ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადრიანა
ჟანრი: პროზა
30 ნოემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

თეთრი კარი

თეთრი კარი

შემოდგომის თავსხმა წვიმაში მეტროდან ამოვედი და გათოშილი მივაბიჯებდი ახალი სამსახურისკენ, ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია, ეს კი საკუთარი თავის მიმართ ეჭვს მიჩენდა და უნდობლობას მმატებდა. ვნერვიულობდი, თუმცა ძველ ქოლგას შეფარებული მაინც თამამად განვაგრძობდი გზას.
საავადმყოფოში მედდად მუშაობის პირველმა დღემ საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა, დავრბოდი პალატიდან პალატაში, ავადმყოფებს წვეთოვანს ვუცვლიდი, წნევას ვუზომავდი და უკმაყოფილო პაციენტების საჩივრებს მორჩილად ვისმენდი. საღამოს ხუთი საათისთვის მნახველთა მიღება შეწყდა და მეორე სართულზე ნელ-ნელა სიწყნარემ დაისადგურა. თინა, უფროსი მედდა, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა, მშვიდად უჯდა მაგიდას და პაციენტების ავადმყოფობის ისტორიას იწერდა. ყარაული გაზეთის კითხვით ირთობდა თავს, კოჭლი დამლაგებელი პალატიდან პალატაში გადადიოდა თავისი ძველთაძველი იატაკის საწმენდი ჯოხით. ცოტა ხანში თინა იქვე მიწვა და როგორც საკუთარ სახლში, უდარდელად მიიძინა. თინასგან განსხვავებით, მე ძილზე ფიქრიც კი არ შემეძლო, წამლების სუნით გაჟღენთილი ჰაერი ძილს მიფრთხობდა, თან დედაც გამუდმებით მირეკავდა მობილურზე. ძველი ბინიდან გადავდიოდით და სასწრაფოდ უნდა მოგვეძებნა ახალი საცხოვრებელი. ეს ყველაფერი საშინელ ხასიათზე მაყენებდა, რის გამოც ის ის იყო ტელეფონი გავთიშე, რომ ჩვენს კარზე კაკუნი გაისმა. სწრაფად წამოვდექი და კარის გასაღებად გავიწიე, ჩემს წინ დაახლოებით 50 წლის ჭაღარა, სიმპათიური მამაკაცი იდგა.
- საღამო მშვიდობისა, წყნარად მომესალმა ლამაზ პიჯაკში გამოწყობილი უცნობი.
- საღამო მშვიდობის, ძლივს გასაგონად წარმოვთქვი მე.
- რეანიმაციაში უნდა წამიყვანოთ.
- მე მაგის უფლება არ მაქვს! რეანიმაციაში მნახველების შესვლა არ შეიძლება.
- ჩემთვის შეიძლება! მკაცრი ტონით შემაწყვეტინა მან.
თინას ღრმად ჩასძინებოდა, მისი გაღვიძება მეუხერხულა, ამიტომ ფრთხილად ავიღე გასაღები და თეთრი რკინის კარისკენ გავყევი. ჭაღარა მამაკაცს ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა, თუმცა მის საავადმყოფოში ნახვას იმდენად არ ველოდი, რომ, ჩემს თავს გზადაგზა კითხას ვუსვამდი: ნუთუ მართლა ის არის? რეანიმაცია კარგად განათებული დაგვხვდა, თუმცა ციოდა. ისმოდა აპარატების გამალებული მუშაობის ხმა, რომლებზეც ავადმყოფების უმეტესობა იყო მიერთებული. ჩვენ წინ წავიწიეთ, მამაკაცი ერთ-ერთ საკმაოდ მძიმე ავადმყოფ ქალბატონთან შეჩერდა. ცოტა ხანს ასე იდგა და გაფითრებული შეჰყურებდა, შემდეგ დაიხარა და სიბერისგან დამჭკნარ და დაპატარავებულ ხელებზე ხელი მოჰკიდა მოხუცს. ქალბატონის ნატანჯ სახეზე მოულოდნელად ღიმილი გაჩნდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა, აპარატის მილები ცხვირიდან თუ პირიდან, დრენაჟი მუცლის არეში ამის საშუალაებს არ აძლევდნენ. ხელ-ფეხი კი მოხუცს ქამრით ქონდა დაბმული. ქალის სახეზე ღიმილის დანახვამ მე ცოტათი დამამშვიდა, რადგან ჩემი საქციელის შედეგებს ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი.
მოულოდნელად მოხუცის ფერმკრთალ სახეს ჩემს თვალწინ ფერი ეცვალა, მამაკაცს არაფერი შეუნიშნავს, ისევ გაუნძრევლდა იდგა და სიტყვებს ვერ პოულობდა, სიტყვებს, რომლებიც შეძლებდნენ ის დიდი ტკივილი და სასოწარკვეთა გამოეხატათ, რასაც იმ წუთში განიცდიდა. მოულოდნელად აპარატმა, რომელზეც მოხუცი იყო მიერთებული განგაში ატეხა, ყველა სიგნალი ჩაირთო, რაც კი გააჩნდა, მამაკაცი ისევ უმოძრაოდ იდგა, ვერც რამის თქმას ახერხებდა და არც მოხუცი დედისთვის უნდოდა ხელის გაშვება. შვილის ცრემლიანი თვალების შემხედვარე, ქალს სურდა ეთქვა რომ არ ენერვიულა, თქმას ვერ ახერხებდა, თუმცა მოხუცის გული მკერდში ვერაფერმა დააკავა, ხელოვნური აპარატის ყველა მილი გაუჩერებლად ცახცახებდა, და მაშინ მივხვდი, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი. რეანიმაციისკენ გამორბოდა ყველა, ვისაც საავადმყოფოში თეთრი ხალათი ეცვა, კოჭლი ქალიც კი საშველად მორბოდა, გაიღვიძა ყველამ, ვისაც კი ეძინა, მაგრამ ჭაღარა მამაკაცის ადგილიდან დაძვრა ვერავინ შეძლო. შვილი ხელს არაფრით უშვებდა დედას, უბრალოდ გვერდით დგომაც საკმარისი აღმოჩნდა მშობლის თვალებში იმედის ნაპერწკლის ასანთებად, შვილის სიახლოვემ მომაკვდავ ქალს იმედი ჩაუსახა, ამიტომაც იდგა ჭაღარა მამაკაცი გაუნძრევლად.
მე რომ მცოდნოდა შვილის დედასთან შეშვება აკრძალული იყო... რომ მცოდნოდა მათი შეხვედრა უკანასკნელი აღმოჩნდებოდა... რომ მცოდნოდა...
დილისთვის უსამსახუროდ დავრჩი, ქუჩაში ისევ გადაუღებლად წვიმდა, იგივე გზას მივუყვებოდი, მაგრამ უკვე ქოლგის გარეშე, ჯიბეში ერთადერთი ჟეტონი და ოთხმოციოდე თეთრი მიწკარუნებდა, ვცდილობდი ისედაც სველი ფეხები გუბეებსთვის ამერიდებნა. მივდიოდი ნაცნობი გზით მეტროსკენ და გულამომჯდარი ვქვითინებდი.
ძალიან მინდოდა სახლში მალე მივსულიყავი, ჩავხუტებოდი როგორც არასდროს და მეთქვა: „დედა მე უზომოდ ბედნიერი ვარ”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები