს, როგორ მივაღწიე ტაქსიმდე და ჩავჯექი მასში. მხოლოდ ის მიტრიალებდა გონებაში, რომ არასოდეს უნდა შეიყვარო ადამიანი საკუთარი თავივით, რადგან შენი თავი ერთადერთია, რასაც ვერასოდეს გაექცევი.
და მაინც საიდან მოვიტანე ეს სენტენციები?
იქნებ დროა ნგრევა დავიწყო იმის, რაც აქამდე „კომფორტული ჭეშმარიტება“ მეგონა?
ხო, სისულელეა.. იქ, სადაც კომფორტია გრძნობებს ადგილი არ რჩებათ..
რადგან სიყვარული ქაოსია..

 



  ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში, როცა გაციებულ ყავას ვსვამდი, მობილურმა დარეკა. ფიქრები გვერდით გადავდე და ტელეფონს ვუპასუხე.
- ბატონო.
მშვიდი ხმა მქონდა.
- გამარჯობათ, უკაცრავად შეწუხებისთვის, ნინიკოს ძალიან უნდა თქვენი ნახვა. ასე მითხრა აეროპორტში გავიცანი ერთი ქალბატონი და მან ტელეფონის ნომერი მომცაო, თუ რამეს იგონებს, წინასწარ დიდი ბოდიში შეწუხებისთვის.
ნირვიულად საუბრობდა ქალი. უეცრად გამახსენდა ოქროსფერდალალებიანი, პატარა მოსაუბრე.
- დიახ, დიახ, მე გახლავართ ფსიქოლოგი, სად მოვიდე ნინიკოს სანახავად?
მობილური მხარით დავიჭირე. იქვე, მაგიდაზე ფურცელი და კალამი მოვიმარჯვე მისამართის ჩასაწერად.
მივხვდი, რომ წინ უცნაური შეხვედრა მელოდა. ნინიკოს დედამ მადლობა გადამიხადა და მეც ფარული სიხარული ვიგრძენი.





  გზაში ბევრი არ მიფიქრია ჩემს თავზე. თუ გსურს იცხოვრო ისე, თითქოს ეს დღე უკანასკნელია შენს ცხოვრებაში, ჯობია საერთოდ ამოიგდო ცხოვრებაზე ფიქრი თავიდან.
როცა ტაქსი დანიშნულების ადგილას გაჩერდა, მე უჩვეულოდ ამიჩქარდა გული.
  ..კარი გადაღლილმზერიანმა ქალმა გამიღო, წელში მოხრილი მეჩვენა, თითქოს დარდები შემოეწყოთ მის სუსტ მხრებზე.
- მობრძანდით.
შემიძღვა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში, სადაც ნინიკო იწვა და საბანი თითებით ჩაებღუჯა.
გული მეორედ მომეწურა და დედამისს მასთან მარტო დატოვება ვთხოვე. ქალი გაგებით მოეკიდა ჩემს თხოვნას და ცოტა ხანში უკვე გოგონას საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი თვალებით ვუღიმოდი მის გაფითრებულ სახეს.
  ის ფრთხილად წამოიწია ლოგინიდან, მაგრამ ხელი არ გაუშვია საბანისთვის.. ჩემს სახესთან ახლოს მოვიდა და ჩურჩულით მითხრა.
- მამა წავიდა...
თვალები სავსე ჰქონდა ტკივილით, რომლებიც გუგის სიღრმეში ჩაზრდოდა.. ქვეტა ტუჩი უცახცახებდა..
- სად წავიდა, ნინიკო, მამა?
ვეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა ხმისთვის და ბავშვი არ დამეფრთხო.
მან თვალები დახუჭა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები მომუჭული ხელისგულით მოიწმინდა.
- დედა ამბობს, რომ არასოდეს დაბრუნდება და ვიცი, რომ მატყუებს, რადგან დედას აღარ აქვს ჩაწითლებული თვალები.. და ხშირად იმდენს ფიქრობს, რომ ჩემი ლაპარაკი არ ესმის..
ისე მომინდა გადავხვეოდი, მასთან ერთად გულით მეტირა და ყელში გაჩხერილი ცრემლებისგან გავთავისუფლებულიყავი, მაგრამ... მხოლოდ გადავყლაპე წვეთ-წვეთ ისინი.
- ნინი, მამა დაბრუნდება შენთან, უბრალოდ მანამდე უნდა გაიღიმო და ის დაბრუნდება.. ხომ შეიძლება მას ეშინოდეს, რომ გაუბრაზდები ან სულაც აღარ მიიღებ? ამიტომაც გაიღიმე და ის მოვა შენთან.
  ვუთხარი დამაჯერებლად და მისი პატარა, გაყინული ხელი ჩემს ხელისგულებში მოვიქციე. მინდოდა გამეთბო, რადგან ამ პატარაში ახლა ჩემს თავს ვხედავდი..
ძლიერი ქალი ეს ბუტაფორიაა, როცა ყელში ცრემლები და თავმოყვარეობა გაქვს გაჩხერილი და სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს.
არ ვიცი თავად რამდენად მჯეროდა იმის, რასაც ახლა ვამბობდი, მაგრამ ერთი ფაქტი იყო, მე ეს ბავშვი უნდა გადამერჩინა...
  ნინიკო გადამეხვია, თავი კალთაში ჩამიდო და მიყუჩდა.
-  მგონია, რომ დედამ გადაწყვიტა აღარ დალოდებოდა მამას, როცა მან ძალიან დაიგვიანა და ზუსტად ამიტომ წავიდა მამა... მითხარით, როგორ უნდა მიხვდე, რომ ადამიანი დაბრუნდება?
დამისვა კითხვა, რომელმაც ადგილზე გამაქვავა.
ასე მეგონა საკუთარი თავი მესვენა კალთაში და სამგლოვიარო პროცესიისთვის ვამზადებდი.
არადა მე ვერ ვსუნთქავდი..  ცრემლებისა და თავმოყვარეობისგან, რომლებიც ყელში მქონდა გაჩხერილი დამადლებული განცდასავით.




  არ მახსოვს იქიდან როგორ წამოვედი..
არც ის მახსოვს, როგორი თვალები ჰქონდა ქალს, რომლის ქმარიც სამუდამოდ წავიდა მისგან.. მხოლოდ პატარა ნინიკოს კითხვა მიტრიალებდა თავში.
და მე მივხვდი, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და ტკივილმა წლები არ იცის..



  სახლში, რომ მოვედი ყველა წიგნი გადმოვყარე და ჩემი ჩანაწერები დავხიე. გავანადგურე ყველა ჩანაწერი ჩემს არარსებულ, პერსონაჟ მამაკაცებზე, რადგან ქვეყნად პირველად ვგრძნობდი, რომ ღალატის სურვილიც კი არ მქონდა, თუნდაც ჩემს არარეალურ გმირებთან..
მე ყველა მათგანი დავხიე იმ იმედით, რომ კითხვაზე პასუხს ვიპოვიდი და მე თუ ვერა, ნინიკო მაინც გაიღიმებდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები