ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბესცელერა
ჟანრი: პროზა
4 თებერვალი, 2011


უბრალოდ ოცნებაა ჩემი

  აი, ვდგავარ ახლა ღია ფანჯარასთან. ბოლო სართულიდან გადავყურებ აქა-იქ მიმოფანტულ - მოსიარულე წერტილებს და ვფიქრობ: რა მჭირს? იქნებ გავგიჟდი?! რატომ დავყურებ ასე შორიდან სამყაროს?! ვერც ის გამიგია აქ რას ვაკეთებ, მარტოდმარტო, როცა აგერ იქ - ქვემოთ ათასობით ჩემი ანარეკლი მოუსვენრად ირევა ერთმანეთში (შავ ლაქებად რომ ამჩნევიან დედამიწას).
  იქნებ მართალია და მე...
  მაგრამ მარტო მე არ შევშლილვარ. ამინდმაც აურია თავისებურად, ცივი ქარი მოურიდებლად იჭრება ოთახში, იქ კი - ქვემოთ, შავი ქოლგები წაიფარეს შავმა ლაქებმა. ვერ ვხვდები რატომ ემალებიან წვიმას, განა არის რამე უკეთესი? რამდენჯერ ავრეულვარ აფეთქებულ ღრუბლებში...
  მიყვარს წვიმა.
  ყოველ ღამე წვიმასთან ერთად მოდიხარ, დგახარ ფანჯარასთან და ხელის გულებით ეალერსები სარკმლის მიღმა დარჩენილ წვეთებს. იყურები სადღაც შორს, ჰორიზონტს იქით.
მე კი... ვერასდროს ვხედავ შენს თვალებს.
  მერე წვეთების წკარუნზე ოდნავ მაღალი ხმით ისმის:
  - გამარჯობა!
  მერე!..
  მერე არის ორი სიტყვით შემდგარი ქარავანი, ნელ-ნელა და დაუსრულებლად, რომ მოედინება:
  - იცი?............ მიყვარხარ!.............
(არა! სიზმარი არაა. უბრალოდ ოცნებაა ჩემი, სიტყვებია, რომლებიც არასდროს მითქვამს ხმამაღლა... ეტყობა გავგიჟდი)
  ახლაც წვიმს, მაგრამ უაზროდ გავყურებ უსასრულობას, დათქმული პაემნის მოლოდინში.
  ვგრძნობ როგორ იზრდება მანძილი ჩემსა და დედამიწას შორის, თითქოს ღრუბლებს ვუახლოვდები, ერთი ხელის გაწვდენაც და...
უცებ გახურებული ნაკვერჩხლებივით ამომეფინა სიცარიელე, მარჯვენა ფეხს ქვემოთ... - ახლაღა შევამჩნიე, ვდგავარ ღია ფანჯარაში და ამაყად მიმიშვერია ცალი ფეხი სიკვდილისათვის...
  ჩამოვიდე?..
  იქნებ ბოლომდე გავგიჟდე?.. მთიდან მოწყვეტილი ზვავივით თავქვე გადავიქცე, ავირიო საკუთარ ანარეკლებში და მათსავით, შავი ქოლგა მივუშვირო ატირებულ შემოდგომას...
  არა!
  ზეცა, აქედან უფრო ახლოა!
  წვიმის წკარუნში აირია ნაბიჯების ხმა...
  ორი ბზარი გველივით დაიკლაკნა მთელს ოთახში და სახურავიდან ოცნებებმა დაიწყეს წვეთა...
  - გამარჯობა!
  - იცი?........... მიყვარხარ!...........

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები