ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პროზა
13 იანვარი, 2011


სისხლისფერი თოვლი (ჯენტლმენი ფსიქოპატი)


  ქალურობით აღსავსე იჯდა მაგიდასთან და საკუთარი ფიქრები ცის უსასრულობაში ჩაებნია. თლილ თითებში მოექცია ღამესავით დაჭმუჭნული სიგარეტის ღერი და ვერაფრით დაეჯერებინა, რომ დროის ხაფანგში საცდელი თაგვივით მოყვა. ახლა მასზე ცდიდა დროის ულმობელი მარწუხები თავის სიძლიერეს და ძალაუფლებას გადამეტებულად იყენებდა.
  ქალი იჯდა სავარძელში და გაქვავებული ნაკვთებით ელოდა, როდის დაიბადებოდა მის სახეზე მზის პირველი სხივები, თუმცა გათენებამდე ისევე შორი იყო, როგორც სიკვდილამდე.
მშვენიერება თავად გზაა სრულყოფილებამდე და ქალს ვერაფრით დაეჯერებინა, თუ რატომ შეიძლება გსურდეს ასე შეშლამდე ქალი, რომლის სილამაზეც მხოლოდ და მხოლოდ მის ბედისწერად ქცეული ხასიათია.
  მის გვერდით უფეროთვალება ქალბატონი ჩამოჯდა და კოლოფიდან სიგარეტი ამოაცოცა, თუმცა სიტყვაც არ დასცდენია რაიმეზე.
იჯდა ვერანდაზე ორი ქალბატონი და ხვალინდელ დღეზე, როგორც ვერასრულებულ ნატვრაზე, ისე დარდიანობდნენ.
- როგორ ფიქრობ, შესაძლებელია ერთ ადამიანთან რამდენჯერმე დაბრუნდე?
- რატომაც არა? ერთ ადამიანთან შესაძლებელია რამდენიმე სიცოცხლე გაგაჩნდეს და ყველა მათგანი ისე გიყვარდეს, რომ ვერაფრით თმობდე ვერცერთ დღეს მის გარეშე.
ქალი ჩაფიქრდა და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა. ღრმა ნაფაზის შემდეგ უფერო თვალები დახუჭა და სავარძელს მიეყრდნო.
- არ მიყვარს გარიჟრაჟი.. ასე მგონია ღამეს ფატრავენ.
სევდით ამოიოხრა მან და თანამოსაუბრეს გახედა, რომელსაც თვალები ისე დაეხუჭა, თითქოს სურდა ვეღარასოდეს ეხილა ნათელი.
- ფიქრობ, წასვლის დროა?
დაეკითხა ჩურჩულით ისე, რომ თვალები არ გაუხელია.
- ვფიქრობ, რომ ყოველი გათენება რაღაცის დასასრულია და ყოველ ჯერზე, როცა ალიონი წვება ზეცაზე, მახსენებს ძველ ჭრილობებს..
  მან საოცრად სევდიანად გაიღიმა. განსაკუთრებელი ნიჭია, როცა ტკივილის გამოსახვა ღიმილით შეგიძლია და ეს უნარი ისევე გღრღნის, როგორც თავად ტკივილი.
- მერამდენე დღეა, რაც ასე - ღამის გარდაცვალებას დარაჯობ?
დააწია კითხვა კართან მისულ ქალს.
- მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავად გავხდი გარდაცვალების მიზეზი.
როგორი ძნელია დაკარგო სახე და მხოლოდ და მხოლოდ ვიღაცის სიკვდილის მიზეზად იქცე, მაშინ, როცა შეგეძლო მისი უსასრულობა ყოფილიყავი.
„დიახ, იგი უკიდეგანოა, მე კი მხოლოდ მისი სიკვდილის უბადრუკი მიზეზი ვარ...“





ქალის ჩანაწერები :

„ მას შემდეგ, რაც წერტილად ვაქციე გრძნობები აღარ მესმის შეშლილი ხარხარი შუაღამისას. თუმცა ძნელია იცხოვრო სულზე დაბზარული ტკივილებით, მაინც ვცდილობ ავიტანო ჩემი ყოველი ამოსუნთქვა.
მხოლოდ მას შემდეგ თოვს სისხლისფრად..
და პალატაში, სადაც უმისობის მარცვლებს ვაგროვებ ჰაერი ისე ზანტად მიედინება ერთი კუთხიდან მეორეში, რომ სუნთქვა მიჭირს. მე თავს ვაჯერებ, თითქოს ჩვენ ორნი ვართ ამ პატარა ოთახში და შენ რომ ჟანგბადი გეყოს  ამიტომაც ვსუნთქავ მძიმედ...
იარები არ ხორცდებიან და არც იწოვებიან მოგონებებში, მათ მხოლოდ ტვინში გაჟონვის უნარი აქვთ და მთელ გონებას იკავებენ.
  დღემდე არ ვიცი რა იქნებოდა ნემსის გაკეთებამდე შენს თვალებს, რომ გადავწყდომოდი, თუმცა მგონია, რომ სიკვდილი ეს ჩვენი გზა იყო უკვდავებამდე და ახლა, ხო, ზუსტად ახლა, მე ყულფივით შემომჭერია შენდამი გრძნობები და დახრჩობას ვლამობ მათით!
სიკვდილი ეს დროებითი უდრობაა, სადაც ჩვენ შევყოვნდით ზედმეტად დიდი ხნით.. და იცი? რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, უნდა გასცდე მას და დაიბადო კიდევ ერთხელ.. ჩემთვის დაიბადო, რათა შენით ცხოვრებას მაზიარო!
  ახლა, ალბათ, შენი უფორმო სული დედამიწაზე დაძრწის და ნატრობს, რომ თუნდაც ერთხელ გაიაროს ფეხშიშველმა ღამის ასფალტზე.. თუნდაც კიდევ ერთხელ  გაარღვიოს სისტემა და კიდევ.. კიდევ ერთხელ მიპოვოს თავიდან, რათა ისე შემიყვაროს, როგორც საკუთარ თავში გადამალული ღმერთი.
ხო, მე ახლა შენი ფსიქოპატური აჩრდილის ქვეშ ვზივარ, ფეხმორთხმით და ხელებში სახეჩარგული მეფიქრება ბავშვზე, რომელსაც დღემდე ცრემლიანი თვალები დააქვს უშენობის უსასრულო სივრცეში..
ჩვენ მატრიოშკებივით ათას არსებას ვიტევთ და ათასსავე კონფიგურაციაში შეგვიძლია ადაპტირება და მითხარი, როგორ ვერაფრით ჩავეტიეთ ერთმანეთში?
  მე ვარ ქალი, რომელსაც უამრავჯერ მიატოვებ, რათა ყოველ ჯერზე დარწმუნდე უჩემობის აბსურდულობაში და შენ კი ხარ კაცი, ურომლისოდაც ყველა ჩემი სახე მიიღებს მწუხრის ფერს..
მე არ ვარსებობ.. ჩემი პოვნა მხოლოდ შენს სუნთქვაშია შესაძლებელი და თუკი განსხეულდები მეც თავიდან დავიწყებ არსებობას.
ყველაფერია შესაძლებელი, როცა არაფერი შეუძლებლობის ფასადს სცილდება.
  ჩემი ჯენტლმენი ფსიქოპატი არ მომკვდარა, მას ღრმად სწამს, რომ სიკვდილი ეს მხოლოდ დროებითი უდრობაა, მე კი ამ უდროობაში უმისობის მარცვლებს ვაგროვებ..
  ვიცი, ისევ გათოვდება სისხლისფრად... “






- მე შემიძლია ხელისგულზე და სულზე გიმკითხაო, მაგრამ ამ უკანასკნელზე არ გიმკითხავებ.
- რატომ?
გარღვეული ღიმილი აქვს კაცს და მოუსვენრად უკრთის ჭაობისფერ თვალებში სხივი.
- შეგიყვარდები.
თამამია ქალი ისე, როგორც არასოდეს. კაცს ამაყად უსწორებს მზერას მიუხედავად იმისა, რომ იცის, მისი თვალების მიღმა ფსიქოპატის არსებაა ჩალექილი.
- თუკი გამაღმერთებ, რატომაც არა. სხვაგვარად არ გადაგიშლი სულს.
თამაშში ბოლომდე ერთვება ისიც და გაყინული თითებით ქალის ჩრდილისფერ თმას ეფერება.
- რომ გიღალატო, რას იზამ?
ეკითხება ქალი და გრძნობს, რომ მისი სითამამე უკვე თავხედობაში გადადის და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის ფსიქოპატისგან სრულებით ლოგიკური პასუხი მოისმინოს თავის კითხვაზე, ის გაოცებული რჩება, რადგან სრულ არაადეკვატურობას აწყდება.
- ბევრს ვიხარხარებ.. დაგცინებ და წავალ.
- არ მომკლავ ნუთუ?
დაეჭვებით ეკითხება ქალი. მისთვის ეს აღმოჩნდა პასუხი, რომელმაც მიახვედრა, რომ მის წინ ის ერთადერთი მამაკაცი დგას, ვის ღალატს გულშიც კი არ გაივლებს.
- არა, მარტო ვიხარხარებ ბევრს...
ცივი ხმა აქვს კაცს და მაინც იღიმის... ქალი მთელი ტანით ეკვრის და ყუჩდება.
  სიმშვიდე ეს სულისა და სხეულის ისეთი მდგომარეობაა, როცა ვერცერთი უარყოფითი ან დადებითი განცდა ვერ აღწევს შენამდე.
  კაცი დიდხანს ეფერებოდა გაყინული თითებით ქალს თმაზე და გრძნობდა, რომ მის გვერდით ის არსება სუნთქავდა, ვისშიც ამ კაცის ღმერთი იწყებდა დაბადებას...
  „ უშენთვალებოდ მოიწყენენ ჩემი თვალები “
ჩაიჩურჩულა კაცმა...





  ქალი ისევ ვერანდაზე იჯდა და შემცივნული თითებით ეწეოდა სიგარეტს. არ ჰყოფნიდა ძალა შინაგანი კანკალი შეეჩერებინა და ამიტომაც მსუბუქად უთრთოდა სიგარეტი თლილ თითებში.
  ექიმები თვალს არ აშორებდნენ მას და სინანულით თავს აქნევდნენ აქეთ-იქით, როცა ეს ქალი ლაპარაკს იწყებდა, რადგან მის გვერდით არავინ იჯდა...
ყოველღამე ქალი სრულებით მარტო იჯდა ვერანდაზე და ხმადაბლა საუბრობდა არარსებულ ადამიანებთან.
  - პიროვნული გაორება მას შემდეგ დაეწყო, რაც თავისი საყვარელი ადამიანი მოკლა.
- ამას გაორებაც არ ჰქვია უკვე, თანაც როგორ შეიძლება ჰყვარებოდა კაცი, რომელიც ნამდვილი გიჟი იყო?
სინანულით ამბობდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ცხვირის წვერზე ჩამოსცურებოდა სათვალე.
- ცოტა კორექტულად, კოლეგავ, აქ ყველანი გიჟები ვართ, ექიმებიც კი.
გაუღიმა ქალმა და მეგობრულად დაადო მხარზე ხელი.



  ჩრდილისფერთმიანი ქალი კი იჯდა სავარძელში და მოგონებებს ართავდა გონებაში.
„ შემიგრძენი უკვდავებამდე “
გაახსენდა ჯენტლმენი ფსიქოპატის სიტყვები და ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
- ჩემი ყველა სიცოცხლე შენით იწყება და სანამ თოვლი ისევ სისხლისფრად მოეფინება ქალაქს, მოდი, რომ გითხრა, - ჩვენში ისევ ცოცხლობს ღმერთი და ვერც ვერასოდეს დავიჯერებთ უერთმანეთობას...




  „ უშენთვალებოდ მოიწყინეს ჩემმა თვალებმა “

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები