ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა.ახალაია
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2010


ყავა...პირმშო




ვუყურებ ორსულობისგან წამოზრდილ
შენს მუცელს
და ვგრძნობ ჭარბი აზროვნებისგან
ჩვენს გაბერილ თავებს...

ორი უძილობა ხარობს
სიჩუმის სათბურში:
ჩემი(შვეულად) ღია ფანჯარასთან
სიგარეტით ხელში
და შენი-(თარაზულად) დივანზე,
ჭიპზე მიყურადებული ხელისგულებით,
იზრდება ორივე,ღამის კლების პროპორციულად,
მაგრამ ვერ იფურჩქნებიან
აქა-იქ გამოსხმული სიზმრის კვირტები...

ყავა გვინდა...

ბრაზით პირქვედამხობილი
ცარიელი ,,"Neskafe"-ს ქილა...

მერე მე აივნიდან შემომაქვს ორი კოვზი
ჩამონაფხეკი სიბნელე
და ჩვენ პირველებმა დავლიეთ ახალი ყავა:
,,თებერვლის ღამე".

ისევ ვუყურებ შენს მოზრდილ მუცელს
და ვგრძნობ ჭარბი აზროვნებისაგან
ჩვენს გაბერილ თავებს...

სანამ წყლებს დაღვრიდე
და ბავშვს გააჩენდე,
მოდი,ვიკამათოთ,
ცრემლები დავღვაროთ
და დავბადოთ ჩვენი პირველი პირმშო:
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები