ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
11 დეკემბერი, 2010


ადგილი

                                          "ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი..."

                                                              გალაკტიონ ტაბიძე


                                    "და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ
                                      თუ არ მოიქცევით და არ იქნებით,
                                      როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ
                                      ცათა სასუფეველში."

                                                                          მათე 18.3




   


      ადგილი პირველ რიგში საწერი ადგილია, როცა ცდილობ აწ უკვე დაწერილი სტრიქონების გვერდით მონახო იგი და მასში ჩაატიო სათქმელი თუ უთქმელობა. ამავდროულად ეს ადგილი არჩევანის დაბადების ადგილია და რაც უფრო იზრდება ტექსტის მოცულობა, მით უფრო მცირე ადგილი რჩება სათქმელისთვის და უთქმელობაც შეუძლებელი ხდება. ცარიელი ადგილი თავისთავად მეტყველია და დაწერას ითხოვს. სინამდვილეში არჩევანი სათქმელსა და უთქმელობას შორის არ არსებობს, სიცარიელე უკვე არის ნიშანი, ანუ სიტყვა. ადამიანები ცხოვრობენ ამ ნიშნით, რაც გამოხატავს მათ დაცემას, დაცემას ამ ადგილზე და ადგილს როგორც დაცემას. სწორედ დაცემის შემთხვევაში ხდება ადგილთან მიახლოვება, მაგრამ ამ შემთხვევის ადგილზე ყოფნა არ ნიშნავს ადგილთან ახლოს ყოფნას. მიახლოვება არ არის საკმარისი იმისთვის რომ ადგილთან ახლოს აღმოვჩნდეთ. ეს ადგილი, როგორც უკვე მოგახსენეთ, არჩევანის დაბადების ადგილია, იმ არჩევანისა, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. დუმილი და მეტყველება ერთ მთლიანობას გამოხატავენ. შეუძლებელია რაიმე ვთქვათ, თუკი ბგერებს შორის დუმილი არ იქნება დაცული. ასევე შეუძლებელია დუმილი, როცა იგი თავად არის ერთი დიდი სიტყვა და მონოლოგი. რაც უფრო იზრდება ტექსტის მოცულობა, მით მეტი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა ჩნდება. თითოეული ინტერპრეტაცია გამოხატავს მანძილს ამ ადგილამდე. თითოეული ინტერპრეტაცია არის სიშორე და დავიწყება იმისა, თუ რა არის ადგილი. ადგილი კი ყოველთვის დაცემის ადგილია, ოღონდ დაცემისა არა როგორც მიახლოვება, არამედ დაცემისა როგორც წაქცევა. რა განსხვავებაა ამ ორ სიტყვას შორის? - მიახლოვება გამოხატავს პროცეს, რომელსაც ადამიანი მთლიანად არ ეკუთვნის. მიახლოვებისას თანდათანობით ხდება ამ ადგილთან შეხება და შესაბამისად ყოველთვის რჩება მანძილი, ანუ სიშორე, რაც იძლევა თავად ამ დაცემის ინტერპრეტირების შესაძლებლობას, ანუ მიახლოვებისას, - რაც უფრო ვუახლოვდებით, მით უფრო ვშორდებით მას. სხვა საქმეა წაქცევა, წაქცევა თავად არის ადამიანის არსის გამომხატველი, მასში მთლიანად არის ჩართული ადამიანი არა როგორც სუბიექტი ან ობიექტი, არამედ როგორც პროცესი, როგორც ზმნა. ადამიანი როგორც წაქცევა და ადგილი როგორც დაცემა, - ქმნიან იმ მთლიანობას, რომელსაც სათქმელი არ აქვს, ყველაფერი რაც ითქმება ამ დაცემის  შესახებ, ახალი ინტერპრეტაციისა და ფეხზე წამოდგომის შესაძლებლობას ბადებს, ანუ გვაშორებს ამ ადგილს... რჩება მეტყველი დუმილი ტექსტისა, რომელიც თანაგრძნობას ითხოვს. შეიძლება თუ არა დავინახოთ ეს დაცემა, როდესაც ვკითხულობთ ამ ტექსტს? - თავიდანვე უნდა ითქვას რომ აქ ლაპარაკი არ არის ვინმეს დაცემაზე, მითუმეტეს ტექსტის დაცემაზე(ცომივით), აქ ლაპარაკია ადგილზე, რომელიც სტრიქონებს შორის არის და მკითხველის წაქცევისას მეტყველებს თავისი დუმილით. თანაგრძნობა თავის თავში გულისხმობს არა სენტიმენტალურ აშლილობას, არამედ თანაგრძნობა ეს არის საკუთარ თავში აღმოჩენილი წაქცევა, დაცემის ადგილის ნახვისას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს