 | ავტორი: როლანო ჟანრი: საბავშვო 10 იანვარი, 2011 |
თავი მესამე
სიზმრის ქვეყანაში მართლაც საოცარი ამბები ხდებოდა. საუკუნეზე მეტი გაუნძრევლად მდგარმა უზარმაზარმა სარკემ, რომელიც სიზმრის ქვეყნის დედოფლის საძინებელ ოთახში იდგა, ერთ მშვენიერ დღეს ყრუდ იწყო გუგუნი. ეს სარკე წლების მანძილზე ერთ მიზანს ემსახურებოდა და ფერიების საყვარელი ნივთი იყო. საღამო ხანს ფრთიანი გოგონები სარკესთან გაიკეკლუცებდნენ, თმას შეისწორებდნენ, წამწამებს ააფახულებდნენ, ფრთებს შეიბერტყავდნენ და სიზმრების ჩამოსარიგებლად მიფრინავდნენ სხვადსხვა მიმართულებით. მაგრამ იმ დღეს სარკე თითქოს ადგილიდან დაიძრა, ყრუდ აგუგუნდა, აზანზარდა და სისხლის ცრემლებით ატირდა. - დედოფალი, დედოფალო, - აყვირდნენ შეშინებული ფერიები. - ჩქარა, სარკემ გაიღვიძა. - სარკემ გაიღვიძა? ესეიგი რაღაც საშინელება მოხდა.- ყვირილით შემოფრინდა დედოფალი სარკიან ოთახში. - ლილია, ლილია, - ისმოდა სარკიდან ბავშვების ტირილნარევი ხმა. - ლილია, ჩქარა მოდი, ვფიქრობ შენ გიხმობენ. ბავშვების თავს რაღაც უბედურება უნდა ტრიალებდეს. - აფორიაქდნენ ფერიები და დედოფლის გარშემო აწრიალდნენ. - ვიცი ჩემო კარგებო, უკვე ვესაუბრე მათ და სწორედ იქეთ მივემართები. ვფიქრობ ყველაფერი ქალი-ჩონჩხის მოწყობილი უნდა იყოს. - ჩქარჩქარა, აღელვებული ლარაკობდა ლილია. - რას ამბობ ჩემო ფერია, იმ სისხლისმსმელ ურჩხულთან მარტოს როგორ გაგიშვებ?! დაცვის ფერიები გაიყოლიე თან. საიდუმლო ოთახიდან კი ჩემი ჯადოსნური სკივრი გამომიტანე! რამდენიმე წამში ლილია ჯადოსნური სკივრით ხელში უკვე დედოფლის წინაშე იდგა და მოუთმენლობისგან ფრთებიც კი უცახცახებდა. - ჩემო ლილია, ყველაზე კეთილო, ერთგულო და ნათელო ფერია. შენ იცი, ჩვენ სიზმრის ქვეყანა კი გვქვია, მაგრამ ამავე დროს, ქვეყნიერებაზე რაც კი ბავშვებია ყველას დამცველები ვართ. გული მეწურება, მაგრამ უნდა გითხრა, ქალი-ჩონჩხი ისეთი ვერაგი, დაუნდობელი და სისხლისმსმელი (პირდაპირი გაგებით) არსებაა, რომ შეიძლება თავის გაწირვა მოგიხდეს. მაგრამ სხვა გზა არ გაქვს. ინაინა, ნიკოლოზი და აკაკო ხომ ბავშვები არიან და მითუმეტეს სამივე შენი გაზრდილია. - დედოფალმა ჯადოსნური სკივრიდან ოქროს ბურთულა ამოიღო და ლილიას გაუწოდა. - ეს ბურთულა თან წაიღე. ხომ იცი როგორი ძალა აქვს. ქალი-ჩონჩხს ხელში არ ჩაუგდო, ისე გამოიყენე. ბავშვები გამოიყვანე კოშკიდან, მერე კი შენ იცი. დაცვის ფერიები უკან გამოგყვებიან, ეგებ რაიმეში გაგიწიონ დახმარება. ლილია დედოფალს ხელზე ემთხვია, მაგარამ დედოფალმა შეაჩერა და მაგრად ჩაიკრა გულში. - მშვიდობით შვილო, - ჩაიჩურჩულა მან, მიბრუნდა და აცრემლებული თვალებით გავიდა ოთახიდან. ლილიამ ფრთები გაშალა და დაცვის ორ ფერიასთან ერთად, ქალი-ჩონჩხის კოშკისაკენ აიღო გეზი. ამავე დროს, დილეგში გამომწყვდეული ბავშვები, რაღაცაზე ჩურჩულებდნენ და შიგადაშიგ კამათობდნენ კიდეც. - მე ერთ-ერთ ჭინკას მოვულბობ გულს და ვაიძულებ ქალი-ჩონჩხი დაარწმუნოს, რომ სამაჯურის მოხსნა აუცილებელია. - ხმადაბლა ლაპარაკობდა ინაინა. - კი მაგრამ, რაში გამოგვადგება ეგ სამაჯური? - იკითხა ნიკოლოზმა. - მაგ სამაჯურს ძალიან დიდი ძალა აქვს. თუ ისე მოხერხდა, რომ სამაჯური ლილიამ ჩაიგდო ხელში, ყველაფერი კარგად დამთავრდება. - უპასუხა ინაინამ ბიჭებს. - კი მაგრამ ჭინკას როგორ მოელაპარაკები? - აგრძელებდა შეკითხვებს ნიკოლოზი. - მაგას ახლავე ნახავთ, - კეკლუცით ჩაიღიმა ინაინამ. ერთერთი ჭინკა იქვე დილეგთან იყო წამოწოლილი და მშვიდად ფშვინავდა. ქალი-ჩონჩხმა დარაჯად დააყენა, მას კი არც ერთი სიტყვა არ გაუგია ბავშვების ნალაპარაკევიდან. ინაინამ თმის პატარა სამაგრი მოიხსნა და ჭინკას ესროლა. შეშინებული ჭინკა ფეხზე წამოხტა. - რა მოხდა? მოვიდნენ? იწყება? - სასაცილოდ წრიპინებდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა უცნაური არსება. - არაფერი არ მომხდარა ჩვენო მცველო. შენ სანამ აქ ხარ, ალბათ არც არაფერი მოხდება, რადგანაც შენნაირ გოლიათს ვინ გაუბედავს შერკინებას? - ტკბილად ესაუბრებოდა ინაინა ჭინკას. - ასეთი ლამაზი, ტანადი და ძლიერი ვაჟკაცი ქალი-ჩონჩხს მსახურად როგორ დაუდექი? - სულ დაითაფლა ენა გოგონამ. ჭინკას გაოცებისა და სიამოვნებისაგან თვალები კინაღამ დაუელამდა, წელში გაიმართა, თითისწვერებზეც კი აიწია, ეგებ მართლა ცოტა მაღალი გამოვჩნდეო და გოგონას მიმართა: - მე არავისი მსახური არ ვარ და განსაკუთრებით მაგ დაწყევლილი ქალისა. - ჩაიდუდუნა ჭინკამ. - აბა მის ბრძანებებს უსიტყვოდ რატომ ასრულებ? პირიქით, შენ უნდა ბრძანებლობდე ქალი-ჩონჩხს. ის უნდა გემსახურებოდეს, შენ კი არა. - ინაინა, შენი აზრით მართლა ტანადი და ძლიერი ვარ? - მორცხვად იკითხა ჭინკამ. - აბა რა, სარკეში არ იყურები? ჭინკას სულ არ გავხარ. - ეშმაკურად გაიღიმა გოგონამ. - მე ჭინკა არა ვარ და არც ჩემი მეგობრები არიან ჭინკები. ერთ დროს, მთის ძირას რომ სოფელია იქ ვცხოვრობდით. შემდეგ საიდანღაც ეს დედაკაცი გამოჩნდა . ფერებ-ფერებით შემოგვიტყუა ამ კოშკში და რასაც ხედავ ის დაგვმართა, თუ ცოცხლები გადავრჩით ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები. - მართლა? შენ ადამიანი ხარ? რა გქვია? - ერთ დროს გურილს მეძახდნენ. ახლა კი ადამიანის აღარაფერი მცხია. უბედურება კი ის არის, ახალი მსხვერპლი რომ არ დაგვეჭირა თქვენი სახით, ქალი-ჩონჩხი საბოლოოდ გაგვანადგურებდა. - მოგკლავდათ? - ერთხმად იყვირეს ბიჭებმა, ინაინას კი შიშისაგან ხმა ჩაუვარდა. - აბა ეს სასახლე როგორ ააშენა. - გურილ მისმინე, ქალი-ჩონჩხი უნდა გავანადგუროთ. თუ არა და ყველანი დავიღუპებით. თუ დაგვეხმარები, ჩვენც გადავრჩებით და თქვენც დაუბრუნდებით ადამიანურ ცხოვრებას. - კი მაგრამ როგორ? - უნდა დაარწმუნო ქალი-ჩონჩხი, რომ სამაჯური მოიხსნას ხელიდან და ისეთ ადგილზე დადოს, რომ შენ აღება მოახერხო და ლილია როგორც კი მოვა, მას გადასცე. - კი მაგრამ სამაჯური რად გვინდა? - ნიკოლოზის არ იყოს იკითხა ჭინკა-გურილმა. - ეგ ქალი, ბოროტი ჯადოქარი კია, მაგრამ სამაჯურის გარეშე ლილიას დამარცხებას ვერ შესძლებს. - ნუ გეშინიათ, დავამარცხებთ. მერე კი ჩემი მეგობრების თითოეულ წვეთ სისხლს ვაზღვევინებ მაგ ალქაჯს. თქვენ ჯერ პატარები ხართ და ამას ვერ გაიგებთ. - ესეიგი დაგვეხმარები? - ჰო, შევასრულებ რასაც მთხოვ. ოღონდ შენც ერთ რამეს უნდა დამპირდე. - დაიწყო საუბარი ჭინკა-გურილმა. - გისმენ, - მიუგო ინაინამ. - თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, შენი მცველი გავხდები.დაიმახსოვრე, ინაინას თავს არავის დავაჩაგვრინებ. სხვას არაფერს გთხოვ. - გოგონას თვალებზე ცრემლი მოადგა. - გპირდები გურილ და იცოდე, სიტყვას არ გავტეხ. ახლა წადი, საქმეს შეუდექი. ბავშვების ახალი მეგობარი სარდაფიდან გავიდა. ცოტა ხანში ისეთი ხმა მისწვდა მათ სმენას, თითქოს ძლიერი ქარი ამოვარდაო. - გრიგალია, - წამოიყვირა აკაკომ. - არა, ეს ლილიაა. ლილიას ფრთების ხმაა. - უპასუხა სახეგაცისკროვნებულმა ინაინამ. ნელ-ნელა ხმა მიჩუმდა, საბოლოოდ კი სულ გაქრა. ბავშვებმა ღიმილით გადახედეს ერთმანეთს. მაგრამ სამწუხაროდ ნაადრევი იყო მათი სიხარული. დარბაზიდან მათ, შიშის მომგვრელი კივილი მოესმათ, რომელსაც ქალი-ჩონჩხის საზარელი ხრიალი სდევდა თან. გაგრძელება იქნება
შეფასებები (10) მკითხველის კომენტარი (4) [ ცალკე მაჩვენე კომენტარების ბაზაში ]
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. უი, ეს აქ როდის დადე? მომწონს შენი ზღაპრები... და სულ ველოდები-ხოლმე მათ. და ორივეგან ვკითხულობ! 5, ჩემო მეზღაპრეთუხუცესო! უი, ეს აქ როდის დადე? მომწონს შენი ზღაპრები... და სულ ველოდები-ხოლმე მათ. და ორივეგან ვკითხულობ! 5, ჩემო მეზღაპრეთუხუცესო!
1. აქაც მოსულან ჩემი არადამჯერი ბავშვები:) აქაც მოსულან ჩემი არადამჯერი ბავშვები:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|