ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბონდო ჯიაძე
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2010


ნაწვიმარზე

თუ გინახია, რომ ნაწვიმარზე
როგორ იშლება ცაზე ღრუბელი,
შენ გინახია, ძმაო, პიკასოს
ყველა სურათი გაუხუნველი!
თუ გისმენია იმავე დილით,
თუ როგორ გალობს ბულბული ბაღის,
შენ უფლება გაქვს, ძმაო, ტრაბახის
მოგისმენია კონცერტი ბახის!
ხომ ყველა ხარობს ამ ზღაპრულ დილით,
თუ მაინც გულში სევდა გიგრძვნია,
მაშინ მე გეტყვი, უმოკლეს დროში
ტერენტის ლექსი წაგიკითხია.
მასაც თუ ამჩნევ, ალვის ტოტებში
ბეღურა როგორ წვალობს უმამლოდ,
რაღას მაწვალებ, შე დალოცვილო,
დაგიწერია ლექსი უკალმოდ!
ამ ნაწვიმარზე მთის წვერზე მდგარი
მხოლოდ და მხოლოდ სიამეს ვხედავ,
და თუ ნატვრაა, განგებას ვთხოვდი:
- ნუ გამახსენებ ნურცერთგვარ სევდას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები