ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰოლდენ...კოლფილდი
ჟანრი: პროზა
4 თებერვალი, 2011


ვინ ვარ?.!

მე!-რაღაც საკუთარი ღირსების შეგრძნებით ჟღერს ეს სიტყვა,რადგან ყველა ,,მე,, ერთადერთნი ვართ საკუთარი თავისთვის,ამ საერთო ვრცელ სამყაროში.
მე-არც მაღალი,არც დაბალი,არც მსუქანი,არც სუსტი,არ ნიჭიერი,არც უნიჭო,არც გამარჯვებული,არც დამარცხებული,არც უჩვეულო , არც ჩვეულებრივი ,და ასე უსასრულოდ...უბრალოდ მე,თამარ შერვაშიძე.
1992-იანი წლების გაჭირვებისას ,ყველა დაბრკოლების მიუხედავად,ოჯახისთვის მაინც სიხარულად მოვლენილი,თუმცა ეს ,,მაინც“ ,მაინც ტკივილიანად გასახსენებია.სახელმწიფოებრივი გაჭირვების ფონზე შენი არსებობა ნაკლებად შესამჩნევი ხდება და ,ალბათ ამის ქვეცნობიერი განცდა გახდა მიზეზი ,მუდამ ირგვლივ და სულში მყოფი არარაობის განცდისა,რომელიც იზრდებოდა ჩემთან ერთად ,ღვივდებოდა და ფსიქიკაში ნაირფეროვან განშტოებებს იკეთებდა.
ხის გისოსებიანსმიმსგავსებულ ლოგინში მწოლიარე ჩვილი,რომელიც არასოდეს ტიროდა, რომელსაც არასოდეს შიოდა და ტკიოდა რამე,უჩვეულოდ ჩუმი და სევდიანი,მე ვყოფილვარ.ექიმების პროგნოზების,ჩემს ,,ვერ“ დაბადებასთან დაკავშირებით სასტიკი უარმყოფელი და დედის,ჩემთვის ქვეყნიერების საჩვენებლად ,ბრძოლის წარმატებით დამრგვირგვინებელი ,უკუღმა,მაგრამ მაინც დაბადებული.
წინაპრების სიდიადის ფონზე,საკუთარი არაფრობის მძაფრად აღქმელი და ბუმბერაზი ამბიციების თხელ მხრებზე ფარულად მატარებელი,მორიდებულ და თავმდაბალ გოგონას იმიჯს შეფარებული,უკვე მე-18 წელია დავაბიჯებ უკვალო ნაბიჯებით სამშობლოს სხეულზე.ხალხის ორ კატეგორიად: ,,მე და ისინი“ დამყოფელი,მაინც გაშმაგებით მივისწრაფი იმავე ხალხისა-კენ. ლიტერატურას შეფარებული და შემდეგ მასთან დამეგობრებული, ეტაპობრივად თავს ილია ჭავჭავაძის,გურამ დოჩანაშვილის,ე.მ. რემარკისა და ბოლოს,დოსტოევსკის მეგობრად წარმოვიდგენდი.
თავზე საუბარს ,ალბათ ვერასოდეს დავასრულებ,რადგან მართლა უამრავი ადამიანი ვყოფილვარ,უამრავი ნიღაბი მომირგია და როლი მითამაშია.ზოგი რეალურ,უმეტესი ნაწილი კი წარმოსახვით სამყაროში,რომელიც ისეთივე ჩვეული გახდა ჩემთვის,როგორც სხვისი სირცხვილისას ,,გაბროწეულობა“
ბავშვობისდროინდელი გასართობი,რაიმეს ძლიერად მოსურნეს თვალდახუჭულს წარმომედგინა ამ სურვილის ასრულება, და შემდეგ უკვე ბედნიერსა და კმაყოფილს ეს თამაში ბოლომდე მომყვება,ოღონდ ერთი განსხვავებით:ახლა მცირეოდენი ძალისხმევა მჭირდება წარმოსახვის რეალურად აღქმაში.
მშობლების სიყვარულით სულგამთბარს,ხასიათით თავნებას,ბუნებით მელანქოლიურსა და ზოდიაქოთი მორიელს,უმეტესად სევდიანსა და ილუზიებით დაბნეულს რამდენიმე რამ მიპოვნია იმ შეგრძნებებიდან,რომელიც სულ ბაბუაწვერას ბუსუსებივით თავთან და თავში მიტრიალებს...და ხო,ფრაზებად ჩამომიყალიბებია:
უბრალოდ არ შეიძლება ვინმეს გულწრფელად აინტერესებდე მხოლოდ შენ.საჭირო ხარ იმდენად,რამდენადაც შეძლებ მათი ,,მე“-ს წარმოჩენას.
ჩვენს ტკივილებთან ყველანი მარტონი ვართ.
სიყვარული დედაა.
ცუდია როცა საკუთარი ნებით მოქმედებ,მერე ვერავის დააბრალებ დაშვებულ შეცდომას.


ცხოვრებაში მხოლოდ თავის იმედი უნდა გქონდეს,რადგან ყველა სხვა,თავიანთი თავებით არიან დაკავებულნი.
ყველაფერს აზრი მხოლოდ უფლის არსებობით აქვს.
ადამიანური ზღვარი სიამაყეზე გადის.
შესაძლებლობების გარეშე ამბიცია მარწუხია და თამაშის გარეშე ადამიანი ურჩხული.
ყველა ორიგინალურობას ვცდილობთ და ამ ცდაში როგორ ვემსგავსებით ერთმანეთს.
ყველანაირ სილამაზეს ფასი მარტო სიღრმით,შინაარსით აქვს.
და მრავალი მსგავსი...

ალბათ ამხელა შესავალიც არ იყო საჭირო,ბოლო ფრაზები ,,ვარ „ მე,უბრალოდ.
ლამის ღამეც გაიცრიცა,მუზა კი ,მაინც არ აკაკუნებს და ტვინის ხვეულებში უკვე ფესვგამდგარ ვარაუდს,მის კოჭლობასთან დაკავშირებით,უკვე ჩაენაცვლა ვარაუდი,სკოლა-უნივერსიტეტს შუა მდგარი ბავშვის(ანუ ჩემს) უნიჭობასთან დაკავშირებით.
მივდივარ სტუმრად მორფევსთან და ფურცელძე ვტოვებ იმედს,რომ სამომავლოდ ფაქტებით,ან გადარჩენილი პაციენტების ლოცვით გაჟღენთილ ბიოგრაფიას დავწერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები