ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუბა ხაინდრავა
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2010


*†* მუხბე *†*

(თორნიკე კომლაძეს)

ქარი მდევარივით მომდევს,
ღამეს ანაფორა მოსავს.
ბაბა ჩამოჯდება ლოდზე
ჩუმად წაიკითხავს ლოცვას.
უკან მომტირიან მთები,
ძველი აკლდამები დუმან.
ბოლო პოეტივით ვკვდები,
მუხბე რაღა ვუთხრა უფალს ?
წამო, გამომყევი მზისკენ,
წამო, მიატოვე ფარა !
ჩვენ, რომ არ ვიქნებით იქნებ
სხვამაც ააკივლოს ქარი.
სადღაც დაიძახეს "ლილე"
თვალწინ ჩამომენგრა ოდა.
მე, რომ ცას ვუხსნიდი ღილებს
თოვდა, უსაშველოდ თოვდა.
საით დავმტვრიო მხრები
მუხბე, აცამტვერეს ყანა.
მთაზე ნამიანი ჯვრები
შვილმკვდარ დედებივით დგანან.
აღარც კერიაა თბილი,
აღარც ბეღელი და ჩერო.
ვივლი, ოდნავ მარჯვნივ ვივლი,
მთებს, რომ გადავიდე მერე.
მუხბე აღარ მინდა, არა !
წავალ,ვეომები მყინვარს,
სოფელს სქელი ნისლი ფარავს
და მე გადაფრენა მინდა.
ახლაც ძველ იმედებს ვეძებ,
მზესთან შემომხვდება ალბათ.
მინდა გადმოასკდეს ქედებს
ჩვენი ზარიანი ლახვბა.
ერთი ქოხი მინდა მთაში,
მეტი არაფერი მუხბე.
თოვდეს თუ გინდოდეს მაშინ,
ქუხდეს, მთელი ღამე ქუხდეს.
ისევ შევერიე ფარას,
ქარი თავისას არ იშლის,
ჩვენც სხვა პოეტების დარად,
წავალთ გავქარწყლდებით ნისლში.
აღარ გვეხსომება ბებო,
ბაბუს გაუცურდა თოხი.
ახლ რომ შემეძლოს ძმებო,
ღმერთსაც პატიებას ვთხოვდი,
ამ მთებს, ამ გორებს და ცხენებს,
ღამე რომ გარეკეს ველად.
ვიღაც დიდ სიყვარულს ეძებს,
ვიღაც განთიადზე ღელავს.
აღარც კერიაა თბილი,
აღარც ბეღელი და ჩერო.
ვივლი, ოდნავ მარჯვნივ ვივლი,
ისევ ძმობაზე რომ ვწერო .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები