ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰოლდენ...კოლფილდი
ჟანრი: პროზა
23 დეკემბერი, 2010


1992...2010...

,,ანი ბანი და განი და.
მინდა ამოვძვრე კანიდან,
სიცოცხლე მინდა თავიდან.
სიკვდილი მინდა? - არ მინდა,
არა როგორმე გავუძლებ,
არა როგორმე ავიტან,
მხრით გოლგოთაზე ავიტან
დღეებს, რომელიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა."
...........................................
    -ჰმ,დღეს 15 შევასრულე.გილოცავ რატი...არა,რა დროს ეს იყო,ჯანდაბა...დედამ კიდევ უნდა ისესხოს ფული.როგორ არ მინდა, თავი დაიმციროს იმ გაბღენძილი შალვას წინაშე.20ლარს ისე მოგიგდებს ,გეგონება, იმ ქვეყნიდან მოგაბრუნა(ან, ვითომ ეს რა, ,,კეთილი სამსახურია,,?!)ალბათ ,რამე გემრილეს გააკეთებს,მერე ყვავილებს ვიყიდით...ეჰ,მამა,მამა...შენ მაინც არ გშია ,ალბათ ,არც გცივა,არც ფეხსაცმელი გიჭერს და არც შალვას დამცინავი ღიმილი გიშხამავს  გუნებას...უჰ,არა..ღმერთს ვცოდავ,აღარ ვიფიქრებ...მიწის სიშავეს მაინც დახეული ,,კურტკის,,სუსხი ჯობს...ალბათ.მამა,ვითომ ქვეყნისთვის იბრძოდი,ქვეყანამ კი რამდენიმე კუბური მეტრი მიწა გიწყალობა.ისე, სუფთა სინდისიერს არ უნდა გეწვეს მძიმედ...შენზე დარდი აღარ მაწუხებს მარტო...დედა ცდილობს ცრემლები არ მაჩვენოს,მაგრამ ვგრძნობ,თვალის უპეები სულ გასიებული აქვს.დღითი–დღე დნება და მისი შემხედვარე ჩემ სულიც_,,არ შემიძლია გული გათავდა,მე ფრთას შევისხამ და გავფრინდები,,..ჰეჰ,ვითომ?...ფრთებს ღმერთი მომცემს,მაგრამ არ შეიძლება ჩემი წასვლა.
          გუშინ შევარდნაძე გამოდიოდა ტელევიზიით(სინათლეზე უკეთ გამოჩნდა გამურულ–დანგრეული სახლები, დაჩაჩანაკებული ხალხი.ღმერთმანი, აშკარად უშუქობა ჯობდა)ნიჰილისტურ–მონოტონური,ყალბად შეშფოთებული ტონით ვითომ დაგვამშვიდა,ტონზევე ეტყობოდა მიზნები.
          დედას გარეთ  არ ვუშვებ,მაგრამ მაინც გამეპარება–ხოლმე.სადარბაზოში გულისკანკალით  ვუცდი,მოვა თუ არა,ვერა..ღმერთმა თუ იცის მარტო,სად და ვისი ჭურვი მიმსხვერპლებს.ყველაფერი არაფერია,გზა უფსკრულია,არ ვიცი, საერთოდ რას აქვს აზრი.რისთვის,რატომ?.. შენ კი მაინც გქონდა მიზანი –საქართველო..მე რისთვისღა უნდა ვებრძოლო ცხოვრებას?!მხოლოდ  დედის გამო ვითმენ,ისეც ბევრი რამ გადაიტანა,მეც ვეღარ ,,გადამიტანს,, .ისე ლილე...ლილეს  სუფთა თვალები მაინც მაძლევს ძალას..გუშინ, ნაშიმშილარი, კუთხეში რომ წავიქეცი და პატარა გოგომ მისი  მჭადის ნატეხი გამომიწოდა, კიდევ ის,ვენაცვალე მის გაყინულ თითებს, რა თბილი ღიმილი ჰქონდა.
          სარდაფის სუნს უკვე შევეჩვიე,ნეტავ რა არის ლავანდა? უფალს სახლი წაართვეს,მაგრამ ის მაინც ჩვენთანაა. ჩვენ ,,გვყავს ,, ღმერთი...,,ქართველი რომ ქართველს ესვრის ტყვის ხვდება საქართველოს“_მრცხვენია...,,ღმერთო, მაპატიე აპათია,,.მალე ყველაფერი დამთავრდება.ან ჩვენი არსებობა ,ან ეს სიბნელე.ხომ უნდა გათენდეს ოდესმე?!
         
          ასე ვფიქრობდი ზუსტად 18 წლის წინ,მამაჩემის საფლავთან, ჩემი ამ ქვეყნად მოვლინების მე 15 წლის თავს, როცა არაფერი არ იყო, საერთოდ არაფერი.როცა გვციოდა და გვშიოდა,გვტკიოდა.დღეს ოცდაცამეტისა გავხდი,ჰმ..აღარც მშია და აღარც მცივა,მაგრამ  მაინც მტკივა რაღაც.დღეს დედაჩემი  აღარ ,,მტკივა,, ,დღეს ორივეს მივართმევ თაიგულებს... ,,ღმერთო მაპატიე აპათია,, .დღეს უფლის სახლიც ბევრია,უფალი კი დაკარგა ბევრმა.დღეს შემიძლია გავფრინდე,(აეროპორტები კარგად მუშაობენ)მაგრამ აღარ მაქვს ფრთები.დღეს სინათლეა,მაგრამ სულებში ბნელა.გენაცვალე, ღამევ, შენში გახვეულ ამდენ სისაძაგლეს მაინც ვერ ხედავს თვალები(სამწუხაროტ,მხოლოდ თვალები). დღეს სიშიშვლეს მოდა ჰქვია,დღეს თვალებს მალავს ლილე,დღეს ბავშვებს თბილი ხელები აქვთ,მაგრამ ღიმილი აქვთ ცივი,დღეს ,,სიყვარულის შიმშილია.
            დედის სურნელი და ხელების სითბო სიყვარულით მაგონებს წარსულს  და მინათებს მომავალს.ნამყოს მოგონებებით,აწმყოში ძალისხმევით ვიზრუნებ მომავალზე,შევეცდები ამ ბავშვებს მაინც გავუფერადო ცხოვრება,ოღონდ მე აღარ დამრჩა საღებავები,გზასაც ვეღარ ვაგნებ ცისარტყელამდე.
        ჩემო დე,შენ უჩურჩულე უფალს,გზა მომცეს,თუნდაც ბეწვის ხიდი,ყველაფრად მიღირს.გავივლი,გამოვტოპავ,გადმოვცურავ,თუნდაც გადმოვფრინდები.ჩემი ხმა მიწიერია,არ ესმის უფალს,შენსას ვიცი,გაიგონებს...
        მინაწერი,ან უბრალოდ ,
        პ.ს. ,, ღმერთო, მაპატიე აპათია,
                  რაც კი მაბადია - მაპატიე...
                  ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
                  ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
                  თორემ უშენობა უმზეოა,
                  არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ..."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები