ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ქერდიყოშვილი
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2010


ტანჯვა მედალივით

მივედ-მოვედები მოდას აყოლილი,
თუმცა მემძიმება ზეცა-უდაოა.
მე ვარ და სიჩუმე ჩემზე აღრენილი,
თან უთქმელ სიტყვებზე მუზა მედავება.

მოდი მომაყოლე ყველა ბითურობა,
ტანზე ტკივილები როგორ დავიბნიე.
ძალით ანათებენ ცაზე ნათურები,
ჯიბრით ათენებენ. (ლექსად დავიბენი.)

მოდი ჩამომბანე ყველა ნაფიქრალი,
ყველა ნაფეთქარი რაც კი ჩავიდინე,
სახეს როგორ მივსებს ნაგვით ნახე ქარი,
როგორ დამისტვინა ნახე ჩაიდანმა.

ყველა დანაშაულს ერთად ვაღიარებ,
ფრაზებს მოვუფონე რადგან სადავე და
იცი, ზედ მიწაზე ბორკილს ვაჟღრიალებ,
როცა მეჩვენება თითქოს ცად ავედი.

ავდარს ამიტეხავ დარდით დანამიწარს,
იქნებ სილაც მტკიცო ბრაზით ორიოდე.
სანამ გამილოკავს დანა გულის ფიცარს
მეხად მომევლინე, ნუ მომერიდები.

მე ხედ დაგიხვდები ქარში საფიცარო,
ჭექით გამაჩუმე, მივედ-მოვედები,
აღარ დამამძიმებს ზეცა ცარიელი,
ვეღარ ვითავხედებ ნატანჯ პოეტებთან.

ხედავ, ეს სიჩუმე როგორ გამებუტა,
თანაც უთქმელ სიტყვებს მუზა მედავება,
(ლექსი მებადება) მოდი გამაჩუმე!
თორემ დამკიდებენ ტანჯვას მედალივით!




2010წელი. 15 დეკემბერი.
თბილისი, ღამე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები