ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამელი
ჟანრი: პროზა
22 აგვისტო, 2008


***

მე მსუქანი ვარ. ძალიან. ვცხოვრობ სახლში. შენ იცი რომელ სახლშიც. აი იმ ხიდის ქვეშ რომ დგას. შენ იცი რომელი ხიდის ქვეშ - დღეში სამჯერ მატარებელი რომ გადაიგრუხუნებს და ჩემი სახლის გაბღალულ შუშებს ზანზარი რომ გაუდის ხოლმე.

დაახლოებით ისე ვხვნეში, როგორც ის მატარებელი. სუნთქვა მიჭირს. მითხრეს, ქონი გაწვება გულზეო. ქონი მარტო გულზე არ მაწვება. ქონი მაწვება ყველგან, სადაც კი ვარ. და ვარ ყველგან, სახლის ყოველ კუთხე კუნჭულში. სახლი სავსეა ჩემით და ჩემი ხვნეშით. მე ვარ მსუქანი. ძალიან.

ჩემი სახლი პატარაა. ძალიან. სახლის პატრონიც მე ვარ, სტუმარიც და ავეჯიც. სტუმართმოყვარე მასპინძელი ვარ. ძალიან. სულ სტუმრები მყავს, იმიტომ, რომ სტუმრებიც მე ვარ. ავეჯი მაქვს ძვირფასი. ძალიან. მეორეს სად ნახავ ადამიანისტყავგადაკრულ ფუმფულა ავეჯს, ჩაჯდები შიგნით, ჩაეფლობი და დაგარწევს ავეჯი, როგორც თოთოს.

ჩემი ცალი თვალი ერთ ფანჯარაზეა აკრული, მეორე – მეორეზე. და ვიყურები სულ გარეთ. კაი ხანია არ მიტირია და ფანჯრებიც იმიტომ გაიბღალა. ბოლოს როდის ვიტირე? – ჰო, მახსოვს, რელსებიან ხიდზე მიმავალი ვიღაც ტიპი მატარებელმა რომ გასრისა. ის ვიღაც არ შემცოდებია, რელსი შემეცოდა. ძალიან. კუჭთან ვიგრძენი, როგორ ეტკინა რკინის რელსს ძვლებისგან მიყენებული ჭრილობები. მაშინ ისე გავაპრიალე საკუთარი ცრემლებით და წამწამებით ჩემი სახლის ფანჯრები, რომ რამდენიმე დღე თვალებს ვეღარ ვახელდი, მზე მჭრიდა თვალებს. ძალიან.

ფეხები ჩემი -  მიზელილი სახლის ორ კუთხეს, ისე ავსებს, ისე ამშვენებს, რომ ობობებმა ზედ გააბეს აბლაბუდები და ყოველ დილით, უჩინარ კვერცხებს თავს ევლებიან, როგორც ღმერთებს თაყვანს სცემენ და შესაწირად შეგროვილ ბუზებს ფეხის თითების შუა ღრმულებში ინახავენ.

ხელები მტკივა. უფრო სწორად, ხელი მტკივა. მარჯვენა. ძალიან. ნეკა თითზე ჩამეჭედა რკინის ბეჭედი. და მიჭერს. ძალიან. თითი გალურჯდა, გაცივდა, ალბათ მოკვდა კიდეც და ამ მკვდარ ნეკას დასტირიან დანარჩენი თითები ჩემი.

ნაკეცების ქვეშ ოფლი გამდის, თითქმის სველი ვარ. ოფლისგან დამწვარ-დაწითლებულ ხორცს თუ შემთხვევით ბუზი დააჯდა, ჯერ ამეწვება, კიდევ უფრო დამასხავს ოფლი, ნელ-ნელა კი ბუზის უწვრილესი ფეხების ცუცუნი სიამოვნების ჟრუანტელს მომგვრის და კიდევ ერთხელ (ტფუ, კიდევ ერთხელ, მემილიარდედ) დამასხავს ოფლი.

ბუზი

ბუზი მოდის შორიდან. თან მოჰყავს ახლადშერთული მეუღლე. ბუზსაც და მის მეუღლესაც, ორივეს ზურმუხტისფრად უპრიალებს თავი. სიფრიფანა ფრთების წყალობით ჩემი სხეულის მახლობლად ძალიან მალე ხვდებიან და გარშემო წრიულ ბრუნვას იწყებენ, დასაშვებად ემზადებიან. მამრი ბუზი დაკვირვებით ათვალიერებს ჩემს სხეულს, ზედმიწევნით სწავლობს თითოეულ ნაკვთს და ცდილობს საუკეთესო ადგილი შეარჩიოს დასაბინავებლად. მიზანი ამოღებულია: მკერდი – აი მამრი ბუზის აზრით, საუკეთესო ადგილი მეუღლესთან დაუვიწყარი წუთების გასატარებლად. ჯერ მდედრი ეშვება დატიტკვებულ მკერდზე, რამდენიმე ფეხით რამდენიმე მილიმეტრს გადის და უცებ ზევიდან, მეხივით, ნამდვილი მეხივით, ეცემა ბუზი-მამრი, ეცემა პირდაპირ მდედრის შედარებით მომცრო სხეულზე და ერთიც და მეორეც დაუოკებელი ჟინით ეძლევიან სულ რაღაც ორწამიან სიყვარულს... ბზზზ... ბზზ... ბზზ... ეს სხვანაირი ბზზ არის, ეს ნამდვილად არ არის განავლიდან რამდენიმე წუთის წინ ამობზუებული ბუზის ბზუილი, ეს არ არის, შაქარყინულზე მიკრული ბუზის ბზუილი, ეს სულ სხვა ბზუილია, სულ სხვა სინაზე, სხვა განცდა, სხვა სიყვარულია ამ ბზუილში ჩადებული და წამით, სულ რამდენიმე წამით მინდება ვიყო ბუზი, ნამდვილი ბუზი, განავლისმჭამელი, საზიზღარი, ყველას სიყვარულს მოკლებული პატარა ბუზი, რომელიც ახალდაქორწინებულია და რომელიც ძალიან უყვარს მეორე, თავისნაირ საზიზღარ ბუზს.

ბუზების უკანასკნელი ამოსუნთქვაც სწორედ ეს ჩემი გამომწვარი ნაკეცებია. ჭრილობებიდან გამოსულ წებოვან ლიმფაში ბუზები ღრმად ეფლობიან: ჯერ უმწეოდ აფრიალებენ გამჭვირვალე ფრთებს, მერე ხან ერთ ფეხს ამოსწევენ, ხან მეორეს, ხან მესამეს და ა.შ... ამასობაში ობობებიც იქვე ჩნდებიან და ა.შ... მემილიარდედ ასე შემდეგ.

ჩემი სახლიც ყარს და მეც ვყარვარ. უკაცრავად, მაგრამ მე მსუქანი ვარ და ამიტომ განძრევაც მიჭირს და სადაც ვწევარ იქვე ვიცლები ოფლისგან, ლიმფასგან და კიდევ... და რა საჭიროა, მოგახსენო და კიდევ რისგან. ბოლოს და ბოლოს მეც ხომ მაქვს თავმოყვარეობა. მერე რა რომ მე მსუქანი ვარ და თან ძალიან.   

მე მქვია მე. დამიძეხეთ უბრალოდ მე. აი ასე:
- მე, როგორ ხარ? მე, ხომ არ გშია? მე დღეს რა დღეა? მე, ახლა თუ სამი საათია, 2 საათისა და 17 წუთის შემდეგ რომელი საათი იქნება? და ა.შ.

მე გიპასუხებ, რომ მემ არაფერი იცის, იმიტომ, რომ მე მსუქანია. ძალიან. სამაგიეროდ იმან იცის ყველაფერი, ის ჩემი მეზობელია, ჰქვია უბრალოდ ის. ის, რა ლამაზი სახელია არა? ის... მთელი ცხოვრება მინდოდა ის მრქმეოდა. წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ მერქვა ის და როგორ მომმართავდნენ ისით ჩემი საყვარელი ადამიანები. ახლა ოცნებას გადავეჩვიე და იმ აზრსაც შევეგუე, რომ მე ის არასდროს მერქმევა.

ის საკმაოდ ენერგიული ადამიანია. დილაადრიან დგება და სახლის ფანჯრებს ფართოდ აღებს. აი, შეხედე, არა, შეხედე, შეხედე, ხედავ როგორი მონდომებით ბერტყავს ფეხსაწმენდს? სულ ასე იცის. საშინლად ღელავს თუკი შეამჩნევს, რომ მისი კარის წინ სათუთად გაფენილ ფეხსაწმენს მტვერი აყრია. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს წყობიდან გამოდის, შეშლილი სახით დაეტაკება ფეხსაწმენს, იქვე გაჭიმულ თოკზე გადაჰკიდებს და უმოწყალოდ ბერტყავს. მტვერთან დაახლოებით თხუთმეტწუთიანი ჭიდილის შემდეგ, უჰო, - ერთს ამოისუნთქებს, ამ უჰოს ამოაყოლებს დაღლასაც, ზიზღსაც, გაწეწილ თმაზე მარჯვენა ხელის მაჯას გადაისვამს და მშვიდდება.

ის მარტო ცხოვრობს. უფრო სწორედ კვირაში ექვსი დღე ცხოვრობს მარტო. მეშვიდე დღეს (და ეს მეშვიდე დღე ხან როდის დგება და ხან როდის), მასთან ვიღაც მოდის. ეს ვიღაც მოდის მატარებლით. გაქანებული მატარებლიდან ხტება, ყოველთვის ერთი და იგივე პოზაში, ერთი და იგივე ადგილას ეცემა და კოჭლობით მიუყვება ისის სახლის გზას. კიდევ კარგი, ისის სახლიც აქვეა, თორემ, დაცემისგან მიღებული ტრამვები იმდენად მწარეა, რომ შორ მანძილს აშკარად ვერ გაივლის. ზამთარ-ზაფხულ მოიასამნისფრო თხელი ქურთუკი აცვია და ამ ქურთუკის ქვეშ გამუდმებით რაღაცას მალავს. მოკლედ, ისის საყვარელია ეს. ლამაზიაო ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ძირითადად ზურგიდან მყავს ნანახი და ის ზურგიც რაღაც მიბრეცილ-მობრეცილი აქვს. მოკუნტული მიუყვება ხოლმე ისის სახლის გზას, ხელები ყოველთვის მკერდთან აქვს გადაჯვარედინებული და ისე მაგრად იჭერს ამ ხელებს გულზე, ისე მაგრად, გეგონება ეშინია, ამ სიჩქარეში ეს გული სადმე არ გადმომვარდესო (ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პირადი მოსაზრებაა). ისის სახლთან გაფენილ ფეხსაწმენდს მშვიდად გადააბიჯებს, კარს აეკრობა და ჩუმი, თითქმის შეუმჩნეველი კაკუნის შემდეგ ისი ფართოდ აღებს სახლის კარს და მიბრეცილ-მობრეცილ ზურგიანი ტიპი მის სახლში უჩინარდება. რამდენიმე ხანში ისის სახლის ფანჯრები ზანზარს იწყებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მატარებელი ნამდვილად არაფერშუაშია. სავარაუდოდ ვხვდები რაც უნდა აზანზარებდეს ფანჯრებს და ვცდილობ, ამ დროს ვიფიქრო პეპლებზე, მოჭიკჭიკე ჩიტებზე, საწუწნ კანფეტებზე (არა, არა, საწუწნზე არა) და ბოლოს ბუზებზე, რომლებიც მარტო ღმერთმა იცის საიდან მობზუიან იმისათვის, რომ ჩემს სხეულზე იპოვონ სამუდმო განსასვენებელი.

ღმერთმა იცის

ჰო, ღმერთმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის. იცის იმიტომ, რომ ღმერთი ყველგანაა. არა, მეც კი ვარ ყველგან, მაგრამ მე მარტო ჩემს სახლში ვარ ყველგან. ღმერთი აქაც არის, ჩემთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სახლში ჩემი, ახლადდაქორწინებული ბუზების, ობობებისა და მათი კვერცხების მეტი არავინ ეტევა, ღმერთი რაღაც სასწაულით მაინც ახერხებს აქ შემოტევას, ჩამომიჯდება ძველი ნაცნობივით და შემომყურებს. არადა, მე რა უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები ამ დროს?
- ღმერთი მიყურებს, ეს არ უნდა გავაკეთო
- ღმერთი მიყურებს, ის არ უნდა წამომცდეს
- ღმერთი მიყურებს, რაღა ახლა მოუნდათ ბუზებს ჩემს მკერდზე სექსი
- ღმერთი მიყურებს უცებ პირღიას არ ჩამეძინოს
- ღმერთი მიყურებს ახლა ნამდვილად ვერ მოვისაქმებ
- ღმერთი მიყურებს და მარტო რომ მიყურებდეს რა მიჭირს.
და ო, ღმერთო, ღმერთო, ხომ შეიძლება სულ ცოტა ხნით მაინც წაუძინო.

წაუძინა

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ღმერთმა პირდაპირ ჩემს ფეხებთან წაუძინა. წაუძინა და ეს ამბავიც მაშინ მოხდა.

მოხდა

მეშვიდე დღე. დაახლოებით ნახევარ საათში მატარებელმა უნდა ჩამოიგრუხუნოს და ისის საყვარელმა ჩვეულ ადგილას უნდა მოადინოს ზღართანი. იმ ადილას ელდანაცემი ჭიანჭველები მიცვალებულ ჭიანჭველას მიასვენებენ. ეს ჭიანჭველა ზუსტად შვიდი დღის წინ ემსხვერპლა ისის საყვარლის მუხლს. დღეს დაკრძალვაა. დაფეთებული ჭიანჭველები ერთმანეთზე გადადიან და ცდილობენ როგორმე ისის საყვარლის გადმოხტომამდე მიაბარონ მიცვალებული ჭიანჭველა მიწას და მალე დაიშალონ, რომ თვითონაც, სრულიად შემთხვევით, მიცვალებულებად არ იქცნენ.

გოდება იყო ხანმოკლე და ჩუმი. არადა, არ უხდებოდა, ახალგაზრდა, ლამაზ მდედრ ჭიანჭველას ასეთი ნაჩქარევი და უცრემლო დაკრძალვა. იწვა მშვიდად ლამაზი მიცვალებული, გულზე დაეკრიფა რამდენიმე ხელი (თუ ფეხი) და მოკუმულ ტუჩებზე ეტყობოდა, როგორ ეტკინა ისის საყვარლის მუხლისგან მიყენებული სასიკვდილო ტრავმა.

* * *
ისის საყვარელი რაღაც უჩვეულო ნახტომით გადმოხტა მატარებლიდან. რამდენიმე მეტრით ასცდა ჩვეულ ადგილს და ქვეშ მოიყოლა დასაფლავებიდან ნაჩქარევად დაშლილი ასობით ჭიანჭველა...

...ჰოდა, იმ დღეს უჟმურად წვიმდა. მარჯვენა ფეხი საშინლად მტეხდა და დარწმუნებული ვიყავი, რაღაც მეწყინებოდა, ძალიან. ისის უადგილო ადგილას დაბერტყებულმა საყვარელმა ჩემი სახლიდან დაახლოებით 3 მეტრში მიწადაბალახნარევი ფურთხი გადმოაფურთხა, მოიასამნისფრო პიჯაკის სახელოთი მოიწმინდა ფერმკრთალი ტუჩები და კოჭლობით კიდევ ორი მეტრით მოუახლოვდა ჩემს სახლს. უთვალავი წლის განმავლობაში ისე აუვლიდა და ჩაუვლიდა ჩემს სახლს ისის საყვარელი, რომ ერთს არ გამოიხედავდა აქეთ, იმ დღეს კი აშკარად უაზროდ, სრულიად გაუაზრებლად კარს მოადგა, ჯერ დააკაკუნა, მერე პასუხს აღარ დაელოდა და პირდაპირ შემოაღო კარი. პირი მაშინ დავაფჩინე, როდესაც ისის საყვარელი ჩემს სახლში ღმერთივით უშფოთველად და ბუზივით უზრუნველად შემოეტია. ბუზსს აშკარად არ ჰგავდა, მოიასამნისფრო ქურთუკი ეცვა და ბუზი ვერ იქნებოდა, ღმერთი? მგონი არც ღმერთს ჰგავდა, მოიასამნისფრო ქურთუკი ეცვა და ღმერთი ვერ იქნებოდა. არც სუნს შეუწუხებია, არც ჩემს გარეგნობას.

- საღამო მშვიდობისა, - თავდახრილმა მითხრა და ისე თავისუფლად შემოაბიჯა ოთახში, თითქოს გამჭვირვალე ყოფილიყო.
- საღამო მშვიდობისა, ისევ ისე უჟმურად წვიმს? – რაღაც ხომ უნდა მეკითხა.
- წვიიმს? არ ვიცი, არ შემიმჩნევია, სათხოვარი მაქვს – ვითომ მშვიდად მითხრა.

გამიკვირდა.

- ის კვდება, - წაილუღლუღა.
- ჰოო? – თითქოს გამიხარდა, თითქოს მეწყინა. ან რატომ უნდა გამხარებოდა, ან რატომ უნდა მწყენოდა.
- შხამიან ჭიანჭველას დაუგესლავს წუხელ
- სისხლი მჭირდება, მესამე დადებითი

მესამე დადებითი

სისხლია რა ჩვეულებრივი. არც ისეთი, არც ასეთი. ცისფერი ნამდვილად არ არის. წითელია. ეს სისხლი მამაჩემისგან მერგო. ახლა შემიძლია მამაჩემის სისხლი ისისაც გავუყო. ის ვერ გავიგე, ისის საყვარელმა საიდან შეიტყო, რომ მეც მესამე დადებითი მაქვს.

* * * 

ის წევს სახლში, საკუთარ ლოგინში. ჭიანჭველას შხამს ისე მოუწამლავს, ვერც კი გაარჩევ, სად თეთრეულია და სად ის. თეთრია, სულ მთლად თეთრი. ისის მუქი თმა ერთ ღამეში სულ მთლად გათეთრებულა. მუქი თვალებიც გასთეთრებია, ტუჩებიც. ყოველგვარი მუქი პიგმენტი ერთ ღამეში აორთქლებულა მისი სხეულიდან და კარის წინ გაფენილ ფეხსაწმენს როგორც მტვერი ისე დაჰყრია. კურდღლის სმენა უნდა გქონდეს მისი სუნთქვა რომ გაიგონო და კატის თვალები - თეთრი თეთრეულიდან რომ გამოარჩიო. წევს როგორც რამდენიმე წამის წინ გარდაცვლილი ადამიანი, ოდნავ პირდაღებული, თვალგახელილი და სდის ცხვირიდან მოვარდისფრო სისხლი. რამდენიმე წუთში ერთხელ თვალებს ახამხამებს, გამომშრალ ტუჩებს ოდნავშესამჩნევად შეარხევს და  ამოიხროტინებს – შენ... და ისევ პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება.

* * * 

უჟმურად წვიმს. ზის შენ (ისის საყვარელი) ჩემთან და სისხლს მთხოვს, მესამე დადებითს.

- ექიმი უნდა მოიყვანოთ, - ვეუბნები შენს კატეგორიული ტონით.
- ექიმი? ექიმი რამდენიმე თვის წინ მატარებელს გაუტანია, აქეთ რომ მოვდიოდი, ერთი მგზავრი ყვებოდა, ისე გაუსრესია მატარებელს, რელსებიდან ძლივს აუფხეკავთ ნარჩენები.
- სხვაც იქნება ვინმე, სისხლი ხომ უნდა გადავუსხათ?
- მართალი ხარ...

* * *

გარბის შენ. გარბის კოჭლობით. გულზე იჭერს ხელებს და გარბის. მიბრეცილ-მობრეცილ მხრებს უშნოდ მიიქნევს. ნაწამებ ტყვეს უფრო ჰგავს, ვიდრე შეყვარებულის საშველად მიმავალ ადამიანს. ფანჯრიდან გავყურებ. მისი მოიასამნისფრო ლანდი, ბინდში მიმავალ მოჩვენებას უფრო ჰგავს, ვიდრე შეყვარებულის გადასარჩენად მიმავალ ადამიანს. გარბის ექიმის მოსაყვანად, გარბის... რამდენიმე წუთში ბნელში უჩინარდება.

* * *

მე ვარ მსუქანი. სახლი სავსეა ჩემით. ველი სტუმრებს: შენს და ექიმს. ფეხის თითებს შეძლებისდაგვარად ძლიერად და ჩქარ-ჩქარა ვამოძრავებ, აბლაბუდების ჩამოშლას ვცდილობ. საშინელი წყევლა სცოდნიათ ობობებს. ყველა საცეცს გაშმაგებით იქნევენ, მიყრილ-მოყრილ კვერცხებს და მიცვალებულ (აწ უკვე საკვებად ქცეულ) ბუზებს აგროვებენ და გაგულისებულები გარბიან სახლიდან.

უჟმურ ბინდში შორიდანვე შევამჩნიე შენის მოიასამნისფრო ქურთუკი. უკან ლანდი მოჰყვებოდა. აშკარად ლანდი იყო. არ შემშლია. მართლა ლანდი იყო. გამჭვირვალე ლანდი, რომელსაც ხელში პატარა საექიმო ყუთი ეჭირა. ის იყო, ის ექიმი, ჩემი ფანჯრების წინ, მატარებელმა რომ გასრისა. ორი ხელით მოათრევდა საექიმო ყუთს, გამჭვირვალე თავზე რაღაც უცხო ყვავილი ამოსვლოდა, სიჩქარეში ეს ყვავილი თვალებში ებლანდებოდა, ქვედა ტუჩს გვერდულად ბრეცდა და ყვავილს სულს უბერავდა, თვალებიდან რომ მოეშორებინა. 

სახლში ისე თავისუფლად შემოვიდნენ, თითქოს არც კი ვყოფილიყავი იქ. ექიმმა, უფრო სწორედ ექიმის ლანდმა შენს გადახედა და გაოცებულმა იკითხა:

- ამისი სისხლი უნდა გადავუსხათ?
- ჰო, ამისი
- არა შენ, ეს არ გამოგვადგება, ზედმეტად გამხდარია დონორობისათვის, - აშკარად საიქიოდან მობრუნებულის ხმით საუბრობს ექიმი-ლანდი.

ყურებს არ ვუჯერებ. გამხდარიო. ხან ერთს ვუყურებ, ხან მეორეს. გამხდარიო, თან ძალიანო. ვიფიქრე, ალბათ ობობების წყევლამ მიწია-მეთქი. აბა რამ დამლია ნახევარ საათში ასე? არადა, თითქოს არაფერი შეცვლილა, ისევ ისე სავსეა სახლი ჩემით. ვარ ყველგან საითაც კი გაიხედავ და ვხვნეში ზუსტად ისე, როგორც გუშინ, იმის წინ. ან ესენი დაბრმავდნენ, ან ჩემი საქმე ვერ უნდა იყოს კარგად. ვფიქრობ გულში.

- შენ, შენ რომელი ჯგუფი გაქვს? – ეკითხება ლანდი შენს.
- მე მეოთხე.
- ე.ი. არც შენი სისხლი გამოგვადგება. მე სისხლი საერთოდ არ მაქვს, სევდანარევი ხმით ამოიხრა ლანდმა და საკუთარ თავზე ამოსული ყვავილი თვალებიდან ახლა ხელით მოიცილა, - ვერც მე დაგეხმარებით.

რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა, შორიდან, ძალიან შორიდან, ისის ხრიალი ისმის, შენს ეძახის. შენმა თავი ასწია, ჯერ მე გადმომხედა გამოცარიელებული თვალებით, მერე ექიმ-ლანდს, ისი კვდებაო, წაილუღლუღა და კარისკენ წავიდა.

წავიდა
     
არა, არ წავიდა. ჩემი სახლის ზღურბლს როგორც კი გასცდა მოიასამნისფრო ქურთუკი გაიხადა, მიბრეცილ-მობრეცილი მხრების მაგივრად ფრთები გაშალა. მკერდთან მიკრული ხელები ქვევით ჩამოსწია და ხელებთან ერთად კიდევ ექვსი, უწვრილესი საცეცი ააფრიალა.

ფრთები ჰქონდა მაგრამ ღმერთი არ იყო. ორი წუთის წინ მოიასამნისფრო ქურთუკი ეცვა. საცეცები ჰქონდა, მაგრამ არც ბუზი იყო, ორი წუთის წინ მოიასამნისფრო ქურთუკი ეცვა.

ექიმ-ლანდს სულაც არ გაჰკვირვებია შენის საქციელი, ვიფიქრე, ნამდვილად ძველი ნაცნობები იქნებიან ესენი-მეთქი.

* * *         

ჩემს სახლში ვართ მე, შენ, ის და ექიმი-ლანდი. შენის კალთაში გადათეთრებული ის წევს - თვალგახელილი, ოდნავპირდაფჩენილი, ცხვირიდან მოთეთრო სისხლი სდის. იქვე ვწევარ მეც და ჩემი მესამე ჯგუფის სისხლს ვუნაწილებ შენის შეყვარებულს, ისის. სითბოს ვგრძნობ სხეულში, ექიმი-ლანდი მეუბნება, როგორც კი შეგცივდება, მაშინვე მითხარიო. თავს ვუქნევ, მაგრამ ვიცი, სულ რომ გავიყინო, ხმასაც არ ამოვიღებ.

მცივა, ძალიან. მსუბუქი ვარ, ძალიან. ექიმი-ლანდი ხან მე მიყურებს, ხან ისის. ისის ფერი უბრუნდება, სამაგიეროდ მე ვხდები უწონო და ნელ-ნელა იატაკიდან რამდენიმე სანტიმეტრით ზევით ვიწევ...

* * *

მე ვარ გამხდარი, ძალიან. მე ვარ თეთრფოჩებიანი ფრანი. დავყვები ქარს და პატარა გოგონას, რომელსაც არც ისე ლამაზი სახელი – ჩვენ ჰქვია. ჩვენ ისის და შენის შვილია. მეგობრობს ჭიანჭველებთან და ჩემთან. ყოველ დღე უხდის ქორწილს ჭიანჭველებს და სჩუქნის რაღაც უცხო ყვავილებს, რომლებსაც ვიღაცის საფლავიდან კრეფს. და ამ ქორწილში სტუმრები ვართ მე, შენ, ის და ჩვენ... ზევიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს.

* * *

- ღმერთო, ხომ არ გაგაღვიძე, ღმერთო? ჩაი დავლიოთ, ღმერთო, მარტო შენ იცი ღმერთო, როგორ მცივა, გაიღვიძე ღმერთო, ეს დღეც დაღამდა, ეს

                                                  მეშვიდე დღე








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები